კატეგორია: ბლოგი

“კითხვები დამთავრებულია” - ჟურნალისტების ნაცვლად გადაწყვიტა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და მათ ზურგი აქცია. ის 21 აპრილს პანკისის ხეობაში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირების შემდეგ ჩავიდა, ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთს გაჩერდა. შემდეგ ადევნებულ ჟურნალისტს გაღიმება ურჩია და თქვა: "მუშაობის საშუალებას მომცემთ?" 


alt

ჟურნალისტებთან კომუნიკაცია საჯარო მოხელეების სამუშაოს ნაწილად ჩვენთან არასდროს აღიქმება არც ჩვეულებრივ, მშვიდ დღეებში და არც კრიზისული ვითარებისას. როდესაც ისეთი ამბავი ხდება, როგორიც 21 აპრილს პანკისში დაპირისპირება, 2017 წლის 22 ნოემბერს ბერი სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია თუ 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობა იყო, საზოგადოებას ინფორმაცია სჭირდება. ჟურნალისტებიც ცდილობენ მომხდართან დაკავშირებით რაც შეიძლება მეტი დეტალი მოძიონ ყველა შესაძლო ხერხით. შევლენ ყველგან, სადაც შეუშვებენ, ჩაწერენ ყველას, ვინც გამოჩნდება იქნება ეს ადგილობრივი მოსახლე თუ საჯარო პირი. შეეცდებიან განიხილონ ყველა ვერსია, თავად ჩაატარონ გამოძიება და აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან იმ დროს ყველა სხვა თემაზე მომზადებული ამბავი არარელევანტურად ჩანს. ვერ გაუშვებენ ეთერში მხატვრულ ფილმს ბედნიერ ცხოვრებაზე, სერიალს ოჯახურ დრამაზე თუ რამე გასართობ გადაცემას, მაშინ, როდესაც ერთ-ერთ რეგიონში მოსახლეობა და სპეცრაზმი ერთმანეთს ურტყამს ანდა შუა ქალაქში სპეცოპერაცია ლამის მთელი დღე ტარდება. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჟურნალისტებს უხარიათ უწყვეტად ეთერში ყოფნა ანდა სტატიების მომზადება, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოება იყოს დროულად ინფორმირებული.

კრიზისული ვითარებისას დაზუსტებული ინფორმაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მიღებულმა ინფორმაციას შეიძლება მყისიერად შეცვალოს ადამიანის ქცევა. მაგალითად, დატოვოს საცხოვრებელი ადგილი, გაიაროს ქუჩაზე, რომელიც უსაფრთხო ჰგონია ანდა პირიქით, არაფერი გააკეთოს იმის იმედით, რომ ამბავი მას არ შეეხება. აღარაფერს ვამბობ პანიკის დათესვაზე და მასების მობილიზებაზე. ამ დაზუსტებულ ინფორმაციას ჟურნალისტი შესაბამის უწყებებიდან უნდა იღებდეს. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს საკომუნიკაციო სტრატეგია თუ როდის რა ფორმით აწვდის მედიას ინფორმაციას.

ბოლო პერიოდში მსოფლიო მედიას არაერთი კრიზისული სიტუაციის, ტერორისტული აქტის თუ სხვა ტიპის ოპერაციების გაშუქების დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ძალიან მარტივი სანახავია, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში ოფიციალურ უწყებებებს გამოყოფილი ჰყავთ პირი, რომელიც მედიას პროაქტიულად აწვდის ინფორმაციას თუ რას და როგორ აპირებს ხელისუფლება, რა დაზუსტებული ცნობები აქვთ მომხდარის შესახებ, აკეთებენ განმარტებებს, აწვდიან ინსტრუქციას მედიას სამუშაო არეალის შესახებ, რათა არ შევიდნენ იქ, სადაც უსაფრთხო არ არის მათთვის და ამასთან ხელი არ შეუშალონ ოპერციის მიმდინარეობას. იქ მედიასთან ურთიერთობა სამუშაოს ნაწილია, ჩვენთან მინისტრგაკიდებულ ჟურნალისტს აქეთ ამადლიან რამდენიმე წამიან სინქრონს.

მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ამბისას ჟურნალისტების საინფორმაციო ვაკუუმში დატოვება ხელს უწყობს დაუზუსტებელი ცნობების, ვერსიების, ვარაუდების, სპეკულაციების გავრცელებას. როდესაც რელევანტური რესპონდენტი არ ჩანს, ჟურნალისტი იძულებულია, მას დაუსვას კითხვა, ვინც შემოხვდება, შედეგად მაგალითად, კრიმინალურ თემაზე შეიძლება მოვისმინოთ განათლების ანდა გარემოს დაცვის მინისტრის, დეპუტატის, ოპოზიციის თუ მავანის მოსაზრებები, რომელთაც ფაქტობრივი ინფორმაცია არ აქვთ. მერე ჟურნალისტებს აკრიტიკებენ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების გამო, ერთი და იმავე ცნობების გამეორების თუ ისეთი კადრების გამოქვეყნებისთვის, რაც აუდიტორიის აზრით, ოპერაციის მიმდინარეობას ხელს უშლიდა.

მედიას ცხადია აქვს თავისი პასუხისმგებლობა, ეთიკური სტანდარტები, წესები, რისი შესრულებაც მისი ვალდებულებაა, მაგრამ შეცდომების თავიდან აცილება და ზიანის შემცირება შესაძლებელია ანგარიშვალდებული ხელისუფლების პირობებში, როდესაც პროაქტიულად აწვდიან ინფორმაციას და გაღიმებას არ ურჩევენ ჟურნალისტებს კითხვებზე პასუხის ნაცვლად.

კატეგორია: ბლოგი
მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამი ჟურნალისტი დაიბარა. გადაწყვიტა, რომ გამოჩნდეს სამ რეიტინგულ არხზე და იქვე განსაზღვრა ვისგან უნდოდა კითხვების მოსმენა. სიგნალის გადაცემის უზრუნველყოფაც თავის თავზე აიღო. ფაქტობრივად, სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე არხების გაერთიანებული ტოქშოუ დაგეგმა და ფორმატიც შეიმუშავა.

პირველი წინააღმდეგობა დასაწყისშივე შეექმნა - სამიდან ორმა ტელეკომპანიამ უთხრა, რომ მათი გადასაწყვეტია ვინ დასვამს კითხვას, ამიტომაც  ინტერვიუზე სხვა ჟურნალისტები გაუშვა.

"გასაოცარი დემოკრატიის" ქვეყნებში თანამდებობის პირები, ქვეყნის მმართველები, პრესკონფერენციებს მართავენ და შერჩევით არ ეძახიან მედიას, რადგან არსებობს ანაგარიშვალდებულება ამომრჩეველთან, საზოგადოებასთან. ასეთ ქვეყნებში არ ამადლიან ჟურნალისტებს კითხვაზე პასუხს, არ ჩნდებიან მხოლოდ იმ არხზე, სადაც "ნეგატივი" არ დახვდებათ. თუნდაც უხერხულ და უსიამოვნო კითხვებზე პასუხი იქ საჯარო პირების სამსახურის ნაწილია, იმიტომ, რომ ჟურნალისტები აუდიტორიისთვის საინტერესო საკითხებზე სთხოვენ პასუხს. საჯარო პირები მონოლოგის რეჟიმში არ საუბრობენ, არ მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტებთან მათ უნდა წაიყვანონ დისკუსია - ზუსტად იციან მედიის როლი.

არ უგეგმავენ მედიას ისეთ ტოქშოუს, სადაც მოდერატორი რესპონდენტია და თავად განსაზღვრავს რომელი მედიასაშუალებიდან კონკრეტულად რომელმა ჟურნალისტმა უნდა დასვას კითხვა, რადგან თავმოყვარე მედია ამ პირობაზე არ დათანხმდება. ჭკუას არ ასწავლიან ჟურნალისტებს, არ უკითხავენ ლექციას და არ ჰპირდებიან, რომ პიარ ჯგუფთან კონსულტაციის შემდეგ მცდელობას არ დააკლებენ, რომ ამ ტელეკომპანიაში “განსხვავებული აზრი შევიდეს.”

თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს მაინც იზამენ, “გასაოცარი დემოკრატიის” ქვეყნებში ეს ფაქტები მედიაზე ზეწოლად, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად აღიქმება. ყველა მედია გაერთიანდება, დაახლოებით ისე, როგორც ეს ამერიკაში გააკეთეს.

