კატეგორია: საერთაშორისო ამბები
21 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა კაცმა პერფორმანსი მოაწყო – რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ აბაზანა დადგა, წყალი ჩაასხა და ჩაწვა. “ლიბერალის” ჟურნალისტმა ეს ფაქტი ვიდეოზე აღბეჭდა.

“წყალი გათბა ახლა, ცივს დავამატებ და კიდევ ჩავწვები”, - უთხრა პერფორმანსის ავტორმა “ლიბერალის” ჟურნალისტს. იგივე ამბავი განსხვავებულად გააშუქა და შეფუთა რუსულმა ტელეარხმა “МИР 24-მა”. კერძოდ, ამ ტელეარხის წამყვანმა გამოაცხადა, რომ თბილისში ცხელა, კომუნალური სამსახურები კი ხარვეზებით მუშაობენ, რის გამოც, დედაქალაქის მოსახლეობას რამდენიმე დღეა არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.
“მე მცხელა. სახლში +35 გრადუსია, ელექტროენერგიის გათიშვის გამო არ შემიძლია კონდიციონერის ჩართვა”, – რუსულად ზუსტად ასე გაახმოვანა რუსულმა ტელეარხმა პერფორმანსის ავტორის სიტყვები, რომელიც ლიბერალის ვიდეოშიც ისმის. ის ქართულად სულ სხვა რამეს ამბობს და ელექტროენერგიის გათიშვას საერთოდ არ ახსენებს.
კატეგორია: ეთიკა
15 ივნისს „geworld-მა“ გაავრცელა დეზინფორმაციული სიახლე, სათაურით „შიმშილის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო „საპატიო“ პირველ ადგილზეა.“ გავრცელებულ მასალაში მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს:

სინამდვილეში, კვლევის თანახმად, პირველ ადგილზე არა საქართველო, არამედ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაჩვენებლები 2008 წლის შემდეგ არ გაუმჯობესებულა, საერთო ქულა(8,2) მაინც საკმაოდ დაბალია იმ ფონზე, როდესაც სხვა შვიდი ქვეყნის(ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, ჩადის, ზამბიის, ჰაიტის, მადაგასკარის, იემენის, სიერა ლეონეს) მდგომარეობა შეფასდა, როგორც „საგანგაშო“, 35.0-46.1 ქულის ფარგლებში. გლობალური შიმშილის ყველაზე დაბალი ინდექსი, კვლევის თანახმად, არგენტინას აქვს.

„geworld-ის“ ინფორმაციით, „სიღარიბის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო სომხეთს, მაკედონიას, მოლდოვასა და თურქეთს უსწრებს;“

რეალურად კი, დასახელებული ქვეყნებიდან, მხოლოდ მაკედონიასა და თურქეთს აქვთ გლობალური შიმშილის უფრო დაბალი ინდექსი, ვიდრე საქართველოს. სომხეთსა და მოლდოვაზე უკეთეს მდგომარეობაში კი საქართველოა:

მოლდოვა-9,2; სომხეთი - 8,7; საქართველო-8,2; მაკედონია - 5,8; თურქეთი - 5-ზე ნაკლები;
კატეგორია: ეთიკა
დეზინფორმაცია:

geworld-ზე გამოქვეყნებულ სიახლეში, სათაურით „აშშ-მ სირიაზე თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია 72 ადამიანი!“, ვკითხულობთ:

“ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა. საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე ალ შაირათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო“.

გადამოწმებული ინფორმაცია

· აშშ-ს შეტევის შედეგად დაღუპულების ზუსტი რაოდენობა დასავლურ მედიას ჯერ არ გაუვრცელებია. ალჯაზირა , ბი-ბი-სი CNN და სხვა დასავლური მედიასაშუალებები წერენ, რომ სირიის არმიის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი.

· ვაშინგტონმა იერიშები მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა.80 ამდე ადამიანი დაიღუპა არა აშშ-ს მიერ განხორციელებულ შეტევაში, არამედ რამდენიმე დღის წინ, ქიმიური იარაღის გამოყენების დროს.

