კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
საინფორმაციო საშუალებების უმთავრესი მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა. მკითხველისთვის, მსმენელისა და მაყურებლისთვის მნიშვნელოვანია რას და როგორ მიაწვდიან მას.

ეს „როგორ“ განსაკუთრებით საგულისხმო ფაქტორია, რადგან ბუნდოვანი, გრამატიკულად და ტერმინოლოგიურად გაუმართავი და სინტაქსურად დაუხვეწავი ტექსტის გაგება და გააზრება რთულია.

ქართული საინფორმაციო საშუალებების ენა საგანგებო დაკვირვებასა და შესწავლას საჭიროებს. ამ წერილში შევეცდებით რამდენიმე ტიპობრივ შეცდომასა და სინტაქსურ-სტილისტიკურ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება. დავაკვირდებით, როგორ „იკარგება“ აზრი რთულ, ჩახლართულ აბზაცში, რას იწვევს სინტაქსისა და სტილისტიკის წესების უგულებელყოფა და რისი გათვალისწინებაა აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებისას.

სანიმუშო აბზაცი:

თევზჭერის ინდუსტრია კიდევ ერთი ტრადიციულია დარგია, რომლითაც ფოთი ცნობილია და სწორედ ამ დარგის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და დღეს არსებული მოძველებული გემების ეტაპობრივი ჩანაცვლება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რა არის ამ აბზაცის მთავარი გზავნილი?

მინისტრის თქმით, თევზჭერის ინდუსტრია ტრადიციული დარგია და ამ დარგის მხარდასაჭერად ამუშავდება პროგრამა. სახელმწიფო შეიძენს 14 ახალ თევზსაჭერ გემს და განაახლებს გემების არსენალს.

ამ ინფორმაციის გადმოსაცემად ჟურნალისტმა:

• გამოიყენა პირდაპირი და ირიბი ნათქვამის უცნაური კომბინაცია

• სიტყვასიტყვით გადმოსცა მინისტრის მიერ შეცდომით ნათქვამი წინადადებები („მიმდინარეობს გემის შეძენა“ და „მიმდინარეობს მოძველებული გემების ეტაპობრივი ჩანაცვლება“?!)

• მოკლე, ინფორმაციული ტექსტის ნაცვლად გრძელი, შეცდომებიანი აბზაცი შემოგვთავაზა.

რა არის და როგორ გადმოიცემა პირდაპირი და ირიბი ნათქვამი? ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან მედიასაშუალებები ხშირად გვაუწყებენ, რა „განაცხადა“ ან „აღნიშნა“ ამა თუ იმ პირმა. სახელმძღვანელო წესები:

პირდაპირი და ირიბი ნათქვამი

ვისიმე ნათქვამი შეიძლება გადმოიცეს უცვლელად, სიტყვასიტყვით და ამას პირდაპირი ნათქვამი ეწოდება. პირდაპირ ნათქვამს ახლავს ავტორის დამაზუსტებელი სიტყვები, რომლებიც მკითხველს აუწყებენ, ვინაა მთქმელი. ავტორის სიტყვები შეიძლება წინ უსწრებდეს ან მოსდევდეს პირდაპირ ნათქვამს.

ირიბნათქვამიანი წინადადებები მედიამეტყველებაში ნაკლებად გვხვდება. ირიბი თქმისას სხვისი ნათქვამი შეცვლილი ფორმითაა წარმოდგენილი. არსით ეს რთული ქვეწყობილი წინადადებაა (ავტორის ნათქვამი მთავარი წინადადებაა, ირიბნათქვამიანი კი - დამოკიდებული) და წესის თანახმად, წინადადებების გასაყარზე მძიმე აუცილებელია.

თანამედროვე ქართულ ჟურნალისტურ მეტყველებაში მეტად გავრცელებულია პირდაპირი თქმის სტილი, როცა ავტორის სიტყვები მოსდევს პირდაპირ ნათქვამს. თუმცა ხშირ შემთხვევაში გრამატიკული წესები უგულებელყოფილია.

სამახსოვრო:

1. თუ პირდაპირ ნათქვამს მოსდევს ავტორის სიტყვები, წინადადებათა შორის მძიმე იწერება;

2. მესამე პირის ნათქვამის გადმოცემა სხვათა სიტყვის ნაწილაკი ო-ს გამოყენებითაცაა შესაძლებელი. ნათქვამის გადმოცემის ამ ხერხს მედიაში ამბის თხრობისას იშვიათად იყენებენ, არადა სხვათა სიტყვის გადმოცემა -ო ნაწილაკის დართვით მეტად გასაგებსა და უშუალოს ხდის ტექსტს.

3. სხვათა სიტყვის ნაწილაკი ტექსტში გამოიყენება მხოლოდ ერთხელ (რაც არ უნდა ვრცელი იყოს სხვათა ნათქვამი!). სხვათა სიტყვის ნაწილაკი დაერთვის მხოლოდ ბოლო სიტყვას. გასათვალისწინებელია, რომ ჟურნალისტური ტექსტი განსხვავდება მხატვრულისგან, ამიტომ ამ წესის დაცვა მნიშვნელოვანია;

4. იმ შემთხვევაში, თუ წინადადება გრძელია, პირდაპირ ნათქვამსა და ავტორის სიტყვებს შორის შეიძლება დაიწეროს ორწერტილიც;

5. ნაწილაკიანი სხვათა სიტყვა ბრჭყალებში ჩაისმის მხოლოდ მაშინ, თუ ის ციტატას წარმოადგენს. ნაწილაკი აუცილებლად უნდა დაიწეროს ბრჭყალების შიგნით.

სანიმუშო აბზაცი

ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა „ერთიანი ევროპა ერთიანი კავკასია“, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 28 და 29 აგვისტოს, 12:00 საათიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩაატარებს COVID19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის შესახებ უნიკალურ კამპანიას, ვაქცინაციის სპეციალური მობილური ჯგუფები კი აცრიან აცრის მსურველებს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. "კამპანია იმითაა მიმზიდველი, რომ ის ადგილობრივებს სთავაზობს „ერთიანი კავკასიის“ პროფესიონალურ მუსიკას სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მობილური მუსიკალური პლატფორმიდან და ინფორმირებულ განცხადებებს ვაქცინაციის შესახებ როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. კამპანიის ფარგლებში, ასევე, დარიგდება საინფორმაციო ფლაერები ვაქცინაციის მნიშვნელობისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. აქცია მოიცავს ისეთ სოფლებს, როგორიცაა სადახლო, შულავერი, შაუმიანი, სიონი, წერაქვი, თამარისი, ყიზილაჯლო და სხვა. მოცემული საპილოტე კამპანია მიზნად ისახავს საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის ხელშეწყობას და შემდგომშიც განხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

• აბზაცი დიდია.

• აზრი - ბუნდოვანი.

• მნიშვნელოვანი ცნობები გადმოცემულია რთული სინტაქსური კონსტრუქციების გამოყენებით.

• ტექსტის ავტორი ინფორმაციის გადმოცემისას პირდაპირი ნათქვამის ხერხს იყენებს. ავტორის სიტყვები აქაც მოსდევს პირდაპირ თქმას („პოპულარული ჟურნალისტური სტილი“ დაცულია!)

• ტექსტი უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს. მაგალითად, რას გულისხმობს პროფესიონალური მუსიკა და რას ნიშნავს პროფესიონალური მუსიკის შეთავაზება?

რას ნიშნავს „სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მობილური მუსიკალური პლატფორმა“?

რას ნიშნავს „ინფორმირებული განცხადებები ვაქცინაციის შესახებ“?

მკითხველს ისღა დარჩენია, იმარჩიელოს.

რა გავიგეთ?

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – (რა საჭიროა აქ „ისეთ სოფლებში, როგორიცაა“? სრულიად ზედმეტია!) სადახლო, შულავერი, შაუმიანი, სიონი, წერაქვი, თამარისი, ყიზილაჯლო – ჩატარდება უნიკალური კამპანია. უნიკალურობა, როგორც ჩანს, ვაქცინაციის მუსიკის თანხლებით ჩატარებაში გამოიხატება. ყოველ შემთხვევაში, ეს შეგვიძლია ვივარაუდოთ მოცემული არეულ-დარეული და გაუმართავი ტექსტიდან. მითითებულია ასევე თარიღი და დრო ( ეს გასაგებია).

მსგავსი შეცდომებისგან თავი რომ დავიზღვიოთ, გასათვალისწინებელია შემდეგი წესები:

სამახსოვრო

• წერტილი მნიშვნელოვანი და საჭირო სასვენი ნიშანია. ინფორმაციის მოკლედ და გასაგებად გადმოცემისას რთული სინტაქსური კონსტრუქციების ნაცვლად სასურველია გამოვიყენოთ მარტივი წინადადებები და „შევიყვაროთ“ წერტილი.

• სამეტყველო სტილი უნდა იყოს სადა, გასაგები, მკაფიო, ნათელი.

• საინფორმაციო ტექსტმა უნდა გასცეს პასუხი უმთავრეს კითხვებს: ვინ? რა? როდის? სად? რატომ? რა მიზნით? რის საფუძველზე? ცნობა, ინფორმაცია დაინტერესებულ პირს სრულ წარმოდგენას უნდა უქმნიდეს მომხდარზე ან მოსახდენზე, მიზეზებსა და მიზნებზე.

