კატეგორია: რესურსები

ის აღჭურვილობა, რაც ერთ დროს ვიდეოჟურნალისტებს რამდენიმე ჩანთით დაჰქონდათ, ახლა ერთ ჯიბეში ეტევა. სმარტფონიანი ჟურნალისტიკა უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ჟურნალისტებისთვისაც აუცილებლობას წარმოადგენს, ვიდეოსამონტაჟო აპლიკაციების ქონა ტელეფონში. 

„მედიაჩეკერი“ იმ 8 აპლიკაციას გაგაცნობთ, რომელთა გამოყენებითაც ვიდეომასალის დამონტაჟებას ტელეფონშივე შეძლებთ.

 ⇒   KineMaster

altმობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის. დახვეწილ, მრავალფეროვან აპს აქვს რამდნიმე აუდიო და ვიდეოს „ლეიერებში“ განთავსების და მონტაჟის ფუნქცია, ხმის კონტროლი, გადასვლები, ფერების კორექცია და სხვ.


მთავარი ნაკლი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი იაფად არ გამოდის. აპლიკაციის უფასო ვერსიით შექმნილ ვიდეოებს აპის ლოგო ედება ზედ. ამიტომ, თუკი მისი პროფესიონალურ დონეზე გამოყენება გსურთ, თვეში 4.99$ უნდა იხადოთ.

⇒  Splice

altGoPro-ს შემქმნელებმა ეს აპლიკაცია iOS-ის მომხმარებლებისთვის შექმნეს და მისი მოხმარება უფასოდ შეგიძლია. ამ აპსაც ბევრი ფუნქცია აქვს, შეგიძლიათ დაჭრათ, დაამუშაოთ ვიდეომასალა და გაუკეთოთ ეფექტები, ტიტრები, გადასვლები, სათაური და მუსიკა.

აპს ორი ნაკლი აქვს, -  iOS-ის მომხმარებლებს მასში „ლეიერებზე“ მუშაობის საშუალება არ აქვთ, Android-ის მოყვარულებისთვის კი Splice-ის შემქმნელებს საერთოდ არ უფიქრიათ.

⇒  Quik

altGoPro-ს კიდევ ერთი აპლიკაცია, Quick Splice-ის გამარტივებული ვერსიაა, მაგრამ მისგან განსხვავებით Android-ზეც არის ხელმიწასვდომი. აპლიკაცია ძალიან მოხერხებულია მარტივი და სწრაფი მუშაობისთვის, არ აქვს ბევრი ფუნქცია, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი რამის ავტომატურად შესრულება შეუძლია.

⇒  Adobe Premiere Clip

altცნობილი გრაფიკული პროგრამების ავტორებმა მობილურისთვისაც შექმნეს კარგი აპლიკაცია. Adobe Premiere Clip-ის გამოყენება შეგიძლიათ როგორც კომპიუტერულ ვერსიასთან ერთობლიობაში, ისე ცალკე, ვიდეოების მობილურშივე დასამონტაჟებლად.

აპლიკაციას აქვს ავტომატურად მუშაობის ფუნქცია იმ შემთხვევისთვის თუ დრო არ გაქვთ ან მონტაჟი არ გეხერხებათ. ამავდროულად საკმაოდ დახვეწილია პროფესიონალებისთვისაც. აპი უფასოა და ხელმისაწვდომი iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის.


alt
⇒  Magisto

altაპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით მუშაობს, ავტომატურად ქმნის ვიდეოებს წინასწარ შემუშავებულ სტილზე მორგებით. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ, იმ მასალის შერჩევაა, რომლითაც ვიდეოს აწყობა გსურთ.

რა თქმა უნდა, ავტომატური მონტაჟით ყოველთვის ვერ ვიღებთ ზუსტად ისეთ ვიდეოს, როგორიც გვინდოდა. ეს პროფესიონალებისთვის საკმაოდ დიდი ნაკლია. მაგრამ Magisto ძალიან კარგია დამწყებთათვის. აპს აქვს უფასო და ფასიანი ვერსია, ხელიმასწვდომია, როგორც Android-ის, ისე iOS-ის მომხმარებლებისთვის.

⇒  iMovie

altსპეციალურად iOS-ის მომხმარებლისთვის შექმნილი აპლიკაცია სანიმუშო პროგრამაა ვიდეოსამონტაჟო აპლიკაციებისთვის. iMovie ადვილად მოსახმარი და ამავდორულად დახვეწილი პროგრამაა გამოცდილი თუ გამოუცდელი ადამიანებისთვის. თანაც მომხმარებლებს საბაზისო ფუნქციებზე წვდომას უფასოდ სთავაზობს.

⇒  PowerDirector

altეს აპლიკაცია iMovie-ის მსგავსია, მაგრამ ექსკლუზიურად Android-ის მოყვარულებისთვისაა. აპს თითქმის ყველა საჭირო ფუნქცია აქვს, შეგიძლიათ მოჭრათ კადრები, დაამუშავოთ, გააკეთოთ გადასვლები და ა.შ. თუმცა, აქაც KineMaster-ის მსგავსად ყოველთვიური გადასახადი მოგიწევთ, თუკი ვიდეოს მონტაჟი აპლიკაციის ლოგოს (Watermark-ის) გარეშე გინდათ. PowerDirector-ის კიდევ ერთი პლუსი ისაა, რომ კომფორტული მოსახმარია როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ვიდეომემონტაჟეებისთვის.

⇒  LumaFusion

altდაბოლოს, LumaFusion, - ალბათ საუკეთესო აპლიკაცია, რომელშიც თითქმის ყველა იმ ფუნქციას ნახავთ, რომელიც კომპიუტერულ სამონტაჟო პროგრამებს აქვთ. „ლეიერებად“ მუშაობა, ეფექტები, ანიმაცია, ტექსტი და ბევრი სხვა რამ, რომელიც ვიდეოს პროფესიონალურ დონეზე აგაწყობინებთ.

თუმცა, LumaFusion-საც აქვს ის ნაკლი, რაც ბევრ სხვა კარგ პროგრამას. მის მოსახმარად 19.99 დოლარის გაღება მოგიწევთ.

alt
წყარო: ijnet.org

კატეგორია: მულტიმედია

alt

გრასიელა იტურბიდე, შეიძლება ითქვას, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფია. ხუთი ათწლეულის განმავლობაში კამერით მოგზაურობისას იტურბიდე მოგვითხრობდა მექსიკის მკვიდრი მოსახლეობის შესახებ. ფოტოგრაფმა შეძლო მოეპოვებინა კრიტიკოსების აღიარება, გაეჩინა მიმდევრები და შეეყვარებინა თავი საზოგადოებისათვის.

altიტურბიდე კვლავ განაგრძობს კამერით მოგზაურობას, აქვს ახალი ფოტოები და გამოფენები, მაგრამ მასზე საუბრის დაწყება ყოველთვის ინდიელი ქალის ფოტოთი იწყება. საპოტეკის ტომის წევრის სურათით, თავზე შემოხვეული იგუანებით.