შესაბამისად:

გაუგებარია, რას ეყრდნობა ქართული გამოცემა, მაშინ როცა წერს, რომ თავდასხმის შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა, ნაწილი კი მოიწამლა.

სხვა ფაქტობრივი ინფორმაცია:

· სირიაში მეექვსე წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს;

· რამდენიმე დღის წინ სირიაში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც აჯანყებულთა მიერაა კონტროლირებული, ქიმიური იარაღი გამოიყენეს. მოიწამლა და მძიმედ დაშავდა ასობით ადამიანი, ხოლო ბოლო ცნობებით, 80 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც;

· 7 აპრილს, აშშ-მა სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის ჰომსის პროვინციაში მდებარე შეირატის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ესაა პასუხი 4 აპრილს, სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე;

· ასადის რეჟიმს მხარს უჭერს რუსეთის ფედერაცია და ეხმარება მიმდინარე სამოქალაქო ომშიც, რუსულმა ავიაციამ რამდენჯერმე დაბომბა აჯანყებულთა დისლოკაციის ადგილები;

· პუტინმა აშშ-ს მიერ დღეს განხორციელებული იერიში "სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიად" შეაფასა;
კატეგორია: ეთიკა
22 თებერვალს ონლაინმედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, გალაკტიონის არაკომპეტენტურობაზე საუბრობდა.

„როგორც ჩვენი ჯეჯელავაზე არანაკლებ ტუტუცი კორესპონდენტი გვატყობინებს, მესამე ვიცეპრემიერმა არც აცია, არც აცხელა და მორიგ საკბილოდ პირდაპირ გალაკტიონი აირჩია. როგორც ჯეჯელავა ამბობს, გალაკტიონი ჭიანჭველაზე კიდევ უფრო არაკვალიფიციურია და მისი ყველაზე ცნობილი ლექსი „მთაწმინდის მთვარე“ სასწრაფოდ არის ასაკრძალი,“ - ვკითხულობთ გავრცელებულ მასალებში.

„მას ეგონა, რომ მთვარე მთაწმინდისაა. ამიტომ ჩვენ ეს ამბავი უნდა გამოვასწოროთ, თორემ როდესაც ბავშვები ამ ლექსს ასეთი ფორმით წაიკითხავენ, შეცდომაში შევლენ. ამ ლექსს სასწრაფოდ უნდა დაერქვას - „მთვარე, რომელიც მთწმინდიდან დავინახე,“ ეს საკითხი გავარკვიეთ, მაგრამ ახლა მაინტერესებს თავად გალაკტიონის კვალიფიკაცია,” - სტატიაში ეს სიტყვები ალექსანდე ჯეჯელავას მიეწერებოდა.

ონლაინგამოცემება , tb24.ge- მ, საქართველო და მსოფლიომ, mpress.ge-მ news.coa.ge-მ და www.geotimes.ge-მ აღნიშნული სტატიის ბოლოს მიუთითეს წყარო, მაგრამ არ აღნიშნეს, რომ ინფორმაცია იუმორისტული ხასიათის იყო, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავდა.

ინფორმაციის პირველწყაროა ბაკურ სვანიძის პორტალი bstv.ge . როგორც ვებგვერდის ადმინისტრაცია უთითებს, საიტის ძირითადი მიმართულება „მიმდინარე რეალური მოვლენების სატირული ხერხით ასახვაა“.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
StopFake - ცნობილი უკრაინული ვებსაიტია, რომლიც მიზნად ისახავს რუსული პროპაგანდისტული მესიჯებსა და ინფორმაციას იდენტიფიცირებას, ანალიზსა და გადამოწმებას.

გამოცემა 2014 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა დააარსეს. „ებრძოლე პროპაგანდას ფაქტებით“ - სწორედ ესაა StopFake-ს მთავარი მიდგომა კრემლის აგრესიული, საინფორმაციო პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორ ხდება ფაქტების გადამოწმება, რა გზებს და მეთოდებს იყენებს კრემლის პროპაგანდა, როგორ უნდა ვებრძოლოთ მას - ამ თემებზე მედიაჩეკერი StopFake-ს აღმასრულებელ რედაქტორს, ვიქტორია რომანიუკს ესაუბრა.


