კატეგორია: მედიაგარემო
ზუსტად 200 წლის წინ, 1819 წლის 21 მარტს (ძველი სტილით 8 მარტს), პირველი ქართული გაზეთი გამოვიდა. „საქართველოს გაზეთი“ - ასე ერქვა თაბახის ფურცლის ზომის,  4 გვერდიან გაზეთს, რომელშიც ძირითადად აქვეყნებდნენ ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ბრძანებებსა და განკარგულებებს, რუსეთისა და საქართველოს ამბებს, მოთხრობებს, ანეკდოტებს, განცხადებებს, მათ შორის ყმების გაყიდვის შესახებ და ასევე, ამბებს უცხოეთიდან.
 
„ახალწლის დღეს საზამთროსა სასახლის ეკლესიაში საღმრთოს ჟამის წირვის შემდგომად სადაცა სხვათა შორის დაესწრნენ უცხო ქვეყნის მინისტრნიცა, მათ დიდებულებათ ხელმწიფე იმპერატორმა და იმპერატრიცამ მარიამ თეოდორეს ასულმა და მათ იმპერატორებით სიმაღლეთ დიდმა მთავარმა ნკოლაოზ პავლეს ძემ და დიდმა მთავრინამ ალექსანდრა თეოდორეს ასულმა ინებეს მილოცვის მიღება ყოველთა სასახლეში მისრულთა ორისავე სქესის გვამთაგან, მწუხრად სრულიადი ქალაქი განათლებულ იყო ჩირაღოვანითა“, - ვკითხულობთ გაზეთის პირველი ნომრის პირველ ტექსტში.


altსაგამომცემლო საქმიანობის დაწყება საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ათწლეულს უკავშირდება. კონკრეტული პიროვნებებისა და საგამომცემლო საქმიანობის დეტალებზე დოკუმენტები შემორჩენილი არ არის, თუმცა, ისტორიული წყაროების მიხედვით, გაზეთის დაარსების იდეა თბილისში 1818 წელს გასჩენიათ.

ინიციატორებს კავკასიის მთავარმმართებელი, გენერალი ერმალოვი დაურწმუნებიათ, რომ ადგილობრივი გაზეთი მთავრობის ღონისძიებების შესრულებას გააადვილებდა, რადგან რუსული ენა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გაუგებარი იყო. ერმალოვს კი რუსეთის იმპერატორისთვის უთხოვია ნებართვა. საბოლოოდ, ნებართვა გაიცა და საგამომცემლო საქმიანობის ხელმძღვანელობა თბილისის გუბერნატორს, ხოვენს დაევალა.

ფინანსურად მთავრობა ამ საქმიანობაში ჩართული არ ყოფილა. გაზეთი იმედს ხელისმომწერებზე ამყარებდა. პირველი ნომერი, ავტორების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 1819 წლის 1 მარტს უნდა გამოსულიყო, თუმცა, ვერ შეუკრებიათ ხელისმომწერთა საკმარისი რაოდენობა, 500 ადამიანი. მომდევნო დღეებში ხელისმომწერთა შეგროვებაში გამომცემლებს სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის საქართველოს ეპარქიის არქიეპისკოპოსი, ნერსე დახმარებიათ.

საბოლოოდ, 8 მარტს (ძველი სტილით) თბილისში პირველი ქართული გაზეთი, „საქართველოს გაზეთი“ გამოვიდა. 

ნიდერლანდისა

„გარლემს კგ ( 23) დეკემბერს გუშინ მწუხრზედ იდგა იქ ორს საათამდის ასეთი ზრქელი ნისლი, რომე იმის გამო იძულებულმა ადგილობითმა მთავრობამ უბრძანა აქაურთ მცხოვრებთ თავიანთ სახლების ყოველ ფანჯარებში სანთლების ანთება მოსალოდებელის უბედურების გასაფრთხილებელად, მაინც კიდევ ამ გაფრთხილებას თანაც რამთენიმე კაცი ჩავარდა წყალში მაგრამ ყოველნივე ბედნიერად იყვნენ გამოყვანილნი“, - ვკითხულობთ პირველი ნომრის უცხოეთის ამბების განყოფილებაში.

გაზეთის ტირაჟი დაახლოებით 150-200 ეგზემპლარი იყო. თავდაპირველად იგი 2 მანეთი ღირდა, მოგვიანებით კი 3 მანეთი და 20 კაპიკი გახდა. იმ დროისთვის თბილისში მხოლოდ ერთი სტამბა არსებობდა, რომელიც სამხედრო კორპუსის შტაბში იყო მოწყობილი. „საქართველოს გაზეთი“ ამ სტამბაში იბეჭედებოდა. იმავე შენობაში მოეწყო რედაქციაც.

გაზეთი კვირაში ერთხელ, პარასკევობით გამოდიოდა. მას რუსულ ენაზე აწყობდნენ, რადგან ცენზურა უნდა გაევლო, შემდეგ კი მასალები ქართულად ითარგმნებოდა და დასაბეჭდად უშვებდნენ. გამოცემაში აქვეყნებდნენ ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ბრძანებებსა და განკარგულებებს, რუსეთისა და საქართველოს ამბებს, უცხოეთის ამბებს, მოთხრობებს, ანეკდოტებს და სხვადასხვა სახის განცხადებებს, მათ შორის განცხადებებს ყმების გაყიდვის შესახებ.

შერეული ამბავი

„ანანურის მაზრის სოფელს ჟინვანს მცხოვრებს სახელმწიფოს ყმას ქარველს თამაზა სასია შვილს, როგორც გვარწმუნებენ მოხუცებულნი მეზობელნი და მისი მოძღვარი ანანურის დეკანოზი ბეჟანოვი, უცოცხლია ასცამეტი წელიწადი თავის სიცოცხლეში სრულიად უსნეულოდ და ფებერლის იბ. მომკვდარა ჩვეულებითი სიკვდილით“, - ასეთი განცხადებით მთავრდება გაზეთის პირველი ნომერი.

 

1820 წლის 30 ივლისის ნომერში ვკითხულობთ: 

"საჯაროდ იქნება გაყიდული გლეხი გოგი ელბაქიძე თავის ცოლით, შვილით და სამი სული რქოსან საქონელით".

1820 წელს გაზეთს სახელი შეეცვალა და"ქართული გაზეთის" სახელით გამოდიდა. სახელწოდებასთან ერთად პირველ გვერდზე წმინდა გიორგის გერბიც გამოჩნდა. 1921 წლის ბოლოს გამომცემლებს გაზეთის დახურვა მოუხდათ, რადგან ხელისმომწერების საკმარისი რაოდენობა ვეღარ შეგროვდა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ ჰქონდა იმის ფული, რომ ყოველკვირეულად 3 მანეთი და 20 კაპიკი გადაეხადა გაზეთში. გამოცემის ერთ-ერთი პირობა კი, მინიმუმ 500 ხელისმომწერის არსებობა იყო.

alt


რა მნიშვნელობა ჰქონდა პირველ ქართულ გაზეთს


ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ამ გაზეთის გამოცემა მაინც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან ამ ფაქტმა დაუდო სათავე ქართულ ჟურნალისტიკას: "გაზეთი პირველ რიგში იმპერიის იდეებს ემსახურებოდა და ოფიციალურ ინფორმაციას აწვდიდა ქართულ საზოგადოებას. თუმცა, მისი გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ჟურნალისტიკისთვის, რადგან ეს პირველი ქართულენოვანი გაზეთი იყო. მასში უცხოეთის ამბებიც იბეჭდებოდა, მაგალითად რა ხდებოდა „ ანგლიაში“ ან „ფრანციაში“.


„და მაინც, კარგი იყო, თუ ცუდი პირველი ქართული გაზეთის დაარსება? ჩვენი აზრით, ეს იყო ცუდ გარემოებებში განხორციელებული კარგი საქმე. ცუდი იყო ის, რომ გაზეთი არ იყო ადგილობრივთა ეროვნული ინიციატივა, ცუდი იყო ის, რომ გაზეთი რუსეთის იმპერიამ საკუთარი პრაგმატული მიზნებისათივს, ანუ ყოფილ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახელობის ერთიან რუსულ სივრცეში ინტეგრაციისა და ასიმილაციისთვის დაგეგმა, ცუდი იყო ის, რომ ამ გაზეთის მესვეურს, ანუ რუსეთის მმართველობას სინამდვილეში სძულდა ქართული ენა და მაშინ, როდესაც ერთი ხელით გაზეთს აარსებდა, მეორე ხელით ქართულ წერა-კითხვას, საქმის წარმოებასა და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვას კრძალავდა.

თუმცა, კარგიც იყო. კარგი იყო ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ ბოლოსდაბოლოს მშობლიურ ენაზე იხილა ცივილიზაციის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რასაც გაზეთი ჰქვია“, - წერს ჟურნალისტი მაგდა მემანიშვილი 2016 წელს „მედიაჩეკერისთვის“ დაწერილ ბლოგში “საქართველოს გაზეთის” სიტკბო და სიმწარე“.

ამავე ბლოგის მიხედვით, ევროპაში პირველი გაზეთი ჯერ კიდევ 1605 წელს სტრასბურგში გამოვიდა. რუსეთში გაზეთი პირველად 1702 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი - 1704 წელს იხილეს. იმპერიებსა და დასავლური ცივილიზაციის ლიდერ ქვეყნებს რომ თავი გავანებოთ, აფრიკასა (1773) და ინდოეთშიც (1780) კი, პირველი გაზეთი უფრო ადრე გამოვიდა, ვიდრე საქართველოში. თუმცა, იქაც ეს ცივილიზაციის ძალისმიერი მეთოდით შეტანის შედეგი იყო, ოღონდ იქ დამპყრობლები ევროპის ქვეყნები - საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი - იყვნენ.

კატეგორია:
200 წლის წინ, 1819 წლის 8 მარტს (ძველი სტილით) პირველად გახდა შესაძლებელი ქართულ ენაზე გაზეთის წაკითხვა.  "საქართველოს გაზეთი" სწორედ ამ დღეს გამოიცა პირველად. 

ისტორიული წყაროები იუწყებიან, რომ გაზეთის დაარსების იდეა თბილისში 1818 წელს გასჩენიათ. ინიციატორებს კავკასიის მთავარმმართებელი, გენერალი ერმალოვი დაურწმუნებიათ, რომ ადგილობრივი გაზეთი მთავრობის ღონისძიებების შესრულებას გააადვილებდა, რადგან რუსული ენა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გაუგებარი იყო. ერმალოვს კი რუსეთის იმპერატორისთვის უთხოვია ნებართვა. საბოლოოდ, ნებართვა გაიცა და საგამომცემლო საქმიანობის ხელმძღვანელობა თბილისის გუბერნატორს, ხოვენს დაევალა. თუმცა, ფინანსურად მთავრობა ამ საქმიანობაში ჩართული არ ყოფილა.