ფოტოგრაფი ზობეიდა დიაზს სურსათის მაღაზიაში შეხვდა. 1979 წელს, მაშინ, როცა მექსიკის სამხრეთით, ოახაკას რეგიონში ცხოვრობდა. ფოტოს გადაღება ადვილი არ იყო - იტურბიდეს რამდენიმე ცდა დასჭირდა. იგუანები არ ჩერდებოდნენ, თავზე ეხვეოდნენ ქალს, ვარდებოდნენ და ისევ მაღლა ადიოდნენ. მაგრამ საბოლოოდ კადრი შედგა. გრასიელამ შეძლო გადაეღო - Nuestra Señora de las Iguanas (ქალბატონი იგუანებით).

ფოტოს გადაღებიდან 40 წელი გავიდა, მაგრამ Nuestra Señora პოპულარობას არ კარგავს. მექსიკაში მას შეხვდებით ყველგან - სტენსილებზე, პლაკატებზე, საფოსტო მარკებსა და საგზაო ნიშნებზე. მის ოქროსფერ ქანდაკებასაც ნახავთ იუჩიტანის ცენტრში, დასახლებაში სადაც ცხოვრობდა ქალბატონი იგუანებით.

ფოტოს შეხვდებით ლოს ანჯელესშიც, ერთ-ერთ მოხატულ კედელზე. ხალხმა აიტაცა ეს სურათი და პოპ კულტურის ნაწილად იქცა. ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ იტურბიდეს უთქვამს - „ფოტო მე უკვე აღარ მეკუთვნის“.

Nuestra Señora მართლაც საკულტო ფოტოა, მაგრამ ის არ არის იტურბიდეს ერთადერთი მონაპოვარი. 76 წლის ფოტოგრაფმა შეძლო მექსიკაში ჩაფლულიყო, ეჩვენებინა იქაური ხალხის სული. იტურბიდემ ფოტოებზე აღბეჭდა ინდიელთა ტომები, თხების დაკვლები დღეობებზე, დაკრძალვები და სხვა სახის წეს-ჩვეულებები, იქაური გარემო, ფრინველები, თავისი თავი.  

alt


altaltკრისტენ გრეში, რომელიც ახლა ბოსტონში გრასიელას გამოფენის კურატორია და ფოტოგრაფთან მუშაობდა, ჰყვება, რა არის იტურბიდეს შემომედებაში უნიკალური: „მისთვის ფოტო თვითმიზანი არ არის. ეს ინსტრუმენტია, რომ გადმოსცეს და გვაჩვენოს ის, რაც ბევრისთვის უხილავია“, - ჰყვება გრეში, - „მასში თანამედროვე კულტურის პოეტური ხედვაა, ცხოვრების მოულოდნელობებითა და მისტერიებით გაჯერებული“.   

გრასიელა იტურბიდეს მუშაობის სტილი უბრალოა. იყნებს ბუნებრივ განათებას, შტატივს, მაშუქსა და ტელეობიექტივს. მიჰყვება ცნობისმოყვარეობას და იღებს ფოტოს - ყოველთვის შავ-თეთრს. იღებს იმას, რას მოსწონს. ხოლო შემდეგ ფირების გამჟღავნებისას მოულოდნელობებს ელის. გრასიელა იარლიყებს, სტერეოტიპებს გაურბის და თავისთავს კადრების თანამონაწილედ მიიჩნევს. ის ყოველთვის ახლოა თავის გმირებთან.

გრასიელა იტურბიდეს კიდევ ერთი ძალიან ცნობილი ფოტოა „ანგელოზი ქალი“. ინდიელი ქალისთვის უკნიდან გადაღებული საოცრად ფაქიზი კადრი. სერის ტომის მკვიდრს ზურგზე თმა აქვს ჩამოშვებული, ტრადიციული სამოსი აცვია, ხელში მაგნიტოფონი უჭირავს და თითქოს უდაბნოში მიტივტივებს. ასეთია იტურბიდეს ნამუშევრები. ადამიანისა და ბუნების, ინდივიდისა და კულტურის, ყოფითისა და სულიერის შერწყმა.





alt

გრასიელა იტურბიდემ კინემატოგრაფიის შესწავლა თავდაპირველად 27 წლის ასაკში, განქორწინების შემდეგ დაიწყო. ფოტოგრაფიაზე მას შემდეგ გადაერთო, როცა მის მენტორს მანუელ ალვარეს ბრავოს შეხვდა, თანამედროვე მექსიკური ფოტოგრაფიის მამას. გრასიელა მის გავლენაზე ხშირად საუბრობს.

იტურბიდე ხშირად ახსენებს ხოლმე ფრანცისკო ტოლედოსაც, ცნობილ ხელოვანს, რომელმაც სამუშაოდ მიიწვია გრასიელა იუჩიტანში, თავის მშობლიურ ქალაქში. სწორედ იქ გადაიღო იტურბიდემ ქალი იგუანებით.

მოგვიანებით, 1998 წელს ისევ მისი მიწვევით გრასიელა ქალაქს მეორედაც ეწვია. ამჯერად ტოლედომ სთხოვა ოახაკაში ახადგახსნილი ბოტანიკური ბაღი გადაეღო. უფრო სწორად, უხილავი კავშირები ადგილობივ მოსახლეობასა და პარკის ბუნებას შორის. როგორც ჩანს იტურბიდე ყველაზე მეტად კაქტუსებმა დააინტერესა. დაჭკნობის პირას მისულმა, პარკის თანამშრომლების მიერ შეხვეულმა მცენარეებმა. სწორედ ისინი გამოხატავდნენ ამ უხილავ კავშირებს ყველაზე მეტად.

გრასიელას ერთხელ ჰკითხეს, რა იყო შთაგონების წყარო. მისი პასუხია: „მე შთაგონებას ცხოვრებისგან ვიღებ - იმისგან რასაც ვხედავ და რასაც თავად ვაკეთებ“.

alt


alt


წყარო: www.nytimes.com

კატეგორია: მულტიმედია

გასული, მძიმე 2017 წლის შემდეგ, რთული აღმოჩნდა ჟურნალისტებისთვის 2018 წელიც. ორგანიზაციის „კომიტეტი ჟურნალისტების დასაცავად“ (CPJ) მონაცემებით, წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 53 ჟურნალისტი დაიღუპა. ასევე 2018 წელს, მოკლეს კიდევ 23 რეპორტიორი, რომელთა შემთხვევაშიც ჯერ-ჯერობით დაუდგენელია მკვლელობის მიზეზი იყო თუ არა მათი პროფესიული საქმიანობა, 61 დაიკარგა, 251 კი დააპატიმრეს.

2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღმოჩნდა. ცნობილი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიურო ამტკიცებს, რომ The Washington Post-ზე სვეტების ავტორი და გავლენიანი ჟურნალისტი საუდის არაბეთის პრინცის დავალებით მოკლეს.

2018 წელს 9 ჟურნალისტი ემსხვერპლა ავღანეთში, ქაბულში ორმაგ ტერაქტს. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ჟურნალისტების გარემოცვაში იმ დროს აიფეთქა, როცა მედია პირველ ტერორისტულ თავდასხმას აშუქებდა. 30 აპრილს ამ თავდასხმას 9 ჟურნალისტი შეეწირა.

