კატეგორია: ეთიკა
„ნეტგაზეთი“ სარედაქციო წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ორი ჟურნალისტი, რომელიც 2016 წლის იანვრის ბოლომდე თანამშრომლობდა გამოცემასთან, სისტემატურად მიმართავდა პლაგიატს.

გამოცემა ორი თვის განმავლობაში ატარებდა შიდა გამოძიებას: „ისინი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, კომენტარებს, ინტერვიუებს ასაღებდნენ თავიანთ ნამუშევრებად და უგზავნიდნენ ნეტგაზეთს. საქმე ეხება 2014-15 წლებში გამოქვეყნებულ სტატიებს სამხრეთი კავკასიის რეგიონის შესახებ” - ვკითხულობთ სარედაქციო წერილში.

როგორც წერილიდან ვიგებთ, რედაქციის შიდა გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა სწორედ ერთ-ერთი ავტორის სტატია, რომელიც არ გამოქვეყნებულა: “სტატია 2016 წლის იანვარში მივიღეთ, მასში პლაგიატის შემთხვევა აღმოვაჩინეთ და გადავწყვიტეთ მისი და სხვა ავტორის მიერ მომზადებული ყველა სტატია შეგვემოწმებინა. თუმცა პლაგიატის პრაქტიკა მხოლოდ ორი ავტორის ტექსტებში აღმოჩნდა“.

გამოცემამ პლაგიატის დადასტურების შემდეგ, ჟურნალისტებთან კონტრაქტი გაწყვიტა: „ჩვენი გამოძიების შემდეგ საიტიდან წაშლილია ორივე ავტორის მიერ 2014-16 წლებში გამოქვეყნებული 40-ზე მეტი სტატია. ამ სტატიების ლინკები კვლავ ხელმისაწვდომია, თუმცა საკუთრივ სტატიის ნაცვლად ნახავთ წარწერას, რომ ტექსტი წაშლილია აღმოჩენილი პლაგიატის გამო. სტატიების წაშლის გარდა, “ნეტგაზეთმა” გაუგზავნა ბოდიშის წერილები 40-ზე მეტ გამოცემას – ვებგვერდებს, რომლებიდანაც ორივე ჟურნალისტი პირდაპირ იწერდა სხვადასხვა ინფორმაციას, საკუთარ ნამუშევრად ასაღებდა და ამ ქმედებების შედეგად მიღებულ ტექსტებს “ნეტგაზეთზე” ვაქვეყნებდით” - განმარტავს გამოცემა.

ნეტგაზეთი, მომხდარის გამო, მკითხველს და კოლეგებს ბოდიშს უხდის: „ჩვენ მზად ვართ, კვლავ ვიმუშაოთ თქვენი ნდობის მოსაპოვებლად, თუ ის დავკარგეთ ამ ძალიან უსიამოვნო შემთხვევის გამო”.

რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი კი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ამბობს რომ პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებს: „ყველაზე მძიმე შეცდომა ჩემს, როგორც რედაქტორის პრაქტიკაში, რაც განაპირობა გაუმართლებელმა ნდობამ ამ ავტორებისა და მათი რეკომენდატორებისადმი, თუმცა მიზეზებს მკითხველისთვის, ცხადია, არ აქვს მნიშვნელობა... ამიტომაც ნეტგაზეთის ამ პროექტში მეც აღარ ვიქნები ჩართული. ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და პირველ რიგში, ვუხდი ბოდიშს ჩვენს მკითხველებსა და გულშემატკივრებს“.