გაზეთი იმედს ხელისმომწერებზე ამყარებდა. პირველი ნომერი ავტორების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 1819 წლის 1 მარტს უნდა გამოსულიყო, თუმცა, ხელისმომწერთა საკმარისი რაოდენობა, 500 ადამიანი ვერ შეგროვდა. მომდევნო დღეებში ხელისმომწერთა შეგროვებაში გამომცემლებს სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის საქართველოს ეპარქიის არქიეპისკოპოსი, ნერსესი დაეხმარა. გაზეთის გამოცემა საბოლოოდ 8 მარტს მოხერხდა.

"საქართველოს გაზეთი" თაბახის ფურცლის ზომის იყო და მხოლოდ 4 გვერდისგან შედგებოდა. ტირაჟი დაახლოებით 150-200 ეგზემპლიარი იყო, ფასი თავიდან 2 მანეთი, მომდევნო წელს კი 3 მანეთი და 20 კაპიკი გახდა. იმ დოროისთვის თბილისში მხოლოდ ერთადერთი სტამბა არსებობდა, რომელიც სამხედრო კორპუსის შტაბში იყო მოწყობილი და „საქართველოს გაზეთიც“ იქ იბეჭედებოდა. იმავე შენობაში დაიდო ბინა რედაქციამაც.

გაზეთი კვირაში ერთხელ, პარასკევობით გამოდიოდა. მას ჯერ რუსულ ენაზე აწყობდნენ, რადგან ცენზურა უნდა გაევლო, შემდეგ კი ქართულად თარგმნიდნენ და დასაბეჭდად უშვებდნენ. გამოცემაში ყველაზე ხშირად ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ბრძანებები და განკარგულებები ქვეყნდებოდა. ხშირი იყო ასევე პროპაგანდისტული მასალები იმპერიის შესახებ. ზოგჯერ აქ უცხოეთის ამბებსსაც აქვეყნებდნენ, რაც მკითხველს მეტ-ნაკლებად წარმოდგენას უქმნიდა, თუ რა ხდებოდა ევროპის ქვეყნებში.

გაზეთში მოთხრობები, ანეკდოტები და სხვადასხვა სახის განცხადებებიც იბეჭდებოდა. მათ შორის განცხადებებს ყმების გაყიდვის შესახებ. მაგალითად, 1820 წლის 30 ივლისის ნომერში არის განცხადება: "საჯაროდ იქნება გაყიდული გლეხი გოგი ელბაქიძე თავის ცოლით, შვილით და სამი სული რქოსან საქონელით".

1820 წელს გაზეთს სახელი შეეცვალა და უკვე "ქართული გაზეთის" სახელით გამოდიდა. სახელწოდებასთან ერთად პირველ გვერდზე წმინდა გიორგის გერბიც გამოჩნდა.

1921 წლის ბოლოს გამომცემლებს გაზეთის დახურვა მოუხდათ, რადგან ხელისმომწერების საკმარისი რაოდენობა ვეღარ შეგროვდა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ ჰქონდა იმის ფული, რომ ყოველკვირეულად 3 მანეთი და 20კაპიკი გადაეხადა გაზეთში. გამოცემის ერთ-ერთი პირობა კი, მინიმუმ 500 ხელისმომწერის არსებობა იყო.

მიუხედავად 2 წლიანი არსებობისა და ცალსახად პროპაგანდისტული მიმართულებისა, „ საქართველოს გაზეთმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყანაში საგამომცემლო საქმიანობისა და პუბლიცისტიკის შემდგომ განვითარებაში და საფუძველი ჩაუყარა ქართულ ჟურნალისტიკას, რომლის გამგრძელებლად რამდენიმე წელიწადში უკვე გაზეთი „ ტფილისის უწყებანი“ მოგვევლინა,სოლომონ დოდაშვილის რედაქტორობით.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები

ამერიკელმა ჟურნალისტმა, ტელეკომპანია NBC-ის საღამოს ახალი ამბების წამყვანმა, ტომ ბროკოუმ NBC-ის გადაცემა Meet the Press -ის ეთერში განაცხადა, რომ ესპანურენოვან ლათინო ამერიკელებს (Hispanic) მეტი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ ასიმილაცია მოახერხონ.

“ბევრი საკითხია რის შესახებაც არ ვსაუბრობთ, მაგრამ ფაქტია, რომ რესპუბლიკელების მხარდამჭერებში ბევრი ადამიანი ხედავს, რომ ამერიკული პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ხდება ის ამბავი, რომ ყველა ლათინო ამერიკელი, ვინც აქ ჩამოვა, დემოკრატი იქნება. ასევე, როდესაც ადამიანებს ამ თემაზე ვესაუბრები ხოლმე, მათგან ხშირად გამიგია, რომ არ იციან უნდათ თუ არა ყავისფერი შვილიშვილები. ეს ყველაფერი ამის ნაწილია: შერეული ქორწინებები და ერთმანეთთან კონფლიქტში მყოფი კულტურები. მე ასევე მჯერა, რომ მათ უფრო მეტი უნდა იმუშაონ ასიმილაციისთვის. ამას დიდი ხანია ვამბობ. ისინი მარტო თავიანთ თემში კი არ უნდა ტრიალებდნენ, უნდა უზრუნველყონ, რომ მათმა შვილებმა ისწავლონ ინგლისური რათა თავი კომფორტულად იგრძნონ საზოგადოებაში. ეს ორივე მხარეს მოუტანს შედეგს”, - ასეთი იყო მისი სრული კომენტარი.

altიმავე დღეს, მოგვიანებით, ბროკოუმ ტვიტერზე დაწერა: ”ძალიან ვწუხვარ თუ ჩემი ზოგიერთი კომენტარის გამო ამ ამაყი კულტურის წარმომადგენლების ნაწილმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი“.

რამდენიმე საათის შემდეგ მან კიდევ სამჯერ მოიხადა ბოდიში ტვიტერზე.

alt“ვწუხვარ, რომ ჩემი კომენტარი ბევრისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა”, - წერდა ბროკოუ, - „არასდროს მიფიქრია ჩვენი მდიდარი, მრავალფეროვანი საზოგადოების რომელიმე სეგმენტის განაწყენება. სწორედ ისინი განსაზღვრავენ ჩვენს იდენტობას“.

ლათინოამერიკელი ჟურნალისტების ნაციონალურმა ასოციაციამ გააკრიტიკა როგორც ბროკოუს კომენტარი, ისე მისი მოგვიანებით დაწერილი ბოდიშის ტექსტები. ასოციაცია მიესალმა პროგრამა Meet the Press-ის კიდევ ერთი წარმომადგენლის, იამიშე ალსინდროს განმარტებას

„მე ვფქირობ, ჩვენ ასევე უნდა გავარკვიოთ, რა არის ჩვენთვის ამერიკა. თქვენ ასიმილაციაზე საუბრობთ. მე მაიამიში გავიზარდე, სადაც ადამიანები ესპანურად ლაპარაკობენ, მაგრამ მათი ბავშვები ინგლისურენოვანები არიან. იმის მტკიცება, რომ ამერიკელები მარტო ინგლისურად უნდა საუბრობდნენ, გარკვეულწილად პრობლემურია, თითქოს ესპანური და სხვა ენები ყოველთვის არ ყოფილიყოს ქვეყნის კულტურის ნაწილი“, - განაცხადა მან.

ასოციაციის განცხადებაში ვკითხულობთ:“ ბროკოუ ასევე იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ ესპანელების უმეტესობა შეერთებულ შტატებშია დაბადებული და ინგლისური მათი მშობლიური ენაა. ამიტომ მისი პოზიცია აძლიერებს სტერეოტიპებს, რომ ამერიკელი ესპანელები უცხოელები და “სხვები“ არიან.

წყარო:  imediaethics.org

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

ინტერნეტში გავრცელებულმა კონსპირაციის თეორიებმა, პროპაგანდამ და უბრალო უზუსტობებმა ზოგჯერ შესაძლოა ყველაზე ჭკვიანი მკითხველიც დააბნიოს. ისინი იმაზე სწრაფად ვრცელდება, ვიდრე fake news-ის თქმას მოასწრებ.

ახალ სტარტაპში NewsGuard, ამბობენ, რომ მათ შესაძლოა პრობლემის მოგვარება შეძლონ. ინიციატივა ახალი ამბების ვეტერან პროფესიონალებს, ჟურნალ The American Lawyer-ის დამფუძნებელ, სტივენ ბრილს და The Wall Street Journal-ის ყოფილ გამომცემელს, გორდონ კროვიცს ეკუთვნის. გასულ კვირას კომპანიამ პირველ დიდ კლიენტთან თანამშრომლობასაც მოაწერა ხელი და ეს Microsoft იყო.

NewsGuard-მა შექმნა საკვები ეტიკეტების მსგავსი მარკირების სისტემა ახალი ამბების ორგანიზაციებისთვის, რომლის მიხედვითაც 2000-ზე მეტ ვებგვერდს აფასებენ შემდეგი თეგებით: წითელი ფერით არასანდოს ნიშნავენ, მწვანით კი სანდოს. შეფასებას 50-მდე ჟურნალისტისა და ანალიტიკოსისგან შემდგარი გუნდი აკეთებს.

NewsGuard -მა უკვე მისცა დადებითი შეფასება ისეთ სტაჟიან გამოცემებს, როგორებიც არიან The New York Times , The Wall Street Journal, ასევე შედარებით ახალ ონლაინ მედია პლატფორმებს: BuzzFeed-ს, Newsmax-ს. მწვანე შუქი აქვთ ანთებული ასევე შემდეგ მედია ორგანიზაციებს: FoxNews, The Hill, The Daily Beast and HuffPost .

წითელი ფერით არის აღნიშნული NewsGuard-ის შეფასებით არასანდო ვებგვერდები: მემარჯვენე Infowars და Breitbart და მემარცხენე Daily Kos . კიდევ ერთმა მემარცხენე ადვოკატირების ორგანიზაცია Media Matters-მა, რომელსაც პროფილური ბლოგი აქვს მედიაზე, მართალია მწვანე ეტიკეტი დაიმსახურა, მაგრამ NewsGuard-ის9 კრიტერიუმიდან მას 4 ნეგატიური ქულა აქვს.

სტარტაპში იმედი აქვთ, რომ მათი საქმიანობა ონლაინ სივრცეში კითხვის რეგულარული ნაწილი გახდება. დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ უფრო ეფექტური იქნება, თავად ორგანიზაციებს თუ შეაფასებენ და არა სტატიების უსასრულო სტრიმს ყოველ საათში.