წელს ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა წლის ადამიანებად ჟურნალისტები დაასახელა. „მცველები“ ასე უწოდა გამოცემამ რეპორტიორებს, რომლებიც თავისუფალ სიტყვას იცავდნენ, მიუხედავად მათზე თავდასხმებისა. მათ შორის იყო ჯამალ ხაშოგი, აშშ-ში ერთ-ერთ რედაქციაში შეჭრილი პირის მიერ მოკლული 5 ჟურნალისტი, ფილიპინებში პრეზიდენტისგან დევნილი და დაპატიმრებული მარია რესა და სხვები.

„მედიაჩეკერი“ ორგანიზაციის „კომიტეტი ჟურნალისტების დასაცავად“ მიხედვით, 2018 წელს დაღუპული ჟურნალისტების შესახებ გთავაზობთ მონაცემებს .

 alt

კატეგორია: მულტიმედია
რამდენიმე დღის წინ, აშშ -ში, ომის ცნობილი ფოტორეპორტიორების კრის ჰონდროსისა და ტიმ ჰეტერინგტონის ერთობლივი გამოფენა დასრულდა. ისინი ახლო მეგობრები და კოლეგები იყვნენ და ერთად დაიღუპნენ 2011 წელს.

ლიბერიის ომში კრისი და ტიმი ფრონტის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. მეგობრობის მიუხედავად, როგორი განსხვავებული სტილიც ჰქონდათ მუშაობისას, ისეთივე განსხვავებული კონტექსტი ჰქონდა მათთვის ომს.

ლიბერიამ ფოტოგრაფების ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა. მეგობრებს აქამდე ერთობლივი ფოტოგამოფენა არასდროს ჰქონიათ და მათმა მეგობარმა და კოლეგამ მაიკლ კემბერმა გადაწყვიტა, პირველი ასეთი გამოფენა სწორედ ლიბერიის სამოქალაქო ომის თემაზე გაეკეთებინა.

„მედიაჩეკერი“ გთავაზობთ The New York Times-ის სტატიას, რომელშიც კემბერმა გაიხსენა ცნობილი ფოტორეპორტიორები, ლიბერიის სამოქალაქო ომი და პერიოდი, რომელმაც ცნობილი ფოტოგრაფების ცნობიერებაში დიდი კვალი დატოვა.



იბერიელები გაურბიან 2003 წლის ივლისში მონროვიას სტოქტონის ხიდთან მომხდარ ბრძოლის ხმას. Chris Hondros/Getty Images
2003 წლის 21 ივლისი იყო, ლიბერიის სამოქალაქო ომი. იმ დღეს ქალაქი მძიმედ დაბობმბეს, ამერიკელი ფოტოგრაფი კრის ჰონდროსი აფეთქებებს იღებდა, როცა სკოლის მოსწავლეს ლასა ჰარდინგს წააწყდა.

ბიჭი ცოტა ხნის წინ დაღუპულიყო. ლურჯი შარვალი და თეთრი ზედა ეცვა, იწვა ტალახში და თავში მიყენებული ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. ხელში ისევ ჩაბღუჯული ჰქონდა ზურგჩანთა.

ბომბებმა იმ დღეს 60 ადამიანი იმსხვერპლა. ჰონდროსი შუა თავდასხმის დროს შეჩერდა, რომ ეს სურათი გადაეღო. ერთ-ერთი იმ მრავალი სურათიდან, რომელიც ლიბიის მეორე სამოქალაქო ომის საზღაურს აღბეჭდავდა.

ფოტოგრაფმა ბიჭის სასკოლო ბარათიც იპოვა, სენტ მერის კათოლიკური სკოლის მე-7ბ კლასი. ბარათი, რომელზეც დედაქალაქ მონროვიას ალყის დროს დაღუპული ათასობით ადამიანიდან ერთ-ერთის მონაცემები იყო დატანილი. მსხვერპლის უმეტესობა სამოქალაქო პირი იყო.

ფოტორეპორტიორი კემბერი იქ The New York Times-თვის მუშაობდა, ხოლო ჰონდროსი Getty Images-თვის. ორივე ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ მონროვიაში. მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, რომელსაც ამბოხებულები ბომბავდნენ.

“იქ იყვნენ ბავშვები მაისურებითა და ფრანებივით დიდი სანდლებით“, - ჰყვება კემბერი, რომელიც ქალაქში ჰონდროსთან ერთად რამდენიმე კვირა მუშაობდა, -“იქ მხოლოდ უბედურება იყო.”

ამ დროს კი ჰეტერიგტონი ომის ამბოხებულთა მხარეს უყურებდა. ბრიტანელ ფოტოგრაფს მეგობრებისგან ფრონტის ვიწრო ხაზი ჰყოფდა.

„დარწმუნებული ვარ, ტიმი იღებდა ფოტოებს, სადაც ჩანდა, როგორ ისროდნენ ამბოხებულები ბომბებს. ჩვენ კი ამ დროს ვიღებდით სურათებს, როგორ ეცემოდა ეს ბომბები ხალხს“, - იხსენებს კემბერი.

2011 წლის 20 აპრილს ლიბიაში, მისრატაში მიმდინარე ბრძოლის დროს ჰონდროსი და ჰეტერინგტონი აფეთქებას ემსხვერპლნენ.

„ომი და მშვიდობა ლიბიაში“, - წელს კემბერმა და სინტია რივერამ ორი მეგობარი ფოტორეპორტიორის ერთობლივი გამოფენა გააკეთეს, რომელიც 16 დეკემბერს დაიხურა.

„ისინი არა მარტო კოლეგები, არამედ ახლო მეგობრები იყვნენ. ერთად მუშაობდნენ, ერთად დაიღუპნენ, მაგრამ მათი ნამუშევრები აქამდე ერთად არასდროს გამოფენილა“, - ჰყვება კემბერი, რომელმაც არაკომერციული საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცე დააფუძნა და ჰეტერინგტონს მიუძღვნა.



კრის ჰონდროსის ფონდთან ერთად გაკეთებულ გამოფენაზე კონფლიქტებზე მომუშავე ფოტორეპორტიორების კარიერის ადრეული წლების ფოტოები იყო გამოტანილი. ლიბერიის სამოქალაქო ომების კადრები.

აფრიკის ამ ქვეყანაში 1989 წლიდან 2003 წლამდე ორ სამოქალაქო ომს 250 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს მშვიდობისმყოფელთა დახმარებით ქვეყანაში სტაბილურობა და დემოკრატია მაინც დამყარდა.

ლიბერიის სამოქალაქო ომები მიმდინდარეობდა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სოციალური მედია დაიპყრობდა მსოფლიოს. მაშინ, როცა ფოტოჟურნალისტიკას ჰქონდა ომის მიმდინარეობაზე ხელშესახები გავლენა. „იბეჭდებოდა მათი სურათები, სხვადასხვა პოზიციებიდან, განსხვავებული კონტექსტებით. ვფიქრობ, მათმა ფოტოებმა ომის დასრულებაში თავისი წვლილი შეიტანეს“, - მიიჩნევს კემბერი.