აღსანიშნავია, რომ ესაა პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა გამოცემა თავადვე ღიად აცხადებს აღმოჩენილი პლაგიატის შესახებ, ბოდიშს უხდის მკითხველს და საქმის დეტალებს სარედაქციო წერილის სახით აცნობს აუდიტორიას.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
Chicago TV news WGN-მა ბოდიში მოუხადა მაყურებელს ებრაელთა წმინდა დღესასწაულის, იომ კიპურის გაშუქებისას, უნებლიეთ ნაცისტური სიმბოლოს გამოყენებისთვის. დღესასწაულზე საუბრისას ტელეკომპანიამ აჩვენა ყვითელი ექვსქიმიანი ე.წ დავითის ვარსკვლავი, რომელზეც იკვეთებოდა წარწერა Jude - რაც ნიშნავს ებრაელს, ვარსკვლავი გამოსახული იყო თეთრ და ცისფერ ზოლებიან ფონზე - რაც ემთხვევა ებრაელთა უნიფორმის ფერს საკონცენტრაციო ბანაკებში.

ტელეკომპანიამ ბოდიშის წერილი საკუთარ ვებსაიტზე განათავსა და განაცხადა, რომ ფოტომ მსგავსი შესახედაობა გრაფიკული ფონის გამო მიიღო.

“ჩვენ გავაშუქეთ, ინფორმაცია იომ კიპურის დღესასწაულთან დაკავშირებით, რათა პატივი მიგვეგო იმ დღისთვის, რომელიც მიტევებას, (ცოდვების გამოსყიდვას) ეძღვენება. ილუსტრაციად გრაფიკული სიმბოლოს ჩვენება გადავწყვიტეთ, სამწუხაროდ, ვერ მივხვდით, რომ გრაფიკული ფონი ნაცისტურ სიმბოლოს ქმნიდა.

ჩვენ ვართ უკიდურესად შეწუხებულნი, ბოდიშს ვუხდით მაყურებლებს და ებრაულ სათვისტომოს ამ შეცდომისთვის. გვესმის, რომ ბოდიში გამართლება არაა! გვსურს იცოდეთ, რომ ჩვენ გადავხდეთ აღნიშნულთან დაკავშირებით შიდა სარედაქციო პოლიტიკას. ცვლილებები უკვე განხორციელებულია, რათა მსგავსი შემთხვევა აღარასოდეს განმეორდეს.

გმადლობთ გაგებისთვის“ - ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას -imediaethics.org ავრცელებ
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
თაგესშპიგელმა ბოდიში მოიხადა გაზეთის პირველი გვერდის გამო, სადაც ლტოლვილთა კრიზისის ამსახველ ფოტოსთან ერთად, ჰიტლერის გამოსახულება გამოაქვეყნა. „ის უკვე აქ არის“ - წერია პირველ გვერდზე, მის ქვემოთ გამოტანილი სტატია კი, დევნილთა კრიზისთან დაკავშირებით ანგელა მერკელისა და პიტერ ალტმაიერის კოორდინაციის შესახებ მოგვითხრობს.

გაზეთის პირველმა გვერდმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ის შეაფასეს როგორც ორაზროვანი. გამოცემამ გაუგებრობისთვის ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ჰიტლერის ფოტო პირველ გვერდზე და წარწერა „ის უკვე აქ არის“, იმ ფილმის რელიზს წარმოადგენს, რომელიც ეკრანებზე 8 ოქტომბერს გამოვა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ადოლჰ ფიტლერი თანამედროვე გერმანიაში ბრუნდება.

ახალი ამბის სათაური („დევნილთა კრიზისი და მთავარი პრიორიტეტები“) და ჰიტლერის წარწერიანი ფოტო („ის უკვე აქ არის“) პირველ გვერდზე ისე იყო გამოტანილი, რომ მკაფიო ვიზუალური საზღვარი ამ ორ მასალას შორის არ იკვეთებოდა, შესაბამისად, მკითხველთა ნაწილმა ეს ორი დამოუკიდებელი სტატია, ერთ მასალად მიიჩნია.

თამარ კარელიძე

წყარო: meedia.de
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
Daily Mirror-მა 2013 წელს გაავრცელა სურათი, რომლითაც ბრიტანელ პოლიტიკოსს, ალექს ვუდს, ნაციზმსა და რასიზმში სდებდა ბრალს. გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა, რისთვისაც გაზეთმა მკითხველებს ბოდიში მოუხადა.

