კატეგორია: ეთიკა

18 თებერვალს რადიო ფორტუნას ვებგვერდმა ქსენოფობიის გამაღვივებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამბავი შეეხება თბილისში, ერთ-ერთი დიზაინერული მაღაზიის, CO.MODE-ის არასრულწლოვნის მიერ გაქურდვას.

ვებგვერდმა ამბავი მაღაზიის დამფუძნებლისა და კრეატიული დირექტორის ნინი უგრეხელიძის მიერ ერთი კვირის წინ, 13 თებერვალს  Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით გაავრცელა. მასალაში არასათანადოდ არის მითითებული სავარაუდო დამნაშავის ეთნიკური წარმომავლობა, რითაც ხელი შეუწყო ბოშათა ეთნიკური ჯგუფისადმი სტერეოტიპის გამყარებას, რომ ისინი არიან ქურდები. მიუხედავად იმისა, რომ არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმა, ხოლო ინფორმაციის წყარო მხოლოდ და მხოლოდ მაღაზიის მეპატრონეა, რადიოს ვებგვერდმა უაპელაციოდ და გადამოწმების გარეშე გაავრცელა ინფორმაცია არასრულწლოვნის ბრალეულობისა და ეთნიკურობის შესახებ. 

ნიუსში არ არის მითითებული შეეცადა თუ არა მედიასაშუალება ინფორმაციის ოფიციალურ უწყებებთან გადამოწმებას. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ რადიომ ეს ამბავი ფაქტის სავარაუდო ჩადენიდან ერთი კვირის შემდეგ გამოაქვეყნა ნიუსად.

აღსანიშნავია, რომ Facebook-პოსტის ავტორი დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის ეთნიკურობაზე ხაზგასასმელად იყენებს ტერმინს „ციგანი“ რომელსაც დამამცირებელი კონოტაცია აქვს ქართულ ენაში. რადიო ფორტუნამ აღნიშნული ტერმინი თავიდან აირიდა, და ნიუსი შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა „ბოშა ბავშვებმა აბაშიძეზე მდებარე ქართველი დიზაინერების მაღაზია გაქურდეს - „სახელმწიფო მათ ვერ სჯის, ეს ნორმალურია?“

რადიო ფორტუნას Facebook-ის ფეიჯზე ინფორმაციის მომხმარებელთა კომენტარები ცხადყოფს, რომ აღნიშნული ნიუსი ამგვარი ფორმით გამოქვეყნებამ წაახალისა ქსენოფობიური, დისკრიმინაციული და სტერეოტიპული მოსაზრებების გამოხატვა. „ისევ ხალხმა მოვიგერიეთ ეს ბოშა ნაბ....ები , მიდი და უხსენი იმ ტურისტებს, რომ ესენი ქართველები არ არიან“; „ამათ ქურდობა, უზრდელობას ზღვარი არა აქვს!! როგორ დავიცვათ თავი ამ ველური ყაჩაღებისგან??!! დაადეპორტეთ საქართველოდან..!!“ - წერს მომხმარებლების ნაწილი კომენტარებში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის მე-7 პრინციპი ცალსახად უსვამს ხაზს, რომ მედიამ უნდა გაითვალისწინოს მათ შორის ერთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“

გარდა ამისა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიაორგანიზაციები ცალსახად უსვამენ ხაზს, რომ პიროვნების ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებას მხოლოდ მაშინ შეიძლება გაესვას ხაზი, როდესაც ამბავი უშუალოდ არის დაკავშირებული ეთნიკურობასთან თუ რელიგიასთან. მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოცემულ „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქების საბაზისო პრინციპებში“ ვკითხულობთ, რომ მედიასაშუალებებმა არ უნდა „აღნიშნონ (ყურადღება არ გაამახვილონ) უმიზეზოდ, აუცილებლობის გარეშე, პირის (პირების) ეთნიკური და რელიგიური კუთვნილება. პირის ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილება აღნიშნონ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს გასაშუქებელი ამბისთვის“.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

რამდენიმე დღის წინ, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ქართველი მოჭიდავე ვარჯიშობდა ქუდით, რომელზეც Russia ეწერა. ამის დასტურად მედიებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო მოჰყავდათ, რომელზეც ქუდზე “Russ...” იკითხება. ქუდის ფერები ემთხვეოდა რუსეთის დროშის ფერებს. მალევე გაირკვა, რომ მოჭიდავის ქუდზე არა Russia, არამედ ამერიკული სპორტული ბრენდის სახელი Russell ეწერა.

ნიუსის კვაზი-პატრიოტულ მოტივებსა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებას რომ ყურადღება არ მივაქციოთ, ეს ამბავი საინტერესო მედიის კონტექსტში სხვა მხრივაც გახლდათ - სოციალური მედიით გამოწვეული აჩქარებისა და ინფორმაციული „წყალდიდობის“ პირობებში, მედიასაშუალებებმა კიდევ უფრო მეტად უნდა დაუთმონ დრო ვიზუალური ინფორმაციის ფაქტებად ინტერპრეტირებას.

მედიის ეს გამოწვევა ექსკლუზიური სულაც არაა ქართული რეალობისთვის. სხვადასხვა პერიოდულობით, სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალება დგება ფაქტის წინაშე, რომ ამბავი, რომლის ვიზუალური მასალაც მათ ვებგვერდებსა თუ ეკრანებზე ხვდება, სრული კონტექსტუალიზაციისა და სრული სურათის შექმნის მცდელობის გარეშე, ინფორმაციის მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას იწვევს.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი გახმაურებული შემთხვევა გასულ თვეში აშშ-ში მოხდა. 18 იანვარს, სხვადასხვა სოციალურ ქსელში, საერთაშორისო მედიაში, უპირველეს ყოვლისა კი ამერიკულ მედიასაშუალებების ვებგვერდებზე გავრცელდა ფოტო და დაახლოებით ერთწუთიანი ვიდეო,. მასში  ჩანს  რომ კენტუკის კონვინგტონის კათოლიკური სკოლის სტუდენტი ნიკ სენდმენი თავზე პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერი ქუდითა (Make America Great Again) და ცინიკური სახით შეჰყურებს ასაკოვან მკვიდრ ამერიკელ აქტივისტ მამაკაცს, რომელიც ინდიელთა ლოცვას კითხულობს. ვიდეოში სენდმენის მეგობრებიც ჩანან,  ასევე MAGA-ქუდებით. ისინი სკანდირებენ Build that wall, build that wall (ააშენე კედელი). ვიდეოდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტრამპის მხარდამჭერი ქუდით მოსიარულე, კათოლიკური სკოლის მოსწავლეები ლინკოლნის მემორიალთან მკვიდრი ამერიკელი აქტივისტების დასაცინად და დაჩაგვრისთვის დგანან.

კადრების გავრცელებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და (უმეტესწილად, მემარცხენე-ლიბერალური) მედიასაშუალებების წარმომადგენლები და სოციალური ქსელების ინდივიდუალური მომხმარებლები კენტუკელი თინეიჯერის ცინიკურ გამომეტყველებას ამერიკელი კონსერვატორი, თეთრკანიანი მოქალაქეების რასისტული დამოკიდებულებების ცხად გამოვლინებად აფასებდნენ. თინეიჯერი, სოციალური მედიისა და მედიასაშუალებების განსაკუთრებული მონდომების დამსახურებით, მსოფლიო ყურადღების ცენტრსა და კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თინეიჯერმა მუქარის შემცველი შეტყობინებებიც უხვად მიიღო.

პირველი ვიდეოსა და თანმდევი ფოტოს გავრცელებიდან მალევე, ინტერნეტ და მედიასივრცეში გამოჩნდა სხვა ვიდეო ჩანაწერებიც ლინკოლნის მემორიალის კიბეებიდან, სადაც ორი ერთმანეთის პარალელური აქცია მიმდინარეობდა 18 იანვარს. ერთ აქციას ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა მართავდა თავიანთი უფლებების დაცვის მოთხოვნით, მეორე აქციას კი შავკანიანი ებრაელი ისრაელიტები (Black Hebrew Israelites) აბორტის წინააღმდეგ.

სწორედ ამ უკანასკნელი აქციის მონაწილეებთან მოუვიდათ დაპირისპირება ნიკ სენდმენის თანასკოლელებს, როდესაც ისინი ლინკოლნის მემორიალის ახლოს გამოჩნდნენ MAGA-ქუდებით. თუმცა, Black Hebrew Israelites-ის წარმომადგენლებს სიტყვიერი დაპირისპირება აქვთ არა მხოლოდ სტუდენტებთან არამედ მკვიდრი მოსახლე ამერიკელების აქციის მონაწილეებთანაც.

1-საათიან ვიდეოში, რომელიც ყველაზე გვიან გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში, ისმის თუ როგორ ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე შავკანიანი ებრაელი ისრაელიტი „ლექსიკონში მოძებნე სიტყვა „ინდიელი“. ინდიელი ველურს ნიშნავს.“ ვიდეოში ჩანს დაპირისპირება ინდიელ ქალსა და ისრაელიტებს შორისაც, სადაც მკვიდრი ამერიკელი შავკანიან ისრაელიტს ეუბნება, რომ ბიბლიაში სისულელეები წერია. ამის შემდეგ კი, ისრაელტითა აქციის მონაწილეები შეურაცხყოფას აყენებენ MAGA ქუდით მოსიარულე სტუდენტებსაც და ერთ-ერთი აქციის მონაწილე დამცინავად იძახის სტუდენტების მიმართულებით “Build a wall!”

სწორედ ამ რეპლიკის საპასუხოდ იწყებენ სტუდენტები სკანდირებას Build that wall, build that wall. მალე კი უფრო მეტი მოსწავლე იყრის თავს დაპირისპირებულ სტუდენტებსა და ისრაელიტებთან სიახლოვეში. სწორედ ამ დროს ჩნდება მკვიდრი ამერიკელი აქტივისტი ნათან ფილიპსი, რომელიც მოკამათე მხარეების დაშოშმინებას ცდილობს ლოცვის ტექსტის დაჟინებული გამეორებით. მოკლედ რომ ვთქვათ, სიტუაცია იმაზე უფრო კომპლექსური და მრავალგანზომილებიანი იყო, ვიდრე ამის წარმოჩენას მედიასაშუალებები შეეცადნენ.