სერვისი მკითხველებისთვის უფასოა, ის უბრალოდ ბრაუზერის „დანამატს“ (browser extension) მოითხოვს. ამის შემდეგ, როდესაც რომელიმე გამოცემის საიტზე შეხვალთ, მის სანდოობა-არასანდოობასთან ერთად, მწვანე ან წითელ ნიშნულზე დაჭერით NewsGuard-ის რეიტინგის ნახვასაც შეძლებთ, სადაც ორგანიზაცია გამოცემებს 9 პუნქტით აფასებს.

ფულის შოვნისთვის სტარტაპი სხვადასხვა მსხვილ კომპანიებს მიმართავს და ცდილობს, დაარწმუნოს ისინი, ლიცენზია მისცენ მათ software-ს და მოახდინონ მათი რეიტინგების ინტეგრირება საკუთარ სერვისებში. Microsoft პირველი დიდი ტექნოლოგიური მოთამაშეა ბაზარზე, რომელიც დათანხმდა, ეს სისტემა საკუთარ მობილურ ბრაუზერზე დაეინსტალირებინა. 

სტივენ ბრილისთვის NewsGuard არაა პირველი ინიციატივა, რომელიც მედიას შეეხება. 1998 წელს მან ყოველთვიური ჟურნალი- Brill’s Content დააარსა, რომელშიც სხვადასხვა მედია ორგანიზაციების და ჟურნალისტების ნამუშევრებს აფასებდნენ. გამოცემა 2001 წელს დაიხურა.

ბრილმა იცის, რომ ჯერჯერობით NewsGuard-ის ანალიზს და შეფასებებს არ აქვთ დიდი გავლენა, მათი გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე, მაგრამ Gallup-ის გამოკითხვა, რომელიც Knight Foundation-მა დააფინანსა, გვაჩვენებს, რომ დამოუკიდებელ რეიტინგებს შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ იმაზე, თუ როგორ მოიხმარენ ახალ ამბებს ადამიანები. გამოკითხვაში მონაწილეები ამბობდნენ, რომ ისინი ნაკლებად გააზიარებენ ისეთ მასალებს, რომლებზეც აღნიშნული იქნება, რომ ის შესაძლოა ტყუილი იყოს. (Knight Foundation ასევე შეუერთდა NewsGuard-ის ინვესტორთა რიცხვებს)

Facebook-ს და სხვა სოციალურ ქსელებს არ მოუწერიათ ხელი NewsGuard-თან თანამშრომლობაზე, თუმცა ბრილი და კროვიცი ვარაუდობენ, რომ რაღაც ტიპის რეიტინგები და სერვისები აუცილებლად გაჩნდება ვებზე. მართალია, NewsGuard საჯარო სივრცეში პოზიციონირებს, როგორც ახალი ამბების ერთგვარი მარკა, კვების ეტიკეტი, მაგრამ დამფუძნებლები ამბობენ, რომ მათი საქმე არ უნდა იქნეს აღქმული ისე, თითქოს ეს კვებისა და წამლის ადმინისტრაციის მედია ექვივალენტი იყოს. (Food and Drug Administration)

„ჩვენთვის ძალიან არაკომფორტული იქნებოდა, მთავრობა რომ გასცემდეს რაიმე მანდატს ახალი ამბების შესახებ. ეს სიტყვის თავისუფლების პრინციპს დაარღვევდა. ჩვენ ხომ პირველი შესწორება გვაქვს კონსტიტუციაში“ - აღნიშნავს გორდონ კროვიცი.

წყარო: New York Times

კატეგორია: ბიოგრაფია

„წერეთ მოკლედ და წაიკითხავენ, წერეთ ნათლად და გაიგებენ, წერეთ მხატვრულად და დაამახსოვრდებათ" - ჯოზეფ პულიცერი


უნგრული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი, გამომცემელი და კონგრესმენი, ჯოზეფ პულიცერი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო მე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი წვლილი უმნიშვნელოვანესია, როგორც პრესის, ისე სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. საგამომცემლო საქმიანობის გარდა, პულიცერი ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურად იყო ჩართული. მის სახელს უკავშირდება ცნობილი პულიცერის პრემია, რომელიც 1917 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება ჟურნალისტებისა და პუბლიცისტებისთვის ამერიკაში.

altჯოზეფ პულიცერი 1847 წლის 10 აპრილს, უნგრეთში, პატარა ქალაქ მაკოში დაიბადა. მამამისი მარცვლეულით მოვაჭრე შეძლებული ებრაელი იყო, დედა კი უნგრელი კათოლიკე მედდა. სასკოლო განათლება ჯოზეფმა ბუდაპეშტში მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ, სამხედრო კარიერაზე მეოცნებე ახალგაზრდამ, ჯერ ავსტრიის, შემდეგ კი გერმანიის არმიებში მოხალისედ ჩაწერა სცადა. თუმცა, ცუდი მხედველობის გამო ორივეგან უარი უთხრეს.

ჰამბურგში ყოფნისას პულიცერმა ერთი გავლენიანი ამერიკელი სამხედრო რეკრუტერი გაიცნო, რომელიც დაჰპირდა, რომ მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდა. მისი რეკომენდაციით ჯოზეფი ბოსტონში გაემგზავრა და ამერიკის ჩრდილოეთის არმიის კონტრაქტორი უცხოელი ჯარისკაცი გახდა. (იმ პერიოდში ამერიკის ჩრდილოეთ და სამხრეთ შტატებს შორის სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა). ჯოზეფი აქ 8 თვე მსახურობდა. ომის დასრულების შემდეგ სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

უცხო ქვეყანაში დარჩენილ ახალგაზრდას თავის სარჩენად რამე სამსახური უნდა მოეძებნა. კარგად იცოდა უნგრული, გერმანული და ფრანგული ენები, რაც დიდი პლუსი იყო ამერიკაში, თუმცა, იქ დამკვიდრებისთვის საჭირო ინგლისური არ იცოდა.

ჯოზეფი სხვადასხვა შტატებსა და ქალაქებში მოგზაურობდა და დროებით სამუშაოებზე მუშაობდა. ყველაზე დიდხანს სენტ-ლუისში, მისურის შტატში დაიდო ბინა. მუშაობის პარალელურად დიდ ნაწილს ქალაქის ბიბლიოთეკაში ატარებდა, რომ ენის ცოდნა გაეღრმავებინა. მისი ჟურნალისტური კარიერაც სწორედ აქ, სრულიად მოულოდნელად და უცნაურად დაიწყო. ერთხელ, ბიბლიოთეკაში ყოფნისას, პულიცერი ჭადრაკის სათამაშო ოთახში იმყოფებოდა. ჭადრაკის თამაში ძალიან უყვარდა და კარგადაც ერკვეოდა. იმ დღეს ოთახში ბიბლიოთეკის ორი ხშირი სტუმარი ერთმანეთს ეთამაშებოდა, ახალგაზრდა ჯოზეფი მათ გულმოდგინედ აკვირდებოდა და რამდენჯერმე რჩევა მისცა. სხარტი აზროვნებით მოხიბლულმა მოთამაშეებმა, რომლებიც ამერიკაში მთავარი გერმანულენოვანი გამოცემის, Westliche Post-ის რედაქტორები აღმოჩნდნენ, ჯოზეფს გაზეთში სამსახური შესთავაზეს.

Westliche Post-ში პულიცერი ოთხი წელი წერდა. ამ დროის განმავლობაში, თავი დაიმკვიდრა, როგორც ნიჭიერმა, დაუღალავმა და იდეებით სავსე ჟურნალისტმა. 1872 წელს გაკოტრების საშიშროების წინაშე მდგარმა გამომცემლებმა წილი შესთავაზეს და სთხოვეს, თავის თავზე აეღო საგამომცემლო საქმიანობა. ასე გახდა, 25 წლის ასაკში, ჯოზეფ პულიცერი გამომცემელი.

1878 წელს პულიცერმა გაზეთი St. Louis Post-Dispatch შეიძინა და თავდაუზოგავად მუშაობდა გამოცემის ბიზნესმოდელის ჩამოსაყალიბებლად. წარმატებული მცდელობის შემდეგ ჯოზეფმა საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოება გადაწყვიტა და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. 1883 წელს მან აქ გაკოტრების საფრთხის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი გაზეთი - The New York World -ი შეიძინა, რედაქტორობა თავის თავზე აიღო და მალე ის ნიუ-იორკის და ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მაღალშემოსავლიან გამოცემად აქცია. რამდენიმე წელიწადში გაზეთის ტირაჟი 15 ათასიდან ნახევარ მილიონამდე გაიზარდა, რაც შტატებში რეკორდული მაჩვენებელი იყო.

მისი საიდუმლო იმ დროისთვის ნოვატორულ მიდგომაში იყო - გაეხადა პრესა მასობრივი და ყველასთვის საინტერესო და გასცდენოდა მდიდარი კლასის ინტერესებს. თუ მანამდე გამოცემები ყველაზე აქტიურად საფონდო ბირჟებისა და ბიზნეს ელიტების მსხვილ პროექტებზე და მათ მიერ ლობირებულ იდეებზე წერდნენ, პულიცერი საკუთარ გაზეთებში მოსახლეობის ყველა ფენისთვის, ფართო აუდიტორიისთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას და მათთვის საინტერესო თემებზე საუბარს ცდილობდა. ამან გაამართლა, როგორც საზოგადოებრივი სარგებელის, ისე მეწარმეობის კუთხით. პულიცერი მედია მაგნატი გახდა.

St. Louis Post-Dispatch-სა დ The New York World-ის შემდეგ მან კიდევ რამდენიმე გაზეთი იყიდა და ყველგან იგივე კონცეფცია დანერგა. მასობრივ აუდიტორიაზე გასასვლელად ყველა ხერხი სცადა: დიდი, მკვეთრი შრიფტით დაწერილი მყვირალა სათაურები, დიფერენცირებული რუბრიკები, ჟურნალისტური გამოძიებები, კულტურისა და სპორტის სიახლეები, იუმორისტული და სარეკლამო გვერდები - ეს ყველაფერი იმ დროისთვის სიახლე იყო, როგორც სტილისტური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით.

altპულიცერის სახელს უკავშირებენ ტერმინს “ ყვითელი ჟურნალისტიკა“, რასაც თავიდან პირდაპირი დატვირთვა ჰქონდა. ეს ტერმინი The New York World-ის ფერად დამატებას და იქ გამოქვეყნებულ კომიქსს უკავშირდება ყვითელ ტანსაცმლიან ბიჭზე. ეს პირველი ფერადი გამოცემა იყო ამერიკაში და ყვითელი კი პირველი ფერი, რომელმაც შავ-თეთრის იდილია დაარღვია. პულიცერის გაზეთებში იწერებოდა როგორც სკანდალურ, სენსაციურ თემებზე, ისე სერიოზულ საკითხებსა და პრობლემებზე. მათ შორის, ხშირი იყო გავლენიანი პირების მხილება ამა თუ იმ მავნე საქციელში.

