კატეგორია: ბლოგი

alt

  ფოტო: © RONALDO SCHEMIDT/AFP/Getty Images

მედიაში და განსაკუთრებით სატელევიზიო მედიაში არსებული პრობლემები, ექსტრემალურ სიტუაციებში ზედაპირზე ამოდის და მკაფიოდ ჩანს. ფემიციდი ის საკითხია, რომლის გაშუქებაც ჯერ ისევ ვერ ისწავლა მედიამ. ცხადია არის რამდენიმე გამონაკლისი, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად მცირეა, რომ მათი ხმა იკარგება და არ ისმის.

სამწუხაროდ, მედიას ჯერ ისევ არ აქვს გაცნობიერებული მისი სოციალური პასუხისმგებლობა და ის, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, ამა თუ იმ პრობლემატურ საკითხებს, სწორედ მედიის პრიზმიდან ხედავს. ქართული მედიის უდიდესი ნაწილი ჯერ ისევ ვერ ხედავს და ჯეროვნად ვერ აფასებს საკუთარ როლს საზგადოებრივი აზრის, სოციალური ქცევის, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესში.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, ხაშურში, ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა, ჯერ ყუმბარა ესროლა, შემდეგ გაქცეულს გაეკიდა და თავი იარაღის კონდახით გაუჩეჩქვა. მიზეზი ბანალურია, ვერ დამორჩლებულ და ვერ მანიპულირებულ ქალზე შურისძიება.

რა მიზანს შეიძლება ისახავდეს ჟურნალისტი, რომელიც ამ ტრაგიკული ფაქტის გასაშუქებლად მიდის? პირველადი მშრალი ინფორმაციის გადაცემის შემდეგ (სად? რა გარემოებაში? რა იარაღით? რომელ საათზე და ა.შ. ) რა უნდა აინტერესებდეს და რა აინტერესებთ, როგორც ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო გამოშვებების კორესპონდენტებს, ასევე ყვითელი პრესის ავტორებს?

ხაშურში მომხდარი ფემიციდის შემთხვევაში, ყველა საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტმა დაიწყო მეზობლებში, ნათესავებში სიარული და გარკვევა, რატომ მოკლა კაცმა ქალი. თითქოს არაფერი არალეგიტიმური აქ არ არის, რადგან ყველას უნდა იცოდეს მიზეზი. მაგრამ ჩვენ, ჟურნალისტები არ ვფიქრობთ იმაზე თუ რა პასუხი შეიძლება მოვისმინოთ, იმისათვის, რომ გასაგები გავხადოთ ეს მკვლელობა. რას ვიძიებთ? არის რამე რაც ამართლებს ამ მკვლელობას? დავუშვათ, რომ კაცმა ცოლს შეუსწრო საყვარელთან ერთად ლოგინში. ეს ალბათ ყველაზე უარესი ვერსიაა ხომ? თორემ საჭმელს არ უმზადებდა, პერანგს არ უუთოვებდა, ბევრს ტლიკინებდა, მოკლე კაბებს იცვამდა და ა.შ. „დანაშაულები“ ცნობისმოყვარე საზოგადოებისათვის არაფერია ფიზიკურ ღალატთან შედარებით. ვთქვათ კარგი გამომძიებლის ფუნქცია შევასრულეთ, მივაგენით მიზეზს და ვამხილეთ ქმრის მოღალატე ქალი, რას ვაკეთებთ შემდეგ, ან კი რას ვიღებთ შედეგად? ვაკმაყოფილებთ სეირის მაყურებელი საზოგადოების ინტერესს, თავად ვივიწყებთ ამ თემას, რადგან სხვა და ახალი თემები შემოდის ნიუსრუმში და ვტოვებთ მოკლულ და შეურაცხყოფილ მსხვერპლს, რომელიც ქმარმა ფიზიკურად მოკლა და ახლა ჩვენ, მედიამ მისი ცხედარი ამ სეირის მაყურებელ ხალხს მივუგდეთ საჯიჯგნად.

პატრიარქალურ კულტურაში სადაც ქალი აპრიორი დამნაშავეა და მოთვალთვალე საზოგადოება მისი სიკვდილის შემთხვევაშიც კი მიზეზებს მასში ეძებს, მედია სწორედ ამ აუდიტორიის დაკვეთას ასრულებს. ვერცერთი ტელევიზია ვერ გაექცა ამ კითხვებს და ყველამ ამცნო მაყურებელს, რომ „საქმეში მესამე პირი იკვეთება“.

altსინამდვილეში რა არის მედიის ფუნქცია და პასუხისმგებლობა, რა უნდა იყოს მისი მიზანი და რა კითხვებს უნდა სვამდეს? ხაშურის ინციდენტის შემთხვევაში ჟურნალისტი პირველ რიგში უნდა იკვლევდეს, რატომ და საიდან აღმოაჩნდა მკვლელს ყუმბარა და ცეცხლსასროლი იარაღი, მითუმეტეს, რომ პირი უკვე ნასამართლევია. რატომ ვერ მოახერხეს სამართალდამცავმა ორგანოებმა ქალის სიცოცხლის დაცვა, რამდენად ეფექტურია შემაკავებელი ორდერი და როდის უნდა დაიწყოს სახელმწიფომ განსხვავებული ზომების მიღება, მაშინ, როდესაც ნათლად ჩანს - შემაკავებელი ორდერი სინამდვილეში არ არის მკვლელობის შემაკავებელი. როგორია ქალზე ძალადობის სტატისტიკა და რა ხარვეზებია კანონმდებლობაში. სწორედ ამ კითხვებისა და სტატისტიკური მონაცემების შემდეგ ჟურნალისტი ყველა გავლენიან ინსტიტუციას, მათ შორის ეკლესიას, უნდა უსვამდეს კითხვებს, რას აკეთებენ ისინი ჩვენს მიზოგინურ საზოგადოებაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამას უნდა აკეთებდეს პასუხისმგებლიანი მედია, რომელიც საკუთარ ფუნქციას საზოგადოებრივი აზრის რეკონსტრუქციაში ხედავს და არა „ბოზობის“ ძიებაში.

დღევანდელი ქართული მედია, რომელიც ხაშურის უმოწყალო მკვლლობის საქმეს აშუქებდა, თავისდაუნებურად მკვლელობის მონაწილედ იქცა. ჩვენმა ჟურნალისტებმა არ დაუტოვეს მსხვერპლს იმის შანსიც კი, რომ საზოგადოებამ მის მიმართ თანაგრძნობა ისე გამოხატოს, რომ სიტყვა „მაგრამ“ არ გამოიყენოს და მისი ცხოვრება არ გააკრიტიკოს.

და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ამ სიუჟეტების მაყურებელი ქალები, რომელნიც თავად განიცდიან ოჯახში სხვადასხვა ტიპის ძალადობას, კიდევ უფრო მეტად დაფიქრდებიან, დაეჭვდებიან და შეშინდებიან ვიდრე გაშორების, ძალადობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებენ. და რაც ყველაზე ცუდია, მათ არა მხოლოდ სიკვდილის შეეშინდებათ, არამედ საზოგადოებრივი აზრის, რომელიც მათ სიკვდილის შემთხვევაშიც კი არ დაინდობს. შეეშინდებათ ხმამაღლა ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე, იბრძოლონ როგორც საკუთარი, ასევე სხვა მსხვერპლი ქალების უფლებებისთვის და მათი თავისუფლებისთვის, შეეშინდებათ სეირზე მონადირე ჟურნალისტების, რომელნიც მის პირად ცხოვრებაში დაიწყებენ ხელების ფათურს.