და რადგანაც არ ვართ "გასაოცარი დემოკრატიის" ქვეყანა, ჩვენთან ზემოთ აღწერილი ქმედებები სრულიად ბუნებრივია მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის. აქ პრობლემად მხოლოდ ფიზიკურ ზეწოლას აღიქვამენ, როგორც ჩანს. რადგანაც ასეთ ვითარებაში ვიმყოფებით, მედია იძულებულია დასთანხმდეს იმ კაცთან ინტერვიუს (თუნდაც მის მიერ შემოთავაზებული ფორმატით), ვის მიმართაც ყველაზე მეტი კითხვა არსებობს და სულაც არ თვლის თავს ვალდებულად პროაქტიულად უპასუხოს ხოლმე ყველა კითხვას. სამაგიეროდ მედია გრძნობს პასუხისმგებლობას - სცადოს მაინც კითხვების დასმა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

ეს რესპონდენტის მიერ განსაზღვრული ტოქშოუ მერე თუნდაც იმად ღირს, რომ გაიგო როგორ ესმის ქვეყანაში პოლიტიკის წარმმართველს მედიის ფუნქცია, როგორ არ მოსწონს, როცა ჩაეძიები, ჩაეკითხები. კითხვებზე პასუხის ნაცვლად ასეთი შეხვედრის დროსაც მონოლოგს და "ნეგატივის" გარეშე საუბარს როგორ ელის. როგორ უწევთ ჟურნალისტებს მუდმივად შენიშვნების მიღება, ერთგვარად საქმის გარჩევა მათ მიერ მომზადებულ პროდუქტზე. "დამელოდეთ", "კულტურა იხმარეთ" - ასეთი შენიშვნები უფრო შერბილებულადაც კი ჩანს, თუკი ბიძინა ივანიშვილის წინა წლების ინტერვიუებს გადავხედავთ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მედიის "ჭირხვნა" პირველივე პრესკონფერენციიდან დაიწყო.

აი, იმ პრესკონფერენციებს თუ გავიხსენებთ, თუნდაც სულ ბოლოს, 2016 წელს, სადაც 11 ჟურნალისტი და მაუწყებელი იყო წარმოდგენილი, ბევრი რამე თვალსაჩინო გახდება - მაგალითად, როგორ გაქრა ბაზრიდან რამდენიმე მათგანი და ვერ მივიღეთ ხელისუფლების მიერ ხშირად ნახსენები მედიაპლურალიზმი. იმ ჟურნალისტთაგან ნაწილი საჯარო სამსახურში წავიდა, ერთი დეპუტატი გახდა და მხოლოდ ერთეულები არიან ისევ ეკრანზე.

23 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე სამწუხარო ერთი ფრაზა თქვა „დღეს რომ გამორთო რუსთავი 2, ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ვერ ნახავთ“
კატეგორია: ბლოგი
რამდენიმე შემთხვევა მახსოვს:

2012 წლის 18 სექტემბერს ის ვიდეო გავრცელდა, მერე „ციხის კადრები“ რომ ვუწოდეთ. საღამოს 7 - ზე დაიწყო გამოქვეყნება. მთელი ქალაქი იმ ღამესვე გარეთ გამოვიდა, მედია საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელმა მეორე დღემდე მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. არ გაუშუქებია.

2015 წლის 13 ივნისს საღამოს სტიქია დაიწყო. ათეულობით ადამიანი დაზარალდა, 21 კი -გარდაიცვალა. წყალდიდობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ღამის 12 საათისთვის დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვა არხებთან შედარებით ადიდებულ მდინარესთან ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მდებარეობდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საკუთარ მაყურებელს ქუჩების დატბორვის შესახებ მხოლოდ ღამის 03:10 წუთზე ამცნო, მაშინ როდესაც სხვა ორი კერძო არხი უკვე ეთერში იყო.

2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მასშტაბური ტერაქტი მოხდა. ეს ის დროა, შეჩვეულები რომ არ ვართ ჯერ ტერაქტების სერიებს. მაშინ მთელი მსოფლიოს თემა იყო. იმ ღამეს, პირველ საათზე ტერაქტზე მხოლოდ „რუსთავი 2-მა“ დაწერა საკუთარ საიტზე. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მომხდარის შესახებ საკუთარი საიტით მეორე დღის 10 საათზე ამცნო აუდიტორიას. იმ დღეს ეთერში შესვლა ყველა მაუწყებელმა დააგვიანა. საზოგადოებრივი ამ დაგვიანებულებს შორისაც არ იყო პირველი.

2017 წლის 2 ივლისი - ხანძარი გაჩნდა ელიავას ბაზრობაზე. იმ საღამოს პირდაპირ ეთერში საგანგებო რეჟიმში იმუშავა ყველა ძირითადმა არხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა. მათ ინფორმაცია მხოლოდ ვებსაიტის მეშვეობით გაავრცელეს. ეთერში ფეხბურთი გადაიცემოდა.

ხელმძღვანელობამ თქვა, რომ ფეხბურთს ვერ გაწყვეტდნენ, რადგან საერთაშორისო ვალდებულებაა და დაჯარიმდებოდნენ, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ კვირა დღე იყო, თანამშრომლები სახლში იყვნენ, თანაც „სასპეცე“ ამბად არ მიიჩნიეს.

„სასპეცე“ არის ყველა ამბავი, რომელიც ეხება ათეულობით ადამიანს და ამის გამო იმსახურებს სპეციალურ გამოშვებას მაუწყებლისგან. სინამდვილეში მაყურებელს არ აინტერესებს ვინ ზის „სუპერდესკთან“ თუ „სუპერთეიბლთან“, ჯარიმდები თუ არა, მეორე არხი ისევ სატელიტზეა თუ ჩახსნილი გაქვს. მას ინფორმაცია სჭირდება და ვალდებული ხარ შეასრულო შენი ფუნქცია. ეგებ გიღირდეს ჯარიმის გადახდაც, ნდობის მოპოვების ხარჯზე.

თუ საჭიროა ტიტრიც უნდა გამოუჩნდეს ფეხბურთის მაყურებელს, გვერდით ფანჯარაც, იქვე წარწერაც, რომ მატჩს ვერ ვწყვეტთ, მაგრამ ვართ მეორე არხზე, ტაიმებს შორის პირველ არხზეც, ვებზეც, რადიოშიც, ყველგან, სადაც საჭიროა იმისათვის, რომ იყო ინფორმირებული. იმიტომ, რომ ჩვენ საზოგადოებისთვის ვმუშაობთ. მხოლოდ ვებსაიტის მუშაობას ნამდვილად არ სჭირდება მილიონები. ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი ყველა პლატფორმის სრულფასოვნად მუშაობისთვის იხარჯება საზოგადოების გადასახადებიდან.

არადა ისე ხდება, რომ რატომღაც კერძო არხები ხშირად ასწრებენ, მაინცადამაინც სხვისი ჟურნალისტი აღმოჩნდება ხოლმე შემთხვევით წყალდიდობის ეპიცენტრში, კვირა დღე სხვა ყველა არხისთვის ორშაბათი გამოდგება და ადვილად გადიან საგანგებო გამოშვებით ეთერში.

სწორედ საინფორმაციო გამოშვება არის ის, რითიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეიძლება კონკურენცია გაუწიოს კერძო არხებს. დროული და მიუკერძოებელი ინფორმაცია ქმნის ნდობას მის მიმართ, რაც ძალიან რთული პროცესია და საგანგებო სიტუაციები არის სწორედ ის გამოცდა, რომლის ჩაბარების შემდეგ, უფრო ადვილად მოიპოვებ ამ ნდობას. როგორ აშუქებ ექსტრემალურ სიტუაციას, რამდენად აღმოგაჩნდება სწრაფად რეაგირების უნარი, მიხვდები რომ „სასპეცეა“ და იქნები პირველი, გადმოართვევინებ ყველას შენთან. ეს არის შანსი მედიისთვის.

