კატეგორია: რესურსები

2018 წელს არაერთი წიგნი გამოიცა, რომელიც, ერთი მხრივ, აღწერს მედიაში მიმდინარე სწრაფად ცვალებად პროცესებს და მეორე მხრივ, გვიყვება ამბებს ადამიანების შესახებ, რომლებიც წამყვან როლს თამაშობდნენ ან თამაშობენ საერთაშორისო მედიასაშუალებების მუშაობაში. წლის ბოლოს, მედიაჩეკერი წარმოგიდგენთ რამდენიმე წიგნს, რომლებიც 2018 წელს გამოქვეყნდა და რომლებიც ცნობილ რეპორტიორთა ცხოვრებასა და მუშაობასა თუ სფეროში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე მოგვითხრობს.

⇒ Ctrl Alt Delete: როგორ ჩამოშალა პოლიტიკამ და მედიამ ჩვენი დემოკრატია

    ავტორი: ტომ ბოლდუინი
    გამომცემელი: Hurst Publishers

alt„რაღაც აშკარად არასწორად განვითარდა: ადამიანებს სძულთ პოლიტიკოსები, უნდობლობა აქვთ მედიის და კიდევ უფრო მეტად ერთმანეთის მიმართ. ადვილია ეს ყველაფერი დააბრალო რუს ტროლებს, Facebook-ის ახალი ამბები ლენტას ანდა მონაცემებით მზაკვრულ მანიპულაციებს, თუმცა ეს ყელაფერი მხოლოდ და მხოლოდ სიმპოტმებია იმ ძალადობრივი ურთიერთობისა, რომელიც ჩამოყალიბდა პოლიტიკას, მედიასა და ახალ ინფორმაციულ ერას შორის, გასული 30 წლის მანძილზე“, - ასე იწყება ტომ ბოლდუინის წიგნის აღწერა, რომელიც 2018 წლის ივლისში გამოვიდა.

წიგნში, რომელიც საინტერესოდ აღწერს ბოლო წლებში ახალი ამბების დღის წესრიგზე კონტროლისათვის ბრძოლას სხვადასხვა პოლიტიკურ თუ საჯარო აქტორებს შორის, გამოყენებულია ინტერვიუები პოლიტიკოსებთან, მედიის პროფესიონალებთან, რუს ბლოგერებთან თუ დიდი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებთან და აქტივისტებთან. ავტორი ცდილობს აჩვენოს თუ როგორ შექმნა დემოკრატიაზე ასეთმა შეტევებმა ნაყოფიერი ნიადაგი ექსტრემისტული ძალების მათ შორის პოპულისტური მოძრაობების აღზევებისათვის.

„ეს არის არაჩვეულებრივად დაწერილი, ხშირად სასაცილო, ზოგჯერ კი ელეგიური და დრო და დრო ბრაზიანი აღწერა იმისა, თუ როგორ შეიცვალა პოლიტიკისა და მედიის სამყარო უარესისაკენ გასულ ათწლედში“, - ასე გამოეხმაურა ჟურნალი Times ბოლდუინის წიგნს.

ტომ ბოლდუინმა თავისი 30-წლიანი კარიერის უდიდესი ნაწილი მედიასა და პოლიტიკაში მუშაობას მიუძღვნა. იყო დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის კომუნიკაციების დირექტორი, The Sunday Telegraph-ის პოლიტიკური რედაქტორი The Times-ის რედაქტორის ასისტენტი და The Times-ის ვოშინგტონის ბიურის ხელმძღვანელი.

⇒  რეპორტიორი: სეიმურ ჰერშის მემუარები

      გამომცემელი: Allen Lane

altმე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანეს ჟურნალისტთა შორის სეიმურ ჰერშის სახელი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. ჰერში - ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი, რომელიც ვაშინგტონში მოღვაწეობს, საყოველთაოდ აღიარებული 1969 წელს ვიეტნამის ომის გაშუქებისას ამერიკელ ჯარისკაცთა მოწყობილი მაი ლაის სასაკლაოს გაშუქებისას გახდა, რისთვისაც 1970 წელს პულიტცერის პრემიაც მიიღო. მოგვიანებით, აშუქებდა უოტერგეიტის სკანდალსა და ამერიკის მიერ კამბოჯის ფარულ დაბომბვას. 2004 წელს კი მის სახელს დაუკავშირდა ამერიკელი სამხედროების მიერ აბუ ღრეიბის ციხეში პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქება. მიღებული აქვს არაერთი პროფესიული ჯილდო.

ლეგენდარული ჟურნალისტი მემუარებში იხსენებს საკუთარი კარიერის გზას, აღწერს თუ რა ამოძრავებდა მას როდესაც აშუქებდა ყველაზე უფრო ფაქიზ თემებს, როგორ ახერხებდა ყველაზე მნიშვნელოვანი სამთავრობო საიდუმლობების მზის შუქზე გამოტანას, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე და ფაქტებისადმი სრული ერთგულებით. წიგნში ჰერში ყვება ისტორიებს იმ ისტორიათა მიღმა, რომლებიც მის სტატიებში ხვდბოდა ხოლმე. გარდა ამისა, მემუარებში ჰერში იხსენებს მის ურთიერთობას მე-20 საუკუნის ამერიკული ჟურნალისტიკისა და პოლიტიკის ისეთ გიგანტებთან როგორებიც არიან ბენ ბრედლი, ა.მ. როზენსტილი, დევიდ რემნიკი და ჰენრი კისინჯერი. „თავად ჰერში არის ხისტი და პირდაპირი, თუმცა არასდროსაა ცინიკური. მისი მემუარები კი ისეთივე ამაღელვებელია, როგორც მისი ჟურნალისტური ნაწერები“, - ვკითხულობთ Publishers Weekly-ის მიმოხილვაში.

⇒  Breaking News: ჟურნალისტიკის გარდაქმნა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

      ავტორი: ალან რუსბრიჯერი
      გამომცემელი: Farrar, Straus and Giroux

altThe Guardian-ის ყოფილი მთავარი რედაქტორის ალან რუსბრიჯერის წიგნი - Breaking News: The Remaking of Journalism and Why It Matters Now 2018 წლის ნოემბერში გამოიცა. წიგნი აღწერს არამხოლოდ იმ მასალებს, რომლებიც მისი რედაქტორობის დროს გამოაქვეყნა გამოცემამ (ედვარდ სნოუდენის ისტორია, რუპერტ მერდოკთან, ბილ და მელინდა გეითსებთან დაკავშირებული სკანდალები და ა.შ.) და რომელსაც საყოველთაო გამოხმაურება მოჰყვა, არამედ, როგორ მასში დეტალურადაა აღწერილი თუ როგორ უწევდა ერთ-ერთ უმსხვილეს ბრიტანულ გამოცემას თვითგადარჩენისათვის ბრძოლა ახალი ტექნოლოგიების პირობებსა და შეცვლილ მედიაგარემოში.

რუსბრიჯერმა, რომელიც ჩრდილოეთ როდეზიის პროტექტორატში (ამჟამად ზამბია) დაიბადა, კარიერა Cambridge Evening News-ში დაიწყო. მოგვიანებით მუშაობდა The Observer-სა და London Daily News-ში. The Guardian-ის რედაქტორი კი რუსბრიჯერი 1995 წელს გახდა და ამ პოზიციას 20 წლის განმავლობაში იკავებდა.

რუსბრიჯერის წიგნის შესახებ The Guardian-ში გამოქვეყნებული მიმოხილვის თარგმანის წაკითხვის საშუალება "მედიაჩეკერის" მკითხველს რამდენიმე თვის წინ ჰქონდა.

⇒  შოუს მოპარვა: ქალების რევოლუცია ტელევიზიაში


     ავტორი: ჯოი პრესი
     გამომცემელი: Atria Books

altშონდა რაიმსი, ლენა დიუნჰემი, ტინა ფეი, ემი შუმერი, ელენ დეჯენერისი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ქალებისა, რომლებმაც გასული ათწლეულების განმავლობაში გართობის და კონკრეტულად, სატელევიზიო გართობის სფეროზე უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინეს და გააჩინეს განცდა რომ ეს სფერო გენდერული თვალსაზრისით თანასწორ სივრცეს წარმოადგენს ქალებისთვის. ფაქტია, ქალმა ჟურნალისტებმა, წამყვანებმა, პროდიუსერებმა და სცენარისტებმა გასულ წლებში რევოლუციური გავლენა იქონიეს ამ სფეროზე, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. ჯოი პრესი, Vanity Fair-ის ყოფილი ტელე-კორესპონდენტი, Salon-ისა და Los Angeles Times-ის გართობის განყოფილების რედაქტორი და ავტორი, The Guardian-ისა და The New York Times-ის კონტრიბუტორი სხვადასხვა დროს, თავის ახალ წიგნში აღწერს იმ გრძელ გზას, რომელიც ქალებმა გამოიარეს ტელეინდუსტრიაში, რათა მათ დღევანდელობამდე მოეღწიათ.

თავადაც უკვე ვეტერანი ჟურნალისტი წიგნში აღწერს იმ ბარიერებს, რომელთა გადალახვაც უწევდათ ქალ პროფესიონალებს მედიის სფეროში. წიგნი გვიყვება ორი კონკრეტული ტელეპერსონის როზინ ბარისა და დაიან ინგლიშის წარმატების ისტორიას, რომელთა საკულტო შოუებმაც „ოჯახური ღირებულებების“ ამერიკული წარმოდგენები მთლიანად შეცვალა და რომელთა სახელიც ხშირად თეთრ სახლამდეც აღწევდა. ბარისა და ინგლიშის გამოცდილებამ კი შთააგონა ამერიკელი ქალი ტელეწამყვანების მთელი თაობა, რათა მათ კრეატიული სივრცეებისა და აღმასრულებელი ძალაუფლების ქონის ამბიცია გასჩენოდათ.

⇒  უკიდურესობებში: ომის კორესპონდენტის მარი კოლვინის სიცოცხლე და სიკვდილი

      ავტორი: ლინდსი ჰილსუმი
      გამომცემელი: Farrar, Straus and Giroux

altმარი კოლვინს "მედიაჩეკერის" მკითხველი კარგად იცნობს. ომის ლეგენდარული რეპორტიორის შესახებ ჩვენს ვებგვერდზე რამდენიმე მასალა გამოქვეყნდა. გასულ თვეში, მედიაჩეკერმა მკითხველს ჟურნალისტის ცხოვრებაზე გადაღებული მხატვრული ფილმის A Private War-ის მიმოხილვის თარგმანი შესთავაზა, რომელიც ჟურალ the Times-ში გამოქვყენდა.

მის შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს - Under the Wire კოლვინის ბოლო მოგზაურობას ასახავს სირიაში. ამჯერად კი, ლინდსი ჰოლსუმის ავტორობით გამოქვეყნებულ წიგნს წარმოგიდგენთ, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გამოიცა და გამოსვლიდან მალევე BBC-ის რადიოს კვირის წიგნად და Sunday Times -ის წლის წიგნად დასახელდა.

მარი კოლვინს, რომელიც თავისი უშიშარი რეპორტინგითა და საქმისადმი თავდადებით გამოირჩეოდა (რასაც ჯერ მისი თვალი შეეწირა, შემდეგ კი მისი ცხოვრება), მისი მეგობარი და ომის რეპორტინგში თანამგზავრი ლინდსი ჰილსუმი იხსენებს. წიგნში მოთხრობილია კოლვინის ბავშვობა ამერიკულ გარეუბანში, მისი შთამაგონებელი კარიერა, რომელიც ერაყიდან, ლიბიიდან კოსოვოდან, აღმოსავლეთ ტიმორიდან, შრი ლანკადან და ჩეჩნეთიდან თუ სირიიდან რეპორტაჟების მთელ სერიას მოიცავდა. გარდა პროფესიული დეტალებისა, წიგნში მოთხრობილია კოლვინის სასიყვარულო ისტორიების, მეგობრისა თუ დაუსრულებელი გართობის შესახებ. სწორედ კოლვინის ეს სასიცოცხლო ენერგია და ვნება იყო მიზეზი იმისა, რომ მასთან შეხვედრისთანავე ყველას მასთან მეგობრობა უნდოდა, იასირ არაფატიდან მოყოლებული მუამარ კადაფით დამთავრებული.

⇒  უცხო: ლათინო იმიგრანტის გამოწვევა ტრამპის ხანაში

ავტორი - ხორხე რამოსი
გამომცემელი - Vintage

altვინც ხორხე რამოსის სახელი ჯერ კიდევ არ იცოდა, მიუხედავად მისი, როგორც Univision-ის ტელეწამყვანის 35-წლიანი კარიერისა და არაერთი პროფესიული ჯილდოსი, 2015 წელს, აიოვაში, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პრესკონფერენციის შემდეგ გაიგო. აშშ-ის მომავალი პრეზიდენტისათვის ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას მიგრანტთა თემაზე, ტრამპის გაღიზიანება მოჰყვა. ჟურნალისტის დაჟინებულ მოთხოვნას დაესვა შეკითხვა, ტრამპმა მოკლე ფრაზით უპასუხა: „წადი, დაბრუნდი შენს Univision-ში“. შემდეგ კი, დაცვის დახმარებით, იგი დარბაზიდანაც გააძევეს.

„არის მომენტები, როდესაც სრულიად უცხოდ ვგრძნობ თავს ამ ქვეყანაში. ამას არც წუწუნის გამო ვამბობ და არც შესაძლებლობების არ ქონის გამო. ამას უფრო იმედგაცრუების გამო ვამბობ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ 35 წელი აშშ-ში ცხოვრების შემდეგაც კი, ამდენი ადამიანისთვის უცხო ვიქნებოდი. თუმცა, ზუსტად ასეა ეს“, - წერს თავის წიგნში ჟურნალისტი, რომელსაც აშშ-ის ლათინოამერიკულ თემში „უხმოთა ხმად“ მოიხსენიებენ ხოლმე. წიგნში რამოსი აღწერს მისი როგორც ლათინო ჟურნალისტის გამოცდილებას აშშ-ში და სხვადასხვა კვლევაზე, სტატისტიკურ მონაცემებსა და ჟურნალისტურ ცნობისმოყვარეობაზე დაყრდნობით ყვება რატომ გრძნობენ ჯერ კიდევ უცხოებად თავს ის და სხვა მილიონობით ლათინოამერიკელი აშშ-ში.