მედიასაშუალებების ნაწილმა, რომლებიც განსაკუთრებულად კრიტიკულად იყვნენ განწყობილები კენტუკელი თინეიჯერებისადმი, 1-საათიანი ვიდეოს გამოსვლის შემდეგ რიტორიკა შეარბილეს. თუკი პირველი ვიდეოს გამოჩენის დღეს New York Times-მა სტატია შემდეგნაირად დაასათაურა “Boys in ‘Make America Great Again’ Hats Mob Native Elder at Indigenous Peoples March” („ბიჭები ‘Make America Great Again’ ქუდით გუნდურად ესხმიან თავს ასაკოვან მკვიდრ ამერიკელს მკვიდრი ხალხების მარშზე“), მეორე დღეს გამოქვეყნებულ სტატიას შემდეგნაირი სათაური მიუძღვნა “Fuller Picture Emerges of Viral Video of Native American Man and Catholic Students” („მკვიდრი ამერიკელი მამაკაცისა და კათოლიკე სტუდენტების ვირუსული ვიდეოს უფრო სრული სურათი გამოჩნდა“).

საბოლოო ჯამში, თითქმის ყველა მედიასაშუალება შეთანხმდა, რომ სიტუაცია ლინკოლნის მემორიალის კიბეებთან აბსოლუტურად განსხვავებული იყო იმისაგან, როგორც მათმა უდიდესმა ნაწილმა პირველი ვიდეოს გამოჩენისას გააშუქა. მედია იქცა, ერთი მხრივ, კენტუკელი სტუდენტებისადმი მიმართული აგრესიის წამახალისებლად. მეორე მხრივ, ნაჩქარევი შეფასების გაკეთებით მედიამ არგუმენტი მისცა კონსერვატიულ მემარჯვენე პოლიტიკურ ფიგურებსა და მედიებს საკუთარი თავის წინააღმდეგ. მეორე დღესვე, მემარჯვენე კონსერვატორმა კომენტატორებმა, როგორიც ბენ შაპირო, Fox News ან თავად პრეზიდენტი ტრამპია, იერიში მიიტანეს მემარცხენე-ლიბერალურ მედიებზე.

ზემოთნახსენები მედიასაშუალებების შედარებით ნეიტრალური კრიტიკოსების ნაწილმა კი ლიბერალურ-მემარცხენე მედიებს ბრალი დასდეს ტრამპის მხარდამჭერი პოლიტიკის პოპულარიზაციაში სწორედ იმ მიდგომის გამო, რომ ასეთი მედიები წინასწარგანწყობებით მუშაობენ და ამერიკელი მოსახლეობის დიდი ნაწილის განსჯისას ისინი ფაქტებზე მეტად, საკუთარ რწმენებს ეყრდნობიან.

„თქვენ იყავით ნაწილობრივი დამნაშავეები ტრამპის არჩევაში, რადგან თქვენ ხართ ყველაზე გავლენიანი გაზეთი ქვეყანაში და არ იყავით სამართლიანი და მიუკერძოებელი. მილიონობით ამერიკელს სჯერა, რომ თქვენ ისინი გეზიზღებათ და მათთვის ზიანის მიყენება გსურთ. ორი წლის წინ მათ საპასუხო დარტყმით გიპასუხეს და მათ მოიგეს ეს ბრძოლა. თუ ტრამპი ისევ გაიმარჯვებს, გახსოვდეთ რომ თქვენ კიდევ ერთხელ შეასრულეთ მოკრძალებული თუმცა მნიშვნელოვანი როლი ამ გამარჯვებაში“,- დაწერა The Atlantic-ის კონტრიბუტორმა და მწერალმა კეიტლინ ფლანაგანმა 23 იანვარს.

იგივენაირად შეიძლება ითქვას, რომ მედიების ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ განგაშის ზარი შემოეკრათ მოჭიდავის ქუდის ფოტოს გამო, ანტი-რუსული და პრო-რუსული განწყობების კარიკატურიზაციას შეუწყვეს ხელი, რაც საბოლოო ჯამში, ისეთ პატრიოტულ ჟონგლიორობაში გადაიზრდება ხოლმე, როგორიცაა ანტისაოკუპაციო თასმების გაყიდვა თუ ტაქსების გამოჩენა რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის სახელით.

ისევე, როგორც კენტუკელი თინეიჯერებისა და მკვიდრი ამერიკელი აქტივისტის დაპირისპირებაზე, ქართველი მოჭიდავის შემთხვევაშიც, ვიზუალური მასალა, რომელსაც მედია დაყრდნო ამბის გაშუქებისას მაცდური აღმოჩნდა. თუკი ამერიკული მედიის შემთხვევაში მედიასაშუალებები ინფორმაციის ინტერპრეტაციაში შეცდნენ, ქართული მაგალითი გვახსენებს კლასიკურ ჟურნალისტურ კრედოზე, რომ ამბის გაშუქებისას, მედლის, ამ შემთხვევაში კი, ქუდის მეორე მხარითაც უნდა დავინტერესდეთ. ის, რაც ერთი შეხედვით, ფოტო და ვიდეო მასალებში თავისთავად ცხადია, ხშირად, სულაც არ არის ცხადი ანდა შეგნებულად არის გამოყენებული მედიისა და ინფორმაციის მომხმარებელთა მანიპულაციისთვის.

კატეგორია: ეთიკა

2019 წლის დასაწყისი ქართულ მედიაში ყალბი ახალი ამბების გავრცელების სიხშირით გამორჩეული იყო. იანვარში, ონლაინ მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელ Facebook-ში არაერთხელ გავრცელდა ყალბი, მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელთა თემაც უმეტეს შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის საკითხებს შეეხებოდა, თუმცა ასევე მოიცავდა სპორტულ თემატიკასა და სოფლის მეურნეობასაც.

⇒      ლუგარის ლაბორატორია, H1N1 და ბანანები

ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოყოლებული როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ მედიასაშუალებაში (განსაკუთრებით რუსულენოვან მედიაში) სხვადასხვა პერიოდულობით ჩნდებოდა ყალბი და მცდარი ინფორმაცია საქართველოში მდებარე, აშშ-ის მიერ დაფინანსებული ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ. 2018 წლის მიწურულს, ლაბორატორიაზე მითებისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში რუსული საინფორმაციო არხების მონაწილეობას BBC-იმ ვრცელი საგამოძიებო სიუჟეტიც მიუძღვნა.

alt2019 წლის იანვარში, საქართველოში H1N1 ვირუსის გავრცელებასთან ერთად, ქართულ მედიაში ლუგარის ლაბორატორიის თემა ხელახლა გააქტიურდა. როგორც მედიაჩეკერის მონიტორინგმა ცხადყო, (ისევე, როგორც სხვა, ვოჩდოგი ორგანიზაციის ანალიზმა) ამ თემაზე მედიაში ძირითადად სამი მითი ვრცელდებოდა: 1) ღორის გრიპი, იგივე H1N1 ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელდა; 2) H1N1 ხელოვნურად გამოგონილი ვირუსია; და, 3) ღორის გრიპი ქართულ ბაზარზე არსებული ბანანის მეშვეობით ვრცელდება.

ამათგან პირველი ამბავს ყველაზე ხშირად შეხვდებოდით ქართულ მედიაში. მცდარი ამბავი, რომელიც ძირითადად რამდენიმე ადამიანის Facebook პოსტებს ეყრდნობოდა (მათ შორის, ლადო სადღობელაშვილის, ხატია სიჭინავას, ანა ჟღენტის), ვრცელდებოდა ისეთი მედიასაშუალებების მეშვეობით, როგორებიცაა: intermedia.ge, for.ge, alia.ge, euronews.ge, digest.pia.ge, 2020news.ge, infonews.ge, tbiliselebi.com, geonews.ge, akhalitaoba.ge, infopostalioni.com, news.coa.ge, timenews.ge, otime.ge, vanoggg.ge, onone.ge, tvm.ge, news.net.ge, plus.kvira.ge, brandnews.ge, exclusivenews.ge.

არაქართული ორგანიზაციებიდან კი, როგორც მითების დეტექტორის საიტზეა მითითებული, აღნიშნული ყალბი ახალი ამბის წყაროები ძირითადად Sputnik.ru; TV Zvezda, Риа Фан და Tsargrad tv იყვნენ.

გარდა ამისა, მაგალითად, ისეთი გამოცემები, როგორებიცაა primetime.ge, pain.ge, vanoggg.ge, newsmedia.ge, alia.ge. ღორის გრიპის შესახებ წერდნენ, რომ ეს სპეციალურად, მედიკამენტების გასასაღებლად შექმნილი ვირუსია და მოსახლეობაში მიზანმიმართულად გაავრცელეს.

altრაც შეეხება ღორის გრიპის ბანანებთან კავშირს, აღნიშნული ყალბი ამბავი, ძირითადად, Facebook-ის მომხმარებლებს შორის ვრცელდებოდა. მაგალითად, Facebook-გვერდმა Welcome to Georgia 9 იანვარს, ხოლო გვერდმა “მე მიყვარს ჩემი პატრიარქი“ 10 იანვარს, გამოაქვეყნა ბმული wwww.ge-დან, სადაც ეწერა, რომ „ჩვენს ბანანებში ღორის გრიპს უშვებენ“. აღნიშნულ გვერდებს 220 000-მდე გამომწერი ჰყავს. იგივე ინფორმაცია ვრცელდებოდა, მაგალითად, vanoggg.ge-სა და gsports.ge-ზე.

საინტერესოა, რომ აღნიშნული ყალბი ამბავი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში პირველად არ გავრცელებულა. ჯერ კიდევ 2016 წელს, თბილისის ფორუმზე, ერთ-ერთი მომხმარებელი პოსტავდა ინფორმაციას, რომ „ბანანებში, რომლებსაც ჩვენ მივირთმევთ, არის ღორის გრიპის ვირუსი შეტანილი“. 2016 წელს ფორუმზე დაწერილ ტყუილი და 2019 წლის იანვარში ვებ-გვერდებსა და Facebook გვერდებზე გავრცელებული ტექსტები თითქმის იდენტურია.