ფოტოგრაფები მეგობრობდნენ, მაგრამ ფრონტის სხვადასხვა მხარეს იყვნენ, მათი სტილიც კონტრასტული იყო. ჰონდროსი მძაფრ, ახალი ამბებისთვის დამახასიათებელ ფოტოებს იღებდა, კადრებს, რომლებიც ყოველდღიურად გამოცემების მთავარ გვერდებზე ხვდებოდა. ჰეტერინგტონი კი, რომელიც საშუალო ფორმატის ჰეიზელბადით მუშაობდა, თითქოს უფრო მშვიდი, დამაფიქრებელი და კონცეპტუალური იყო.

„ტიმი იღებდა დახვრეტილ კედლებს, ნახატებს ქუჩებში, მებრძოლთა მოხატულ სახეებს ახლო ხედიდან, იღებდა გარემოს. მისთვის მთავარი კონტექსტი იყო. ბრძოლის შუაში მოხვდებოდა, მაგრამ გვერდით გაიწევდა და ყველაფრის აღბეჭდვას უფრო ფართო ფოკუსით ცდილბოდა, სადაც ჰუმანიზმისა და ომის არსი აღიქმებოდა“, - იხსენებს მისი მეგობარი ფოტოგრაფი.

თუ ჰონდროსი ომის პირველ, უხეშ სახეს აჩვენებდა, ჰეტერინგტონი ლიბიის ომს ნიუანსებით, პოეტურად აღწერდა და აფართოებდა ჩვენს თვალსაწიერს იმ მოვლენების შესახებ.

მის ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილია ამბოხებულთა ანტისაჰაერო ბრიგადის ერთ-ერთი მებრძოლი, რომელიც შეყვარებულს ემშვიდობება. მათი მიმიკები, ექსპრესია გამოხატავს ერთ მთლიან გულისტკივილს. გოგოს ხელი ნაზად უდევს ბიჭის მუხლზე, რომელიც მანქანიდან თავისი შეყვარებულისკენ გადმოხრილა. ჰეტერინგტონის ეს სევდიანი ფოტო ომიდან განშორებისა და დაკარგვის შიშს აღბეჭდავს.

გამოფენა „ომი და მშვიდობა ლიბერიაში“ ომის გარდა თავად ფოტოგრაფებზეც მოგვითხრობს. იმაზე, თუ როგორი გავლენა მოახდინა იქ ყოფნამ მათ ცხოვრებასა და პროფესიაზე.

ფოტოგრაფები ხშირად ჩადიან ქვეყნებში, აშუქებენ კონფლიქტებს, ზოგჯერ ჯილდოებსაც იღებენ და შემდეგ მიდიან. ჰეტერინგტონი მოგვიანებით ლიბერიაში დაბრუნდა და წლების განმავლობაში ცხოვრობდა იქ. ტიმი ქვეყნის ცხოვრებაში ბოლომდე ჩაერთო. ფოტორეპორტიორი აფინანსებდა სხვადასხვა პროექტს და მისი მძღოლის ქალიშვილს სწავლის საფასურსაც უფინანსებდა.

ლიბერიაში დაბრუნდა ჰონდროსიც, ეძებდა ხალხს, რომელსაც იღებდა. მათ შორის იყო ჯოზეფ დუო, ცნობილ ფოტოზე აღბეჭდილი მებრძოლი, რომელიც მეამბოხეებისკენ გასროლილ რაკეტას აღნიშნავდა.

ლიბერიაში დაბრუნებული ჰონდროსი დაეხმარა დუოს, რომ ესწავლა უნივერსიტეტში. ბიჭმა, ყოფილმა მებრძოლმა, რომელიც წლების განმავლობაში უიმედოდ ცხოვრობდა, სამართალი შეისწავლა, გასულ წელს კი პოლიტიკური კარიერა დაიწყო.



ამის მიუხედავად, არც ერთი ფოტოგრაფის კარიერა ლიბერიით არ შემოსაზღვრულა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჰონდროსის მუშაობა ერაყში და ჰეტერინგტონი ავღანეთში. თუმცა, კემბერი მიიჩნევს, რომ ლიბერია მათი დანიშნულების წერტილად იქცა.

„ტიმს ლიბერიის მსგავსად არსად უმუშავია. ეს იყო მისი კარიერის განმსაზღვრელი მომენტი, იმ მიდგომისა და ომის ტიმისეული ხედვის, რომლითაც ჰეტერინგტონი გამოირჩეოდა“, - ჰყვება კემბერი. მისი თქმით, ჰეტერინგტონის მსგავსად ლიბერიამ დიდი გავლენა მოახდინა ჰონდროსზეც.

„ის ნიჭიერი, პროფესიონალი ფოტოგრაფი იყო. მაგრამ ლიბერია კრისისთვის არ იყო უბრალო სამუშაო ადგილი. მან ამ ხალხისთვის უზარმაზარი სამუშაო გასწია, თავად ლიბერიამაც ჰონდროსის პროფესიონალიზმი და მისი ცხოვრება სულ სხვა დონეზე აიყვანა.“

ჰონდროსმა და ჰეტერინგტონმა კონფლიქტების გაშუქებას ბევრი რამ შემატეს. არც ერთ მათგანს არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ორივესთვის მნიშვნელოვანი ის ხალხი იყო, ვისაც კადრში აღბეჭდდა. მათთვის ფოტოგრაფები ხშირად თავის სიცოცხლესაც აყენებდნენ საფრთხის ქვეშ.

„ტიმსა და კრისს ენდომებოდათ გამოფენაზე აქცენტი არა მათზე, არამედ იმ ლიბერიის მოქალაქეებზე გაკეთებულიყო, რომელთა ცხოვრებასაც ომმა დიდი დაღი დაასვა. ყველა ომს ეწირება უდანაშაულო ხალხი“, - ამბობს კემბერი.

მომზადებულია www.nytimes.com-ის მიხედვით.
კატეგორია: მულტიმედია
ფოტოჟურნალისტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა ფოტოგრაფებს თავიანთი ნამუშევრები გაუყალბებიათ. ასეთ შემთხვევებს სკანდალიც მოჰყვებოდა ხოლმე. ნამუშევრების გაყალბება რომ დაუშვებელია, ფოტოჟურნალისტიკის პროფესიულ წრეში ამაზე თანხმდებიან. თუმცა, ფოტოჟურნალისტიკის პრაქტიკაში ხშირია მცირე ჩარევა, ფოტოების დადგმა.

ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო პრესის ფოტოკონკურსიდან ბევრი ფოტო იმის გამო მოიხსნა, რომ დადგმული იყო. არის შემთხვევები, როცა ფოტორეპორტიორები სთხოვენ გმირებს გაიმეორონ ესა თუ ის მოქმედება, რომელიც დაინახეს, მაგრამ გადაღება ვერ მოასწრეს. ყოფილა შემთხვევები, როცა სცენაში შეუტანიათ კორექტივები, რათა ობიექტივში ყველაფერი იდეალურად მოხვედრილიყო.

