კატეგორია: ბლოგი

კაცი მოკვდა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ამის გამომწვევი უშუალო მიზეზი.

ფაქტი ისაა, რომ სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე ის სასიკვდილოდ გაიმეტეს, უმოწყალოდ სცემეს და სახის ძვლები ჩაულეწეს.

ხუთი ივლისის შემდეგ ვფიქრობ და ვცდილობ, საღი გონებით შევხედო რა ხდება მთელი ამ დღეების განმავლობაში (თუ ეს საერთოდ შესაძლებელია). ჟურნალისტები აქციაზე დგანან, პოლიტიკოსები ან ჩუმად არიან, ან უკიდურეს შემთხვევაში იღებენ ხმას, ხელისუფლება ქართველობის შეურაცხყოფაზე საუბრობს, სახელისუფლებო მედია ცალი ხელით წერს, ვწუხვართ ლაშქარავას გარდაცვალების გამოო, მეორე მხრივ კი უფრო და უფრო აქტიურად ცდილობს „ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვალების“ ოფიციალური ვერსიის გამართლებას. ზოგიერთი მღვდელი ლექსო ლაშქარავას დაღუპვას ჟურნალისტებს აბრალებს, „თქვენ ხართ პასუხისმგებელიო“.

რაც ყველაზე მთავარია, 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის ორგანიზატორების დიდი ნაწილი ისევ თავისუფალია და მეტიც, საკუთარი მედიიდან აგრძელებენ სიძულვილის ქადაგებას.

„ნარკოტიკების ზედოზირების“ ვერსია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დილიდანვე სწრაფად დატრიალდა არაოფიციალურად სხვადასხვა პოსტის კომენტარებში. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგვანიშნა, ოპერატორი ფონიჭალაში გადაადგილდებოდაო, გუშინ კი გაგვაცნეს „შუალედური დასკვნა“ და ვიდეო ფაილი სახელწოდებით „Saboloo“ - საიდანაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ოფიციალური ვერსია უკვე არის „ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვალება“.

alt

მაგრამ ეგ მაინც არ არის მთავარი. ერთი ისაა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა მიზეზი იმ პროცესის დაწყებისა, რაც რამდენიმე დღით ადრე, 5 ივლისსვე უნდა დაწყებულიყო.

სხვა სიტუაციაში ღიად გავაკრიტიკებდი ყველა იმ მედიის წარმომადგენელს, რომელიც სცენიდან მთავრობის გადადგომას მოითხოვს, რადგან როგორც ჟურნალისტს, მჯერა, რომ მედიის საქმე აქციაზე დგომა არ არის. მაგრამ ახლა მიჩნდება კითხვა: სხვა რის გაკეთება შეგვიძლია?

განსაკუთრებით, გუშინ და გუშინწინ, 11 და 12 ივლისს გამართული ამ აქციების შემდეგ.

რა მოხდა გუშინ? ჟურნალისტების აქციაზე მობილიზებული პოლიციელების ნახევარსაც ვერ ნახავდით 5 ივლისს თბილისის ქუჩებში, როდესაც მედიას საცემად დასდევდნენ. პოლიცია სწრაფად შეგროვდა კანცელარიის წინაც, როდესაც აქციამ იქ გადაინაცვლა და კიდევ უფრო სწრაფად იმოქმედეს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც 12 ადამიანი, მათ შორის პირველი არხის წამყვანი ირაკლი აბსანძე დააკავეს.

ჰო, პოლიციის მოვალეობაა, დაიცვას სტრატეგიული ობიექტები ან ისეთი ადგილები, რომლებსაც პოტენციურად საფრთხე ემუქრება. აი ასეთი იყო, მაგალითად, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ოფისი, რომელიც ძალადობრივმა ჯგუფებმა ისე დაარბიეს, რომ არცერთ პოლიციელს მათთვის ხელი არ შეუშლია. ან როგორ შეუშლიდნენ ხელს, როდესაც ოფისს საერთოდ არავინ იცავდა.

„არ ვიცოდითო“, ამბობდა რომელიღაც პოლიტიკოსი ამ დღეებში, რანაირად დაგვეცვაო. ჰო, ძალიან რთულია იმის მიხვედრა, რომ ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც კვირების განმავლობაში აანონსებდნენ „ღირსების მარშის“ ჩაშლას, პირველი რასაც გააკეთებდნენ, სწორედ პრაიდის ოფისზე შეტევა იქნებოდა.