მშობლიური ენის წეს-კანონების, გრამატიკული ნორმების ცოდნა და დაცვა ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობაა. ამასთან, მედია დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე და მეტყველების ზოგად კულტურაზე. ეს პასუხისმგებლობას უნდა მატებდეს ჟურნალისტს.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
ბეჭდურ და ონლაინ მედიაგამოცემებში, სათაურებში, რეკლამებსა და საინფორმაციო ბროშურებში ეს და მსგავსი სიტყვები ხშირად შეგხვდებათ.

„ცნობადი სახეები“, „ყურებადი ფილმები“, „მოხმარებადი პროდუქტები“, „გაყიდვადი ნივთები“, „კონტროლირებადი ტერიტორია“, „მოთხოვნადი ბრენდი“, „განხილვადი საკითხები“...

ხშირია კრიტიკული შეძახილებიც - „ეს რა ქართულია!“, „ამ ფორმების გამოყენება დაუშვებელია!“.

ფაქტი ისაა, რომ -ად ბოლოსართიანი ეს ფორმები თანამედროვე ქართულ მეტყველებაში უკვე დამკვიდრებულია და მათ ნაცვლად რეკომენდებული/შემოთავაზებული სიტყვები ყოველთვის არ შეესატყვისება ხოლმე აღსანიშნს (ვარიანტები ან მნიშვნელობას უცვლის სიტყვას - იკარგება სემანტიკური ნიუანსი, ან რამდენიმე სიტყვითაა საჭირო იმავეს გამოთქმა).

დასაშვებია თუ არა მათი ლიტერატურულ ნორმებად აღიარება?

არგუმენტი 1: აკაკი შანიძე, „ქართული გრამატიკის საფუძვლებში“ მოცემული არგუმენტი. მეცნიერი წერს: „ვითარებითი ნიშანი ზედსართავ სახელებს აწარმოებს არსებითთაგან: თვალადი, ტანადი, ფერადი, პურადი, გულადი, პირადი. ეგევე მაწარმოებელი (ად) ჩანს თავადში და სულადში. მხოლოდ ესენი არსებითებია. იგივე წარმოებაა ზედსართავ სახელებშიც: დიდი – დიადი, მცირე – მცირე- დი, პირველი – პირველადი.[...]აღნიშნული წარმოება ამჟამად ძალიან იფართოებს მოქმედების არეს: ტექნიკური ლიტერატურის ენაში ჩვეულებრივი ხდება მსგავსად გაკეთებული ფორმები: საწყისთაგან: ჭედადი, ფეთქადი, დენადი, ხსნადი, ხურე- ბადი, კუმშვადი“.

წყარო: ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია ქაროსანიძე, „-ად ბოლოსართიანი მიმღეობისათვის ქართულში“.

არგუმენტი 2: საგულისხმოა სიმონ ყაუხჩიშვილის კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით. მკვლევარმა ძველი ქართული ნათარგმნი და ორიგინალური ლიტერატურიდან ამოკრიბა ისეთი ფორმები, რომლებიც ზმნური საწყისებიდანაა ნაწარმოები. მაგალითად, აღზრდადი, გარდაცვალებადი, მოკუდინებადი, ქმნადი, აღებადი, გრძნობადი, ზიარებადი, მიდრეკადი, წოდებადი... გამოვიყენოთ თუ არა -ად ბოლოსართიანი სიტყვები?

-ად ბოლოსართით ნაწარმოებმა სიტყვებმა ტექნიკურ ლიტერატურასთან ერთად მასმედიის ენაშიც დაიმკვიდრა ადგილი. ჩაწერეთ გუგლის საძიებო სისტემაში სათაურში გამოტანილი სამეულიდან ერთ-ერთი და უამრავ სტატიას, ბლოგს, მასალას გაეცნობით, სადაც ეს ფორმებია გამოყენებული.

გარდა ამისა, სამეტყველო ენას აქვს ეკონომიურობისკენ მიდრეკილება. მოცემული ფორმები კი სწორედ ამგვარ სწრაფვას გამოხატავენ. ამას დაემატა ენაში არსებული სათანადო თარგის გამოყენებით ახალი ფორმების წარმოების შესაძლებლობა, ასევე უცხო ენათა გავლენა და შედეგად დასახელებული ფორმები სამეტყველო, ე.წ. ხალხურ მეტყველებაში დამკვიდრდა.

რამდენად აქვს აზრი უკვე დამკვიდრებული ამ ფორმების აკრძალვას?

-ად ბოლოსართიან ფორმათა მოჭარბება 21-ე საუკუნის ქართულში უდავოდ მოწმობს იმას, რომ ეს წარმოება ქართულისათვის ბუნებრივია, მისი გამოყენების აკრძალვა კი – დაუსაბუთებელი“ - ვკითხულობთ ლია ქაროსანიძის ნახსენებ წერილში.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
ახალი ქართული ვებგვერდი spellchecker.ge საშუალებას გვაძლევს, საკმაოდ დიდი მოცულობის ტექსტი მორფოლოგიურ და ორთოგრაფიულ შეცდომებზე მარტივად შევამოწმოთ. ეს ქართულ ინტერნეტ სივრცეში მნიშვნელოვანი სიახლეა.

საკმარისია ტექსტი შესაბამის განყოფილებაში ჩააკოპიროთ და ვებგვერდი ავტომატურად იპოვის ყველა შეცდომას. ამის შემდეგ ჯერი თქვენზეა - „გადაუარეთ“ და გაასწორეთ. საიტის შემქმნელი მონაცემთა მეცნიერი ვახტანგ ელერდაშვილია.

ვებგვერდზე, ასევე, შეგიძლიათ ბაზაში ახალი სიტყვის დამატება (თუ შეამჩნევთ, რომ სიტყვა არასწორადაა დაწერილი და ანალიზატორმა კი არ გააწითლა). რასაკვირველია, შეცდომებისგან თავის ასარიდებლად არსებობს ფილტრი, რომელსაც ყველა დამატებული ვარიანტი გაივლის, ასე რომ, საბოლოოდ, ბაზაში მხოლოდ გადამოწმებული და დადასტურებული ფორმები ხვდება.

საიტის შემქმნელს, მონაცემთა მეცნიერს, ვახტანგ ელერდაშვილს ვთხოვეთ, გადმოეცა იმ სიტყვების ჩამონათვალი, რომელთა დაწერილობაშიც ყველაზე ხშირად ვუშვებთ ხოლმე შეცდომებს.

ამჯერად ჩემს სვეტში წარმოგიდგენთ „ყველაზე რეიტინგული შეცდომებს“. სოციალური ქსელის სამუშაო ჯგუფში ამ რეიტინგს ხუმრობით „ჯოჯოხეთური სია“ დაარქვეს. იმის გაცხადება, რომელი სიტყვა გამოიყენება ყველაზე ხშირად შეცდომით და რომელია სალიტერატურო ნორმა, მნიშვნელოვანია.

თებერვლის მონაცემებით ყველაზე ხშირად შეცდომით წერენ სიტყვას - რამოდენიმე.

შუქია აფრიდონიძე წიგნში „ჩვენი ენა ქართული“ ასე ხსნის ამ შეცდომის წარმოშობის მიზეზს:

„ძველ ქართულში რამდენის ნაცვლად გვქონდა რაოდენი. დროთა განმავლობაში ეს ო ხმოვანი ვ-დ გადაიქცა (როგორც ეს გვაქვს რამდენიმე სახელში: ნოგოზი – ნიგვზის, მინდორი – მინდვრის, ნიორი – ნივრის და მისთ), ე.ი. რაოდენი > რავდენი; შემდეგ კი ვ შეცვალა მ-მ და მივიღეთ დღევანდელი კითხვითი რიცხვითი სახელი რამდენი, –მე ნაწილაკის დართვით კი – რამდენიმე“.

შესაბამისად, ამ სიტყვაში მ გახლავთ ო ხმოვნისგან მიღებული. ახალი ო-ს დართვა ზედმეტი და უადგილოა და ერთადერთ სწორ ფორმად მიიჩნევა რამდენი.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თუ რაოდენობის ნაცვლად ზომა, სიდიდე იგულისხმება, მაშინ უნდა გამოვიყენოთ ფორმა რამოდენა.

ასევე, საკმაოდ ხშირად იყენებენ „ეხლა“ ფორმას. ჩამონათვალში ის მეხუთე ადგილზეა (ქონდეს, ინფმროაცია, ინფმორაციის შემდეგ). ამ სიტყვისგან ნაწარმოები სხვა სიტყვებსაც ხშრად წერენ და წარმოთქვამენ შეცდომით. მაგალითად, ეხლანდელი, ეხლავე.

ახლა და ეხლა ვარიანტებიდან და მათგან ნაწარმოები სიტყვებიდან სწორი ვარიანტებია:

ახლა, ახლავე, ახლახან, ახლანდელი.