სურათზე, რომელიც გაზეთმა გაავრცელა, გამოსახულია პოლიტიკოსი, რომლის გაშლილი ხელი ნაცისტურ მისალმებას ჰგავს, გაზეთი ასევე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ვუდი საკუთარი ფეისბუქ გვერდით რასისტულ კომენტარებს აკეთებდა.

სინამდვილეში, ფოტოს გადაღებისას პოლიტიკოსი უბრალოდ ცდილობდა, ფოტოობიექტივში არ მოხვედრილიყო და კამერას ხელს აფარებდა. პოლიციამ დაადგინა, რომ ვუდი არც რასისტულ გამონათქვამებს არ იყენებდა თავის სოციალურ გვერდებზე.

მომხდართან დაკავშირებით ამ თვეში გამოცემამ ოფიციალურად მოიხადა ბოდიში. აღნიშნულ ინფორმაციას მედიაგამოცემა - Imediaethics.org ავრცელებს.

წყარო: Imediaethics
კატეგორია: ეთიკა
ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ეთერში, „კურიერის“ დღის გამოშვებაში გავიდა ინფორმაცია არასრულწლოვანის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. კადრ სინქრონის ტიპის მასალაში წამყვანი ასახელებს მსხვერპლის სახელსა და გვარს და აღნიშნავს, რომ მისმა ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვეს, რომლის თანახმადაც მოზარდზე ძალადობის ფაქტი მტკიცდება. თავად ადვოკატი კომენტარში დეტალურად ახმოვანებს ექსპერტიზის დასკვნას, რითიც არასრულწლოვნის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები საჯაროვდება.

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური ეთერში გასულ მასალათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„კურიერისერთ-ერთ გამოშვებაში ეთერში გავიდა მასალა, კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულისა და მასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე, სადაც სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი არასრულწოლოვანია. მასალაში იდენტიფიცირებული იყო მსხვერპლის ვინაობა, ხოლო ინტერვიუს ფრაგმენტი უხეშად არღვევდა მის პირად ცხოვრებას. ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო, რამდენადაც მეტი ყურადღებით და სიფრთხილით უნდა მოვკიდებოდით მსგავსი თემის გაშუქებას და ვაცნობიერებთ, რომ ამ ფაქტის ტირაჟირებამ შესაძლოა არასრულწლოვანს ზიანი მიაყენოს. აღნიშნული მასალა უკვე ამოღებულია ჩვენი ვებ-გვერდიდან,"-აღნიშნულია „კურიერის“ მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

გოგონა იდენტიფიცირებულია სხვა მედიასაშუალებების მიერ ამავე თემაზე მომზადებულ მასალებში. მათ შორისაა Palitratv.ge, interpressnews.ge, kirispalitra.ge, etanews.ge, ambebi.ge.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, „მაუწყებელმა უნდა დაიცვას არასრულწლოვან ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა (განსაკუთრებით სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა) ანონიმურობა“. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „არასრულწლოვნის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად“.

იმავე მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ „მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, არასრულწლოვანი არ კარგავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მშობლების ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო“.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
The New York Times - მკითხველს ბოდიშს უხდის სტატიისთვის, რომელიც უბედური შემთხვევის დროს დაღუპულ ირლანდიელ და ერთ ამერიკელ სტუდენტს შეეხებოდა. გაზეთმა ბოდიშის მოხდა მის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების შემდგომ გადაწყვიტა.