12 ადამიანი დააკავეს გუშინ მაშინვე, როდესაც აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ ოფისს კვერცხები და წითელი საღებავი დაუშინეს. შემახსენეთ ვინმემ, რამდენი ადამიანი დააკავეს 5 ივლისს, როდესაც ქუჩაში ღია, გაცხადებული ძალადობა იყო გაჩაღებული?

აი, მაგალითად ის ტიპი, სკუტერით რომ ეჯახებოდა ჟურნალისტებს, შემდეგ პოლიციელებმა რომ შეაჩერეს და, ბუნებრივია, მეგონა, დააკავებდნენ, 2 საათის შემდეგ ამავე სკუტერით თავისუფლად რომ დასეირნობდა თბილისის ქუჩებში. მეორე დღეს დააკავეს მგონი, იძახდა, „გამექცა სკუტერი და ვერ ვაკავებდიო“, თუ რაღაც ეგეთი.

ახლა უფრო და უფრო მეტი დასპონსორებული პოსტი მხვდება ფეისბუკის ნიუსფიდში, რომ „აი, ლიბერალები ნარკომანი ოპერატორის სიკვდილს თავიანთი მტარვალი მიზნების მისაღწევად იყენებენ“. ეგეთი ნიშნისმოგების ტონი კიდევ გაიზრდება და რაში გადაიზრდება, კაცმა არ იცის. ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი წერს, ჟურნალისტები ერის დაუძინებელი მტრები არიანო და ასობით ადამიანი ულაიქებს.

5 ივლისს ხომ მედიისთვის ქუჩაში გასვლა საშიში იყო, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რა უფრო საშიშია, ვიღაც კუნთმაგარმა ტიპმა ერთხელ გცემოს, თუ შენ წინააღმდეგ მიზანიმართული კამპანია აგორდეს, რომლის აღსაკვეთადაც სახელმწიფო არაფერს აკეთებს?

დღეს ჟურნალისტები აქციაზე დგანან რუპორებით. სხვა სიტუაციაში არ დავეთანხმებოდი, შევეწინააღმდეგებოდი, გავაკრიტიკებდი. მეტიც, იმ აქციაზე ბევრი ისეთი ჟურნალისტი დგას, რომელსაც უამრავ საკითხში პრინციპულად არ ვეთანხმები. თუმცა დღეს მათთვის, ვინც ჟურნალისტებს დევნის, სულ ერთია, ვინ ხარ - გაცხადებული ოპოზიციური მიზნების მქონე ტელევიზია თუ მედია, რომელსაც ბალანსზე აქვს პრეტენზია და ცდილობს, სამართლიანად გააშუქოს ნებისმიერი ამბავი. უსამართლობა, რაც ჟურნალისტების წინააღმდეგ 5 ივლისის შემდეგ ტირალებს, ყველას ეხება და თუ ეს პრობლემა სწრაფად არ გადაწყდა, ძალიან რთულ დღეში აღმოვჩნდებით.

ლექსო ლაშქარავას სიკვდილი ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს მიუხედავად მისი გარდაცვალების ოფიციალური თუ არაოფიციალური ვერსიებისა.

ის დღეს დაკრძალეს.

კატეგორია: ბლოგი

2011 წლიდან, თითქმის ყველა დიდი აქცია გამიშუქებია და ასეთი აგრესია არ მახსოვს. აგრესიაც ცოტა მსუბუქი ნათქვამია, ეს იყო მიზანმიმართული ნადირობა ჟურნალისტებზე.

შუადღისას, როდესაც თბილისი პრაიდმა მარში გააუქმა, ჟურნალისტების ნაწილმა გადავწყვიტეთ, აღარ გაგვეშუქებინა ჰომოფობიური აქცია და რედაქციებში დავბრუნებულიყავით. ექვსი ჟურნალისტი ჭავჭავაძის გამზირზე ტაქსის ველოდებოდით, როდესაც ორმა კაცმა ჩაგვიარა, შორიახლოს გაჩერდა და ჩვენი თვალიერება დაიწყო.

