კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 2 თებერვალს დაადგინა, რომ უგრეთში დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება. სასამართლო განიხილავდა უნგრეთის ინტერნეტკონტენტის მიმწოდებელთა თვითრეგულირების ორგანოსა და ახალი ამბების გამავრცელებელი ინტერნეტპორტალის საკითხს მათ მიერ გამოქვეყნებული მასალისა და ამ მასალაზე მკითხველთა კომენტარების გამო.

მოსარჩელეების აზრით, უნგრულმა სასამართლომ ისინი უსამართლოდ გაამტყუნა მკითხველის მიერ დაწერილი კომენტარების გამო. კომენტარები კი მოჰყვა პუბლიკაციას, რომელიც ამხელდა უძრავი ქონების საიტებს დეზინფორმაციის გავრცელებასა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაში.

მოსარჩელეები უნგრეთის კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირებული იურიდიული პირები იყვნენ: უნგრული კონტენტის პროვაიდერების ასოციაცია (Magyar Tartalomszolgáltatók Egyesülete - MTE) და ახალი ამბების გამავრცელებელი ვებსაიტი index.hu.

უნგრული კონტენტის პროვაიდერების ასოციაცია (MTE) თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც 2001 წელს ჩამოყალიბდა უნგრეთში ინტერნეტის კონტენტის მიმწოდებლების მიერ. ასოციაციის შემქმნელთა შორის იყო „ინდექსიც“ (index.hu) - ერთ-ერთი გავლენიანი ინტერნეტპორტალი უნგრეთში.

მოცემულ დროს MTE და „ინდექსი“ ნებას რთავდნენ მომხმარებლებს, თავისუფლად ეწერათ კომენტარები მათს საიტებზე გამოქვეყნებულ მასალაზე. ორივე პორტალის წესებსა და პირობებში მითითებული იყო, რომ კომენტარების ავტორები თავად იყვნენ პასუხისმგებელნი კომენტარის შინაარსზე. ამას გარდა, ორივე საიტი მუშაობდა სისტემით, რომლის პირობებშიც მომხმარებელს შეეძლო, „დაერეპორტებინა“ შეუფერებელი კომენტარი. დარეპორტების შემდეგ კი კომენტარი წაიშლებოდა.

2010 წლის 5 თებერვალს MTE-მ გამოაქვეყნა მოსაზრება, სადაც აკრიტიკებდა უძრავი ქონების სააგენტოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის გამო - სააგენტო მომხმარებელს 30-დღიან უფასო სარეკლამო მომსახურებას სთავაზობდა, 30 დღის შემდეგ კი მომხმარებელი წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჯარიმდებოდა. MTE-ის კრიტიკას „ინდექსი“ გამოეხმაურა და პუბლიკაცია სრულად გამოაქვეყნა საკუთარ საიტზე. მასალის კომენტარების ველში მალევე გაჩნდა შეურაცხმყოფელი კომენტარები უძრავი ქონების სააგენტოს მისამართით.

2010 წლის 17 თებერვალს კომპანიამ, რომელიც უძრავი ქონების ვებსაიტებს ფლობდა, აღძრა საქმე MTE-ისა და index.hu-ს წინააღმდეგ. კომპანია ამტკიცებდა, რომ გამოქვეყნებული მოსაზრება და კომენტარები მის რეპუტაციას ლახავდა. უნგრეთის სასამართლომ მოგვიანებით დაადგინა, რომ საიტზე გამოქვეყნებული კომენტარები სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების დასაშვებ ზღვარს. ამასთან, სასამართლომ MTE-სა და „ინდექსს“ 75 ათასი უნგრული ფორინტის (დაახლოებით 250 ევრო) გადახდა დააკისრა. უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ საქმე ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განიხილა.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, თვითრეგულირების ორგანო MTE და ახალი ამბების პორტალი index.hu არ იყვნენ პასუხისმგებელი მათი მკითხველის მიერ დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო. გადაწყვეტილების მიხედვით, უნგრეთის სახელმწიფოს ეკისრება სამი თვის განმავლობაში 5100 ევროს კომპენსაციის გადახდა მოსარჩელეებისათვის.
კატეგორია: ფოტოისტორია
რა ბედი ეწია ბავშვს? ამ კითხვის მოსმენა 1993 წლის გაზაფხულზე გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზის“ რედაქციაში ბევრჯერ მოუწიათ. თუმცა რედაქციის პასუხი მკითხველისათვის დამაკმაყოფილებელი ვერ გამოდგა - გაზეთში არ იცოდნენ, მიაღწია თუ არა მშიერმა, მომაკვდავმა გოგონამ კვების ცენტრამდე.

სამხრეთ აფრიკელ ფოტოგრაფს, კევინ კარტერს, სვავისა და პატარა გოგონას ამ ფოტომ - ალბათ ყველაზე ცნობილმა ფოტომ ფოტოჟურნალისტიკის ისტორიაში - პულიტცერის პრემიასა და ცნობადობასთან ერთად, სტრესი და კრიტიკა მოუტანა.

კევინ კარტერი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში დაიბადა. იგი საშუალო კლასის, მხოლოდ თეთრკანიანებით დასახლებულ სამეზობლოში იზრდებოდა. ბავშვობაში კარტერი ხშირად ხედავდა პოლიციის რეიდებს - როგორ აპატიმრებდნენ არალეგალურად მცხოვრებ შავკანიანებს იოჰანესბურგელი პოლიციელები.

კარტერმა სწავლის ბოლო წლებში თავი დაანება ფარმაცევტულ კოლეჯს. ქვეითი ჯარისათვის თავი რომ აერიდებინა, იგი სამხრეთ აფრიკის საჰაერო ძალებში ჩაეწერა, სადაც 4 წლის განმავლობაში მსახურობდა კიდეც. 1980 წელს იგი შეესწრო, როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას საჰაერო ძალების მოსამსახურეები შავკანიან ოფიციანტს. კარტერმა დაიცვა ოფიციანტი, თუმცა საჰაერო ძალების სხვა მოსამსახურეებმა მას სცემეს. ამის შემდეგ კარტერმა თვითნებურად მიატოვა სამხედრო სამსახური და „დევიდის“ სახელით დაიწყო რადიოდიჯეიდ მუშაობა. საბოლოოდ კი მაინც გადაწყვიტა სამხედრო სამსახურის დასრულება.



1983 წელს იგი პრეტორიაში აფრიკის ნაციონალური კონგრესის სამხედრო ფრთის მიერ ჩარჩ-სტრიტის დაბომბვას შეესწრო. თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა, 217 კი დაშავდა. ამის შემდეგ კარტერმა გადაწყვიტა, ფოტოჟურნალისტი გამხდარიყო.

1984 წელს ფოტოგრაფმა „იოჰანესბურგის ვარსკვლავში“ (Johannesburg Star) დაიწყო მუშაობა. იგი ცდილობდა, ფოტოებით აპარტეიდის სისასტიკე გამოეაშკარავებინა. მან პირველმა გადაიღო სამხრეთ აფრიკული სახალხო დასჯა (ე.წ „ყელსაბამი“ – necklacing), როდესაც მოძალადეები მსხვერპლს თავზე წამოაცვამდნენ ცეცხლმოკიდებულ ბორბალს და მას ცოცხლად წვავდნენ.

კარტერი ამის შესახებ წერდა: „მას შემდეგ, რაც რამდენიმეჯერ ვნახე „ყელსაბამი“ ახალ ამბებში, ვფიქრობ ხოლმე, ხომ არ ასრულებდა კამერა კატალიზატორის როლს? მესიჯი, რასაც მოძალადეები აგზავნიდნენ, აზრს მხოლოდ მაშინ იძენდა, თუკი მედია გააშუქებდა. ყოველი „ყელსაბამი“ გაფრთხილება უფრო იყო, ვიდრე ერთ ადამიანზე ძალადობა. კითხვა, რაც არ მასვენებს, სწორედ ესაა: დაიღუპებოდნენ თუ არა უდანაშაულო ადამიანები, მედიას ეს პროცესი რომ არ გაეშუქებინა“?

შემდეგ იყო „შეშლილთა კლუბი“ და სუდანი. კევინ კარტერისა და სხვა ფოტოგრაფების - გრეგ მარინოვიჩის, კენ უსტერბრუკის და ჟოაო სილვას თავგადასავალი აღწერილია სტივენ სილვერის მხატვრულ ფილმში - „შეშლილთა კლუბი“.