როცა დაგჭირდა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ ინფორმაციის მიღება და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აღმოჩნდა შენ გვერდით, როცა მეორედაც გაგიცრუა იმედი, როცა მესამედაც ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე, როცა ამ საგანგებო მოვლენებს შორისაც დიდად არაფრით გამოირჩევა მისი მუშაობა, საზოგადოებრივზე აღარ გადართავ, აღარ გჯერა, რომ ამჯერად მაინც გაართმევს თავს. ის შენიანი აღარ არის.
კატეგორია: ბლოგი
სულ ბოლოს დათო მჭედლიძეს არ გადააღებინეს, ხელი აუკრეს კამერაზე, იმის წინ ვარლამ წიკლაური ფაქტობრივად, გამოაგდეს თვითმმართველობის შენობიდან, უფრო ადრე რუსთავი 2-ის ოპერატორს გაარტყეს, კორცხელისმაგვარ ამბებს, აი გინება და ქვა რომ ერთდროულად მოდის, აღარ გავიხსენებ, ასეთ დროს შედარებით ნათელია ხოლმე და ძალადობაც ადვილი დასაგმობი. აღარც იმას ჩავყვები ხან მანქანის დასაჯახებლად რომ გაიწევენ და ხანაც სავახშმოდ შესულ ჟურნალისტს მაგიდას უტრიალებენ.

მოძალადეები სხვდასხვები არიან, პოლიციელი, ადგილობრივი თვითმმართველობის რომელიღაცა დეპარტამენტის რომელიღაცა თანამშრომელი, აქციის მონაწილე, გაბრაზებული მოქალაქე, პარტიული თუ უპარტიო. აი ასე, მოუნდებათ და ხან კამერაზე აუკრავენ ხელს, ხან დაუყვირებენ, ხან გამოაგდებენ, ხან ჩაარტყამენ თითქოს ჟურნალისტები პირადი საქმისთვის ყოფილიყვნენ მისულები.

აბა საჯარო მოხელისთვის არ აუხსნიათ ანგარიშვალდებულების პრინციპები. პოლიციელს კი აი იმ ფორმით მინიჭებული ძალაუფლება სძლევს ხოლმე. არც ის იქნება უცნაური სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი რომ არ ჰქონდეს წაკითხული, იქ წერია, ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლა რომ ისჯება. ამათ შემდეგ რა გასაკვირია რიგითმა მოქალაქემაც რომ არ იცის, რატომ არ უნდა შეუშალოს ხელი ჟურნალისტს. არ უნახავს ვინმე ამის გამო დასჯილი.

ეგ კი არა, ხელშეშლა რა არის, ხშირად ამაზეც დავობენ. შტატივი დაკეცილი, ინტერვიუ უკვე დასრულებული იყო თუ არა და აშ. მიდის დეტალებში ჩაღრმავება. ბოლოს იქამდე დავიდა დისკუსია, თუ ნაცემმა მასალის გადარჩენა და ეთერში გაშვება მოახერხე, ხელშეშლა აღარ არის, ცემის მუხლით უნდა დაიწყოს გამოძიებაო, იმ თემაზე მუშაობის შიში თუ გაგიჩნდა, საერთოდ ჟურნალისტობა თუ აღარ მოგინდა ამ ამბის მერე, აღარავის აინტერესებს. სხვანაირად მოაზროვნე ხალხია იურისტები.

ამასწინათ მირჩიეს, გზამკვლევი გააკეთე სამართალდამცავებისთვის როგორ ეურთიერთონ მედიას. დავფიქრდი, რა შეიძლება ჩამეწერა ამ დოკუმენტში გარდა ერთისა - ჟურნალისტები საზოგადოებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად იმყოფებიან ადგილზე და არა პირადი ინტერესის გამო, ისინი ისევე ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას როგორც თქვენ, თუ კანონს არღვევენ, ხელს გიშლიან, არ შეიძლება გადაღება, მაშინ აუხსენით, არ დაუყვირთო და არ ჩაარტყათ - მეთქი, სხვა რა უნდა დამეწერა.

ძალიან სევდიანი ამბავია, ეს ძალიან ლოგიკური რამე რომ ასახსნელი გვაქვს ვინმესთვის. საჯარო მოხელეებისთვის რომ გვაქვს სათქმელი მედიის კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულების შესახებ, მოქალაქეებს რომ უნდა გავაგებინოთ, მედიის ბრალი არ არის მათი პრობლემები. არადა რამდენჯერ მოუსმენიათ კრიმინალი კი არ გაიზარდა, მედია აშუქებს ასე, ნეპოტიზმი არ ყოფილა, ინტრიგანმა ჟურნალისტმა მოიგონა, ტენდერი წესის მიხედვით ჩატარდა, მედია ვიღაცის ინტერესს ატარებს, იმიტომ გამოჩხრიკა ეს ამბავი და ასე დაუსრულებლად. ყველაფერი ხშირად ჟურნალისტებს ბრალდებათ. მოდი და გაგიკვირდეს ახლა მათ მიმართ წასული აგრესია.

ამიტომაც სანამ ამგვარი რიტორიკა მედიის მიმართ არ შეიცვლება, სანამ ძალიან ცალსახა და მკაფიო მესიჯი არ მივა საზოგადოებამდე, რომ ჟურნალისტისთვის ხელშეშალა არ შეიძლება არამხოლოდ იმიტომ, რომ კანონით არის აკრძალული, არამედ იმიტომ რომ ინფორმაციის მიღების გარეშე უბრალოდ ვერ ვიარსებებთ, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ პოზიტივი არ არის და შესაძლებელია მავანთათვის უსიამოვნოც იყოს, მანამდე ყოველთვის იქნება კამერის დამტვრევის და დარტყმის არც თუ იშვიათი შემთხვევები.

იყო ერთი ამერიკელი სოციოლოგი და პოლიტიკოსი - დანიელ მოინიჰანი, რომელმაც თქვა - „თუ ქვეყნის გაზეთები ივსება კარგი ახალი ამბებით, იმ ქვეყნის ციხეები ივსება კარგი ადამიანებით“. ჭკვიანი კაცი იყო დანიელი.
კატეგორია: ბლოგი
ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების მიხედვით, საინფორმაციო გამოშვებაში გასული ყველა ამბავი შერჩეული უნდა იყოს რედაქციის მიერ, მედიასაშუალება თავად უნდა წყვეტდეს, რომელი მოვლენა არის საზოგადოების ინტერესის საგანი და საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად წყვეტდეს რა გავიდეს ეთერში და რა - არა. სწორედ ამას ისახავს მიზნად „მაუწყებლობის შესახებ კანონის 661-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”.

მაუწყებელმა აუდიტორია შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ კონკრეტული ინფორმაცია იმიტომ მოხვდა საინფორმაციო გამოშვებაში, რომ მას აქვს საინფორმაციო ღირებულება და არა იმიტომ, რომ რომელიმე უწყებამ თანხა გადაიხადა ეთერში მოსახვედრად.

თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს და ამბობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება „საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით“. სწორედ ამ ჩანაწერით ხდება გამართლება ეთერში დაფინანსებული სიუჟეტების გაშვებისას.

2016 წლის 28 მარტს „მედიაჩეკერმა“ გამოაქვეყნა სტატია “კონტრაქტები ტელემედიას ხელისუფლებისგან”, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რეგიონული ტელევიზიებისგან მომსახურებების შესყიდვას ეხებოდა. სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტები მედიასაშუალებებისგან საინფორმაციო გამოშვების დროსაც ყიდულობენ. მაგალითად, რუსთავის გამგეობამ „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ (რუსთავი) საინფორმაციო გამოშვებების საეთერო დრო შეიძინა. ხელშეკრულება სენაკის გამგეობასა და ტელეკომპანია „ეგრისს“ შორისაც დაიდო. ტელეკომპანიის ხელმძღვანელი მედიაჩეკერთან საუბარში ამბობდა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში სიუჟეტები საინფორმაციო გამოშვებებშიც გადიოდა.


მაშინ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაადასტურა, რომ კანონით დაუშვებელია საინფორმაციო გამოშვებების და საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემების ნებისმიერი ფორმით დაფინანსება მესამე პირების მიერ. იქვე დაგვპირდა, რომ ამ საკითხს შეისწავლიდნენ.

მოგვიანებით, მარეგულირებელმა საკითხი მართლაც შეისწავლა და დასკვნაში მხოლოდ კანონის მუხლი გაიმეორა, აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ „ეგრისისა“ და „ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიის“ სატელევიზიო მომსახურების შესყიდვა „არ ჩაითვლება კანონდარღვევად თუ აღნიშნული მოხდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით“.

რამდენად არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაც ამ კონტრაქტის ფარგლებში ეთერში რეალურად გადის?

„ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის" გენერალური დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბარისას ამბობდა:

“ვაშუქებთ, მაგალითად მერი გავიდა და მოსახლეობას შეხვდა. ვწერთ მერს და ვწერთ კმაყოფილ ან უკმაყოფილო მოსახლეობას. ძირითადად ასეთია. ასევე ტოკ-შოუში დროს ყიდულობენ და მოდიან”.