ორიოდე წუთში ერთ-ერთმა ტელეფონი ამოიღო, რის შემდეგაც ამ ორს კიდევ ხუთი შემოუერთდა და ჩვენკენ დაიძრნენ. როდესაც საფრთხე გავიაზრეთ, სწრაფადვე გავეცალეთ იქაურობას. ჩვენ გადავრჩით, მაგრამ ბევრი ჩვენი კოლეგა სერიოზულად დაშავდა.

ჩემს პრაქტიკაში ყველაზე მეტი დაშავებული ჟურნალისტი 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევის დროს მახსოვს, როდესაც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 40-მდე დაზარალებული დათვალა

ამ სვეტის გამოქვეყნების მომენტში უკვე 48 დაშვებული ჟურნალისტის შესახებ ვიცით და მათი უმეტესობა სასტიკად სცემეს ძალადობრივი ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა.

მედიის მიმართ აგრესია დილიდანვე კარგად ჩანდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, მედიის ყველა მაიდენთიფიცირებელი ნიშანი მოგვეხსნა ან დაგვემალა, რომ პირდაპირი სამიზნე არ გავმხდარიყავით, თუმცა კამერებს და მიკროფონების ვერსად დავმალავდით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ ისევ იმას ამბობს, რომ ჟურნალისტებზე თავდამსხმელების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. არადა, გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალაში მარტივად შეიძლება მოძალადეების ამოცნობა. 

პოლიციამ არაფერი ქნა, როდესაც მრგვალ ბაღთან ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა „ფორმულას“ ოპერატორს კვერცხი ესროლეს. არც მაშინ, როდესაც ისინი „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს აგინებდნენ და ისევ პოლიციას მიმართავდნენ, აქედან გაიყვანეთო.

სამართალდამცავები უბრალოდ კორდონად იდგნენ და აქციის მონაწილეებს გზის გადაჭრის საშუალებას არ აძლევდნენ.

რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ "ეს აგრესია გამოიწვია პრაიდის უკან მდგომმა "რადიკალურმა ოპოზიციამ", და ყურადღბას არ ამახვილებენ აგრესიული ჯგუფების პასუხისმგებლობაზე.

დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველად შემეშინდა აქციაზე წასვლის. პირველად დავმალე პრეს-ბარათი და პირველად გადავწყვიტე, აღარ დავრჩენილიყავი გასაშუქებლად დღის ბოლომდე.

მაგრამ ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი პრობლემა. თუ სახელმწიფომ ჟურნალისტებზე თავდასხმის ყველა შემთხვევა სერიოზულად არ გამოიძია, ქვეყანაში მედია მუდმივად იქნება საფრთხეში. და თუ დღეს თითო ჟურნალისტზე ხუთი-ათი კაცი იწევდა საცემად, კაცმა არ იცის მომავალში ვის რისთვის გაიმეტებენ.

 

კატეგორია: ბლოგი
პირველი ქართული ჩატბოტი, რომელიც ჟურნალისტური ამბის თხრობისთვის შეიქმნა, უკვე ერთი კვირისაა.

შეიძლება, ეს წინადადება ჯერ ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ალბათ ერთი ან, მაქსიმუმ ორი წელია საჭირო, ვიდრე ჩატბოტები ახალი ამბების გავრცელების ჩვეულებრივი საშუალება გახდება.

როგორ მოვედით აქამდე?

2011 წელს ერთმა ჩემმა მეგობარმა მაჩვენა Los Angeles Times-ის პროექტი. შავ-თეთრი ფოტო/ვიდეო კადრებით 6 თუ 7 წუთში მოთხრობილი ამბავი, რომელსაც ფონად მთხრობელის ხმის ნაცვლად, წარწერები, ამბის გმირების საუბარი და გარემოს ხმაური მიჰყვებოდა.

ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა მულტიმედიასთან - საინტერესო, ჩემთვის მანამდე უცნობი ფორმით მოთხრობილი ამბავი.

ფორმა მომეწონა. გადავწყვიტე, მსგავსი რამ გამეკეთებინა. ფანტასტიკური გამოვიდა-მეთქი, რომ გითხრათ, მოვიტყუები, მაგრამ პირველი ჯერისთვის ცუდიც არ იყო. ეს იყო ექსპერიმენტული თხრობის ჩემი პირველი გამოცდილება.