მომზადებულია: The Guardian-ის, Esquire-ის, New Books Network-ის, Simon & Schuster-ის, Hurst Publishers-ის და Publishers Weekly-ის მიხედვით.

კატეგორია: მედიაგარემო

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლას კრძალავს. თითქმის ყოველ წელს არაერთი ამბავი ხდება ცნობილი თუ როგორ არ მისცეს ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა ჟურნალისტებს, როგორ დაუზიანეს კამერა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მიუხედავად ამისა, ხშირად ამგვარ შემთხვევებს 154-ე მუხლით არ იძიებენ.

alt2018 წლის 10 ოქტომბერს, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები თავს დაესხნენ რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, ეკა გაგუასა და ოპერატორს, ლევან კალანდიას. ისინი ხარაგაულში, რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობისას გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდნენ რეპორტაჟს. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანდა, ბიუროს კუთვნილ ობიექტზე შესულ ჟურნალისტსა და ოპერატორს კომპანიის წარმომადგენლებმა ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენეს და კამერა წაართვეს. 11 ოქტომბერს, პოლიციამ ორი პირი დააკავა ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილების საფუძველზე, რაც ცემასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. როგორც ეკა გაგუამ “მედიაჩეკერს” განუცხადა, მისი ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულ ორ პირს სახელმწიფომ 10 000 – 10 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

თუმცა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, რაც იურისტ მარიამ გოგოსაშვილის შეფასებით, ბოლო დროს გახშირდა, სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის ამგვარი რეაგირებით არ სრულდება. იმავე ჟურნალისტს, ეკა გაგუას რამდენიმე კვირით ადრე, ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის ოჯახში დაუპირისპირდნენ ფიზიკურად. ინციდენტი მოხდა ზუგდიდის მაშინდელი მერის მოადგილესთან გია გულორდავასთანაც. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ საქმეებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება არ მოუხდენია.

„ჩვენ, მაშინ, პოლიციისთვის არ მიგვიმართავს, თუმცა, ინფორმაცია გაჟღერდა, კადრები ნაჩვენები იყო, ადამიანები იდენტიფიცირებულები იყვნენ და პოლიციას თავად შეეძლო ამ ყველაფერზე გამოძიების დაწყება, თუმცა არანაირი რეაგირება არ ყოფილა,“ - აღნიშნავს ეკა გაგუა.

altჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლი იყო ერთ-ერთი იმ სამი მუხლიდან, რომლითაც გამოძიება დაიწყო შსს-მ, 30 ნოემბერს, თბილისში, მოძრაობა „არა ნაციზმს“ ოფისში მომხდარ დაპირისპირებაზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს, მოძრაობის ხელმძღვანელს ნანა კაკაბაძესა და მის თანამოაზრეებს შორის. ერთი მხრივ, ნანა კაკაბაძე ბრალს სდებდა ჟურნალისტს მათ ოფისში უკანონოდ შეჭრაში. ამასთან დაკავშირებით, მისმა ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა და დამატებით, მარიამ გაფრინდაშვილი ფაქტების გაყალბებაში დაადანაშაულა, რომლის დამამტკიცებელ საბუთადაც სათვალთვალო კამერების ჩანაწერი მოიყვანეს. მეორე მხრივ, ტელეკომპანია ნანა კაკაბაძესა და მის ორგანიზაციას ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში სდებს ბრალს.

როგორც რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა “მედიაჩეკერს” განუცხადა, გამოძიებამ უკვე ამოიღო კაკაბაძის ოფისთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, ოპერატორის მიერ გადაღებული კადრები, გამოიკითხნენ გაფრინდაშვილი და მასთან ერთად მყოფი ოპერატორი, ტექნიკა კი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, თუმცა მისთვის უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება ამჟამად.

„მეც ძალიან დაინტერესებული ვარ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს გამოძიება. მოგეხსენებათ, რომ კაკაბაძემ ინტერნეტ სივრცეში გაავრცელა ვიდეოფაილის დამონტაჟებული ნაწილი, რომელიც იყო მიმართული ჩემი დისკრედიტაციისკენ”, - აღნიშნა გაფრინდაშვილმა “მედიაჩეკერთან”, - “ასევე გაავრცელა ჩემი პირადი ნომერი და 5 დღის განმავლობაში მე, ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები ვიყავით ისეთი თავდასხმის ობიექტები, რომ უბრალოდ ვერ აგიხსნით.“

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ზოგიერთ ფაქტზე, პოლიციის მხრიდან რეაგირების შემთხვევაში, გამოძიების დაწყების საფუძვლად, შსს ხშირად სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის ნაცვლად, მხოლოდ 126-ე მუხლს უთითებს, რაც ცემას ან სხვაგვარი ძალადობის გამო მიყენებულ ფიზიკურ ტკივილს გულისხმობს.

მაგალითად, ასე მოხდა, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის დღეს, როდესაც თბილისში, 25-ე საარჩევნო უბანთან მდგომმა ორმა ქალმა “TV პირველის” ჟურნალისტს თათია ჩაფიჩაძეს მუშაობაში ხელი შეუშალა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და რამდენჯერმე ხელითაც შეეხო. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, თუმცა ჟურნალისტს უთხრეს, რომ საქმე სავარაუდოდ ჟურნალისტური საქმიანობაში ხელის შეშლად გადაკვალიფიცირდებოდა.

თათია ჩაფიჩაძემ “მედიაჩეკერს” უთხრა, რომ მიუხედავად დაპირებისა, საქმე ამ დრომდე არ გადაკვალიფიცირებულა და როგორც სამართალდამცავებმა მას უთხრეს, ისინი პროკურორის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

altგამოძება 154-ე მუხლით არ დაწყებულა არც გამოცემა On.ge-ის ჟურნალისტის სალომე ჩადუნელის შემთხვევაში, რომელსაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ასევე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს. როგორც გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, თბილისში, 54-ე საარჩევნო უბანზე რეპორტიორი ერთ-ერთ პირს, სავარაუდოდ კოორდინატორს, შეკითხვებს უსვამდა იმ სიებთან დაკავშირებით, რაც მას ხელში ეკავა. ჟურნალისტის შეკითხვამ კი იქვე მდგომი მეორე კოორდინატორი გააღიზიანა, რის შემდეგაც, ჟურნალისტს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აღსანიშნავია, რომ ამბავს შეესწრო ადგილზე მყოფი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი და ჟურნალისტის გამოკითხვაც დაიწყეს. პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ნაცვლად, გამოძიება კვლავაც 126-ე, ცემის მუხლით დაიწყო, თუმცა, როგორც ჩადუნელმა მედიაჩეკერს უთხრა, გამოძიებას არა თუ არ გადაუკვალიფიცირებია საქმე, არამედ საერთოდ შეწყვიტეს იგი დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ჟურნალისტის თქმით, პროკურორმა მიუთითა მას, რომ მას პროფესიული მოვალეობის შესრულება მაინც შეძლო და შესაბამისად 154-ე მუხლით საქმის გამოძიების საჭიროება აღარ იდგა.

ზემოთ აღწერილი შემთხვევების უმეტესობაში ჟურნალისტების დავის საგანი მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე სამართალდამცავების მხრიდან იგნორირება ანდა გამოძიების დაწყების შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის ნაცვლად, 126-ე მუხლის გამოყენებაა. სამართალდამცავების მხრიდან ამ მუხლის გამოყენებისაგან თავის შეკავებაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი მარიამ გოგოსაშვილიც.

„კოდექსის აღნიშნული მუხლი უშუალოდ ჟურნლისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ეხება, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებით მისი გამოყენება იშვიათად ხდება და გამოძიება ძირითადად ძალადობის ან სხვა მუხლით იწყება და მიმდინარეობს ხოლმე,“ - აცხადებს საიას იურისტი.

ამ მუხლის არასათანადო ანდა იშვიათ გამოყენებაზე მეტყველებს სტატისტიკაც, რომელიც “მედიაჩეკერმა” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა. როგორც შსს-ს მოწოდებული დოკუმენტებით ირკვევა, 2013 წლიდან 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით (2015 წლის გამოკლებით), წელიწადში მხოლოდ 3-დან 6-მდე საქმეზე იწყებოდა ხოლმე გამოძიება ამ მუხლის ორივე ნაწილით. 2015 წელს ამ მუხლით არც ერთი საქმე არ აღძრულა. 154-ე მუხლით გამოძიების დაწყების განსაკუთრებით მაღალი რიცხვი იყო 2012 წელს (21 საქმე). 2011 წელს ასეთი ერთი, 2010 წელს კი 7 შემთხვევა იყო.

საინტერესო სურათს იძლევა 2012 წლიდან 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით პროკურატურის მიერ, 154-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნის სტატისტიკაც. 2012 წლამდე ასეთ სტატისტიკას პროკურატურა არ აწარმოებდა. “მედიაჩეკერისათვის” მიწოდებული ინფორმაციით, 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 2012 წელს, ერთი პირისადმი დაიწყო დევნა, 2013-2017 წლებსა და 2018 წლის 9 თვეში კი არც ერთი პირისადმი არ დაწყებულა. რაც შეეხება კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილს, „2012 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ, 2013 წელს - 4, 2015 წელს - 1, 2016 წელს - 1 პირის მიმართ, ხოლო 2014 წელს, 2017 წელსა და 2018 წლის 9 თვეში აღნიშნული მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა“, - ვკითხულობთ პროკრურატურის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში.

რაც შეეხება დამდგარ განაჩენებს, მედიაჩეკერს საქართველოს უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, რომ 2010-2018 (ოქტომბრამდე) წლებში რაიონულმა (საქალაქო) სასამართლოებმა სულ 5 საქმე განიხილეს, რომელთაგან ხუთივეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა კი ორ-ორი საქმე განიხილეს. სააპელაციომ ერთი საქმის განაჩენი უცვლელად დატოვა, მეორე კი გადააკვალიფიცირა. უზენაესმა სასამართლომ ერთი საქმე დაუშვებლად სცნო, მეორე საქმის შემთხვევაში კი გადაწყვეტილება შეცვალა კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში.


როგორც მოყვანილი სტატისტიკაც ცხადყოფს, სისხლისსამართლის კოდექსის ამ კონკრეტული მუხლის პრაქტიკაში გამოყენება არც ისე ხშირია. რისი მიზეზიც, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს ჟურნალისტების მხრიდან არასაკმარისი მიმართვიანობა, მეორე მხრივ, კი თავად სამართალდამცავების მხრიდან ამ კონკრეტული მუხლის მისადაგებისაგან თავის არიდების გამიზნული პოლიტიკა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარ პრაქტიკას შესაძლოა თავისი ნეგატიური შედეგები ჰქონდეს, რაც მაგალითაც, მსგავსი შემთხვევების პრევენციას შეუძლებელს ხდის.

„მნიშვნელოვანია საქმე სწორედ ამ მუხლით დაიწყოს ან შემდგომში დაკვალიფიცირდეს, როდესაც საქმე ეხება ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას. ამ მუხლის მიზანიც სწორედ ის არის, რომ დაიცვას მედიის წარმომადგენლები უკანონო ხელშეშლისგან, ანუ კანონს სპეციალური დაცვის ობიექტი ჰყავს,“ - აღნიშნავს მარიამ გოგოსაშვილი და დასძენს, რომ კანონის პრობლემა ცალსახად მისი პრაქტიკაში გამოყენებაა. კანონის პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისასაც არსებობდა. იმ დროს, საიას იურისტი თამარ გურჩიანი media.ge-სთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ საქართველოში იდგა ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის განსაზღვრის პრობლემა, რაც დაკავშირებული იყო კანონმდებლობასთან. მისი თქმით, ხშირად, ჟურნალისტების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული საქმეები, 154-ე მუხლის ნაცვლად სხვა მუხლით აღიძვრებაოდა ხოლმე.

სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პრაქტიკაში სათანადო გამოყენების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას ჟურნალისტებიც. ეკა გაგუა მიიჩნევს, რომ თუკი კანონი უფრო მკაცრი იქნება, შესაძლოა ამან სამომავლოდ აგვარიდოს თავიდან მსგავსი დანაშაულის ხშირად ჩადენის ფაქტები. თათია ჩაფიჩაძე კი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი შემთხვევების დროს, 154-ე მუხლის გამოყენება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სათანადო გამოძიებისა და ადეკვატური პასუხისგების შემთხევაში, სხვებს ნაკლებად გაუჩნდებათ ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის სურვილი.

იურისტი მარიამ გოგოსაშვილი არ გამორიცხავს, რომ მუხლს ჰქონდეს გარკვეული ხარვეზები თუმცა ეს ხარვეზები უფრო მეტად პრაქტიკაში მისი გამოყენებით და განმარტებით გამოჩნდება. „კონკრეტულად რთულია ჩემთვის იმის თქმა, რა უნდა გაკეთდეს, ალბათ თავად ჟურნალისტებმაც უნდა მიუთითონ და დააზუსტონ გამოძიების მიმდინარეობისას რომ ადგილი ჰქონდა საქმიანობაში უკანონო ხელშეშლას. ასევე საგამოძიებო უწყებებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია ამ მუხლის მნიშვნელობასა და მისი დაცვის ობიექტებზე“, - აღნიშნავს გოგოსაშვილი.