სტატია სახელწოდებით: “ ირლანდიელი სტუდენტების სიკვდილი ბერკლიში გაცვლითი პროგრამის კოლაფსია“ - ირლანდიის პრემიერ-მინისტრის და ათობით მკითხველის კრიტიკის საგანი გახდა. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა გაზეთისგან ინფორმაციის უარყოფა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

„სტუდენტები შტატებში სამუშაო პროგრამით იმყოფებოდნენ, როგორც გაზეთი იუწყება, ამ პროგრამის ფარგლებში ირლანდიელები არაერთხელ ყოფილან შემჩნეულნი ზღვარგადასული წვეულებების მოწყობაში, საცხოვრებელი ბინის დაზიანებაში“ - სწორედ აღნიშნული ინფორმაცია გახდა მკითხველთა კრიტიკის ობიექტი.

გამოცემის კომუნიკაციების მენეჯერმა ეილინ მურფიმ საკუთარ გამოსვლაში ბოდიში მოუხადა მკითხველებს და განმარტა, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაციის გასაჯაროება იმისთვის გახდა საჭირო, რომ საზოგადოებას ჰქონოდა ნათელი წარმოდგენა, თუ რატომ იყვნენ ეს სტუდენტები შტატებში.

„ჩვენ გვესმის, რომ სტატიაში ზოგიერთი მონაკვეთი შესაძლოა არაეთიკურად მოგეჩვენოთ -თანაც ასე მცირე დროა გასული ამ ტრაგედიიდან, გვსურს დაგარწმუნოთ, ჩვენ არ გვქონდა განზრახვა, რამეში დაგვედანაშაულებინა მსხვერპლი და ვიხდით ბოდიშს თუ სტატიის ამ მონაკვეთმა მსგავსი შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ტრაგიკულ თემაზე მუშაობას და მოგაწვდით ინფორმაციას იმ ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც ამ ტრაგედიას ემსხვერპლნენ“ - განაცხადა მურფიმ.

გაზეთის ერთ-ერთი კორესპონდენტის, ადამ ნაგოურნის განმარტებით, მასალა დაბალანსებული არ იყო, რადგან ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო პროგრამის ნეგატიურ მხარეებს, ნაცვალად იმისა, რომ თანაბრად წარმოჩენილიყო ამ პროგრამის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ასპექტები.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
News Sun-ს ვოლტერ ბრაუნმა სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც გასულ წელს გაზეთმა იგი მკვლელობაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა.

2014 წლის 10 ივნისს News Sun-მა გაავრცელა ბრაუნის სურათები, სავარაუდო ეჭვმიტანილის, ჯამალ ჯოჰსონის, სახელით და გვარით და იგი მკვლელობაში ეჭვმიტანილად გამოაცხადა.

„უკვე 11 ივნისს მედიასაშუალებამ შესწორების წერილი გამოაქვეყნა: „10 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც პიროვნება ჯამალ ჯაჰსონი მკვლელობაში ეჭვმიტანილად იყო გამოცხადებული, მცდარი ფოტოთი იყო იდენტიფიცირებული“ - წერდა მედიასაშუალება შესწორების წერილში.

როგორც დაზარალებულის ადვოკატი განმარტავს, ბრაუნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, გაზეთმა მხოლოდ ფოტო აღიარა შეცდომად და არა ის, რომ ბრაუნი არ იყო მკვლელობაში ეჭვმიტანილი.

წყარო: Imediaethics
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
კანადელი ჟურნალისტი მარკ დე ფოი ბოდიშს იხდის არაეთიკური გამონათქვამისთვის, რომელიც სპორტსმენ მაიკლ სამის მისამართით გააკეთა.

სამი პირველი ღიად გეი ფეხბურთელია, რომლის საჯარო განცხადებაზეც დე ფოიმ კომენტარი მისცა ჟურნალ De Montereal-ს.

მაიკლ სამმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი ძალიან ბედნიერია, რომ კვლავ შეუძლია სტადიონზე დაბრუნება, რასაც დე ფოის კომენტარი მოჰყვა: „უცნაურია ამის მოსმენა ჰომოსექსუალისაგან, მისი სიტყვები ნიშნავს, რომ მას ერთი სული აქვს გავარდეს სტადიონზე და ვინმეს დაარტყას“ - წერს დე ფოი.