ჩამონთვალში საკმაოდ ბევრია შეცდომა -ად, -დ დაბოლოებებიან სიტყვებშიც, როგორებიცაა, "კარგად", "ალბათ", "მაგალითად" - და ყველაზე ხშირად მათი ასეთი არასწორი ფორმები გვხვდება: "კარგათ", "ალბად", "მაგალითათ"
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
კომპიუტერში აკრეფილ ტექსტში მორფოლოგიური და ორთოგრაფიული შეცდომების წითლად მონიშვნა დიდი საქმეა. ბეჭდვისას გაპარულ ე.წ. „კორექტურას“, არასწორად დართულ პირის ნიშნებს, კუმშვა-კვეცისას დაშვებულ შეცდომებსა და სხვა მორფოლოგიური ტიპის „მცდარ ბეჭდილებს“ მიზანში „მცდარ-ბეჭდილ-მძებნი“ ამოიღებს.

რა არის ეს?

მცდარ-ბეჭდილ-მძებნი ტექსტში არსებული შეცდომების მორფოლოგიური შემმოწმებელია. ვებსაიტზე სპეციალურ განყოფილებაში ჩასმულ ტექსტში გაწითლდება მორფოლოგიურად ან ორთოგრაფიულად მცდარი ფორმები. მათზე დაწკაპუნების შემთხვევაში კი სისტემა შემოგთავაზებთ ჩასანაცვლებელი სიტყვების სიას.

მცდარ-ბეჭდილ-მძებნის შემქმნელი მონაცემთა მეცნიერი, ვახტანგ ელერდაშვილია. მასთან ინტერვიუ ონლაინ ჩავწერეთ.

როგორ გაჩნდა იდეა, როგორია სამუშაო პროცესი, რა პრინციპით „ასწორებს“ ნაწერს ვებსაიტი, მორფოლოგიურ შეცდომებთან ერთად კიდევ რა ტიპის შეცდომებს „შეუტევს“ მცდარი ბეჭდილების დაუღალავი მაძებარი უახლოეს მომავალში? რახან ამ რუბრიკას კითხულობთ, მართლმეტყველება თქვენი ინტერესის საგანია და შესაბამისად, ყველა ამ კითხვაზე პასუხიც საინტერესო იქნება თქვენთვის.

როგორ გაჩნდა იდეა?

იდეა დაიბადა სულ სხვა საქმის კეთებისას. ეს ერთგვარი „გვერდითი პროდუქტია“. ბოლო ხუთი წელი გერმანიაში მონაცემთა მეცნიერების სფეროში ვიმუშავე. გენეტიკოსებს ვეხმარებოდი თავიანთი მონაცემების დამუშავებაში. მონაცემთა მეცნიერება, მარტივად რომ ვთქვათ, ქმნის ალგორითმებს, რომლებსაც დიდი რაოდენობის მონაცემების, ე.წ. მეგამონაცემების დამუშავება, კანონზომიერებების აღმოჩენა, ანალიზი და ინტერპრეტირება შეუძლიათ. მუშაობის პროცესში აღმოვაჩინე, რომ რაც გენეტიკაში გენებია, ის ლინგვისტიკაში სიტყვებია. რაც გენომია გენეტიკაში, ის ლინგვისტიკაში არის გრამატიკული ცხრილები, ენაც ისევე განიცდის მუტაციას, როგორც ორგანიზმი და ის მემკვიდრეობით გადმოგვეცემა...

ზოგადად, ჩემი ინტერესი ყოველთვის იყო ბუნებრივი ენის დამუშავების მეთოდოლოგია (NLP), რაც ქართულად, შეიძლება ითქვას, არც გვაქვს. ლინგვისტიკა კი დიდი ხანია, რაც მაინტერესებს, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, როცა კროსვორდებს ვადგენდი. ამისთვის ლექსიკონებს ვამუშავებდი და სიტყვებს ვუკირკიტებდი...

ამ საქმიანობამ იმდენად გამიტაცა, პროფესიულ არჩევანზეც კი იმოქმედა. ვისწავლე პროგრამირება, შორეულ 2000-იანებში ქართულ ენაზე კროსვორდის შესადგენი პროგრამა დავწერე, პროგრამისტი გავხდი, შემდეგ ავსტრიაში ვსწავლობდი კომპიუტერულ მეცნიერებას და საბოლოოდ მონაცემთა მეცნიერებაზე შევჩერდი. როცა გადავწყვიტე, ენის კომპიუტერული დამუშავების მეთოდოლოგია შემექმნა, ეს გამოცდილება ძალიან გამომადგა.

ამ ეტაპზე გაჩნდა დიდი დაბრკოლება - ქართულ ენაზე არ იყო ხელმისაწვდომი ტექსტები, რათა კორპუსი შემექმნა. დავიწყე ტექსტების შეგროვება. ორი წელიწადი ვაგროვებდი ტექსტებს. 3500 წიგნი, ფეისბუქის გვერდები, ფორუმების პოსტები, ერთ მილიონამდე „ნიუსი“ სააგენტოებიდან - ეს ყველაფერი გროვდებოდა ჩემს საცავში. სადაც კი რამეს მივწვდი, ყველაფერი გადმოვქაჩე და 24 გიგაბაიტიანი კორპუსი შევაგროვე. მილიარდ ორმოცდაშვიდი მილიონი სიტყვა დამიგროვდა. აქამდე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მილიარდიანი კორპუსი ქართულად არ არსებობდა და ეს მონაპოვარი თავისთავად ღირებული რამ გახლავთ უკვე.

რა ეტაპზე გადახვედით ამის შემდეგ?

ჩემს მარაგში 9 მილიონზე მეტი უნიკალური სიტყვაა. სიტყვების ვალიდაციისთვის ქართული ეროვნული კორპუსი გამოვიყენე. ეროვნულმა კორპუსმა აჩვენა, რომ დაახლოებით 3 მილიონი მორფოლოგიურად ვალიდური სიტყვაა, სწორად ეს 3 მილიონი სიტყვა დაედო საფუძვლად ქართული ენის კომპიუტერულ მოდელს, რომელიც შევქმენი.

ამ ეტაპზე ეს მოდელი 93 500 არაზმნური სიტყვის ფორმებს და 7500 ზმნის ფუძის (რაც დაახლ. 17500 ზმნის ლემაა) ფორმებს შეიცავს. ყველა ფორმა რომ დავაჯამოთ, რისი გენერაციას მოდელს შეუძლია რამდენიმე ასეულ მილიონ სიტყვას მივიღებთ. ეს წარმოუდგენელი რიცხვია. მაგალითად სიტყვა "მეცნიერს" ქართულში 1000-მდე ფორმის წარმოება შეუძლია, აქამდე ამისი წარმოდგენაც კი არ შემეძლო.

როდის გადაწყვიტეთ, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო პლატფორმა და მეტიც, თითოეულ მსურველს შეძლებოდა წვლილის შეტანა?

პანდემიის დროს კარანტინის პერიოდი წიგნების გაციფრულებას და მოდელის შექმნას მოვანდომე. შემდეგ ჩემმა მეგობარმა, თამარ ფეიქრიშვილმა, რომელიც ჩემი კოლეგაცაა, შემომთავაზა ვებვერსიის გაკეთება. გადავწყვიტე, ეს ყოფილიყო გამჭვირვალე, ღია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ამასთან, ვიკიპედიის მსგავსად, მომხმარებლებს თავადაც მიეღოთ მონაწილეობა დახვეწასა და შევსებაში.

თუ საიტის მომხმარებელი ისეთ სიტყვას წააწყდება, რომელსაც ჩვენი ანალიზატორი „უცნობად“ აღიქვამს, ჩასანაცვლებელ სიტყვებში კი სწორ ვერსიას არ გთავაზობთ, მას შეუძლია „დამატებას“ დააჭიროს და ანალიზატორის ლექსიკური მარაგის შევსებაში მოგვეხმაროს.

რამდენად დაცულია სისტემა იმისგან, რომ ასეთ პირობებში სანდო, გადამოწმებული და სწორი ვერსიები აღმოჩნდეს საბოლოოდ საცავში?

ღია, გამჭვირვალე პროცესი ჩემთვის მნიშვნელოვანია. დიახ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შესწორება და მისი აზრით სწორი ვარიანტის დამატება, მაგრამ რისკისგან თავის დასაცავად მაქვს ფილტრი, რომელსაც ყველა დამატებული ვარიანტი გაივლის. ეს ფილტრი სანდო სტანდარტს ექვემდებარება - სწორ და საბოლოო ვერსიებად საცავში ხვდება მხოლოდ ის ნორმები, რომლებიც დასტურდება ორთოგრაფიულ ლექსიკონებში. თანაც, მოწმდება ოთხი ორთოგრაფიული ლექსიკონი. თუ ოთხივეში ფორმა ერთია, შემდგომი გადამოწმება აღარ ხდება.

მაგრამ ზოგჯერ ორთოგრაფიულები სხვადასხვა ვარიანტს გვთავაზობენ. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს უფლება, რომელიმეს „მივენდო ბრმად“, ამიტომ ვამოწმებ სპეციალისტებთან - ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები ძალიან გვეხმარებიან და საორჭოფო შემთხვევებზე ყოველთვის მათგან ვიღებ რჩევებს.

მაშ, ორთოგრაფიული ლექსიკონები, სპეციალისტთან შეთანხმებული ნორმა და ასევე - გამოყენების სიხშირე გახლავთ ის „დამცავი ბარიერები“, რასაც მომხმარებლის მიერ დამატებული სიტყვა გაივლის, სანამ საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს მცდარ-მძებნელზე. მიუხედავად ამისა, შეცდომებისგან დაზღვეული არ ვართ, ამიტომ ჩვენს მომხმარებლებთან მუდმივი კავშირი სრულყოფის მთავარ საშუალებად მიგვაჩნია.