ამიტომ ამ ტიპის ჟურნალისტიკა, რომელიც ფსევდო მორალისტური საზოგადოების და მისი ცნობისმოყვარეობის მკვებავია და არა მეამბოხე, რომელიც სწორედ ამ მანკიერი ცნობიერების შეცვლისთვის იბრძვის, არის მავნებელი. ამ ტიპის მედია ჩვენ კიდევ უფრო გვაშორებს იმ მომავლისგან, სადაც საზოგადოება თანხმდება, რომ ქალი და კაცი თანასწორია და ოჯახურ ძალადობას ყველა ერთად ებრძვის.

P.S. ვიდრე ეს ტექსტი იწერებოდა, ბოლნისში კიდევ ერთი ქალი მოკვდა ქმრის ხელით.

 

 

კატეგორია: ბლოგი

alt

უნდა მოირგოს თუ არა მედიამ ცუდი პოლიციელის როლი? პროკურორის? მოსამართლის? ბადრაგის? ჭორიკანა მეზობლის? მჩხიბავის? ქირომანტის? ასტროლოგის? - არა, მედიას არ სჭირდება ამ როლების მორგება, რადგან მას უკვე აქვს თავისი როლი, უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.

ასე რომ, იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ქალები ძალას იკრებენ და საჯაროდ საუბრობენ ძალადობაზე, განსაკუთრებით კი, ისეთ საზოგადოებაში, რომლის ცნობიერებაშიც ღრმადაა ჩაკირული გენდერული სტერეოტიპები და ქალის სექსუალობის კონტროლის დაუძლეველი სურვილი, განსაკუთრებით კი, როცა მოძალადე მათზე თანამდებობრივად და სოციალური სტატუსით მაღლა მდგომი, ძალაუფლების მქონე, საზოგადოებრივად მისაღები მამაკაცია, როგორც შემთხვევათა უმეტესობაში ხდება, მედიამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ის არ არის ცუდი პოლიციელი და ქალთა მიმართ სექსუალური ან/და სხვა სახის ძალადობის შემთხვევების გაშუქებისას:

  • არ უნდა შექმნას ძალადობის შემთხვევისგან შოუ და სენსაცია
  • არ უნდა მოახდინოს ძალადობის შემთხვევის ნორმალიზება და ტრივიალიზაცია
  • არ უნდა მოახდინოს მსხვერპლის რეტრავმატიზაცია ძალადობის შემთხვევის დეტალური აღწერითა და ისეთი გარემოს შექმნით, რომელიც მისთვის უსაფრთხო და კომფორტული არ არის
  • არ შეუწყოს ხელი საზოგადოებაში ფესვგადგმული დამაზიანებელი სტერეოტიპების გაძლიერებას
  • არ წარმოაჩინოს ისე, თითქოს ძალადობა ქალის “გამომწვევი სამოსით”, სისხლში ალკოჰოლის შემცველობით, სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებით, ფსიქიკური მდგომარეობით ან რაიმე სხვა მიზეზით იყო გამოწვეული
  • არ განიხილოს ქალის მორალი,პირადი ცხოვრება, წარსული ურთიერთობები, სექსუალური პარტნიორების რაოდენობა
  • არ დაუპირისპიროს ქალს მის წინააღმდეგ დაწერილი/ნათქვამი შეურაცხმყოფელი და გამკიცხავი კომენტარები
  • არ გააშუქოს შემთხვევა გენდერულად არამგრძნობიარე ენით, კონკრეტულად კი დაარქვას ყველაფერს მკაფიო, არაეპატაჟური და კანონთან შესაბამისი სახელი, სექსუალური ძალადობა და არა სექსუალური სკანდალი, მოძალადე და არა მონსტრი, არაჩვეულებრივი მამა, კარგი პროფესიონალი ან კარგი მეგობარი.

 

მედიას კრიტიკული როლი აქვს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის იდეის გავრცელებასა და ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლში, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ქალზე ძალადობის თითოეულ შემთხვევას სწორედ მედიის პრიზმიდან ხედავს.


ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მედიამ, ძალადობის მსხვერპლთან/ძალადობას გადარჩენილ ქალთან საუბრისას:

  • შეუქმნას მას უსაფრთხო და კომფორტული გარემო
  • მკაფიოდ წარმოაჩინოს მესიჯი, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მოძალადეა და ის მიზეზები (ქალის სამოსი, “პროვოკაციული ქცევა” და ა.შ) რომლითაც იგი ძალადობის გამართლებას ცდილობს, მოცემულობას არ ცვლის.
  • დაუსვას მას მკაფიო, არაგამკიცხავი შეკითხვები
  • ყურადღებით მოუსმინოს
  • მასთან საუბრისას იხელმძღვანელოს ჟურნალისტური ეთიკისა და ადგილობრივი და საერთაშორისო კანონდებლობით განსაზღვრული სტანდარტებით
  • ინტერვიუირების პროცესამდე გაიაროს კონსულტაცია პროფესიონალებთან, გენდერული საკითხების ექსპერტებთან, ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, ფსიქოლოგები

 

***


თამთა თოდაძე საოცრად გამბედავი ახალგაზრდა ქალია, ქალი, რომელიც არ შეუშინდა საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს, მსხვერპლის შერცხვენის კამპანიას, სირცხვილს, მის პირად ცხოვრებაში უამრავი ცნობისმოყვარე ადამიანის ხელის ფათურის პერსპექტივას, ძალაუფლების ვექტორს, რომელიც მოძალადის მხარესაა და საჯაროდ ისაუბრა სექსუალური ძალადობის შემთხვევაზე, რომლის მსხვერპლიც საკუთარი უფროსის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მხრიდან გახდა.

პირველი მედიასაშუალება, რომელმაც თამთა თოდაძე პირდაპი ეთერში მიიწვია, “მთავარი არხი” იყო. გადაცემაში “ღამის მთავარი” ნიკა გვარამია თამთა თოდაძეს მის ადვოკატთან, თამუნა ლუკავასთან და ორგანიზაცია “საფარის” დირექტორთან ბაია პატარაიასთან ერთად შეხვდა. ნიკა გვარამიამ ინტერვიუს დაწყებამდე განაცხადა, რომ არ იცის, როგორ დაიცვას “ის ხაზი, რომელზეც მსხვერპლთან ურთიერთობისას უნდა გაიაროს” და გადაცემის მსვლელობისას ეს წარმოაჩინა კიდეც.

ის მიყოლებით უსვამდა კითხვებს რესპონდენტს ჯიშკარიანთან მის წარსულ ურთიერთობაზე, სამსახურებრივ მოვალეობებზე, სამსახურში აყვანის შესაძლო ნეპოტისტურ მიზეზებზე, სამუშაო დროს დალევასა და “ჭიქის მიჭახუნებაზე”, კითხვებს უსვამდა, მაგრამ პასუხებით დიდად არ ინტერესდებოდა, საუბარს ხშირად და აგრესიულად აწყვეტინებდა და ახალ თემაზე გადადიოდა. როგორც მოგვიანებით გვარამიამ აღნიშნა, საუბრის მსგავსი ფორმატი წინასწარ იყო დაგეგმილი და თამთა თოდაძესთან შეთანხმებული, მაგრამ, უნდა უწევდეთ თუ არა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ასეთ “დაკითხვებთან” გამკლავება? არა!

მედიის ასეთი დამოკიდებულება კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ დუმან ქალები, ისინი უყურებენ მსხვერპლის შერცხვენას (victim shaming) ეშინიათ, რომ თავადაც ცუდი პოლიციელის პირისპირ აღმოჩნდებიან.