„მედიაჩეკერი“ გთავაზობთ ცნობილი ფოტორეპორტიორებისა და რედაქტორების მოსაზრებას დადგმულ ფოტოებზე, სიმართლესა და მანიპულაციაზე ფოტოჟურნალისტიკაში.

სტენლი გრინი
ფოტოსააგენტოს, Noor Images-ის დამფუძნებელი ამსტერდამში

„ვფიქრობ, ფოტოების დადგმა ძალიან გავრცელებულია. მინახავს ძალიან ცნობილ ფოტოგრაფებთანაც, ძირითადად კონფლიქტის ან ბუნებრივი კატაკლიზმების არეალში. მინახავს ფოტოგრაფები, რომლებიც დგამენ სცენას იმის გამო, რომ მოვლენის ადგილას ძალიან გვიან მივიდნენ.

საზოგადოება მედიიასადმი ნდობას კარგავს. არადა ჩვენ უნდა ვყვებოდეთ სიმართლეს, უნდა დავუწესოთ საკუთარ თავს უფრო მაღალი სტანდარტი.

როგორც ჩანს, მხოლოდ პროფესიული აღიარება არ მუშაობს. ამიტომ ფოტორედაქტორები უფრო მომთხოვნები უნდა იყვნენ, მათ უნდა ნახონ დაუმუშავებელი ფაილები. რედაქტორებსა და ფოტოფესტივალებზეა დამოკიდებული როგორ შეასრულებენ ფოტოჟურნალისტები თავიანთ საქმეს.

სანტიაგო ლიონი
The Associated Press-ის ფოტოგრაფიის ყოფილი პრეზიდენტი

ბოლო წლებში ფოტომანიპულაციებს ყურადღება სამართლიანად ექცევა. ამუშავებენ მედიისთვის ფოტოებს, ცვლიან ელემენტებს, აშორებენ ან ამატებენ დეტალებს. რის გამოც ფოტო რეალობას აღარ ასახავს.

მაგრამ არის მანიპულაციის მეორე ტიპიც - ფოტოჟურნალისტები კარნახობენ სცენას ისე, როგორი ფოტოც, ნარატივიც მათ სურთ. ეუბნებიან ფოტოს ობიექტებს გააკეთონ ისეთი რამ, რასაც ჩვეულებრივად არ აკეთებენ. ან ცდილობენ გაამეორებინონ ესა თუ ის ქმედება, რომელიც მათ მოსვლამდე მოხდა.

მაგალითად, ფოტოგრაფმა შეიძლება სთხოვოს მებრძოლს, გაისროლოს იარაღიდან, რათა ფოტო უფრო დრამატული გამოუვიდეს. ან შეიძლება დემონსტრანტს დროშის დაწვა შესთავაზოს, რაც მას თხოვნის გარეშე შეიძლება იშვიათ შემთხვევაში ან საერთოდ არ გაეკეთებინა. 


სანტიაგო ლიონის ფოტო, 1998 წლის გამარჯვებული მსოფლიო პრესის ფოტოკონკურსში
ფოტოჟურნალისტებს, ფოტორედაქტორებს აქვთ მაღალი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ამას გაცნობიერება სჭირდება. სიზუსტე და გამჭვირვალობა არის ჩვენი მოკავშირე.

სამწუხაროდ, ფოტოებს დგამენ, განსაკუთრებით იქ, სადაც ნაკლებად ესმით ეთიკა და პროფესიონალიზმი. არადა ეს იგივეა, რომ გააყალბო, მოიგონო ციტატა, როცა ტექსტზე მუშაობ. ეს მედიაში არ უნდა ხდებოდეს. ამის მოგვარება შეუძლია განათლებას, გამოცდილებას.

საინტერესოა, რომ არის შემთხვევები, როცა ფოტოს ჟურნალისტები კი არ დგამენ, არამედ თავად მისი ობიექტები. ასეთი შემთხვევებია, როცა სთხოვენ ვინმეს იპოზიორონ ფოტოების წინ. მაგალითად პოლიტიკოსების შეხვედრების დროს ან სპორტული ღონისძიებების შემდეგ.

ეს სცენები, მათი მოქმედებები, თითქოს რეალურია, მაგრამ უწევთ შექმნან დადგმული სცენებიც. არადა, მუშაობისას, სწავლებისას, ფოტოჟურნალისტებს ვუმეორებთ, რომ ყოველთვის გამჭვირვალედ უნდა მუშაობდნენ და ასახავდნენ მოვლენებს ზუსტად.

დონალდ ვებერი, VII ფოტო სააგენტოს წევრი

ფოტოგრაფიის პრაქტიკაში დასავლეთი დომინანტურია, ვესტერნული პროფესიაა, შეიძლება ითქვას. ამიტომ თითქოს ამბებს ერთი კულტურული პერსპექტივიდან ვიგებთ.

ფოტოგრაფიას ლოკალური კონტექსტი სჭირდება. გადაწყვეტილება ადგილზე უნდა მიიღო, ფოტოს იღებს რეპორტიორი და იმ მომენტში ფოტოჟურნალისტიკის საყოველთაო წესები უკან გვრჩება.

ამიტომ რას ვგრძნობთ გადაღებისას, ეს არის მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ მხოლოდ ესთეტიკაზე ვიქნებით დამოკიდებული, მაშინ შესაძლოა ყველაფერი რასაც ვიღებთ და ვყვებით, სიცრუე აღმოჩნდეს.

ამბავი გვკარნახობს, რა და როგორ უნდა მოვყვეთ და არა ინსიტუტები, კონკურსები და მედიაგამოცემები.

მიშელ მაკკნალი
The New York Times-ის ასისტენტ-რედაქტორი,
ფოტოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი

ახალ ამბებში ფოტოს დადგმა საერთოდ დაუშვებელია. ეს არის ფოტოები, რომლებიც მიიჩნევა, რომ აღწერს რეალურ მოვლენებს, შემთხვევებს. პორტრეტი, მოდა და ნატურმორტი თავისთავად იდგმება და ეს დამთვალიერებლისთვისაც თვალშისაცემია, მისაღები.

ნათქვამია, რომ ეთიკური დილემის დროს გამოუქვეყნებლობა არის ყველაზე კარგი იმუნიტეტი. მაგალითად, ერთხელ ერთ-ერთმა ჩვენმა ფოტოგრაფმა, რომელიც ლიბანის კონფლიქტზე მუშაობდა, მითხრა, რომ ის შეესწრო დაღუპული ბავშვის მძიმე სცენას, მაგრამ მე ამ ფოტოს ვერ ვნახავდი.

იქ ისე მოხდა, რომ ხალხის ჯგუფმა დაინახა ჟურნალისტები, აიყვანა ხელში დაღუპული ბავშვის ცხედარი და დაიწყეს ქალაქში მსვლელობა. ჩვენმა ფოტოჟურნალისტმა გადაწყვიტა მათთვის ფოტო არ გადაეღო.
კატეგორია: მულტიმედია
Natilonal Geographic-მა, 130 წლის იუბილეზე, 9 ისტორიული ფოტო შეარჩია. თვალი გადაავლეთ იმ ფოტოებს, რომლებმაც შეცვალეს ჩვენი განწყობები გარემოს მიმართ.