პულიცერი წლების განმავლობაში ებრძოდა კორუფციას და სხვადასხვა მანკიერებებს პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებში. ჯერ გაზეთების, მოგვიანებით კი უკვე პოლიტიკაში ჩართვის საშუალებით. მის სახელს უკავშირდება ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკების ამერიკაში ჩატანის ისტორია. მან შეიტყო, რომ საფრანგეთის ამ მნიშვნელოვან საჩუქარს მისი ქვეყნის ჩინოვნიკები სათანადოდ არ აფასებდნენ და მისთვის პედესტალის დადგმისა და ქანდაკების ამერიკაში გადატანის თანხების გამოყოფას აგვიანებდნენ. პულიცერმა თავად დაიწყო სპონსორების მოზიდვა საგაზეთო კამპანიებით და სწორედ მისი დიდი დამსახურებით მოხერხდა, რომ ქანდაკება მალევე ჩაიტანეს ამერიკაში და საზეიმოდ გახსნეს კიდეც 1886 წლის 28 ოქტომბერს.

ჟურნალისტიკის პარალელურად ჯოზეფ პულიცერი ახალგაზრდობაშივე დაინტერესდა პოლიტიკით. თავდაპირველად რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა და კარიერის დასაწყისში მათ მხარდამჭერად თლიდა თავს. თუმცა, მას შემდეგ რაც ამ პარტიაში არსებული კორუფცია და მისი ლიდერების არაჯანსაღი მერკანტილური სურვილები აღმოაჩინა, დემოკრატიულ პარტიას შეუერთდა. პულიცერი სიცოცხლის ბოლომდე დემოკრატად დარჩა. იგი ჯერ მისურის შტატის წარმომადგენელი იყო კონგრესში, მოგვიანებით კი ნიუ იორკის.

1890 წელს პულიცერმა მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო The New York World-ის რედაქტორის პოზიცია დატოვა. მალე მას დეპრესია და ხმაურის აუტანლობაც დაეწყო, რამაც კიდევ უფრო მოწყვიტა საზოგადოებრივ ცხოვრებას. ცხოვრების ბოლო წლებში, ჯოზეფი დროის დიდ ნაწილს სახლის ხმაურგაუმტარ ოთახებში ან საკუთარ იახტაზე ატარებდა, რომელსაც “Liberty” ერქვა. მკურნალობის მცდელობები წარუმატებელი გამოდგა. პულიცერმა თანდათან სრულიად დაკარგა მხედველობა და დეპრესიაც სულ უფრო გაუმძაფრდა. 1911 წლის 29 ოქტომბერს ის სამხრეთ კაროლინაში, საკუთარ იახტაზე გარდაიცვალა. პულიცერის ანდერძის თანახმად, მისი ქონებიდან 2 მილიონი დოლარი კოლუმბიის უნივერსიტეტს გადაეცა ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლის შესაქმნელად და გამორჩეული ჟურნალისტებისთვის, ასევე მწერლებისა და მუსიკოსებისთვის პრემიის დასაწესებლად.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

ბრიტანულმა გამოცემამ The Northampton Chronicle & Echo ზედმეტად ბევრი დეტალის გამოქვეყნებით სუიციდის გაშუქების წესი დაარღვია - ამის შესახებ ბრიტანეთის დამოუკიდებელი პრესის საბჭოს (IPSO) გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.

2018 წლის მარტში გაზეთის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით „ნორტემპტონელი ქალი კოფეინის ზედოზირებით გარდაიცვალა”, დეტალურადაა მოყოლილი, როგორ გარდაიცვალა ქალი, სად მოიპოვა სუბსტანცია, როგორ დარეკა სასწრაფო დახმარებაში, აღწერილია სიმპტომები და გარდაცვალება. ქალის ოჯახის ახლობელმა ამ საკითხთან დაკავშირებით IPSO-ში იჩივლა. იგი ფიქრობდა, რომ ამბის ასეთი მოყოლა სუციდისკენ მიდრეკილ ადამიანებს იგივეს ჩადენისკენ უბიძგებდა, გარდა ამისა, აპროტესტებდა მასალაში გარდაცვლილის შესახებ ბევრი პირადი დეტალის გასაჯაროებასა და მის „მარტოხელად და უმუშევრად“ მოხსენიებას.

რედაქციამ აღიარა, რომ რეპორტაჟი მართლაც ზედმეტად ბევრ ინფორმაციას შეიცავდა და 24 საათის განმავლობაში აიღო სტატია ვებგვერდიდან. გამოცემა სუიციდის პრევენციის ჯგუფმა, Samaritans-მაც გააკრიტიკა.

IPSO-ს თანახმად, გაზეთმა განაცხადა, რომ „ლოკალური ახალი ამბების გუნდმა თავდაპირველად იფიქრა, რომ ეს დეტალები სხვებისთვის გამაფრთხილებელი იქნებოდა. თუმცა სრულად აცნობიერებენ, რომ ეს შეცდომა იყო“. გარდა ამისა, The Chronicle & Echo-ში განაცხადეს, რომ რედაქციაში კიდევ ერთხელ გადახედეს სუიციდის გაშუქების გაიდლაინებს და მზად იყვნენ, ბოდიში მოეხადათ ოჯახისთვის.

The Chronicle & Echo არ დაეთანხმა საჩივრის იმ ნაწილს, სადაც გამოცემას გარდაცვლილის პირადი დეტალების გამოაშკარავებასა და მგლოვიარეების პირად სივრცეში შეჭრას ედავებოდნენ. რედაქციის განმარტებით, ყველა ინფორმაცია, რაც გაასაჯაროეს, გარდაცვალების მიზეზის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარეობდა.

IPSO დაეთანხმა მომჩივანს, რომ სტატიამ ნამდვილად დაარღვია სუიციდის გაშუქების წესი.

“სტატიაში გამოქვეყნებული დეტალები თავისუფლად შიძლებოდა ვინმესთვის მსგავსი ქმედების განმეორების მაპროვოცირებელი გამხდარიყო. ეს განსაკუთრებით სახიფათო იყო, რადგან მასალაში სუიციდის უჩვეულო მეთოდი იყო აღწერილი,  დეტალების მოყოლა კი აჩენდა რისკს, რომ ამ მეთოდის შესახებ მოსახლეობაში ცნობადობა გაიზრდებოდა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

გამოცემა სუიციდის გაშუქების მე-5 პუნქტის დარღვევაში დაადანაშაულეს. თუმცა, IPSO-მ არ მიიღო საჩვარი პირადი სივრცის დარღვევის შესახებ და ამ ნაწილში გაზეთის რედაქციის მოსაზრება გაიზიარა.

მომზადებულია imediaethics -ის მიხედვით.

კატეგორია: რესურსები

ჟურნალისტების ცხოვრება და გამოწვევები უამრავჯერ გამხდარა კინოს ინტერესის საგანი. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2018 წელი იყო. მიმდინარე წელს ორი მხატვრული ფილმი და ორი სატელევიზიო სერიალი გამოვიდა, რომლებშიც მთავარი თემა მედია და ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალები არიან.

                                                                The Post 

ყველაზე წარმატებული და რეიტინგული, როგორც მოსალოდნელი იყო, სტივენ სპილბერგის „პოსტი“ გამოდგა, მერილ სტრიპით მთავარ როლში. ფილმი „ოსკარის“ ორ და „ოქროს გლობუსის“ ხუთ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

ისტორიული პოლიტიკური თრილერი 1971 წელს გაზეთ Washington Post-ის ირგვლივ მიმდინარე რეალურ მოვლენებს ეფუძნება. გამოცემას პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები უვარდება ხელში, სადაც ვიეტნამის ომის უცნობი დეტალებია აღწერილი. მთავრობისთვის ამ ინფორმაციის გავრცელება, ცხადია დიდი პრობლემაა და პოლიტიკოსები ყველნაირად ცდილობენ ამას ხელი შეუშალონ. გაზეთის მფლობელი და მთავარი რედაქტორი რთული ამოცანის წინაშე დგანან: მკითხველს სიმართლე მოუთხრონ და რისკზე წავიდნენ თუ გაჩუმდნენ და კომფორტის ზონაში დარჩნენ.

                   

 ⇒ ასევე იხილეთ: The Post - როცა მედია დილემის წინაშეა
 

                                                     A Private War 

მარი კოლვინი ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და გამბედავი ომის რეპორტიორი ქალი იყო ჟურნალისტიკის ისტორიაში. ბრიტანული „The Sunday Times” -ის საზღვარგარეთის კორესპონდენტი 27 წლის განმავლობაში მუშაობდა გამოცემაში და ყველაზე აქტიურად ცხელ წერტილებსა და კონფლიქტის ზონებს აშუქებდა. ერთ-ერთი სამუშაო ვიზიტის დროს, შრი-ლანკაში, კოლვინმა მარცხენა თვალი დაკარგა. თუმცა, არც ამ ამბავს შეუშინებია და ჩვეულ რეჟიმში საქმიანობა აქტიურად განაგრძო. კოლვინი 2012 წელს, სირიაში, ქალაქ ჰომსში მოკლეს. ის 56 წლის იყო.

მიმდინარე წელს ამერიკელმა რეჟისორმა მეთიუ ჰაინემანმა მარი კოლვინის შესახებ ბიოგრაფიული დრამა გადაიღო. ფილმში ჟურნალისტი ცხოვრების საკვანძო მომენტები, მისი განცდები და დილემებია აღწერილი. ჰაინემანი დოკუმენტური კინოს ცნობილი რეჟისორია, თუმცა „პირადი ომი“ მისი პირველი სრულმეტრეაჟიანი მხატვრული ფილმია.

ნამუშევარს დებიუტისთვის მოსალოდნელზე კარგი გამოხმაურება ჰქონდა. კრიტიკოსებმა საქებარი სიტყვები არ დაიშურეს როგორც რეჟისორის, ისე მთავარი როლის შემსრულებელი როზამუნ პაიკის მიმართ. ფილმი ჟურნალ Vanity Fair-ში 2012 წელს გამოქვეყნებულ სტატიას ეფუძნება, რომლის ავტორიც საგამოძიებო ჟურნალისტი, მარი ბრენერია.