თამთა თოდაძე დაძაბულად უმკლავდებოდა იმპროვიზებულ დაკითხვას, მას არ შეეშინდა ცუდი პოლიციელის როლში შეჭრილი ნიკა გვარამიას შეკითხვების. თამთას არ შეეშინდა, მაგრამ მე მეშინია, რომ თუ “მთავარი არხის” ერთ-ერთი მთავარი სახე  ჟურნალისტიკის სტანდარტებსა და თვითრეგულირების მექანიზმებს კიდევ ერთხელ არ გადახედავს, სექსუალურ ძალადობასა და სხვა მგრძნობირე თემებზე მომზადებული ყველა მასალა ისეთივე ყვითელი გამოვა, როგორც ის ფოთლები, რომლებიც მან თამთა თოდაძეს “ყანჩელის ხსოვნისთვის” მისცა, რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ჰკითხავდა - “შარვალი გეცვა, თუ კაბა?”

კატეგორია: ეთიკა
22 მაისს 7 თვის შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებდა. თუმცა, მეორე დღეს, 23 მაისს მდგომარეობა შეიცვალა. ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი დანაშაულს აღიარებს.

აღაიანში მომხდარი ტრაგედია ორი დღის განმავლობაში მაუწყებლების და ონლაინ მედიის მთავარი თემა იყო. ზოგიერთმა გამოცემამ 22 მაისს დღის განმავლობაში ამბის გაშუქებას 15-ზე მეტი ახალი ამბავი მიუძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ოფიციალური ვერდიქტის გამოცხადებამდე, ბრალდებულს უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს, მედიამ ამბის სენსაციურ ჭრილში გაშუქებით, არასრულწლოვნის იდენტიფიცირებით და არასაჭირო, პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროვებით, სასამართლოს განაჩენის დადგომამდე, ბრალდებული ერთადერთ დამნაშავედ შერაცხა.

მომხდარის გაშუქება

თავდაპირველად, ცნობილი გახდა, რომ ტრაგედია კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მოხდა და ბრალდებული მშობელი 16 წლის იყო. მოგვიანებით კი მედია ალაპარაკდა დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივებზე.

ჟურნალისტები მომხდარის მიზეზს ეძებდნენ მეზობლებთან, ოჯახის ახლობლებთან და მათზე დაყრდნობით ნელ-ნელა ამჟღავნებდნენ პირადი ცხოვრების ისეთ დეტალებს, რასაც არანაირი კავშირში არ ჰქონდა მომხდართან. მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების კომენტარებს, ვარაუდებს, შეფასებებს, დადასტურებულ ფაქტად სთავაზობდნენ მკითხველს.

მედიამ არ შეაფასა ის რისკი, რასაც ბრალდებულის შესახებ მსგავსი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვევდა. ღვივდებოდა საზოგადოების ინტერესი მომხდარის მიმართ, მედია კი ნაბიჯ-ნაბიჯ, ირიბად ახდენდა არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას. შედეგად, კმაყოფილდებოდა საზოგადოების ცნობისმოყვარეობა და არა საზოგადოებრივი ინტერესი.

ბრალდებული არასრულწლოვნის იდენტიფიცირება

ეთიკური ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოები ხაზგასმით მიუთითებენ მედიებს, რომ მსგავსი საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ და დაუშვებელია კრიმინალურ ისტორიებში მონაწილე, დაზარალებული, ბრალდებული და მსჯავრდებული არასრულწლოვნის იდენტიფიცირება.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით, ირიბად ხდებოდა არასრულწლოვნის იდენტიფიცირება, პირველ დღეს ფართო აუდიტორიისთვის მაინც უცნობი იყო ბრალდებულის სახელი და გვარი. მომხდარის გასაჯაროვებიდან დაახლოებით 15 საათის შემდეგ კი, ერთ-ერთმა გამოცემამ ცალკე ახალ ამბად დაწერა და მკითხველს „ექსკლუზიურად“ აცნობა 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის სახელი და გვარი. მოხდა არასრულწლოვნის პირდაპირი იდენტიფიცირება.

ონლაინ გამოცემების ნაწილმა მომხდარიდან მალევე ბრალდებულის ფოტოები გამოაქვეყნა და აჩვენა საზოგადოებას მისი სახე.

საზოგადოებრივი ინტერესი თუ საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობა

გამოცემების ნაწილმა მომხდარის გაშუქებისას, პრობლემის ჩვენების ნაცვლად პირველ რიგში „დამნაშავე დედის“ ძიება დაიწყო. მკითხველის ყურადღების მიქცევას გამოცემები არასრულწლოვნის ფოტოების გასაჯაროებით და სენსაციური სათაურებით ცდილობდნენ. გარდაცვლილის ახლობლების ემოციურ ფონზე გაკეთებულ კომენტარებსა და არასრულწლოვნის მიმართ გაჟღერებულ ყველაზე მძიმე ბრალდებებს სათაურში ციტირებდნენ და თითოეულის კომენტარს ახალ ამბად სთავაზობდნენ მკითხველს.

მედიასაშუალებების ნაწილის მთავარი აქცენტი არ ყოფილა არასრულწლოვნის ქორწინებასა თუ პოსტნატალურ პრობლემაზე მსჯელობა, არ განუხილავთ, რას შეიძლება მიყვანა არასრულწლოვანი ამ ქმედებამდე, არ უმსჯელია ხომ არ არის ბრალდებული თავადაც მსხვერპლი. ამის ნაცვლად ისინი ფოკუსს აკეთებდნენ იმაზე, თუ რას ამბობდა გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა, მამიდა და რა ვერსიები ჰქონდა სამეზობლოს… შედეგად, დაუდასტურებელი ინფორმაცია და ბრალდებულის პირადი ცხოვრების არასაჭირო დეტალები ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში, რასაც საზოგადოების აგრესია და სიძულვილის ენის შემცველი, სექსისტური დისკუსია მოჰყვა.

„ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ. შესაბამისად, მედიას უნდა ესმოდეს ის რისკი, რასაც რასაც ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს“ - ვკითხულობთ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში.

როგორ უნდა გააშუქოს მედიამ მსგავსი შემთხვევები

ეთიკური ჟურნალისტიკის მიხედვით, მსგავსი მძიმე საკითხების გაშუქებისას, მედია უნდა ფოკუსირდეს არა კონკრეტულ შემთხვევაზე, არამედ პრობლემაზე ფართო კონტექსტში. ქარტიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო წესები კი მიუთითებს მედიებს, რომ უბედური შემთხვევების, ტრაგედიების, ძალადობის გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის.

„როდესაც საქმის გარემოებები რთულია, საჯარო ინტერესი კი მაღალი, ამბის მეორეხარისხოვანი დეტალების გაშუქების ვნება ქმნის რეალურ საფრთხეს შეიქმნას ბრალდებულების და მათი ახლობლების „დევნის“ პრეცენდენტი, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება მხოლოდ ძირითადი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გადამოწმებული ფაქტების გაშუქებით, რაც ამცირებს სპეკულაციებისა და საზოგადოებაში მცდარი შეხედულებების შექმნის საშიშროებას.“ - ვკითხულობთ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში.

ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, კრიმინალური ფაქტის გაშუქების დროს, ეთიკის სტანდარტების დარღვევის უფრო დიდ რისკი არსებობს ახალი ამბების მომზადებისას. განსაკუთრებით საფრთხილოა კრიმინალური შემთხვევის ახალ ამბად გაშუქება, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანს.

„როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი ზეგავლენის ქვეშ ექცვიან. ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალურ ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ.“

რაც შეეხება პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროების საკითხს, ჟურნალისტის მიერ პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი. ამასთანავე, მედია უნდა დაფიქრდეს, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს პირის პირად ცხოვრებაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას და დეტალების გასაჯაროებით დაკმაყოფილებული საჯარო ინტერესი გადაწონის თუ არა მისთვის მიყენებულ ზიანს. უნდა გაიაზროს, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხომ არ გამოიწვევს პირის სტიგმატიზებას, თემიდან გარიყვას, დისკრიმინაციას.
კატეგორია: ეთიკა
22 მაისს მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კასპის რაიონში 16 წლის არასრულწლოვანი დედა 7 თვის შვილის გაგუდვის გამო დააკავეს. ამბავი დღის მთავარი თემაა როგორც მაუწყებლებისთვის, ისე ონლაინ გამოცემებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან მხოლოდ რამდენიმე საათია გასული, სხვადასხვა ონლაინ გამოცემების გვერდებზე და სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება არასრულწლოვნის ფოტოები, დაუდასტურებელი ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის მოტივზე და პირადი ცხოვრების დეტალები, რომელიც კავშირში არ არის მომხდართან.

ეთიკური ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო წესების მიხედვით, ასეთ დროს მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს პრობლემაზე, იმ გარემოებებზე, რაც ასეთ ტრაგედიას იწვევს და ნაკლებად ფოკუსირდეს მედია კონკრეტულ პირთა პირად ცხოვრებაზე.

ბავშვთა საკითხების გაშუქების წესების მიხედვით დაუშვებელია ბრალდებული არასრულწლოვნის იდენტიფიცირება. აქ იგულისხმება ვინაობის როგორც პირდაპირ, ისე ირიბად გამჟღავნება. გარდა ამისა, მედიამ თავი უნდა შეიკავოს დაზარალებულის, ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა ცხოვრებიდან ისეთი დეტალების გასაჯაროვებისგან, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  პირადი ცხოვრების გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად,  მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა გაანალიზოს:
  • ამ დეტალების გარეშე შეძლებთ თუ არა პრობლემის სრულყოფილად წარმოჩენა?
  • რა დამატებით ინფორმაციას იძლევა მასალა?
  • რა ზიანს მიიღებს პირი მისი პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებით?
  • გამოქვეყნებით დაკმაყოფილებული საჯარო ინტერესი გადაწონის თუ არა პირისთვის მიყენებულ ზიანს?
  • რა ალტერნატიული ხერხები არსებობს ამბის გასაშუქებლად?
ამავე რეკომენდაციების თანახმად, მსგავსი საკითხების გაშუქებისას, მედიამ უნდა გაითვალისწინოს მოსალოდნელი საფრთხე, უარყოფითი შედეგები და ამბის გაშუქებამდე, დაფიქრდეს, რა ზიანის მომტანი შესაძლოა იყოს მსგავსი დეტალების გასაჯაროება.

გარდა ამისა, 
როდესაც არსებობს მძიმე ემოციური ფონი დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით რისკის შემცველია. ეს ხელს უწყობს სპეკულაციებს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
კატეგორია: ეთიკა
16 მაისს ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დაშავდნენ. მომხდარი ახალ ამბად გაავრცელა ონლაინ გამოცემების ნაწილმა და ტექსტს დაურთო სოციალურ ქსელში, სხვადასხვა მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტოები, რომლებზეც ახლო ხედით ჩანდნენ დაშავებული ადამიანები.

სკოლის დამტავრებისას, “ბოლო ზარის” დღეს, ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება და ცხადია, მედია ამ თემით უნდა დაინტერესდეს, თუმცა, იმ ფოტოებს, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტატიებს დაურთეს, არანაირი დამატებითი ინფორმაციული ღირებულება არ აქვს, აუდიტორიისა და რა თქმა უნდა, დაშავებულის ახლობლებისთვის კი მძიმე სანახავია.

ასეთი ფოტოები არაერთ საიტზე იძებნება, მათ შორის: newposts.ge, dianews.ge, resonancedaily.com, news.coa.ge, paqtebi.ge, progressnews.ge (რომელთაც “მედიაჩეკერი” შეგნებულად არ უთითებს ბმულებს).

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირადი ცხოვრების გაშუქების სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ საჯარო ინტერესსა და უბედურ შემთხვევებში მონაწილე პირთა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამჟაღვნებას შორის მედიამ უნდა მოახერხოს ბალანსის დაცვა.

  • დაშავებულთა, ტანჯვასა და შოკში მყოფ ადამიანთა ახლო ხედით ჩვენება გამართლებულია მაშინ, თუკი ეს წარმოაჩენს მომხდარის მასშტაბს, საჭიროა კონტექსტის საჩვენებლად და ინფორმაციის სრულად გადმოსაცემად
  • მედიამ უნდა იფიქროს იმაზეც, რეტრავმირებას გამოიწვევს თუ არა შემზარავი გამოსახულების მრავალჯერადად ჩვენება. ეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ გარდაცვლილთა ახლობლების და გადარჩენილთა რეტრავმირება.
კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელოში კი ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა. ასევე, მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.
კატეგორია: ეთიკა
4 მაისს “შაბათის კურიერის” ერთ-ერთი თემა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხილიანაში მომხდარ სავარადო ძალადობის ფაქტს ეხებოდა. სიუჟეტში, 67 წლის ქალი, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი 34 წლის მეზობლის მხრიდან მის მიმართ სექსუალური ძალადობის მცდელობაზე საუბრობდა.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ყვება, რომ სავარაუდო მოძალადეს ხმაურის შეეშინდა და მხოლოდ ამიტომ გაიქცა, წასვლის წინ კი მას დაემუქრა, რომ თუკი ამბავს გაახმაურებდა, ისევ იძალადებდა. თუმცა, მან მაინც იჩივლა. პოლიციამ სავარაუდო მოძალადე დააკავა, მაგრამ მეორე დღეს გაათავისუფლა.

მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო მოძალადეს ბრალი ჯერ ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს და გამოძიება დნმ-ის ექსპერტიზის პასუხებს ელოდება, სიუჟეტში მისი იდენტიფიცირება მაინც მოხდა. დასახელდა მისი სახელი და გვარი, ასევე გვაჩვენეს სავარაუდო მოძალადის მშობლები.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე პირის მიმართ კონკრეტული ბრალეულობა ჯერ გამოკვეთილი არ არის, მიზანშეწონილია, რომ ამბის გაშუქებისას სავარაუდო მოძალადის იდენტიფიცირება არ მოხდეს. მისი ვინაობის დასახელებამ, შესაძლოა, სავარაუდო მოძალადის მიმართ საზოგადოებაში წინასწარი არასწორი წარმოდგენები შექმნას, რაც შემდგომში მის გარიყვას და სტიგმატიზებას გამოიწვევს. აღნიშნულმა კი, შესაძლოა, ფატალური შედეგიც კი გამოიღოს.

სიუჟეტში, ქალის მონათხრობიდან, მომხდარის შესახებ ისეთ ინტიმურ დეტალებსაც ვისმენთ, რაც ამბავს ინფორმაციულობის თვალსაზრისით, დამატებით ღრებულებას არ სძენს, მთხრობელს კი დისკომფორტსა და უხერხულობას უქმნის. ეს საუბრიდანაც ნათლად ჩანს, - მას დეტალების გამხელა უჭირს. მსგავსმა არასაჭირო ინფორმაციამ, შესაძლოა, სავარაუდო მსხვერპლი დაცინვისა და ქილიკის ობიექტად აქციოს და რეალური პრობლემა (ასეთი არსებობის შემთხვევაში) უკანა პლანზე გადაწიოს.
კატეგორია: ეთიკა
3 მაისს, თბილისში, მეტროსადგურ სარაჯიშვილში ახალგაზრდა კაცი მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა, მემანქანემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ამბავი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა. სიუჟეტში შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ფოტო აჩვენეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფოტოზე იმავე სახელისა და გვარის სრულიად სხვა ადამიანი იყო.