გამოყენების სიხშირის თვალსაზრისით საინტერესოა, რა მდგომარეობაა. არის ფორმები, რომელთა სწორი, გრამატიკულად გამართული ვარიანტები ცნობილია, მაგრამ ხალხური მეტყველება მაინც „ვერ ირგებს“ და პარალელურ ფორმას იყენებს. საინტერესო იყო სიტყვა „მინახავხარის“ შემთხვევა, რომელიც გრამატიკულად, თითქოს, სწორად მიიჩნეოდა, მაგრამ სპეციალისტებიც კი არ იყენებდნენ და საბოლოოდ, 2016 წლის ორთოგრაფიულში ხალხურ მეტყველებაში დამკვიდრებული „მინახიხარ“ პარალელურ ფორმად ჩაიწერა. რა პარალელური ფორმები გხვდებათ თვალში პროცესში?

მინახავხარ 70-იან წლებში მიიღეს სალიტერატურო ნორმად, თუმცა მაშინაც აღინიშნებოდა, რომ ეს ფორმალური წარმონაქმნი ვერ დაიმკვიდრებდა ადგილს და ასეც მოხდა. აი, ვახსენე, რომ ზოგჯერ ორთოგრაფიულ ლექსიკონებში შეუსაბამობაა ხოლმე. ასეთ დროს გამოყენების სიხშირესაც ვაკვირდები. ვამოწმებ, ყოველ მილიონ სიტყვაზე როგორია გამოყენების სიხშირე და თუ ფორმა ასზე მეტ შემთხვევაში მხვდება, პარალელურ ფორმად მივიჩნევ. შემდეგ ვაზუსტებ სპეციალისტებთან.

ისეც ხდება, რომ სპეციალურ ლიტერატურაში ერთი ფორმაა გამოყენებული და ნორმა სხვაა. ასეთია, მაგალითად, არასწრულწლოვანის/არასრულწლოვნის ფორმა. სისხლის სამართლის კოდექსში შეკუმშულია და 38-ჯერ შეკუმშულადაა მოხსენებული, ორთოგრაფიულებში - ნაწილში შეკუმშულია, ნაწილში - უკუმშველია.

ასევე კონსერვატიულისა და ფაკულტატიურის შემთხვევაშიც არაა მარტივად საქმე. გამოყენების სიხშირით სჭარბობს ფაკულტატური და კონსერვატული, ორთოგრაფიულები კი საპირისპიროს გვიჩვენებს.

იდეალიზება-იდეალიზირება, რეკომენდება-რეკომენდირება - გამოყენების სიხშირის თვალსაზრისით აქაც არაა მკაფიოდ გამიჯნული ფორმები, თუმცა დამკვიდრებულია იდეალიზება-რეკომენდება ფორმები, მაგრამ რას ეყრდნობა ეს გადაწყვეტილება, გაუგებარია. ერთი მხრივ, აღნიშნულია, რომ რუსულის გავლენითაა ამ ფორმებში „ირ“ ჩართული, მაგრამ საიდანაც რუსულში დამკვიდრდა (გერმანულიდან), იქაც ეს ფორმაა. შესაბამისად, გადასაწყვეტია, რატომ ვიღებთ ერთ შემთხვევაში და ვტოვებთ მეორე შემთხვევაში. კასტრირება და რატიფიცირება - ამ ფორმებში შენარჩუნებულია. რეკომენდირება - აქ არა.

რას ენიჭება უპირატესობა?

სანდოობა, სისწრაფე და მრავალფეროვნება - ეს გახლავთ უმთავრესი ღირებულებები, რასაც მუშაობისას ვეყრდნობით. სანდოობა მიიღწევა გამჭვირვალობის გზით და პროცესში ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

სისწრაფე ახსენეთ. რამდენად სწრაფად იღებს მომხმარებელი „გასწორებულ“, აწითლებულ ვარიანტს?

ბუნებით პერფექციონისტი ვარ. ჩემი სტანდარტი არ არის საშუალო. მოთხოვნები ყოველთვის მაღალი მაქვს. ორი თვე დავხარჯე იმაში, რომ დამაკმაყოფილებელი სიჩქარე მიმეღო. ოცამდე მცდელობა დამჭირდა, რომ მოდელი დამაკმაყოფილებელი სისწრაფის ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, ჩემს კომპიუტერში მივიღე ის სიჩქარე, რომელიც მაკმაყოფილებდა. შემდეგ, ვებსაიტზე გადატანისას, სიჩქარემ დაიკლო და ახალი ალგორითმი დავწერეთ, რომელმაც კვლავ სასურველ სიჩქარეზე გაგვიყვანა. ახლა „მძებნელი“ (როგორც მას შემოკლებით უწოდებენ), ტექსტს უსწრაფესად ამოწმებს. წარმოიდგინეთ რომ 1500 გვერდიანი წიგნი (400 ათას სიტყვაზე მეტია ამ წიგნში) შვიდ-რვა წამში მოწმდება სერვერზე.

ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, „მცდარ-ბეჭდილ-მძებნი“ ქართული ენის მოყვარულმა ენთუზიასტების ჯგუფმა შექმნა, რომლებიც საკუთარ თავს „მცდარბეჭდილის საძმოს“ უწოდებენ. გაგვაცანით „ენთუზიასტების ჯგუფი“, „საძმო“...

სულ ორნი ვართ. მე და ჩემი მეგობარი და კოლეგა, თამარ ფეიქრიშვილი. მე ვქმნი შინაარსს - ენის კომპიუტერულ მოდელს და ლექსიკონს, თამარ ფეიქრიშვილი - ფორმას. „მცდარბეჭდილის საძმოს“ სახელწოდებაც თამარის მოფიქრებულია, ტოლკინის „ბეჭდის საძმოს“ ანალოგით. გენდერული ბალანსი „საძმოშიც“ დაცული გვაქვს, ასე რომ სახელდებაში გენდერულ მიკერძოებულობას ნუ დაგვწამებენ.

ცოტა ხნის წინ ფეისბუქის გვერდი გავაკეთეთ, „მცდარბეჭდილის საძმო“, სადაც ვმსჯელობთ ხოლმე აქტუალურ საკითხებზე. თავიდან მეგონა, ჯგუფში მხოლოდ მეგობრები დაემატებოდნენ, მაგრამ მოულოდნელად ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი. ემატებიან ენის სპეციალისტები, ენათმეცნიერები, მასწავლებლები. ფასდაუდებელ რჩევებს ვიღებთ ხოლმე მათგან, განვიხილავთ მნიშვნელოვან ენობრივ პრობლემებს, ვბჭობთ, როგორ გავაუმჯობესოთ საიტი, ვიღებთ რჩევებსა და რეკომენდაციებს.

„მცდარ-ბეჭდილ-მძებნზეც“ ვიტყვი. ეს აღმნიშვნელი, მცდარბეჭდილი, ლექსიკონში ვნახე. მომეწონა და „გავაცოცხლე“. ერთხელ ვიხუმრე, ჩემს საიტს მცდარ-ბეჭდილ-მძებნი უნდა დავარქვა-მეთქი და ასეც შერჩა. კარგად მოვირგეთ ეს სახელი. მაგალითად, გუგლით ძიებისას პირდაპირ ჩვენ მოგვადგება მომხმარებელი, გარდა ამისა, ბრენდის სპეციალისტებმაც მოგვიწონეს, როცა უკვე გამოვაქვეყნეთ, ასე რომ ერთი საინტერესო სიტყვაც გავაცოცხლეთ ლექსიკონიდან და უნიკალური სახელიც დავირქვით, თუმცა საიტის დასახელებაზე როცა მიდგა ჯერი, www.spellchecker.ge ვარჩიეთ, ინგლისური ასოებით ჩაწერილი მცდარ-ბეჭდილ-მძებნი არ იქნებოდა კარგი იდეა.

მრავალფეროვნება ახსენეთ. რამდენადაც ვიცი, მხოლოდ მორფოლოგიური შემმოწმებლით არ დაკმაყოფილდებით და სამომავლოდ კიდევ აპირებთ საიტის განვითარებას. რა გეგმები გაქვთ?

სემანტიკური და სინტაქსური შემოწმებაც გვინდა დავამატოთ სამომავლოდ. მაგალითად, საიტის არსებულ ვარიანტში სიტყვათშეთანხმება „ ფული ამიჩუყდა“ არ იქნება მონიშნული მცდარად, რადგან ორივე შემადგენელი სწორად წერია მორფოლოგიურად და ესეც მორფოლოგიური ანალიზატორია. სემანტიკურ ელემენტსაც თუ დავამატებთ, კონტექსტუალური შემოწმებაც დაემატება და ამ შემთხვევაში სისტემა განსაზღვრავს, რომ ფული კი არა, გული უნდა იყოს. ამრიგად, მორფოლოგიურ ანალიზატორზე გაჩერებას არ ვაპირებთ, სიახლეების შესახებ მალე შეიტყობენ ჩვენი საიტის მომხმარებლები.