ფოტოგრაფიის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო - „შიმშილი სუდანში“ („გოგონა და სვავი“) - კარტერმა 1993 წლის მარტში გადაიღო. იგი მშიერ, გამხდარ ბავშვს უღებდა სურათს, როდესაც გოგონასთან ახლოს სვავი მიფრინდა. კარტერმა რამდენიმე კადრი გადაიღო და ტერიტორია დატოვა. ბავშვის დატოვების გამო კარტერს ხშირად სდებდნენ ბრალს უმოქმედობაში, გულგრილობასა და ეთიკური ნორმების უხეშ დარღვევაში.

კარტერის მეგობარი ფოტოგრაფის, ჟოაო სილვას ვერსიით, ისინი 1993 წელს გაეროსთან ერთად ჩავიდნენ სუდანში. როგორც სილვამ იაპონელ ავტორს, აკიო ფუჯივარას უთხრა, სუდანელი ბავშვის მშობლები გაეროსაგან საჭმლის მიღებით იყვნენ დაკავებული და სულ მცირე ხნით მიატოვეს ბავშვები უყურადღებოდ. სილვას თქმით, სწორედ ამ სიტუაციაში გადაიღო კარტერმა ცნობილი ფოტო.

1993 წლის 26 მარტს კევინ კარტერის „შიმშილი სუდანში“ ჯერ „ნიუ-იორკ ტაიმზში“ გამოქვეყნდა, ხოლო შემდეგ - მსოფლიოს სხვა ცნობილ გამოცემებშიც გამოჩნდა. კევინ კარტერი ამ ფოტოთი ამხელს საზარელ რეალობას - მასობრივ შიმშილს, სიღარიბეს, ავადმყოფობას, ომის სისასტიკეს და შეიძლება ითქვას, ცვლის კიდეც რეალობას - ამის შემდეგ ინტერესდება „ცივილიზებული დასავლეთი“ სუდანის ბედით, უგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას...

1994 წლის აპრილში კარტერის ფოტომ პულიტცერის პრემია დაიმსახურა.

კევინ კარტერმა 1994 წლის 27 ივლისს მოიკლა თავი.

კევინ კარტერი



მეგობრების მიხედვით, კარტერმა თვითმკვლელობაზე საუბარი ღიად დაიწყო. იგი ნერვიულობდა მის მიერ შეუსრულებელ დავალებებსა და უფულობაზე. როცა „ტაიმისაგან“ 1994 წელს შემოთავაზება მიიღო მოზამბიკში გამგზავრებაზე, სიამოვნებით დასთანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ სამი მაღვიძარა დააყენა, თვითმფრინავმა მაინც გაასწრო. საბოლოოდ, მან მოზამბიკში 6 დღე გაატარა. ამ დღეების შემდეგ იგი იოჰანესბურგში უნდა დაბრუნებულიყო. თვითმფრინავშიც ავიდა, თუმცა მაშინვე მოულოდნელად ჩამოვიდა და თვითმფრინავის სავარძელზე დატოვა რამდენიმე გაუმჟღავნებელი ფირი - ყველა ის კადრი, რაც მოზამბიკში გადაიღო. ამას მოგვიანებით მიხვდა, როცა უკვე მეგობრის სახლში იყო, აეროპორტშიც დაბრუნდა, თუმცა ვერაფერი გააწყო. მეგობრებთან დაბრუნების შემდეგ კი დაუფარავად საუბრობდა თვითმკვლელობაზე.


დოკუმენტური ფილმი - კევინ კარტერის სიკვდილი
კატეგორია: რესურსები
„გონზო ჟურნალისტიკა ეფუძნება უილიამ ფოლკნერის იდეას, რომლის მიხედვითაც საუკეთესო ფიქცია გაცილებით ჭეშმარიტია, ვიდრე ნებისმიერი სახის ჟურნალისტიკა, - და ეს ყოველთვის იცოდნენ საუკეთესო ჟურნალისტებმა“ -
ჰანტერ ს. ტომპსონ

თუკი ჟურნალისტი, ტრადიციული გაგებით, მიუკერძოებელი აუტსაიდერია, რომელიც უბრალოდ აკვირდება და აშუქებს განსაკუთრებულ ამბებს, „გონზო“ პირიქით - მის მიერ მოთხრობილი ამბის უშუალო მონაწილეა.

გონზო, ტრადიციული ჟურნალისტიკისგან განსხვავებით, არ აცხადებს პრეტენზიას ობიექტურობა-მიუკერძოებლობაზე. ხშირად გონზოს ტიპის ნაწერებში ავტორი პირველი პირით მოგვითხრობს სხვადასხვა ამბავს. გონზოს შეუძლია თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკური კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში და არც ანაღვლებდეს მიკერძოებულობა და ტენდენციურობა.

ტერმინი „გონზო“ პირველად ჰანტერ ტომპსონის მისამართით ჟურნალ „ბოსტონ გლოუბის“ (The Boston Globe) რედაქტორმა ბილ კარდოსომ გამოიყენა 1970 წელს. მან ტომპსონის მიერ გამოქვეყნებულ ამბავს - „კენტუკის დერბი დეკადენტური და გარყვნილია“ (The Kentucky Derby Is Decadent and Depraved) - უწოდა „წმინდა გონზო ჟურნალისტიკა“. კარდოსოს მტკიცებით, „გონზო“ სამხრეთ ბოსტონში გავრცელებული ირლანდიური სლენგია, რომელიც მიემართება უკანასკნელ კაცს, რომელიც ღამის ბარში გამართული სმის მარათონის შემდეგ კვლავ ფეხზე დგას.

ჰანტერ ტომპსონი, რომელიც სუბიექტური პერსპექტივის „ახალი ჟურნალისტიკის“ (New Journalism) წინაპრადაც ითვლება, ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ 1973 წლის 15 თებერვლის გამოცემაში წერდა: „მე რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში დამეწერა ყველა ის ნამდვილი ამბავი, რაც ვიცი, დაახლოებით 600 ადამიანი (ჩემი ჩათვლით) რიოდან სიეტლამდე ახლა საკანში იქნებოდა. აბსოლუტური სიმართლე უკიდურესად იშვიათი და საშიშია პროფესიულ ჟურნალისტიკაში“...


ჰანტერ ტოპსონი


გასული წლის მაისში ვაკოში (ტექსასი) ბაიკერების ბანდებს შორის დაპირისპირება მრავალმა მედიასაშუალებამ გააშუქა - ამ ცნობილი ინციდენტის შედეგად 9 ბაიკერი დაიღუპა და 18 დაშავდა. შემთხვევის შემდეგ ამბავზე მუშაობის განსხავებულ ხედვას გვთავაზობს „გარდიანის“ სპეციალური კონტრიბუტორი, ბრედლი გარეტი.

ბრედლი გარეტი არა პროფესიონალი ჟურნალისტი, არამედ სოციალური და კულტურული გეოგრაფი და ეთნოგრაფია. გარდიანზე გამოქვეყნებულ სტატიაში („რატომაა აუცილებელი გონზო ჟურნალისტიკა ქალაქებისა და კულტურების გასაგებად“) იგი წერს: „როგორც ეთნოგრაფს, ამ ამბებში (ბაიკერების დაპირისპირება) მე ბაიკერების კულტურა უფრო მაინტერესებს. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა ჰანტერ ტომსპონისათვის მიგვებაძა - მან დიდი ხანი გაატარა „ჯოჯოხეთის ანგელოზების” მოტოციკლისტთა კლუბში (ჰანტერ ტომპსონი - Hells Angels MC). როგორც ამბობენ, კულტურის გასაგებად ერთადერთი გზა არსებობს - იცხოვრო ამ კულტურაში“.