კატეგორია: ეთიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 2018 წელს 62 საქმე განიხილა. საბჭოს გადაწყვეტილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ყველაზე ხშირად ჟურნალისტურ მასალებში ირღვევა ქარტიის 1-ლი, სიზუსტის პრინციპი, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.


alt

2018 წელს ქარტიის საბჭომ 1-ლი პრინციპის დარღვევა 39 საქმეში დაადგინა. 9 შემთხვევაში ქარტიის საბჭოს ამ პრინციპის დარღვევა არ გამოუვლენია, ერთ შემთხვევაში კი გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

9 შემთხვევაში, მედიის წარმომადგენლებმა არ გაითვალისწინეს ბავშვის საუკეთესო ინტერესი მასალების მომზადებისას და შედეგად, ქარტიის მე-8 პრინციპი დაარღვიეს. მე-8 პრინციპის მიხედვით, „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“.

ასევე შედარებით მაღალი იყო ისეთი საქმეების რაოდენობა, როდესაც მედიის წარმომადგენლებმა ქარტიის მე-5 პრინციპი დაარღვიეს. ამ პრინციპის თანახმად, მედია ვალდებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან არიდების მიზნით, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია. ეთიკის ქარტიის საბჭომ ასეთი სულ 7 საქმე განიხილა.

alt

2018 წელს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს საქმეთა განხილვისათვის მეტწილად მოქალაქეები მიმართავდნენ (26 განაცხადი), შემდეგ მოდიან არასამთავრობო ორგანიზაციები (12 განაცხადი), პოლიტიკოსები (5 განაცხადი) და სახელმწიფო უწყებები და ჟურნალისტები (4-4 განაცხადი).

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 9 წევრისაგან შედგება, ამათგან სამი თბილისს, 6 კი რეგიონებს წარმოადგენს. საბჭოს წევრებს სამი წლის ვადით ირჩევენ.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
კრიზისულ სიტუაციებში (შეიარაღებული კონფლიქტები, ბუნებრივი კატაკლიზმები, პოლიტიკური პროტესტები და ა.შ.) მომუშავე რეპორტიორები ხშირად დგებიან დილემის წინაშე - სჯობს გამოაქვეყნო ისტორია, რომელშიც მოყვები ადამიანთა გასაჭირის შესახებ თუ სჯობს, შენი ისტორიის გასაჭირში მყოფ პოტენციურ გმირებს დაეხმარო, რითაც შეგიძლია. ეს შეკითხვა უკვე რამდენიმე ათეული წლებია აქტუალურია პროფესიულ წრეში, თუმცა ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. დროდადრო ამგვარი დილემები თავს იჩენს ხოლმე და საზოგადოების ფართო განხილვის საგანი ხდება. მაგალითად, ასე მოხდა კევინ კარტერის ცნობილი ფოტოს “შიმშილი სუდანში” გამოქვეყნებისას. თუმცა ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა დებატების საგანი, როდესაც რამდენიმე კვირის წინ The New York Times-მა დეკლან უოლშის ვრცელი სტატია და ტაილერ ჰაიკსის ფოტოები გამოაქვეყნა სათაურით „საუდის არაბეთის ომის ტრაგედია“. სოციალურ ქსელებში მიმდინარე ცხარე დისკუსიებს სტატიის ავტორი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა 29 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში, რომლის თარგმანსაც მედიაჩეკერი გთავაზობთ.

დეკლან უოლში

იემენის დედაქალაქ სანას ერთ-ერთ რესტორანში მიმტანმა ნელ-თბილად მოხრაკული ცხვრის ხორცით სავსე ჯამები, გარნირად კი ბრინჯის მთები მოგვიტანა. დესერტად კანაფე, კლასიკური არაბული, ოქროსფერ-ყავისფერი ყველით გამოტენილი ნამცხვარი ჰქონდათ.

ერთ საათში სამსახურში ვბრუნდები, ჰოსპიტალის ჩუმ პალატაში, რომელიც სავსეა შიმშილისაგან ჩონჩხად ქცეული ბავშვების სახეებით, რომლებიც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გამოკიდებულები ითხოვენ ფულსა და კარგ საკვებს.

თუკი ეს შედარება უსიამოვნოდ, გულისამრევადაც კი მოგეჩვენათ, მინდა გითხრათ, რომ მეც ზუსტად ეს გრძნობა დამეუფლა.

კრიზისის ზონები ხშირად მკვეთრი კონტრასტების ადგილია, მაგრამ იემენში ეს უფსკრული კიდევ უფრო არაკომფორტულია. პრობლემა საკვების უკმარისობა კი არ არის, არამედ ის, რომ ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია იყიდოს საჭმელი, რომელიც რეალურად ხელმისაწვდომია.

ბლოკადებმა, ბომბებმა და მზარდმა ინფლაციამ დაანგრია ეკონომიკა. ჩამოშლილი სახელმწიფო კი ნიშნავს, რომ აღარანაირი უსაფრთხოების სისტემები აღარ არსებობს. შედეგად, ფულის სათხოვნელად გამოსულმა ადამიანებმა ჩახერგეს სუპერმარკეტების შესასვლელები, რომელთა დახლებიც გამოვსებულია პროდუქტით; ბაზრები სავსეა საქონლით ქალაქში, სადაც დამშეული ხალხი მოხარშულ ფოთლებს ჭამს; რესტორნები მდიდრულ საჭმელს ყიდიან რამდენიმე ასეული მეტრით მოშორებით ოთახებისგან, რომლებიც სავსეა მშიერი ხალხით და სადაც სასოწარკვეთა, ტკივილი და სიკვდილია გამეფებული. 


რეპორტიორებისთვის კი ეს ყველაფერი აჩენს დილემას. ჟურნალისტები, როგორც წესი, მყარი ვალუტის, დოლარების შეკვრებით მოგზაურობენ, რათა დაფარონ სასტუმროს, ტრანსპორტისა და თარგმნის ხარჯები. ამ თანხის მხოლოდ მცირედი ნაწილი შეიძლება მივიდეს ოჯახამდე, რომელიც შიმშილობს. ხომ არ უნდა შევწყვიტო მუშაობა, დავხურო ჩემი ბლოკნოტი და ვიფიქრო მათ დახმარებაზე?

ეს არის შეკითხვა, რომელიც რამდენიმე მკითხველმა დასვა, როდესაც გამოვაქვეყნეთ სტატია იემენში გამეფებულ შიმშილზე.

ბევრი ააღელვა ტაილერ ჰაიქსის მიერ გადაღებულმა ამალ ჰუსაინის ფოტოებმა, 7 წლის გაძვალტყავებული გოგონას სურათებმა, რომლის წარუშლელმა მზერამაც შოკისმომგვრელ ფოკუსში მოაქცია ომის ადამიანური საფასური.

კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაანადგურმა ამბავმა, რომ ჩვენი წამოსვლიდან მალევე, ამალი დედამ გაპარტახებულ დევნილთა ბანაკში დააბრუნა, რომელსაც ისინი სახლს უწოდებენ და სადაც ის რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ზოგმა, სიმწრისაგან, პასუხისმგებლობის ფოკუსი ისევ ჩვენსკენ შემოატრიალა.

რატომ არ გავაკეთეთ რამე ამალის დასახმარებლად, რომ მისი სიცოცხლე გადაგვერჩინა. უბრალოდ ფოტო გადავიღეთ, ინტერვიუ ჩავიწერეთ და დავივიწყეთ ეს ყველაფერი? ნუთუ არ შეგვეძლო როგორმე იმის გარანტირება, რომ მისი ოჯახი დახმარებას მიიღებდა?

„შეგიძლიათ ფოტოც გადაიღოთ და დახმარებაც გაუწიოთ“, - დაწერა ერთმა ქალმა ტვიტერზე, - „ერთი მეორეს არ გამორიცხავს“.

თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რეპორტიორებს ასწავლიან, რომ იყვნენ უბრალოდ მოწმეები; ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომლებისა და ექიმების საქმე კი ადამიანების დახმარებაა.

ფულის შეწირვას ან სხვა ფორმის დახმარებას კი შესაძლოა ეთიკური, მორალური და პრაქტიკული გართულებები მოჰყვეს. რამდენად სამართლიანია, რომ გამოარჩიო ერთი ადამიანი ან ოჯახი დასახმარებლად? მერე რას ვშვრებით, თუკი ისინი დაიწყებენ ამბების შელამაზებას ფულის მიღების იმედად, როდესაც სხვა უცხოელი ჩავა? პლუს, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.

ექიმებმა დაგვათვალიერებინეს იქაურობა და ზოგჯერ ჩვენც მათსავით ვიქცეოდით - ხელით ვსინჯავდით ჯოხებივით გამოშვერილ ნეკნებსა და ჩამოშვებულ კანს კლინიკური მიუკერძოებლობით; ცხრილში შეგვყავდა რიცხვები ასაკისა და წონის შესახებ; ვუსმენდით ოჯახებს, როდესაც ისინი გასაოცარი სიმშვიდით გვიყვებოდნენ თავიანთი ტრაგედიის შესახებ. სიკვდილის ალბათობაზე ვმსჯელობდით. ვაქნევდით თავს, ვინიშნავდით და ვაგრძელებდით საქმეს.

მაგრამ მაშინაც, როცა ჩვენ ვცდილობთ დავრჩეთ ქვებივით უემოციოები, ჩვენ არ ვართ ქვები და იემენში ყოველ დღე მიყვებოდნენ ამბებს, რომლის მოსმენის შემდეგაც ნერწყვის გადაყლაპვა მიჭირდა.

როგორც წესი, ეს იყო ძალიან მიწიერი დეტალები, როგორიცაა რამდენიმე დოლარის უქონლობა რათა მომაკვდავი შვილი ჰოსპიტალამდე მიიყვანონ. იემენი, თქვენ წარმოიდგინეთ და, არის ქვეყანა, სადაც ადამიანები შესაძლოა ტაქსის ფულის არქონის გამო დაიღუპონ.

იემენელებსაც უწევთ, რომ ასეთ ტერიტორიაზე იარსებონ.


და ვიდრე ადამიანები იხოცებიან, სხვები ცხოვრებით ტკბებიან. ერთ-ერთ საღამოს ჩვენს სასტუმროში დავბრუნდით ჰაიაში, ქალაქში, რომელიც მთებით არის გარშემორტყმული პროვინციაში, რომელზეც ძლიერი საჰაერო დარტყმები განახორციელა საუდის არაბეთის ძალებმა. საწოლში წოლისას ხმამაღალმა აფეთქებამ შემაზანზარა, შემდეგ კი ცა გაანათა აფეთქების ტალღამ, - თუმცა არა ბომბის, არამედ ფოერვერკის.

ომის დაწყების შემდეგ, ქორწინების რიცხვი გაიზარდა იემენში. ასე და ამგვარად, ქალაქში სადაც საკვების დეფიციტისაგან იღუპებოდნენ ქალაქის ჰოსპიტალში, სხვები ცეკვავდნენ და მხიარულობდენ მთელი ღამის განმავლობაში.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქორწინებათა რიცხვის ზრდა თვითგადარჩენის მექანიზმია.

მთელს სოციალურ სპექტრში, იემენელები სიღარიბის ზღვარს უახლოვდებიან. თუკი ოდესცღაც დედას შეეძლო ბრინჯის მთელი ტომრის მოტანა ოჯახში, ახლა მხოლოდ პატარა ჩანთის ყიდვას ახერხებენ. გოგონას ხელის თხოვნა კი ფული ღირს, ასე რომ, ქორწინება შესაძლოა ოჯახისათვის შემოსავლის წყარო იყოს.

სამწუხაროდ, ძალიან დიდია რიცხვი იმ პატარძლების, რომლებიც ჯერ კიდევ ბავშვები არიან. Unicef-ის მონაცემებით, 18 წლის ასაკამდე იემენელი გოგონების ორი მესამედი გათხოვილია, რომლის ნახევარზე მეტიც ომამდე გათხოვდა.

მთელს იემენში - ბრძოლებისგან დაღდასმული ჰუდაიდან მოყოლებული ჰუსიტების კონტროლირებადი მთების ჩათვლით - 900 მილის სიგრძის გზაზე მოგზაურობისას ვხვდებოდით გულისგანმგმირავ ტანჯვის სცენებს, რომლებიც იშლებოდა თვალწარმტაცი მთების ფონზე და წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად კვლავაც აგრძელებენ არსებობას.


ქალაქის ცენტრებში ყოველდღიურად ფუსფუსია, კაცები ყიდულობენ ქატს, ნარკოტიკული თრობის გამომწვევ ფოთლებს, რომელიც იემენელებს ძალიან უყვართ. ქატის ბაზრობები საჯარო ღონისძიებას გავს. კაცები, ზოგიერთი მხარზე გადაკიდებული იარაღით, თავს იყრიან, რომ გაცვალონ ახალი ამბები, შევხდნენ მეგობრებს და მოემზადონ შუადღეს ქატის დასაღეჭად.

შავ მოსასხამებში გამოწყობილი ქალები კაცებს შორის მსუბუქად გადაადგილდებიან; ერთ ადგილას ხმამაღალ შეკამათებას მუშტი-კრივი მოყვება. შიმშილის მიუხედავად, ადამიანები თავიანთ ჩვეულებებზე უარს არ ამბობენ.

ერთ-ერთ კლინიკაში იბრაჰიმ იუნაიდს შევხვდით, დამწუხრებულ მამას, რომელიც თავის ავადმყოფობისაგან დასუსტებულ 5 წლის შვილს ადგა თავზე. კბილებსა და ტუჩებზე ემჩნეოდა ქატის ფოთლების ღეჭვისაგან გაჩენილი მწვანე ლაქები.

ბატონი იუნაიდი 60 წლის იყო; მისი 25 წლის ცოლი მის გვერდით იდგა. ექთნებმა ბიჭი ოქროსფერ ფოლგაში გაახვიეს, რათა მისთვის სხეულის სითბო შეენარჩუნებინათ. ბატონი იუნაიდი წუხდა, რომ მის შვილს არ ჰქონდა საკმარისი საკვები. მისი თქმით, მას ბევრი მჭამელი ყავს ოჯახში, ორჯერ დაქორწინდა და 13 შვილის მამაა. ქატის ღეჭვის მსგავსი პრაქტიკების მნიშვნელობა ასეთ დაძაბულ დროს შესაძლოა რთული გასაგები იყოს. მაგრამ კაცებისთვის, როგორიც ბატონი იუნაიდია, ეს არის ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილი. და სწორედ ეს არის სიცოცხლისუნარიანობის ნიშანი ამ ანტიკური საზოგადოების, ახლო აღმოსავლეთის უძველესი ცივილიზაციისთვის.