ასევე ბარბარიზმის ჩასანაცვლებელ მოდულზე ვმუშაობთ. მაგალითად, ტექსტში წერია „დავალაიქე“. გადავწყვიტეთ, რომ ამ შემთხვევაში კი არ გაწითლდეს ფორმა, არამედ გალურჯდეს და ამასთან, გამოვიდეს სწორი ვარიანტიც. ცოტა ხნის წინ ერთმა მომხმარებელმა მოისურვა „ლინეარულის“ დამატება. როცა ბარბარიზმებზე მუშაობა დასრულებული გვექნება, მსგავს შემთხვევებში სწორ ვარიანტს დაინახავს დაინტერესებული პირი და დაიმახსოვრებს კიდეც, რომ „ლინეარული“ ქართულად „წრფივია“.

ამდენად, საიტს შემეცნებითი ფუნქციაც ექნება და გარკვეულ წვლილსაც შეიტანს მშობლიური ენის დაცვაში. მაგალითად, დღეს ბევრმა შეიძლება არ იცოდეს რომ „დუტის“ შესატყვისი „ბამბულაა“. ჩვენს საიტზე რომ მოინიშნება ლურჯად და შეეთავაზება მომხმარებელს შესატყვისი, გააქტიურდება ეს ფორმა და ხალხურ მეტყველებაშიც ადვილად დამკვიდრდება.

მკვლევრებმა, დარგის სპეციალისტებმა, დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება არც იცოდნენ, რომ არსებობს და უკვე შემუშავებულია გარკვეული ტერმინები. თქვენი ინტერნეტსაიტი ამ მხრივ ფასდაუდებელი რესურსი შეიძლება გახდეს. ტერმინთბანკი თუ არის თქვენთვის ხელმისაწვდომი და როდის ექნებათ მომხმარებლებს საშუალება, არსებული შესატყვისები მოიძიონ მცდარ-ბეჭდილ-მძებნზე?

როცა საიტი ამუშავდა, ინტერესი მის მიმართ გაჩნდა და თუ დაფინანსება მოვიპოვეთ, აუცილებლად დავიმატებთ სპეციალისტებს, რათა უფრო სწრაფად შევთავაზოთ ქართულენოვან მომხმარებელს მეტად დახვეწილი მომსახურება. ტერმინთბანკი არსებობს და სპეციალისტები ბევრს შრომობენ ამ მიმართულებით, მაგრამ რამდენმა იცის მისი არსებობა და ვის მიუწვდება ხელი იქამდე? ძალიან მნიშვნელოვანია, ფართო წრისთვის გახდეს ცნობილი, წინააღმდეგ შემთხვევაში თაროებისთვისაა განკუთვნილი და ცოდოა ის შრომა, რაც ქართველმა მეცნიერებმა გასწიეს ტერმინების შემუშავებისთვის. ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები ყოველთვის გვეხმარებიან, მათგან სიახლეებსაც ვიგებ ხოლმე.

მაგალითად, ერთ-ერთი მოხსენება მოვისმინე, სადაც შპალის შესატყვისად განძელი (განივი ძელი) იყო შემოთავაზებული. მშვენიერი შესატყვისია, მაგრამ რამდენს ეცოდინება? რამდენი გამოიყენებს? აკადემიური მონაპოვარი და თანამედროვე ტექნოლოგიები საჭირო ტანდემს შექმნიან.

ჩვენ ძალიან გვინდა, ეს პროდუქტი გახდეს მასობრივი. ეს ინტერესი კი საერთოა. საიტი მუდამ იქნება უფასო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც ტექსტის გასწორება დასჭირდება. მომავალში ჩვენ გვექნება კომერციული შემოთავაზებებიც, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მცდარ-ბეჭდილ-მძებნის ძირითადი ვერსია იყოს უფასო, საყოველთაო და სანდო პროდუქტი. ეს ასეც იქნება.

ვრცელმა, საინტერესო და თვალსაჩინოებებით სავსე ინტერვიუმ ბევრი საფიქრალი დამიტოვა. გამოიყო რამდენიმე პრობლემა, რასაც სპეციალისტებიც და დაინტერესებული პირებიც ვაწყდებით ყოველდღიურად. მაგალითად, ის, რომ ორთოგრაფიულ ლექსიკონებში ხშირად სხვადასხვა ვარიანტია მოცემული, ასევე - სხდომებსა და კონფერენციებზე მიღებული გადაწყვეტილებები ნაკლებადაა ხოლმე ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის. ამ მხრივ ნამდვილადაა საჭირო გააქტიურება.

ინტერვიუს გაშიფვრა და აწყობა რომ დავასრულე, www.spellchecker.ge-ზე შევედი, დაკოპირებული ტექსტი შესაბამის უჯრაში ჩავსვი და ათზე მეტი შეცდომა სწრაფად და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე გავასწორე. ეს მორფოლოგიური შემმოწმებელი სასწრაფოდ დავამატე „სწრაფ-მძებნელ-სანიშნს“ და მზაკვარ კორექტურებსა და გაპარულ მორფოლოგიურ შეცდომებზე ღელვაც წარსულს ჩავაბარე.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
„ხალხია ენის კანონის დამდები და არა ანბანთ თეორეტიკა“
ილია ჭავჭავაძე


სასაუბრო ენა, ხალხური მეტყველება ხშირად განსაზღვრავს ხოლმე სალიტერატურო ნორმას. სხვადასხვა მიზეზის გამო გრამატიკულად გამართული სიტყვა ხალხურმა მეტყველებამ, შესაძლოა, „ვერ მოირგოს“. ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად არსებული ნორმისა, „მცდარი“ ფორმა „მყუდროდ მოკალათდება“ მეტყველებაში, მხატვრულ ან არამხატვრულ ლიტერატურაში და ადრე თუ გვიან აუცილებლად იქცევა ჯერ პარალელურ (ანუ დასაშვებ) ფორმად, მერე კი სალიტერატურო ნორმადაც. მაგალითად, სწორედ ასე მოხდა ზმნა „მინახავხარის“ შემთხვევაში (დღესდღეობით უკვეა მონიშნული პარალელურ ფორმად გრამატიკულად მცდარი, თუმცა ცოცხალ მეტყველებაში დამკვიდრებული ფორმა „მინახიხარ“).

2017 წელს „ფილოლოგის სვეტში“ გამოქვეყნებული ბლოგი -ეულ და -ურ სუფიქსიანი სიტყვების მართლწერას შეეხებოდა. შესავალ აბზაცში წერია:

„წერილობით თუ ზეპირ მეტყველებაში, სარეკლამო აბრებსა და მედიაში ხშირად გვხვდება აღმნიშვნელები „პირველადი“ და „მეორადი“. ამათგან მეორე მცდარი ფორმაა, თუმცა იმდენად დამკვიდრებული, რომ სწორ ფორმას „მეორეული“ მხოლოდ ორთოგრაფიულ ლექსიკონებსა და გრამატიკის სახელმძღვანელოებში თუ მოკრავთ თვალს“, შემდგომ კი, იმ დროს არსებული ნორმის თანახმად, მკითხველი ეცნობა (იმ დროისთვის) სწორ ფორმას:

„ქართული ენის სიტყვათწარმოების წესების თანახმად უნდა გამოვიყენოთ ე უ ლ სუფიქსი და შესაბამისად, უნდა ვთქვათ და დავწეროთ მ ე ო რ ე უ ლ ი ( მესამეული, მეოთხეული...) და არა მეორადი ( მესამადი, მეოთხადი...)“.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის სხდომაზე, რომელიც 2019 წლის 6 დეკემბერს გაიმართა, დამტკიცდა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა ახალი რედაქცია. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ ცვლილებების მკითხველისთვის გაცნობა, რაც ამ რედაქციაშია აღნუსხული:

„ფორმათაგან მეორეული და მეორადი დასაშვებად იქნეს მიჩნეული ორივე თავ-თავისი ნიუანსობრივი სხვაობის გათვალისწინებით:

სამეცნიერო ტერმინოლოგიაში (ძირითადად) – მეორეული:

მეორეული მოვლენა, მეორეული დაავადება... რაიმეს ხელახალი გამოყენების ან დამატებითი ფუნქციის აღსანიშნავად – მეორადი:

მეორადი ფაკულტეტი, მეორადი ავეჯი...

საორჭოფო და ბევრისთვის გაუგებარი იყო უცხოური წარმოშობის რიცხვითი სახელებისგან ნაწარმოები რიგობითების მართლწერა. მედიასაშუალებებში მილიონისა და მილიარდის გამოყენებით ნაწარმოები რიგობითი რიცხვითი სახელების დაწერილობის სხვადასხვაგვარი ვარიანტი გვხვდება. უნდა ითქვას, რომ „უცხოური წარმოშობის რიცხვითი სახელებისაგან (მილიონი, მილიარდი...) ნაწარმოებ რიგობით რიცხვით სახელებში მილიონის და მისთ. მსაზღვრელი სახელი ფუძის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი“.

შესაბამისად, სწორი იქნება:

მეექვსმილიონე

მეშვიდმილიონე...

ხშირია შეცდომები რიგობით რიცხვით სახელებზე თანდებულისა და ნაწილაკის დართვისას.

რომელია სწორი - 55-ეში თუ 55-ში? 35-სთან თუ 35-ესთან?

წესის თანახმად, და კავშირიანი რიგობითი რიცხვითი სახელების არაბული ციფრებით გამოსახვისას მათ მხოლოდ ბოლოში უნდა დაერთოს -ე სუფიქსი - 55-ე, 35-ე;

იგივე პრინციპია შენარჩუნებული თანდებულის დართვის შემთხვევაშიც.