ბრედლი გარეტს საკუთარი გამოცდილებიდან მოჰყავს მაგალითები გონზო ჟურნალისტიკის და სუბკულტურებთან ახლოს მუშაობის, მათთან ცხოვრების მნიშვნელობის ხაზგასასმელად: იხსენებს ლონდონში მოგზაურობას - როდესაც არ იცნობდა არც ფოტოგრაფიასა და არც ურბანულ კვლევებს, როგორ აღმოაჩინა „ლონდონის კონსოლიდაციის ეკიპაჟი“ (London Consolidation Crew), მათთან ერთად იხილა ინგლისის ვიქტორიანული ფსიქიატრიული საავადმყოფო, მიტოვებული საბჭოთა სამხედრო ბაზა ბერლინის შემოგარენში, როგორ გადმოაწყო ფეხები 80-სართულიანი ცათამბჯენიდან ჩიკაგოში, როგორ გაიარა ფორტ-ბრიჯზე ედინბურგში და ა.შ. იქვე გარეტი საინტერესო მოსაზრებას წერს: „როგორც აკადემიურ დისციპლინებს შორის ქრება საზღვარი, ასევე მყიფეა იგი კვლევასა და ჟურნალისტიკას შორის... ჟურნალისტ-მკვლევრის გამჭოლ მზერას შეუძლია სიღრმისეულ ამბებში ძიება და ამბებზე დარჩენა, დაკვირვებიდან მონაწილეობამდე არსებული ხაზის გადალახვა“.

ფორტ ბრიჯი ედინბურგში



ჩვეულებრივ, ეთიკური სტანდარტების დამცველი პროფესიონალი ჟურნალისტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს თავს უფლებას, იყოს არაეთიკური ან დაარღვიოს კანონი, როდესაც მის მიერ მომზადებული მასალის გავლენა მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს. იგი, ფაქტობრივად, საკუთარ თავს - პირად ცხოვრებას, ავტორიტეტს, ჟურნალისტურ ამბავს სწირავს. საინტერესოა, რომ გონზო ჟურნალისტიკის შემთხვევაში ეს რთული ეთიკური დილემა კიდევ უფრო იხლართება. ამის მიზეზი არის ის, რომ გონზო, ფაქტობრივად, ჟურნალისტიკის, სოციოლოგიის, ეთნოგრაფიისა და სხვა სოციალური მეცნიერებებისა და მწერლობის ნაზავია. ამ ყველაფერს მოაქვს სირთულეებიც - ყველა სფეროს საკუთარი ეთიკური სტანდარტები აქვს, თუმცა მწერლობა, როგორც ყველაზე მნიშნელოვანი ასპექტი გონზოსთვის, დაცლილია ყოველგვარი ცენზურისა და თვითცენზურისაგან. გონზო ჟურანლისტები არ იკავებენ თავს, წერონ სლენგზე, გამოიყენონ „ქუჩური მეტყველება“, არ ერიდებიან ბილწსიტყვაობას და ა.შ.

შესაბამისად, გონზო ჟურნალისტური ტექსტი მეტწილად ლიტერატურულ ტექსტად შეიძლება აღვიქვათ - ლიტერატურად, ოღონდ ჟურნალისტური რეფერენსებით. მართლაც, ეს ტექსტები ხშირად წიგნებად გამოდის და ძალიან დიდი მოცულობისაა. შესაბამისად, წმინდა ჟურნალისტური ეთიკური პრინციპებით ხელმძღვანელობა აქ თვითცენზურას ნიშნავს, რაც ტექსტზე აუცილებლად აისახება და რეალობის აღქმას გაართულებს.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
სირიელი ჟურნალისტი ზაჰერ ალ-შურქათი ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS-ის), მორიგი მსხვერპლი გახდა. იგი 10 აპრილს სამხრეთ თურქეთში, ქალაქ გაზიანტეპში დაიჭრა.

ალ-შურქათი სირიული ონლაინ გამოცემისათვის, „ალეპო თუდეისათვის“ მუშაობდა, მიჰყავდა გადაცემა „ცეცხლის ხაზები“ და ამზადებდა სიუჟეტებს გადაცემისათვის „სანგრებიდან: ჯიჰადის კონცეფცია“. მას კიდევ ერთი გადაცემა მიჰყავდა - „ისლამური სახელმწიფო ლიდერების თვალით“ - სადაც ინტერვიუებს წერდა სხვა რელიგიური ჯგუფების ლიდერებთან, რომლებიც ISIS-ის მიმართ კრიტიკულები იყვნენ.

36 წლის სირიელი ზაჰერ ალ-შურქათი მეოთხე ჟურნალისტია, რომელიც 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ „ისლამურ სახელმწიფოს“ ემსხვერპლა. ტერორისტულმა ორგანიზაციამ გასული წლის 30 ოქტომბერსა და 27 დეკემბერს აიღო პასუხისმგებლობა სირიელი ჟურნალისტების, იბრაჰიმ აბდ ალ-ქადერის, ფარეს ჰამადისა და ნაჯი იერფის სიკვდილზე.

ჟურნალისტების დამცველი კომიტეტის (CPJ-ის) მონაცემების მიხედვით, 2016 წელს მსოფლიოს მასშტაბით უკვე 10 ჟურნალისტი დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. 2015 წელს კი მსოფლიოში, საერთო ჯამში, 71 ჟურნალისტი მოკლეს.

ინფოგრაფიკაზე გამოსახულია 2015 წელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს, ან ჟურნალისტური საქმიანობის გამო მოკლული/ დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით. //
კატეგორია: რესურსები
მედიაჩეკერი გთავაზობთ ხუთ ფილმს ჟურნალისტიკაზე. ფილმების ნაწილი გახმაურებულ სკანდალებს, ნაწილი კი საინტერესო ეთიკურ დილემებს ეხება:

„პრეზიდენტის მთელი ამალა“ (1976)

1972 წლის 17 ივნისს უოტერგეიტის კომპლექსის დაცვის სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომ კომპლექსში შესასვლელი ერთ-ერთი კარი ღია იყო. პოლიციამ ადგილზე ხუთი მძარცველი დააკავა. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული საქმე მნიშვნელობას იძენს, როდესაც ამბის გასაშუქებლად მივლენილი „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი მძარცველებს „სიაიეის” (CIA - ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ყოფილ თანამშრომელსა და პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის პირველ მრჩეველს დაუკავშირებს.

ალან ჯ. პაკულას ეს ფილმი გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ რეპორტიორების, ბობ ვუდვორდსისა და კარლ ბერნსტაინის მიერ უოტერგეიტის სკანდალის გამოძიების ამბავს მოგვითხრობს - გამოძიებისა, რომელმაც პულიტცერის პრემია დაიმსახურა. ვუდვორდსისა და ბერნსტაინის როლებს რობერტ რედფორდი და დასტინ ჰოფმანი ასრულებენ. „პრეზიდენტის მთელი ამალა“ კი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორ ასრულებს პრესა დემოკრატიულ საზოგადოებაში ე.წ „მეოთხე ხელისუფლებისა“ და მოდარაჯე ძაღლის ფუნქციას

„ძილი ნებისა და წარმატებებს გისურვებთ“ (2005)
2005 წელს გადაღებულ ამ შავ-თეთრ ფილმში მოქმედება 1953 წელს ვითარდება - ტელეჟურნალისტიკის გარიჟრაჟზე. ამერიკული ტელევიზიის, სიბიესის (CBS-ის) ცნობილი ჟურნალისტი, ედვარდ მაროუ, თავდადებულ თანამშრომლებთან ერთად ცდილობს, ამხილოს აშშ-ის სენატორი ჯოზეფ მაკკარტი და მის მიერ დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა - „მაკკარტიზმი“. ფილმის რეჟისორი ჯორჯ კლუნია, რომელიც, ამავე დროს, ედვარდ მაროუს თანაპროდიუსერის, ფრედ ფრენდლის, როლს ასრულებს. ედვარდ მაროუს როლში დევიდ სტრეთეირნია, „სიბიესის“ კიდევ ერთ რეპორტიორს, ჯოზეფ ვერშბას კი რობერტ დაუნი ჯუნიორი თამაშობს.




„ღამის ქვეწარმავალი“ (2014)


ასე შეიძლება ვთარგმნოთ რეჟისორ დენ გილროის სადებიუტო ნამუშევარი - „ნაითქროლერი“ (Nightcrawler). ეს სიტყვა ორი მნიშვნელობით შეიძლება გავიგოთ: ერთ შემთხვევაში იგი ნიშნავს ადამიანს, რომელიც ღამითაა აქტიურ სოციალურ ცხოვრებაში ჩაბმული, მეორე მნიშვნელობით იგი აღნიშნავს მიწის ჭიას, რომელიც დედამიწის ზედაპირზე მხოლოდ ღამით ამოდის.