„ამბობენ იემენი ქაოსშია ჩაძირულიო, მაგრამ ასე არაა“, - ამბობს ტიერი დურანდი, ჰუმანიტარული დახმარების თანამშრომელი, რომელიც იემენში 1980-იანი წლებიდან მოყოლებული მუშაობს და რომელიც ახლა Doctors Without Borders-ის ჰოსპიტალს ამუშავებს მოჩაში, „აქ მაინც არსებობს სტრუქტურა“.

„ამას სამ ხაზში ვერ ჩაატევთ და ვერ სატელევიზიო 3 წუთი ეყოფა“, - აგრძელებს ის, - „ეს ქვეყანა იმართება ოჯახების, ტომების, ტრადიციების მიერ - და მიუხედავად ყველაფრისა ეს სტრუქტურები დღესაც არსებობს აქ და კვლავაც ძლიერია“.

მიუხედავად ყველაფრისა, იემენური საზოგადოება გაანადგურა ომმა. საჰაერო დარტყმებმა, რომელიც განახორციელა კოალიციამ საუდის არაბეთის თაოსნობით, ამერიკული ბომბების დახმარებით, მოკლა ათასობით მოქალაქე და კიდევ უფრო მეტი დევნილად აქცია. თუმცა ყველაზე მეტად, ომი იემენელებს ჩუმად, მზაკვრულად უტევს. ბომბები აფეთქებს ხიდებს, ქარხნებს, კლავს სამსახურებს, იწვევს ვალუტის ვარდნასა და ფასების ავარდნას, რაც ოჯახებს ჯერ ხორცეულის, შემდეგ კი ბოსტნეულის გარეშე ტოვებს. მალე ისინი დამოკიდებულები გახდებიან სართაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი თავის გატანა მოხარშული ფოთლებით მოუწევთ. უბრალო თუმცა მნიშვნელოვანი რამეებიც კი, როგორიცაა ტაქსის ფული, ხელმისაწვდომი აღარაა.


როდესაც დავტოვეთ პატარა ჰოსპიტალი ასლამში, სადაც ამალ ჰუსსაინს მკურნალობდნენ, გზად ახალგაზრდა წყვილს ჩავუარეთ. ხელში ჩვილი ეკავათ. გავჩერდით და წაყვანა შევთავაზეთ.

მანქანის სამგზავრო ნაწილში ამოვიდნენ გაჭირვებით - მამა, ხალილ ჰადი, მისი ცოლი, შავ მოსასხამში გახვეული ჰანა, რომელსაც 9 თვის უსუსური ვაჟი ვეიჯანი ეჭირა, რომელიც ეს-ეს იყო გამოეწერათ მალნუტრიციის განყოფილებიდან.

მათი ამბავიც ტიპიური იყო. სახლი, რომელიც საუდის არაბეთის საზღვართან ჰქონდათ, დაიბომბა, ამიტომ მოუწიათ ოთახის ქირაობა სახლში ასლამთან ახლოს. ბატონი ჰადი მოტო-ტაქსის მძღოლობითა და შეშის ძებნით, რომელსაც ბაზარში ყიდდა, ცდილობდა ფულის გამომუშავებას.

თუმცა ეს საკმარისი არ იყო. როდესაც მან შინ დაბრუნება გადაწყვიტა, ჰუსიტმა ჯარისკაცებმა უთხრეს, რომ ეს ადგილი სამხედო ზონა იყო უკვე. მათი ყოველდღიური რაციონი კი პურის, ჩაისა და ჰალასისგან (ადგილობრივი ვაზის სახეობა) შედგებოდა. მისი ცოლი მეორე ბავშვზე იყო 4 თვის ორსული.

ბატონი ჰადი სულაც არ ელოდებოდა ვინმეს შეცოდებას, მის მსგავსი პრობლემები ბევრს ჰქონდა. „ყველაფერზე წამსვლელი ვარ, რომ ცოტაოდენი ფული გავაკეთო, იმდენად მძიმე სიტუაციაა“, - თქვა მან.

ქუჩების ერთ-ერთ კვეთაზე წყვილი ჩამოვიდა მანქანიდან, მადლობა გადაგვიხადეს და გზა განაგრძეს. ჯიბეები მოვიქექე და მათ დავუძახე.

ფანჯარაში ხელი გადავყავი და იემენური ბანკნოტები - დაახლოებით 15 დოლარის ოდენობის - ხელში ჩავუჭმუჭნე. ყველაფერი როგორი ამაო ჩანდა, თუკი უფრო შორიდან შეხედავდი ამ ამბავს. რას იყიდიდნენ ამ ფულით? ამოისუნთქავდნენ რამდენიმე დღე თუ ეგეც სათუოა?

ბატონმა ჰადიმ ფული მადლიერი ღიმილით გამომართვა. მანქანა როდესაც დავძარით, დავინახე როგორ გაუყვა წყვილი მტვრიან გზას, თავიანთი თავშესაფრისაკენ, გულში ჩაკრული თავიანთი დასუსტებული შვილით.

კატეგორია: მედიაგარემო
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერილმა კანდიდატებმა ამომრჩევლის თითქმის თანაბარი მხარდაჭერა მოიპოვეს, გავლენა არა მხოლოდ ქვეყნის ზოგად პოლიტიკურ კლიმატზე, არამედ მედიაგარემოზეც მოახდინა.

ისედაც პოლარიზებული და საპრეზიდენტო კანდიდატების ნეგატიურად წარმოჩენაზე ორიენტირებული წამყვანი მედიასაშუალებები კიდევ უფრო რადიკალურები გახდნენ. რადიკალიზაცია, რიგ შემთხვევაში, საეთერო ბადის შეცვლით, რიგ შემთხვევაში კი, კიდევ უფრო აგრესიული პოლიტიკური მესიჯების გაჟღერებით გამოიხატა.

არჩევნების მეორე ტურის წინ წამყვანი ტელეკომპანიების ეთერში ვიხილეთ პოლიტიკური სუბიექტების საწინააღმდეგოდ ვიზუალური მანიპულაციების გამოყენების პრაქტიკა. ასევე, მედიასაშუალებებმა აქტიურად განაგრძეს წინასწარ შერჩეული მესიჯბოქსების მეშვეობით მაყურებლებში მოწინააღმდეგე პოლიტიკური ბანაკის დისკრედიტაცია.

იმედი

არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადებისთანავე, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“ საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობა დააანონსა. საგანგებო რეჟიმი საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემებში ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატისა და მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ ნეგატიური შინაარსის მქონე მესიჯების უფრო ინტენსიურად გაჟღერებით და სათერო ბადეში ახალი სატელევიზიო ტოქშოუს „იმედი Live”-ის დამატებით გამოიხატა.

ტელეკომპანია „იმედის“ მთავარმა საინფორმაციო გამოშვებამ („ქრონიკა 20:00 საათზე“) არჩევნების მეორე ტურის გამოცხადებისთანავე, საგანგებო რეჟიმში, აქტიურად დაიწყო გრიგოლ ვაშაძისა და მისი გარემოცვის საქმიანობის, წარსული ცხოვრებისა და მათი გუნდის შესახებ სიუჟეტების მზადება.

საინფორმაციო გამოშვებებში გახშირდა 2003 წლიდან 2012 წლამდე მომხდარი მოვლენების გახსენება, იმ მოვლენების ხელახალი გაშუქება, რაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ ძალაუფლების გადაჭარბებას და ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდებოდა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა: გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიაში რუსულ კვალზე; მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებაზე; მის გუნდში მყოფ პოლიტ-ტექნოლოგებსა და სავარაუდო რევოლუციურ სცენარზე, რომელიც ტელეკომპანიის რწმენით შესაძლოა ნაციონალურმა მოძრაობამ განახორციელოს საქართველოში.

ხშირად მზადდებოდა საპასუხო სიუჟეტები ინფორმაციაზე, რომელიც კონკურენტი ტელევიზიის რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებებით ჟღერდებოდა, ან ოპოზიის წარმომადგენლები ავრცელებდნენ.

არხზე ხშირად ჩნდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთანაც ტელეკომპანიის წამყვანებს ვრცელი ინტერვიუები ჰქონდათ, მაგალითად კახი კალაძესთან, დავით სერგეენკოსთან, მაია ცქიტიშვილთან, ბიძინა ივანიშვილთან, ივანე მაჭავარიანთან. ინტერვიუების მიმდინარეობისას მთავრობის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება საუბარი იმ მიმართულებით წაეყვანათ, რომელიც მათთვის იქნებოდა მომგებიანი.

ჟურნალისტები არ გამოირჩეოდნენ მათდამი კრიტიკულობით და უმეტესწილად ღია ტრიბუნას აძლევდნენ პოლიტიკოსებს, რომ საკუთარი დღის წესრიგით ემოქმედათ, დაეფიქსირებინათ მათი პოზიციები და მათი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლო ინფორმაცია გაეჟღერებინათ.

მაგალითად, გადაცემაში „პირისპირ“, 13 ნოემბერს, ორ მინისტრს დავით სერგეენკოსა და მაია ცქიტიშვილს, წამყვანი ძირითადად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის სავარაუდო რევოლუციური სცენარის შეფასებასა და მთავრობის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გადაცემის დროს ნახსენები იყო არაერთი სოციალური პრობლემა, თუმცა აღნიშნულ პრობლემებზე საუბარი მხოლოდ პრობლემების ხსენებით შემოიფარგლებოდა, რის შემდგომაც მთავრობის წარმომადგენელს შეეძლო ინტერვიუ სასურველი მიმართულებით, სამომავლო ინიციატივებზე საუბრით გაეგრძელებინა.

10 ნოემბერს შაბათის ქრონიკის მთავარი სტუმარი თბილისის მერი კახი კალაძე იყო. ამ დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა. ინტერვიუს პარალელურად, აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა გადაცემის წამყვანს ერთხელაც არ დაუსვამს შეკითხვა ქალაქის მერისათვის პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე. სამაგიეროდ კახი კალაძემ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ნაციონალური მოძრაობისა და გრიგოლ ვაშაძის მისეულ შეფასებებსა თუ ქალაქის მერიისა და მმართველი გუნდის გეგმებზე.

მსგავსი პათოსის ინტერვიუ ჩაიწერა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელთან ბიძინა ივანიშვილთან ტელეკომპანიის საგანგებოდ შექმნილ გადაცემაში „იმედი LIVE”, რომელსაც ჟურნალისტი თეონა გეგელია და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ყოფილი პოლიტიკური მდივანი ნიკოლოზ ლალიაშვილი უძღვებიან. ინტერვიუს ძირითადი ნაწილი დაეთმო ივანიშვილის მოლოდინებს არჩევნების პირველ ტურზე; მის შეფასებებს - რა მოხდება თუ მეორე ტურში გაიმარჯვებს გრიგოლ ვაშაძე; არის თუ არა მოსალოდნელი არეულობა, თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს; გეგმავს თუ არა მთავრობა დამატებითი ნაბიჯების გადადგმას ჭარბვალიანობის შესამცირებლად და ა.შ.

„ნაციონალური მოძრაობისადმი“ კრიტიკული ტონი და „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალობა ცალკეული შემთხვევა არ ყოფილა და შეიძლება ითქვას, რომ ეს მოტივი „იმედი LIVE”-ის ეთერში გასვლას ლაიტმოტივად გასდევს. როგორც წამყვანმა თეონა გეგელიამ პირველ გადაცემაშივე აღნიშნა, კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ სატელევიზიო გადაცემის წაყვანა არც მისთვის იყო „კომფორტული მდგომარეობა“, თუმცა განმარტა, რომ „ამ ძალის [ნაციონალური მოძრაობის] ხელისუფლების რომელიმე შტოსთან მოახლოვების წინააღმდეგ პოზიციონირება არის ამ ტელეკომპანიის ღირებულებითი არჩევანი და ჩემი პირადი არჩევანიც.“

გადაცემის წამყვანები ძირითადად მიმდინარე კვირის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ ხოლმე და არ ერიდებიან შეფასებების გაკეთებას ნაციონალური მოძრაობისა და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ, თუმცა „იმედი LIVE”-დან ვერ მოისმენთ ხელისუფლებისადმი კრიტიკულ პოზიციას. ერთადერთი საყვედური რომელიც ხელისუფლების მისამართით ისმის, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკმარისი რაოდენობის ამომრჩევლის განაწყენება მოახერხა 2012 წლიდან დღემდე, საიმისოდ, რომ მათ მხარდაჭერილ კანდიდატს პირველ ტურში ვერ გაემარჯვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და გრიგოლ ვაშაძის შესახებ კი ძირითადად შემდეგი მესიჯები ტრიალებს - „მტერი“, „ტერორისტული ორგანიზაცია“, „რევოლუციური სექტა“ „რუსული პროექტი“ და ა.შ. გადაცემაში ასევე იყენებენ გრაფიკულ მანიპულაციებს, როგორიცაა ვაშაძის რუსეთის დროშის ფონზე გამოსახვა (სალომე ზურაბიშვილის კი საფრანგეთის დროში) და სისხლისფრად შეღებილი ნიაღვრის ნაკადით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჩინოვნიკების გამოსახულებების გადაფარვა.





აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ გადაცემაში დრო და დრო ისმის კრიტიკული მოსაზრებები ხელისუფლების მისამართით, თუმცა ამ მოსაზრებების ავტორები მხოლოდ გადაცემის სტუმრები არიან, მაგალითად: დავით უსუფაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, კობა დავითაშვილი და ა.შ. აღნიშნული სტუმრები არ გამოირჩევიან ნაციონალური მორაობისადმი ლოიალურობით, თუმცა ისინი კრიტიკულად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართაც. ასევე, გადაცემის წამყვანების თქმით, ისინი არაერთხელ შეეცადნენ, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გადაცემაში მიეწვიათ, თუმცა გრიგოლ ვაშაძემ მათ შეთავაზებას ყველა ჯერზე უარით უპასუხა.