თუ რიცხვს ბოლოსართი დაერთვის, თანდებულიანი რიგობითი რიცხვითი სახელის დაწერისას რიგობითობის აღმნიშვნელი -ე სუფიქსიც უნდა დაიწეროს. შესაბამისად, სწორი იქნება:

55-ეში

35-ესთან
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი

ბოლო ხანებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა კულინარიული გადაცემები. ონლაინ თუ ბეჭდური გამოცემებიც ხშირად გვთავაზობენ „უკარგესი“, „უტკბილესი“, „ჯინჯერიანი“ ნამცხვრებისა თუ ორცხობილების რეცეპტებს.

მედიაჩეკერის ბლოგი ამჯერად „კულინარიულ ორთოგრაფიას“ დაეთმობა.

თუ პირველ აბზაცში ჩამოთვლილი ზედსართავი სახელები გეხამუშათ და მათი სწორი შესატყვისებიც უმალ გაგახსენდათ, მომდევნო აბზაცი გამოტოვეთ. თუ არა - დაიმახსოვრეთ, რომ აღმატებითი ხარისხის წარმოებისას ზოგიერთი ზედსართავი სახელი გარკვეულ თავისებურებას ავლენს და ბოლოკიდურ მარცვალს მთლიანად „იშორებს“. ყველაზე ხშირად შეცდომებს უშვებენ ხოლმე სამი ზესართავი სახელის აღმატებითი ( უფროობითი) ან ოდნაობითი ხარისხის წარმოებისას. ეს ზედსართავებია სქელი, ტკბილი და გრძელი.

სწორია:

  • სქელი - მოსქო - უსქესი;
  • ტკბილი - მოტკბო - უტკბესი;
  • გრძელი - მოგრძო - უგრძესი.

შესაბამისად, ნამცხვარი ვერ იქნება „უტკბილესი“. სწორია - უტკბესი.



„ჯინჯერისა და ლიმნის ჩაი“

ეს სასარგებლო და სასიამოვნო სასმელი ზამთრის სუსხიანი დღეებისთვის ზედგამოჭრილია, მართლწერის თვალსაზრისით კი რეცეპტის სათაური მოიკოჭლებს.

ჯინჯერს ქართულად კოჭას ან ჯანჯაფილს (საკუთრივ ეს სიტყვა - სპარსული წარმოშობისაა) ვუწოდებთ. ამ ტროპიკული ეთერზეთოვანი მცენარის ფესვს კულინარიაში სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად იყენებენ. ჩაის მომზადებისას მკვეთრი გემოს გასანეიტრალებლად ლიმონსა და თაფლს უმატებენ ხოლმე, ოღონდ ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ და დავწეროთ:

ჯანჯაფილის (კოჭას) ჩაი ლიმონით.

ლიმონი უკუმშველი სიტყვაა და, შესაბამისად, „ლიმნით“ - მცდარი ფორმაა.

უკარგესი და უცუდესი

ლექსიკური მარაგის სიმწირე, ღარიბი აქტიური ლექსიკა სწორედ ამგვარი მცდარი ფორმების გამოყენებისას ვლინდება. ქართულ ენაში ბევრი სხვადასხვა აღმნიშვნელით შეიძლება იმის გამოხატვა, რასაც უმართებულო ფორმები „უკარგესი“ და „უცუდესი“ აღნიშნავს.

დავიმახსოვროთ!

ზედსართავი სახელის ცუდი აღმატებითი ხარისხის ფორმა უ-ეს აფიქსების დართვით არ იწარმოება.

  • არასწორია უ-ცუდ-ეს-ი;
  • სწორი ფორმაა – უარესი.

ასევე - ზედსართავი სახელის კარგი აღმატებითი ხარისხის ფორმაა საუკეთესო და არა უკარგესი...
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
ქვოტა-კვოტა, ქვორუმი-კვორუმი, ადექვატური-ადეკვატური, ექვივალენტი - ეკვივალენტი და მარადიული კითხვა - რომელია სწორი?

ბლოგში ამ აქტუალურ საკითხს შევეხებით.

შევეცდებით გავარკვიოთ, რატომ გვიჩენს ლათინური ანბანის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათად ხმარებული ასო-ბგერა Q ამდენ საფიქრალს და როგორ გადავწყვიტოთ დილემა - რომელია სწორი!

ჩვენს მშვენიერ მშობლიურ ენაში უცხოური ენებიდან ნასესხებ სიტყვებს შორის გარკვეული რაოდენობითაა შემოსული ლათინური წარმოშობის სიტყვები.

მათგან იმ სიტყვებში, რომლებშივ გვხვდება QU წყვილი ( ამ „ტანდემს“ მყარ ჯგუფსაც უწოდებენ. Q ლათინური ენის დანარჩენ ასოთაგან ყველას არ ერწყმის, U-სთან კი „განსაკუთრებული ურთიერთობა“ აკავშირებს) ხშირად უშვებენ შეცდომას ზეპირი ან წერითი მეტყველებისას, რადგან ქართულში გვაქვს ქ და კ თანხმოვნები.

რომელი თანხმოვანი ან თანხმოვანთა ჯგუფი შეესატყვისება ტრანსლიტერაციის წესების თანახმად QU ჯგუფს?

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინგლისური ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესების თანახმად, QU კომპლექსი კვ ჯგუფით უნდა გადმოვიდეს იმ შემთხვევაში, თუ QU-ს მოსდევს A ან O.

შესაბამისად, ერთადერთი სწორი დაწერილობაა:

კვოტა

კვორუმი

ადეკვატური

ეკვივალენტი

იმ შემთხვევაში, თუ QU კომპლექსს მოსდევს e ან i, გადმოქართულებისას გვექნება ქვ.

მაგალითად, სწორია ქვინსი და არა კვინსი, ქვინი ( Queen) და არა კვინი.
კატეგორია: ფილოლოგის სვეტი

სტატიების, პუბლიცისტური წერილების, ნაშრომების ბოლო აბზაცებში ხშირად გვხვდება ხოლმე სიტყვები  „დასასრულ/დასასრულს“, „დაბოლოს“, „ბოლობოლო“.

ხშირია „დასასრულ“ და „დასასრულს“ ფორმების უმართებულო აღრევა. რომელია მოცილე სიტყვათაგან სწორი და რომელი არასწორი?

საინტერესო ისაა, რომ ორივე სიტყვა გამართულია ორთოგრაფიულად, შეცდომა კი მაშინ მოსდით ხოლმე, როდესაც არასწორი მნიშვნელობით და უმართებულო კონტექსტში იყენებენ მათ.

წერილობითი ან ზეპირი მსჯელობისას დამამთავრებელ სიტყვა-თქმად უნდა გამოვიყენოთ „დასასრულ“. ეს ნიშნავს, რომ მოქმედება დასასრულს უახლოვდება და მსჯელობის დასრულებამდე კიდევ რაღაც დარჩა გასარკვევი, სათქმელი, გასაცხადებელი.

არის კონტექსტი, როდესაც აღმნიშვნელი „დასასრული“ გამოყენებულია საზღვრულად - რაღაცის ბოლო ნაწილის, დამთავრების, დაბოლოების მნიშვნელობით. ამ შემთხვევაში სიტყვა მიცემითი ბრუნვის ფორმით უნდა წარმოითქვას ან დაიწეროს.

კიდევ ერთხელ:

თუ სიტყვა ცალკე გვინდა გამოვიყენოთ და მოქმედების დასასრულის მოახლოება უნდა ვამცნოთ მკითხველს ( მსმენელს), მაშინ იგი „შიშველი“, უბრუნვისნიშნო ფორმით უნდა ვიხმაროთ და მძიმითაც გამოვყოთ.

მაგალითად, როგორც ჩვენი წინა ბლოგის ბოლოსაა:   დასასრულ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება...

თუ სიტყვა დასასრული რაღაცის ბოლო ნაწილის, დამთავრების მნიშვნელობით გვინდა ვიხმაროთ, მიცემითი ბრუნვის ნიშნის დართვა სავალდებულოა.

მაგალითად:  საპარლამენტო სხდომის დასასრულს ( სხდომის ბოლოს) გაიმართა დებატები.

ამ შემთხვევაში მძიმის დართვა საჭირო არ არის.

„დასასრულ“ მნიშვნელობით შეიძლება გამოვიყენოთ ფორმა „დაბოლოს“.

ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ეს სიტყვები სინონიმებადაა წარმოდგენილი (დასასრულ (ზმნს.) - ბოლოს, დაბოლოს, უკანასკნელ).

რაც შეეხება ფორმას „ბოლობოლო“ - ეს ფორმა კავშირიანი „ბოლოს და ბოლოს“ შემოკლებული ვარიანტია და თანამედროვე სალიტერატურო ნორმად არ მიიჩნევა.

ბოლო ფუძის გაორმაგებით მიღებული გამოთქმის „ბოლოს და ბოლოს“ შემოკლებული ვერსია ზოგჯერ დეფისითად გვხვდება ხოლმე (ბოლო-ბოლო).

ერთადერთი სალიტერატურო ფორმა არის ბოლოს და ბოლოს.