H1N1-ის ვირუსის გავრცელებასთან ერთად, იანვარში იმატა დისკუსიებმა თვითმკურნალობის გზების შესახებ. ძირითადად, Facebook-დისკუსიებში, ხშირად ჩნდებოდა კომენტარები თვითმკურნალობის სხვადასხვა გზების შესახებ (მედიაჩეკერი შეგნებულად არ ასახელებს ნივთიერებებს, რომელთა მოხმარებისკენაც მოუწოდებდნენ დისკუსიის მონაწილეები ერთმანეთს). აღნიშნული დისკუსიების გარდა, ხშირად შეხვდებოდით თვითმკურნალობის შესახებ ინფორმაციას ისეთ ონლაინ მედიებშიც, როგორიცაა: „ალია“, metronome.ge, საინფორმაციო სააგენტო ნიუს დეი, mediamall.ge, marao.ge (მოგვიანებით წაიშალა საიტიდან ინფორმაცია), megatv.ge, info9, tvm.ge, brandnews.ge, venue.ge და ა.შ.

აღნიშნული მედიასაშუალებები, ძირითადად, რუსი ექიმის, ვინმე პროფესორ ივან ნეუმივაკინზე დაყრდნობით ირწმუნებოდნენ, რომ სხვადასხვა ნივთიერებები ეხმარებოდა ადამიანებს ღორის გრიპთან გამკლავებაში, რასაც სამედიცინო სფეროს ექსპერტები და ექიმები არ ეთანხმებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პერსონა, ვისზე დაყრდნობითაც თვითდახმარების აღნიშნული მეთოდის შესახებ ვრცელდებოდა ყალბი ამბები, ჟურნალისტი გიორგი გიგაურია.

 ⇒   ჩხუბი შერიგებულ მოჭიდავეებს შორის

altერთ-ერთი ახალი ამბავი, რომელიც ინტერნეტსივრცეში სწრაფად გავრცელდა და გამოხმაურებბა მოჰყვა სოციალურ ქსელ Facebook-ში შეეხებოდა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, მას შემდეგ რაც ისინი საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ შეარიგა. როგორც მედიაჩეკერის მონიტორინგით ირკვევა, 30 სექტემბერს ამბავი ვებ-გვერდებმა ipost.ge და news.coa.ge გაავრცელეს. ვებგვერდებზე გამოყენებული ტექსტების მიხედვით, ცხადია, რომ ორივე მათგანი საერთო წყაროს Facebook გვერდს „ბაზარი“ დაეყრდნო. ამავე Facebook გვერდიდან იყო აღებული ფოტო, რომელიც ნიუსს თან ერთვოდა. მოგვიანებით ყალბი ამბავი გაავრცელა 2020news-მა, iposti-იმ, resonancedaily.com-მა (რომელიც iposti.ge-ის ინფორმაციას დაეყრდნო), imo.ge-მ, isocial.ge-მ და geonewest.com. მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთ ვებგვერდს ეწერა, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელი იყო, აღნიშნულ ვებგვერდებზე სათაურები მტკიცებით ფორმაში ეწერა.

“მედიაჩეკერმა” ინფორმაცია გადაამოწმა ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასა და რესტორან “თავადურში”. ფედერაციაში უარყვეს ინფორმაცია, ხოლო რესტრონის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ძიუდოისტები მათთან საერთოდ არ ყოფილან და მსგავსი ფაქტიც, შესაბამისად, არ მომხდარა.

⇒    თბილისში სასმელ წყალში ფეკალური მასალების შერევის შესახებ გავრცელებული ცნობები

31 იანვარს, რამდენიმე გამოცემამ, მათ შორის presa.ge-იმ, ხოლო iposti და rcheva.ge-იმ კი presa.ge-ზე დაყრდნობით გაავრცელეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თბილისში სასმელ წყალში ფეკალური მასები შეერია. გამოცემები წერდნენ, რომ ადამიანები მასობრივად იწამლებოდნენ და სამი დღის განმავლობაში წყლის დალევა საშიში იყო.

altpresa.ge-ზე აღნიშნული იყო, რომ ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-ზე ვრცელდებოდა, ხოლო თავად მედიასაშუალებამ ერთ-ერთი ექიმისაგან მიიღო ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში „ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ახალი პაციენტი შეჰყავდათ“. ნიუსში მითითებული არ ყოფილა არც ექიმის ვინაობა და არც საავადმყოფოს დასახელება.

აღნიშნულ გამოცემას, მითითებული აქვს, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით და რომ სასმელი წყალი შესაბამისობაში იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდტარებთან. მიუხედავად ამისა, გამოცემამ (ისევე, როგორც ზემოთ ნახსენებმა ორმა სხვა გამოცემამ) სათაურად გაიტანა ინფორმაცია, რომელსაც მკითხველი სიცრუეში შეჰყავდა: „საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისაგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ"- ფეკალიები სასმელ წყალში“.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებდა არც სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო. მოგვიანებით თავად presa.ge-იმ გამოაქვეყნა GWP-ის გავრცელებული ცნობაც, რომ ინფორმაცია თბილისში სასმელ წყალში ფეკალიების აღმოჩენასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

⇒    არაზუსტი ინფორმაცია საოჯახო შინამეურნეობების რეგულაციებთან დაკავშირებით

იანვრის ბოლოს კი რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახებს, რომლებსაც 2-3 ძროხა ჰყავთ და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წლიდან ახალი გადასახადის გადახდა მოუწევდათ. ამ თემაზე 1-ელ თებერვალს სიუჟეტები გავიდა TV 25-სა და გურჯაანის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში.

alt„ვალდებულებები, რომლებიც 2020 წლიდან საოჯახო მეურნეობებს დაეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თქვენს მიერვე წარმოებული პროდუქციის გაყიდვას გადაწყვეტთ, კანონმდებლობა მოგთხოვთ, რომ ამის საფასური გადაიხადოთ“, - აღნიშნავდა TV 25-ის წამყვანი. „გურჯაანი ტვ-ის“ ინფორმაციით კი ოჯახები, რომლებსაც 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და ყველს და რძეს ჰყიდიან, 2020 წელს მოუწევთ მეწარმე-სუბიექტად დარეგისტრირდნენ და გადასახადი გადაიხადონ. ტელევიზიების გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ვალდებულებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აკისრებდა.

მოგვიანებით, ეს ინფორმაცია გაავრცელეს ბანკები და ფინანსებმა,  ალიამ, კომერსანტმა, პრაიმტაიმმაtbilisitoday-იმ, otime.ge-მ, vanoggg.ge-მ, imo.ge-მ. ამ თემაზე სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელ Facebook-შიც.

3 თებერვალს აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა აგროგილდიამ. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ძირითადად, ზემოთნახსენებ ორ ტელევიზიაში გასულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა და სიმართლეს არ შეესაბამებოდა. „აგროგილდია მოუწოდებს მედიაორგანიზაციებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან იმ მნიშვნელოვან სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაკავშირებით, რაც ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული და რის განხორციელებასაც ერთის მხრივ შინამეურნეობების მომგებიანობა და მეორეს მხრივ სურსათის უვნებლობა უნდა მოჰყვეს შედეგად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის ინიციატივით, ტელევიზიების თვითრეგულირების მექანიზმებმა ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე დღის შემდეგ, 4 თებერვალს გამოიტანეს. საქმის აღწერილობით ნაწილში ვკითხულობთ, რომ რეალურად 200 000 ლარამდე სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება გადასახადისგან თავისუფალია, ხოლო „ინფორმაციის მსგავსი სახით გავრცელება სადავოს ხდის ჯეროვანი სიზუსტის პრინციპის დარღვევას“. „ტვ 25-ისა" და “გურჯაანის” თვითრეგულირების საბჭოების გადაწყვეტილებით 4 თებერვალს არხების საინფორმაციო პროგრამებში მაყურებელს შესწორებული ინფორმაცია მიეწოდათ.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

ვაშინგტონის სასამართლომ სირიის მთავრობა 300 მლნ დოლარით დააჯარიმა 2012 მოკლული The Sunday Times-ის ჟურნალისტის მარი კოლვინის ოჯახის სასარგებლოდ.

სასამართლოს ვერდიქტში, რომელიც 30 იანვარს გამოქვეყნდა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ სირიის სამხედროებმა ქალაქ ჰომსში მდებარე დროებით მედიაცენტრზე, სადაც კოლვინი და სხვა ჟურნალისტები მუშაობდნენ, მიზანმიმართული იერიში განახორციელეს. შენობაზე მიტანილი იერიშის შედეეგად კოლვინი და ფრანგი ფოტოგრაფი რემი ოჩლიკი დაიღუპნენ 2012 წლის 22 თებერვალს.

კოლვინის ოჯახის ადვოკატი სასამართლოში დავობდა, რომ ჟურნალისტის სიკვდილი არ იყო შემთხვევითობა. ისინი იმედოვნებენ, რომ კომპენსაციის სახით 302 მილიონ დოლარს სირიის მთავრობის საზღვარგარეთ გაყინული ანაგარიშებიდან მიიღებენ. თავის მხრივ სირიის მთავრობას არასდროს მოუხდენია რეაგირება სასამართლოში საქმის წარმოებაზე. 



ასევე იხილეთ: სასამართლოს დოკუმენტები: მარი კოლვინის მკვლელობა სირიის ხელისუფლებამ შეუკვეთა 


„ახლა გამოწვევა არის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება“,- აღნიშნა სკოტ გილმორმა, კოლვინის ოჯახის მთავარმა კონსულტანტმა, -„თუმცა პრეცენდენტები არსებობს იმისა, რომ შესაძლებელია გაყინული ანგარიშებიდან კომპენსაციის მიღება“.