 ასევე იხილეთA Private War - მხატვრული ფილმი მარი კოლვინის შესახებ  


                                                         Sharp Objects  

HBO-ს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, სატელევიზიო სერიალი „ბასრი საგნები“, გამომძიებელი ჟურნალისტის, კამილ პარკერის ისტორიას გვიყვება. პარკერი დროებით მშობლიურ ქალაქს უბრუნდება, რომ ორი გაუჩინარებული გოგონას ამბავი გამოიძიოს. პროფესიული გამოწვევების პარალლურად მას საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებთან და ალკოჰოლიზმთან გამკლავებაც უწევს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას. ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრში გადაღებული ნამუშევარი მისტიკურ, განსაკუთრებულ ატმოსფეროს უქმნის მაყურებელს და უბიძგებს, მთავარ პერსონაჟთან ერთად განიცადოს და გაუმკლავდეს პრობლემებს და წინაღობებს.

კამილ პარკერის როლს ამერიკლი კინოს ვარსკვლავი, ემი ადამსი თამაშობს, რომელიც ამავდროულად ფილმის ერთ-ერთ მთავარი პროდუსერიცაა. „ბასრი საგნების“ რეჟისორი ჟან-მარკ ვალეა, რომელსაც მანამდე ცნობილი ფილმები: “ Café de Flor”, Dallas Buyers Club“ და „ახალგაზრდა ვიქტორია“ აქვს გადაღბული. რვა ეპიზოდისგან შემდგარი სატელევიზიო შოუ გილიან ფლინის ამავე სახლწოდების ნოველაზეა დაფუძნებული. მწერალი ასევე ავტორია წიგნისა „Gone Girl“, რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა მისმა ეკრანიზაციამ მოუტანა 2014 წელს. 



                                                      Press 

„პრესა“ BBC1-ის ახალი სატელევიზიო სერიალია, რომელიც ორი კონკურენტი გამოცემის ისტორიას ასახავს და ჟურნალისტებისა და რედაქტორების საქმიანობის საინტერესო დეტალებზე გვიყვება. The Post და The Herald – ორივე გაზეთი ცდილობს თავი გაართვას და პოზიციები შინარჩუნოს ციფრული ეპოქის 24 საათიან, უწყვეტ ინფორმაციულ დინებაში. როგორ აბალანსებენ ჟურნალისტები პირად ცხოვრებასა და კარიერას, რა პროფესიული და ცხოვრებისეული დილემების წინაშე დგებიან ისინი და როგორ ართმევენ თავს გამოწვევებს- ორი სარედაქციო ჯგუფის ყოველდღიურობის აღწერით ფილმი სწორედ ამ საკითხების გაშლას ცდილობს.

ამ ეტაპზე სერიალის მხოლოდ 6 ეპიზოდია გამოსული. სცენარის ავტორი მაიკ ბარტლეტია, რეჟისორი კი ტომ ვონი. ამ ტანდემმა მანამდე BBC-ის წარმატებულ სერიალ, Doctor Foster-ზე იმუშავა.


 

კატეგორია: საერთაშორისო ამბები

რა იქნება აქტუალური 2019 წელს მედია ტექნოლოგიების სფეროში და რა სიახლეებთან მოუწევთ ადაპტაცია გამოცემებს, - მედიაჩეკერი Future Today Institute-ის ჟურნალისტიკის, მედიისა და ტექნოლოგიების 2019 წლის ანგარიშიდან მედიისთვის საინტერესო რამდენიმე ტრენდს გაგაცნობთ, რომლებიც წელს პირველად მოხვდა კვლევაში.

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Future Today Institute მეთორმეტე წელია ტექნოლოგიურ და მედია ინოვაციებს იკვლევს. 2006 წელს ამერიკაში რამდენიმე ენთუზიასტის მიერ დაარსებული კომპანია დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციაა, რომელიც მედიის, მარკეტინგის, ტექნლოგიებისა და სხვა მონათესავე სფეროებში მომუშავე ადამიანებს უახლეს ტრენდებს აცნობს და სამომავლო ნაბიჯებს კარნახობს. ორგანიზაცია ყოველწიურად აქვეყნებს ანგარიშს, თუ რა იქნება აქტუალური და რა სიახლეებთან მოუწევთ ადაპტაცია კომპანიებს, რომ გლობალურ ბაზარზე სტატუს-კვო შეინარჩუნონ.

ჩატ-ბოტ ჟურნალისტიკის მონეტიზირება 

თანამედროვე რეალობაში ბოტი მეინსტრიმ ლექსიკონის ნაწილი გახდა. ჯერჯერობით ბოტების უმეტესობა აპლიკაციებია, რომლებიც კონკრეტულ დავალებას ასრულებენ. თუმცა, მალე ბოტი ჟურნალისტიკის კონტექსტშიც აქტუალური გახდება. მკვლევარები მედია ბოტებს ორ ნაწილად ყოფენ: ახალი ამბების ბოტები და პროდუქტიულობის ბოტები. ახალი ამბების ბოტებს შეუძლიათ მომხმარებლებს მათთვის მნიშვნელოვანი სიახლეები ოპერატიულად აცნობონ, პროდუქტულობის ბოტები კი მედია ორგანიზაციებს ყოველდღიური ოპერაციების ავტომატიზებასა და სტრუქტურირებაში დაეხმარებიან.

ჩატბოტების გამოყენება ექსპერიმენტის სახით უკვე დაიწყეს ისეთმა გამოცემებმა, როგორებიც არიან: BuzzFeed, TexasTribune, Quartz, Los Angeles Times. თუმცა, უახლოეს მომავალში სისტემა კიდევ უფრო დაიხვეწება და მედიაორგანიზაციებს და ჟურნალისტებს ფინანსურ სარგებელის მიღებაც შეეძლებათ.

მაგალითად, ჩინეთში არსებობს პლატფორმა Wechat, რომელიც ერთდროულად ტრანზაქციული არხიცაა და კომუნიკაციის საშუალებაც. ის მრავალმხრივ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ამ ეტაპზე Wechat ავითარებს პროგრამას, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება გარკვეული ფულადი გადასახადის შემდეგ ჩატის საშუალებით მისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია და სერვისები მიიღოს.

ასეთი შესაძლებლობა ჟურნალისტებს უბიძგებს, ტრადიციული ნიუსრუმებიდან საკუთარ, ინდივიდუალურ აუდიტორიაზე და მიმდევრებზე გადაინაცვლონ. მრავალფეროვან და სეგმენტირებულ ჟურნალისტიკაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. დღესათვის წამყვანი პლატფორმები (Facebook massanger, Imassage, Snapchat, Gmail, Whatsup, Google assistant) უკვე ავითრებენ ამ მოდელს, რომელიც პერსონალიზებულ ტრანზაქციებსა და კომუნიკაციაზე იქნება დამყარებული. ასეთ დროს ჟურნალისტები უკვე ერთი-ერთზე გავლენ საკუთარ მკითხველთან და მეტ ჩართულობას მიიღებენ მათგან. სეგმენტაცია და ტარგეტირებული კონტენტი მათ საშუალებას მისცემთ დროული, საჭირო და ექსპერტული ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებლებს, რაშიც ისინი ფულს გადაიხდიან.

ტოკონომიკა

ბლოკჩეინის ერთ-ერთი მთავარ მახასიათებელი ისაა, რომ ის ბიზნესებს მონეტის შექმნის საშუალებას აძლევს. ტოკონომიკას შეძლია რევოლუცია მოახდინოს მედია კომპანიების მონეტიზაციისა და დისტრიბუციისადმი მიდგომებში. ისტორიულად, მედია ორგანიზაციები დამოკიდებულები იყვნენ სარეკლამო და გამომწერებზე დაფუძნებულ შემოსავლების მოდელზე. გაზეთები იმის კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება განადგურდეს ეს მოდელი ციფრული კონკურენტების გამოჩენით. ბლოკჩეინს შეუძლია მიკროგადახდების საშუალებით სრულიად ახლებური სერვისი შესთავაზოს მომხმარებელს, რაც უფრო მარტივიც იქნება და ორმხრივად მომგებიანიც.

ბლოკჩეინის დახმარებით მედიას შეეძლება მდგრადი მოდელები შექმნას და შემოსავლების ტრადიციული სისტემიდან ახალ მოდელზე გადაერთოს, სადაც მომხმარებლების რეგისტრირებული ანგარიშების საშუალებით შეძლებს ფინანსური სარგებლის მიღებას.

ერთ-ერთი პირველი ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მედია პროექტი Steemit 2016 წელს შეიქმნა ვირჯინიაში. Steemit სოცლური მედიისა და ბლოგების პლატფორმაა, რომელიც ავტორებს ჰონორარს მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ გადარიცხული თანხით უხდის. ეს ყველაფერი კი ბლოკჩეინის საშუალებით ხდება.

საავტორო უფლებებისა და ფრილანსერობისგან მიღებული სარგებელი

ისეთი პლატფორმები, როგორიცაა მაგალითად ეთერიუმი (თავისუფალი, კომპიუტერული ონლაინ სადისტრიბუციო პლატფორმა, რომელიც ბლოკჩეინზეა დაფუძნებული), საშუალებას იძლევა მიკრო გადახდის საშუალებით წვდომა გვქონდეს ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მათ შორის ახალ ამბებზე, მუსიკაზე, ფოტოებზე და აშ. პლატფორმა ამას ე.წ. Smart კონტრაქტების საშუალებით აკეთებს.

მაგალითად, ყოველ ჯერზე, როცა ვინმე რომელიმე სიმღერას უსმენს, თანხის მცირე ოდენობა მსმენელისგან პირდაპირ არტისტთან მიდის და არ გადის შუამავალ არხებს. უახლოეს მომავალში მსგავსი პლატფორმები სულ უფრო აქტუალური გახდება. ავტორები თავად მიიღებენ შემოსავლის დიდ ნაწილს, მაშინ, როცა არსებული სისტემით საავტორო უფლებებით ყველაზე მეტად სადისტრიბუციო პლატფორმები სარგებლობენ. ამავე დროს, შემქმნელები შეინარჩუნებენ საკუთრების უფლებას და ექნებათ პირდაპირი ინტერაქცია აუდიტორიასთან.

ეთერიუმის მსგავსი პლატფორმების საშუალებით ადამიანებს პირადად ექნებათ ინტელექტუალურ საკუთრების დაცვის საშუალება, ეს შეეხება როგორც მწერლებს და არტისტებს, ისე ჟურნალისტებს, რომლებიც საავტორო მასალებზე მუშაობენ. მსგავსი ტრანსფორმაცია განსაკუთრებით აისახება ფოტოგრაფიის ინდუსტრიაზე, რადგანაც ციფრული ერის ფოტოგრაფები იძულებული ხდებიან, საავტორო უფლება მათ დაუთმონ, ვინც მათ ნამუშევარს იყიდის.

როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, 2019 წლიდან გაიზრდება მოთხოვნა ისეთ პლატფორმებზე, რომლებიც ნებას რთავენ ავტორებს საკუთარ პროდუქტზე მესაკუთრეობა შეინარჩუნონ და მისი მოხმარებისა და გავრცელებისგან ყველაზე დიდი სარგებელი თავად ნახონ.

უცვლელი ( მარადიული, მდგრადი) ჟურნალისტიკა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ბლოკჩეინის ტექნოლოგიაში ინფორმაციის სამუდამო შენახვის ფუნქციაა. აქ ინახება ჩანაწერი, რომელიც ვერასდროს წაიშლება და შესწორდება. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვა მედიაში გაართულებს ინფორმაციის ცენზურას და შეზუდვას. კონტენტის შემქმნელებს შეეძლებათ გამოიყენონ დისტრიბუცის არხები, რომლებიც მათ გარანტიას მისცემს, რომ ეს ინფორმაცია ვერასდროს გაიფილტრება ან დაიბლოკება მესამე მხარის მიერ.

გამომცემლები მალე დანერგავენ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ პლატფორმებს, რაც უზურუნველყოფს, რომ მათი კონტენტი არ იქნება მოდიფიცირებული და დაცენზურებული. ეს ტრენდი დაეხმარება მედიებს მეტი ნდობა მოიპოვონ კრიტიკული ინფორმაციის გავრცელების კონტექსტში. მსგავსი დეცენტრალიზებული პლატფორმები ყველას მისცემს საშუალებას შექმნას და გაავრცელოს ინფორმაცია თავისუფლად.

საარქივო და დისტრიბუციის კომპანიები, როგორიცაა მაგალითად ვიკილიქსი ან Internet Archive, ასევე გაიადვილებენ საქმეს. ბლოკჩეინზე ინფორმაციის ჩაწერა უზრნველყოფს მასზე ხელმისაწვდომობის გარანტიას, მაშინაც კი, თუ host სერვერები გამოირთვება ან დაზიანდება.

კატეგორია: საერთაშორისო ამბები
2018 წელს დაიხურა ამერიკული გაზეთი Village Voice და მისი ვებგვერდი და არსებობა შეწყვიტა ბრიტანული მუსიკალური ჟურნალის NME-ს ბეჭდურმა ვერსიამ. ეს გამოცემები ათეული წლების განმავლობაში იყვნენ ფლაგმანები სხვადასხვა მიმართულებით და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდნენ ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ-საზოგადოებრივ პროცესებში.

Village Voice

63-წლიანი არსებობის შემდეგ, საკულტო ყოველკვირეული ნიუ-იორკული გამოცემა, Village Voice, 2018 წლის აგვისტოს ბოლოს დაიხურა. 2015 წელს, ფინანსური კრიზისის გამო, გამომცემლებს მისი გაყიდვა მოუხდათ. Village Voice ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელმა, პიტერ ბარბეიმ იყიდა და როგორც მაშინ ამბობდა, გაზეთის „აყვავებას“ აპირებდა. თუმცა, როგორც ჩანს, მალე მიხვდა რომ გამოცემის მაღალი პროფესიული სტანდარტების, ალტერნატიული ხედვისა და უკომპრომისო ავტორების პირობებში Village Voice კომერციულ ტაბლოიდად ვერ იქცეოდა და ორ წელიწადში ჯერ ბეჭდური ვერსია გააუქმა, მომდევნო წელს კი ონლაინ გამოცემის დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო.

Village Voice-ის ბოლო ნომერი 2017 წლის 20 სექტემბერს გამოვიდა და მის გარეკანზე 23 წლის ბობ დილანის ფოტო იყო, რომელიც 1965 წელს გაზეთს ძველი რედაქციის ოფისთან ახლოსაა გადაღებული.

ამ ეტაპზე გამოცემაში მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი რჩება, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში საარქივო მასალების დამუშავებასა და მათ ვებგვერდზე განთავსებაზე იზრუნებენ. თუმცა, ახალ მასალებს გაზეთი აღარ გამოაქვეყნებს.

Village Voice 1955 წელს დაარსდა და ათეული წლების განმავლობაში ქალაქის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ლოკალური არტისტული სცენის და კულტურული მოვლენების სიღრმისეული ანალიზი, კინო, ლიტერატურული და მუსიკალური მიმოხილვები, ანალიტიკური სტატიები და საგამოძიებო მასალები პოლიტიკასა და სოციალურ თემებზე და რაც მთავარია, საუკეთესო ავტორები - ამ ყველაფრის გამო Voice-მა მალევე დაიმკვიდრა ადგილი, როგორც ალტერნატიულმა, მემარცხენე ინტელექტუალურმა გამოცემამ და ნიუ-იორკის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა.

გაზეთი ამერიკელმა მწერალმა, ნორმან მაილერმა, ჟურნალისტმა ჯონ უილკოკმა და გამომცემლებმა - ედ ფენჩერმა და დენ ვულფმა დაარსეს. მათი მიზანი ნიუ-იორკის შემოქმედებით სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის პლატფორმის შექმნა და საზოგადოების სოციალური და პოლიტიკური მგრძნობელობის ამაღლება იყო. წლების განმავლობაში აქ საუკეთესო ჟურნალისტებისა და კრიტიკოსების სტატიებთან ერთად ისეთი მწერლების ტექსტები ქვეყნდებოდა, როგორებიც არიან: ეზრა პაუნდი, ჰენრი მილერი, ალენ გინსბერგი, ჯეიმს ბოლდუინი, ბარბარა გარსონი და სხვები. Village Voice დაარსების დღიდან იდგა პროგრესული იდეების ავანგარდში. აქ შუქდებოდა ყველა მწვავე და აქტუალური საკითხი, მათ შორის ისეთებიც, რასაც იმ დროს ბევრი გამოცემა ჯერ კიდევ თავს არიდებდა. გაზეთი აქტიურად უჭერდა მხარს ჰომოსექსუალების უფლებების დაცვას, შავკანიანებისა და ქალების ბრძოლას თანასწორობისთვის. Village Voice-სი კრიტიკის მთავარი სამიზნე პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა იყო. მათ მანკიერ მხარეებზე ყველაზე აქტიურად უეინ ბარეტი წერდა, რომელიც 37 წლის განმავლობაში მუშაობდა გამოცემაში გამომძიებელი ჟურნალისტისა და მთავარი რედაქტორის პოზიციაზე. თავის დროზე მას სტატიები და წიგნები დონალდ ტრამპზეც აქვს დაწერილი, რაც დღეს განსაკუთრებით ღირებული გახდა ჟურნალისტებისთვის ამერიკის პრეზიდენტის გაშუქებისას.

Village Voice ბოლო წლებში პრაქტიკულად ერთადერთი ხარისხიანი, არატაბლოიდური გამოცემა იყო ნიუ იორკში, რომელიც აქტიურად აშუქებდა ქალაქის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების დეტალებს და მეინსტრიმის მიღმა ეძებდა თემებს. გამოცემას პულიცერის სამი და სხვაც არაერთი პრიზი აქვს აღებული.

NME
ლეგენდარულმა მუსიკალურმა ჟურნალმა NME-მ, 66-წლიანი არსებობის შემდეგ, ბეჭდური სახით არსებობა 2018 წლის მარტში შეწყვიტა. თუმცა, Village Voice-სგან გასნხვავებით ჟურნალი ჯერჯერობით კვლავ განაგრძობს ონლაინ არსებობას. ამის მიუხედავად, NME-ს მკითხველებისთვის ეს ამბავი მაინც ძალიან სევდიანი იყო. „ეპოქის დასასრული“ ასე დაასათაურა Guardian-მა სარედაქციო სტატია, რომელიც ჟურნალის დახურვას ეძღვნებოდა.

NME -მ მართლაც მთელი ეპოქა შექმნა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ის მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო, სადაც მელომანებს საყვარელ არტისტებსა თუ ახალ მუსიკალურ აღმოჩენებზე მაღალპროფესიული, საინტერესო და ექსკლუზიური სტატიების წაკითხვა შეეძლოთ. მუსიკოსებისთვის კი ჟურნალი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა იყო თავის დასამკვიდრებლად, განსაკუთრებით ციფრულ ეპოქამდე. NME-ში მათი სიმღერის ან ალბომის მიმოხილვა, ან პატარა ინტერვიუს დაბეჭდვა წარმატების ერთ-ერთი ინდიკატორი იყო. ჟურნალის გარეკანზე მოხვედრა კი ახალბედა მუსიკოსისთვის შეიძლება ითქვას, გარანტირებულ დიდებას ნიშნავდა.

NME ( New Musical Express)1952 წელს ლონდონელმა მუსიკალურმა პრომოუტერმა, მაურის კინმა დააარსა. იმავე წლის ბოლოს გამოცემამ ბრიტანთში პირველი მუსიკალური სინგლების ჩარტი შექმნა. 1953 წლიდან კი საკუთარი ჯილდოც დააარსა, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

60-იან წლებში გამოცემამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Beatles-ისა და Rolling Stones-ის პოპულარიზაციაში. ისინი ჟურნალის გარეკანზეც არაერთხელ მოხვედრილან. 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან NME იმ დროის ახლადგამოჩენილი სუბკულტურით - პანკ მოძრაობით დაინტერესდა და ამ მიმდინარეობის მუსიკას აქტიურად უჭერდა მხარს. NME პირველი მუსიკალური გამოცემა იყო, რომელმაც Sex Pistols-ის შესახებ სტატია გამოაქვეყნა და პრაქტიკულად, გადამწყვეტი როლი ითამაშა მათ შემდგომ წარმატებაში. მუსიკალური თემების გარდა ჟურნალი პოლიტიკის, ტექნოლოგიების, კინოს, მოდისა და ხელოვნების სხვა სფეროების შესახებაც ხშირად წერდა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა გამოცემას და მრავალფეროვან აუდიტორიას იზიდავდა.

70-იანი წლების ბოლოდან NME აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში და ხშირად უძღვნიდა სტატიებს ახალგაზრდების ცხოვრებას, მათ პრობლემებსა და გამოწვევებს. 1979 წელს, მარგარეტ ტეტჩერის გამარჯვების შემდეგ, ჟურნალი ღიად გამოხატავდა ანტიპათიას მისი და კონსერვატორული პარტიის მიმართ და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ტეტჩერის პოლიტიკის ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსი იყო.