სენაკის მუნიციპალიტეტთან 20 ათას ლარიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ „ეგრისის“ დირექტორი მერაბ ჩიქობავა ამბობს, რომ გამგეობამ ამ ტენდერით საინფორმაციო გამოშვებაში სიუჟეტების გაშვებაც შეისყიდა:

“ვაშუქებთ რაღაც-რაღაცებს რაც ხდება სენაკში, საინფორმაციოში სიუჟეტებს ვაკეთებთ. ყველანაირი სიუჟეტი შეიძლება იყოს. მაგალითად, გზები რომ კეთდება, ახალი რამე რომ გაიხსნება, სტუმარი ჩამოვა და ა.შ. საინფორმაციოში ვუშვებ და ისედაც ვუშვებ, თვითონ აკეთებენ, თავისი გადაცემები მოაქვთ”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ჩიქობავა.

არის თუ არა მოსახლეობასთან მერის შეხვედრა, გზების გაკეთება, სტუმრის ჩამოსვლა და რეგიონში მომხდარი „რაღაც-რაღაცეები“ საზოგადოებრივად იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ მის გასაშუქებლად მართებულია კანონის გამონაკლისის გამოყენება? - კომისიის დასკვნის მერეც გაუგებარი რჩება.

როგორ სრულდება კანონი პრაქტიკაში, ასრულებს თუ არა მიზანს და რა გავლენას ახდენს მედიაბაზარზე ამგვარი კონტრაქტების ფარგლებში მომზადებული მასალები, ეს ჯერ არ შესწავლილა.

მანამდე კვლავ ფორმდება სახელმწიფო სტრუქტურებთან „მომსახურების შესყიდვით“ დასათაურებული ხელშეკრულებები სადაც ასეთ პირობებსაც ამოიკითხავთ:

„მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს საქმიანობის ამსახველი სიუჟეტების საინფორმაციო გამოშვებაში გაშვება; ტელეკომპანიის საეთერო ბადეში არსებულ თოკ შოუებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლების მიწვევა (პირდაპირი ეთერი ან ჩანაწერი); ტელეკომპანიის ეთერში, თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ გასულ გადაცემებში თვითმმართველობის თანამშრომლების არაქონებრივი უფლებების (პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია ან პირადი ინფორმაციის შემლახავი ცნობა) დაცვა“.

მაყურებელს კვლავაც ეგონება, რომ თავად ტელევიზიამ გადაწყვიტა მაგალითად ტოქ-შოუს თემა, სტუმრები და ეთერში გადაცემული ინფორმაციაც საზოგადოების ინფორმირებისთვის მნიშვნელოვანია. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, წარწერა დაფინანსების შესახებ ეკრანზე არსად ჩანს.
კატეგორია: ბლოგი
მთავრობის სხდომა კანცელარიაში მე-12 სართულზე იმართება. იმ დარბაზში ერთი კარიდან შედიან და გამოდიან მინისტრები. ამ კართანვეა ერთ მხარეს ლიფტი და მეორე მხარეს ჩასასვლელი კიბე. ჰოდა, რა გასაკვირია ჟურნალისტებიც მე-12 სართულის ამ რამდენიმე კვადრატულ მეტრში წლების განმავლობაში მოთმინებით რომ იცდიდნენ საათობით. ერთადერთი ადგილი იყო, სადაც აუცილებლად გამოივლიდა მინისტრი. კომენტარის გაკეთება თუ არ უნდოდა, ლიფტის კართან მაინც დააწევდი კითხვას, იმას მაინც აჩვენებდი/დაწერდი როგორ არ გპასუხობს, რა რეაქცია ჰქონდა.

გახსოვთ ალბათ ჭყლეტვაში ლიფტის ფონზე ჩაწერილი მინისტრები, იმავე ლიფტის კარში მოყოლილი მიკროფონები, კიბეზე ჩამავალ მინისტრს გამოკიდებული ჟურნალისტები და შუაში ჩამდგარი დაცვა.

მე-12 სართული ჟურნალისტებისთვის დაიხურა. 2016 წლის იანვრიდან ახალი წესი ამოქმედდა - ჟურნალისტები მედიაცენტრში ჩაიყვანეს, კომფორტულ პირობებში. იატაკზე ჯდომა აღარ უხდებათ, ყავაც არის და კომპიუტერიც, მინისტრის კომენტარი მხოლოდ სურვილისამებრ - როცა თავად მინისტრი გადაწყვეტს, მაშინ ჩავა ჟურნალისტებთან, შეთანხმებულ საკითხზე ისაუბრებს, კადრიც შეიძლება უკეთესი იყოს, სამაგიეროდ აი, ის მინისტრი აღარ ჩამოვა აი, იმ საკითხზე, რის გამოც მიკროფონის ლიფტში გაჭედვა და კიბეებზე დაცვასთან ჭიდილი გჭირდებოდა. მთავრობის პრესსამსახურმა თქვა, მთავრობის სხდომა დახურულია ისედაც და ახალი წესით არაფერი იცვლებაო. არდა, იცვლება - ახლა შენს მასალაში იმასაც ვეღარ იტყვი, კითხვაზე რომ არ გიპასუხა, არც კი დაგისვამს, რანაირად უნდა თქვა. დახურულ შეხვედრაზე დასწრებას არავინ ითხოვს.

პრესსამსახურებს ჩვეულებად ექცათ კომენტარის თხოვნისას „წერილობით მოგვმართე“ პასუხი. მინისტრისთვის კითხვის წერილობით მიმართვა და მისი ლოდინი კი დაახლოებით ისეთია - პასუხი გქონდეს და პასუხი არ იყოს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თუ არ უნდა საერთოდ არ გიპასუხებს, ან თუ გიპასუხებს არაფრის მთქმლი შეიძლება იყოს და დაზუსტების საშუალება აღარ გქონდეს, მერე მეორეც, როდის გიპასუხებს კაცმა არ იცის, შენ კიდევ მედია ხარ, მკვლევარი კი არა და მეორე დღეს შენთვის თემა კვდება.

არსებობს ასეთი სიტყვა - ანგარიშვალდებულება, რაც ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარებას გულისხმობს. არა ყოველწლიურს პარლამენტში, რიგითი მოქალაქე რომ ვერასდროს ხვდება, რას განიხილავენ, არამედ მყისიერად, ყველა იმ საკითხზე, რაზეც კითხვები ჩნდება. საზოგადოების ამ კითხვებს კი ჟურნალისტები სვამენ. რა მნიშვნელობა აქვს მე-12 თუ მესამე სართულზე. იარონ მაშინ მინისტრებმა მესამე სართულზე მედიაცენტრის გავლით და პრესსამსახურის არაფრისმთქმელი კადრების ამარა ნუ დატოვებენ ჟურნალისტებს. ალბათ, ეჭვი არავის ეპარება, რომ მესამე სართულზე ჟურნალისტების ჩაყვანის მთავარი მიზანი მინისტრების უხერხული მდგომარეობის თავიდან აცილებაა. აბა ვის სიამოვნებს არასასურველ თემაზე კითხვის დასმა, ან იმის ყურება როგორ გარბის კადრიდან.

მთავრობის პრესსამსახურმა ისიც თქვა, რომ მედიას არ ეკრძალება მე-12 სართულზე ასვლა. მათ გადაადგილებას მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ხელს არავინ უშლის, უბრალოდ ინტერვიუს ვერ ჩაწერს. იმ სართულზე ლიფტის ნოსტალგია არამგონია ვინმეს ჰქონდეს და მესამესა და მე-12-ს შორის უსაქმოდ “გადაადგილება” უნდოდეს. მედიის საქმიანობის ხელის შეშლა მიანცდამაინც თავში ჩარტყმას არ ნიშნავს. ხელის შეშლაა კითხვის დასმის საშუალებასაც რომ არ გაძლევენ. თუ მას პასუხის მიღების საშუალება არ ექნება, იძულებულია პრესსამსახურის მიერ გადაღებული კადრები არჩვენოს. ყველა არხზე ერთნაირი კადრები უკვე გვინახავს, პრინციპში.