28 მაისის სვეტში დე ფოიმ ბოდიში მოუხადა ფეხბურთელს და ბოდიშის ტექსტი საკუთარი ტვიტერის გვერდზეც გაავრცელა.

„ბევრმა ადამიანმა განმსაჯა და გამაკრიტიკა ჩემი კომენტარის გამო, რომელიც მაიკლ სამის მისამართით გავაკეთე. მინდა ყველას ვუთხრა - თქვენ აბსოლუტურად მართლები ხართ; მე არ ვიყავი წინდახედული და ძალიან ვნანობ ამას, მე გულწრფელ ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი კომენტარი ჰომოფობიურად ჩათვალეს, ეს არ იყო ჩემი მიზანი, გთხოვთ, დამიჯერეთ“ - განაცხადა დე ფოიმ.

მან აქვე დასძინა, რომ მაიკლ სამი არამხოლოდ მისაბაძი მაგალითია საზოგადოებისა და ლგბტ თემისათვის, არამედ უნდა იყოს კუმირი ახლგაზრდებისათვის.

კანადურმა ლგბტ საზოგადოებამ მომხდარს „ჟურნალისტური ეთიკის კრახი უწოდა“ და გამოცემას პროფესიული პრესის ასოციაციაში უჩივლა. ლგბტ თემის განცხადებით, დე ფოის კომენტარი არ იყო პროფესიონალი ჟურნალისტის საქციელი.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია - ჟურნალ De Montereal-ს;

წყარო: Imediaethics
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
BBC-ს ჟურნალისტმა აჰმენ კავაჯამ საკუთარი ტვიტერის გვერდზე გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალების შესახებ.

ჟურნალისტმა, რომელმაც სამყაროს დედოფლის გარდაცვალება აუწყა, მოგვიანებით ტვიტი სოციალური ქსელიდან წაშალა და საკუთარ გვერდზევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. თუმცა, რამდენიმე წუთის შემდგომ, კავაჯამ კვლავ დატვიტა - ამჯერად ჟურნალისტი იუწყებოდა, რომ დედოფალი ჯანმრთელობისმძიმემდგომარეობის გამო საავადმყოფოში მოათავსეს. BBC-ის კორესპონდენტის ტვიტერის კედლიდან მოგვიანებით ეს ინფორმაციაც გაქრა, რასაც ჟურნალისტის განმარტებითი პოსტი მოჰყვა. მისი თქმით, ტელეფონი უყურადღებოდ დატოვა და სწორედ ამას მოჰყვა სულელური ხუმრობა, მალე ეს ინფორმაციაც გაქრა.

მომხდარის გამო ბუკინგემის სასახლე იძულებული გახდა გაევრცელებინა ოფიციალური ინფორმაცია დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - სასახლე იუწყებოდა, რომ დედოფალი ჯანმრთელადაა და თავს შესანიშნავად გრძნობს.

BBC-ს ცნობით, სწორედ მაშინ, როცა ჟურნალისტმა ტვიტერით ინფორმაცია გაავრცელა, მედიასაშუალება იმ სცენარის რეპეტიციას გადიოდა, რომლითაც დედოფლის გარდაცვალების შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოს. დამთხვევაა ისიც, რომ ინფორმაციის გავრცელების მომენტში დედოფალი გეგმიური შემოწმებისათვის საავადმყოფოში იმყოფებოდა.

ჟურნალისტის ახსნა-განმარტებას სრულად ეწინააღმდეგება BBC-ის პრესის ოფიცერის განცხადება, რომლის თანახმადაც გავრცელებული ტვიტები დედოფლის გარდაცვალების სცენარის რეპეტიციას უკავშირდება და ისინი ჟურნალიტის გვერდზე შემთხვევით გამოქვეყნდა.