მულტიმედია, ტრანსმედია, ან ქროს-მედია არის თხრობის ისეთი ფორმა, რომელიც იყენებს მედიის ტრადიციულ ელემენტებს (ტექსტს, ფოტოს, ვიდეოს, ხმას, გრაფიკას) და კრავს მას „არატრადიციული ფორმით - ამბის ასეთი გადმოცემის სტილი ინტერნეტის განვითარებამ მოიტანა და ის ორიათასიანების ბოლოს არათუ საქართველოში, მთელ მსოფლიოში ახალი ხილი იყო.

მართალია, ჩვენ ამ გზას 2-3 წლის დაგვიანებით გავყევით, მაგრამ მთავარია, დავიწყეთ. დაახლოებით მაშინ, როდესაც ჩვენ მულტიმედიის ათვისება ნელ-ნელა დავიწყეთ, მოხდა ისეთი რამ, რამაც ჩემი აზრით, ინტერნეტში ამბის თხრობის მეთოდები შეცვალა. 2012 წელს ფეისბუქის აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ მილიარდს გადააჭარბა. ეს კი იმ დროისათვის მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა თითქმის ნახევარი იყო. შესაბამისად, სხვადასხვა მედიამ უფრო და უფრო აქტიურად დაიწყო მისი, როგორც ამბის გამავრცელებელი პლატფორმის ათვისება. ამ პროცესში თხრობის ფორმები დაიხვეწა, განახლდა, ჩანაცვლდა... ზოგი საერთოდ მოკვდა.

ერთმანეთს დაემატა ინტერაქტიული თუ სწორხაზოვანი თაიმლაინები, ინფოგრაფიკა, ე.წ. Social ვიდეოები ( სოციალურ ქსელებზე გათვლილი მოკლე მასალა)... შემდეგ New York Times-მა გამოაქვეყნა ცნობილი სტატია, Snow Fall, რომელმაც კიდევ ერთი ახალი სტილი, ე.წ. Scrollytelling დაამკვიდრა.

ძალიან მოკლე დროში თხრობის ძალიან ბევრი ფორმა გაჩნდა. იმდენად ბევრი და საინტერესო, რომ ერთი შეხედვით, ძალიან გართულდა მათ შორის არჩევანის გაკეთება. თუმცა გამოცდილმა მედიასაშუალებებმა ერთი რამ ისწავლეს: ყველა ამბავს თხრობის სხვადასხვა ფორმა სჭირდება და პირიქით, ერთი და იმავე მედიუმით ყველა ამბის თხრობა შეცდომაა.

მარტივად რომ ვთქვათ, ზოგ ამბავს ვიზუალი სჭრირდება, ზოგს - ინტერაქტიულობა, ზოგისთვისაც სამწინადადებიანი ტექსტიც საკმარისია.

სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს დაუწერელი წესი მაინცდამაინც კარგად აითვისა ქართულმა მედიამ (ყოველ შემთხვევაში, მისმა დიდმა ნაწილმა). მიზეზი ალბათ ისაა, რომ ჩვენთან ეს ყველაფერ ჯერ ერთი, მოგვიანებით შემოვიდა და მეორე, მასალა იმდენად დიდი და მაცდური იყო, რა თქმა უნდა, მოვინდომეთ ყველაფრის ერთბაშად ათვისება.

შემდეგ კი მივიღეთ ის, რომ თხრობის ესა თუ ის ახალი ფორმა რაღაც დროს, სულ რამდენიმე თვით მთელ მედიას მოედებოდა, შემდეგ კი მას ყველა ივიწყებდა. საბოლოოდ კი მაინც სიტყვა „მულტიმედიას“ ვუბრუნდებოდით და ყველა მასალას ამ სახელის ქვეშ ვფუთავდით. არადა ეს ტერმინი, უკვე კარგახანია წარსულს ჩაბარდა.

2011 წელს ერთ-ერთმა (თუ არა ყველაზე) პრესტიჟულმა ჯილდომ ფოტოჟურნალისტიკაში, World Press Photo-მ ახალი მიმართულება დაამატა, ჯილდო მულტიმედიაში. დღეს კი მის ვებგვერდზე რომ შეხვიდეთ, სიტყვა „მულტიმედიას“ ვეღარსად ნახავთ. მან სულ რამდენიმე წელს გაძლო და საბოლოოდ ჩანაცვლდა ტერმინით, Digital Storytelling - ანუ ციფრული თხრობა.