ჯეიკ ჯილენჰოლის (მთავარი) პერსონაჟიც ღამღამობით გამოდის „კადრებზე სანადიროდ“. თავდაპირველად ის რიგითი ხელმოცარული ახალგაზრდაა, თუმცა მას შემდეგ რაც ოპერატორობით დაინტერესდება და ადგილობრივ ტელევიზიასთანაც დაიწყებს კონტრიბუტორად მუშაობას, ლუ ბლუმი საკმაოდ წარმატებული და ამბიციური „ჟურნალისტი“ ხდება. ის ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ ექსკლუზიური (ხშირად შემზარავი) კადრები გადაიღოს. ფილმი ამ კუთხით დაგვაფიქრებს პროფესიულ, ჟურნალისტურ ეთიკაზე.



ყურადღების ცენტრში (Spotlight) - 2015

2001 წელს გაზეთ „ბოსტონ გლოუბის“ ახალი რედაქტორი „გლოუბის“ გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის, „სფოთლაითის“ ხელმძღვანელს ხვდება. ჯგუფი ჩვეულებრივ გრძელვადიანი ჟურნალისტური გამოძიებებითაა დაკავებული. რედაქტორი მათ უბიძგებს, გამოიძიონ, აფარებდა თუ არა ხელს ბოსტონის არქიეპისკოპოსი, კარდინალი ბერნარდ ფრენსის ლოუ, სასულიერო პირებს, რომლებიც პედოფილიაში იყვნენ მხილებულნი. პულიტცერის პრემიის მფლობელი ჟურნალისტური გამოძიების ეკრანიზაცია 2015 წლის ოსკაროსანი გახდა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში. ფროსტი/ნიქსონი (2008) 1972 წლის უოტერგეიტის სკანდალის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი გადადგა. სკანდალიდან წლის შემდეგ, ინგლისელი ჟურნალისტი, დევიდ ფროსტი ყოფილ პრეზიდენტთან ინტერვიუების სერიისათვის ემზადება. მას სურს, ნიქსონისაგან აღიარება მოიპოვოს, თუმცა აღმოჩნდება, რომ ინტერვიუებში რესპონდენტი აშკარად დომინანტია და თავის გამართლების ნაცვლად, საგარეო პოლიტიკაში საკუთარ მიღწევებზე საუბრობს. ამავე სახელის სცენარი თავდაპირველად თეატრისათვის დაიწერა 2006 წელს, 2008 წლის ეკრანიზაციაში კი ფროსტისა და ნიქსონის როლებს თეატრის მსახიობები - მაიკლ შინი და ფრენკ ლანგელა ასრულებენ. „ფროსტი და ნიქსონი“ ოქროს გლობუსისა და ოსკარის ხუთ-ხუთ ნომინაციაში იყო წარდგენილი.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
მას შემდეგ, რაც 2015 წლის სექტემბერში ხმელთაშუა ზღვამ 3 წლის სირიელი ბიჭის, აილან კურდის, უსიცოცხლო სხეული თურქეთის სანაპიროზე გამორიყა, მიგრანტების კრიზისი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

„მსოფლიო პრესის ფოტოს“ მულტიმედიური კონკურსის ბოლო წლის ნომინანტებიდან რამდენიმე ამბავი სწორედ მიგრანტების კრიზისზე მოგვითხრობს. ამავე თემატიკის გაშუქებისათვის გადაეცა წელს „ნიუ-იორკ ტაიმზს“ პულიტცერის პრიზი (ახალი ფოტო-ამბების ნომინაციაში).

ფოტო: © სერგეი პონომარევი/გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმზი“/16 ნოემბერი, 2015 - მიგრანტები ბერძნული კუნძულის, ლესბოსის სანაპიროს მოადგნენ. ნავის პატრონმა 150 ადამიანი მოიყვანა საბერძნეთის სანაპიროზე და უკან, თურქეთში სცადა დაბრუნება. იგი თურქეთის საზღვაო ტერიტორიაზე დააკავეს.


ლტოლვილთა კრიზისი ძალიან „მოდური“ გახდა საერთაშორისო მედიისათვის. ყოველდღიურად ათობით ფოტოგრაფი ელოდება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებთან მიგრანტებით სავსე ნავების მოსვლას, რათა შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღოს.

საკითხის „პოპულარობის“ ფონზე, ჟურნალისტურ წრეებში ახალი დისკუსია წამოიჭრა: როგორ აშუქებს მედია მიგრანტების კრიზისს? ამ თემაზე სასაუბროდ ლონდონის ეკონომიკის სკოლაში „პოლის კონფერენციაზე“ ჟურნალისტები და რედაქტორები შეიკრიბნენ.

„ბევრი ჟურნალისტი ტურისტივით უფრო იქცევა, ვიდრე მიგრაციაზე მომუშავე კორესპონდენტივითო“ - თქვა კონფერენციაზე იტალიური ყოველდღიური გაზეთის, „ლა სტამპას“, რედაქტორმა ანა მასერამ. მისი თქმით, ეს ჟურნალისტები ვერ ახერხებენ ადამიანური ისტორიების გააზრებას და ამბებს ირაციონალურად აშუქებენ.

„ისინი ყვებიან გულისამაჩუყებელ ისტორიებს ისე, რომ არ ეხებიან პოლიტიკას, არც სტატისტიკური მონაცემების მითითებით იწუხებენ თავს და არც ამ მონაცემების განმარტებით“ - თქვა „ლა სტამპას“ რედაქტორმა და დასძინა, მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღება კრიზისის გაშუქებისას საკმარისი არ არისო: „ჩვენ კონსტრუქციული ჟურნალისტიკა გვჭირდება და პრობლემის ახსნის მაღალი ხარისხი. ვის ადარდებს ფოტოების მაღალი რეზოლუცია?“

სიენენის საერთაშორისო კორესპონდენტი კლარისა უორდი ამბობს, რომ სირიის გაშუქებისას უამრავ პრობლემას აწყდება, რაც მუშაობას სახიფათოს ხდის. „ჩვენში (ჟურნალისტებში) დაყოფის ტენდენცია შეიმჩნევა - ისე ვსაუბრობთ მიგრანტების კრიზისსა თუ „ისლამურ სახელმწიფოზე“ (ISIS), თითქოს ისინი ვაკუუმში წარმოიქმნა. ამ ამბებს სწორად ვერ მოვყვებით, თუკი პრობლემას არ ჩავუღმავდებით“ - ამბობს კლარისა უორდი.

„ბაზფიდ ნიუზის“ უფროსმა რეპორტიორმა როზალინ უორენმა კიდევ ერთ ნაკლებად გაშუქებულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება: ლტოლვილთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

უორენმა 17 წლის სირიელი გოგონას ამბავი გააშუქა: გოგონა, სახელად ნეჰადი, „ისლამურ სახელმწიფოს“ გამოექცა და ახლა ცდილობს, თავიდან დაიწყოს ცხოვრება. მსგავსი ისტორიები ხშირად იწერება ხოლმე, თუმცა ნაკლები ყურადღება ეთმობა შემდეგ განვითარებულ მოვლენებს - რა ბედი ეწევათ სტატიების „გმირებს“, როგორია ფსიქიკური მდგომარეობა გოგონებისა, ვინც წამება და ძალადობა გამოიარა? როზალინ უორენი ამბობს, რომ „მიგრანტთა კრიზისი გრძელდება. გოგონები შეიძლება გამორბიან სირიიდან, თუმცა გამოქცევით მათი ტანჯვა არ სრულდება“ .

ნეჰადის შესახებ „ბაზფიდის“ სტატიის გამოქვეყნებას მკითხველთა დადებითი რეაქცია მოჰყვა. აუდიტორია კარგად შეხვდა ამბავს, რომლის გმირიც „გადარჩენილი ქალი“ იყო და არა „მსხვერპლი“.

უორენის თქმით, მნიშნველოვანია, მეტი ვიფიქროთ, როგორ შეიძლება გავაშუქოთ მიგრანტთა ახლანდელი პრობლემები, „როგორ მივაწვდინოთ ლტოლვილთა ამბები აუდიტორიას“?