იგივე შეცდომა დაუშვა გაზეთ “ახალი თაობის” ონლაინ ვერსიამაც. ამბის გამოქვეყნების დროის მიხედვით თუ ვისჯელებთ, დიდი ალბათბით, გამოცემა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეწყრდნო, ამბავი არ გადაამოწმა და ტექსტს გარდაცვლილის არასწორი ფოტო დაურთო. გარდაცვლილის ფოტო არასწორად დაბეჭდეს გამოცემებმა - newposts.cc, resonancedaily.com და siaxleebi.club-მა.

სიუჟეტის გასვლიდან მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც “რუსთავი 2-ის” მიერ გარდაცვლილად წარმოჩენილი ახალგაზრდა კაცი, ტელევიზორის გვერდით, ზუსტად იმ კადრის ფონზე დგას, სადაც მის გარდაცვალებაზეა საუბარი და ამბავს საილუსტრაციოდ მისივე ფოტო ახლავს. Prime Time-ის ინფორმაციით, ფოტო სოციალურ ქსელში თავად შეცდომით გარდაცვლილად გამოცხადებულმა ახალგაზრდამ გამოაქვეყნა წარწერით - “როდესაც ტელევიზიით იგებ, რომ მოკვდი”.

ამ დროისთვის ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის-” ვებგვერდზე აღნიშნული სიუჟეტი აღარ იძებნება. ამბავი მხოლოდ ე.წ. “ნიუსის” ფორმატში, ვიდეოს გარეშე დევს.

რაც შეეხება სხვა გამოცემებს (newposts.cc, resonancedaily და siaxleebiclub), მათ ვებგვერდებზე ამბავი ძველი ფოტოებით კვლავ იძებნება. დამატებულია ახალი მასალები, გარდაცვლილი უკვე რეალური ფოტოებით. ამასთან, resonancedaily მხოლოდ “რუსთავი 2-ის” შეცდომაზე მიუთითებს და არაფერს ამბობს, წინა დღით, იმავე თემაზე მათ მიერვე გაპარულ ხარვეზზე. batumelebi.cc-ის გვერდიდან ძველი მასალა საერთოდ წაშლილია და საიტზე ამბის მხოლოდ განახლებული ვერსია იძებნება. ახალი თაობის ვებგვერდზე კი, ამბის მხოლოდ ძველი ვერსიაა განთავსებული.
კატეგორია: ეთიკა
24 მარტს ხაშურში კაცმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. ეს ამბავი, მედიის ნაწილისთვის, 24 და 25 მარტს, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. გამოცემების ნაწილმა ამბავი ზედაპირულად, სენსაციურ ჭრილში გააშუქა, გამოაქვეყნა მსხვერპლისა და ბრალდებულის ფოტოები, გაასაჯაროვა მათი ვინაობები და ნაცნობ-მეგობრებზე დაყრდნობით მოყვა დეტალებს ცოლ-ქმრის ურთიერთობიდან. გარდა ამისა, რამდენიმე საიტმა ჩადენილის სავარაუდო მოტივიც დაასახელა, რაც დანაშაულის გამართლების შთაბეჭდილებას ტოვებს.

მომხდარი მთავარი თემა იყო მაუწყებლებისთვისაც. „რუსთავი 2-მა“ ამბავს დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 5 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა. ამბის გაშუქებისას ფოკუსი არა პრობლემასა და პრევენციაზე მსჯელობა, არამედ ამბის სენსაციურობა და დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივები იყო. სიუჟეტში ბრალდებულიც და მსხვერპლიც იდენტიფიცირებულია. ასევე, აჩვენეს ახლობლები, რომლებიც ცოლ-ქმრის პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბრობენ.

გარდა ამისა, ჟურნალისტი ამბობს, რომ ბრალდებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, სიუჟეტში არ ჩანს წყარო, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებდა ან თუნდაც ეჭვს გამოთქვამდა. შესაბამისად, უცნობია, რაზე დაყრდნობით აკეთებს მსგავს განცხადებას ჟურნალისტი.

„რუსთავი 2-ის” სიუჟეტი მალევე გაავრცელეს გვერდებმა palitravideo.ge, kvirispalitra.ge და vanoggg.ge.

“იმედმა” ამბავი კადრ-სინქრონად გააშუქა და მაყურებელს მსხვერპლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნო. წამყვანის სიტყვის პარალელურად, კადრში ბრალდებულის და მსხვერპლის ფოტოებს აჩვენებდნენ.

იდენტიფიცირებას და ფოტოების გამოქვეყნებას არც შემდეგი გამოცემები მორიდებიან: dianews.ge, resonancedaily.com, newposts.ge, alia.ge, sarkenews.ge, primetime.ge, cyc.ge, kvira.ge, paqtebi.ge, presa.ge, akhalitaoba.ge, digest.pia.ge, news.coa.ge, info7.ge და marshalpress.ge. არცერთ ამ გამოცემას, ისევე როგორც “იმედსა” და “რუსთავი 2-ს”, არ გაუთვალისწინებია მსხვერპლისა და ბრალდებულის მცირეწლოვანი შვილების ინტერესები.

“რუსთავი 2-ის” მსგავსად, დანაშაულის მოტივსა და ბრალდებულის მდგომარეობაზე ზემოთჩამოთვლილი გამოცემების ნაწილმაც დაწერა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მედიამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას და ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ.

„მოერიდეთ დანაშაულის მიზეზად “ეჭვიანობის ნიადაგის” დასახელებას. ამით თქვენ უნებურად მიანიშნებთ იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი “არასწორად” იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა. გარდა იმისა, რომ არ არსებობს რაიმე ტიპის ქცევა, რაც გაამართლებს მოძალადის ქმედებას, საკანონდებლო ბაზა დანაშაულის მოტივად არ სცნობს “ეჭვიანობის ნიადაგს”. არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, დისკრიმინაცია, შურისძიება და აშ, რაც შესაძლებელია დანაშაულის საფუძველი იყოს, მაგრამ არა “ეჭვიანობს ნიადაგი“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არც სამედიცინო დასკვნა და არც სხვა ოფიციალური ცნობა, გამოცემები ერთ-ერთ ადგილობრივზე დაყრდნობით წერენ, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით კი, მსგავსი ამბების გაშუქებისას განსაკუთრებით დაუშვებელია პირის შესაძლო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ხსენება.

„კრიმინალური ამბების გაშუქებისას ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხაზგასმა ხელს უწყობს ზოგადად თემის სტიგმატიზებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების პოტენციურ დამნაშავეებად წარმოჩენას. კვლევები ცხადყოფს, რომ მოძალადეთა და მძიმე დანაშაულების ჩამდენთა უმეტესობას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის რომელიმე პრობლემის დიაგნოზის მქონე ადამიანების სრული უმეტესობა მოძალადე არ არის და არც კანონთან ჰქონიათ პრობლემები”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
კატეგორია: ეთიკა
15 მარტს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი სიუჟეტი ოჯახურ კონფლიქტს ეხებოდა. კერძოდ, 23 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ურთიერთბრალდებებს უყენებს. 5 შვილის დედა ქმარს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ძალადობაში დადანაშაულებული ქმარი ბრალდებებს უარყოფს და მის მეუღლეს შვილებზე და დედამთილზე ძალადობაში სდებს ბრალს.