ვიქტორია რომანიუკი: StopFake - ეს იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე პროფესიონალი ჟურნალისტების რეაქცია. ინფორმაციული ომისთვის წინააღმდეგობის გაწევისას, ჩვენ წავაწყდით აბსურდულ სიცრუეს, რომელიც არამხოლოდ უკრაინაში ვრცელდებოდა რუსების მიერ, არამედ საერთაშორისო აუდიტორიასაც უყალიბებდა წარმოდგენას უკრაინასა და უკრაინელებზე.

თავიდან, მასალებს მხოლოდ რუსულ და ინგლისურ ენებზე ვაქვეყნებდით. ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო უკრაინის და ასევე, სხვა ქვეყნების რუსულენოვანი აუდიტორიისთვის გვეჩვენებინა ინფორმაციის დამახინჯების, მანიპულაციის და სიცრუის ფაქტები, გამოგვეაშკარავებინა რუსული პროპაგანდის მასშტაბები. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ჩვენი პროდუქტი პროპაგანდის რისკის ქვეშ მყოფი სხვა ქვეყნებისთვისაც უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომნი. დღეისათვის ჩვენი მასალები ქვეყნდება: ფრანგულ, ჰოლანდიურ, იტალიურ, ესპანურ, ბულგარულ და რუმინულ ენებზე.

მუშაობისას მკაცრად ვიცავთ ჟურნალისტურ სტანდარტებს, ვიყენებთ თანამედროვე ინსტრუმენტებს ფაქტობრივი და ვიზუალური ინფორმაციის სიზუსტის დასადგენად, (ფოტოს, ვიდეოს, კარტოგრაფიული მასალის შემოწმების ციფრულ მეთოდებს და ა.შ). ჩვენ მხოლოდ ვამოწმებთ მედიაში უკვე არსებული ინფორმაციის სიზუსტეს და თავად არ ვქმნით რაიმე გზავნილებს (მითუმეტეს პროპაგანდისტულს)

მნიშვნელოვანია, კომპლექსურად მიკერძოების გარეშე მივუდგეთ ინფორმაციის გადამოწმების პროცესს. ზოგჯერ გვხვდება ინფორმაცია, რომელიც ჩვენი, როგორც მოქალაქეების შეშფოთებას იწვევს, ჩვენ არ გვინდა გვჯეროდეს მისი ჭეშმარიტების, თუმცა არ გვაქვს უფლება, პირდაპირ, გადამოწმების, არგუმენტების გარეშე ვთქვათ, რომ ეს ინფორმაცია ყალბია. ხდება ისეც, რომ ფაქტების გადამოწმების შემდეგ, ირკვევა, რომ ამგვარი ინფორმაცია, სამწუხაროდ, უტყუარია.

- რა მეთოდს და გზას იყენებს რუსული პროპაგანდა უკრაინაში და განსხვავდება თუ არა ის, სხვა ქვეყნებში არსებული რუსული პროპაგანდისგან?

- 2014 წელს, ჩვენ მხოლოდ უკრაინაზე ვსაუბრობდით. დღეს კი აშკარაა, რომ ის მეთოდები, რომელსაც კრემლის პროპაგანდა იყენებს, უნივერსალურია და მისი გამოყენება ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგა შესაძლებელი.

რა თქმა უნდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსული პროპაგანდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროცესების შესაბამისად იცვლებოდა. ის გახდა უფრო რთული და უფრო პროფესიონალური. დღეს, კრემლი სოციალურ მედიას და ქსელებს აქტიურად იყენებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის. თუმცა, ამის პარალელურად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსული პროპაგანდის, როგორც პრობლემის შესახებ ინფორმირებულობის დონე, მთელს მსოფლიოში გაიზარდა.