მომზადებულია journalism.co.uk-ის სტატიის მიხედვით
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
გამოვლინდა „ვორლდ პრეს ფოტოს“ (მსოფლიო პრესის ფოტოს - WPP) მეექვსე ყოველწლიური მულტიმედია კონკურსის ფინალისტების სია. წლევანდელ კონკურსში შესული 369 განაცხადიდან ჟიურიმ 12 ნომინანტი გამოავლინა 4 კატეგორიაში. „მედიაჩეკერი“ გთავაზობთ საფინალო ნამუშევრების მოკლე მიმოხილვას.

კატეგორია: ამბის თხრობის მრავალგანზომილებიანი სტილი

1.უიმედო მოგზაურობა - ნიუ-იორკ ტაიმზი

27 ივლისის დილას ორი მცირე ზომის სათევზაო ნავი ხმელთაშუა ზღვაში ტივტივებს. ბორტზე 733 მიგრანტია, მათგან 59 - ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი. მიგრანტების უმრავლესობა გაღარიბებული აფრიკული სახელმწიფოდან, ერითრეადან გამორბის და ევროპაში სურს გადასვლა. ჟურნალ „ნიუ-იორკ ტაიმზის“ შერეული მედიის ტიპის (მიქსდ-მედია) ამბავი მიგრანტების კრიზისზე განსხვავებული კუთხით მოგვითხრობს - ფოტოგრაფი და ტექსტის ავტორი ამბავს აუდიო სლაიდშოუებისა და ტექსტის მონაცვლეობით გვიყვებიან.

2. სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ - NPR

მსოფლიო თანდათანობით ივიწყებს ებოლას ვირუსს. ლიბერიის დედაქალაქთან ახლომდებარე პატარა სოფელი ბარკედუ კი ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. აქ ეპიდემიის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კერა იყო და მოსახლეობას ჯერაც უჭირს ცხოვრების ჩვეულ ტემპში დაბრუნება. NPR-ის ამბავი სწორედ ამ ადამიანებზე მოგვითხრობს.

3. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარკერსბურგში - ჰაფინგტონ პოსტი

1940-იანი წლების ბოლოს კორპორაცია „დუპონმა“ (DuPont) დასავლეთ ვირჯინიაში, პარკერსბურგში, ქარხანა ააშენა. დაწესებულებამ ხელოვნური მასალის, ტეფალის, რევოლუციური წარმოებით გაითქვა სახელი. თუმცა „დუპონის“ მმართველებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ ტეფალის მისაღებად აუცილებელი ქიმიური ნაერთი C8 მომწამვლელი იყო. ათწლეულების განმავლობაში „დუპონი“ გულმოდგინედ მალავდა C8-ის მავნებელ თვისებებზე ინფორმაციას. მთელი ამ დროის განმავლობაში პარკერსბურგელები გაუაზრებლად სვამდნენ ქიმიურად დაბინძურებულ წყალს. ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი თანდათან გაუარესდა - თინეიჯერებში გახშირდა სათესლე ჯირკვლის სიმსივნე, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), თანდაყოლილი გენეტიკური პათოლოგიები. 2015 წლის სექტემბერში პარკერსბურგელებმა 3500 სარჩელი შეიტანეს სასამარლოში „დუპონის“ წინააღმდეგ. რეპორტიორი მერაია ბლეიკი ჩავიდა ამერიკულ ქალაქში და ესაუბრა უამრავ ადამიანს, ვინც კორპორაციის წინააღმდეგ იბრძოდა. სწორედ ისაა „ჰაფინგტონ პოსტის“ ამ შვიდნაწილიანი მულტიმედია ამბის ავტორი.

კატეგორია: ამბის ინოვაციური თხრობა

1. იძულებით გადაადგილებულები - ნიუ იორკ ტაიმზი

ამჟამად, ომისა და სხვა სირთულეების გამო, მსოფლიოში თითქმის 60 მილიონი ადამიანია იძულებით გადაადგილებული საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან. ეს ლტოლვილთა ყველაზე დიდი მაჩვენებელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მიგრანტების ნახევარს ბავშვები შეადგენენ. "ნიუ-იორკ ტაიმზის" ეს ინოვაციური მულტიმედია ამბავი ტექსტით, ფოტოებითა და ვირტუალური რეალობით გვიამბობს სამი მათგანის ბედზე. ამბის სრულყოფილად ნახვა „ნიუ-იორკ ტაიმზის“ სპეციალური მობილური აპლიკაციითაა შესაძლებელი.

2.გარფიკული მოგონებები, უგანდელი ქალების ამბები - ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი

"გრაფიკული მოგონებები" აღწერს უგანდელი ქალების სიმამაცეს: მათ მოუწიათ განცდილი საშინელებების შემდეგ პოსტ-ტრავმული სტრესისა და სტიგმატიზაციის გადატანა. გრაფიკებიდან ვიგებთ იმ სირთულეების შესახებაც, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები აწყდებიან ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლაში. ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრისა და ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი ფოტოგრაფ მარკ ელისონსა და ილუსტრატორ კრისტიან მაფიგინის ეკუთვნით.

3.გრენლანდია დნება - ნიუ იორკ ტაიმზი

გრენლანდიის ყინულოვანი საფარი კლიმატის ცვლილების წინა ხაზზეა. წლებია, რაც მეცნიერები გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე გლობალური დათბობის ზეგავლენას იკვლევენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელი მიუწვდებათ სატელიტურ სურათებზე და, შესაბამისად, წინასწარ იციან, თუ როდისთვის უნდა ელოდონ ყინულის მთების დნობას, მეცნიერებს არ მოეპოვებათ ინფორმაცია ადგილზე, ამიტომაც ვერ ახერხებენ, განსაზღვრონ, რამდენად სწრაფად აიწევს ზღვის დონე. მულტიმედია რეპორტიორ ჯოშ ჰანერისა და მრავალრიცხოვანი ჯგუფის მომზადებული პროექტი შთამბეჭდავი ფოტოებით, ვიდეოებითა და ინტერაქტიული რუკებით გრენლანდიის მოსალოდნელ პრობლემებზე მოგვითხრობს.

კატეგორია: მოკლემეტრაჟიანი ფილმები

1. "შეჭრა"

2004 წელს ფოტოგრაფმა მიკელ არისტეგმა კამბოჯაში იმოგზაურა და დედაქალაქ პნომ-პენის ქუჩებში მცხოვრები ბავშვები გადაიღო. მაშინ ის 11 წლის ბიჭს, პიჩს შეხვდა. პიჩი წებოსა და მეტამფეტამინზე იყო დამოკიდებული და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლის“ სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობდა. პიჩი მკურნალობის 1 წლის შემდეგ სარეაბილიტაციო ცენტრიდან გაიქცა. 2013 წელს მიკელ არისტეგი ხელახლა ჩადის პნომ-პენში და განზრახული აქვს, იპოვოს პიჩი - ნახოს, თუ როგორ ცხოვრობს კამბოჯელი ბიჭი ახლა. ფოტოგრაფი ნარკოტიკებზე დამოკიდებული „დაკარგული თაობის“ ისტორიას ამაღელვებელ ამბად აქცევს.

2. "დანებება"

გამოცემა "ინტერსეპტის" დოკუმენტური ფილმი "დანებება" აღწერს, თუ როგორ დააბრალეს სტივენ კიმს ჯაშუშობა 2010 წელს მას შემდეგ, რაც ფოქს ნიუზის რეპორტიორ ჯეიმს როზენს საიდუმლო ინფორმაცია გაუმხილა. ფილმი ახლოდან გვიჩვენებს კიმის ბრძოლას, - თუ როგორ უმკავდება იგი ბრალდებებს და ცდილობს, თავი დააღწიოს განსაცდელს. დოკუმენტური ფილმი ამხელს ამერიკული მთავრობის დაპირისპირებას პრესასთან - საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების გამო ობამას ადმინისტრაციამ იმაზე მეტჯერ დასაჯა ადამიანები, ვიდრე სხვა ყველა აქამდე მოქმედმა ადმინისტრაციამ ერთად.

3. წელიწადი კოსმოსში

ეს ინტერაქტიული დოკუმენტური ფილმი ასტრონავტ სკოტ კელის მიჰყვება კოსმოსში. ფილმი ნაწილია ამბიციური ექსპერიმენტისა, რომელიც ამოწმებს, შესაძლებელია თუ არა, ადამიანის ოცნება, იმოგზაუროს მარსზე, ოდესმე ასრულდეს. ჟურნალ „ტაიმის“ ფილმის შემქმნელები ასტრონავტის კოსმოსურ ქრონიკებს 11-ნაწილიან ფილმად კრავენ.