გილმორის თქმით, საქმის წარმოებაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო იმის დამტკიცება, რომ კოლვინის სიკვდილი არ იყო საბრძოლო ველზე დაბნეულობით გამოწვეული „ომის ნისლის“ შედეგი. სარჩელის დროს გამოიყენეს როგორც ადგილობრივი თვითმხილველების მონაყოლი, ასევე აღადგინეს სირიის მთავრობის შიდა დოკუმენტები, რათა დაემტკიცებინათ რომ სირიის სამხედროები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ განესაზღვრათ იმ შენობის მდებარეობა, რომელშიც კოლვინი და რამდენიმე სხვა ჟურნალისტი იმყოფებოდნენ.

“ეს არ იყო შეცდომით გასროლილი ჭურვი“,- ამბობს გილმორი, -„მტკიცებულებათა მთელი წყება მიუთითებს, რომ ეს იყო, ფაქტობრივად, მიზანმიმართული მკლველობა“.

კოლვინის დის, კეიტლინის თქმით, თავდაპირველად მან მიიჩნია, რომ მარის სიკვდილი ტრაგიკული შემთხვევა იყო, როგორიც შეიძლება ნებისმიერ ჟურნალისტს მოუვიდეს, ვინც საომარ ზონაში მუშაობს. საქმის აღძვრა მან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პოლ კონროის ესაუბრა, ფოტოგრაფს, რომელიც კოლვინთან ერთად მუშაობდა და რომელიც იმავე საარტილერიო მოქმედებების დროს დაიჭრა. კონროიმ, რომელიც ბრიტანეთის არმიის სამეფო არტილერიის ვეტერანია, კეიტლინს უთხრა, რომ მედიაცენტრი არ ყოფილა შემთხვევითი საარტილერიო იერიშის შედეგად დაბომბილი, არამედ გამოყენებული იყო ე.წ. “bracketing”-ის ტექნიკა, როდესაც კონკრეტული მიზნის წინააღმდეგ ხორციელდება ხოლმე ორგანიზებული იერიში.

კოლვინის თქმით, მან არ იცის, ოდესმე მიიღებენ თუ არა აღნიშნულ 302 მილიონს, თუმცა იგი იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება დიდხანს შეუქმნის უხერხულობას პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობას.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით 


ამავე თემაზე:

⇒     A Private War - მხატვრული ფილმი მარი კოლვინის შესახებ

⇒     მარი კოლვინი: "ჩვენი მისიაა ომის საშინელებათა ზუსტად და მიუკერძოებელად გაშუქება" 
კატეგორია: ეთიკა

გასული დღეების განმავლობაში, ქართული მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში 4 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტს. შემთხვევა 22 იანვარს მოხდა და მისი გახმაურებიდან მალევე, პოლიციამ გარდაცვლილის დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით დააკავა. როგორც ირკვევა, რამდენიმე დღის წინ, მშობემა შვილზე ფიზიკურად იძალადა, რაც დედისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერის საფუძველი გახდა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში კი, ოჯახში გამოძახებულ სასწრაფო დახმარებას არასრუწლოვანი გარდაცვლილი დახვდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებს დედისათვის შვილის მკვლელობაში ბრალი არ წაუყენებიათ, ხოლო სასამართლოს 24 იანვრამდე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არ უმსჯელია, ქართული მედიასაშუალებების ნაწილი, ძირითადად ონლაინ გამოცემები, არ დაელოდნენ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას და  ბავშვის მკვლელობაში დედა დაადანაშაულეს. გარდა ამისა, მედიასაშუალებების ნაწილმა ფაქტი იმდენად ფრაგმენტულად და ზედაპირულად გააშუქა, რომ ინფორმაციის მომხმარებლებს ამბის ობიექტური გარემოებების ნაცვლად, ემოციური, სენსაციურობით გაჯერებული და სკანდალზე ორიენტირებული მასალები შესთავაზა.

მედიასაშუალებების სრულმა უმეტესობამ ამბის გახმაურებიდან მალევე მოახდინა ოჯახის სრული იდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა ორგანოებმა ოჯახის წევრების მხოლოდ ინიციალები გაავრცელეს, როგორც ტელე ისე ონლაინ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს დედისა და გარდაცვლილის ვინაობები. მოგვიანებით გასაჯაროვდა გარდაცვლილი გოგოს ფოტოსურათიც, რომელზეც მას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. აღსანიშნავია, რომ ამ ოჯახში სხვა არასრულწლოვნებიც ცხოვრობენ, რომლებიც უკვე გაიყვანეს ოჯახიდან სახელმწიფო უწყებებმა, ხოლო მედიის მიერ ოჯახის სრული იდენტიფიცირება, შესაძლოა, აღნიშნულ არასრულწლოვანთა მომავალში სტიგმატიზების წყარო გახდეს. მედიასაშუალებებში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიზიკური ძალადობის კვალი გარდაცვლილის 5 წლის ძმასაც აღენიშნებოდა.

არაერთმა ონლაინ გამოცემამ მხოლოდ და მხოლოდ მეზობლებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ „თბილისში დედამ 4 წლის შვილი, სავარაუდოდ, ცემით მოკლა“, ზოგიერთმა ვებგვერდმა კი აღნიშნული ინფორმაცია მტკიცებით ფორმაში გაავრცელა და აღნიშნა, რომ „4 წლის გოგონა დედამ ცემით მოკლა“. მედიასაშუალებების ნაწილმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოგოს გარდაცვალების მიზეზი დედინაცვლის მიერ მისი ცემა გახდა. სხვა მედიასაშუალებების მიხედვით კი გოგოს არა დედინაცვალი, არამედ მამინაცვალი ჰყავდა. ამგვარი ფაქტობრივი უზუსტობებიც ცხადყოფს, რომ მედიასაშუალებების ნაწილი ამბის სწრაფად გავრცელებას, ჟურნალისტური სიზუსტის ხარჯზე ცდილობდა. ასევე, სხვადასხვა ტელემედიამ და ონლაინ გამოცემამ უაპელაციოდ გაავრცელა მეზობლების კომენტარები, სადაც ისინი პირდაპირ ბრალს სდებენ ბავშვის დედას მკვლელობაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი თქმით, მათ არაფერი დაუნახავთ და მხოლოდ ქალის ყვირილისა და ბავშვის ტირილის ხმები ესმოდათ ხოლმე.

ამბავს ონლაინ გამოცემები, უმეტესწილად, ფრაგმენტულად აშუქებდნენ და მომხმარებლებს ინფორმაციას არაამომწურავად აწვდიდნენ. შესაბამისად, მათ გაშუქებაში პრობელმა იყო არა მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ოჯახის იდენტობის გამჟღავნება, არამედ ამბის ზედაპირული და არასიღრმისეული გაშუქებაც. ხშირად ვებ-გვერდებზე გავრცელებული ინფორმაცია სხვა საინფორმაციო გვერდებიდან დაკოპირებული მასალებისაგან შედეგებოდა.

გარდა ამისა, ზოგიერთმა გამოცემამ საკუთარ Facebook გვერდებზე გააკეთა Live-ჩართვები გარდაცვლილი გოგოს საცხოვრებელი სახლიდან. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი საჭიროება არ იდგა ამ თემის გაშუქებისას პირდაპირ ეთერში გარდაცვლილის სახლისა და ოჯახის წევრების ჩვენების, მედიებმა მაინც გადაწყვიტეს, რომ ამბის მეტი დრამატიზირებისათვის პირდაპირი ჩართა შეეთავაზებინა მაყურებლებისათვის.

თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მედიასაშუალებები ვერ შეძლებდნენ ამბის გაშუქებისას სკანდალურობისა და სენსაციურობისაგან სრულად დაცლას. მიუხედავად ამისა, ამბისათვის კონტექსტის მიწოდებისა და უფრო კომპლექსური გაშუქების მეშვეობით, შესაძლებელი იქნებოდა, რომ შემთხვევა არ გაშუქებულიყო როგორც მორიგი „შემზარავი ფაქტი“, რითაც ისინი, ერთი მხრივ, თემის სიღრმისეულად შესწავლასა და ინფორმაციის მომხმარებლამდე მიტანას შეძლებდნენ, მეორე მხრივ კი, თავს აარიდებდნენ ტრაგიკული მოვლენის სკანდალურ რეპორტინგს. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მედიასაშუალება შეეცადა, ფაქტის მიღმა, სტრუქტურული პრობლემების დანახვას, რისთვისაც მათ ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობასა და მის პრევენციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე გააკეთეს აქცენტი.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

გასულ წელს, BBC Asian Network-მა პირდაპირ ეთერში გაამჟღავნა სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ვინაობა. ეს კი აკრძალულია დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით. გასულ კვირას, მაუწყებლის პასუხისმგებელი რედაქტორი, არიფ ანსარი, სასამართლოს წინაშე წარსდგა მსხვერპლის სახელის გავრცელების გამო.

8 იანვარს, ბრიტანულმა სასამართლომ ანსარი უდანაშაულოდ სცნო.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც BBC-ის რედაქტორს ბრალი აღნიშნული აქტით წაუყენეს,“ - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში. (საქმის წარმოება მიმდინარეობდა სექსუალური ნიშნით ჩადენილი დანაშაულის შესახებ 1992 წელს მიღებული შესწორების აქტით). პროცესი შეფილდის საოლქო სასამართლოში გაიმართა.

iMediaEthics-ს BBC-დან განუცხადეს, რომ „მათ ღრმად სწამთ“, რომ სასამართლოს თავად BBC-სთვის უნდა წარედგინა ბრალი და არა ინდივიდუალურად რედაქტორისათვის. „როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ ვშიშობთ, რომ სამეფო პროკურატურის სამსახურის არჩეულმა მიდგომამ, შესაძლოა, შექმნას დამაშინებელი კლიმატი იმ რედაქტორებში, რომლებიც აშუქებენ სასამართლოებს საჯარო ინტერესის ფარგლებში“,- აღნიშნა BBC-ის წარმომადგენელმა.