P.S. იტალიელი დინო ბუცატის მოთხრობა “შვიდი სართული” რამ გამახსენა. იქ მეშვიდედან პირველზე ჩასვლა სიკვდილს უდრის.
კატეგორია: ბლოგი
უნივერსიტეტში მომზადებული ერთი-ორი (ან უფრო მეტი) სტატია შეადგენს ხოლმე მთელ ჟურნალისტურ გამოცდილებას, როცა რომელიმე რედაქციაში სტაჟიორად აგიყვანენ. პირველ დღეს ზიხარ უსაქმოდ და აცეცებ თვალებს. ძალიანაც არ გინდა უაზროდ ჯდომა, მზად ხარ, ყველაფერი გააკეთო, რასაც დაგავალებენ, მაგრამ არავინ გაქცევს ყურადღებას. „ფეისბუქზეც“ ვერ შედიხარ, ემანდ, არ თქვან, გასართობად მოვიდაო. ყველას თავისი საქმე აქვს, გგონია, მათთან ინფორმაცია თავისით მიდის. გარბიან, გამორბიან. შენ ზიხარ.

მერე გეუბნებიან, ხვალ თათბირისთვის რამე თემა მოიფიქრეო. მოდიხარ სახლში და ფიქრობ, ისეთი შეარჩიო, თან რედაქტორსაც რომ მოეწონოს და თან მართლა კარგად დაწერა შეძლო. ფიქრობ და სტუდენტური ამბების იქით არაფერი გახსენდება. სოციალური თემებიც გადამღერებულია, ყველამ ყველაფერი დაწერა, ამ გაჭირვებაზე ახალი რა უნდა თქვა. მეილზე ერთი პრესრელიზიც არ გაქვს (არც ერთ უწყებასთან შეხება არ გქონია აქამდე), პირადად არავის იცნობ, შენი ჯგუფელების უმრავლესობა სტაჟიორებიც არ არიან, შესაბამისად, ვერ დაგეხმარებიან. რამდენიმე საათიანი უშედეგო ქექვის მერე ორ თემას არჩევ - განათლებას და ჯანდაცვას უკავშირდება.

მიდიხარ პირველ თათბირზე newsroom-ში და შენი რიგი რომ მოვა, რედაქტორი კითხვებით გჭედავს. შენ ხომ რესპონდენტების სახელებიც კი არ იცი ჯერ. რედაქტორის უკმაყოფილო სახის დანახვისას თვითშეფასება კიდევ უფრო გიქვეითდება. იმ დღესაც რჩები რედაქციაში იმ იმედით, რომ სადმე ჟურნალისტი დააკლდებათ და შენ გაგიშვებენ შავ საქმეზე მაინც.

არადა, რა მარტივად იქნებოდა საქმე, ის ელექტრონული ბაზები რომ გცოდნოდა, სადაც შესვლა და ქექვა მოქმედ ჟურნალისტებსაც ავიწყდებათ მიმდინარე ამბებზე გადართვის გამო.

აი, მაგალითად, მთავრობის დადგენილებები და განკარგულებები. პირველივე გვერდზე ნახავდი, რომ შეიცვალა სოციალური დახმარების მიმღებ პირთა წრე. იქვე მოძებნიდი ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2014-2015) შესრულების შუალედური ანგარიშსაც. ან კიდევ იმას შეამჩნევდი, რომ ხობის მუნიციპალიტეტს ერთი მილიონი ლარი გამოუყვეს. მერე იტყოდი, რომ გამოითხოვ საჯარო ინფორმაციას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გადარიცხული თანხების შესახებ და კარგ მასალას მოამზადებდი.

იმასაც ჩაინიშნავდი, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სახელფასო ფონდი შეიცვალა. მერე საკანონმდებლო მაცნეში შეიხედავდი და ნახავდი, რომ ჯერ არ გამოქვეყნებულა დანართი და შემდეგი თათბირისთვის ჩაინიშნავდი, შეადარებდი, გაიზარდა თუ შემცირდა სახელფასო ფონდი და საშტატო განრიგი.

ამის შემდეგ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შეხვიდოდი, გამარტივებულ ანდა პირდაპირ შესყიდვებსაც ჩახედავდი და ნახავდი, რომ შპს „სტადიონმა“ ბათუმში 27 მილიონ ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა საავადმყოფოს ასაშენებლად, ბათუმის მერია კი 20 მილიონად "ჭაობის დასახლების” ქუჩის კეთილმოწყობას აპირებს.

მერე ადგებოდი და ტენდერში მონაწილე კომპანიებს მოქექავედი სამეწარმეო რეესტრში, სადაც ყველაფერია კერძო კომპანიების შესახებ, მფლობელები, დირექტორები, მათი შეცვლა- დანიშნვის ოქმები, ნასყიდობის ხელშეკრულებები. განმცხადებლებით კი ბევრი რამე შეიძლება აღმოაჩინო, მაგალითად, რომელი კომპანიები გადავიდნენ სახელმწიფო მფლობელობაში, რომელ მსხვილ კომპანიას შეეცვალა დამფუძნებელი. მერე ამ ტიპების კავშირს ახლობლებთან დაადგენდი ცესკოს ამომრჩეველთა ერთიანი სიით. რა იცი, ვისი ოჯახის წევრი აღმოჩნდეს.

თანამდებობის პირების ქონებას დეკლარაციების ვებგვერდზე გადაამოწმებდი, შეადარებდი, რა შეიძინეს ამ წლების განმავლობაში.

ან შეხვიდოდი სამინისტროების ვებსაიტზე და ნახავდი ასეთ განყოფილებას “საჯარო ინფორმაცია”, აღმოაჩენდი, რომ ყველა სამინისტრო მალე გამოაქვეყნებს მესამე კვარტლის ანგარიშებს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის რეკლამის განთავსების შესახებ, ამასაც მოინიშნავდი შემდგომი თათბირისთვის.

ყველაზე მარტივად კი opendata.ge-ს, საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზას გახსნიდი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უკვე გამოთხოვილ ათასობით ინფორმაციას გადაათვალიერებდი და შეუძლებელია რამდენიმე თემა მზად არ გქონოდა უკვე.

მაგრამ ამ ბაზების არსებობის შესახებ არავის უთქვამს შენთვის და შენც გჯერა, რომ ინფორმაცია მხოლოდ თავისით მიდის ჟურნალისტთან.
კატეგორია: ბლოგი
2007 წლის 7 ნოემბერი არ მახსოვს.

იმ დროს უნივერსიტეტში ვსწავლობდი და მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ძალადობა არის ცუდი. ამიტომაც 7 ნოემბრიდან მხოლოდ დარბევის კადრები, თარგამაძის „მოვიდნენ“ და „ყველაფერი კარგად იქნება“ მახსოვს. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად არ იყო, თუმცა რა დააშავა მაუწყებელმა ისეთი, რომ მისი გათიშვა და ჟურნალისტების ცემა გახდა საჭირო, არ ვიცოდი.

სტუდენტებს ფიქრი გვეზარებოდა ან არ გვქონდა იმდენი ცოდნა, რომ პრობლემა სიღრმისეულად დაგვენახა. ამ ამბის ანალიზი თავისი კონტექსტის ახსნით, არც ლექტორებს შემოუთავაზებიათ. რამდენიმე თვის მერე ვწერდით საშინაო დავალებებს, როგორ ემთხვეოდა ამბების თანმიმდევრობა ერთმანეთს ყველა არხზე. არ მოგვწონდა, ძირითადად იმიტომ, რომ მოსაწყენი გვეგონა სანახავად. ამაზე ღრმად მაშინ არ წავსულვართ.

მერე გვიან გავიგე ასეთი ტერმინი „ფულის ჩასხმა“. არ ვიცოდი, რა იყო. მომერიდა იქ კითხვა. ჩემ გარდა ყველამ იცოდა, რას ნიშნავდა. იმ დღიდან სხვანაირად დავიწყე მედიის ამბების თვალის დევნება.

ჩვენთან პოლიტიკური პარტიის მთავარ ბერკეტად მედია მიიჩნევა. ამიტომაც ვისაც კი პოლიტიკაში მოსვლის პრეტენზია აქვს, მედიას იმეგობრებს, ყიდულობს, აფუძნებს, რა მნიშვნელობა აქვს ფორმას, მთავარია მისი გავლენის ქვეშ იყოს. იყენებს საკუთარ რუპორად და საუბრობს იმაზე, რაც მხოლოდ მის ინტერესშია და არა - მაყურებლის. ამის შემდეგ მედისასაშუალების რეიტინგიც ეცემა ხოლმე და თავად პოლიტიკოსიც კარგავს ქვეყანაში არსებული სიტუაციის აღქმას.