კატეგორია: მოკლემეტრაჟიანი ფილმი

1. "ფატიმას ნახატები"

ფატიმას ესიზმრება, რომ გემიდან ვარდება. როცა სირიის ეროვნულმა არმიამ განურჩევლად ამოხოცა სირიის ქალაქ იდლიბის მოქალაქეები, ფატიმა დედასთან და და-ძმასთან ერთად ლიბანში გაიქცა. ლიბანის ლტოლვილთა ბანაკში ორი წლის გატარების შემდეგ, ოჯახის მდგომარეობა აუტანელი გახდა. ისინი იძულებულნი გახდნენ, ამჯერად ლიბიაში წასულიყვნენ. გადაჭედილი ნავით მათთან ერთად ფეხმძიმე ქალი მგზავრობდა. მხურვალე მზეზე 12-საათიანი ტანჯვის შემდეგ, მკვდრადშობილი ბავშვის სხეული ნავიდან გადააგდეს. ფატიმამ ყველაფერი დაინახა. ახლა ის შვედეთში, ქალაქ ნორბერგში ცხოვრობს, დადის სკოლაში და ცხოვრებისთვის ფეხის აწყობას ცდილობს. ნახატების მეშვეობით კი სირიიდან შვედეთამდე მოგზაურობის მოგონებებისგან თავისუფლდება. ეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის მის შესახებ მოგვითხრობს.

2. "მეი"


ჩინეთის მაღალმთიან სოფელ ჰანგშაში 13 წლის ში ლონგ მეი მომღერლობაზე ოცნებობს. მშობლებს წელიწადში ერთხელ ნახულობს. სანამ ისინი დიდი ქალაქებში მუშაობენ, მეი ბეჯითად სწავლობს სკოლაში - დილის ექვსიდან საღამოს ცხრა საათამდე, რათა ჰქონდეს შესაძლებლობები, რაც მის მშობლებს არასოდეს ჰქონიათ. 1978 წლიდან ჩინეთმა მსოფლიო ისტორიაში უდიდესი შიდა მიგრაციის ტალღები გადაიტანა. 160 მილიონამდე ადამიანმა დატოვა სოფლები სამსახურის შოვნის იმედად. სწრაფად მზარდ ურბანიზაციას მნიშვნელოვანი მინუსებიც აქვს: 60 მილიონზე მეტი ჩინელი ბავშვი მშობლებისგან მოშორებით ცხოვრობს - მშობლები იძულებულნი არიან, ასობით მილის დაშორებით წავიდნენ სამუშაოდ. ფილმი „მეი“ მიგრაციაზე ამ კუთხით დაგვაფიქრებს.

3. "ზეის აღზრდა"


ზეი კროუფორდი მცირე ასაკიდანვე გრძნობდა, რომ ბიჭის სხეულში იყო გამოკეტილი. სქესობრივი მომწიფების ასაკის მოახლოებისას მას სხეულში იმპლანტი ჩაუდგეს, რამაც ჩაახშო სქესობრივი მომწიფების პროცესი. ეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ერთი ოჯახის თავგადასავალზე გვიამბობს - მათი 12 წლის ქალიშვილის აღქმისა და მიღების პროცესზე.
კატეგორია: ეთიკური დილემა
როგორ თანამშრომლობდა „ესოშიეითიდ პრესი“ ნაცისტებთან 2016-04-04 „ესოშიეითიდ პრესის“ (AP) ჰიტლერის რეჟიმთან ფორმალური შეთანხმებით, ახალი ამბების სააგენტო ნაცისტური პროპაგანდის მიერ მოწოდებულ მასალებს აქვეყნებდა - სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა გერმანელი ისტორიკოსი ჰარიეტ შარნბერგი საარქივო დოკუმენტების შესწავლის შემდეგ. იგი ხსნის, თუ როგორ თანამშრომლობდა გამოცემა ნაცისტურ გერმანიასთან იმ პირობით, რომ ჰიტლერის რეჟიმს მისი გაშუქება ზიანს არ მოუტანდა.

„გარდიანის“ ცნობით, როდესაც გერმანიაში ნაცისტურმა პარტიამ 1933 წელს ხელთ იგდო ძალაუფლება, მისი მიზანი არა მხოლოდ ნაციონალური, არამედ საერთაშორისო პრესის კონტროლი გახდა: გამოცემა „გარდიანი“ გერმანიაში ერთი წლით აიკრძალა. 1935 წელს კი მსხვილი ინგლისურ-ამერიკული სააგენტოები - „ქისტოუნი“ და „ვაიდ ვორლდ ფოტოსი“ - ებრაელი თანამშრომლების დასაქმების გამო იძულებული გახდნენ გერმანული ბიუროები დაეხურათ.

AP „ესოშიეითიდ პრესი“ ერთადერთი დასავლური სააგენტო იყო, რომელიც იმ პერიოდის გერმანიაში არ დაუხურავთ. ის მუშაობას აგრძელებდა 1941 წლამდე - სანამ აშშ მეორე მსოფლიო ომში არ ჩაერთო. შესაბამისად, 1941 წლამდე იგი მომგებიან სიტუაციაში იყო - აშუქებდა ახალ ამბებს ტოტალიტარული რეჟიმიდან.

თანამედროვე ისტორიის კვლევის აკადემიურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში ისტორიკოსი ჰარიეტ შარნბერგი მიუთითებს, რომ AP მხოლოდ იმიტომ ახერხებდა გერმანიიდან მაუწყებლობას, რომ ნაცისტურ რეჟიმთან გარიგებაში შევიდა. ნიუ-იორკში განთავსებული რედაქცია ემორჩილებოდა ცენზურას - ე.წ „სარედაქციო კანონზე“ ხელის მოწერით, AP პირობას დებდა, რომ არ გამოაქვეყნებდა მასალას, რომელიც „რაიხის რეჟიმის დასასუსტებლად იყო გათვლილი უცხოეთსა თუ გერმანიაში“. შეთანხმების ძალით, AP-ს თანამშრომლებად აჰყავდა ადამიანები, ვინც ნაცისტური პარტიის პროპაგანისტულ მანქანაში იყვნენ ჩაბმულები.

„ესოშიეითიდ პრესის“ ოთხი ფოტოგრაფიდან ერთ-ერთი - ფრანც როთი - ესესის სამხედრო პროპაგანდის განყოფილების წევრი იყო. მის ფოტოებს თავად ჰიტლერი არჩევდაო - წერს გერმანელი ისტორიკოსი. AP-მა ისტორიკოს შარნბერგის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ფრანც როთის ფოტოები ვებსაიტიდან აიღო.

AP-ი ასევე ნებას რთავდა ნაცისტურ რეჟიმს, გამოეყენებინა რედაქციის ფოტოარქივები ანტისემიტური პროპაგანდისტული ლიტერატურისათვის. პუბლიკაციებზე, რომლებშიც გამოცემის ფოტოებია გამოყენებული, ანტისემიტური განწყობებია გამოხატული - არსებობდა ბროშურა „ქვეადამიანები“, ბუკლეტი „ებრაელები ამერიკაში“. ამ ბროშურაზე AP-ის ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოა გამოყენებული, ფოტოზე კი გამოსახულია ნიუ-იორკის მაშინდელი მერი ფიორელი ლაგუარდია.

1941 წლსი ივნისში გერმანელები დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში შეიჭრნენ. ნაცისტებმა კომუნისტების თავდასხმებს ლვოვის ებრაელი მოსახლეობის დარბევით უპასუხეს. AP-ის ფოტოგრაფ ფრანც როთის მიერ ლვოვის ციხეებში გადაღებული მკვდარი ადამიანების ფოტოები კი პირადად ადოლფ ჰიტლერმა შეარჩია და ამერიკულ პრესაში AP-ის დახმარებით გაავრცელა. იმის ნაცვლად, რომ ეჩვენებინათ ებრაელი მოსახლეობის დარბევის ფოტოები, ამერიკულმა პრესამ მხოლოდ საბჭოთა კავშირის მსხვერპლთა ფოტოები დაბეჭდა იმის საჩვენებლად, რომ წითელი არმია სასტიკი კრიმინალებისაგან შედგებოდაო - უთხრა შარნბერგმა „გარდიანს“.