ასევე იხილეთ: National Geographic - ჟურნალი, რომელმაც მეცნიერება მედიად და ხელოვნებად აქცია
კატეგორია: მულტიმედია
ომის ფოტოგრაფია, მისი სირთულის მიუხედავად, ჯერ კიდევ პირველ ფოტოაპარატებთან ერთად გაჩნდა. ერთ-ერთი პირველი დიდი ფოტოგრაფი კი როჯერ ფენტონი იყო, ფოტოგრაფი, რომელიც ომს კაპამდე, მეცხრამეტე საუკუნეში იღებდა.

როჯერ ფენტონის შესახებ მასალის სანახავად დააჭირეთ ფოტოს.

ომის პირველი დიდი ფოტოგრაფი
კატეგორია: მულტიმედია
"National Geographic-ში ჩვენ გვჯერა მეცნიერების, აღმოჩენებისა და თხრობის ძალის,
რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლია"


1888 წლის სექტემბერში მეცნიერების შესახებ ჟურნალის The National Geographic-ის პირველი ნომერი გამოიცა. პირველი ეგზემპლიარი რა თქმა უნდა ისეთი არ იყო როგორიც ახლაა, მას არც ბრენდული ყვითელი ჩარჩო ჰქონია და არც ფერადი, მომნუსხველი ფოტო ყდაზე.

The National Geographic-ის პირველი ჟურნალი მოკრძალებული იყო, ყავისფერი ყდითა და ზედ რამდენიმე წარწერით. მას შემდეგ მისი დიზაინი შეიცვალა, დაიხვეწა. უცვლელია ჟურნალის ღირებულებები. „ჩვენ გვჯერა მეცნიერების ძალის“, - ვკითხულობთ გამოცემის ვებგვერდზე.

National Geographic აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების პერიოდული გამოცემაა. სხვათაშორის, საზოგადოებაც იმავე წელს, 1888-ში დაარსდა. თავიდან ჟურნალი პერიოდული არც ყოფილა. National Geographic-მა დაარსებიდან 8 წლის შემდეგ, 1896 წელს დაიწყო ყოველთვიურად გამოცემა. მაშინ ყდაზე ჯერ კიდევ ვერ ნახავდით ბრენდის ცნობილ ფოტოებს. პირველი ფოტო National Geographic-ის გარეკანზე 1905 წელს მოხვდა. ხოლო პირველი ფერადი ფოტო 1957 წელს. 

National Geographic მე-20 საუკუნის განმავლობაში ვითარდებოდა და სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. 90-იან წლებში ჟურნალის სხვა ენებზე გამოცემაც დაიწყეს. პირველი ნომერი, რომელიც ინგლისურთან ერთად გამოვიდა, 1995 წელს იაპონურ ენაზე იყო. დღეს კი ჟუნალი 37 ენაზე გამოდის. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქართული გამოცემაა. ჩვენთან პოპულარული სამეცნიერო ჟურნალი პირველად 2012 წელს გამოვიდა.


National Geographic დღეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სამეცნიერო გამოცემაა, მის თითოეულ ნომერს 40 მილიონამდე ადამიანი კითხულობს. ჟურნალი ცნობილი სტატიებისა და ფოტოების სივრცეა. მედია, რომელიც გარემოს იცავს მთელი მსოფლიოს გარშემო.


გამოცემიდან მიღებული შემოსავლის 27% National Geographic Society-ის ხმარდება, არაკომერციულ გაერთიანებას, რომელიც გარემოსდაცვაზე მუშაობს და მათ შორის, თავად ჟურნალსაც გამოსცემს. National Geographic პიონერი მედიაა ტექნოლოგიების ათვისების კუთხითაც. დღეს გამოცემა სრულყოფილი მულტიმედია პლატფორმაა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჟურნალისა სოციალურ მედიაშიც. National Geographic-ის ავტორებს არაერთი ჯილდო მოუპოვებიათ, ჯილდოებს გასცემს თავად ჟურნალიც.

მისი ისტორიის განმავლობაში ჟურნალში ათასობით ფოტო დაიბეჭდა, სურათები პრობლემებზე, სამეცნიერო მიღწევებზე, ბუნების საოცრებებზე. გამოცემის ფოტოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელმა სარა ლინმა, 130 წლისთავთან დაკავშირებით, მისი აზრით ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოები ამოარჩია. ავღანელი გოგო, ოჯახი მალიში, პირველი ტრანსგენდერი ჟურნალის ყდაზე - საუკეთესო 130 ფოტოდან ნაწილს ამ კოლაჟში ხედავთ.



კატეგორია: მულტიმედია
2018 წლის 11 სექტემბერს 17 წელი შესრულდა ტრაგედიიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა; 2001 წლის 11 სექტემბერს 3000 ადამიანი დაიღუპა;
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ირლანდიური მაუწყებელი RTÉ სოციალურ მედიაში ვერტიკალურ ვიდეოებს სცდის, რომელსაც აიფონით იღებს და აიპედში ამონტაჟებს სმარტფონიანი აუდიტორიისთვის.

სმარტფონიანმა ჟურნალისტებმა ელენორ მენიონმა და ფილიპ ბრომუელმა ირლანდიაში რომის პაპის ვიზიტის წინა კვირას 12 ვერტიკალური ვიდეო ჩაწერეს, რომელიც Facebook-ზე, Twitter-ზე, Instagram-სა და Youtube-ზე გამოაქვეყნეს.

„ჩვენ გვსურდა ჩაგვეწერა პერსონალური გზავნილები პაპის ვიზიტისთვის, ქვეყნის მასშტაბით“, - ჰყვება ბრომუელი, -„ამისთვის ვერტიკალური ფორმატით გადაღება შესანიშნავი გზა აღმოჩნდა - ჩვენ ვთხოვდით ხალხს ელაპარაკათ კამერის წინ ისე, თითქოს პირდაპირ რომის პაპს ესაუბრებოდნენ. ჩვენ ხომ ასე ვსაუბრობთ ზოგადად, როცა თანატოლებს ვეკონტაქტებით”.

მიუხედავად იმისა, რომ რეპორტიორებს ასობით ვიდეო შეუქმნიათ სოციალური მედიისთვის, „წერილი პაპს“ რეპორტაჟების პირველი სერიაა, რომელიც მაუწყებელმა სპეციალურად ვერტიკალური ფორმატით შექმნა. შემდეგ კი გარდაქმნა ონლაინ მედიისთვის, ტელევიზიისა და რადიოს აუდიტორიისთვის.

ძველი, ტრადიციული მოდელი, როცა მაუწყებლის მასალები გარდაიქმნებოდა ხოლმე სოციალური მედიისთვის, ახლა უკვე შებრუნდა.

........ 