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ქალი სიუჟეტში დაფარულია [დიდი ალბათობით, არასრულწლოვანი შვილების იდენტიფიცირების თავიდან ასაცილებლად], ერთ-ერთი დოკუმენტით მისი პირდაპირი იდენტიფიცირება ხდება. მასში სრულად იკითხება ქალის საახელი და გვარი, ასევე პირადი ნომერი. ეს კი, თავის მხრივ, მისი არასრულწლოვანი შვილების [სიუჟეტიდან ირკვევა, რომ 5 შვილიდან 3 არასრულწლოვანია] ირიბ იდენტიფიცირებასაც ახდენს.

ამასთან, დედის მხრიდან შვილზე სავარაუდო ძალადობის ნიშნების საილუსტრაციოდ, სიუჟეტში ერთ-ერთი არასრულწლოვნის ფოტოც არის ნაჩვენები, საიდანაც მიუხედავად იმისა, რომ ის დაფარულია, ახლობლებისთვის მისი ამოცნობა მაინც არის შესაძლებელი. ამასთან, ნაჩვენებია იმ სახლის შიდა კადრებიც, სადაც ამჟამად არასრულწლოვნები ცხოვრობენ. შესაბამისად, ნაცნობები სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირებას სიუჟტიდან მარტივად შეძლებენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის “ბავშვთა საკითხების გაშუქების” სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში, არასრულწლოვნის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი იდენტიფიცირება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა “ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის”.

“უფრო მეტად ნუღარ მოახდენთ ბავშვის სტიგმატიზებას. თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა - დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან საზოგადოების მიერ გარიყვა”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
კატეგორია: ეთიკა

24-დან 28 თებერვლამდე პერიოდში, სოციალურ ქსელსა და რამდენიმე ვებგვერდზე მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტის ლადო აფხაზავას შესახებ ღირსების შემლახველი და მადისკრედიტირებელი მასალები გავრცელდა. ონლაინგამოცემები ინფორმაციას სოციალური ქსელის ოთხი სხვადასხვა მომხმარებლების მიერ დაწერილ სტატუსებზე დაყრდნობით აქვეყნებდნენ. არცერთ გამოცემას არ უცდია კონკრეტული პირების მოსაზრებები ლადო აფხაზავას შესახებ რაიმე ფორმით გადაემოწმებინა. ტექსტები შეიცავდა ჰომოფობიურ შეფასებებსა და სიძულვილის ენას, მასალებს ერთგვარი კამპანიური ხასიათი ჰქონდა და სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა.

ამგვარ მასალებს ისეთი გამოცემები აქვეყნებდნენ, როგორიცაა: რეზონანსი, ალია, მარშალპრესი, რეპორტიორი, ექსკლუზივნიუსი. ასევე საიტები: otime.ge, intermedia.ge, newweb.ge .

სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მადისკრედიტირებელი მასალები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის გლობალური ჯილდოს ათ ფინალისტს შორის მოხვდა.

კამპანია პირობოთად ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ, თავდაპირველად, ღირსების შემლახველი ტექსტების მიზეზი, ლადო აფხაზავას დომენიკ მანგოსთან ერთად გადაღებული ფოტო გახდა. 24 თებერვალს marshalpress.ge-მ და newweb.ge-მ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის - გიორგი გიგაურის ჰომოფობიური შინაარსის ფეისბუკის სტატუსი გამოაქვეყნეს. გიგაური, მძიმე ბრალდებებით, ლადო აფხაზავას დისკრედიტაციას ცდილობდა და დამამცირებელ კონტექსტში იხსენიებდა ქვიარ ადამიანებს. სტატუსი ეხებოდა საგან “სამოქალაქო განათლებასაც” და იგი მოხსენიებული იყო როგორც “სოროსის ფონდის დირექტივებით შექმნილი ლიბერასტული საგანი”.

ლადო აფხაზავასა და დომენიკ მანგოს ფოტოს გამოეხმაურა სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან ადეიშვილიც. მის მიერ დაწერილი ჰომოფობიური შინაარსის შემცველი და ღირსების შემლახველი სტატუსი ალიამ, რეზონანსმა და otime.ge-მ 25 თებერვალს გამოაქვეყნეს. ეს ტექსტები გაჯერებული იყო ანტიდასავლური გზავნილებითაც.

27-28 თებერვალს სოციალურ ქსელში ახალი შინაარსის სტატუსები გამოჩნდა ბაკურ სვანიძისა და გიორგი ფოფხაძის ავტორობით. ბაკურ სვანიძე ლადო აფხაზავას განათლებასა და გამოცდილებას აყენებდ ეჭვქვეშ, ფოფხაძე კი მას ტყუილში სდებდა ბრალს. ეს სტატუსებიც გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნეს გამოცემებმა: რეზონანსმა, ალიამ, ქართულმა აზრმა, რეპორტიორმა, ინტერმედიამ და საიტმა otime.ge.

მის წინააღმდეგ დაწყებულ ამგვარ მადისკრედიტირებელ კამპანიას ლადო აფხაზავა გაზეთ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა. მასალა ეხებოდა პირადი ცხოვრების თემას, - რა იციან მოზარდებმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ და რას ასწავლიან მათ სკოლაში. ინტერვიუში ლადო აფხაზავამ თქვა, რომ საზოგადოების ნაწილს მოსწონს სხვისი დისკრედიტაცია და ამ თემით ძალიან აჟიტირებულია: „ახლახანს მეც გავხდი კიბერბულინგის მსხვერპლი, ატვირთეს ჩემი ფოტო და შემდეგ სოციალურ ქსელებში ჩემი დისკრიმინაცია მიდიოდა. ბუნებრივია, ამისგან არც მოზარდები არიან დაზღვეული. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათ ხშირად ვესაუბროთ ასეთ საკითხებზე და ვასწავლოთ, როგორ დაიცვან თავი ონლაინ ძალადობისგან“.


გაზეთ “ბათუმელების" ინფორმაციის მიხედვით, ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელია. იგი 2010 წლიდან მუშაობს ამ სოფლის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად, 2012 წლიდან კი არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. 2017 წელს იგი საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

მასწავლებლის გლობალური ჯილდო,    რომლის ფინალისტებს  შორისაც ლადო აფხაზავა მოხვდა, 2015 წლიდან გაიცემა.
 ამ ჯილდოს დამაარსებელი Varkey-ს ფონდია. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ფონდისგან 1 მლნ დოლარს იღებს პრიზის სახით.

კატეგორია: ეთიკა

24 თებერვალს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისა” და “იმედის” კვირის შემაჯამებელ გადაცემებში, გასული წლის ივლისში, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის საქმეზე ვრცელი სიუჟეტები გავიდა. მასალები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ამყარებდა პროკურატურის ვერსიას ბრალდებულის დანაშულის შესახებ, კრიტიკული კითხვების გარეშე იყო გავრცელებული საგამოძიებო ორგანოს ვერსია, რითაც მედიამ ამ კონკრეტულ უწყებას, ფორმალურად, მაგრამ მაინც შეუწყო ხელი ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში და გარდა ამისა, სიუჟეტებში მოხვდა რამდენიმე ისეთი დეტალი გარდაცვლილების პირადი ცხოვრებიდან, რაც საზოგადოგადოებრივ ინტერესს არ ატარებდა.

ამ თემაზე: მალხაზ კობაურის "განაჩენი" სასამართლოს გარეშე “რუსთავი 2-სა” და “იმედზე”

კრიმინალური ამბებისა და სასამართლო პროცესების გაშუქება მედიისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა. ასეთი ამბების გაშუქებისას, არსებობს დიდი საფრთხე იმის, რომ მედიამ ნებსით ან უნებლიედ ეთიკური სტანდარტები დაარღვიოს.

საერთაშორისო პრაქტიკა, ასევე, მსგავსი ამბების გაშუქების სახელმძღვანელო წესები რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც მედიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

  • პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.
  • მედიამ არ უნდა მოიხსენიოს პირი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, -  წერია კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საერთაშორისო გაიდლაინებზე დაყრდნობით აქვს მომზადებული.