რუსთავი 2

გადაცემა „იმედი LIVE” თავისი ფორმატითა და შინაარსით ტელეკომპანია „იმედზე“, ნაწილობრივ, რუსთავი 2-ის გადაცემა „კვირის აქცენტებს“ წააგავს, თუმცა საწინააღმდეგო პოლიტიკური პოლუსითა და ნაკლები უცენზურო გამონათქვამით. რუსთავი 2-ის აღნიშნული გადაცემის შესახებ, მედიაჩეკერმა რამდენიმე დღის წინაც მოამზადა მასალა, რომელშიც უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ, თუ რა თემებს და როგორ აშუქებენ არხის გენერალური დირექტორი და მისი თანაწამყვანი. თუმცა, ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეს გადაცემა არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო ხშირად გადის ეთერში და უფრო და უფრო რადიკალური გახდა.

მაგალითად, ნიკა გვარამიამ, თავისივე თანაწამყვანის პროტესტის მიუხედავად, ტელევიზიის ეთერთი ისაუბრა მოარულ ჭორებზე ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის პირადი ცხოვრების შესახებ, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

იმავე წამყვანმა, რამდენიმე კვირით ადრე, ფოტოგრაფ იური მეჩითოვს Aljazeera-ს დოკუმენტურ ფილმში გამოთქმული მოსაზრებების გამო აგინა, შემდეგ კი მეჩითოვის თემა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას დაუკავშირა, ვინაიდან ფოტოგრაფი სწორედ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერია. გადაცემაში კვლავაც მხოლოდ ხელისუფლებისადმი ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკური სუბიექტები და საჯარო ფიგურები ხვდებიან ხოლმე სტუმრად და წამყვანების შეფასებებიც რადიკალურია როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე „ქართული ოცნების“ მისამართით.



რადიკალური იყო გამოხატვის ფორმები გადაცემაში კურიერი P.S., სადაც 18 ნოემბერს ეთერში წამყვანის ნაცვლად მაყურებელი სხვადასხვა პოლიტიკოსის სხეულისაგან შემდგარ ფიგურებს უყურებდა. გადაცემის რედაქციის გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის ტანზე მიერთებული ბიძინა ივანიშივლის, ირაკლი კობახიძისა თუ კახი კალაძის გამოსახულებებით წაეყვანათ პირდაპირი ეთერი, რამდენიმე დღით ადრე, ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის „ქართული ოცნების“ სხვადასხვა პოლიტიკური სახის პოსტერებით ჩანაცვლებას უკავშირდებოდა. ვიზუალური მანიპულაციით ტელეკომპანია შეეცადა, რომ კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატის დისკრედიტაცია მოეხდინა.

რუსთავი 2-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება კი კვლავინდებურად მაქსიმალურად კრიტიკულია ხელისუფლებისა და მისი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ. არჩევნების მეორე ტურის გამოცხადებიდან მალევე, „კურიერმა“ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, აქტიური დაიწყო, ხელისუფლების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლებზე ზეწოლის თუ მათ ნებაზე ზეგავლენის მცდელობების შესახებ ამბების მოძიება და გაშუქება. ასევე, საინფორმაციო გამოშვება განსაკუთრებულად უთმობდა ყურადღებას ხელისუფლებისადმი და სალომე ზურაბიშვილისადმი განსაკუთრებულად კრიტიკულად განწყობილი სუბიექტების გაშუქებას, იქნებოდა ეს არასამთავრობო სექტორი, ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები თუ ერთ დროს ქართული ოცნების აქტიური მხადამჭერები, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებას სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ.

რაც შეეხება რუსთავი 2-ის ტოქ შოუ „არჩევანს“, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე სულ 7 გადაცემა გავიდა. ამათგან ერთი გადაცემა დაეთმო „ხალხის ხმას“, სადაც როგორც წესი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოსახლეობის კომენტარებია ხოლმე თავმოყრილი მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. ერთი გადაცემა მთლიანად დაეთმო ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“. არჩევნების მეორე ტურის წინა ღამეს კი გადაცემაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ გადაცემაში მიწვეულნი, თუმცა აღსანიშნავია რომ ამ ადამიანების უმეტესობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კადიდატის მხარდამჭერები ან სახელისუფლებო კანდიდატისადმი უკიდურესად კრიტიკულად განწყობილები იყვნენ. დარჩენილი გადაცემების სათაურები („წართმეული არჩევანი; რატომ გვაშინებს ოცნება“, „ივანიშვილის ძველი გვარდია“, „მზადება გაყალბებისთვის“) კი თავისთავად მეტყველებს გადაცემების პათოსზე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მთავარი ცვლილება საარჩევნო ტურებს შორის იყო ანალიტიკური გადაცემა „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“, რომელიც ყოველდღე გადიოდა ეთერში შაბათ-კვირის გარდა. გადაცემა მიჰყავდა ოთხ წამყვანს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებსა და ანალიტიკოსებს. როგორც პირველი არხის ვებგვერდზეა მითითებული, სულ 16 გადაცემა გავიდა ეთერში, რომელთაგან ორი შედარებით დიდ აუდიტორიას მასპინძლობდა და სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ საშუალება თავიანთი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებსა და არჩევნებზე.

ზოგადად, გადაცემა „იმედისა“ და რუსთავი 2-ის ტოქ შოუებთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი და ნაკლებად სენსაციური იყო. მაყურებელს ჰქონდა საშუალება, რომ მშვიდად მოესმინა თითოეული წამყვანისა თუ სტუმრის პოზიცია. თუმცა, გადაცემის სტუმრებს შორის ჭარბობდა ხელისუფლების მომხრე ან ნაციონალური მოძრაობისადმი მკვეთრად ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები ან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები (რამდენიმე მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, გოგა ხაინდრავა, ხათუნა ხოფერია, ზაზა შათირიშვილი, ნაირა გელაშვილი და ა.შ.). გადაცემაში სტუმრად ასევე ჰყავდათ სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნებისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსები (მაგ. რომან გოცირიძე, გიორგი ვაშაძე, თამარ ჩერგოლეიშვილი) ანდა საჯარო ფიგურები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატებისადმი (დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ჯაფარიძე).



გადაცემა არ გამოირჩეოდა სიმწვავით სახელმწიფო მოხელეების ინტერვიუირებისას. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სტუმრობა, რომელთან ჩატარებული ინტერვიუც ძირითადად შეეხებოდა მთავრობის ინიციატივას, საბანკო ვალდებულებებზე დაწესებული შეღავათების შესახებ. გადაცემის წამყვანებს არ დაუსვამთ მწვავე შეკითხვები პრემიერ-მინისტრისათვის და ნაცვლად ოპონირების რეჟიმისა, ბახტაძეს საშუალება ჰქონდა, რომ ერთსაათიანი ეთერის განმავლობაში უბრალოდ საკუთარი საქმიანობისა და მთავრობის პრომოუშენით დაკავებულიყო.
კატეგორია: მედიაგარემო
28 ოქტომბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არჩევნების დღეს რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საარჩევნო უბნებთან მდგარმა კოორდინატორებმა და მოქალაქეებმა სხვადასხვა მედიასაშუალების რეპორტიორს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

საარჩევნო პროცესის დაწყებიდან მალევე, ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ თბილისში, ახმეტილის თეატრის შენობაში არსებულ 25-ე უბანთან მდგარი ორი ქალი ტელეკომპანიის ჟურნალისტს თათია ჩაფიჩაძეს მუშაობაში უშლის ხელს, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და მას რამდენჯერმე ხელითაც შეეხნენ.



მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოიკითხა ჟურნალისტიც, რომლის თქმითაც, საქმე აღძრულია 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა, სავარაუდოდ საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად გადაკვალიფიცირდება.

ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს მოქალაქეები დაუპირისპირდნენ კოტე აფხაზის ქუჩაზეც. როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ჟურნალისტს მოქალაქეები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მან ჰკითხა, რა სიები ჰქონდათ ჩანთაში.



სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გამოცემა On.ge-ის ჟურნალისტ სალომე ჩადუნელსაც. აღნიშნული ფაქტი ასევე თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, 54-ე საარჩევნო უბანზე მოხდა. რეპორტიორს სავარაუდოდ ერთ-ერთი კოორდინატორი დაუპირისპირდა. როგორც On.ge-ის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რეპორტიორი ერთ-ერთ პირს, სავარაუდოდ კოორდინატორს შეკითხვებს უსვამდა იმ სიებთან დაკავშირებით, რაც მას ხელში ეკავა. ჟურნალისტის შეკითხვამ კი იქვე მდგომი მეორე კოორდინატორი გააღიზიანა, რის შემდეგაც, ჟურნალისტს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „ინციდენტს შეესწრო ადგილზე მყოფი კრიმინალური პოლიცია და მათ ჟურნალისტის გამოკითხვა დაიწყეს,“- წერს On.ge.



ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტის შესახებ ვიდეო გაავრცელა რადიო მარნეულმაც. ვიდეოში ჩანს თუ როგორ ცდილობენ სოფელ ყიზილაჯლოში, 89-ე უბანზე მყოფი პიროვნებები, რომ ჟურნალისტს არ მისცენ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების საშუალება და უბნის გარეთ გაიყვანონ. რადიო მარნეული წერს, რომ მათ ჟურნალისტებს ხელითაც შეეხნენ და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში, თუმცა რეპორტიორებს საარჩევნო უბანი არ დაუტოვებიათ. რადიო მარნეულს არ დაუკონკრეტებია იმ პიროვნებების ვინაობა, ვინც მათ ჟურნალისტებზე ზეწოლას შეეცადა.



ჟურნალისტებისადმი არასათანადო მოპყრობაზე ავრცელებს ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაც. როგორც ტელეკომპანიის ვებგვერდზეა აღნიშნული, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს აგრესიულად ბათუმისა და ქობულეთის საარჩევნო უბნებზე დახვდნენ. შემთხვევა მოხდა ბათუმის 29-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ''მთავარის'' გადამღებ ჯგუფს მოქალაქემ კადრების გადაღების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ქობულეთის 38-ე საარჩევნო უბანზე კი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც გადამღებ ჯგუფს პროვოკატორები უწოდეს, ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



არჩევნების მიმდინარეობისას ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისა და მათთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებს დილითვე გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ქარტიამ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ აქტივისტებს მოუწოდა თავი შეიკავონ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მუშაობაში ხელის შეშლისაგან, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით აკრძალულია.

„არჩევნების დღეს მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ის უზრუნველყოფს აუდიტორიის ინფორმირებას ამ დემოკრატიული პროცესის შესახებ. მისი მოვალეობაა, აჩვენოს ყველა ხარვეზი და კანონდარღვევა, ამიტომაც აუცილებელია, ჟურნალისტებმა შეძლონ მშვიდ ვითარებაში მუშაობა და პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება“, - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

კატეგორია: რესურსები
მარი კოლვინი, Sunday Times-ის ომის რეპორტიორი, 2012 წელს სირიაში მოკლეს. სხვადასხვა დროს იგი აშუქებდა კონფლიქტებს ახლო აღმოსავლეთში, ჩეჩნეთში, შრი-ლანკაში, აღმოსავლეთ ტიმორში, ზიმბამბვეში და ა.შ. ერთ-ერთი სამუშაო ვიზიტის დროს შრი-ლანკაში, კოლვინმა მარცხენა თვალი დაკარგა.

კოლვინი დღესდღეობით ომის ერთ-ერთ საუკეთესო რეპორტიორადაა მიჩნეული. რეჟისორმა მეთიუ ჰეინემანმა, Vanity Fair-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით,  მისი ცხოვრების შესახებ მხატვრული ფილმი გადაიღო. კარლ ვიკმა კი ჟურნალ Time-ის 12 ნოემბრის ნომერში, ამ ფილმისა და კოლვინის ცხოვრების შესახებ გამოაქვეყნა სტატია - A Woman Deeply at War. მედიაჩეკერი ამ მასალის თარგმანს გთავაზობთ.

მარი კოლვინს ჰქონდა თავდაჯერებულობა იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე თვალსახვევის ტარებას დაიწყებდა. ბრიტანული Sunday Times-ის კორესპონდენტად მუშაობისას, ყოველდღიური დედლაინები მისთვის არაფერს ნიშნავდა. მას შეეძლო ჩაჰყოლოდა საკუთარ ინსტინქტებს ამბის ძირისძირამდე ანდა გაჰყოლოდა მიმართულებას, საითკენაც ეს ინსტინქტი უკარნახებდა. კოლვინი არაერთხელ დაბრუნებულა სავსე ბლოკნოტით ხელში იმ ადგილიდან, სადაც მოხვედრას ყველა სხვა რეპორტიორი ჯერ კიდევ ელოდებოდა.

ჰომსი სირიაში არ აღმოჩნდა ერთ-ერთი ასეთი ადგილი. 2012 წლის თებერვალში, ალყაშემორტყმული ქალაქი ზედმეტად საშიში იყო ყველაზე გამოცდილი კორესპონდენტებისთვისაც კი. სწორედ აქ მოკლა კოლვინი სირიულმა რაკეტამ 56 წლის ასაკში. სტატისტიკური კანონზომიერებები გამონაკლისს არც ომის კორესპონდენტებისათვის უშვებს, კოლვინი კი რისკებს არ გაურბოდა; ერთ-ერთი თვალი მან შრილანკაში მსკდომი საარტილერიო ჭურვის აფეთქებისას დაკარგა. თუმცა, მისი სიკვდილი რომ უბრალოდ სტატისტიკური შემთხვევითობა ყოფილიყო, ამ ამბებს 3 წიგნი, დოკუმენტური ფილმი და ახლა უკვე მხატვრული ფილმი A Private War არ მოჰყვებოდა, რომელშიც როზმუნდ პაიკი თავდადებულ, ნაწამებ რეპორტიორს განასახიერებს.