სწორედ ამიტომ პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან ბრძოლას მათდამი ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებების დისკრედიტაციითა და განეიტრალებით იწყებენ. რთულია, მოისმინო საგნობრივი პოლემიკა ან კრიტიკა რაიმე სახელმწიფო მნიშვნელობის თემაზე, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საკითხის განხილვაზე თითქმის არასდროს უპირისპირდებიან საარჩევნო პროგრამით. სამაგიეროდ ხშირია ჟურნალისტებზე გადაბრალება კარგი ამბებისაც და ცუდისაც, გააჩნია ვის რა ინტერესი აქვს. ამ ქვეყანაში ყველაფერი მედიის გაშუქების ბრალია.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უკვე რამდენიმე მაგალითი გვაქვს, რომელიც ცხადად აჩვენებს, რომ მედიის, როგორც პოლიტიკური ძალის იარაღად აღქმა არასწორია. იარაღად აღქმული მედიის ინტერესები რეალურად არავის აინტერესებს. აი, ის ადამიანები, ვინც იქ მუშაობენ, ხშირად ექსტრემალურ სიტუაციებში, ვინც მართლა ყბადაღებულ „წვიმასა და ქარში დარბის“ იმისთვის, რომ ინფორმაცია გაავრცელოს, თამაშგარე მდგომარეობაში არიან.

ამიტომაც არის რომ ზოგჯერ ისე იხურება არხი, კომპენსაციებსაც არავინ უხდის თანამშრომლებს, გადაცემის გაუქმება შეიძლება სადმე შვებულებაში მყოფმა გაიგო, ან გითხრან, რომ მალე გავა ეთერში შენი საგამოძიებო ფილმი, გადაიღო რამდენიმე და თაროზე შემოდებული დარჩეს, სულ ტყუილად გეგონოს, რომ რეალურად მუშაობ. ან სულაც, არხზე დაგეგმილი ცვლილებების შესახებ კოლეგა ჟურნალისტისგან გაიგო. ანდა, ისეც მომხდარა, არავინ რომ არ გხვდება პირადად და ერთი მესიჯით გიშვებენ სამსახურიდან.

მათი ბედი სადღაც ზემოთ მავანთა მსჯელობისას წყდება. იმათ კიდევ ყველაზე მეტად სწორედ რედაქციების გაძლიერება არ უნდათ. იმიტომ რომ ძლიერი რედაქცია ავტონომიური ხდება. რთულია მისთვის მითითებების მიცემა, აქვს თავისი სარედაქციო პოლიტიკა და მოქმედებს მის შესაბამისად, აქვს მაყურებლის ნდობა, ვითარდება სტაბილურად, არ სჭირდება მავანთა ფული და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მაყურებლის წინაშე.

არადა, არავის სიამოვნებს სხვის მიერ შედგენილი „ვიორსტკით“ მუშაობა. უბრალოდ ზოგი უფრო პრინციპულია, ზოგი ნაკლებად, ვიღაცას აქვს იმედი, რომ შეცვლის რამეს, ვიღაცას არა, იმას უფრო მეტი კრედიტი აქვს, ამას - ნაკლები. და რადგან დაჟინებით ვიმეორებთ ფრაზას „თუ არ მოგწონს, წადი“ იმ იმედით, რომ ყოველთვის აღმოჩნდებიან მავანთაგან დავალებულები და რადგანაც, ერთიანი ღირებულებები და პრინციპები არასდროს გვქონია, ვრჩებით ბერკეტად, რომელსაც საჭიროებისამებრ უპრობლემოდ იყენებენ.
კატეგორია: ბლოგი
როცა მედიის თვითრეგულირებასა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაზე საუბარს ვიწყებ, ყოველთვის ერთ კითხვას მისვამენ - თუ დაარღვია რომელიმე მუხლი, რატომ არ ისჯება ჟურნალისტი, მხოლოდ გადაწყვეტილების გამოტანას რა მნიშვნელობა აქვს? აუდიტორიის ტიპს მნიშვნელობა არ აქვს, ყოველთვის ასე ხდება. აენთებათ ხოლმე თვალები და სანქციების ათასგვარი იდეა მოსდით თავში, თუმცა მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლება და ხელფასის დაქვითვა უდავოდ ლიდერობს.

მედიის დასჯის სურვილის ნაკლებობას არც პოლიტიკოსები განიცდიან - უფრო შორს მიდიან და შიგადაშიგ ან ბოიკოტის გამოცხადების, ანდა კანონით შეზღუდვის იდეა წამოსცდებათ ხოლმე. მერე, რა თქმა უნდა, ახსენდებათ გაზეპირებული ტექსტი, რომ მედიის/გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია, და იწყებენ ახსნას, როგორ ვერ გაიგო მედიამ რისი თქმა უნდოდათ. არადა რა მიხვედრა ამას უნდა, თუკი რომელიმე სიუჟეტში რამე არ მოეწონებათ, რიგითი მოქალაქიდან დაწყებული - თანამდებობის პირებით დამთავრებული,უმრავლესობას მედიის სანქცირების სურვილი უჩნდება.

ისეც ხდება, უბრალოდ ცუდად გაკეთებული, უგემოვნო მასალები რომ ეთიკის სტანდარტის დარღვევა ჰგონიათ ხოლმე და ისევ სანქცირებას ითხოვენ.

ეთიკური სტანდარტები ყველა პროფესიას აქვს, მაგრამ არ მახსენდება სფერო, სადაც ამ ნორმების დარღვევის გამო საზოგადოებას ასეთი ვნება ჰქონდეს რომელიმე მათგანის დასჯის. ალბათ იმიტომ, რომ არც ერთი სხვა პროფესიის ყოველდღიური საქმიანობა ხალხის თვალწინ ასე არ ჩანს.

მედიის მიერ დაშვებული შეცდომა თვითრეგულირების საკითხია და არა რეგულირების. ეს ორი ცნება კი ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება. მარტივად რომ ვთქვათ, პირველ შემთხვევაში ჟურნალისტები აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას და შეთანხმებული წესების დაცვის ვალდებულებას იღებენ. რეგულირებისას კი გარეშე სტრუქტურებს აძლევ იმის საშუალებას, რომ შენს საქმეში ჩაერონ და სანქცია დაგიწესონ.

საქართველოში თვითრეგულირების ორი მექანიზმი არსებობს - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და თვითრეგულირების ორგანო, რომელიც ყველა მაუწყებელს აქვს შექმნილი ორგანიზაციის შიგნით. არც ერთი მათგანი სანქცირებას არ ითვალისწინებს. ქარტია დარღვევას უბრალოდ აფიქსირებს, თვითრეგულირების ორგანო კი მაუწყებელს ავალებს ინფორმაცია უარყოს ეთერში იმავე დროს, რა დროსაც არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, შესაძლებელია, თავად მედიასაშუალებას ჰქონდეს რაიმე რეგულაცია, რომლის მიხედვითაც „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დარღვევის გამო გარკვეულ სანქციას უწესებდეს ჟურნალისტს.

რეგულირება ნიშნავს იმას, რომ სხვას ანიჭებ უფლებას ჩაერიოს შენს საქმეში და მანიპულაციის საშუალებასაც უტოვებ. მედიის წინააღმდეგ მანიპულაციას კი რა შედეგი მოაქვს, ყველამ კარგად იცის.

სინამდვილეში მედია ისჯება, თანაც იმაზე ხშირად, ვიდრე რიგით მაყურებელს წარმოუდგენია. მაშინაც, როცა ქარტიის საბჭო დარღვევას ადგენს, იმ შემთხვევაშიც თუ თვითრეგულირების ორგანო შესწორებას დაავალებს და მაშინაც, როცა საერთოდ არავინ უჩივლებს.

შეცდომების დაშვებას მაყურებელი არ პატიობს მედიას. ყველაზე დიდი საბჭო სწორედ ხალხია, რომელიც ყოველთვის ამჩნევს უზუსტობასაც, მიკერძოებასაც, უსამართლობასაც. რამდენიმე დარღვევის შემთხვევაში კი მკაცრად სჯის მას - უბრალოდ აღარ ენდობა.

მაყურებლის ნდობა ფუნდამენტია, რაზეც მედია დგას, ნდობადაკარგული გამოცემის არსებობას აზრი არ აქვს.