კატეგორია: ფილოლოგის სვეტი

როგორ შეეწყობა კავშირი „რომელიც“ რიცხვში მისათითებელ სიტყვას?

თუ მისათითებელი სიტყვა უსულოა და მრავლობითში, როგორ „იქცევა“ „რომლებიც“?

თუ მისათითებელი სიტყვა კრებითია ან „და-ძმის“ ტიპის კომპოზიტია?

ფილოლოგის სვეტში ამჯერად რთულ წინადადებაში „რომელიც“ წევრ-კავშირის რიცხვში შეთანხმებას მიმოვიხილავთ.

1.   თუ მთავარ წინადადებაში სიტყვა, რომელსაც მიემართება ( შემდგომ - მისამართი სიტყვა) „რომელიც“ მხოლობით რიცხვშია, წევრ-კავშირიც მხოლობითში შეეწყობა:
 
წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო.


 2.   თუ მთავარი წინადადების მისამართი სიტყვა მრავლობითშია, „რომელიც“ ასევე მრავლობითში იქნება. ამ შემთხვევაში, წესის თანახმად, მნიშვნელობა არ აქვს იმას, მთავარ წინადადებაში სიტყვა, რომელსაც მიემართება წევრ-კავშირი, უსულოა თუ სულიერი. შესაბამისად, სწორი იქნება:
 
წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხო.
მწერლები, რომლებიც დაჯილდოვდნენ.


3.    თუ მთავარი წინადადების მისამართი სიტყვა ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვითაა განმარტებული, თვითონ მისათითებელი სიტყვა მხოლობითში იქნება, დამოკიდებული წინადადების წევრ-კავშირი „რომელიც“ კი მრავლობითში უნდა იყოს.

 

განვიხილოთ ეს წესი უფრო დეტალურად:

გამომცემლობა გვთავაზობს ხუთ წიგნს, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხო.

ეს წინადადება შედგება მთავარი და დამოკიდებული წინადადებებისგან. მთავარ წინადადებაში მისამართი სიტყვაა წიგნი ( რომელსაც მიემართება წევრ-კავშირი „რომლებიც“). მისამართ სიტყვას მსაზღვრელად ახლავს ისეთი სახელი, რომლის ლექსიკური მნიშვნელობაც ერთზე მეტს გულისხმობს( ამ შემთხვევაში ესაა რაოდენობითი რიცხვითი სახელი - ხუთი). დღესდღეობით არსებული წესის თანახმად, თუ მისამართი სიტყვა ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელი სახელითაა განსაზღვრული, „რომელიც“ შეეწყობა ამ რაოდენობას და თავადაც უნდა „მოირგოს“ მრავლობითი რიცხვი. 


4.    თუ მთავარ წინადადებაში მისამართი სიტყვა „და-ძმის“ ტიპის კომპოზიტია, წევრ-კავშირი კვლავ მრავლობითში შეეწყობა მას. 

 

ცოლ-ქმარი, რომლებიც საზღვარზე დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს. 

(ამ შემთხვევაში შემასმენელი კომპოზიტს მხოლობითში შეეწყობა. შემასმენლისა და ქვემდებარის რიცხვში შეწყობის საკითხი ერთ-ერთ სვეტში უკვე მიმოვიხილეთ). 


5.   თუ მისამართი სიტყვა კრებითი სახელია, წევრ-კავშირი „რომელიც“ მხოლობითში შეეწყობა მას:

სტუდენტობას, რომელიც საკუთარ უფლებებს იცავს, ადვილად ვერ გააცურებ.


დასასრულ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება, რომელიც აქ ჩამოწერილთაგან მესამე წესს ეხება:

საკითხისადმი დამოკიდებულება სამეტყველო ენაში და სპეციალისტთა ფართო წრეში არაერთგვაროვანია. არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს წესი („რომელიც“ წევრ-კავშირის რიცხვში შეთანხმება ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელ სახელებთან) საბოლოო ენობრივი ნორმის დადგენას საჭიროებს და მნიშვნელოვანია მსჯელობა. მოხარული ვიქნებით, თუ საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევით ხელს შევუწყობთ კვლევას.

კატეგორია: ფილოლოგის სვეტი

ონლაინ და ბეჭდური მედია ხშირად უცვლელად სთავაზობს ხოლმე მკითხველს სოციალური ქსელიდან „ნასესხებ“ კომენტარებსა და მოსაზრებებს. მათში საკმაოდ ხშირია ერთი ტიპის შეცდომები - ავ და -ამ თემის აღრევა ან უმართებულო გამოყენება.

ვიცვავ თუ ვიცვამ? აღვიქვავ თუ აღვიქვამ?

დავაკვირდეთ, დასახელებულ ზმნებში ერთმანეთს ენაცვლება -ავ და -ამ სუფიქსები. იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ, რომელია დასახელებულთაგან სწორი ფორმა, გავარკვიოთ, რა ელემენტებია ეს -ავ და -ამ.

ახლანდელი(აწმყო)დროის გამომხატველ ზმნურ ფორმებს ხშირ შემთხვევაში ბოლოში აქვს ელემენტები, რომლებსაც თემის ნიშნებს უწოდებენ.

თემის ნიშნებია:

ი (ვზრდი)
ავ (ვხატავ)
ამ ( ვდგამ)
ებ (ვამზადებ)
ობ ( ვათბობ)
ემ(ვცემ)
ოფ(ვყოფ)

წარსულ დროში იგივე ზმნები თემის ნიშნებს აღარ დაირთავენ ( გავზარდე, დავხატე, დავდგი...).

თემის ნიშანთაგან ორი - ავ და ამ - განსაკუთრებით „საფრთხილო“ და „საკრძალია“. მათი აღრევით ვიღებთ უმართებულო ფორმებს.

შედეგად, საკმაოდ გავრცელებულია:

ვსვავ
ვასხავ
ვაბავ
ვარტყავ
წარმოვთქვავ
აღვიქვავ
ვდგავ
ვიცვავ
ვრეცხამ

იმისთვის, რომ შეცდომა არ დავუშვათ, უნდა დავიმახსოვროთ მარტივი წესი:

თუ ზმნის საწყისი ფორმა ბოლოვდება ვა მარცვალზე, თემის ნიშანი იქნება ავ (ვა=ავ).

თუ საწყისი მა მარცვალზე ბოლოვდება, თემის ნიშანი იქნება ამ ( მა=ამ).

ავიღოთ პირველივე ზმნა შეცდომების ჩამონათვალიდან - ვსვავ.

გავიხსენოთ ზმნის საწყისი - სმა.

გადავხედოთ წესს.

გამოვიტანოთ დასკვნა - სწორი იქნება ვსვამ.

ასევე:

ვასხავ - სხმა - ვასხამ
ვაბავ-ბმა-ვაბამ
ვარტყავ - რტყმა - ვარტყამ
წარმოვთქვავ -წარმოთქმა-წარმოვთქვამ
აღვიქვავ-აღქმა-აღვიქვამ
ვდგავ-დგმა-ვდგამ
ვიცვავ - (ჩა)ცმა-ვიცვამ
ვრეცხამ-რეცხვა - ვრეცხავ

დასასრულ, ჩამოვთვლით რამდენიმე ზმნას, რომლებშიც -ავ თემის ნიშანი „დაუკითხავად“ და უადგილოდ „მოთავსდა“.

დაიმახსოვრეთ, ამ ზმნებში -ავ თემის ნიშანი ზედმეტია!

პირველ რიგში, აღნიშვნის ღირსია ფორმა „მჯერავს“.

ერთადერთი სწორი ფორმაა მჯერა.

სწორია:

კვეთს ( და არა კვეთავს)
კვეცს ( და არა კვეცავს)
ტეხს ( და არა ტეხავს)
ჩეხს (და არა ჩეხავს)
იხვეჭს ( და არა იხვეჭავს)

კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
ციცაბო აღმართიანი, ციცაბო-აღმართიანი, ციცაბოაღმართიანი;
მცირე მოცულობიანი, მცირე-მოცულობიანი, მცირემოცულობიანი;
ორმხრივ დაქანებული, ორმხრივ-დაქანებული, ორმხრივდაქანებული;
სამ განზომილებიანი, სამ-განზომილებიანი, სამგანზომილებიანი.

დააკვირდით ჩამოთვლილ სიტყვებს და მათ დაწერილობას.

რა კანონზომიერებას ამჩნევთ?

  1. თითოეულ სიტყვაში ორი შემადგენელია.
  2. სიტყვის მნიშვნელობა ერთია (ერთ აღსანიშნს მიემართება).
  3. დაწერილობა სხვადასხვაა - ცალ-ცალკე, დეფისით, ერთად.

რომელია სწორი და რატომ? როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს შემთხვევებში - დავწეროთ ცალკე, დავურთოთ დეფისი თუ დავწეროთ ერთად?

ამჯერად ბლოგი ორშემადგენლიან და ერთცნებიან კომპოზიტებს დაეთმობა:

რას ნიშნავს კომპოზიტი?

კომპოზიტი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სიტყვას, რომელიც შედგება ერთზე მეტი ფუძისგან.

ერთფუძიანია სიტყვა ძმა. ორფუძიანი - და-ძმა.

კომპოზიტი ორგვარია: ერთცნებიანი, ორცნებიანი ან ორზე მეტცნებიანი.