NME-ს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ინდი მუსიკის პოპულარიზაციაშიც. 2000-იან წლებში ჟურნალმა არაერთი დამწყები, ნიჭიერი მუსიკოსის ბედი გადაწყვიტა: The Libertines, White Stripes, Strokes, Franz Ferdinand - ამ ბენდების წარმატებაში NME-ს წვლილი უდიდესია. მოგვიანებით, ჟურნალმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ასევე Arctic Monkey-საც, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინდი როკ ბენდია მსოფლიოში.

2015 წელს, მას შემდეგ რაც ინტერნეტის მოხმარების ინტენსიურმა ზრდამ და ონლაინ საინფორმაციო ბაზრის გაჯერებამ გამოცემების გაყიდვის რაოდენობა მკვეთრად დააგდო, NME-ს მფლობელებმა გადაწყვიტეს, ჟურნალის ბეჭდური ვერსია უფასო გაეხადათ და რეკლამის გაზრდილი წილის დახმარებით შეენახათ. თუმცა, 3-წლიანმა ექსპერიმენტმა საბოლოოდ ვერ გაამართლა და გამომცემლებს ჟურნალის დახურვა მოუხდათ.

დღეს NME კვლავ ინარჩუნებს ონლაინ ვერსიას და ამ პლატფორმაზეც არაერთ საინტერესო მასალას გვთავაზობს, თუმცა, ბეჭდური ვერსია თავისი გამორჩეული გარეკანებით და ის ამაღელვებელი მოლოდინი, რაც მელომანებს ყოველ თვეში, ჟურნალის გამოსვლისას ჰქონდათ, ისტორიას ჩაბარდა.
კატეგორია: ბიოგრაფია
ამერიკელი ჟურნალისტი, კინომცოდნე და სცენარისტი როჯერ ებერტი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი კინოს ჟურნალისტი იყო, რომელმაც სახელი Chicago Sun times-ისთვის წერით და სატელევიზო შოუების ავტორობით გაითქვა.

ებერტი პირველი კინომცოდნე იყო, ვისაც პულიცერის პრიზი გადასცეს და ასევე პირველი ამ სფეროში, ვისაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ის ერთნაირი ენთუზიაზმით წერდა როგორც ჰოლივუდის ბლოკბასტერებზე, ისე არტ-ჰაუს ფილმებზე და რაც მთავარია, წერდა ყველასთვის გასაგებ და საინტერესო ენაზე.

როჯერ ებერტი ილიონისის შტატის ქალაქ ურბანაში, 1942 წლის 18 ივნისს დაიბადა, ბუღალტერი დედისა და ელექტრიკოსი მამის ოჯახში.

ებერტი ჟურნალისტიკით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაინტერესდა. იგი სამეცნიერო ფანტასტიკით იყო გატაცებული და საკუთარ მოსაზრებებს და მიმოხილვებს მაშინდელ ნახევრად სამოყვარულო გამოცემებს უგზავნიდა.

15 წლის ასაკში ებერტმა ურაბანას გაზეთ Champaign-Urbana News-Gazette-ში დაიწყო მუშაობა, სადაც სპორტზე წერდა სტატიებს. მალე ებერტი სკოლის გაზეთის The Echo-ს მთავარ რედაქტორად აირჩიეს. 1958 წელს, 16 წლის ასაკში, ილინოისის უმაღლესი სკოლის ასოციაციის ჩემპიონატი მოიგო საუკეთესო რადიო გადაცემის მომზადებისთვის.

ებერტმა ილიინოისის უნივერსიტეტში იმაზე ადრე ჩააბარა, ვიდრე მისმა თანატოლებმა. ჯერ კიდევ უმაღლესი სკოლის ბოლო კურსებს ამთავრდებდა, როცა პარალელურად უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა. სტუდენტობისას როჯერმა ადგილობრივ გამოცემა Daily Illini-ში დაიწყო რეპორტიორად მუშაობა, რამდენიმე წელიწადში კი მისი რედაქტორი გახდა.

პირველი კინო მიმოხილვა ებერტმა 1961 წლის ოქტომბერში, 19 წლის ასაკში დაწერა The Daily Illin-ისთვის. ეს იყო ფედერიკო ფელინის ფილმი „დოლჩე ვიტა“.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ როჯერმა მაგისტრატურაზე გააგრძელა სწავლა, რომლის ფარგლებშიც ერთი წელი გაცვლითი პროგრამით ქეიფ თაუნის უნივერსიტეტში გაატარა. ებერტს სწავლა არც მაგისტრის დიპლომის აღების შემდეგ შეუწყვეტია. მან ჩიკაგოს უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე ჩააბარა. პარალელურად კი სამსახურის ძებნა დაიწყო, რომ თავის რჩენა შესძლებოდა. 1966 წელს როჯერ ებერტი Chicago Sun Times-ში აიყვანეს რეპორტიორად. ასე დაიწყო მისი 47-წლიანი თანამშრომლობა გამოცემასთან.

ერთი წლის შემდეგ გაზეთიდან მთავარი კინოკრიტიკოსი ელიანორ კინი წავიდა, რედაქტორმა კი მის ადგილზე ებერტი დანიშნა. როჯერი ცოტა ხანში მიხვდა, რომ სწავლა და აქტიურად წერა ერთად არ გამოსდიოდა და გადაწყვიტა, უნივერსიტეტისთვის თავი დაენებებინა და კინოკრიტიკაზე ფოკუსირებულიყო. თუმცა, 1968 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტს კვლავ მიუბრუნდა, ამჯერად ლეტქორის ამპლუაში. მას შემდეგ ებერტი აქ წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს კინოს შესახებ. პარალელურად კი, აქტიურად წერდა ახალ ფილმებზე და მალე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა ამ სფეროში. მის შეფასებას ახალ გამოსულ ფილმზე ყველა მოუთმენლად ელოდა: როგორც რეჟისორები, ისე მაყურებლები.

1975 წელს როჯერ ებერტი პირველი კინოკრიტიკოსი გახდა, ვისაც პულიცერის პრიზი მიანიჭეს კრიტიკის მიმართულებით. ამავე წელს ებერტმა და Chicago Tribune-ის კინოკრიტიკოსმა, ჯინ სისკელმა ჩიკაგოს საზოგადოებრივ ტელევიზიისთვის გადაცემების მომზადება დაიწყეს. ყოველკვირეულ შოუში ავტორები ფილმებს მიმოიხილავდნენ და საკუთარი ვერდიქტი გამოჰქონდათ. მათი დუეტი მალევე გახდა პოპულარული.

წლების განმავლობაში კინოკრიტიკოსებმა რამდენიმე ტელევიზია გამოიცვალეს, თუმცა შოუ თითქმის უწყვეტად გადიოდა, სანამ 1999 წელს სისკელი არ გარდაიცვალა. ვიდრე პროდუსერები მის შემცვლელს ნახავდნენ, ცოტა ხანი ებერტს გადაცემა მარტო მიჰყავდა. 2000 წლიდან კი მისი პარტნიორი Chicago Sun Times-ის მესვეტე, რიჩარდ როეპერი გახდა. შოუს “ფილმები ებერტთან და როეპერთან“ დაარქვეს, მოგვიანებით კი უბრალოდ „ფილმები“.

ტელევიზიის პარალელურად როჯერ ებერტი აქტიურად აგრძელებდა წერას გაზეთისთვის. 80-იანი წლებიდან მან წიგნებზე მუშაობაც დაიწყო. ებერტი 20-ზე მეტი წიგნის ავტორია, მათ შორისაა ბესტსელერები: მემუარული ჟანრის “Life itself” და მარტინ სკორსეზეზე დაწერილი წიგნი „Scorsese by Ebert”.

1992 წელს, 50 წლის ასაკში, ებერტმა იურისტ შაზ ჰამმელსმიტზე იქორწინა და სიცოცხლის ბოლომდე მასთან ერთად ცხოვრობდა. კინოკრიტიკოსის ვებგვერდის და მისი ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი დღეს სწორედ ჰამმელსმიტია.

2005 წელს როჯერ ებერტი პიველი კინოკრიტიკოსი გახდა, ვისაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

2002 წელს ებერტს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. წარმატებულმა ოპერაცის შდეგად განიკურნა, თუმცა, ოთხი წლის შემდეგ დაავადებამ ისევ იჩინა თავი და ამჯერად ექიმებს მის გადასარჩენად ქვედა ყბის ნაწილის მოჭრა მოუხდათ. ებერტს ლაპარაკის უნარი წაერთვა. ამის გამო ტელეწამყვანობას თავი დაანება და კიდევ უფრო აქტიურად მიჰყო წერას ხელი.

2010 წელს, კომპიუტერული ხმოვანი სისტემის საშუალებით ებერტს ხმა დაუბრუნეს. ამავე წელს ის ოპრა უინფრის შოუში იყო სტუმრად, სადაც საკუთარ მდგომარეობაზე, კინოზე, მუსიკასა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ორი წლის შემდეგ კინოკრიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა, თუმცა ის კინო მიმოხილვებს სიცოცხლის ბოლო დღეებამდე წერდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით როჯერ ებერტმა ახალი პროექტიც კი დაანონსა. თუმცა, ბოლო დღეებში მისი მდგომარეობა ძალიან გართულდა და საკუთარ ვებგვერდზე წერილი გამოაქვეყნა, რომ შეუძლოდ ყოფნის გამო დროებით საქმიანობის შეწყვეტას აპირებდა.

როჯერ ებერტი 2014 წლის 4 აპრილს, 70 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. იმავე წელს მის შესახებ დოკუმენტური ფილმი „Life itself“ გამოვიდა. რეჟისორმა, სტივ ჯეიმსმა გადაღება ჯერ კიდევ ებერტის სიცოცხლეში დაიწყო. ფილმი კინოკრიტიკოსის კარიერასთან ერთად მისი ცხოვრების ბოლო პერიოდსაც აღწერს და მისი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ინტერვიუებსაც მოიცავს, რაც განსაკუთრებით საინტრესოს ხდის ნამუშევარს.
კატეგორია: მედიაგარემო
წინასაარჩევნო პერიოდი მედიისთვის ყოველთვის გამორჩეულად აქტიურია. ჟურნალისტებს განსხვავებულ რეჟიმში უწევთ მუშაობა და ასეთ დროს არსებული პრობლემები და გამოწვევები უფრო ინტენსიურად იჩენს ხოლმე თავს.

საქართველოს სხვადასხვა ცენტრალურ და ადგილობრივ მედიაში მომუშავეები ამბობენ, რომ გასული წლების მსგავსად, კვლავ რჩება პრობლემად არჩევნებში მონაწილე სუბიექტებთან კომუნიკაცია და მათგან ინფორმაციის მიღება. თუმცა, 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ახალი გამოწვევაც გაჩნდა, ე.წ. Fake news-ების სიმრავლე.

ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთის” რედაქტორი დათო ქოქოშვილი ამბობს, რომ სხვა გამოწვევებთან ერთად, ამ არჩევნებზე ჟურნალისტების დიდი დრო და ენერგია ე.წ. Fake news-ების გადამოწმებას მიჰქონდა: “უამრავი ხმაურიანი fake news თუ მანიპულაცია ვრცელდება კანდიდატების წინააღმდეგ და ამის გადამოწმებაში მიდის ბევრი დრო და რესურსი. უამრავი გვერდია შექმნილი როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო, შემდეგ ამბები უკვე მედიითაც ვრცელდება. არ ვამბობ, რომ რაიმე დიდი პრობლემა შეგვექმნა ჩვენ, უბრალოდ ტრენდია ამ არჩევნების. ამ ყველაფრის გადამოწმება გიწევს და გამოწვევა არის ცხადია მედიისთვის, რომ რაიმე ტყუილს ან მანიპულაციას არ წამოეგო”.

იგივე პრობლემაზე საუბრობს ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძე.

„უკვე მეორე წელია შტატებში Fake news ერთ-ერთ მთავარ საარჩევნო მანიპულაციად განიხილება. მისი გავლენა წელს ჩვენთანაც აქტიურად გამოჩნდა. გაურკვეველი საიტებისა და ფეისბუკის გვერდების გარდა, მაუწყებლებისა და ოფიციალური პირებისგანაც არაერთხელ მოვისმინეთ გადაუმოწმებელი, არასწორი ინფორმაცია”, - ამბობს იგი.

ჟურნალისტები და რედაქტორები ამბობენ, რომ გასული წლების მსგავსად, კვლავ პრობლემა იყო კანდიდატებთან კომუნიკაცია.

„ტაბულას“ რედაქტორი, სალომე უგულავა ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ კარგად ონლაინ მედიის გავლენას. მისი თქმით, ისინი ონლაინ გამოცემებს ნაკლებ დროსა და ყურადღებას უთმობენ და მთელს რესურსს ტელევიზიებისკენ მიმართავენ: „როცა ბრიფინგი ან პრესკონფერენცია იგეგმება, ისევ სატელევიზიო განრიგზეა მორგებული. თითქმის ყველაფერი კამპანიებში ტელევიზიაზეა აწყობილი. მართალია, ადამიანების უმრავლესობა, განსაკუთრებით უფროსი თაობა, ინფორმაციას ისევ ტელევიზიიდან იღებს, მაგრამ მათი ნაწილი უკვე ონლაინ სიახლეებსაც აქტიურად ეცნობა. ახალგაზრდებისთვის კი ონლაინ და ციფრული მედია გახდა ინფორმაციის უპირველესი წყარო. თან, ზოგჯერ შეიძლება აქედან უფრო ადრე გაიგოს ამბავი ადამიანმა, ვიდრე ტელევიზორიდან. ამიტომ, კარგი იქნება, პრიორიტეტებს თუ გადახედავენ“.

On.ge -ს რედაქტორი გელა ბოჩიკაშვილი ამბობს, რომ სწორედ ეს დამოკიდებულებაა მიზეზი, რის გამოც ონლაინ გამოცემებს ორიგინალური კონტენტი იშვიათად აქვთ და ძირითადად პოლიტიკოსების სატელევიზიო გამოსვლებისა და გამონათქვამების ახალ ამბად ქცევა უწევთ: “მათგან კომენტარის მიღება საკმაოდ რთულია. პირდაპირ უარს არ გეუბნებიან , მაგრამ საბოლოოდ მაინც თავს არიდებენ. მაგალითად, გვინდოდა ასეთი ფორმატის ინტერვიუები გაგვეკეთებინა პირველი ტურის დროს - შაბლონური კითხვები კანდიდატებს. იყო შეკითხვები სხვადასხვა თემებზე, სადაც კარგად გამოჩნდებოდა მათი ხედვები. ეს კითხვები გავუგზავნეთ 6 კანდიდატს: ზურაბიშვილს, ვაშაძეს, ბაქრაძეს, ნათელაშვილს, უსუფაშვილს და ჯაფარიძეს. მათაგან მხოლოდ ორმა, უსუფაშვილმა და ჯაფარიძემ გვიპასუხეს”.

გაგზავნილ კითხვებზე პასუხის მიღების გარდა, ისევ გამოწვევად რჩება პირდაპირი კომუნიკაცია კანდიდატებთან. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ამ არჩებნებზე განსაკუთრებით რთულად მისაწვდომი რესპონდენტი “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია.

„ლიბერალის“ ჟურნალისტის ნათია ამირანაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ: „ვეკონტაქტებოდით მისი პიარის სამსახურის წარმომადგენელს. გადავუგზავნეთ კიდეც შეკითხვები, მაგრამ პასუხები არც ამ ფორმით მიგვიღია. სპორტის სასახლეში გამართულ შემაჯამებელი შეხვედრაზეც მივედით, მაგრამ არც იქ დაგვითმო დრო“.

კომუნიკაციის ამგვარი პრობლემა მედიის მუშაობას განსაკუთრებით ართულებს იმ შემთხვევაში, როდესაც ამა თუ იმ კანდიდატთან, მისი პიროვნების, ან განცხადებების გამო, ბევრი შეკითხვა არსებობს.

„არაერთხელ ყოფილა, როცა სკანდალური, საკამათო, ან ბუნდოვანი განცხადება გაუკეთებია [სალომე ზურაბიშვილს. რედ.] და შემდეგ მიდის ინტერპრეტაციები რა იგულისხმა. ყოველთვის ვცდილობთ მასთან დავაზუსტოთ და პირადად განმარტოს რაც თქვა, თუმცა, თითქმის არასოდესაა ხელმისაწვდომი. როდესაც ცალკე ვერ ვახერხებთ მასთან საუბარს, რადგან უარს ვიღებთ, ანონსებშიც ვეძებთ ხოლმე სად მიდის იმ დღეს. თუმცა, იქაც ძირითადად უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე მისთვის არასასურველ თემაზე“, - ამბობს სალომე უგულავა.

სალომე ზურაბიშვილი ყველაზე რთულად ხელმისაწვდომი კანდიდატია ტელევიზიებისთვისაც.

“ბრიფინგი თუ ჩაატარა, მხოლოდ იმაზე საუბრობს რაც თავად აქვს სათქმელი, დამატებით შეკითხვებს არ პასუხობს. სადმე ღონისძიებაზე თუ მივედით, რომელსაც ესწრება, იქაც ძირითადად თავს არიდებს კომენტარის გაკეთებას”, - გვეუბნება ლუკა ხაჩიძე.

ლუკა ხაჩიძეს ერთ-ერთ გამოწვევად მიაჩნია სპიკერების სიმწირეც. მისი თქმით, გადაცემებში, თემის მიუხედავად, ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები დადიან სასაუბროდ. როგორც ირკვევა, წინა წლების მსგავსად, კვლავ რთული მოსაპოვებელია ინფორმაცია კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ. ეს პრობლემა წელს განსაკუთრებით რეგიონებში გამოჩნდა.

„ბათუმელების” რედაქტორი ნანა კვაჭაძე ამბობს, რომ მათთვის არც სალომე ზურაბიშვილის და არც გრიგოლ ვაშაძის შტაბს არ მიუწოდებია ინფორმაცია ვიზიტების შესახებ. ამის გამო ჟურნალისტებს ძირითადად საკუთარი წყაროებიდან უწევდათ შეხვედრების შესახებ დეტალების მოძიება. კვაჭაძე ასევე იხსენებს, რომ უშუალოდ არჩევნების დღეს განსაკუთრებული პრობლემა იყო ჟურნალისტების ურთიერთობა კოორდინატორებთან, რომლებიც ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილი მათდამი და რამდენჯერმე კონფლიქტური სიტუაციაც კი შეიქმნა.

„ბათუმელებს“ კომუნიკაციის წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის შტაბთანაც: „მათგან ვერ მივიღეთ ინფორმაცია წინასაარჩევნო ხარჯების შესახებ, ერთდღიანი ლოდინის შემდეგ გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად აუდიტისთვის მიგვემართა. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღესაც ძალიან აქტიურად ეკონტაქტებოდა ჟურნალისტებს და აწვდიდა მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. თუმცა, ამის მიუხედავად ვერ შევძელით ამ პარტიის წარმომადგენლის, ლევან ვარშალომიძის ჩაწერა არჩევნების შესახებ”.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
2018 წელს პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავი აღინიშნება. 1914 წლის ივლისში დაწყებული ომი 1918 წლის 11 ნოემბერს, გერმანიის დანებებისა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ზავის დადების შემდეგ დასრულდა. კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და სისხლიანი ომის დასრულება, იმდროინდელი გამოცემების მთავარი თემა იყო.

The New York Times:

„შეთანხმება ხელმოწერილია, ომის დასასრული!
ბერლინი რევოლუციონერების ხელშია. ახალი კანცლერი წესრიგს ითხოვს. განდევნილი იმპერატორი კი ჰოლანდიას აფარებს თავს”


Los Angeles Times

„მშვიდობა - მსოფლიო ომი დასრულებულია, გერმანიამ დაზავების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი“

 

The Daily mirror

„დემოკრატიის ტრიუმფი უკანასკნელ ავტოკრატებზე“

 

The Daily Telegram

„მსოფლიო ომი დამთავრებულია.
დამარცხებული გერმანია ზავის პირობებზე თანხმდება და საბრძოლო მოქმედებები ყველა ფრონტზე წყდება



The Detroit Free Press

“ზავი ომს ასრულებს.
მტრის არმია და საზღვაო ძალები ნებდებიან. საომარი მოქმედებები დღეს დილით, 6 საათზე შეწყდა“



Chicago Daily Tribune

„დიდი ომი დასრულებულია“


The Evening world

„ომი დამთავრებიულია! 
რევოლუციამ მთელი გერმანია მოიცვა. კიელის მებრძოლებმა მთელი საზღვაო არმია დაიპყრეს“


The Seattle Stars


“მშვიდობა. დიდი მსოფლიო ომი დასრულებულია“


The Evening Standard

„ომის დასასრული. გერმანია ხელს აწერს ჩვენს პირობებს.
ბრძოლა დღეს 11 საათზე შეწყდა“


Vancouver Daily Sun

„მშვიდობა! გერმანია ნებდება, მოკავშირეების ვინაობა უკვე ოფიციალურად ცნობილია“