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სასამართლო პროცესების გაშუქებისას, დაუშვებელია, მედიაგაშუქებაში იკვეთებოდეს წინასწარგანწყობა ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ.

  • ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ. შესაბამისად, მედიას უნდა ესმოდეს ის რისკი, რასაც ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს”, - ნათქვამია ამავე გაიდლაინში.

კრიმინალური ამბების გაშუქებისას მედიამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ტერმინებსაც, რასაც თხრობის დროს იყენებს. 

  • პირი სასამართლო გადაწყვეტილებამდე უდანაშაულოდ ითვლება მაშინაც, როცა მას აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული. მოერიდეთ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „მოიპარა“, „მოკლა“, „დააყაჩაღა“ და ა.შ. 
  • იმ შემთხვევაშიც კი, როცა არსებობს გამამტყუნებლი განაჩენი, არ გამოიყენოთ სიტყვები – „დამნაშავე“, „მკვლელი“ „ყაჩაღი“, „ქურდი“ . უმჯობესია აღინიშნოს, რომ პირი მკვლელობაში, ქურდობაში, ყაჩაღობაშია მსჯავრდებული, - ვკითხულობთ კიდევ ერთ სახელმძღვანელოში, რომელიც სასამართლო პროცესების გაშუქებას ეხება. 

ამავე გაიდლაინის მიხედვით, მედიას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ბრალდებული შესაძლებელია არ იქნეს ცნობილი დამნაშავედ. შესაბამისად, გაშუქებამ ხელი არ უნდა შეუშალოს საზოგადოებაში მის დაბრუნებას.

რაც შეეხება ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ დეტალების არასაჭირო გასაჯაროებას, პირადი ცხოვრების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტის მიერ პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი კონრეტული პირისთვის ზიანის მიყენებაა.

  • “ჯანმრთელობის და სქესობრივი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს. ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება ყველა შემთხვევაში პირად ცხოვრებაში შეჭრად ითვლება. შესაბამისად, ყოველი ასეთი ინფორმაციის მიმართ უნდა არსებობდეს განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი”, - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ეხება ქარტიის მეათე პრინციპიც - “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

მალხაზ კობაურის საქმეზე მაუწყებლებში გასული სიუჟეტების შემდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. ამ განცხადებაში საბჭო მედიას რამდენიმე დეტალს ახსენებს, მათ შორის, საბოლოო სასამართლო განაჩენამდე პირის უდანაშაულობისა და პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ.

“ჟურნალისტურ პროდუქტში აუცილებელი არ არის საქმეში არსებული ყველა დეტალის, ვიზუალური მასალის გამოყენება. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა საჯარო ინტერესი არსებობს თითოეული ამ დეტალის მიმართ, რა დამატებით ინფორმაციას აწვდის აუდიტორიას. მედიას არ უნდა დაავიწყდეს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულება აკისრია მაშინაც, როცა საქმე გარდაცვლილს ეხება”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

კატეგორია: ეთიკა

24 თებერვალს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისა” და “იმედის” კვირის გადაცემებში, ერთი-ერთი მთავარი თემა, გასული წლის ივლისში, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის მალხაზ კობაურის საქმეს ეხებოდა. ორივე არხმა კვირის შემაჯამებელი ანალიტიკური გადაცემა აღნიშნული თემით დაიწყო. რუსთავი 2-მა საკითხს თითქმის 20, იმედმა კი - დაახლოებით 11 წუთი დაუთმო. თითქმის იდენტური იყო ორივე არხის მიერ სიუჟეტისთვის შერჩეული სათაურიც. “რუსთავი 2-მა” ამბავი “მკვლელობის აღიარებად” დაასათაურა, “იმედმა” კი მასალას ასეთი სახელწოდება შეურჩია - “მალხაზ კობაურის აღიარებითი ჩვენება და საგამოძიებო ექსპერტიზის ამსახველი ფოტომასალა”.

სიუჟეტების სახელწოდებიდან გამომდინარე, არც მასალის სულისკვეთება და პათოსია რთულად გამოსაცნობი - “სასამართლოს განაჩენის გარეშე, ფაქტობრივად, დამნაშავედ შერაცხული კობაური” - მსგავსი შინაარსის ქვეტექსტი იკითხებოდა თემაზე ორივე მაუწყებლის მიერ მომზადებულ მასალაში.

იგივე დამოკიდებულება ჩანდა წამყვანების ტექსტებშიც:

გიორგი გაბუნია, "რუსთავი 2": “მარტის პირველი რიცხვებიდან სასამართლო ყველაზე სასტიკი დანაშულის საქმის განხილვას იწყებს. ერთ დღეში გამქრალი სმიტების ოჯახი, მცირეწლოვანი ბავშვი, მისი დედა და მამა. ისინი სასტიკად ჩახოცეს ხადას ხეობაში. თქვენ ახლა ნახავთ კადრებს, რომლებიც აქამდე არასდროს გინახავთ, თქვენ პირველად მოისმენთ როგორ აღიარებს მკვლელობას საქმის მთავარი ბრალდებული, ის საკუთარი პირით ყვება რა მოხდა იმ დღე, როგორ შეხვდა მთაში ჩასულ ამერიკელებს, როგორ დაიწყო მათ შორის კონფლიქტი, როგორ მოკლა მამა და შემდეგ ატირებული ბავშვი. თუმცა, ის არაფერს ამბობს ბავშვის დედაზე, ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ქალიც მოკლულია და თანაც, სწორედ ბრალდებულის მიერ, სავარაუდოდ, გაუპატიურებული”.

ირაკლი ჩიხლაძე, "იმედი": “გადაცემას ვიწყებ სმიტების მკვლელობის საქმის მთავარი დეტალებით, რომელიც ჩვენ ერთი თვის წინ, ექსკლუზიურად მხოლოდ წერილობითი დოკუმენტებით გიჩვენეთ. დღეს კი ნახავთ იმ ფოტოკადრებს, რაც საქმის მასალებში იყო. ახლა შესაძლებლობა გაქვთ პირველად მოუსმინოთ ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების ვიდეოჩანაწერს, რომლის შემდეგაც მან საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწიელობა და სამართალდამცავებს დანაშაულის ადგილი და ბავშვის ცხედარი აჩვენა”.

♦   რა გავიგეთ “რუსთავი 2-ის სიუჟეტიდან

წამყვანის ტექსტის შემდეგ, სიუჟეტის დაწყებამდე სტუდიაში მასალის ავტორი შემოდის, რომელიც მაყურებელს საქმეზე პროკურატურის პოზიციას აცნობს. ჟურნალისტი განმარტავს, რომ საგამოძიებო უწყების ვერსიით, დანაშაულის ჩადენის მოტივი სექსუალური იყო, ქალის გაუპატიურების მიზნით, კობაურმა მამა-შვილი რაიან და ქალებ სმიტები დაახლოებით 500 მეტრის იქით გაიტყუა და დახოცა, შემდეგ ლორა სმიტთან დაბრუნდა, გააუპატიურა და წყალში დაახრჩო.

ამის შემდეგ, წამყვანი ჟურნალისტთან აზუსტებს, შესაძლებელი იყო თუ არა კობაურს სამი გასროლა ისე განეხორციელებინა, რომ ქალს ხმა არ გაეგო. აღნიშნულზე ჟურნალისტი მიუთითებს, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, იმავე პრინციპით განლაგებულმა ადამიანებმა საცდელად გასროლილი 12 ტყვიიდან ვერცერთი გასროლის ხმა ვერ გაიგეს, რაც ჩანჩქერის ხმაურით აიხსნება.