კრემლი განსხვავებულ მეთოდებს იყენებს საშინაო და საგარეო უდიტორიისთვის. თუ ვისაუბრებთ პროპაგანდაზე, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთის აუდიტორიაზე, მისი მეთოდები უფრო გართულდა და დაიხვეწა, ასეთი მესიჯების გადამოწმება კი ზოგჯერ, საკმაოდ რთულია. პროპაგანდა, რომელიც მიმართულია რუსეთის მრავალრიცხოვან, ლოიალურ შიდა აუდიტორიაზე, უფრო პრიმიტიულია.

კრემლის პროპაგანდა მუშაობს კომპლექსურად, აუდიტორია სეგმენტებადაა დაყოფილი და კარგადაა შესწავლილი. სხვადასხვა სეგმენტისთვის გამოიყენება სხვადასხვა არხი. თუ მაგალითად, უფროსი ასაკის აუდიტორიისთვის გამოიყენება ტრადიციული მედია - ტელევიზია, ახალგაზრდებზე მუშაობს ინტერნეტ მედია და სოციალური ქსელები.

უკრაინაში, ისევე როგორც საქართველოში, კრემლი პროპაგანდისთვის აქტიურად იყენებს ადგილობრივ ონლაინგამოცემებს. დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული სატელევიზიო არხებიც მონაწილეობდნენ ამ პროპაგანდაში. ეს არხები სამწუხაროდ, ახლაც მაუწყებლობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

- რას ფიქრობთ რუსული არხების და საინფორმაციო საშუალებების დაბლოკვაზე, რა დილემები შეიძლება ახლდეს ამ პროცესს?

-ეს კითხვა არაერთხელ დასმულა და ყოფილა ცხარე კამათის მიზეზი ჩვენი ქვეყნის ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და აქტივისტებს შორის. რამდენად სწორია ეს ნაბიჯები? დაბლოკვით ხომ არ ვლახავთ სიტყვის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში? ერთი შეხედვით, შეილება ჩანდეს, რომ ესეთი ნაბიჯები არ მეტყველებს დადებითად ქვეყნისა და საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაზე. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ფაქტი, რომ უკრაინა ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაშია და ეკრანებიდან, მტრის ტელეარხებიდან, ჩვენ გვესმის სიცრუე, რომელიც იდენტობის ტრავმას იწვევს, აყალიბებს ცრუ წარმოდგენებს უკრაინაზე და საერთოდ, აქ მიმდინარე პროცესებზე.

ბუნებრივია, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მოსახლეობა, რომელსაც აქვს მკვეთრად პრო-რუსული განწყობები, რთულია გადავარწმუნოთ. მხოლოდ არხების დაბლოკვა, გამოსავალი არ არის. აი აქ უნდა ვიმოქმედოთ სხვა ხერხით - კი არ უნდა ავუკრძალოთ, არამედ აღვზარდოთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, ნათელი გახდა პროპაგანდის შედეგები. დღეს, როცა მისი არსებობა და საფრთხეები ნათელია, ჩვენ ვეძებთ არამხოლოდ თავდაცვით გზებს, არამედ ლიკვიდაციის მეთოდებსაც, ვცდილობთ, გლობალურად მივუდგეთ ამ პრობლემას.

- რა შეგიძლიათ თქვათ რუსული პროპაგანდის გავლენაზე, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე?

- პროპაგანდა აყალიბებს პოლიტიკურ დღის წესრიგს ქვეყანაში, შესაბამისად, გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკაზე. ის ცვლის, როგორც აუდიტორიის პრიორიტეტებს, ასევე ამომრჩევლის ქცევას, რაც გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე და ახალი პოლიტიკური მოძრაობების წარმოშობას ახალისებს. ეს რთული, მრავალსაფეხურიანი, კომპლექსური პროცესია, რომელიც სახელმწიფოს ყველა სფეროში აღწევს.

საინფორმაციო ომის სამიზნეა არა ჯარისკაცების სხეულები, არამედ აუდიტორიის გონება. ასეთი ომის მიზანია, განვითარებული ეკონომიკისა და სოციალური სისტემების არმქონე კრიზისული რეგიონების ფორმირება. პროპაგანდა შობს კრიზისს - ჭრილობებს, რომელიც არ აძლევს ქვეყანას ნორმალურად განვითარების საშუალებას.