ერთცნებიანი = ერთ აღსანიშნს, ორცნებიანი = ორ აღსანიშნს

ერთცნებიანია კომპოზიტი, რომლის ფუძის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი ფუძეების მნიშვნელობათა ჯამს, როგორც ორცნებიანის შემთხვევაშია.

უფრო მარტივი იქნება ამ წესის გაგება და გააზრება, თუ გამოვიყენებთ სიტყვებს აღმნიშვნელი ( რაც აღნიშნავს, ანუ სიტყვა) და აღსანიშნი ( რაც უნდა აღინიშნოს, ანუ საგანი, ცნება, ობიექტი).

დააკვირდით, და-ძმას (ცოლ-ქმარი, დედა-შვილი) მსგავსი კომპოზიტები (აღმნიშვნელები) აღნიშნავს არა ერთ აღსანიშნს, არამედ ორს ( დაც უნდა აღინიშნოს და ძმაც, ანუ ორივე აღსანიშნია).

მრავალსართულიანი, თავქუდმოგლეჯილი, ცისარტყელა - ამ ტიპის კომპოზიტები კი მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სიტყვის შეერთებითაა მიღებული, ერთ აღსანიშნს მიემართება, ერთ რამეს აღნიშნავს.

წესის თანახმად, ყველა ერთცნებიანი კომპოზიტი იწერება ერთად, სივრცისა და დეფისის გარეშე.

წესი ლოგიკურიცაა და მარტივი დასამახსოვრებელიც, თუმცა ენაში ახლად შემოსული სიტყვების სიმრავლემ და მედიაში მათი გამოყენების სიხშირემ ( ასევე სიჭრელემ) დაწერილობის თვალსაზრისით არეულობა გამოიწვია.

ჩვენს მედიაში აღნიშნული ტიპის კომპოზიტები სამივე სახის დაწერილობით დასტურდება, თუმცა ყველაზე ხშირია ცალ-ცალკე და ერთად დაწერილობის შემთხვევები. მიზეზი, ალბათ, დეფისისა და და კავშირის „მჭიდრო თანამშრომლობაა“. უმრავლესობას კარგად გვახსოვს, რომ დეფისი და კავშირს აღნიშნავს, დასახელებულ კომპოზიტებში კი შინაარსობრივად და კავშირი არ მოიაზრება.

იმისთვის, რომ სწორი პასუხი გავცეთ ზემოთ დასმულ კითხვას, აუცილებელია სალიტერატურო ენის ნორმების გათვალისწინება ერთცნებიანი კომპოზიტების დაწერილობასთან დაკავშირებით.

თუ ერთცნებიანი კომპოზიტი იწერება ერთად, ეს წესი გავრცელდება ენაში ახლად დამკვიდრებულ ორშემადგენლიან და ერთცნებიან კომპოზიტებთან მიმართებითაც.

შესაბამისად, სწორი იქნება:

ციცაბოაღმართიანი, მცირემოცულობიანი,ორმხრივდაქანებული, სამგანზომილებიანი, მცირეტირაჟიანი, მცირერადიუსიანი, შეზღუდულხილვადობიანი, მცირესიმძლავრიანი...



* გამოყენებული ლიტერატურა
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეტყველების კულტურის განყოფილების კრებული „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, წიგნი მეთხუთმეტე, 2015 წელი, გვ.28;

კატეგორია: ფილოლოგის სვეტი
ლგბტქ(ი) აბრევიატურის ნაირსახეობაა, რომელსაც აკრონიმს უწოდებენ.

აბრევიაციის სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, აკრონიმის დროს სიტყვათა პირველი ასო-ბგერები იწერება და იკითხება, როგორც ერთი სრული (მთელი) სიტყვა, არ იმარცვლება და ცალკეულ ბგერებად არ წარმოითქმის, როგორც, ვთქვათ, აბრევიატურა „სი-ენ-ენის“ შემთხვევაშია.

აკრონიმი მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან გამოიყენება და ინგლისურ ენაში ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა და ქვიარ ადამიანების აღსანიშნავად შეიქმნა ( ამათგან ქ - ქვიარ ყველაზე ბოლოს დამატებული კომპონენტია).

ზოგჯერ აკრონიმს ემატება ი - ინტერსექსი ადამიანების აღსანიშნავად ან ქ-ქვიარს ენაცვლება ი - ინტერსექსი.

ტერმინის შემოღებისა და დამკვიდრების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გამოიკვეთა, რომ სექსუალობისა და გენდერული იდენტობის მრავალფეროვნების აღსანიშნავად აღმნიშვნელი „გეი“ ან „ჰომოსექსუალი“ საკმარისი არ არის.

ლგბტქ(ი) მიღებული და დამკვიდრებული ტერმინია მედიაში.

განვმარტავთ აკრონიმის შემადგენელი თითოული სიტყვის მნიშვნელობას:

ლესბოსელი - ქალური ჰომოსექსუალობის აღმნიშვნელი სიტყვა. ქალი, რომელიც სექსუალურ და ემოციურ ლტოლვას მხოლოდ ან ძირითადად ქალების მიმართ განიცდის. სიტყვა მომდინარეობს ბერძნული კუნძულ ლესბოსის სახელწოდებიდან.

გეი (gay) - მამაკაცური ჰომოსექსუალობის აღმნიშვნელი სიტყვა. მამაკაცი, რომელიც განიცდის სექსუალურ და ემოციურ ლტოლვას უპირატესად ან მხოლოდ მამაკაცებისადმი. თავდაპირველი მნიშვნელობით სიტყვა აღნიშნავდა უზრუნველს, თავისუფალს, გამორჩეულად ფერადოვანი შინაგანი სამყაროს მქონეს, კაშკაშა ადამიანს. დაუშვებელია ტერმინ ჰომოსექსუალისტის გამოყენება. ასევე სასურველია ჰომოსექსუალი კაცის/წყვილის ნაცვლად გამოვიყენოთ სიტყვა გეი ( მაგალითად, გეი წყვილი, გეი მამაკაცი და არა ჰომოსექსუალები, ჰომოსექსუალების წყვილი...).

ბისექსუალი (ლათ. bi - ორი, sexus - სქესი; სიტყვასიტყვით - „ორმაგი სექსუალობა“) - სექსუალური ლტოლვა ნებისმიერი სქესის ადამიანის მიმართ. ტერმინს ბისექსუალობა რამდენიმე მნიშვნელობითაც განიხილავენ - ფართო მნიშვნელობით - ორივე სქესისათვის დამახასიათებელი თვისებების ფლობა (ანდროგინიაა), ვიწრო გაგებით - სექსუალური ლტოლვა ორივე სქესის წარმომადგენელთა მიმართ.

ტრანსგენდერი ( ზოგჯერ მოიხსენება, როგორც ტრანსი (trans) ან ტრანსსექსუალი) - კრებითი ტერმინი იმ ადამიანების აღსაწერად, რომელთა გენდერიც/სქესიც განსხვავდება ბიოლოგიური სქესისაგან, რომლითაც ისინი დაიბადნენ. ტრანსსექსუალი ადამიანები განიცდიან შეუსაბამობას მათი დაბადების სქესისადმი და მათი გენდერული იდენტობებისადმი და ხშირად მიმართავენ თავიანთი სხეულის შესაცვლელად რადიკალურ ქირურგიულ ოპერაციებს. ტერმინი ტრანსგენდერი გამოიყენება იმ ადამიანების აღსანიშნავადაც, ვინც დომინანტური, ბიოლოგიურად და ანატომიურად გამოხატული გენდერული ნორმების ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, თუმცა სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარება არ სურთ; მართებულია ვთქვათ და დავწეროთ - ტრანსგენდერი ადამიანი ( ანუ გამოვიყენოთ სიტყვა, როგორც მსაზღვრელი და არა როგორც არსებითი სახელი. არ არის სასურველი „ტრანსგენდერების“ გამოყენება).

ქვიარი (queer) - კრებითი ტერმინია. ადრე იყენებდნენ, როგორც შეურაცხმყოფელ, უარყოფითი კონოტაციის მქონე აღმნიშვნელს არაჰეტეროსექსუალი ადამიანების მიმართ. 1980-იანი წლების აქტივისტებისა და თეორეტიკოსების დამსახურებით სიტყვამ იცვალა მნიშვნელობა პოზიტიური კონოტაცია შეიძინა. ტერმინი ქვიარ გამოიყენება ზოგადად ლგბტ თემის აღსანიშნადაც. კომპლექსური სიტყვა ქვიარი იმ სექსუალური და გენდერული უმცირესობებისათვის გამოიყენება, რომლებიც თავს არ მიაკუთვნებენ ჰეტეროსექსუალებს.

ინტერსექსი, ინტერსექსუალი (intersex) - ნიშნავს ადამიანს, რომელსაც „ორმაგი“ ბიოლოგიური სქესი აქვს. არსებობს ბევრი გენეტიკური, ჰორმონული და ანატომიური ვარიაცია, რომელიც ადამიანის ინტერსექსუალობას განაპირობებს. ინტერსექსუალი ადამიანები სქესობრივი და რეპროდუქციული განვითარების თავისებურებებით გამოირჩევიან.

ტერმინების განმარტებისას გამოყენებულია ლიტერატურა:
შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში, თბ., 2013.
ვებსაიტი - LGBTQIA Resource Cente