„ციფრული თხრობის ეს სერია შეიქმნა იმისთვის, რომ გავსულიყავით თაობასთან, რომელიც ტელევიზორში აღარ გვიყურებს“, - განმარტავს ბრომუელი, -„ჩვენ ვმუშაობთ, რათა აუდიტორიას მივაწოდოთ კარგი ხარისხის კონტენტი, ნამუშევრები, რომლებიც აირეკლავს ჩვენს საზოგადოებას და ღირებულებებს, მაგრამ თან გვინდა, რომ ახალი თაობისთვის თანამედროვე პროდუქციაც შევქმნათ.“

RTÉ-ს ვიდეოსერია წარმოგვიდგენს 12 ირლანდიელი მოქალაქის გზავნილს პაპისთვის. მათ შორის, სასულიერო პირისგან შევიწროების მსხვერპლის, 11 წლის გოგოსა და თავშესაფრის მაძიებლის მიმართვებს.

მენიონის თქმით, ახლებური პროდუქტის შექმნისთვის პაპის ვიზიტი კარგი მოვლენა იყო. ჟურნალისტებს ჰქონდათ საცდელი ნამუშევრების გადაღების დრო, ხოლო რეპორტაჟი ისეთი გამოვიდოდა, რომელიც დააინტერესებდა ხალხს მიუხედავად მათი განსხვავებული გემოვნებისა.

„აქ რომის პაპი ბოლოს 1979 წელს ჩამოვიდა. მაშინ ირლანდიელთა ერთი მესამედი მივიდა მის სანახავად“, - ჰყვება მენიონი - „მას შემდეგ ირლანდია შეიცვალა: ლეგალური გახდა განქორწინება, მოხდა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია, გაუქმდა მერვე შესწორება აბორტის შესახებ და გამოიარა სასულიერო პირებისგან სექსუალური შევიწროებების შესახებ სკანდალი.“

მენიონსა და ბრომუელს სურდათ, რომ ეს ყველაფერი აერეკლათ თავიანთ ვიდეოსერიებში და ხალხისთვის მოსაზრებების ფართო სპექტრი ეჩვენებინათ, ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ვიდეოთა მექანიკური ნაკრები.

ამისთვის ჟურნალისტებმა მუშაობა ისე დაიწყეს, როგორც სატელევიზიო რეპორტაჟებს გეგმავენ. ვიდეოსერიამდე პრომოც განათავსეს, რითაც აუდიტორიას აუხსნეს ავტორთა ხედვა.

„ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომენტარი Facebook-ზე იყო, ერთ-ერთი მოხმმარებლის მოსაზრება, რომლის თქმითაც, RTÉ-მ თითქოს თვალები ფართოდ გაახილა. ერთი წერდა, რომ ვერ იჯერებდა, ეს RTÉ-ს ნამუშევარი იყო. აუდიტორიის შეფასებებმა დაგვანახა, რომ ჩვენ მათთან ახლო კონტაქტში ვიყავით“, - ჰყვება მენიონი, რომლის თქმითაც ტელევიზიაში უამრავი მოსაზრება მიიღეს, მათ შორის, კრიტიკულიც და კარგიც.

........

iPhone 8+ მოდელის ტელეფონებით შეიარაღებულმა რეპორტიორებმა 4K რეზოლუციის ვიდეოები Filmic Pro-ს მეშვეობით გადაიღეს. კადრები ჟურნალისტებმა სტანდარტულად, 16:9 ფორმატში აღბეჭდეს, თუმცა შემდეგ IOS-ის ერთ-ერთ აპლიკაციაში LumaFusion-ში ვერტიკალურად აქციეს და RTÉ-ის ბრენდულ სტილში გაუკეთეს ტიტრები.

„ყველას შეუძლია ვერტიკალური ვიდეოს გადაღება, მაგრამ თუ მიზნად გაქვს დასახული, რომ დახვეწილი ვიდეო შექმნა, გამოწვევების წინაშე დგები - მთელი კომპოზიცია გამოწვევაა“, - ამბობს ბრომუელი, რომელიც 15 წელია, ტრადიციულ 16:9 გაფართოების ვიდეოზე მუშაობს.

„სახალისო და საინტერესოა რაღაც ახლის ცდა. ეს პროექტი ვითარდებოდა ჩვენთან ერთად, ჩვენ კი მასზე მუშაობისას ვითვისებდით ახალ უნარებს.“

რეპორტიორები ხშირად დიდ ხანს ფიქრობდნენ რაკურსის შერჩევაზე, განსაკუთრებით თუ კამერის ობიექტი ბევრს მოძრაობდა.

„რადგან კადრები ტელევიზიის ფორმატისთვისაც უნდა გამოგვეყენებინა, ამისთვის 16:9 სტანდარტული ფორმატით ვიღებდით და ვერტიკალური ფორმატის ჩარჩოებს გონებაში ვხაზავდით. ეს კი ზოგჯერ ძალიან რთული იყო“, - ხსნის მენიონი. ჟურნალისტის თქმით, საქმე ბევრად გაუადვილდებოდათ, გადაღებებიც მუდამ ვერტიკალურ ფორმატში რომ წარემართათ.

„მონტაჟისას, ზოგჯერ ეკრანს სამ ნაწილად ვყოფდით და სამ ჰორიზონტალურ, 16:9 ვიდეოს ერთმანეთის თავზე ვათავსებდით. ასე მაყურებელს საშუალება მივეცით, რომ ენახა კადრები მოჭრის გარეშე და თან ერთდროულად რამდენიმე სცენაც გვეჩვენებინა“, - დასძენს მენიონი.

ბრომუელის თქმით, ამ ვიდეოსერიაზე მუშაობისას საინტერესო იყო მონტაჟიც, რადგან მედიაპროდუქტის შექმნისას კომპიუტერი საერთოდ არ გამოუყენებიათ: „მთელი პროექტი სმარტფონზე იყო მორგებული, არც მონტაჟისას დაგვჭირდა კომპიუტერის ჩართვა. ამის გამო ნამუშევრები გაცილებით მალე დავასრულეთ, ვიდრე ამას ტრადიციულ შემთხვევაში შევძლებდით“.

რეპორტიორებმა ვიდეოსერიების თითოეული ნამუშევარი ერთ სტილში გააკეთეს. ასე, მაგალითად, თითოეული ვიდეო სტატიკური კადრით იწყება. თუმცა, ბრომუელის თქმით, განსაკუთრებული, გაწერილი წესები ამ სერიაზე მუშაობისას არ ჰქონიათ. არც სჭირდებოდათ.

„ეს იყო რაღაც ახალი, განსხვავებული და იმის დამტკიცების მცდელობა, რამდენად კარგი შეიძლება გამოვიდეს მობილურზე მორგებული პროდუქტი. ვფიქრობ, ეს არის მოდელი, რომელიც შეგვიძლია განვავითაროთ და გამოვიყენოთ სხვა პროექტებისთვის, ან გავაკეთოთ მსგავსი სერიები. ეს მხოლოდ დასაწყისია, პირველი ნაბიჯი“, - განმატავს რეპორტიორი.