- რა არის საუკეთესო გზა, პროპაგანდისგან თავის დასაცავად?

- პირველ რიგში, აუცილებელია, მუდმივი მუშაობა აუდიტორიის კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე. მხოლოდ განვითარებული აუდიტორიაა თქვენი, როგორც ჟურნალისტის, სანდო პარტნიორი. განავითარეთ ჟურნალისტიკა, გადადით ინფორმაციის გადამოწმების ახალ, ციფრულ საფეხურებზე, სადაც წყაროების გადამოწმება „ფაქტჩექინგის“ მეთოდებით, თანამედროვე ჟურნალისტის მუშაობის განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია, საინფორმაციო ომის სპეციფიკის შესახებ საზოგადოების რეგულარული ინფორმირება და საკითხის საჯაროდ განხილვა. ასევე, მნიშვნელოვანია თავად მედიის ინფორმირებაც, რათა მასმედიის თანამშრომლები არ აღმოჩნდნენ პროპაგანდის მახეში და თან არ ჩაითრიონ საკუთარი აუდიტორია. გახსოვდეთ, თქვენი ჟურნალისტური პასუხისმგებლობა ქვეყნისა და აუდიტორიის წინაშე, რადგან ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული სიტყვა იარაღია, რომელსაც შეუძლია დაგიცვას, ან გავნოს.

თუ ვისაუბრებთ პროპაგანდასთან ბრძოლის გლობალურ მეთოდებზე მედიის და სახელმწიფოს დონეზე, ჩვენი ხედვა ასეთია: არ უნდა ებრძოლო პროპაგანდას პროპაგანდის მეთოდებით. ჟურნალისტებმა უნდა გააშუქონ სამართლიანად და პროფესიონალურად. ნებისმიერი მედიის მთავარი ღირებულება სანდოობაა. იმედგაცრუებული აუდიტორია შეიძლება გახდეს პროპაგანდისტული მედიის მოკავშირე.

მხოლოდ დამახინჯებული ინფორმაციის გამოვლენა არაა საკმარისი. მნიშვნელოვანია, კრიტიკული აზროვნების მქონე აუდიტორიის ფორმირება, აუდიტორიისა, რომელსაც შეუძლია გაარჩიოს პროპაგანდა, მანიპულაცია და ტყუილი ჭეშმარიტებისგან. ბუნებრივია, ეს ხანგრძლივი პროცესია თუმცა ყველაზე ეფექტური.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
გარდიანი სარედაქციო წერილში იტყობინება, რომ მათ ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატიები ყალბი აღმოჩნდა. წყაროებმა, რომლთა „ინტერვიუებიც“ მასალებს ერთვოდა, თქვეს, რომ ჟურნალისტთან ამ თემებზე არასოდეს უსაუბრიათ. სტატიები გარდიანის კონტრიბუტორის ჯოსეფ მეიტონის მიერ იყო მომზადებული.

„მეიტონმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, იმისა, რომ ეს ინტერვიუები ნამდვილად შედგა. ჩვენ დავიქირავეთ დამოუკიდებელი fact-checker (ადამიანი, რომელიც ფაქტებს ამოწმებს), რის შედეგადაც დადგინდა, რომ ინტერვიუების ნაწილი ფაბრიკაცია იყო. ორ შეხვედრას, რომელზეც მეიტონმა სტატია მოამზადა, ორგანიზატორების თქმით, ის არ დასწრებია, ხოლო წყაროთა ნაწილმა, რომელთა ინტერვიუებიც სტატიებში იყო გამოყენებული, თქვეს, რომ მათ არასოდეს უსაუბრიათ ამ ჟურნალისტთან“.

მეიტონი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს რომ გარდიანი ტყუის: „ინტერვიუთა ნაწილი ჩაწერილია რამდენიმე თვის ან ერთი წლის წინ. მართალია, მე არ ვინახავდი საუბრების აუდიოჩანაწერებს, მაგრამ ინტერვიუები არასოდეს გამიყალბებია“.