„დედოფლის გარდაცვალების სცენარის ტექნიკური რეპეტიციისას, ტვიტები, რომლებშიც საუბარი იყო სამეფო ოჯახის წევრის ავადმყოფობის შესახებ, შემთხვევით გაიზავნა BBC-ის ჟურნალისტის ტვიტერის მისამართიდან. ტვიტები შეძლებისდაგავარად სწრაფად წაიშალა. ჩვენ ბოდიშს ვიხდით მომხდარის გამო“ - განაცხადა BBC-ის პრესის ოფიცერმა.

BBC-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ჯონათან მანროს, განცხადებით, გარდაცვალების სცენარის რეპეტიცია დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი:„ესაა რეპეტიცია იმისა, თუ როგორ უნდა გაშუქდეს ეს ტრაგიკული მოვლენა“ - განმარტა მანრომ.

წყარო: The Guardian, Imediaethics
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
კანადელმა ჟურნალისტმა ფრანსუა ბუგინგომ აღიარა, რომ მისი ზოგიერთი ჟურნალისტური ნამუშევარი გაყალბებული და გამოგონილია.

ჟურნალისტმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ჟურნალისტური შეცდომა“ და „სიამაყით ნაკარნახევი ცოდვა“ ჩაიდინა, რადგან სურდა, მიეპყრო კვებეკელების ყურადღება იმ ამბებისაკენ, რომელიც მათთვის შორეული და ნაკლებად საინტერესო ჩანდა.

ბუგინგომ ბოდიში მოუხდა კოლეგებს, საზოგადოებასა და მეგობრებს, განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ ნამუშევრებზე და ტოვებს კვებეკის პროფესიონალ ჟურნალისტთა ფედერაციას - „პროფესიული კოდექსის დარღვევა უღირსი საქციელია და ამას ძალიან ვნანობ”

ფრანსუა ბუგინგო წლების განმავლობაში კანადური მედიასაშუალებების უცხოეთის კორესპონდენტად მუშაობდა. ჟურნალისტმა, რომელიც 23 წელია მოღვაწეობს, არაერთი ამბის დამახინჯება აღიარა, მათ შორისაა რეპორტაჟები ეგვიპტეში მძევლების აყვანისა და სარაეოვის ომის შესახებ.

გამოცდილი რეპორტიორის საქმიანობაში ეჭვი პირველად La press-მა შეიტანა, რედაქციამ მის ნამუშევარში ყალბი ფაქტები აღმოაჩინა. ამის შემდეგ ფრანსუა ბუგინგოსთან თანამშრომლობა ყველა მედიასაშუალებამ შეწყვიტა, მათ შორის FM 98.5, La Journal de Montereal, La Journalde Quebec, FM 98.5, TV Novelles.

წყაროwww.imediaethics.org
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ცნობილმა სახეებმა, მედიაჰოლდინგს მობილური ტელეფონების დაჰაკვის გამო სასამართლოში უჩივლეს. რვა პირმა საქმე უკვე მოიგო, რის შედეგადაც, სასამრთლომ, გამოცემას დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაახლოებით 2 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. აღნიშნულ ინფორმაცას 21 მაისს Guardian-ზე დაყრდნობით ImediaEthics ავრცელებს.

მოგვიანებით, იმავე მედიასაშულებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლდინგს კიდევ 70-მა პირმა უჩივლა იმავე ბრალდებით, მათ შორის ცნობილმა მსახიობმა ჰიუ გრანტმა. Press Gazetes ინფორმაციით მედია ჯგუფს ამ მომენტისათვის სულ 98 ადამინი უჩივის.

გამოცემამ ბოდიში უკვე მოიხადა:

„რამდენიმე წლის წინ, ცნობილი სახეების ხმოვან ფოსტაზე შემოსული შეტყობინებები ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა. ხშირ შემთვევაში, ამ შეტყობინებების მოსმენის შედეგად მღებული ინფორმაცია გამოყენებული იყო ჩვენი გაზეთების სხვადასხავა მასალებში“, გამოცემა მკითხველს და იმ ადამიანებს, რომელთა შესახებაც გაზეთებში ინფორმაცია ქვეყნდებოდა, ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს უნდა განმეორდეს.