სწორედ იმიტომ, რომ ნდობა არ დაკარგოს,მედია ცდილობს თვითრეგულირებით გააძლიეროს პროფესიონალიზმი. იქამდე, სანამ აუდიტორიის განწყობა შეიცვლება, თავად შიგნით მოაგვაროს პრობლემა, გამოასწოროს შეცდომა. ვინაიდან პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობას მოაქვს ნდობა, ნდობა კი სიძლიერე და ხელშეუხებლობაა.

ჰოდა, საკუთარ შეცდომებზე პასუხს მედია ყოველთვის აგებს ხოლმე იმაზე მწარედ, ვიდრე ერთი ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება ან ხელფასის დაქვითვაა.
კატეგორია: ბლოგი
17 სექტემბერს „რუსთავი 2-ის" ეთერში „პროფილი“ სხვა პროფილით გავიდა. დაანონსებული სახეცვლილება მართალი გამოდგა - წამყვანმა იმ ღამეს მხოლოდ პრობლემაზე ილაპარაკა.

წლების განმავლობაში ტაშფანდურს, ანდა სხვათა უბედურების კომიკურად წარმოჩენას მიჩვეულმა მაყურებელმა, საკითხზე კონცენტრირებული გადაცემა იხილა. რეიტინგი როგორი ჰქონდა არ ვიცი, მაგრამ მე მხოლოდ დადებითი კომენტარები მოვისმინე.

არადა, მანამდე გადაცემის ავტორები მუდმივად გვეუბნებოდნენ, იმას ვაკეთებთ, რაც საზოგადოებას სურსო. თუ არ მოგწონს გადართეო, არ გადამირთავს, გაუმჯობესებას ვითხოვდი.

17 სექტემბრის გადაცემაში კი სწორედ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ვნახე იმ თემისადმი, რაც ამგვარ შოუებში ხარვეზის გარეშე ვერ შუქდებოდა. სექსუალური ძალადობა სწორედ ის თემა იყო, სადაც ვითომ პრობლემაზე საუბრისას სხვათა უფლება ილახებოდა და სტერეოტიპები მყარდებოდა.

როგორც ჩანს, „რუსთავი 2“ მიხვდა, რომ სიყვითლე ზედმეტად დიდი დოზითაა ეთერში, აკი მონოლოგის დროსაც თქვა მაია ასათიანმა, ამ ნიშას სხვას ვუთმობო. საქმიანი, საზოგადოებრივ საკითხებზე ორიენტირებული ეთიკური გადაცემა კი, რომელიც პრობლემას ფართო ჭრილში ხედავს, ჩვენს ეთერში ძნელად თუ ვინმეს გაახსენდება. ამიტომაც გასაგებია „რუსთავი 2-ის" სტრატეგია.

წუხელ მსხვერპლი ბავშვის ახლობლები ზურგით დასვეს მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიცირების წინააღმდეგნი არ იყვნენ - ბავშვის ინტერესს ვითვალისწინებთო;

ძალადობის მსხვერპლი ქალი დაფარეს - მის უსაფრთხოებას ვიცავთო;

ისტორია არ მოაყოლინეს - დეტალები არ გვაინტერესებსო (იდენტური ამბავი ამავე გადაცემაში ბევრჯერ მოგვისმენია, შვილი იქვე ეჯდათ, როცა ქალი საკუთარი გაუპატიურების ფაქტებს ყვებოდა ხოლმე);

მორალისტი მომღერალ, მოცეკვავე, გაურკვეველი საქმიანობით დაკავებული ადამიანების ნაცვლად პრობლემაზე პროფესიონალებმა ისაუბრეს;

„უი ეს რა დაგემართა“ ტონით არ დასმულა „რა იგრძენით“ ტიპის კითხვები;

წამყვანი არ იზიარებდა სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს, არ ყოფილა არაადეკვატური ბმა ბლოკებს შორის.

საზოგადოება, ცხადია, ამას ხედავს, და უნდა შეიმჩნიოს სწორედ იმიტომ, რომ გადაცემებს შორის კონკურენცია დაიწყოს ხარისხით და არა ერთი და იმავე ტიპების ეთერში ხშირად ჩვენებით, ეს კი მაყურებელსაც გაზრდის და მედიასაც. ჯაჭვია.

ერთმა თქვა, თუ ადამიანს მანქანა არ აჩვენე, ეგონება, რომ სულ ურმით უნდა იაროსო.

ჰოდა ამიტომაც, ახლა ნაკლებად მაინტერესებს სისხლის სამართლის კოდექსში „ეჭვმიტანილის“ ცნება რომ აღარ არსებობს, „ბრალდებულია“ და წამყვანი რომ არასწორი ტერმინს იყენებდა, (ადვოკატმაც იგივე გაიმეორა, წამყვნს რას ვერჩით), არც იმისთვის მიმიქცევია ყურადღება, ერთგან შესაძლოა სჯობდა „რეკონსტრუქცია“ მიეწერათ. მესმის მათი, ვისაც „პროფილის“ ტრანსფორმაციის არ სჯერა წარსული გამოცდილების გამო, მაგრამ მინდა, რომ მათი განწყობები მალე შეიცვალოს სწორედ იმით, რომ 17 სექტემბრის გადაცემა გამონაკლისი არ გამოდგეს.
კატეგორია: ბლოგი
იმ დღეს დეპუტატებმა ერთმანეთს უყვირეს.

იმ საღამოს „რეაქციას“ თავისი რეაქცია ჰქონდა ამ ფაქტზე - „დაპირისპირება პარლამენტში, დაპირისპირება პოლიტიკაში, დაპირისპირება საზოგადოებაში, დაპირისპირება ოჯახებში, დაპირისპირება ტრანსპორტში, დაპირისპირება სოციალურ ქსელებში, სიძულვილის ენით ერთმანეთთან დაპირისპირებული საქართველო. დღეს „რეაქციაში“, საღამოს ათ საათზე დისკუსია თემაზე - ორად გაყოფილი და მუდმივად დაპირისპირებაში მყოფი საზოგადოება, რომელიც მხოლოდ მაშინ ერთიანდება, როცა ქვეყანა კრიზისულ სიტუაციაშია“.

როგორც ყოველთვის, ანონსის ტექსტი იმდენად დრამატულია, რომ მეორედ მოსვლის შეგრძნებას ტოვებს. წამყვანი, რომელსაც განსაკუთრებული უნარი აქვს, სრულიად უწყინარ თემაზეც კი ისე შეარჩიოს რესპონდენტები, რომ ჩხუბის გარეშე საუბარმა არ ჩაიაროს, დაპირისპირებაზე გადაცემას ამზადებს. ამიტომაც ამ გადაცემას იმ დღეს უფრო მეტი ინტრიგა ჰქონდა ჩემთვის.

იმ საღამოს დაპირსპირებაზე მოსაუბრეები, სხვის გაუნათლებლობაზე ქილიკის პარალელურად, თავად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ამავე გადაცემაში. ტოკ-შოუ ჯერ დაწყებული არ იყო, ტელეწამყვანი გიორგი ნაღზაიძე და ჟურნალისტი ზაზა სვანიძე ფილოლოგ ლევან ღვინჯილიას დაეტაკნენ, თუ პირიქით. ორჯერ გადახვევა დამჭირდა იმისათვის, რომ გამეგო, ერთმანეთისგან რა უნდოდათ.

სტუდიაში ასევე ისხდნენ არჩილ გამზარდია, თამრიკო ჭოხონელიძე, რეზო მიშველაძე, გიორგი მელაძე და გიორგი მიქანაძე. პირადპირ ეთერში ჩართეს დეკანოზი თეოდორე გაგნიძე.

ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ამ გადაცემისთვის სტუმრებს ერთადერთი კრიტერიუმით არჩევენ - ვინ უფრო მეტად დაუპირისპირდება ერთმანეთს. პრაქტიკულად არც ერთ გადაცემას არ ჩაუვლია ყვირილის და ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე. ხელჩართული ჩხუბიც არაერთი გვახსოვს.

სტუმართა შერჩევის კრიტერიუმებზე ვფიქრობდი მაშინაც, როცა უმუშევრობაზე სასაუბროდ დასაქმებული თამარ ბელქანია უმუშევარ ეკა კვალიაშვილსა და ირმა სოხაძესთან ერთად დასვეს და სიტუაციის დასაზღვევად (ემანდ, ჩუმად არ ჩაევლო ყველაფერს) ბაკურ სვანიძეც მოიწვიეს.

როცა სტუმრების შერჩევასთან ერთად წამყვანი საკუთარი კითხვებით პროვოცირებას უკეთებს კამათს, მერე, როცა ყვირილს იწყებენ, არ აჩერებს არც ერთს და საბოლოოდ ჩხუბით მთავრდება ყველაფერი, დაპირსპირებაზე წუხილი ზედმეტად ყალბად ჩანს.