„ჩვენს რედაქტორსაც და რეპორტიორსაც სრული მხარდაჭერა აქვთ ჩვენგან. მოსამართლემ აღნიშნა, რომ რიკინი გახლავთ ღირსეული რეპორტიორი, რომელმაც დაუშვა გულწრფელი შეცდომა. ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიმე იყო არიფისათვის. იგი არის პატივსაცემი და თავდადებული რედაქტორი, რომელსაც თვეების მანძილზე ემუქრებოდა, რომ პირად ისტორიაში კრიმინალური ჩანაწერი ჰქონოდა. სასამართლოს გადაწყვეტილება კი დიდი შვებაა ჩვენთვის“, - აცხადებენ BBC-ში.

BBC Asian Network-ის ხელმძღვანელმა არიფ ანსარიმ რადიოში გასული ცნობის ტექსტი თავად გადაამოწმა. BBC-ის ცნობით, შეცდომის მიზეზი ის გახდა, რომ პასუხისმგებელ ჟურნალისტს რიკინ მაითიას ეგონა, სასამართლოში მოსმენილი სახელი ფსევდონიმი იყო. მაითია ამბის ეთერში გაშვებამდე შეხვდა მსხვერპლს და სწორედ მაშინ მიაწოდა ქალმა მას თავისი ნამდვილი სახელი და ფსევდონიმი. ჟურნალისტს კი ისინი ერთმანეთში აერია. მსხვერპლმა ქალმა თავისი ნამდვილი სახელი გამოიყენა პროცესზე, რაც რეპორტიოს ფსევდონიმი ეგონა. გარდა ამისა, მაითიას თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იგი სამეფო სასამართლოში მუშაობდა რეპორტიორად.

აღსანიშნავია, რომ მსხვერპლი თავად უსმენდა რადიო მაუწყებლობას, როდესაც მისი ვინაობა გამჟღავნდა პირდაპირ ეთერში. „დაუჯერებელი იყო, როდესაც BBC-ის რადიო ეთერით ჩემი როგორც გაუპატიურების მსხვერპლის სახელი გავიგონე“, - აღნიშნა ქალმა Press Gazette-სთან.

ვერდიქტის გამოტანის შემდეგ, ჟურნალისტმა განცხადება გაავრცელა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მან გააშუქა ის ტანჯვა, რაც მსხვერპლმა თავდამსხმელებისაგან მიიღო და წუხს იმ ტკივილის გამო, რომელიც მას დამატებით მიადგა რეპორტიორის შეცდომის გამო. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ შეცდომის დაშვებიდან რამდენიმე დღეში BBC-იმ იგი სამსახურიდან გაათავისუფლა.

მოსამართლე ნაომი რედჰაუსმა კი აღნიშნა, რომ ეთერში გასვლამდე 20 წუთით ადრე, როდესაც ტექსტს არედაქტირებდა, არიფ ანსარს არ ჰქონია „დასაბუთებული ეჭვის“ საფუძველი, რათა ეფიქრა, რომ ჟურნალისტი დაარღვევდა მსხვერპლის ანონიმურობას.

მომზადებულია The Guardian-ისა და iMediaEthics-ის მიხედვით.

კატეგორია: ეთიკა

11 იანვარს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დააანონსა, რომ მისი ადმინისტრაცია ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებაზე მუშაობის დაწყებას გეგმავს. ამ თემას პრეზიდენტი თავდაპირველად საახალწლო გამოსვლაში 31 დეკემბერს შეეხო. სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენებაზე ისაუბრა საქართველოს პატრიარქმაც თავის საშობაო ეპისტოლეში. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ამ თემის აქტუალიზების კონკრეტული მიზეზი სასულიერო თუ საერო ხელისუფლების სხვადასხვა შტოში, თუმცა პრეზიდენტისა და პატრიარქის მსგავსად, კომენტარი ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემაც გააკეთეს.

აღსანიშნავია, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი აქცენტს ცილისწამებისათვის კანონის გამკაცრებაზე აკეთებდა, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სოციალური ქსელებით მძიმე შეურაცხყოფისა და ბილწსიტყვაობის გამოყენებაზე, კახი კალაძემ კი ყალბი ახალი ამბების გავრცელებაზე. ოფიციალურმა პირებმა ასევე ახსენეს, რამდენიმე თვის წინ, საფრანგეთში მიღებული ახალი კანონიც, რომელსაც, რეალურად, ცილისწამებასთან არავითარი კავშირი არ აქვს და სინამდვილეში, ის წინასაარჩევნო პერიოდში ყალბი ინფორმაციის გავრცელებას შეეხება.

ოფიციალური პირების მიერ მსგავსი ინიციატივების გაჟღერებას მალევე მოჰყვა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების რეაგირება. კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგიდან 2 დღეში განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმული იყო, რომ საქართველოში არსებული კანონმდებლობა უკვე ითვალისწინებს კერძო და საჯარო პირებისათვის ცილისწამებისათვის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას. „ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“ , - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზე მუშაობის დაწყებაც დაანონსდა, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ შეეხება საქართველოში მომუშავე მედიასაშუალებებს. როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრება შესაძლოა პირდაპირ აისახოს სიტყვის თავისუფლებაზე. სიტყვის თავისუფლების საკანონმდებლო გარანტიების გაუარესება კი, შეიძლება ითქვას, პირდაპირ უკავშრდება ჟურნალისტების საქმიანობასა. საინტერესოა, რამდენად დაინტერესდნენ წამყვანი ტელემედიები ამ თემით და შეეცადნენ თუ არა ისინი, რომ პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, მოსახლეობისათვის მეტ-ნაკლებად ამომწურავად მიეწოდებინათ ინფორმაცია სავარაუდო საკანონმდებლო ცვლილებებსა და ამ ცვლილებებით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე.

ტელეკომპანია „იმედმა“ აღნიშნულ თემას საკუთარ საინფორმაციო გამოშვებებში ყურადღება ორი დღის განმავლობაში, 13 და 14 იანვარს დაუთმო. 13 იანვარს, ტელეკომპანიის 14:00 და 17:00-საათიან გამოშვებებში გავიდა მოკლე კადრ-სინქრონი, სადაც საუბარი იყო ზემოთნახსენებ განცხადებაზე, რომელიც კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის გაავრცელა. სინქრონებში საუბარი იყო არასამთავრობოთა მიერ მეტი განმარტების მოთხოვნაზე ამ საკითხზე და პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებზე.

14 იანვარს, იმედმა ეს თემა „ქრონიკის“ თითქმის ყველა გამოშვებაში გააშუქა 11:00 საათიდან 20:00-საათიანი გამოშვების ჩათვლით. დღის გამოშვებებში აქცენტი კეთდებოდა, რომ კანონმდებლობის გამკაცრებაზე პარლამენტი, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებდა. ასევე, საინფორმაციო გამოშვებებში აღნიშნული იყო, რომ კანონზე მსჯელობაში მთავრობა არასამთავრობოთა ჩართვას გეგმავს და რომ არ მოხდება აღნიშნული კანონის კოპირება რომელიმე ქვეყნის გამოცდილებიდან. დღის გამოშვებებში, ასევე აღნიშნული იყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სხვადასხვა წარმომადგენლის აზრით, ზურაბიშვილმა აღნიშნულ კანონზე უარი უნდა თქვას. როგორც დღის, ასევე საღამოს გამოშვებაში, სადაც ამ თემაზე ვრცელი სიუჟეტი მომზადდა, ტელეკომპანიამ ამბის თითქმის ყველა მხარეს დაუთმო დრო და მაყურებელს მიაწოდა როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობოებისა და ოპოზიციის შეფასება. მთავარ გამოშვებაში გასულ სიუჟეტში აქცენტირებული იყო, რომ მესამე სექტორი და ოპოზიცია ამ საკანონმდებლო ინიციატივაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავს, ხოლო მთავრობა გამორიცხავს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას და ოპოზიციას მიზანმიმართულ პროვოკაციაში ადანაშაულებს. ამ თემაზე მოგვიანებით კი, ასევე განმარტება გაკეთდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდანაც.

ამ თემის გაშუქებას საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმო რუსთავი 2-მაც 13 იანვრის „კურიერის“ ყველა გამოშვებაში. დილიდან მოყოლებული, საინფორმაციო გამოშვება, საკმაოდ ვრცელ ჩართვებსა და სიუჟეტებს უძღვნიდა ცილისწამების შესახებ კანონის შესაძლო გამკაცრებას. „კურიერში“ გასულ სიუჟეტებში უფრო მეტად იყო აქცენტირებული საფრთხე, რომელიც შესაძლოა ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებამ გამოიწვიოს. ნახსენები იყო როგორც პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა, ასევე პატრიარქის საშობაო ეპისტოლე. „კურიერმა“ დიდი დრო დაუთმო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეფასებებს. ასევე იყო ხელისუფელბის წარმოამდგენლების კომენტარებიც. მართალია ტელეკომპანიას არ ჰქონია კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, თუმცა კურიერში გავიდა კახა კალაძისა და უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის კომენტარები.

საერთო ჯამში, როგორც რუსთავი 2-ის, ისე იმედის მაყურებელი მიიღებდა მეტ-ნაკლებად ამომწურავ ინფორმაციას მიმდინარე დებატის შესახებ. სამი წამყვანი ტელეარხიდან ერთადერთი, რომელმაც ცილისწამების კანონმდებლობის შესაძლო გამკაცრებისა და თანმდევი პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა მაყურებელს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იყო. 12-15 იანვრის შუალედში არხზე მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ მოხვდა ეს თემა. 14 იანვარს, მოამბის 12:00-საათიან გამოშვებაში გავიდა რამდენიმეწამიანი სინქრონი, რომელიც შეეხებოდა კახი კალაძის შეფასებას ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის სავარაუდო გამკაცრებაზე. დანარჩენ დღეებსა და გამოშვებებში, არხს არ გაუწევია ძალისხმევა საიმისოდ, რომ მოეხდინა მაყურებლების ინფორმირება მიმდინარე დებატის შესახებ. პირველ არხს არ გაუშუქებია არც კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის განცხადება და არც რომელიმე მხარე, რომელიც პრობლემურად ხედავს ცილისწამების კანონმდებლობის სავარაუდო გამკაცრებას.