ფილმი, რომელიც რეჟისორმა მეთიუ ჰეინემანმა Vanity Fair-ში გამოქვეყნებული პროფილის მიხედვით გადაიღო, იწყება და სრულდება მიწასთან გასწორებული ქალაქის ხედებით, სადაც კოლვინი თავის ბოლო დავალებაზე მუშაობდა. ბაბ ამირის სამეზობლოში შეღწევის შემდეგ, სადაც 28 000-მდე სამოქალაქო პირი სტალინგრადის ბლოკადის მსგავს სიტუაციაში იხოცებოდა, კოლვინმა ჯერ თავის გაზეთს გაუგზავნა ინფორმაცია, მოგვიანებით კი, სატელევიზიო პირდაპირი ჩართვების სერია გააკეთა, ვიდრე მსოფლიო ნახავდა ვიდეოჩანაწერს, სადაც ჩანდა თუ როგორ კვდებოდა 2 წლის ბიჭი მაგიდის თავზე.

თუნდაც მხოლოდ ამ ამბის გაშუქება საკმარისი იქნებოდა საიმისოდ, რომ კოლვინის სიკვდილი ფუნდამენტური ჟურნალისტიკის ბილბორდად ქცეულიყო. თუმცა, მოგვიანებით გამოჩნდა მტკიცებულებები იმისა, რომ სირიის მთავრობამ, რომელიც გააღიზიანა ალყის მეშვეობით ქალაქის გაწმენდის შესახებ კოლვინის რეპორტაჟებმა, გამიზნულად მოკლა იგი. 2016 წელს სატელევიზიო ინტერვიუში სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ კოლვინმა მიიღო ის, რასაც იმსახურებდა. 

ფილმი გვერდს უვლის ამ საკითხს, ვინაიდან, პირველ რიგში, იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რატომ იყო კოლვინი იქ. პირადი ომი, რაც ფილმის სათაურადაც შეირჩა, მშობლიურ ლონგ აილენდსა და მის პირად დემონებზე, მათ შორის არაყზე, პოსტტრავმულ სტრესსა და იმ სიცარიელეზე ყვება, რამაც კოლვინს ბრძოლის ველზე წასვლისაკენ უბიძგა. ამ თემებს კი პაიკი როლის განსახიერებისას გაცილებით უკეთ ეხება, ვიდრე ფილმის ჭკუის დამრიგებლური ტონით დაწერილი სცენარი: მსახიობი ლამის სახლდება კოლვინის გმირში, თავისი აწეწილი თმებით, სიგარეტითა და La Perla-ს საცვლებით. იგი წარმატებით ახერხებს შეეხოს მწარე იუმორის, მყიფე ამბიციურობისა და ინტუიციური მოუსვენრობის შრეებს, რაც საბოლოო ჯამში, კოლვინის ცხოვრებაში, თავშეკავებულ მეგობრობებად, აღიარებებად და თავქარიან სიმთვრალეებად ითარგმნებოდა ხოლმე. თუკი სადმე ომის რეპორტიორები თავს სახლში გრძნობენ, ეს არის სასტუმრო, სადაც მხოლოდ და მხოლოდ სხვა რეპორტიორები არიან გაჩერებული. (წლების წინ, სწორედ ერთ-ერთ ასეთ სასტუმროში შევხვდი, როდესაც ოთახს იღებდა შენობის ბოლო სართულზე). ასეთი დღეები მეგობრულ გარემოში გადაიზრდებოდა ხოლმე, სადაც კლანის წევრები საჭმელს ინაწილებდნენ იმ ადგილებში, საიდანაც ნორმალური ხალხი გარბოდა.

თუმცა, უცხოელ კორესპონდენტად ყოფნას სევდაც ახლავს, რაც მუდმივად ოთახში გამომწყვდევას, სხვებთან კონკურენციასა და გამუდმებულ მოგზაურობას მოჰყვება ხოლმე. როგორც The New York Times-ის ჟურნალისტმა ენტონი შადიდმა ერთხელ დაწერა, რომელიც კოლვინის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა სირიაში: „თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ჩემოდანი და ლეპტოპი, რომელიც კონვეიერის მაქმანზე გადაადგილდება". 



პაიკის განსახიერებული კოლვინი სწორედ ამ ზონაშია მოხვედრილი, ხალხმრავალი სიცარიელე, რომლის ამოვსება თუნდაც დროებით, მხოლოდ იმ იდეალებითაა შესაძლებელი, რაც მის კარიერას ედო მოტივატორად: მუშაობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. კოლვინი დაუღალავად ცდილობდა ფოკუსირებულიყო კონფლიქტებში მომწყვდეულ მოქალაქეებზე და ამასვე აკეთებს A Private War. ერაყიდან შრი-ლანკამდე, ლიბიიდან სირიამდე, ფილმი აღწერს კოლვინის გონებაში გაელვებულ საშინელებებს, რომელთა არდანახვაც შეუძლებელია.

ჰოლივუდი განვითარებად სამყაროს იშვიათად ასახავს. გამონაკლისები, როგორიცაა ფერნანდო მეირელის „The Constant Gardener”, აერთიანებს მხატვრულობისათვის დამახასიათებელ სიმდიდრესა და დოკუმენტურობისათვის დამახასიათებელ თვალსაჩინო აუთენტიკურობას, რაც საბოლოო ჯამში, ორივე ჟანრის საზღვრებს აფართოვებს. ჰეინემანი არაერთი დოკუმენტური ფილმის ავტორია, და შესაძლოა სწორედ ამიტომ, მის მხატვრულ დებიუტში, ყველაზე ემოციური სცენები - ქურთი ქვრივების გულის გამგმირავი გლოვა, სცენა, რომელშიც სირიელი მამა თავისი შვილის მკვდარ სხეულს დაჰყურებს - ისეთივე რეალურია, როგორც ეს პაიკის მიერ კოლვინის როლის თამაშია.
კატეგორია: ეთიკა
11 ნოემბერს, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა და გადაცემა „კვირის აქცენტების“ წამყვანმა ნიკა გვარამიამ ფოტოგრაფ იური მეჩითოვს პირდაპირ ეთერში აგინა. გინების მიზეზი გახდა ტელეკომპანია Al Jazeera-ს დოკუმენტურ ფილმში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ფოტოგრაფის შეფასებები.

„მონაწილეების 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ 9 აპრილი შოუ იყო და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი, აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა მიეღოთ ასეთი შედეგი. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს“, - აღნიშნა მეჩითოვმა ყატარულ ტელევიზიასთან საუბრისას. სწორედ ამ კომენტარის „კვირის აქცენტებში“ გასვლის შემდეგ, არხის გენერალურმა დირექტორმა ფოტოგრაფს შეურაცხმყოფელი ტერმინებით მიმართა და არაერთგზის მოიხსენია არაკორქტულად.

თანაწამყვანის მიერ სიმშვიდისაკენ რამდენჯერმე მოწოდების შემდეგ, გვარამიამ არაერთხელ მოიხადა ბოდიში მაყურებლის წინაშე. აღნიშნული თემა კი საბოლოოდ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუკავშირა, ვინაიდან იური მეჩითოვი მისი ღია მხარდამჭერია.

გადაცემა, რომელიც მეინსტრიმულ მედიაში განსაკუთრებით გამოირჩევა ვერბალური აგრესიითა და არაკორექტული ლექსიკის ხშირი გამოყენებით, ტელეეთერში 2018 წლის აპრილის ბოლოდან გადის და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთგვარ ედიტორიალს წარმოადგენს. ამის შესახებ, გადაცემის წარდგენისას, არხის გენერალურმა დირექტორმა და გადაცემის თანაწამყვანმა ეკა კვესიტაძემ ისაუბრეს, 29 აპრილს, კურიერი P.S.-ში.

„ჩვენ შევეცდებით რომ გამოვხატოთ საინტერესო პოზიციები და პრინციპში რუსთავი 2-ის ედიტორიალის მსგავსი რამ გავაკეთოთ“, - აღნიშნა გვარამიამ. კვესიტაძის თქმით, იგი თავის კერძო მოსაზრებებს გამოხატავს გადაცემაში, ნიკა გვარამია კი არხის პოლიტიკასა და მოსაზრებას.

გადაცემის დაწყებისთანავე აღნიშნული იყო, რომ იგი იქნებოდა არა ობიექტურობასა და ბალანსზე ორიენტირებული, არამედ მას ექნებოდა კონკრეტული დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც, წამყვანები შეაფასებდნენ კვირის მთავარ თემებს, რამდენიმე სტუმართან ერთად. წამყვანების თქმით, ისინი ფაქტების სიღრმისეულ ანალიზს შესთავაზებდნენ აუდიტორიას. „ჩვენ შევეცდებით, რომ კამათში ვშობოთ ჭეშმარიტება“, - თქვა ნიკა გვარამიამ.

მიუხედავად ამ დაპირებისა, აღნიშნულ გადაცემაში მაყურებელს კამათის ხილვის შესაძლებლობა ყველაზე ნაკლებად აქვს. როგორც წესი, გადაცემის წამყვანების მოსაზრებები სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. აღნიშნულ ჰარმონიას ვერ არღვევს ვერც გადაცემის სტუმართა სრული უმეტესობის მოსაზრებები. განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, გადაცემის თითქმის ყველა სტუმარი თუ რესპონდენტი კრიტიკულად ან ნეგატიურად არის განწყობილი მხოლოდ ხელისუფლებისა და “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

თუმცა, კამათისგან განსხვავებით, მაყურებელი ხშირად ისმენს ვერბალურ აგრესიასა და შეურაცხყოფის გამომხატველ გამონათქვამებს. აღნიშნული გამონათქვამები, უმეტესწილად ერთ-ერთი წამყვანის და ზოგჯერ სტუმრების მხრიდან, ძირითადად სალომე ზურაბიშვილის („წუნკალი დედაკაცი“ „მოღალატე“ „ცხენი“), “ქართული ოცნების” ხელისუფლების, კახი კალაძის („კლეპტომანი“), პარლამენტის თავმჯდომარის („არარაობა“, „გამოშტერებული“), ბიძინა ივანიშვილის („ჩასვრილი“, „გიჟი“ „შამანობით დაკავებული კაბალისტი“) და ზურაბიშვილის სხვადასხვა მხარდამჭერი საჯარო თუ კერძო პირის მისამართით („ნაძირალა“, „გაღორებული“, „ჩასვრილი“,ერთუჯრედიანი ინფუზორიები“) გაისმის. გარდა აღნიშნული ტერმინებისა, გადაცემიდან ისმის გინებაც და ისეთი სიტყვებიც, რომლებიც საზოგადოებაში არსებულ ეთიკურ ნორმებს არღვევს.

საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ცალსახად არ მიუთითებს ტელეეთერით შეურაცხმყოფელი სიტყვების აკრძალვის ან არგამოყენების აუცილებლობის შესახებ, იმ შემთხვევაში თუკი ტელეგადაცემა ეთერში ე.წ. წყალგამყოფის (21:00 სთ-ის) შემდეგ გადის. ამას „კვირის აქცენტები“ თავისი საეთერო დროის გამო აკმაყოფილებს. თუმცა, აღნიშნული კოდექსის 52-ე მუხლი ცალსახად ამბობს, რომ „აუდიტორიის შეურაცხყოფის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას“.

გარდა ამისა, კოდექსში მითითებულია, რომ ამგვარი ტერმინების გამოყენება ტელევიზიის ეთერით შესაძლოა გამართლებული იყო სარედაქციო კონტექსტით და ზოგჯერ რეალობის აღსაწერად შესაძლოა საჭიროც კი იყოს. თუმცა, „კვირის აქცენტების“ შემთხვევაში, ერთ-ერთი თანაწამყვანისა და არხის გენერალური დირექტორის მიერ შეურაცხმყოფელი და არეთიკური ლექსიკის გამოყენებას, ზურგს, როგორც წესი, არავითარი კონტექსტუალური აუცილებლობა არ უმაგრებს. იგი მხოლოდ და მხოლოდ თავად წამყვანის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

ზემოხსენებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ცალსახად მიუთითებს მე-17 მუხლში, რომ საავტორო გადაცემის ავტორს გადაცემაში საკუთარი მოსაზრებების წარმოჩენის უფლება, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ ეს სულაც არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან: „საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა“.

მიუკერძოებლობაში კი, ამ შემთხვევაში, სულაც არ იგულისხმება ამბის ყველა მხარისათვის თანაბრად დათმობილი დრო, არამედ ამბავთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების სათანადო წარმოჩენა.

გარდა გინებისა და შეურაცხმყოფელი ლექსიკისა, გადაცემაში ხშირად არის შემთხვევები, როდესაც განსაკუთრებით ერთ-ერთი წამყვანი იყენებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ტერმინებს, როგორც პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისა და შეურაცხყოფის საშუალებას. გადაცემებში მუდმივად მეორდება ისეთი ტერმინები, როგორიცაა: „გიჟი“, „ფსიქიკურად შერყეული პიროვნება“, „შეპყრობილი“, „ფსიქიკური პრობლემების ზღვრულ მდგომარეობაში მყოფი“, „ჩლუნგი“ და ა.შ.

აღნიშნული ტენდენცია რამდენიმე მიზეზით არის პრობლემური. მედიის მიერ ისეთი ტერმინების გამოყენება როგორიცაა „ჩლუნგი“, „გიჟი“ ამყარებს სტიგმას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ, ვინაიდან აღნიშნულ სიტყვებს ნეგატიური კონოტაცია აქვთ შეძენილი. ამასთანავე, ფსიქიკური პრობლემების მეშვეობით, პოლიტიკური ოპონენტების თუ ნებისმიერი ადამიანის დისკრედიტაცია ცალსახად ამყარებს არსებულ სტერეოტიპს, რომ ფსიქიკური დაავადება შეიძლება იყოს ამხსნელი მიზეზი რაიმე ტიპის ნეგატიური შინაარსის მქონე გადაწყვეტილებისა, კომენტარისა თუ ქმედებისა.