წყარო: http://www.theguardian.com/commentisfree/2016/may/26/open-door-column-note-to-readers
კატეგორია: ეთიკა
რამდენიმე ქართულ ვებსაიტზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საუდის არაბეთში კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგადაც მეცნიერებმა ქალები შინაურ ბინადრებად ცნეს. ინფორმაცია ყალბია, მსგავსი კვლევა არსად ჩატარებულა და არც ამ „დასკვნამდე“ მისულა რომელიმე მეცნიერი.

„საუდის არაბეთის მეცნირებისგან შემდგარი კოლეგია, მივიდა გაუგონარ დასკვნამდე: მათ გადაწვიტეს, რომ ქალი ნამდვილად ითვლება ძუძუმწოვარ არსებად, ე.ი. ის უნდა ფლობდეს იმავე უფლებებს, რასაც ამავე კლასის წარმომადგენელი ცხოველი- აქლემი, ერთკუზიანი აქლემი, თხა და ა.შ.“ - წერს lifegeek.ru-ზე დაყრდნობით ერთ-ერთი ქართული საიტი.

ინფორმაცია ამ „აღმოჩენის“ შესახებ პირველად World News Daily Report (WNDR)- ზე გამოქვეყნდა, რომელზეც სატირული, იუმორისტული ტიპის სიახლეები ქვეყნდება ხოლმე. გამოცემის გვერდზე ვკითხულობთ, რომ გამოქვეყნებული მასალების მიზანი გართობაა და სიახლეებში ნახსენები ფაქტები ყალბია, პირები კი, გამოგონილი.
კატეგორია: ეთიკა
საინფორმაციო სააგენტო “პირველმა” 18 ივლისს არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. შეცდომა იყო სტატიის სათაურში “თურქეთი შესაძლოა, NATO - დან გარიცხონ - ჯონ ქერი”.

როგორც სიახლეში ვკითხულობთ, ინფორმაცია გამოცემა The Independent-ზე დაყრდნობით გავრცელდა. თუმცა არც The Independent-ის სტატიაში, არც სააგენტო “პირველის” ინფორმაციაში არ ჩანს ჯონ კერის კონკრეტული ციტატა, სადაც ის თურქეთის NATO-დან გარიცხვის საფრთხეზე საუბრობს. ამგვარი ციტატა არც სხვა სანდო მედიასაშუალებების ვებსაიტებზე იძებნება.

The Independent-ის მასალის სათაურში გამოტანილი სიტყვები: „თურქეთის ამბოხებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ნატოს წევრობას“ გამოცემის ინტერპრეტაციაა და არა ჯონ ქერის მიერ ნათქვამი ციტატა ან მისი პერიფრაზი. სტატიაში აღნიშულია, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურ მდივანთან, ჯონ კერისთან ერთად პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნები, სადაც სიკვდილით დასჯა გამოიყენება, ვერ შეუერთდებიან ევროპის კავშირს, ჯონ კერიმ კი დაამატა, რომ ასეთი მოთხოვნები აქვს NATO-საც.

იგივე ინფორმაცია არასწორი ფორმულირებით ჰქონდა გამოქვეყნებული The Washington Post-საც, თუმცა მასალა მალევე შესწორდა. თავდაპირველად, მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯონ კერის თქმით,თურქეთის NATO-სწევრობა საფრთხის წინაშე იდგა.

კატეგორია: ეთიკა
სააგენტო პირველმა ევროკავშირის გაუქმების შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა2016-06-28 საინფორმაციო სააგენტო პირველმა 2016 წლის 27 ივნისს არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის გაუქმების ინიციატივით გამოვიდნენ. აღნიშული ინფორმაციის წყაროდ სააგენტომ “უცხოური მედია” მიუთითა. კერძოდ - პოლონური ტელეკომპანია TVP Info. ამ კონკრეტული საინფორმაციო საშუალების გარდა იგივე ინფორმაცია გაავრცელა რამდენიმე სხვა საინფორმაციო ვებგვერდმა, მათ შორის, რუსულმა მედიასაშუალებებმა Russia Today-მ და Pravdareport-მა. მათ განაცხადეს, რომ ფრანგული და გერმანული მხარის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია ახალი “სუპერსახელმწიფოს” შექმნაზე, თუმცა მითითებულ დოკუმენტში ევროკავშირის დაშლაზე არაფერია აღნიშნული.