გარდა ამისა, მედიაჩეკერმა გადაამოწმა პირველი არხის ვებ-გვერდზე ამ თემაზე გამოქვეყნებული ნიუსები. ძიების ველში სიტყვა „ცილისწამებაზე“ 12-15 იანვრის პერიოდში მხოლოდ 4 ნიუსი იძებნება. ამათგან 3 ნიუსი შეეხება მთავრობის წარმომადგენლების (ირაკლი კობახიძე, კახი კალაძე, სოფიო კილაძე) განმარტებებს, რომ საჭირო არის ადამიანის ღირსებისა და პატივის დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება და რომ ისინი მიესალმებიან კანონის გამკაცრებას, თუმცა სიტყვის თავისუფლების სტანდარტმა არ უნდა დაიწიოს. ამ პერიოდში გამოქვეყნებული 1 ნიუსი კი შეეხება ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებას, რომლის მიხედვითაც ცილისწამების კრიმინალიზება არ უნდა მოხდეს, თუმცა ე.წ. ფეიკ ნიუსების წინააღმდეგ აუცილებელია კანონის მიღება. პირველი არხის გვერდზე ასევე იძებნება 16 იანვარს ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას გაკეთებული განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრება საჭირო არ არის.

კატეგორია: მედიაგარემო

გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 2018 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური, ტრადიციული ანგარიში გამოაქვეყნა. 674 გვერდიან ანგარიშში, რომელიც 100-მდე ქვეყანას შეეხება, საუბარია, 2018 წელს, საქართველოში არსებულ უფლებრივ მდომარეობასა და გამოწვევებზეც. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ისეთ თემებზე, როგორიცა საპრეზიდენტო არჩევნები, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილებების გადაჭარაბებისა და მათი დაუსჯელობის შემთხვევები, ნარკოპოლიტიკა, შრომითი უფლებები, სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში.

ანგარიშის ერთ-ერთი თავი შეეხება საქართველოში მედიასა და სამოქალაქო სექტორში არსებულ მდგომარეობასაც.

„2017 წლის დეკემბერში, პარლამენტმა მიიღო მაუწყებლობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგადაც, გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება, მათ შორის, გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ მიიღოს დამატებითი შემოსავლები კომერციული რეკლამიდან. კერძო ტელეკომპანიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს აღნიშნული ცვლილება და გამოხატეს წუხილი, რომ ისედაც შემცირებულ სარეკლამო ბაზარზე ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტელევიზიის შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის შედარებით პატარა, რეგიონულ მაუწყებლებს და დააზარალებს მედია პლურალიზმს. პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონმდებლობას, თუმცა პარლამენტმა ვეტოს დაძლევა შესძლო.

მფლობელობასთან დაკავშირებული დავა საქართველოს ყველაზე ყურებადი მაუწყებლის, რუსთავი 2-ის შესახებ გრძელდებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. ყოფილი მფლობელი ამტკიცებდა, რომ მას იძულებით გააყიდინეს ტელეკომპანია საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად და საკუთარი უფლებების აღდგენას ცდილობდა. რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელები კი ამტკიცებენ, რომ სარჩელი მთავრობის მხრიდან არის ორკესტირებული, ოპოზიციურად განწყობილი არხის ხელში ჩასაგდებად. აღნიშნულმა დავამ მედიაში მთავრობის ჩარევის მცდელობების შესახებ წუხილები გააჩინა.

ოქტომბერში, ტელეკომპანია იბერიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, რომლის მტკიცებითაც ხელისუფლება ცდილობა კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლის დახურვას, არხის მფლობელისათვის ფინანსური პრობლემების შექმნით. მფლობელების მტკიცებით, ხელისუფლება მათ სთავაზობდა არხის დათმობას, მათი საგადასახადო დავალიანების პატიების სანაცვლოდ. ხელისუფლებამ აღნიშნული ბრალდებები უარყო“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

9 იანვარს ჟურნალ Science Advance-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ყალბ ახალ ამბებს უმეტესწილად 65 წელს გადაცილებული, კონსერვატორი, ტრამპის მხარდამჭერი ამერიკელები აზიარებდნენ სოციალური ქსელების თავიანთ ანგარიშებზე. კვლევა პრინსტონისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტების ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

კვლევა, რომელიც Facebook-ის 3500 ამერიკელი მომხმარებლის ონლაინ კითხვარსა და რესპონდენტების გაზიარებული პოსტების ისტორიას ეყრდნობა, ასკვნის, რომ სტატიების გაზიარება ყალბი ახალი ამბების საიტებიდან იშვიათი პრაქტიკა იყო საკვლევ პერიოდში. საერთო ჯამში, წინასაარჩევნო პერიოდში, ამერიკელთა 9%-ზე ნაკლები ავრცელებდა ყალბ ახალ ამბებს. ამგვარი პრაქტიკის დაბალი მაჩვენებელი გამოწვეული არ გახლდათ იმით, რომ კვლევის ობიექტები, ზოგადად, იშვიათად აზიარებდნენ ინფორმაციას თავიანთ გვერდებზე. რესპონდენტების 26%-მა კვლევის პერიოდში 10-დან 100-მდე სხვადასხა ბმული გააზიარა, 61%-ზე მეტმა კი- 100-დან -1000-მდე.

თუმცა, მათ შორის, ვინც ასეთ სტატიებს აშეარებდა, დიდი ნაწილი კონსერვატიული შეხედულების, ძირითადად კი ტრამპის მხარდამჭერი იყო. გარდა ამისა, კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა ისიც, რომ ე.წ. ბეიბიბუმერების თაობა, ანუ ადამიანები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადნენ და ამჟამად 65 წლის ან უფრო მეტის არიან, უფრო ხშირად აზიარებდნენ ე.წ. Fake News-ებს, ვიდრე მილენიალები ან სხვა, უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები. კვლევის ამ შედეგზე გავლენას ვერ ახდენს ისეთი ფაქტორებიც კი, როგორიცაა რესპონდენტების განათლების დონე, იდეოლოგიური მიკუთვნებულობა, პარტიასთან აფილირებულობა ანდა ზოგადად ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებული მახასიათებლები.

Fake News, იგივე ყალბი ახალი ამბები, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, დღესდღეობით, უკვე საყოველთაოდ დამკვიდრებული ტერმინია როგორც აკადემიურ, ისე მედიაწრეებში. ამ ტერმინით, როგორც წესი, აღინიშნება ტყუილი ან მცდარი მიმართულების მომცემი კონტენტი, რომელიც გამიზნულად არის შეფუთული იმგვარად, რომ იგი ახალი ამბების სტატიებს წააგავს და რომლის მიზანიც, ხშირად, სარეკლამო შემოსავლების მიღებაა. თუმცა, გარდა სარეკლამო შემოსავლებისა, სხვადასხვა ინტერეს ჯგუფი ყალბ ახალ ამბებს სხვადასხვა მიზნით იყენებს, იქნება ეს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლისთვის თავს მოხვევა თუ კონკრეტული იდეოლოგიის მოსახლეობის ფართო ფენებში გავრცელება.

იმის გამო, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი ყალბი ახალი ამბების განსაზღვრისათვის, კვლევის ავტორებმა, ძირითადად, მედია და აკადემიურ წრეებში გავრცელებული ორი კლასიფიკაცია გამოიყენეს Fake News-ების გამავრცელებელი დომეინების იდენტიფიცირებისათვის. მათ შორის Buzzfeed News-ის წარმომადგენლის კრეიგ სილვერმანის ყალბი ამბების გამავრცელებელი საიტების სია და სია, რომელიც ალკოტმა და გენტსკოვმა შეადგინეს.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

ჟურნალისტ პელინ უნკერს თურქეთის სასამართლომ წელიწადზე მეტი მიუსაჯა ე.წ. „სამოთხის ქაღალდების“ ჟურნალისტურ გამოძიებაში მონაწილეობის გამო. გამოძიება ოფშორულ ზონებში გადასახადებისგან თავის არიდებაში მონაწილე არაერთ მაღალი წრის პოლიტიკოსსა და ცნობილ სახეს, მათ შორის თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მისი შვილების ბიზნეს საქმიანობას შეეხებოდა.

უნკერი, რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) წევრია, სტამბულის სასამართლომ დამნაშავედ სცნო „დეფამაციისა და ღირსების შემლახავი“ ინფორმაციის გავრცელებაში და მას 13-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ჟურნალისტი გასულ წელს გამოქვეყნებულ სტატიაში მალტაში, ბინალი ილდირიმისა და მისი შვილების საკუთრებაში არსებული კომპანიების შესახებ წერდა.

უნკერმა ICIJ-თან საუბარში თქვა, რომ მას სხვა მოლოდინი არც ჰქონია თურქეთის სასამართლოსგან, ვინაიდან თავიდანვე ცხადი იყო რა შედეგითაც დასრულდებოდა პროცესი. მიუხედავად ამისა, იგი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, ვინაიდან, ჟურნალისტის თქმით, ილდირიმმა და მისმა ოჯახის წევრებმა უკვე აღიარეს, რომ მისი სტატია ილდირიმების მალტური ბიზნესის შესახებ არავითარ სიცრუეს არ შეიცავდა.

გამოცემა the Guardian-ის ცნობით, ICIJ-ის დირექტორმა ჯერარდ რაილმა განაცხადა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება სამართლიანი და ზუსტი რეპორტინგის გაჩუმების მცდელობაა თურქეთში.

„ICIJ ამაყობს პელინ უნკერის გაბედული და სამართლიანი რეპორტინგის გამო და გმობს თურქეთში ჟურნალისტების თავისუფლებაზე განხორციელებულ იერიშს, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ავტოკრატიული მმართველობის პირობებში,“ - განაცხადა რაილმა.