მოკვდა თუ არა მულტიმედია? რა თქმა უნდა, არა. ბოლოს და ბოლოს, მულტიმედია პირდაპირ თარგმანში „სხვადასხვა მედიას (უფრო მედიუმს), ან „ბევრ მედიუმს“ ნიშნავს. ის უბრალოდ თავის თავდაპირველ მნიშვნელობას დაუბრუნდა და გაჩნდა ახალი ტერმინი, ციფრული თხრობა, რომელმაც ბევრად უფრო ფართო გაგება შეიძინა.

ციფრული თხრობა აღარ ნიშნავს უბრალოდ რამდენიმე მედიუმის ერთმანეთში შერევას. მეტიც, ეს აუცილებელიც აღარაა. მისი ერთადერთი მთავარი წესია, ამბავი იყოს საინტერესო და გასაგები იმ ციფრული აუდიტორიისთვის, ვისაც უყვები.

აქ მთავარი სწორედ აუდიტორიის განსაზღვრაა, რაც ყველაზე რთულია.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, 2012 წელს ფეისბუქის მომხმარებელთა რაოდენობა ინტერნეტის მომხმარებელთა თითქმის ნახევარს გაუტოლდა. ეს კი ბევრ რამეზე აისახა. ფეისბუქმა იმავე წელს იყიდა ინსტაგრამი - პლატფორმა, რომელზეც მანამდე მხოლოდ ფოტოების გამოქვეყნება შეგეძლოთ. ერთი წლის შემდეგ კი მას ვიდეო დაემატა. ამის შემდეგ თუ ფეისბუქის განვითარების ისტორიას თვალს გადაავლებთ, ნახავთ, რომ საკმაოდ დიდი რესურსი დაეთმო ახალი ამბების გავრცელების საშუალებების განვითარებას. ფეისბუქის განვითარებასთან ერთად კი რა თქმა უნდა, ვითარდებოდა სხვა პლატფორმები, როგორიცაა Youtube, Twitter, Snapchat და ა.შ.

ამის მიზეზი კი უმთავრესად მობილური მოწყობილობების (ტელეფონების, ტაბლეტების) სწრაფი განვითარება და მობილური ინტერნეტის აჩქარება იყო. საბოლოოდ კი ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ სხვა ბევრი აპლიკაცია „მეგობრებთან კომუნიკაციის საშუალებიდან“ ნელ-ნელა გადაიქცა ახალი ამბების გამავრცელებელ ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ.

და რაც მთავარია, ყველა ამ პლატფორმას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მომხმარებელი ჰყავს.

საბოლოოდ კი, თუკი ადრე ვამბობდით, ტელევიზიამ გაზეთები მოკლა, ვებ გვერდებმა კი ტელევიზიაო, ახალ თამამად შეგიძლიათ დასძინოთ, რომ სოციალური ქსელებიც ნელ-ნელა ახრჩობს ტრადიციულ ვებგვერდებს.

პრინციპი - „მოიზიდე აუდიტორია“ შეიცვალა პრინციპით - „მიდი აუდიტორიასთან“. არადა, გაიხსენეთ, სულ რამდენიმე წლის წინ მედიასაშუალებებს ფეისბუქ გვერდები მხოლოდ იმისთვის ჰქონდათ, რომ იქიდან აუდიტორია თავიანთ მთავარ ვებგვერდებზე მიეზიდათ.

ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დღემდე ვერ გაიაზრა, რომ ეს სტრატეგია არ მოქმედებს, თუმცა ბევრს თუ დააკვირდებით, ისინი მასალას საგანგებოდ ფეისბუქისთვის ქმნიან და აუდიტორიასაც ფეისბუქისვე სტატისტიკით ითვლიან.