„შესაძლებელია ითქვას, რომ ამ ფოტოებმა მნიშნველოვანი როლი შეასრულა ნაცისტების მიერ წარმოებული ომის ნამდვილი სახის დაფარვაში. AP-ის მიერ მოვლენების გაშუქების კუთხე ემთხვეოდა ნაცისტური გერმანიის ინტერესებს, ომის გერმანულ ნარატივს“ - ამბობს ისტორიკოსი. შარნბერგის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ესოშიეითიდ პრესმა“ მის ბრალდებებს უპასუხა. გამოცემის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ისტორიკოსის მასალაში აღწერილია „ცალკეული პირები და მათი გადაწყვეტილებები, რაც უცნობი იყო გამოცემისათვის“. მათი თქმით, AP ახლა სწავლობს კონკრეტულ დოკუმენტებს, რათა „მეტი ინფორმაცია მიიღოს ნახსენებ პერიოდზე“.

„ესოშიეთიდ პრესის“ სპიკერმა გარდიანს უთხრა: „ვაგრძელებთ საკითხის მოკვლევას, თუმცა უარვყოფთ, რომ გამოცემა განზრახ თანამშრომლობდა ნაცისტებთან. უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა, რომ AP სხვა მედიასაშუალებებთან ერთად ცდილოდა გამკლავებოდა ნაცისტური რეჟიმის ინტენსიურ წნეხს. AP-ის მენეჯმენტი ეწინააღმდეგებოდა რეჟიმს, როდესაც ცდილობდა, ზუსტი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ობიექტური ახალი ამბები მოეთხრო ბნელ და საშიშ დროს“.

„ამ ამბის გახმაურების შემდეგ გაიხსენეს, რომ AP-ის მისამართით კითხვები 2012 წელსაც გაჩნდა. ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში „ესოშიეითიდ პრესის“ ბიუროს გახსნის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ ეჭვი შეიტანა გამოცემის კორეული ბიუროს მიუკერძოებლობაში - AP პირველი სააგენტო იყო, ვინც ჩრდილოეთ კორეიდან მაუწყებლობდა“ - წერს გარდიანი.

„ესოშიეითიდ პრესის“ ფხენიანის ბიუროს არ გაუშუქებია მნიშვნელოვანი მოვლენები: ჩრდილოეთ კორეელი პოლიტიკოსის, კიმ იონგ-უნის ექვსკვირიანი „გაუჩინარება“, კიბერთავდასხმა „სონიზე“ 2014 წელს, რის უკანაც ჩრდილოეთ კორეული კიბერთავდასხმის სააგენტო იდგა, შიმშილი სამხრეთ ჰვანგაეს პროვინციაში 2012 წელს და ა.შ.

ნატე თაიერმა, „ესოშიეითიდ პრესის“ ყოფილმა კორესპონდენტმა კამბოჯაში, „გარდიანს“ უთხრა, როგორც ჩანს, AP-მ ისტორიიდან ბევრი ვერაფერი ისწავლა: „მტკიცება იმისა, რომ ჩრდ. კორეა არ აკონტროლებს მათ ბიუროს, სასაცილოა. უდავოა, რომ მნიშნველოვანია დახურული საზოგადოებაში ინფორმაციაზე წვდომა. თუმცა, დღის ბოლოს რედაქციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შეეძლოს, უთხრას მკითხველს, რომ მისი რეპორტინგი დამყარებულია დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ წყაროებზე“.

მომზადებულია გარდიანის სტატიის მიხედვით
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ინდონეზიის კუნძულ ბენჯინაზე მონური შრომის გამოაშკარავებისას „ესოშიეითიდ პრესმა“ (AP) მაღალი ეთიკური სტანდარტები გამოავლინა. ამისთვის AP-ი ვისკონსინის უნივერსიტეტის ჟურნალისტური ეთიკის ცენტრის პრიზს მიიღებს.

AP-ის მიერ კუნძულ ბენჯინის ამბების გაშუქების შემდეგ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში მონური შრომისაგან 2000-მდე ადამიანი გათავისუფლდაო - განუმარტა ეთიკის ცენტრმა გამოცემა „აიმედიაეთიკსს“.

„ზღვის პროდუქტები მონებისაგან“ - ასე ჰქვია AP-ის რეპორტინგის სერიას, რომელმაც ვისკონსინის უნივერსიტეტის ჟურნალისტური ეთიკის ცენტრის მიერ დაწესებული ენტონი შადიდის სახელობის პრიზი დაიმსახურა (ენტონი შადიდი ნიუ-იორკ ტაიმზის კორესპონდენტი იყო ბეირუთსა და ბაღდადში. მან ორჯერ მოიპოვა პულიტცერის პრემია საერთაშორისო რეპორტინგისათვის).

„ესოშიეითიდ პრესის“ ოთხი ჟურნალისტი 18 თვის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს კუნძულ ბენჯინას - ისინი აკვირდებოდნენ გემებს, ადგენდნენ მონობის მსხვერპლთა ადგილსამყოფელს და აკეთებდნენ ყველაფერს, რომ სათევზაო ინდუსტრიის ძალადობრივი სისტემა გამოეაშკარავებინათ .

„ესოშიეითიდ პრესის“ გუნდი ვისკონსინის უნივერსიტეტის ჟურნალისტური ეთიკის ცენტრის პრიზით 29 აპრილს ოფიციალურად დაჯილდოვდება.

ფოტო: Nydailynews.com
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
დღეს საერთაშორისო მედიის ნაწილმა უკრაინელი პილოტის გახმაურებული სასამართლოდან მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.

„ბიბისის“ ცნობით, როდესაც რუსი მოსამართლე სასამართლო სხდომაზე პროკურორის საბრალდებო დასკვნას კითხულობდა, პროცესზე მყოფ ჟურნალისტებს ეგონათ, რომ მოსამართლემ ნადია სავჩენკოს გამამტყუნებელი ვერდიქტი წაიკითხა. სწორედ ამის შედეგად გაავრცელა მედიამ არასწორი ინფორმაცია.

უკრაინელი პილოტი ნადია სავჩენკო, რომელიც უკრაინელი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძოდა, რუსმა სამართალდამცავებმა 2014 წელს დააკავეს. 34 წლის პილოტი უკვე იქცა უკრაინის ეროვნულ გმირად - მას კრემლის წინააღმდეგ დაუმორჩილებელი ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევენ.

დეზინფორმაცია სავჩენკოს სასამართლოდან ერთ-ერთმა პირველმა „ტელეგრაფის“ ჟურნალისტმა გაავრცელა. ბრიტანული გამოცემის მოსკოველმა რეპორტიორმა, როლანდ ოლიფანტმა, შემდეგი შინაარსის ტექსტი „დატვიტა“:

„რუსმა მოსამართლემ ნადია სავჩენკო დამნაშავედ ცნო რუსი ტელეჟურნალისტების, ანტონ ვოლოშინისა და იგორ კორნელიუკის, მკვლელობაში“.

დამაბნეველი სათაურით დაწერა ახალი ამბავი „ინდეფენდენთმაც“: „ნადია სავჩენკოს საქმის განხილვა - რუსულ სასამართლოს უკრაინელი პილოტის საქმეზე განაჩენი გამოაქვს“.

არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტექსტი ჩაასწორა „ბიბისიმაც”, თუმცა სტატიის სათაური, ფეისბუკზე კვლავ პირველადი სახით ზიარდებიდა: რუსულმა სასამართლომ უკრაინელი პილოტი დამნაშავედ ცნო“.


არასწორი ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გავრცელდა ქართულ მედიაშიც .

რუსული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე ხვალ, 22 მარტს, გახდება ცნობილი.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ექვსი თვის განმავლობაში გაზეთის წინა გვერდზე ორი სერიოზული უზუსტობის შემდეგ, „ნიუ-იორკ ტაიმზი“ ანონიმურ წყაროებს უფრო იშვიათად დაეყრდნობა.

„ტაიმზის“ სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ანონიმური წყაროს მოწოდებული მასალა უნდა იყოს „ინფორმაცია“ და არა უბრალოდ სპინი ან სპეკულაცია. ინფორმაცია „ახალ ამბად უნდა ღირდეს“ და სანდო უნდა იყოს. ამას გარდა, შესაძლებელი უნდა იყოს ანონიმურად მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, ან რედაქცია დარწმუნებული უნდა იყოს, რომ წყარო ნამდვილად პირველადია.