სამოთხის ქაღალდები ეწოდა ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც გამოცემა Guardian-მა და 90-მდე სხვა მედიასაშუალებამ ჩაატარეს კონსორციუმის ფარგლებში, მას შემდეგ რაც ოფშორებში არსებული ორი სერვისის მიმწოდებლისა და 19 „საგადასახადო სამოთხის“ კომპანიის 13 მილიონზე მეტი დოკუმენტი გაიჟონა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი პირველ ადგილზეა გასულ წელს ციხეში მყოფი ჟურნალისტების რაოდენობის მიხედვით. 2019 წლის დასაწყისისთვის 68 თურქი რეპორტიორი იყო დაპატიმრებული.

მომზადებულია the Guardian-ის მიხედვით

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

Le Monde-ს რედაქტორს ლიუკ ბრონერს ბოდიშის მოხდა მოუწია გამოცემის ყდაზე დაბეჭდილი ილუსტრაციის გამო, რომელზეც პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იყო გამოსახული და რომელმაც მკითხველებში ჰიტლერის ასოციაციები აღძრა.

ილუსტრაცია M magazine du Monde-ს 29 დეკემბრის ნომერში გავიდა და მასზე შავ-თეთრი მაკრონის გამოსახულება იყო წითელი და შავი ზოლების ფონზე, მისი პიჯაკის ფონზე კი ტრიუმფალური თაღთან მყოფი დემონსტრანტები იყვნენ გამოსახულნი.

„ბოდიშს ვუხდით მათ, ვინც შოკში ჩააგდო ჩვენმა გრაფიკულმა გადაწყვეტილებამ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება იმ მიზეზებს, რის გამოც საყვედურს გამოთქვამენ ჩვენი მისამართით“, - აღნიშნა ლიუკ ბრონერმა, -„ილუსტრაციაში გამოყენებული ელემენტები ადრეული მე-20 საუკუნის რუსული კონსტრუქტივისტების ნამუშევრებიდან იყო ნასესხები, რომლებიც აქტიურად იყენებდნენ წითელ და შავ ფერებს“.

არგუმენტად Le Monde-მა გამოაქვეყნა ოთხი სხვა ილუსტრაცია, რომლებიც მსგავს წითელ და შავ ფერებს იყენებდა,

მოგვიანებით, 31 დეკემბერს Le Monde-მ გამოაქყვენა ედიტორიალი, გამოცემის დირექტორის ჯერომ ნოგლიოს ავტორობით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მათ მიიღეს „აურაცხელი იმეილი მკითხველებისგან, რომლებიც გამოხატავდნენ თავიანთ უთანხმოებას და აღშფოთებასაც კი. iMediaEthics დაუკავშირდა Le Monde-ს რათა გაერკვია, თავად მაკრონმა თუ გამოხატა უკმაყოფილება.

alt„ეს მესიჯი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ვიზუალური საშუალებებით არის გათანაბრებული მე-20 საუკუნის დიქტატორებთან, კონკრეტულად კი ადოლფ ჰიტლერთან,“ -აღნიშნული იყო ედიტორიალში. „ეს ცალსახად არ გახლდათ ჩვენი მიზანი, როგორც აღვნიშნეთ შაბათს, 29 დეკემბრის ნომერში.“ ყველას კარგად ესმის რამდენად დიდია განსხვავება რესპუბლიკის პრეზიდენტსა და გასული საუკუნის ყველაზე სასტიკ ტირანს შორის. არავის აქვს სურვილი დაბნეულობა გამოიწვიოს დემოკრატისა და ნაცისტის შედარებით. მიუხედავად ამისა, რთული სიტუაცია, რომელიც შეიქმნა, მკითხველთა მსგავსი ინტერპრეტაციაც რომ არ გავითვალისწინოთ, ცხადყოფს, რომ ამ ყდის გამოქვეყნება შეცდომა იყო.

მომზადებულია iMediaEthics-ის მიხედვით.

კატეგორია: მედიაგარემო

2018 წელს ქართულ მედიაში რამდენიმე მოვლენა მოხდა, რამაც გავლენა მოახდინა ადგილობრივი მედიასაშუალებების მუშაობასა თუ ზოგადად მედიალანდშაფტზე. მიუხედავად იმისა, რომ მედიაბაზარზე არსებითი ცვლილებები არ მომხდარა, მსხვილი მედიასაშუალებები კვლავაც პოლიტიკური ნიშნით პოლარიზებულნი არიან, არ გამოჩენილან ახალი მედიასაშუალებები, რომელთა მუშაობაც მნიშვნელოვნად შეცვლიდა სფეროში არსებულ რეალობას, მაინც შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე მოვლენა, რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

⇒  1. ახალი მენეჯმენტი რადიო თავისუფლების ქართულ ბიუროში

2018 წლის იანვარში, ამერიკულმა ვებ-გვერდმა BBG Watch-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარი იყო რადიო თავისუფლების ამერიკულ მენეჯმენტსა და ქართული ბიუროს შორის არსებულ დაპირისპირებაზე. ვებ-გვერდზე, სადაც ინფორმაცია გავრცელდა, აშშ-ის გადამხდელებისაგან დაფინანსებული მედიასაშუალებების რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის შესახებ ჟურნალისტები მოხალისეობრივად წერენ სტატიებს.

BBG Watch-ის მტკიცებით, დაპირისპირების მიზეზი მათ შორის რადიოს ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტის ნენად პეიჩის მოთხოვნა გახდა, რომ ქართულ ბიუროს ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ეთანამშრომლა. როგორც სტატიიდან ხდებოდა ცნობილი, ამგვარი თანამშრომლობის წინააღმდეგი იყო რადიოს ქართული სამსახური და მისი უფროსი დავით კაკაბაძე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წინააღმდეგობით უკმაყოფილო მენეჯმენტი კაკაბაძის გათავისუფლებას აპირებდა.

რამდენიმე დღეში უთანხმოების შესახებ განცხადება გაავრცელა რადიოს ქართულმა ბიურომ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დაპირისპირება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მოხსნილი გადაცემების „წითელი ზონისა“ და „ინტერტview”-ს სხვა ტელეკომპანიების, მათ შორის რუსთავი 2-ის, ეთერში გასვლის საკითხი დადგა.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის თანამშრომლები უდასტურებენ პატივისცემას თავიანთ კოლეგებს და გადაჭრით ემხრობიან იმას, რომ საქართველოს მედიასივრცეში არსებობდეს პლურალიზმი და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი საინფორმაციო საშუალებები. მაგრამ როცა საქმე პარტნიორობაზე მიდგება, ქართული სამსახურის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკური ძალისგან მაქსიმალურად დისტანცირებულ ტელეარხებთან.“

რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს მხარდასაჭერად გავრცელდა პეტიციაც. განცხადებიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ მედიასაშუალების მენეჯმენტმა მართლაც გაათავისუფლა დავით კაკაბაძე. დავით კაკაბაძის გათავისუფლებიდან მეორე დღეს თანამდებობა დატოვა რადიოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ.

მოგვიანებით დავით კაკაბაძემ მუშაობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომუნიკაციის მიერ დაარსებულ მედიააკადემიის აღმასრულებელ დირექტორად დაიწყო. მარინა ვაშაყმაძე კი აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონსულტანტად დაინიშნა. დავით კაკაბაძის პოზიციაზე რადიოს ხელმძღვანელობამ რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი ნათია ზამბახიძე შეარჩია. რადიოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი კი ჟურნალ ინდიგოს ყოფილი რედაქტორი ნინო ჯაფიაშვილი გახდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა ისიც, რომ რადიო თავისუფლებისა და სტუდია მონიტორის ერთობრილივი საგამოძიებო გადაცემა „თავისუფლების მონიტორი“ რუსთავი 2-ის ეთერში გავიდოდა.

⇒  2. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრები

2018 წლის მარტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევმა კომისიამ 12 კანდიდატი შეარჩია. ამათგან პარლამენტს 4 წევრი უნდა დაემტკიცებინა. საბოლოო ჯამში პარლამენტმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან დაახლოებულ და ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილ კანდიდატს, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს, რომელიც ია მამალაძესთან და მალხაზ ასლამაზიშვილთან ერთად დაასახელა „ქართულმა ოცნებამ“.

შათირიშვილის არჩევას წინ უძღოდა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, მთავრობის პიარის სამსახურის წარმომადგენელი მაკო ბიგვავა და სტუდია „პოსტ TV”-ის დამფუძნებელი ლაშა ნაცვლიშვილი, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ზაზა შათირიშვილის მეურვედ ლობირებისათვის შეიკრიბნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვე გახდა ბესიკ ლილუაშვილიც, რომელიც მანამდე აჭარის მთავრობაში მუშაობდა და რომელიც პარლამენტს აჭარის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.

ომბუდსმენის კვოტით კი არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს დირექტორი ზვიად დევდარინი იქნა წარდგენილი. დევდარიანის წარდგენის შემდეგ, CiDA-ს ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროვებაში დასდეს ბრალი, რასაც ქალთა მოძრაობის კამპანია მოჰყვა. დევდარიანისადმი ბრალდებების გაჟღერებიდან მალევე, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ, რომელმაც განაცხადა: „მე კონკურსს პირველი გამოვეთიშე სწორედ იმის დასამტკიცებლად, რომ საზმაუს კონკურსი კავშირში არ არის ზვიად დევდარიანის მხილებასთან ქალთა მოძრაობის მიერ. ვერავინ იტყვის, რომ ქალთა მოძრაობამ კონკურენტი ჩამოიშორა, რადგან მე კონკურსში აღარ ვმონაწილეობ და არავის კონკურენტი არა ვარ.“

დევდარიანის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სექსუალური ადევნების მუხლით. თავის მხრივ დევდარიანმა სასამართლოში უჩივლა 11 პირს, მათ შორის ბაია პატარაიას, იდა ბახტურიძეს, ნინო დანელიას, თამარა კაკაბაძეს, ეკა ონიანსა და თამარ ყურაშვილს, პატივისა და ღირსების შელახვისათვის. ასევე, უჩივლა გამოცემა ტაბულას. საბოლოო ჯამში, ომბუდსმენის კვოტით წარდგენილ კანიდატად საზმაუს სამეურვეო საბჭოში მოხვდა იზაბელა ოსიპოვა.