Mirror Group Newspaper-ში ცნობილი გამოცემები Daily Mirror, The Sunday Mirror და Sunday People შედის.

წყარო: Imediaethics.org
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
BBC-მ და UK Mail-მა საკუთარი საინფორმაციო სივრციდან წაშალეს მასალები, რომლებიც ნიგერიულ რესტორანში კანიბალიზმის სავარაუდო ფაქტს შეეხებოდა.

„ისტორია ნიგერიულ რესტორანში კანიბალიზმის შესახებ რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, იყო შეცდომა და მომხდარისთვის ბოდიშს ვიხდით. მასალა იყო არასწორი და გამოქვეყნდა BBC-სთვის დამახასიათებელი გადამოწმების გარეშე. ჩვენ წავშალეთ მასალა და დავიწყეთ სასწრაფო გამოძიება მომხდარის მიზეზების დასადგენად. რეპუტაცია უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“ - ნათქვამია განმარტებით განცხადებაში.

UK Mail-მა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია BBC-ზე დაყრდნობით გაავრცელა, ასევე წაშალა სტატია.

„სტატიის წყარო იყო BBC Swahili, დღეს BBC-მ გააკეთა განცახადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ სტატიაში მოთხრობილი ამბავი იყო სიცრუე, მათ ბოდიში მოიხადეს და და წაშალეს მასალა საკუთარი საიტიდან. მას შემდეგ რაც ჩვენ შევიტყვეთ მოხდარის შესახებ, ჩვენ ასევე წავშალეთ სტატია და გავავრცელეთ შესწორება ჩვენი მკითხველებისათვის“ - ნათქვამია UK Mail-ის განცხადებაში.

მასალაში, რომელიც 16 მაისს გამოქვეყნდა, ნათქვამია :“ნიგერიული რესტორანი ადამიანის ხორცის გამოყენებისთვის დახურეს. რესტორნის სამზარეულოში, ჩანთებში, ადამიანის სისხლიანი თავებიც აღმოაჩინეს” .

Mail-მა არასწორი ინფორმაციის გავრცელების გარდა, შეუსაბამო ფოტოც გამოიყენა. გამოცემამ მასალას ლონდონის სტეიკის სახლის, სტეიკის (ხორცის ნაჭრის) ფოტო დაურთო, რასაც რესტორნის მეპატრონის უკმაყოფილება მალევე მოჰყვა.

„ძვირფასო Mail Online - რატომ იყენებთ ჩვენი სტეიკის სურათს სტატიისთვის „ნიგერიული რესტორანი ადამიანის ხორცს ყიდის? - ლეგალურია?“ - დაწერა ვილიამ ბეკეტმა, რესტორნის მეპატრონემ, საკუთარი ტვიტერის კედელზე.

მალევე ბეკეტმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა: „ მეტი სიცხადისათვის, ჩვენ არ ვიყენებთ ადამიანის ხორცს, ჩვენ სამზარეულოში არ არის ადამიანის თავები და ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ნომინირებული კატეგორიებში, „ნიგერიის საუკეთესო რესტორანი“ ან „წლის კანიბალ მენიუ“

როგორც UK Mail-მა მოგვიანებით Huffington Post-ს განუცხადა: „სტეიკის ფოტოს ჰქონდა ნათელი მინიშნება იმის შესახებ, რომ ფოტოზე გამოსახული იყო საქონლის ხორცი, თუმცა ჩვენ წაშალეთ ფოტო მას შემდეგ რაც რესტორნის მეპატრონეების უკმაყოფილების შესახებ შევიტყვეთ“

ორივე მედიასაშუალებამ სტატიასთან დაკავშირებული შესწორება და ახსნა-განმარტება საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.