პროკურატურის ვერსიის შემდეგ, მასალის ავტორი მაყურებელს უკვე დაცვის მხარის ვერსიას სთავაზობს და ამბობს, რომ დავის მხარის მტკიცებით, ქალის გაუპატიურების კვალი არ არსებობს: “თუმცა, ფაქტია რომ არსებობს გენეტიკური მასალა, რომელიც კობაურს ეკუთვნის და აღმოაჩინეს ლორა სმიტის სხეულში”.

ჟურნალისტი ბრალდებულის მიერ ჩვენების პირველადი ვერსიის შეცვლის შესახებაც საუბრობს, რომლის მიხედვითაც კობაურს სმიტების ოჯახის არცერთი წევრის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.

მასალის ავტორისგან მკვლელობის საქმის დაცვის მხარისეული ვერსიის მოსმენის შემდეგ, წამყვანი მის პირად შეფასებას გვთავაზობს და ამბობს: “ამ მომენტისთვის, რაც შენგან მოვისმინე, პროკურატურის ვერსია უფრო რეალისტურად ჟღერს, ვიდრე დაცვის ვერსია. არ ვიცი, რა თქმა უნდა, მე ვერ ვიმსჯელებ სინამდვილეში რა მოხდა”, - რაც თავის მხრივ, საქმესთან მიმართებით, მაყურებელში წინასწარ განწყობებს უკვე აყალიბებს და საქმეზე ჯერ არდამდგარი განაჩენის მიუხედავად, ბრალდებულს მართალია არაოფიციალურად, მაგრამ უკვე დამნაშავის სტატუსს ანიჭებს.

კობაურის საქმეზე “რუსთავი 2-ის” მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შევიტყეთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის უსასტიკეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი მწყემსი პოლიციაში მისი დაკითხვის დაწყებიდან დაახლოებით 12 წუთში, ემოციებს ვეღარ იკავებს და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, თუმცა საკუთარ საქციელს ნანობს.

“კობაურს სანანებელი ბევრი და ძალიან დიდხანს ექნება, თუ ისტორია, რომელსაც ის პოლიციელს უყვება, მის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის მართლაც გულწრფელი აღიარებაა და არა ზეწოლის შედეგად მოპოვებული ჩვენება, როგორადაც ეს ვიდეომასალა მის ადვოკატს მიაჩნია”, - აზუსტებს ჟურნალისტი.

სიუჟეტში ასევე მოცემულია ბრალდებისა და დაცვის მხარის პოზიციები და მათი არგუმენტები. ნაჩვენებია მალხაზ კობაურის პირველი დაკითხვის ვიდეოფრაგმენტები, სადაც ის ჩადენილ დანაშაულს იხსენებს და გამომძიებელს მომხდარის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.

სიუჟეტში ყურადღება ისეთ ინტიმურ ასპექტებზეც არის გამახვილებული, რასაც დამატებითი ინფორმაციული ღირებულება არ აქვს, მათი დეტალიზებული გადმოცემა კი კონკრეტული პირის/პირების პირადი სივრცისა და ცხოვრების თავისუფლებას არღვევს.

♦    რა გავიგეთ "იმედის" სიუჟეტიდან

თითქმის იდენტური დამოკუდებულება და შინაარსი იკითხება სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებული მასალიდან.

ჟურნალისტი გვაცნობს, რომ კობაური გამოძების პროცესში რამდენჯერმე გამოიკითხა, პირველადი დაკითხვის ამსახველ ვიდეოკადრებში, ის სამართალდამცველებს აღიარებით ჩვენებას აძლევს და ამბობს, რომ მან “ორი ადამიანი მოკლა - მამა-შვილი”.

ჟურნალისტი შეფასებებში გადადის და ამბობს, რომ “კობაური ამ ჩვენების ერთ ნაწილში, ერთ ფრაგმენტში იტყუება, მეუღლის და შვილის მკვლელობა ლორა სმიტს არ უნახავს, ლორა სმიტი მეუღლეს და შვილს ჩანჩქერზე არ გაყოლია, შესაბამისად, ის ვერ დაინახავდა სროლის მომენტს. კობაური ცრუობს როცა აცხადებს, რომ ქალი გაიქცა და რეაქცია არ ჰქონია შვილის მკვლელობაზე”.

ჟურნალისტი მაყურებელს საქმეში დაცული ფოტომასალის შესახებაც უყვება, რომელიც უშუალოდ სმიტების მიერ არის გადაღებული და რომელზეც კობაური სანადირო თოფით ჩანს.

“ამ ფოტოებით დასტურდება, რომ კობაური მარტო მოქმედებდა, მას არ ჰყავდა თანამზრახველი, და შესაბამისად, მკვლელობაც მარტო ჩაიდინა. გამოძიებით მოპოვებული ყველა მტკიცებულებით დასტურდება, რომ იმ ტერიტორიაზე სადაც მკვლელობა მოხდა, სხვა უცხო პირი არ ყოფილა”, - განმარტავს ის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მსჯელობა “რუსთავი 2”-ის მიერ მომზადებულ მასალაშიც იყო განვითარებული.

“რუსთავი 2-ის” მსგავსად, “იმედის” სიუჟეტშიც ასევე მოცემულია ფარგმენტები ბრალდებული კობაურის პირველადი ჩვენებიდან, რომლის მიცედვითაც ის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ყვება. ასევე ბრალდებისა და დაცვის მხარის საპირისპირო პოზიციები, ინტიმური მომენტების ნაკლები დეტალიზებისა და ზედმეტი ინფორმაციის გარეშე. თუმცა, საბოლოო ჯამში, ბრალდებულის მიმართ წინასწარი გაწყობების შექმნისა და ბრალდების მხარის პოზიციის დაცვის ქვეტექსტი აქაც ჭარბად იგრძნობა.

♦   რეზიუმე

საკითხის აქტუალობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თემისადმი მედიის ინტერესი და მისი გაცოცხლება, სრულიად ლოგიკური და აბსოლუტურად გასაგებია. თუმცა, მასალის იმგვარი ფოკუსით მომზადება, სადაც ერთი მხარის პოზიციის ცალსახა დაცვის მცდელობა და ამავრდოულად, სასამართლო განაჩენის დადგომამადე, ბრალდებული პირისთვის უკვე დამნაშავის სტატუსის მორგების ქვეტექტი იკითხება, ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებს სცდება.

ამასთან, ნებისმიერი მასალა კონკრეტული თემის შესახებ გარკვეული სიახლის მატარებელი უნდა იყოს, რაც ამ შემთხვევაში ვერცერთი ზემოთ განხილული სიუჟეტიდან ვნახეთ. ამასთან, კონკრეტული მაუწყებლის მხრიდან ისეთი ინტიმური დეტალების გასაჯაროებაც მოხდა, რაც ადამიანის პირად სივრცეში შეჭრაა და სხვა არაფერი.

როგორც ცნობილია, სმიტების მკვლელობის საქმეზე გორის რაიონული სასამართლო განხილვას მარტის დასაწყისიდან შეუდგება. საქმეზე საბოლოო გააჩენს 12 ნაფიცი მსაჯული გამოიტანს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მალხაზ კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

იქამდე კი, სანამ სასამართლო ოფიციალურ ვერდიქტს გამოცხადებს, ნებისმიერ ბრალდებულს უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს, რომლის მიხედვითაც - “თითოეული ადამიანი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უდანაშაულოდაა მიჩნეული მანამ, სანამ მისი დანაშაული არ დამტკიცდება ღია სასამართლო პროცესზე ბრალდებულის დაცვისათვის აუცილებელი კანონით გათვალისწინებული ყველა საპროცესო გარანტიის დაცვით”.