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები საპარლამენტო უმცირესობის კვოტით წარდგენილი კანდიდატის ნინია კაკაბაძის გარშემო. ნინია კაკაბაძის კანდიდატურას პარლამენტმა ჯერ 23 მარტს უყარა კენჭი და იგი უკვე მეხუთედ არ აირჩიეს სამეურვეო საბჭოში. მან პირველ ჯერზე მხოლოდ 11 ხმა მიიღო. 26 მარტს ნინია კაკაბაძე მეექვსედ დაასახელეს მეურვის კანდიდატად. საბოლოოდ, 4 აპრილს მას მხარი დაუჭირა 55-მა დეპუტატმა და იგი სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა. კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს უმრავლესობის დეპუტატებმაც, რასაც ქართულ ოცნებაში განხეთქილება მოჰყვა. პარლამენტარმა გედევან ფოფხაძემ განცხადება გააკეთა, რომ იგი ქართული ოცნების რიგების დატოვებას აპირებდა და აღნიშნა, რომ „შვიდეულის კვირაში ასეთი რამის გაკეთება ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხებაა იმიტომ, რომ პატრიარქის მაგინებელი ქალბატონი არ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმებს არასდროს“. მოგვიანებით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერისათვის შენდობა ითხოვეს დეპუტატებმა მარიამ ჯაშმა და თამაზ ნავერიანმა.

წლის ბოლოს კი გამოცემა ლიბერალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამეურვე საბჭოს წევრმა ზაზა შათირიშვილმა საზმაუს სამეურვეო საბჭო დატოვა, ვინაიდან იგი საკუთარი ტელევიზიისა და ჟურნალის გახსნას გეგმავს.

⇒   3. ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა კონტრაქტებში

2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ რამდენჯერმე მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა და თანამშრომელთა პროტესტი გამოიწვია 3 სექტემბერს გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილს არხის მენეჯმენტმა შეცვლილი სამუშაო პირობები შესთავაზა. ცვლილება, რომელიც არხის რამდენიმე ათეულ ტექნიკურ თანამშრომელს შეეხო, ყოველთვიურად ხელფასის აღების ნაცვლად, საათობრივ სამუშაო რეჟიმს და შესაბამის ანაზღაურებას გულისხმობდა. შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თანამშრომლებს ორთვიან კომპენსაციასა და სამსახურიდან გათავისუფლებაზე მოუწევდათ დათანხმება. კონტრაქტებში სამუშაო პირობების ცვლილებამ თანამშრომელთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც მათ აქციაც გამართეს ტელეკომპანიის შენობის წინ.

არხის მენეჯმენტის თქმით, ისინი არ აპირებდნენ თანამშრომლების გათავისუფლებას, გარდა რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდნენ. ხოლო რაც შეეხება სხვა თანამშრომლებს, მენეჯმენტის განცხადებაში მითითებული იყო, რომ ისინი არხის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის 70-მდე თანამშრომლისთვის, ანაზღაურების ნამუშევარი საათების მიხედვით გადახდას აპირებდნენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საკონტრაქტო პირობები 42-მდე ადამიანს შეეცვალა. გარდა ამისა, დაიწყო შეხვედრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა საზოგადოების ყურადღების ცენტრში საბჭოს წევრის გია იაკობიშვილის მიერ სხდომის ჩანაწერის წაშლის გამო მოექცა. როგორც სამეურვეო საბჭოს სხვა წევრმა ნინია კაკაბაძემ მედიასთან განაცხადა, გია იაკობიშვილი „ქურდულად და ტყუილით ითხოვს მასალას, ამბობს, რომ უმრავლესობამ გადაწყვიტა ამ ჩანაწერის წაშლა და მას ანადგურებს. აი, ასე ტყუილებით, მიპარვით და რაც მთავარია "უმრავლესობის სახელით" მოქმედებენ უმრავლესობის წარმომადგენლები. საბედნიეროდ არსებობს მიმოწერა ელექტრონული ფოსტით, სადაც მხოლოდ ზაზა შათირიშვილი და გია იაკობაშვილი იზიარებენ ჩანაწერის განადგურების იდეას".

2018 წლის ოქტომბერში „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირებთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, საზოგადეობრივი მაუწყებლის გათავლისუფლებული თანამშრომლების უფლებათა დასაცავად. „სასარჩელო მოთხოვნაა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“, - ნათქვამი იყო განცხადებაში, რომელიც მედიაში გავრცელდა.

მედიაჩეკერი დაუკავშირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარეს, რომლის თქმითაც, პროფკავშირის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინაც შეხვდნენ სამეურვე საბჭოს. შეხვედრას არ ესწრებოდა მენეჯმენტი. შეხვედრაზე, ზაუტაშვილის თქმით, შეთანხმდნენ რომ ახალ წლამდე არავითარი რეაგირება არ იქნება, ვინაიდან ამ ადამიანების გათავისუფლება დარღვევებით მიმდინარეობს. მიიღეს აქტიური თანამშრომლობის დაპირება. მიუხედავად სამეურვეო საბჭოს დაპირებისა, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება არ მოხდებოდა განხილვის გარეშე, მისი ინფორმაციით, მაინც უგზავნიან თანამშრომლებს გარკვეული ტიპის განცხადებებს.

„თავიდან იყო საუბარი 150-მდე თანამშრომელზე, მერე 50-ზე და ახლა 22-მდე ჩამოვიდა ციფრი. ესეც როგორი არასწორი საქციელია მენეჯმენტის მხრიდან“, - ამბობს ნინო ზაუტაშვილი და აღნიშნავს, რომ იმ ადამიანების ნაწილს, რომელზეც თავდაპირველად იყო საუბარი, ახალი კონტრაქტები მისცეს, ნაწილს კი დაუტოვეს ძველი პირობები, -„ველოდებით, რომ სამეურვეო საბჭო განიხილავს ამ საკითხს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი იდეა შეთავაზებული მათთვის და ვფიქრობთ, რომ ამ იდეის საშუალებით თუნდაც რეორგანიზაცია შეიძლება, რაც ტელევიზიაში ახალი, კარგი კადრების მოყვანასთან ერთად, გულისხმობს, რომ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ქართული რადიოს განვითარებაში, იმ ადამიანებისთვისაც გვაქვს მოფიქრებული სპეციალური პროგრამა, რომელიც მათ დაუტოვებს შეგრძნებას, რომ ისინი საჭორები არიან რადიოსთვის.“

⇒   4. ტელეკომპანია იბერია

2019 წელს ქართული ტელებაზარი ერთი არხით ნაკლებით შეხვდება. ტელეკომპანია იბერიამ, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეთერში 2015 წელს დაბრუნდა, ისევ შეწყვიტა მაუწყებლობა. მაუწყებლობის შეწყვეტამდე კი იყო ცნობილი პოლიტიკური და ბიზნეს სკანდალი, რომელიც იბერიის ფაქტობრივი მფლობელის ზაზა ოქუაშვილის კუთვნილ სხვა ბიზნეს-კომპანიას „ომეგა ჯგუფსა“ და სახელმწიფოს წინაშე არსებულ მის დავალიანებას შეეხებოდა.

საუბარი იბერიას მთავარ დამფინანსებელ კომპანია „ომეგა ჯგუფზე“ მიმდინარე ფინანსურ ზეწოლაზე ჯერ კიდევ 2018 წლის თებერვალში დაიწყო. თუმცა, პროცესები განსაკუთრებით მიმდინარე წლის სექტემბერში გამწვავდა, როდესაც ტელევიზია მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, რაც ტელეკომპანიის მესვეურთა განცხადებით, განპირობებული იყო „ომეგა ჯგუფისათვის“ ყადაღის დადებით. 10 სექტემბერს, ტელევიზიის თანამშრომლებმა საპროტესტო აქციაც გამართეს მთავრობის კანცელარიასთან, ლოზუნგებით - “იბერიას ვერ წაგვართმევთ”, “ვერ გაგვაჩუმებთ”, “ხელები შორს იბერიისგან და ა.შ.

სიტუაცია იბერიას გარშემო კიდევ უფრო გამწვავდა, მას შემდეგ რაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით გავრცელდა ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუ და ფარული ჩანაწერების სერია, რომლის მეშვეობითაც, ომეგა ჯგუფის მფლობელი ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს ბიზნესის რეკეტში ადანაშაულებდა.

16 ოქტომბერს ტელეკომპანია იბერიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. არხზე შეჩერდა ყველა ტიპის გადაცემა, მათ შორის საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებები. მალევე, ტელეკომპანიამ ათობით თანამშრომელს შეუწყვიტა კონტრაქტი ფინანსების არარსებობის მოტივით. თანამშრომელთა გუნდი ორად გაიყო და მათ ცალ-ცალკე დაიწყეს ბრძოლა თავიანთი ანაზღაურების მიღებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ „ომეგა ჯგუფმა“ დავალიანების მცირე ნაწილი გადახდის შემდეგ თამბაქოს ქარხნის ამუშავება შეძლო, კვლავაც გაურკვეველია ტელეკომპანია იბერიას საქმე. 29 ოქტომბერს ტელევიზიის სიხშირეზე განთავსებული წარწერა „ხელისუფლებამ დახურა იბერია“ შეიცვალა წარწერით „არხის რეორგანიზაცია“, 18:00 – 00:00 საათებში კი საარქივო მასალები გადიოდა. 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს, მედიაჩეკერი შეეცადა გაერკვია ტელევიზიის ბედი, თუმცა ვერც დამფუძნებლების და ვერც ტელეკომპანიის სხვა მესვეურებისაგან ვერ მოხერხდა ამ ინფორმაციის მიღება.

⇒ ⇒ ⇒ სევე შეგიძლიათ გაიხსენოთ მედიაჩეკერის არქივიდან:
  
2017 წლის 4 მნიშვნელოვანი მოვლენა მედიაში