რეზო მიშველაძემაც საუბარი იმით დაიწყო, ისე მიგყავთ ხოლმე გადაცემა, მისი დასრულების მერე 15 წუთი ვძიგძიგებო.

არ ვიცი,ტოკ-შოუს სცენარში რა ეწერა, მაგრამ გადაცემის დასაწყისიდან დასასრულამდე ჟურნალისტმა მხოლოდ ერთი კითხვა დასვა - რატომ ვცხოვრობთ მუდმივი დაპირისპირების რეჟიმში? უფრო სიღრმეში აღარც წასულა. ყველა რესპონდენტი იმაზე წუხდა, როგორ ვერ იტანენ ქართველები ერთმანეთს.

ერთგვარი ილუსტრაცია გამოვიდა იმ „მეორედ მოსვლის“ ანონსში რომ დაიხატა. არადა, ჟურნალისტს პოლიტიკოსზე არანაკლები პასუხისმგებლობა აკისრია საზოგადოების წინაშე - მან არათუ ხელი არ უნდა შეუწყოს, არამედ პირიქით - თავიდან უნდა აირიდოს შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია, სიძულვილის ენა. მერე საკითხები სიღრმისეულად განიხილოს, გადაცემის თემას ფართო კონტექსტში შეხედოს და საქმიანად იმსჯელოს. გადაცემის ბოლოს კი მაყურებელმა უნდა გაიგოს, რა იყო პრობლემის არსი.

ამის გარეშე გადაცემას მხოლოდ ქრონომეტრაჟის შევსების ფუნქცია ენიჭება. ამასთან, ის კარგად იყოფა ეპიზოდებად სოციალურ ქსელში გასაზიარებლად.

ასეთ დროს კარგად ჩანს ხოლმე გადაცემის მთავარი მიზანი - რა არის მისი ამოსავალი წერტილი, აქვს თუ არა გამართული სარედაქციო მიმართულება და ძირითადი ფასეულობები, რის დამკვიდრებასაც ხელს უწყობს.

იმ საღამოს „რეაქციაში“ ცილისწამების და გინების დაუსჯელობაზე შეწუხდნენ, იმაზეც, რომ „კანონი რომ არ კანონობს“ ამ კუთხით. რამდენიმე წუთის განმავლობაში ორი სტუმარი სწორედ ამ საკითხზე კამათობდა.

ამ დროს წამყვანი გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას არც კითხვით და არც რეპლიკით არ შეხებია.
კატეგორია: ბლოგი
სპორტულ გამოცემებს რომ ვკითხულობ, სულ იმის განცდა მაქვს, თითქოს დრო გაჩერდა სადღაც 90-იანებში. არქაული ფრაზები, მოსაწყენი ტექსტები, მატჩის აღწერას მიყოლებული ფეხბურთელების კომენტარები და უცხოური გამოცემებიდან ნათარგმნი მასალები - სპორტულ ვებგვერდებზე ამგვარი კონტენტის გარდა სხვა ტიპის მასალის პოვნა ადვილი არ არის. ასე მგონია, ერთი სქემის მიხედვით წერს ყველა გამოცემა.

ტექსტები იმდენად მსგავსია, იმის გარჩევაც კი ჭირს, რომელია ჟურნალისტების მიერ შექმნილი ონლაინ გამოცემა და რომელი ამა თუ იმ სპორტის სახეობის ფანების ვებგვერდი.

ფაქტობრივად, შეუძლებელია მოკვლევითი მასალის, კარგი პროფაილის, თუნდაც, რეპორტაჟის პოვნა. ბევრი გამოცემა ჟურნალისტურ სტანდარტებს საერთოდ არ ცნობს ან თავისებურად იგებს.

ასე მგონია, სპორტული მედია განყენებულია ჟურნალისტიკის დანარჩენი ნაწილისგან. პროფესიულ ტრენინგებზეც არასდროს შემხვედრიან სპორტული ჟურნალისტები, თითქოს მათ არ სჭირდებოდეთ, მაგალითად, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, კანონმდებლობის ცოდნა, ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების მიზნობრიობის შესწავლა და ყველა ის კომპონენტი, რაც რიგითი ფანის ტექსტს ჟურნალისტურ პროდუქტად აქცევს.

სპორტულ მედიაში ყველაზე მეტად იგრძნობა ერთ ყალიბში მოქცეული ფრაზების და კლიშეების „ხიბლი“. მაგალითად, თუ წაუგებლად თამაშობს რომელიმე გუნდი, აუცილებლად დაწერენ, რომ „უდანაკარგოდ ირჯება“, თუ დამსახურებულად იგებს „გარჯა დაუფასდა“, ფეხბურთელმა ტრავმა რომ მიიღოს, იტყვიან, „დიდი ხნით დაისვენებსო“. ვერასდროს ვხვდებოდი, ჯვარედინი მყესების გაწყვეტა და რამდენიმე ოპერაციის გაკეთება დასვენებას რატომ ნიშნავს. კლუბიდან წასვლაზე „კარი გაიჯახუნაო“ წერენ. „ხელთ იგდეს უპირატესობა“ ან თამაში „გარდამავალი უპირატესობით წარიმართა“ - ამ ფრაზებს კი ყველა იმ შემთხვევაში იპოვით, თუ დაახლოებით თანაბარი დონის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეუსაბამო, ვითომ ორიგინალური სათაურებიც ქართული სპორტული მედიის სტილის მთავარი მახასიათებელია - „მილანი ვისია? უკვე მისტერ ბისია“, „არსენალს ერთი გოლი დააკლდა, ლევერკუზენს - ნერვები“, „გვარდიოლა იხტიბარს არ იტეხს“, „ანორთოსის ქართველები აინტერესებს - კაკაბაძე რეალურია, პაპუნაშვილი კი ვნახოთ“, „ძლიერებს ფეხი დაუცდათ“ - ლიდერის წაგებას ნიშნავს, „ცხინვალმა“ „დინამო“ დაარბია“ - ეს კი რეალურად 4:1 ანგარიშით მოგებას აღწერს. "ნაპოლიმ" "კალიარის" სამი უპასუხო გოლი მიართვა“ - არ ვიცი „მიართვას“ აქ რა კონოტაცია აქვს.

ფამილარული ტონი როგორც მოვლენის აღწერისას, ასევე სტატიის ტექსტებში, ჩვეულებრივი ამბავია. აი თუნდაც ასეთი -„ესეც მეოთხედფინალი! - გადაიდო, გადმოიდო, მაგრამ რეგულარული მაინც დასრულდა“ ან კიდევ ეს - "მანჩესტერ სიტი": საით, იაია?“- ამგვარად დასათაურება გამოცემამ იმ მასალაზე გადაწყვიტა, სადაც მატჩის მიმოხილვასთან ერთად საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ფეხბურთელი იაია ტურე სხვა კლუბში გადავიდეს სათამაშოდ.

სპორტულ მასალებში ჟურნალისტები დროდადრო „გამოხატავენ წუხილს“, ულოცავენ გამარჯვებას ქვეყნის ნაკრებს, შიგადაშიგ ასკვნიან, ვინ იმსახურებს ნაკრებში გამოძახებას, ყველაზე ხშირად კი მაინც საკუთარ დასკვნებს აკეთებენ:

„ახლა უილიამ სონიორ შემდგომ შეხვედრას გამოტოვებს და დაისვენებს. მოკლედ, მავნებლობას ჰქონდა ადგილი“.

„მართალია, კლასით "ბარსასთან" შეტოქება არ შეუძლიათ, მაგრამ ბრძოლის ჟინს რაღა ედგა წინ?“

„ტიმ შერვუდს არ უნდა წამყვანი ბელგიელი თავდამსხმელის კრისტიან ბენტეკეს გაშვება, მაგრამ თუ დაიჟინა, ძალით ვერ გააჩერებს და საკმაოდ ძვირად გაყიდის. იმას კი არ ამხელს, რამდენია ეს "ძალიან ძვირად".

"ლივერპულის" ბუნდოვანი მომავალი - მარიო ბალოტელის ყურება მოედანზე უკვე საცოდაობაა“.

სამაგიეროდ, ამგვარი სტილის სპორტულ გამოცემებს იმდენი სარეკლამო ბანერი აქვთ, სტანდარტების შესაბამისად მომუშავე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემები ახლოსაც ვერ მივლენ.