იგივე შინაარსის სიახლე "მარშალპრესმაც" გაავრცელა და წყაროდ "პირველი" მიუთითა.

უნდა აღინიშნოს, რომ „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არცერთ სანდო დასავლურ მედიასაშუალებას არ გაუვრცელებია. ამასთანავე გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები, მათ შორის, ქვეყნის პირველი პირები, ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ გამუდმებით საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირი ბრიტანეთის გარეშე გააგრძელებს ფუნქციონირებას.
კატეგორია: ეთიკა
ქართული გამოცემების ნაწილმა რამდენიმე დღის წინ სირიაში 19 იეზიდი გოგონას ცოცხლად დაწვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა . ამ მედიასაშუალებებს შორის იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომელმაც სიახლე ფოტოსთან ერთად ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნდა. ფოტო, რომელიც მასალებს ერთვოდა, ტექსტებში აღწერილ ამბავს არ უკავშირდებოდა. სინამდვილეში ეს ფოტო, პირველად 2013 წელს არაბულ გვერდზე elbashayeronline.com-ზე გამოქვეყნდა. ამ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს იყო პროტესტი ეგვიპტის პრეზიდენტის მუჰამედ მორსის მხარდამჭერი ქალებისათვის თავისუფლების აღკვეთის გამო. სტატიას თან ერთვის იგივე საპროტესტო აქციიდან მეორე ფოტოც.





კატეგორია: ეთიკა
2016 წლის 6 ივნისს საინფორმაციო პორტალმა კვირამ (kvira.ge) გამოაქვეყნა სტატია “ზურაბ ქუმსიაშვილი: ლგბტ პირთა 98 პროცენტი გარყვნილი ცხოვრების წესის მიმდევარია”.სტატია გაზეთ “ასავალ დასავალში” ექიმ-პროფესორის ზურაბ ქუმსიაშვილის ინტერვიუს მიმოიხილავს. მასალა ლგბტ პირების სტიგმატიზებას უწყობს ხელს და მათი ცხოვრების წესის შესახებ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს აღვივებს.

“როგორც პროფესორი აღნიშნავს, ლგბტ პირების 98 პროცენტი გარყვნილების პროპაგანდას ეწევა. მისივე თქმით, ისინი მოსახლეობის ტრადიციებსა და კრედოს ეწინააღმდეგებიან. ისინი სექსუალური ორიენტაციას მორალური ნორმების მიმართ პროტესტის ან მატერიალური დაინტერსების გამო იცვლიან. აღსანიშნავია „მიბაძვის“ მომენტიც”,- აღნიშნულია სტატიაში. მოსაზრებები ფაქტადაა წარმოჩენილი.

ამასთანავე წერილში ლგბტ პირების წინააღმდეგ კანონის ძალით ბრძოლის აუცილებლობაზეა საუბარი, რაც საზოგადოებაში აგრესიას აღვივებს მათ მიმართ. კონკრეტული პირების სექსუალურ ორიენტაციას კი ავტორი დაავადებას უწოდებს და სახელმწიფოს მოუწოდებს, აღნიშნულ პირებს დაავადებებისგან განკურნებაში დაეხმაროს.

“სახელმწიფოს მთავარი დანიშნულება ის უნდა იყოს, რომ დაავადებულ 2 პროცენტს მაქსიმალურად დაეხმაროს პრობლემის მოგვარებაში და შექმნას არასრულფასოვან ადამიანებთან მიდგომის შემწყნარებლური გარემო. რაც შეეხება 98 პროცენტს, რომლებიც გარყვნილების პროპაგანდას ეწევიან, უპირისპირდებიან მოსახლეობის ტრადიციებს და მორალურ კრედოს – სახელმწიფო მათ დაუნდობლად უნდა ებრძოლოს შესაბამისი კანონშემოქმედი საქმიანობით და ზნეობრივი ნორმების პროგანდით გააბათილოს მათი უზნეო რიტორიკა”, - ვკითხულობთ წერილში.