წყარო: journalism.co.uk
კატეგორია: რესურსები
„ადამიანები ნიუ-იორკიდან“ (Humans of New York)  თხრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იდეაა ციფრულ სამყაროში. თვითნასწავლმა ფოტოგრაფმა ბრენდონ სთენტონმა პროექტი - ფოტობლოგი, რომელიც ნიუ-იორკის მცხოვრებთა ისტორიებს მოგვითხრობს, 2010 წელს დაიწყო და ახლა 25 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

2014 წელს სთენტონმა თანაქალაქელ ფოტოგრაფსა და ვიდეოოპერატორ მაიკლ კრომეტთან ერთად დაიწყო მუშაობა, რათა ფოტობლოგებთან ერთად დოკუმენტური ფილმიც მოემზადებინათ. გასულ წელს კი წყვილს Facebook დაუკავშირდა და 13-სეზონიანი გადაცემის მომზადება შესთავაზა.

„მედიაჩეკერი“ გთავაზობთ „ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელის“ ინტერვიუს, რომელიც მაიკლ კრომეტს ამ პროექტსა და წყვილის მუშაობის სტილზე ესაუბრა.



- როგორ აკეთებთ წარმატებულ ფოტო სერიებს ვიდეოს სახით?

- ჯერ კიდევ 2014 წელს, ბრენდონს ამბიციური გეგმა ჰქონდა. უნდა გვემუშავა ასობით დღის განმავლობაში, ჩაგვეწერა უცნობები, როგორც ეს ფოტოისტორიებისთვის ხდებოდა, შემდეგ კი ერთი დიდი ფილმი შეგვეკრა.

როცა ჩვენთან Facebook-ის წარმომდგენლები მოვიდნენ, მაშინ დამოუკიდებლად ვმუშაობდით წყვილში, მცირე ბიუჯეტითა და რესურსებით. ხოლო პროექტის დასასრულს ჩვენ 1200 ადამიანზე მეტი ჩავწერეთ და 3 000-მდე ვიდეოთი სრულყოფილი ხედვა შევქმენით ნიუ-იორკსა და მის მცხოვრებლებზე.  საბოლოოდ, ჩვენ განვავითარეთ ვიდეოპროექტი, რომლითაც კიდევ უფრო წარმოვაჩინეთ Humans of New York-ის იდეა.



თავიდან საცდელი გადაღებები სტანდარული „ზუმ“ ლინზებით დავიწყეთ, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება გვექმნებოდა, რომ ეს არ იყო HONY. მერე 35 მილიმეტრიან ობიექტივზე გადავედით, რათა უფრო პორტრეტული გამოსახულება მიგვეღო. ამ ტიპის ლინზებს უფრო მხატვრულ ფილმებში იყენებენ, მაგალითად ისეთი ხალხი, როგორიცაა იასუჯირო ოზუ და უეს ანდერსონი.

ჰოდა, ამ ტიპის ლინზით ისეთი პროექტი გავაკეთეთ, რომელსაც იშვიათად თუ ნახავთ დოკუმენტალისტიკაში. სამაგიეროდ, სრულყოფილად აირეკლა ბრენდონის ფოტოგრაფია.

- კამერასთან თავის თავზე საუბარი ხალხისთვის უფრო რთულია, ვიდრე ფოტოს გადაღებისას. როგორ ახერხებთ, რომ შეინარჩუნოთ ისეთივე უშუალობა ვიდეოპროექტში, როგორიც ფოტოდღიურებში იყო?

მაიკლ კრომეტი- გამოსახულებისთვის, როგორც ვთქვი, პროექტში განსხვავებულ ტექნიკას ვიყენებთ. რადგან ბრენდონი 50 მილიმეტრიანი ობიექტივით იღებდა ფოტოებს, ჩვენ მსგავსი გამოსახულებისთვის ვიდეოებს 35 მმ-იანი ლინზით ვწერთ.  ამის გამო, ჩვენი მუშაობაც ცოტა განსხვავებულია. როცა სტანდარტულად იღებენ, კამერა რესპონდენტისგან მოშორებით დგას, აპარატურა ამის საშუალებას გაძლევს.

ამ შემთხვევაში გვიწევდა, რომ ჩვენს გმირებთან ახლოს მივსულიყავით, სანტიმეტრების მოშორებით დაგვედგა კამერა, რითაც მათ პირად სივრცეში ვიჭრებოდით. ასე მუშაობამ თითქოს პირიქით, მეტად გაგვიადვილა საქმე და გმირებსაც არ უჭირდათ ბუნებრივი საუბარი.

- გვითხარი სამი რამ, რაც დამწყებ რეჟისორებს დაეხმარებათ გმირებზე თხრობის დროს?

- იყავით ყურადღებით. ხშირად იმ დროს, როცა უმიზნოდ ვხეტიალობ, არ ვმუშაობ, მაშინ ვაწყდები ყველაზე საინტერესო მომენტებს ცხოვრებაში. მაშინ, როცა უბრალოდ ვზივარ და ვაკვირდები. ცხოვრებას აქვს ასეთი წესი - თითქოს ზურგიდან უნდა მოგეპაროს და გაგაკვირვოს. შენ კი უნდა ეცადო, რომ მიმოიხედო და იპოვო ის. ფართოდ გაახილეთ თვალები. ეს ყველაზე მეტად მიჭირს. მუშაობ, იღებ სცენას, მაგრამ ამ დროს შეიძლება შენ ირგვლივ გამოგეპაროს ისეთი რამ, რაც უფრო საინტერესო იქნებოდა. გამოგეპაროს იმის გამო, რომ არ იყავი ყურადღებით ან სათანადოდ არ მომზადებულხარ. უნდა ენდო შენს რეჟისორს ან მეწყვილეს, რომელიც შეამჩნევს დეტალებს მაშინ, როცა შენ იღებ.

როცა ორჭოფობ, დააყენე ყველაზე ფართო კადრი და გადაიღე. ზოგჯერ არის ქაოსური ან დამაბნეველი სიტუაციები, როცა ვერ ხვდები საით უნდა მიმართო შენი ფოკუსი. ჩემი რჩევაა, რომ ამ დროს გახსნა შენი ობიექტივი ყველაზე ფართოდ და გადაიღო მთელი გარემო. ამის შემდეგ უფრო მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდები.

- გადასაღებად რომელ აპარატურას ხმარობ?

მცირე გამონაკლისების გარდა Arri Amira-ს კამერას ვიყენებ. ლინზა კი როგორც ვთქვი, 45 მილიმეტრიანია - 35mm Zeiss CP.2. აუდიოს ორ უსადენო Sanken COS-11D-ის ტიპის მიკროფონზე ვწერ Lectrosonics wireless systems-ით.

კატეგორია: მულტიმედია
ჟურნალისტიკის ისტორიაში არის შემთხვევები, როდესაც წყაროების გაუთქმელობის გამო ჟურნალისტებს სხვადასხვა ტიპის სასჯელი დააკისრეს. "მედიაჩეკერი" ხუთ ასეთ, ამერიკელ ჟურნალისტს გაგაცნობთ.



ვრცლად ამ ჟურნალისტების შესახებ შეგიძლიათ წაიკითოთ მასალაში ამ ბმულზე