ცდუნება იმისა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენთვის არასასურველი ქმედებები თუ გადაწყვეტილებები ფსიქიკური პრობლემებით ავხსნათ დიდია, თუმცა მედიას ასეთი კავშირების დამყარებისას ორმაგი სიფრთხილე მართებს. ყველაფერი რაც ძალადობრივი, არალოგიკური ანდა ჩვენი აზრით, საღ აზრთან შეუთავსებელია, ფსიქიკური პრობლემებით არ აიხსნება. განსაკუთრებით, თუკი საუბარი პოლიტიკურ, ბიზნეს თუ სხვა ტიპის ელიტებზეა საუბარი. მათი ქმედებების უკან უმეტესწილად სხვა ტიპის მოტივაციები დგას და არა ვინმეს ფსიქიკური ჯანმრთელობა.

ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გადაცემისა, რომელიც არხის ედიტორიალად არის მიჩნეული, არის წამყვანების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაუსაბუთებელი და უარგუმენტო კრიტიკა. გადაცემაში არაერთხელ დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, როდესაც წამყვანები ყოველგვარი წყაროს გარეშე, საკუთარი ინტერპრეტაციის საფუძველზე, მოსაზრებებს წარმოაჩენენ როგორც ფაქტებს, ანდა ფაქტების გასამყარებლად წყაროების მოყვანით არ იწუხებენ თავს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო ნიკა გვარამიას მიერ „საქართველოს რკინიგზის“ სპიკერის დაჩი ცაგურიასა და მისი მამის მისამართით გაკეთებული კომენტარი, რის შემდეგაც ცაგურიამ გვარამიას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა.

როგორც ეთიკის ქარტიის საბჭომ მიიჩნია, აღნიშნულ შემთხვევაში “ კვირის აქცენტების" წამყვანმა ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს”.

მსგავს შემთხვევაზეა საუბარი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიშშიც. „გვარამიას თქმით, სუსის ყოფილი უფროსი სოსო გოგაშვილი სამსახურიდან გაუშვეს სხვადასხვა გარემოების, მათ შორის, საარჩევნოდ ფულის მითვისების და იმის გამო, რომ მისი ბრძანება ისმის რაციაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის შესახებ“, - ამ ფაქტის გასამყარებლად ტელეწამყვანს არ გამოუყენებია არც ერთი წყარო და არ მიუთითებია თუ რას ეფუძნებოდა მისი გაჟღერებული ინფორმაცია”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

მონიტორინგის ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ წამყვანები, როგორც წესი, არ სწევენ სათანადო ძალისხმევას, რათა სტუმრების მიერ გაჟღრებული დაუსაბუთებელი ბრალდებები გადამოწმდეს.

და ბოლოს, ამავე ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ გადაცემა ცალსახად ტენდენციურია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ, რაც გადაცემის დეკლარირებული მიზნებიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის. მიუხედავად ამისა, გადაცემის საავტორო თუ სარედაქციო ხასიათი სულაც არ არის ერთგვარი ინდულგენცია პროფესიული სტანდარტებისა თუ ეთიკური ნორმების დარღვევის საპირწონედ. პირიქით, ასეთ დროს გაკეთებული განცხადებები (მათ შორის დედის გინებაც) არა მხოლოდ წამყვანის, არამედ გადაცემისა და მთლიანად არხის პოზიციად ითარგმნება.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ტელეკომპანია Fox News, რომელიც ტრამპისადმი განსაკუთრებული ლოიალობით გამოირჩევა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში CNN-ის შეტანილი სარჩელის სასარგებლოდ, „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებას წარადგენს.

გასულ კვირას, ტრამპის ადმინისტრაციამ CNN-ის კორესპონდენტს, ჯიმ აკოსტას გაუუქმა აკრედიტაცია, რომლითაც რეპორტიორს თეთრ სახლში შესვლის უფლება ჰქონდა. აკრედიტაციის გაუქმება აკოსტასა და ტრამპს შორის პრეს-კონფერენციაზე მომხდარ შეკამათებას მოყვა. სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს CNN ფედერალურ სასამართლოში.

„Fox News მხარს უჭერს CNN-ს თავის სამართლებრივ მცდელობაში, დაიბრუნოს თეთრი სახლის რეპორტიორის პრესის აკრედიტაცია. ჩვენ ვგეგმავთ რომ წარვადგინოთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სასამართლოში“, - აღნიშნა Fox News-ის პრეზიდენტმა ჯეი ვოლასმა 14 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, - „უშიშროების სამსახურების მიერ თეთრ სახლში სამუშაოდ გაცემული საშვი ჟურნალისტებისათვის არასოდეს უნდა იქცეს იარაღად“.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ იმ მზარდი ანტაგონისტური ტონსა, რომელიც პრეზიდენტსა და პრესის წარმომადგენლებს შორის ჩამოყალიბდა ბოლო ხანებში, ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ პრესას და ინფორმაციაზე წვდომასა და მიმოცვლას ამერიკელი ხალხისთვის“, - განაცხადა ვოლასმა.

ჯიმ აკოსტას აკრედიტაცია ადმინისტრაციამ მას შემდეგ გააუქმა, რაც ჟურნალისტმა უარი თქვა მიკროფონის მიცემაზე თეთრი სახლის ინტერნისათვის. თეთრმა სახლმა აკოსტას ბრალი დასდო ახალგაზრდა ქალისათვის ხელის არასათანადო შეხებაში და გაავრცელა ვიდეო, რომელიც არაერთი ანალიტიკოსის აზრით უხეშად იყო დამონტაჟებული და მასში ინტერნსა და ჟურნალისტს შორის კონტაქტის მომენტი გაზვიადებული იყო.

Fox News-თან ერთად CNN-ის მხადასაჭერად სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს სხვა მედიებმაც, მათ შორის: Associated Press-მა, Bloomberg-მა, BuzzFeed News-მა, First Look Media-მ, Gannett-მა, NBC-მა, The New York Times-მა, Politico-მ, USA Today-მ და The Washington Post-მა.

მომზადებულია CBS News-ისა და Huffington Post-ის მიხედვით
კატეგორია: მედიაგარემო
28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, ტელეკომპანია „იმედმა“ საგანგებო რეჟიმში დაიწყო მაუწყებლობა. როგორც ტელეკომპანიამ განმარტა, საეთერო ბადის საგანგებო რეჟიმში გადასვლის წინაპირობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გადასვლა გახდა. „ტელეკომპანია "იმედმა" და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ "იმედი" წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც არხის სახელით გავრცელდა. (საინტერესოა, რომ განცხადების ნაწილი იმ ტელეწამყვანმა წაიკითხა, რომელიც იმ „რეჟიმის“ დროს, იმედის დარბევიდან 2 წელში, მაშინდელი მთავრობის მთავარ რუპორში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მუშაობდა).

 


აღნიშნულ განცხადებაში, არსებითი სიახლე მხოლოდ ტერმინ „საგანგებო რეჟიმის“ გამოყენება გახლდათ. ხოლო ის, რაც ამ ტერმინის მიღმა დგას, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინასაარჩევნო მონიტორინგით არის დოკუმენტირებული. „მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდა, თუ როგორი პოლარიზებულია სამაუწყებლო მედია. … არხების ნაწილის წამყვანები პირდაპირ მოუწოდებდნენ ამომრჩეველს, თუ რომელი კანდიდატი არ უნდა აირჩიონ. „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ტოქშუები კი პრაქტიკულად ალტერნატიულ რეალობებს აჩვენებდნენ აუდიტორიას,“ - აღნიშნულია ქარტიის ანგარიშში, სადაც სატელევიზიო ტოქშოუებში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტების გაშუქებაა შეფასებული.

არც თუ დიდი ხნით ადრე კი, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა და გადაცემა „კვირის აქცენტების“ ერთ-ერთმა წამყვანმა პირდაპირ ეთერში წიწაკა ჭამა. მართალია, აღნიშნული „ჩელენჯის“ იუმორისტული განზომილება ბევრისათვის გაუგებარი დარჩა, მაგრამ ნაგულისხმევი მესიჯი არხის მაყურებლებისთვის კარგად იყო ცნობილი, ჯერ კიდევ ე.წ „წიწაკა ჩელენჯამდე“. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის Facebook-ის ანგარიშიდან დაწყებული, ლამის “გააცინე და მოიგეთი“ დასრულებული, ყველა შესაძლო საინფორმაციო წყაროთი, არხი სრულყოფილ ანტი-საარჩევნო კამპანიას ატარებდა ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.

მოკლედ რომ ვთქვათ, წამყვანი ქართული ტელეარხებიდან ორის მთავარი მახასიათებელი უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია და მაყურებლამდე ალტერნატიული რეალობების მიტანაა. თუმცა, მანამდე „იმედის“ მიერ საგანგებო რეჟიმის გამოცხადება იქცევს ყურადღებას. საგანგებო რეჟიმი ან საგანგებო მდგომარეობა სამართლისა და პოლიტიკის ფილოსოფიაში ფართოდ განხილული ცნებაა (მაგ. კარლ შმიტი, ჯორჯო აგამბენი) და იგი, ძირითადად, ძალაუფლების ლეგიტიმურ წყაროსთან, სუვერენთან მიმართებაში გაგებულია როგორც განსაკუთრებული მდგომარეობა, სადაც აღნიშნული ძალაუფლების წყაროზე აღარ ვრცელდება ჩვეულებრივ დროს არსებული კანონისმიერი შეზღუდვები.

რა თქმა უნდა, „იმედი“ ჩვენს მოცემულობაში პირდაპირი გაგებით სუვერენი ვერ იქნება, მაგრამ თუკი გავიხსენებთ რომ მედიასაშუალებები თავისი არსით გარკვეულ ძალაუფლებას ფლობენ თავიანთ მაყურებლებზე, ეს კონკრეტული მედიასაშუალება კი იმ პოლიტიკური ძალის თანამებრძოლი აღმოჩნდა, ვინც ამჟამად ქვეყანას მართავს, იოლი გახდება ტერმინის გამოყენების მოტივაციის მიხვედრაც (ალბათ შემთხვევითი არც ისაა, რომ მედიას ხშირად მეოთხე ხელისუფლებად მოიხსენიებენ ხოლმე. ჩვენს რეალობაში ზოგიერთი მედია სწორედ ხელისუფლების მეოთხე შტოს ფუნქციას ითვისებს, ოღონდ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). პოლიტიკური კრიზისების დროს, სწორედ ძალაუფლების ზედა საფეხურზე მდგომი სუბიექტები ცდილობენ გააჩინონ საგანგებო მდგომარეობის ქრონიკული განცდა, რათა მათთვის დაწესებული კანონისმიერი შეზღუდვებიდან გადახვევის საშუალება მუდმივად ჰქონდეთ. ერთი მხრივ, „იმედს“ თავის მაყურებელთან სრულიად ლეგიტიმურად შეუძლია გაამართლოს ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანია, მეორე მხრივ კი, საგანგებო მდგომარეობის განცდის გაჩენით ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეუქმნის ხელსაყრელ პირობებს, რომ ამომრჩევლის ყურადღება „სისხლიან 9 წელზე“ გამახვილდეს, ნაცვლად ამჟამინდელი ხელისუფლების უსუსური სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკისა, პოლიტიკური შეცდომებისა თუ სამართლებრივი გადაცდომებისა.

ზუსტად ანალოგიური საგანგებო მდგომარეობის განცდა შეიძლება გაუჩნდეს მაყურებელს, ამჟამად ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის „რუსთავი 2“-ის ყურებისას. რუსთავი 2, რომელიც ასეთ საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობს ლამის 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აღნიშნულ განცდას ერთი და იმავე ხერხით აღვივებდა 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგაც - სახელმწიფო უსაფრთხოებაზე წამდაუწუმ აპელირება და მოღალატეების, მტრების ამოცნობა პოლიტიკურ ოპონენტებში. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად სწორედ რუსეთის აგენტების, მეხუთე კოლონების და „პუტინისტების“ აღმოჩენით ხდებოდა ხოლმე ქვეყანაში არსებული საპოლიციო თუ პენიტენციურ სისტემაში არსებული უსამართლობების, ჩამოშლილი ეკონომიკის, სიღარიბის ზღვართან და ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ცხოვრების გადაფარვა. 2012 წლის შემდეგაც, „ქართული ოცნების“ კრიტიკის მთავარი ხაზი მოღალატეობაზე გადის. “შერაცხადობასთან პრობლემის მქონე ქალი“, „პუტინი“, „მოღალატე“ - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ეპითეტებიდან, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ერგო, მაგალითად, გადაცემა „კვირის აქცენტებში“.

საბოლოო ჯამში კი ორი მთავარი ტელეარხი, რომელიც ორი მთავარი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს ეკრანებიდან მაყურებელს დაუღალავად აწვდის, მსგავსი ტაქტიკით თუმცა განსხვავებული არგუმენტით მოქმედებს. იმედის შემთხვევაში, ტრანსლირებულ საგანგებო რეჟიმს „სისხლიანი 9 წელი“ უმაგრებს ზურგს, ხოლო რუსთავი 2-ის შემთხვევაში - „რუსეთუმეობა“ და სახელმწიფო უსაფრთხოება. ასეთ პოლარიზებულ გარემოში კი წაგებული მხოლოდ და მხოლოდ მათი ინფორმაციის მომხმარებელი, იგივე ამომრჩეველი რჩება, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის ნაცვლად, ორი პოლიტიკური ძალის პინგ-პონგი შერჩება ხოლმე ხელში.
კატეგორია: მედიაგარემო
არჩევნების მეორე ტურის დანიშვნასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადავიდა. ამის შესახებ არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებიდან და ვებგვერდიდან 30 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

"წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს "ნაციონალური მოძრაობა" აღმოჩნდა. ტელეკომპანია "იმედმა" და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ "იმედი" წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "იმედინიუსის" ვებგვერდზე გავრცელდა.

საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით, შეცვლილ საეთერო ბადეში, ტოქშოუ "პირისპირ" კვირაში ერთის ნაცვლად ორჯერ გავა. საეთერო ბადეს დაემატება „იმედი Live“, ახალი ტოქშოუ, რომელსაც იმედი ნიუსის რედაქტორი თეონა გეგელია წაიყვანს. გეგელია სხვადასხვა დროს მუშაობდა ტელეკომპანია "მაესტროსა" და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ "მე-9 არხზე", ასევე ვებგვერდზე ForeignPress, რომელიც საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებულ სტატიების ქართულ თარგმანებს აქვეყნებდა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღეს, ტელეკომპანია "იმედის" 20:00-საათიან გამოშვებაში, რამდენიმე სიუჟეტი მიეძღვნა საარჩევნო თემატიკასა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შესაძლო გაპრეზიდენტებას. საინფორმაციო გამოშვება დაიწყო "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგით მეორე ტურში მისი მონაწილეობის გაგრძელების შესახებ. პირველი სიუჟეტი კი შეეხებოდა გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების პერსპექტივებს და იმ ნეგატიურ ეფექტებს, რაც ტელეკომპანიისა და სიუჟეტის რესპონდენტების მოსაზრებით, შეიძლება დადგეს ქვეყანაში. სიუჟეტი აგებული იყო ძირითადად იმ პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, ხელოვანების და სახელმწიფო მოხელეების კომენტარებზე, რომლებიც ნეგატიურად აფასებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ხელისუფლებაში მოსვლას. სიუჟეტში მოხვდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ლევან ბეჟაშვილის კომენტარიც, რომელიც აცხადებს რომ გრიგოლ ვაშაძე, თუკი ის პრეზიდენტი გახდება, კონსტიტუციას არ გადაუხვევს.



"ქრონიკის" მეორე სიუჟეტი შეეხებოდა ევროპული საქართველოსა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას არჩევნების მეორე ტურში. სიუჟეტში საუბარი იყო იმ პოლიტიკურ სუბიექტებსა და პარტიებზეც, რომლებიც ვაშაძეს მხარს არ დაუჭერენ. გაკეთდა შეფასებებიც როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისე მთავრობის წარმომადგენლების მიერ, მეორე ტურში კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.



მესამე სიუჟეტი ტელეკომპანია "იმედმა" "ქართული ოცნებისა" და მმართველი გუნდის სამომავლო გეგმებზე გააკეთა. სიუჟეტი მოიცავს მხოლოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებს სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ.



მეოთხე სიუჟეტი კი ახალქალაქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებზე თავდასხმას შეეხებოდა. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მომხდარში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს. ამბის თხრობა ჟურნალისტმა დაიწყო "ქართული ოცნების" წარმომადგენლის პერსპექტივიდან, რომელიც ამბობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხვადასხვა ადგილას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ზურაბიშვილის მხარდამჭერებს და საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს ბენზინგასამართ სადგურებზე. სიუჟეტში ჩართული იყო ვიდეოჩანაწერიც, რომელშიც ჩანს როგორ ჩამოხია ერთ-ერთმა ადამიანმა სალომე ზურაბიშვილის პლაკატი, თუმცა ვიდეოს არ აქვს ხმა. სიუჟეტის დარჩენილი ნაწილი ძირითადად აგებული იყო ამბის "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ვერსიებზე, შსს-ისა და სახალხო დამცველის შეფასებებზე.



საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "იმედის" ღამის ეთერში გავიდა საზოგადოებრივ-ანალიტიკური ტოქშოუ „პირისპირ“ ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად. გადაცემის მთავარი თემა იყო "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა, არჩევნების მეორე ტური, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შესაძლებლობა და საფრთხეები, რომელიც ტელეკომპანიის რწმენით, შეიძლება შეიქმნას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლით.

„გრიგოლ ვაშაძე სწორედ იმ პირების შეწყალებას აპირებს, და მათ ნაწილს აქვე ჩამოვთვლი: სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, სია საკმაოდ გრძელია, რომლებიც მსჯავრდებულები და ბრალდებულები არან 7 ნოემბრის დარბევაში, გირგვლიანის მკვლელობაში, პატიმრების წამებაში, ტელევიზიის დარბევასა და ტელეკომპანია იმედის მიტაცებაში, რისი საფრთხეც ამ ძალის ხელისუფლების დაბრუნების შემთხვევაში გარდაუვალია,” - აღნიშნა წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ. გადაცემის სტუმრები იყვნენ ჟურნალისტები, ხელოვანები, ბიზნესმენები და საზოგადოების სხვა ჯგუფების რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც მიმდინარე ამბებსა და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზე აკეთებდნენ კომენტარებს.

კატეგორია: მედიაგარემო

პრესა კვლავაც ქართული მედიის ყველაზე სუსტ რგოლად რჩება. ასეთი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშების გაცნობისას, რომლებიც 25 ოქტომბერს, პროექტ „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის“ ფარგლებში გამოქვეყნდა.

როგორც „ინტერნიუსი - საქართველოსა“ და „სამოქალაქო განვითარების ინსიტიტუტის“ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რადიო მაუწყებლები და ონლაინ მედიები მეტნაკლები წარმატებით ახერხებენ თავი აარიდონ კონკრეტული პოლიტიკური ძალის განსაკუთრებულად ნეგატიური ან პოზიტიური ტონით ანდა ეთიკური სტანდარტების დარღვევით გაშუქებას. ბეჭდური მედიის შემთხვევაში კი მდგომარეობა არასახარბიელოა და ხშირია როგორც არაეთიკური რეპორტინგი, ასევე მიკერძოებული, გადაუმოწმებელი და სიძულვილის ენის შემცველი ინფორმაციის გავრცელება. ზედაპირულობა და წყაროთა ერთფეროვნება კი ის საკითხია, რაც ზემოთ ჩამოთვლილ სამივე ტიპის მედიებისთვის პრობლემურად რჩება.



ონლაინ მედია

როგორც „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ ჩატარებული მედიამონიტორინგის შუალედურ ანგარიშში ვკითხულობთ, ციფრული მედიასაშუალებები ახერხებენ, მეტნაკლებად ობიექტურად და მიკერძოების გარეშე გააშუქონ პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებული თემები.

კვლევას არ გამოუვლენია ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების უხეში დარღვევა ონლაინ მედიასაშუალებებში. მიუხედავად ამისა, კვლავაც თვალშისაცემია ზედაპირულობისა და წყაროთა ერთფეროვნების პრობლემა.

როგორც ანგარიშშია მითითებული, ონლაინ გამოცემები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ საკითხების სიღრმისეულ გაშუქებას, ეყრდნობიან მხოლოდ ერთ წყაროს, იგნორირებას უკეთებენ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების სიღრმისეულ ანალიზს და ძირითადად შემოიფარგლებიან პოლიტიკოსთა ყოველდღიური განცხადებებისა თუ საქმიანობის შესახებ ინფორმაციის უაპელაციოდ გავრცელებით.

ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კი ონლაინ მედიასაშუალებებში კომერციული და სარედაქციო მასალების გამიჯვნა რჩება.

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატებს, ყველაზე ხშირად ონლაინ მედიასაშუალებები „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილსა და ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს უთმობდნენ ყურადღებას. დანარჩენ კანდიდატთაგან დათმობილი ყურადღების სიხშირით მესამე ადგილზე ზურაბ ჯაფარიძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი მონაცვლეობდნენ.

„პრეზიდენტობის კანდიდატთა საქმიანობასაც ონლაინ გამოცემების უმრავლესობა აშუქებს ზედაპირულად და ძირითად ყურადღებას უთმობს მხოლოდ კანდიდატთა განცხადებებსა და ყოველდღიურ წინასაარჩევნო საქმიანობას. შედეგად, ონლაინ გამოცემების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს მკითხველისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდებას პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვებისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმების შესახებ“, - ვკითხულობთ ანგარიშში.


ასევე წაიკითხეთ: 
სატელევიზიო ახალი ამბებისა და ტოქშოუების მონიტორინგის შედეგები


რადიო

ჟურნალისტური ეთიკის ნორმების უხეშად დარღვევა არ დაფიქსირებულა არც რადიო საშუალებების მონიტორინგში, რომელიც „ინტერნიუსი - საქართველომ“ ჩაატარა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია რადიოების მიერ ამბების დაბალანსებულად გაშუქების ხარისხი და არ გამოვლენილა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ მედიების განსაკუთრებული მიკერძოებულობა. მიუხედავად ამისა, ონლაინ მედიების მსგავსად, რადიოებში კვლავაც მწვავედ დგას ამბების სიღრმისეულად გაშუქების პრობლემა და ორიგინალური ჟურნალისტური კონტენტის წარმოება. „რადიომაუწყებლების ეთერში თემების აქტუალურობას კვლავაც პოლიტიკოსთა განცხადებები განსაზღვრავდნენ და არა ჟურნალისტების მოპოვებული ინფორმაცია,“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, რადიოები არ ერიდებოდნენ ხელისუფლების კრიტიკასა და ამბის სხვადასხვა მხარის წარმოჩენას თუმცა, როგორც წესი, ინფორმაციას ძირითადად ერთ წყაროზე დაყრდნობით, უაპელაციოდ ავრცელებდნენ და არ სვამდნენ კრიტიკულ შეკითხვებს.

როგორც მონიტორინგის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, რადიო მაუწყებლები ფართოდ აშუქებდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტს თუმცა ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს, საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამებსა და არაკვალიფიციურ საპრეზიდენტო კანდიდატებს. პოლიტიკური სუბიექტებიდან და კანდიდატებიდან კი ყველაზე ხშირად ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და შესაბამისად მათი საპრეზიდენტო კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე შუქდებოდნენ.

პრესა

განსხვავებით რადიო და ონლაინ მედიებისა, კვლევის მიხედვით, ქართული ბეჭდური გამოცემების უმეტესობაში ვხვდებით ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევის შემთხვევებს. გაზეთები არ ერიდებიან ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტისა თუ საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ ცალსახად დადებითი ან უარყოფითი განწყობის ჩვენებას.

როგორც მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში წერია, გაზეთებში ხშირია შემთხვევები, როდესაც ამბის გაშუქება არა ფაქტებზე დაყრდნობით, არამედ გადაუმოწმებლად კონკრეტული სუბიექტების დისკრედიტაციის მიზნით ხდება. ჟურნალისტები არ ერიდებიან ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირებას, სიძულვილის ენის გამოყენებასა და შეურაცხყოფას. გარდა ამისა, რეპორტიორები არ ცდილობენ არც რესპონდენტთა დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი განცხადებებისაგან გამიჯვნას. რადიოებისა და ონლაინ მედიების მსგავსად, გაზეთებიც იშვიათად არიან სათანადოდ კრიტიკულები და სიღრმისეულები, შესამჩნევია წყაროთა ერთფეროვნება და მეტიც, ხშირად წყაროთა სანდოობა საეჭვოა. ონლაინ გამოცემების მსგავსად, ბეჭდური გამოცემებიც ხშირად არ მიჯნავენ სარედაქციო და სარეკლამო მასალებს.

კიდევ ერთი საერთო ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებს შორის საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამებისადმი უგულისყურობაა. „მონიტორინგისთვის შერჩეული გამოცემების დიდ ნაწილში საერთოდ არ გვხვდება პრეზიდენტობის კანდიდატთა ხედვებისა და საარჩევნო დაპირებების ობიექტური, დასაბუთებული ანალიზი“, - ვკითხულობთ „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ მომზადებულ შუალედურ ანგარიშში. თუმცა, ონლაინ მედიებისგან განსხვავებით, გაზეთების ნაწილი პრეზიდენტობის კანდიდატებს უკიდურესად არაობიექტურად აშუქებს და ხშირია პიროვნული შეურაცხყოფები თუ დაუსაბუთებელი ბრალდებები, ნათქვაია ანგარიშში.

კვლევის შესახებ

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი“ - ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. გაზეთების, რადიოებისა და ონლაინ მედიასაშუალებები კვლევის შუალედური ანგარიში 18 ივნისიდან 15 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს. როგორც ანგარიშებშია აღნიშნული, მონიტორები აგროვებდნენ როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ მონაცემებს შერჩეული მედიებიდან. რაოდენობრივი მონაცემებით აღინიშნებოდა პოლიტიკური სუბიექტებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების გაშუქების სიხშირე და გაშუქების ტონი. თვისობრივი ანალიზი კი მასალების მიკერძოებულობას, წყაროთა მრავალფეროვნებას, ბალანსს, ტერმინოლოგიას, ჟურნალისტურ სტანდარტებთან, ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობასა და სიზუსტეზე იყო ფოკუსირებული. „ინტერნიუსი - საქართველომ“ და „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ კვლევის ობიექტებად შემდეგი მედიასაშუალებები შეარჩია:
  • ონლაინ მედია - ambebi.ge, interpressnews.ge, ipress.ge, liberali.ge, marshalpress.ge, netgazeti.ge, news.ge, on.ge, palitravideo.ge, reportiori.ge, tabula.ge;

  • რადიო - „რადიო 1“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), „აჭარა“ (აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ქ. ბათუმი), „თავისუფლება”, „იმედი“, „მაესტრო“, „პალიტრა“, „პირველი რადიო“, „ფორტუნა“, „აფხაზეთის ხმა“, „ათინათი“ (ქ. ზუგდიდი), „ჰერეთი“ (ქ. თბილისი/ლაგოდეხი);

  • პრესა - „ალია“, „ასავალ-დასავალი“, „რეზონანსი“, „ახალი თაობა“, „ქრონიკა +“, „კვირის პალიტრა“, „საქართველო და მსოფლიო“.
მონიტორინგის შუალედური ანგარიშების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ „მედიამონიტორის“ ვებ-გვერდზე.