თუ ადრე გვქონდა გამზადებული რეცეპტი, როგორი უნდა იყოს გაზეთში, ტელევიზიის ეთერში თუ ინტერნეტში გასული მასალა, დღეს გვაქვს მხოლოდ ერთი წესი. მთავარია, იყოს მიმზიდველი და საინტერესო (როგორც თხრობის, ისე შეფუთვის მხრივ) - დანარჩენი კი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

(მე, პირადად, დავამატებდი, რომ თხრობის ფორმამ არ უნდა შეიწიროს ჟურნალისტიკის ფუნდამენტური პრინციპები და კარგი მთხრობელები ამას იოლად ახერხებენ).

რა არის მომავალი?

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ინტერნეტში „ტრენდული“ თხრობის ფორმები უფრო და უფრო ცოტა ხანს ძლებენ. ყველაზე გამძლე საბოლოოდ Facebook-ის მიერ დამკვიდებული „Social Videos” აღმოჩნდა, რომელიც 2 წელია, აქტუალობას და, შესაბამისად, აუდიტორიას არ კარგავს, მაგრამ მისი ფორმაც ნელ-ნელა იცვლება (ნახეთ მაგალითი).

ჩემი ვარაუდი ასეთია: მედიის მომავალი მესენჯერებშია (და აქ მხოლოდ Facebook Messenger-ს არ ვგულისხმობ). თავად განსაჯეთ: მას შემდეგ, რაც Facebook-მა Messenger-ი დამოუკიდებელ აპლიკაციად აქცია, კომპანია უფრო და უფრო დიდ რესურს ხარჯავს მისი ახალი ფუნქციებით დატვირთვაზე. რამდენიმე დღის წინ მომივიდა Facebook-ის შეტყობინება, რომ დღეიდან უკვე შემიძლია ჩემი გვერდის რეკლამები არამარტო თაიმლაინზე, არამედ მესენჯერშიც გავუშვა.

Facebook-ის მაგალითით იმიტომ ვმსჯელობ, რომ ასე თუ ისე, მთავარი სიტყვა მაინც მათზეა (პრინციპში, მათ ხომ ყველაფერი იყიდეს, რაც კი წინ დაუდგათ).

დაბოლოს, უფრო და უფრო მეტად ვითარდება ჩატბოტები. ეს არის ხელოვნური ინტელექტის საკმაოდ პრიმიტიული, მაგრამ საინტერესო ვერსია, რომელიც მესენჯერში თქვენს კითხვებს პასუხობს. ამ კითხვებზე პასუხი კი, რა თქმა უნდა, მას შემქმნელმა უნდა „ასწავლოს“.

ამ ჩატბოტების გამოყენება მეტ-ნაკლები წარმატებით უკვე დაიწყებს ბიზნეს-კომპანიებმა და ზოგიერთმა ორგანიზაციამ. თუმცა როგორც ჟურნალისტური ამბის გავრცელების საშუალება ის ჯერ არავის გამოუყენებია. ყოველ შემთხვევაში, ევაჯუნიორამდე (ასე დავარქვით ჩვენს პირველ მედია ჩატბოტს).

ის ასე შეიქმნა: ჟურნალისტების გუნდი ერთი თვის განმავლობაში ვმუშაობდით საქართველოში ნარჩენის მართვის თემაზე. გადავიღეთ სამი ვიდეო-სიუჟეტი (თუ გაინტერესებთ, ნახეთ აქ ან მოძებნეთ მესენჯერში MyAngle ჩატბოტი და ის გაჩვენებთ), უამრავი ფოტო, რაც, რა თქმა უნდა, ტექსტით არის შეკრული.

საბოლოოდ კი, როდესაც მასალა მზად იყო, ეს ყველაფერი ვასწავლეთ ჩატბოტს. მართალია, ის ჯერ ვერაა ისეთი დახვეწილი და ყველა კითხვას ვერ იგებს, თუმცა მისი პრინციპიც ეგ არის - ისწავლოს თავისივე პასუხგაუცემელი კითხვებით. რაც მეტი ადამიანი მეტ კითხვას უსვამს, ის უფრო და უფრო ჭკვიანდება.

მართალია, ვვარაუდობ, რომ ერთ-ორ წელიწადში ჩატბოტების გამოყენებას უფრო და უფრო მეტი მედია დაიწყებს (თან ამ დროისთვის ხელოვნური ინტელექტიც ალბათ ბევრად დაიხვეწება), მაგრამ დანამდვილებით მაინც ვერაფერს ვიტყვი. ინტერნეტში თხრობის ფორმები სწრაფად იცვლება. ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: ცდად ღირს.
კატეგორია: ბლოგი
1993 წელს სამხრეთ აფრიკელმა ფოტოჟურნალისტმა, კევინ კარტერმა სუდანში გადაიღო კადრი, რომელმაც ის ჯერ პულიტცერის პრემიამდე, შემდეგ კი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ამ საკმაოდ ცნობილ კადრზე, რომელსაც "შიმშილი სუდანში" ჰქვია, გამოსახულია ბავშვი, რომლის უკანაც რამდენიმე მეტრში სვავი ჩამომჯდარა.

ამ კადრმა გამოქვეყნებისთანავე გამოიწვია უამრავი შეკითხვა კევინ კარტერის მიმართ. ყველა ამ შეკითხვის ძირითადი არსი ერთი იყო: "რა ბედი ეწია ბავშვს?" რატომ არ გადაარჩინა კარტერმა ბავშვი? რა უფრო მნიშვნელოვანი იყო, კადრი, თუ ადამიანის სიცოცხლე? ან რატომ არაფერი იღონა ფოტოგრაფმა თუნდაც კადრის გადაღბის შემდეგ? ასეთი დილემა ჟურნალისტიკის ისტორიაში უცხო არ არის. კევინ კარტერის შემთხვევა არც პირველი ყოფილა, არც ბოლო, მაგრამ ყველაზე ცნობილი კი ნამდვილად არის.


ომის ჟურნალისტებს/ფოტოჟურნალისტებს ხშირად უწოდებენ გმირებს იმის გამო, რომ მძიმე და სტრესულ პირობებში უწევთ მუშაობა. თუმცა სჭირდება თუ არა რეპორტიორს გმირობა?

სინამდვილეში, რედაქტორებიც და პროფესიული სტანდარტებიც ყველაზე ნაკლებად, ჩვენგან სწორედ გმირობას ითხოვენ. ჩვენი მთავარი მიზანია, ამბის კარგად გაშუქება და მორჩა. მთავარი სირთულეც ესაა: ძალიან ძნელია, დიდი ხნის განმავლობაში აშუქებდე ამბავს, და თავი შეიკავო ყოველგვარი ემოციისგან - შენ წინ ადამიანს კლავდნენ და შენ ამას კამერის ობიექტივიდან მშვიდად უყურებდე.

თუმცა მეორე მხრივ, როდესაც რეპორტიორი ხარ, ხელში კამერა გიჭირავს და არა იარაღი, ერთადერთი რისი გაკეთებაც ყველაზე კარგად შეგიძლია, ამ კამერის სწორად გამოყენებაა. კევინ კარტერიც ასე მოიქცა, გადაიღო ფოტო, რომელმაც მოგვიანებით მთელი მსოფლიოს ყურადღბა სუდანისკენ მიმართა, თუმცა მთავარი კითხვა, "რა ბედი ეწია ბავშვს", ვერაფერმა გადაწონა.

დიდი მსჯელობა შეიძლება იმაზე, შეცვალა თუ არა კარტერის ამ ფოტომ რამე, ან რომ არ გადაეღო და ბავშვის მშობლების ძებნა დაეწყო, ამით თუ შეცვლიდა რამეს. თუ პროფესიული კუთხით მივუდგებით, რეპორტიორები ერთი ადამიანის ამბის გაშუქებით ბევრად უფრო დიდ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას. და მაშინაც კი, თუ გაქვს შესაძლებლობა, პირადად დაეხმარო შენს რესპონდენტს, დგები კიდევ ერთი დილემის წინაშე - მოვაგვარებ თუ არა ამ ადამიანის ერთხელ დახმარებით მის პრობლემას? თუ ჯობია, გვერდზე გადავდო გრძნობები და ვეცადო ჩემი პროფესიით ხმა მივაწვდინო იმ ხალხს, ვისაც შეუძლია, უფრო დიდ, სისტემურ პრობლემას მიხედოს?

შეუძლია თუ არა რეპორტიორს, მხოლოდ ამბის გაშუქებით შეცვალოს ადამიანების ცხოვრება? რთული სათქმელია, მაგრამ მიზანი ალბათ მაინც უფრო ეს არის.