პოლიტიკის გამკაცრების მიზანი მკითხველთა ნდობის შენარჩუნებაა, რაც გამოცემის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, - წერს გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზის“ რედაქტორი მარგარეტ სალივანი. სალივანს „ტაიმზში“ ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დანერგვის ზედამხედველობა ავალია.

მეტ პარდი, „ნიუ-იორკ ტაიმზის“ ერთ-ერთი რედაქტორი ამბობს, რომ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერილი ამბები არის „პოტენციური ჟურნალისტური ბომბები“. ეს „ბომბები“ ნებისმიერ წამს შეიძლება „აფეთქდეს“ და გამოცემის სანდოობა ეჭქვეშ დააყენოსო, თქვა მეტ პარდიმ. მისი თქმით, სწორედ ამიტომ სჭირდება ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერილ სტატიებს განსაკუთრებული შემოწმება, თუნდაც მასალის გამოქვეყნება დროში გაიწელოს.

ახალი პოლიტიკის მიხედვით, ყოველმა სტატიამ, რომელიც ანონიმურ წყაროს დაეყრდნობა, „ტაიმზის“ სამი მთავარი რედაქტორიდან ერთ-ერთთან უნდა გაიაროს რედაქტირება.

„ტაიმზს“ ასევე სურს, სტატიებში ანონიმური ციტატების გამოყენებისაგანაც შეიკავოს თავი, როცა ეს შესაძლებელი იქნება.
კატეგორია: ბლოგი
თანამედროვე ჟურნალისტიკა უფრო და უფრო მეტად ცდილობს თვითგამოხატვის ახალ–ახალი საშუალებები იპოვოს. გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება ამბის თხრობის (ე.წ „სთორითელინგის“) სტილი, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ტექსტის ორიგინალურობასა და თავისთავად აუცილებელ გამართულობას, არამედ სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების – ვიზუალიზაციების, აუდიო სლაიდშოუებისა და ა.შ. - ოსტატურად გამოყენებას. მსგავსი სიახლეებისაკენ საერთაშორისო მედიის სწრაფვის ფონზე ქართულენოვანი ონლაინ მედიასაშუალებების უმრავლესობა ამბის თხრობის განვითარების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა გაჩერებული.

2013 წელს „ნიუ-იორკ ტაიმზის“ ჟურნალისტმა ჯონ ბრენჩმა პულიტცერის პრემია მიიღო მხატვრული წერის (feature writing) ნომინაციაში სტატიისათვის „დიდთოვლობა: ზვავი კრიკის გვირაბში“ (Snow Fall: The avalanche at Tunnel Creek). სტატია (უფრო სწორად, შერეული მედიის ტიპის ამბავი) კასკადოვანი მთების ერთ–ერთ მონაკვეთზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაღუპულ მოთხილამურეებზეა და ხსნის კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს „ყველა ჟურნალისტური იარაღის გამოყენებით“.

ჯონ ბრენჩის ამბავი ექვსი ნაწილისაგან შედგება და ყოველი მათგანი მოიცავს ტექსტს, ვიდეოს, აუდიოს, ფოტოსა და ანიმაციებს. ამბავზე, ჟურნალისტის გარდა, გრაფიკოსების, დიზაინერებისა და რედაქტორების დიდი ჯგუფი მუშაობდა. მთლიანი ამბავი, როგორც სტატიის ბოლოსაა მითითებული, 6 თვის განმავლობაში მზადდებოდა. შრომატევადი პროცესი მოიცავდა ინტერვიუებს ყველა გადარჩენილ მოთხილამურესთან, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან, „ტანელ კრიკის“ პარკის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებთან, ექსპერტებთან; პოლიციისა და სამედიცინო ანგარიშების, სტივენსის უღელტეხილის სათხილამურო პატრულის ანგარიშებისა და ზვავის ჩამოწოლის საღამოს 911–ში შესული 40 ზარის ანალიზს;

„გუგლის ახალი ამბების ლაბორატორიის“ (Google News Lab) ეს გრაფიკა გვიჩვენებს, რას ეძებდა ინტერნეტმომხმარებელი მსოფლიოს 12 დიდ ქალაქში გასული წლის პარიზის (13 ნოემბერი) ტერაქტის შემდეგ;

„ნიუ-იორკ ტაიმზის“ კიდევ ერთ გრაფიკაზე მონიშნულია აშშ-ში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა და მათი განაწილება შტატების მიხედვით. ამ ინტერაქტიული გრაფიკის გამოყენებით აშშ-ს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, რამდენი ადამიანია მის სამეზობლოში სიღარიბის ზღვარს მიღმა;

მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, აქ მთავარი პრინციპია - ჟურნალისტურ პროდუქტში მკითხველის ჩართულობის გაზრდის, აუდიტორიასთან ინტერაქციის სურვილი.

ჩვეულებრივ, მსჯელობა იმაზე, თუ რატომ ვერ ვახერხებთ ქართულენოვანი მედიაკონტენტის ვიზუალურად გამდიდრებას, ფინანსური საკითხის ხსენებით სრულდება. სამართლიანია არგუმენტი, რომ ზოგიერთი მედიასაშუალებისთვის რთული იქნება დამატებითი რესურსების მოძიება სპეციალური რეპორტიორების (გრაფიკოსების, ანალიტიკოსების და სხვების) დასაქირავებლად. ფინანსურად უკეთეს მდგომარეობაში მყოფი მეინსტრიმ მედიები კი მაინცდამაინც არ იწუხებენ თავს, რაიმე განსხვავებული შესთავაზონ მომხმარებელს. თუმცა ვფიქრობ, ამბის თხრობის ახალი ხერხების ძებნა ყოველთვის ფინანსებთან არ არის დაკავშირებული.

2014 წლიდან ქართულ ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ახალი ჟურნალისტური „იარაღი“ – „სთორიბილდერი“ – არაკომერციული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ტექსტი, აუდიო, სურათი და/ან ვიდეო საინტერესო ვებამბად გარდაიქმნას (ამ პლატფორმაზე შექმნილი ერთ-ერთი სანიმუშო მიქს-მედია ამბავი არის „ბავშვები შავშვებიდან“ - ამბავი, რომელიც ლიახვის ხეობიდან დევნილი, ამჟამად სოფელ შავშვებში მცხოვრები ბავშვების ბედზე მოგვითხრობს).

„სთორიბილდერი“ ღია კოდით მუშაობს (open source), რაც ნიშნავს, რომ ამბის ავტორს შეუძლია მის მიერ შეთხზული მიქს-მედია ამბავი საკუთარ სერვერზე განათავსოს. სწორედ ამ პლატფორმას იყენებს სამხრეთ კავკასიური გამოცემა „ჩაი ხანა“;

2016 წლის დასაწყისში ცნობილი ინგლისელი მუსიკოსისა და მსახიობის, დევიდ ბოუის, სიკვდილის შემდეგ ბოუის ცხოვრების ცნობილი ეპიზოდების უბრალო, მაგრამ საინტერესო ქრონოლოგია შემოგვთავაზა „ნეტგაზეთმაც“; საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცის“ მომზადებული მულტიმედია პროექტი მძიმე ინდუსტრიული ქალაქების პრობლემების შესახებ კი კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმ უდავო ჭეშმარიტებისა, რომ იყო ტრადიციული ტელევიზია - სულაც არ ნიშნავს, რომ არ უნდა გაინტერესებდეს ონლაინ სივრცე...

შესაძლებელია, მხოლოდ ენთუზიაზმით მუშაობისას, საწყის ეტაპზე, ვერ შევქმნათ ის სრულყოფილი ამბავი, რითიც სფეროში გამოცდილი ხალხის გაოცებას მოვახერხებთ; შესაძლებელია, გვქონდეს მწირი ფონტები, ფერები, ტექსტის ბექგრაუნდი, გარდამავალი ეფექტები, დაბალი ხარისხისა და ზომის ვიდეოგამოსახულება და მრავალი სხვა დეტალი. თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ, ამბის თხრობის ორიგინალური ხერხების წახალისებით გაცილებით მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი.