კატეგორია: ბლოგი

მედიაში და განსაკუთრებით სატელევიზიო მედიაში არსებული პრობლემები, ექსტრემალურ სიტუაციებში ზედაპირზე ამოდის და მკაფიოდ ჩანს. ფემიციდი ის საკითხია, რომლის გაშუქებაც ჯერ ისევ ვერ ისწავლა მედიამ. ცხადია არის რამდენიმე გამონაკლისი, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად მცირეა, რომ მათი ხმა იკარგება და არ ისმის.

სამწუხაროდ, მედიას ჯერ ისევ არ აქვს გაცნობიერებული მისი სოციალური პასუხისმგებლობა და ის, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, ამა თუ იმ პრობლემატურ საკითხებს, სწორედ მედიის პრიზმიდან ხედავს. ქართული მედიის უდიდესი ნაწილი ჯერ ისევ ვერ ხედავს და ჯეროვნად ვერ აფასებს საკუთარ როლს საზგადოებრივი აზრის, სოციალური ქცევის, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესში.

alt

  ფოტო: © RONALDO SCHEMIDT/AFP/Getty Images


დაახლოებით ერთი კვირის წინ, ხაშურში, ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა, ჯერ ყუმბარა ესროლა, შემდეგ გაქცეულს გაეკიდა და თავი იარაღის კონდახით გაუჩეჩქვა. მიზეზი ბანალურია, ვერ დამორჩლებულ და ვერ მანიპულირებულ ქალზე შურისძიება.

რა მიზანს შეიძლება ისახავდეს ჟურნალისტი, რომელიც ამ ტრაგიკული ფაქტის გასაშუქებლად მიდის? პირველადი მშრალი ინფორმაციის გადაცემის შემდეგ (სად? რა გარემოებაში? რა იარაღით? რომელ საათზე და ა.შ. ) რა უნდა აინტერესებდეს და რა აინტერესებთ, როგორც ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო გამოშვებების კორესპონდენტებს, ასევე ყვითელი პრესის ავტორებს?

ხაშურში მომხდარი ფემიციდის შემთხვევაში, ყველა საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტმა დაიწყო მეზობლებში, ნათესავებში სიარული და გარკვევა, რატომ მოკლა კაცმა ქალი. თითქოს არაფერი არალეგიტიმური აქ არ არის, რადგან ყველას უნდა იცოდეს მიზეზი. მაგრამ ჩვენ, ჟურნალისტები არ ვფიქრობთ იმაზე თუ რა პასუხი შეიძლება მოვისმინოთ, იმისათვის, რომ გასაგები გავხადოთ ეს მკვლელობა. რას ვიძიებთ? არის რამე რაც ამართლებს ამ მკვლელობას? დავუშვათ, რომ კაცმა ცოლს შეუსწრო საყვარელთან ერთად ლოგინში. ეს ალბათ ყველაზე უარესი ვერსიაა ხომ? თორემ საჭმელს არ უმზადებდა, პერანგს არ უუთოვებდა, ბევრს ტლიკინებდა, მოკლე კაბებს იცვამდა და ა.შ. „დანაშაულები“ ცნობისმოყვარე საზოგადოებისათვის არაფერია ფიზიკურ ღალატთან შედარებით. ვთქვათ კარგი გამომძიებლის ფუნქცია შევასრულეთ, მივაგენით მიზეზს და ვამხილეთ ქმრის მოღალატე ქალი, რას ვაკეთებთ შემდეგ, ან კი რას ვიღებთ შედეგად? ვაკმაყოფილებთ სეირის მაყურებელი საზოგადოების ინტერესს, თავად ვივიწყებთ ამ თემას, რადგან სხვა და ახალი თემები შემოდის ნიუსრუმში და ვტოვებთ მოკლულ და შეურაცხყოფილ მსხვერპლს, რომელიც ქმარმა ფიზიკურად მოკლა და ახლა ჩვენ, მედიამ მისი ცხედარი ამ სეირის მაყურებელ ხალხს მივუგდეთ საჯიჯგნად.



პატრიარქალურ კულტურაში სადაც ქალი აპრიორი დამნაშავეა და მოთვალთვალე საზოგადოება მისი სიკვდილის შემთხვევაშიც კი მიზეზებს მასში ეძებს, მედია სწორედ ამ აუდიტორიის დაკვეთას ასრულებს. ვერცერთი ტელევიზია ვერ გაექცა ამ კითხვებს და ყველამ ამცნო მაყურებელს, რომ „საქმეში მესამე პირი იკვეთება“.

altსინამდვილეში რა არის მედიის ფუნქცია და პასუხისმგებლობა, რა უნდა იყოს მისი მიზანი და რა კითხვებს უნდა სვამდეს? ხაშურის ინციდენტის შემთხვევაში ჟურნალისტი პირველ რიგში უნდა იკვლევდეს, რატომ და საიდან აღმოაჩნდა მკვლელს ყუმბარა და ცეცხლსასროლი იარაღი, მითუმეტეს, რომ პირი უკვე ნასამართლევია. რატომ ვერ მოახერხეს სამართალდამცავმა ორგანოებმა ქალის სიცოცხლის დაცვა, რამდენად ეფექტურია შემაკავებელი ორდერი და როდის უნდა დაიწყოს სახელმწიფომ განსხვავებული ზომების მიღება, მაშინ, როდესაც ნათლად ჩანს - შემაკავებელი ორდერი სინამდვილეში არ არის მკვლელობის შემაკავებელი. როგორია ქალზე ძალადობის სტატისტიკა და რა ხარვეზებია კანონმდებლობაში. სწორედ ამ კითხვებისა და სტატისტიკური მონაცემების შემდეგ ჟურნალისტი ყველა გავლენიან ინსტიტუციას, მათ შორის ეკლესიას, უნდა უსვამდეს კითხვებს, რას აკეთებენ ისინი ჩვენს მიზოგინურ საზოგადოებაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამას უნდა აკეთებდეს პასუხისმგებლიანი მედია, რომელიც საკუთარ ფუნქციას საზოგადოებრივი აზრის რეკონსტრუქციაში ხედავს და არა „ბოზობის“ ძიებაში.

დღევანდელი ქართული მედია, რომელიც ხაშურის უმოწყალო მკვლლობის საქმეს აშუქებდა, თავისდაუნებურად მკვლელობის მონაწილედ იქცა. ჩვენმა ჟურნალისტებმა არ დაუტოვეს მსხვერპლს იმის შანსიც კი, რომ საზოგადოებამ მის მიმართ თანაგრძნობა ისე გამოხატოს, რომ სიტყვა „მაგრამ“ არ გამოიყენოს და მისი ცხოვრება არ გააკრიტიკოს.

და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ამ სიუჟეტების მაყურებელი ქალები, რომელნიც თავად განიცდიან ოჯახში სხვადასხვა ტიპის ძალადობას, კიდევ უფრო მეტად დაფიქრდებიან, დაეჭვდებიან და შეშინდებიან ვიდრე გაშორების, ძალადობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებენ. და რაც ყველაზე ცუდია, მათ არა მხოლოდ სიკვდილის შეეშინდებათ, არამედ საზოგადოებრივი აზრის, რომელიც მათ სიკვდილის შემთხვევაშიც კი არ დაინდობს. შეეშინდებათ ხმამაღლა ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე, იბრძოლონ როგორც საკუთარი, ასევე სხვა მსხვერპლი ქალების უფლებებისთვის და მათი თავისუფლებისთვის, შეეშინდებათ სეირზე მონადირე ჟურნალისტების, რომელნიც მის პირად ცხოვრებაში დაიწყებენ ხელების ფათურს.

ამიტომ ამ ტიპის ჟურნალისტიკა, რომელიც ფსევდო მორალისტური საზოგადოების და მისი ცნობისმოყვარეობის მკვებავია და არა მეამბოხე, რომელიც სწორედ ამ მანკიერი ცნობიერების შეცვლისთვის იბრძვის, არის მავნებელი. ამ ტიპის მედია ჩვენ კიდევ უფრო გვაშორებს იმ მომავლისგან, სადაც საზოგადოება თანხმდება, რომ ქალი და კაცი თანასწორია და ოჯახურ ძალადობას ყველა ერთად ებრძვის.

P.S. ვიდრე ეს ტექსტი იწერებოდა, ბოლნისში კიდევ ერთი ქალი მოკვდა ქმრის ხელით.

 

 

კატეგორია: ბლოგი
8 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა წინასაარჩევნო მარათონი. ერთი დღით ადრე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს პრესკონფერენციაზე დაუძახა. ბუნებრივია, უბრალო დამთხვევა არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ წინასაარჩევნო კამპანიამდე ისევ გამოდის სცენაზე. გამოდის, რადგან თვლის, რომ “ქართულ ოცნებას” მისი დახმარება სჭირდება. სინამდვილეში კი მას სჭირდება “ქართული ოცნების” გამარჯვება.

ცხადია, ჩვენი საუბრის თემა არ გახლავთ ყოფილი პრემიერი. ჩვენ ვსაუბრობთ მედიაზე, რომელიც უდიდესი დილემის წინაშეა - დაექვემდებაროს თუ არა ივანიშვილის პირობებს და ითამაშოს თუ არა მისი წესებით?!

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე აღიარებს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას მართავს ბიძინა ივანიშვილი. ფორმალურად დღეს მას ერთადერთი სტატუსი აქვს - მოქალაქე, რომელიც იმავდროულად არის არსამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქისა” და თანაინვესტირების ფონდის დამფუძნებელი. თავად ის აღნიშნავს, რომ მისი ძირითადი კაპიტალი ქართველი ხალხის „ჭარბი“ ნდობაა. ამბობს, რომ აწარმოებს შიდა კვლევებს, გააჩნია ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით სტატისტიკა, მაგრამ არ ასახელებს არც მკვლევართა ვინაობას და არც მეთოდოლოგიას. ჩვენ კი ვიცით, რომ ის მართავს პოლიტიკურ გაერთიანება “ქართულ ოცნებას”, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას წარმოადგენს. ხელისუფლების წევრები ემორჩილებიან მას, მაგრამ ამას ხელს ვუწყობთ ჩვენც, როდესაც მას ვექცევით ისე, როგორც მოქმედ პრემიერ-მინისტრს.

ივანიშვილი მუდმივად საუბრობს პირველ პირში, როდესაც ხელისუფლების მიღწევებს ასახელებს, პირდაპირ აღიარებს, რომ პრემიერი მას ეკითხებოდა, როდის უნდა წასულიყო, აღიარებს, რომ მასთან გადიან კონსულტაციებს და ა.შ. ჩვენ მას ვაძლევთ ლეგიტიმაციას, რომ მართოს ქვეყანა კულისებიდან. სამწუხაროდ, ამის საშუალებას მას ასევე აძლევს მედია, რომელიც, თავის მხრივ, დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის მოსახლეობის ცნობიერებას.

რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ მედია უარს იტყვის ბიძინა ივანიშვილის მთავარ ფიგურად პრეზენტირებაზე და მუდმივად შეგვახსენებს, რომ არაფორმალური მმართველობა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ნონსენსია? გავუკეთოთ მას იგნორირება და თუკი ვახსენებთ, მოვიხსენიოთ, როგორც ყოფილი პრემიერი და მოქმედი მმართველი, რომელმაც საკუთარი წასვლით ჩამოიხსნა პასუხისმგებლობა, რომ არ დაეკარგა ხალხის ნდობა - კაპიტალი, რომელიც, მისი თქმით, ყველაზე დიდი ძალაა მისთვის.

რისი საშუალება მივეცით მას გუშინ?

გასულ ხუთშაბათს ის მივიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში სტუმრად სალომე ასათიანთან. მას იქ არ დახვდა ის გარემო, რომელსაც ელოდა. ის ელოდა, რომ ისაუბრებდა საკუთარ წერილზე, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა. „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტმა კი მას დაუსვა კრიტიკულ შეკითხვები და არ მისცა საშუალება, თავიდან აერიდებინა ეს კითხვები. პასუხის არგაცემის შემთხვევაში ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ ივანიშვილი შეკითხვას არ პასუხობდა. ამიტომ ივანიშვილი „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტს ელაპარაკა ისე, როგორც ნაციონალს (ანუ, მისი გაგებით, ქვეყნის მთავარ მტერს) და ვერ დაფარა გაღიზიანება, ბრაზი, განრისხება.

ამ ინტერვიუში ნათლად გამოჩნდა, რომ ის ვერ იტანს უმცირეს წინააღმდეგობასაც კი და მით უმეტეს არ უყვარს წინააღმდეგობა იქ, სადაც ამას არ ელის. ამიტომ სალომე ასათიანთან ინტერვიუში ის პრაქტიკულად გაშიშვლდა და დამარცხებულმა დატოვა სტუდია.

ამ სურათის გამოსასწორებლად ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას, რომ დებატები გამართოს მისდამი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებთან ( “რუსთავი 2” და “ტაბულა”), მაგრამ უკვე წინასწარ გაწერილი ფორმატით.

„ჟურნალისტები რიგრიგობით სვამენ კითხვებს, რესპონდენტი პასუხობს, კითხვების თანმიმდევრობას და რეგლამენტს უზრუნველყოფს მოდერატორი”, - ამონარიდი უძილაურის მიერ გამოგზავნილი წინასწარი შეთანხმებიდან.

ერთი სიტყვით, ივანიშვილი ცდილობს, ერთი მხრივ, ეპაექროს ოპონენტებს მოდერატორის დახმარებით, რომელიც მის კომფორტს უზრუნველოყოფს და, მეორე მხრივ, გადაფაროს გასული კვირის მარცხი. ამის საშუალებას მას არ აძლევს “რუსთავი 2”, რომელიც აცხადებს, რომ არ ექვემდებარება მის მოთხოვნებს და თუ სურს ინტერვიუ, ეპატიჟება საკუთარ სტუდიაში, ტოკ-შოუ “არჩევანში”, წამყვანის პირისპირ, ყოველგვარი მოდერატორის გარეშე.

ბუნებრივია, ივანიშვილი არ თანხმდება ამ ფორმატს. ამიტომაც სცენარი იცვლება და 7 ივნისს ტარდება პრესკონფერენცია, სადაც ივანიშვილი სასიამოვნო კითხვებს 15-20 წუთი პასუხობს მშვიდად, ხოლო უსიამოვნო კითხვების შემთხვევაში საქმეში ერთვება მოდერატორი უძილაური და აჩერებს ჟურნალისტს, როგორც ეს ეკა კვესიტაძის შემთხვევაში იყო.

ასე რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, გუშინ მედიამ ბიძინა ივანიშვილს მისცა საშუალება, განეხორციელებინა საკუთარი გეგმა. მას არაფერი უთქვამს ახალი, მაგრამ გამოვიდა დიდ სცენაზე და სტარტი აიღო დიდი წინასაარჩევნო მარათონის წინ.

თუკი მომდევნო 4 თვის განმავლობაში მედია დაექვემდებარება ივანიშვილის პირობებს, ის უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობამ უკვე ფორმალურად აირჩიოს არაფორმალური მმართველი. ივანიშვილი არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ის „ეხმარება“ მისდამი უპირობოდ დაქვემდებარებულ პოლიტიკურ პარტიას იმისთვის, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ისევ კულისებიდან მართოს ქვეყანა.

და ამაზე პასუხისმგებლობას პირველ რიგში აიღებს მედია.
კატეგორია: ბლოგი
არის ასეთი ფილმი “უჩინარი ბავშვები”, რომელიც ზუსტად 10 წლის წინ UNICEF-ის დაკვეთით გადაიღეს. ფილმს 7 ავტორი ჰყავს და 7 სხვადასხვა ნოველისგან შედგება. ყველა კინო ნოველაში მთავარი გმირი ბავშვია. ბავშვი - შეძლებულ ოჯახში, სოციალურად დაუცველ ოჯახში, ომის პირობებში, ციხეში და სხვა. ბავშვები, რომელთაც ვერ ხედავენ, მათ პრობლემებს ვერ ამჩნევენ, არ აინტერესებთ. ისინი არიან, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ.

მეშახტეთა გაფიცვის მეათე დღეს სწორედ ეს განცდა გამიჩნდა - ეს ადამიანები არიან და ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. ვერ ვხედავთ, ვერ ვამჩნევთ, არ გვაინტერესებს. არაერთი ბლოგი, სტატია, ნიუსი წამიკითხავს ონლაინ მედიაში იმის შესახებ, თუ რა მძიმე პირობებში უწევთ ამ ადამიანებს მუშაობა, სიცოცხლე, რომელიც ყოველ წუთს საფრთხეშია იმ მინიმალური ანაზღაურების მისაღებად, რომელსაც მათ უხდიან. პრაქტიკულად ყველაფერი ვიცით მათი გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მაინც ვერ ვხედავთ.

უბრალო მოქალაქეები, სამოქალაქო აქტვივისტები თუ უფლებადამცველები ვერ იქნებიან ერთნაირად მგრძნობიარენი ყველა მოწყვლადი ჯგუფის მიმართ და ვერავის დავავალდებულებთ დაინტერესდეს, გვერდით დაუდგეს, იზრუნოს მათ მდგომარეობაზე. მაგრამ მედია სწორედ რომ ვალდებულია, არ გამორჩეს არც ერთი მათგანი და ისაუბროს ყველა ცალკეულ ჯგუფზე, მათ შორის მეშახტეებზე.

მედიამ უნდა აქციოს მათი პრობლემა ყველასათვის მტკივნეულ და მნიშვნელოვან საკითხად.

ჩვენ კი მათ ვერ ვამჩნევთ, რადგან მეინსტრიმ მედიას ისინი არ აინტერესებს. უკვე მეთერთმეტე დღეა მეშახტეები გაფიცულები არიან, ჩვენ კი ჯერ ისევ არ გვაინტერესებს რას ითხოვენ, რას აპროტესტებენ. თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ითხოვენ მინიმალური ხელფასის გაზრდას (რომელიც ახლახან შეუმცირეს), თბილ ტანსაცმელს და გაუსაძლისი სამუშაო პირობების გაუმჯობესას - პირობების, რომლებიც უმძიმესია. იმიტომ რომ მათი უფლებები და პირველ ყოვლისა სიცოცხლის უფლება, არ არის დაცული. წლების განმავლობაში ეს ადამიანები მაღაროში მუშაობისას ხან ფეხს კარგავენ და ხანაც სიცოცხლეს, მაგრამ მათი სიცოცხლე მედიაში კარგად არ იყიდება.

კარგად იყიდება კრიმინალი. ურთიერთდაპირისპირების ფონზე მომხდარ მკვლელობას, ქუჩაში თუ ოჯახში (არავინ იფიქროს, რომ ამ თემების გაშუქების წინააღმდეგი ვარ) შესაძლებელია ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ვადევნოთ თვალი, თანაც საინფორმაციო გამოშვებების პირველ ბლოკში და პირველ სამ სიუჟეტს შორის. კარგად იყიდება ამა თუ იმ ბრიყვი პოლიტიკოსის სულელური გამონათქვამები, მათი დაპირისპირება, მაგრამ არა მუშების სიცოცხლე თუ სიკვდილი.

შეეწირება კიდევ ერთი მეშახტის სიცოცხლე არაადამიანურ პირობებს და პოლიტიკოსებიც გულგრილად მოიხსენიებენ ტრაგიკულ შემთხვევას, ერთი მოგვიწოდებს დაველოდოთ, როდის დაარეგულირებს ბაზარი მათ მდგომარეობას, მეორე კი შეშფოთებული სახით გვეტყვის, რომ დაინტერსდება ამ საკითხით. (ხელისუფლება ამ შემთხვევაში ვერ ჩაერევა კერძო მესაკუთრის ბიზნესში, მაგრამ ის, როგორც სახელმწიფო, ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქის სიცოცხლის უფლება). ამ ტოტალური ინდიფერენტულობის ფონზე არც მედია გააშუქებს მათ პოზიციას. ამიტომ გადის წლები და მეშახტეების მდგომარეობა არ უმჯობესდება, ისინი ისევე კვდებიან საკუთარი პროფესიული საქმინობის შესრულებისას, მათი მდგომარეობა ნაცვლად გაუმჯობესებისა - უარესდება.

მე მხოლოდ იმ საკითხზე მსურს თქვენი ყურადღების გამახვილება, რომ ამგვარ თემებს სწორედ ტელემედიები უნდა აქცევდნენ მეინსტრიმ თემებად. ეს შესაძლებელია, თუ საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტები, რედაქტორები და პროდიუსერები მეტად დაინტერესდებიან მათთვის “უინტერესო” თემებით. რაც მეტი იქნება სატელევიზიო სივრცეში ე.წ. Human Stories (ადამიანური ისტორიები), მით მეტი იქნება საზოგადოებრივი და ასევე სახელმწიფოს ინტერესი ამგვარი პრობლემების მიმართ. ამგვარად იკლებს ის გულგრილი დამოკიდებულება, რომელიც კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეს ხელყოფს. იკლებს იმ არაჰუმანური კერძო მესაკუთრეების რიცხვი, რომელნიც არ ზრუნავენ თანამშრომელთა უფლებების დაცვაზე.

გუშინ, გაფიცვის მეათე დღეს, ყველა წამყვანი ტელეარხის საინფორმაციო გამოშვებას შევხედე, სხვადასხვა ბლოკში და რიგითობით ყველგან გაშუქდა მეშახტეების მოთხოვნები - მშრალი ინფორმაცია, უმეტესწილად მეორე ბლოკში მიგდებული, საშუალოდ 2 წუთიანი ქრონომეტრაჟი. მაშინ, როდესაც მათთვის საინტერესო თემებს შეიძლება 8 და 9 წუთიც დაეთმოს. ამ სიუჟეტების ყურებისას გამახსენდა UNICEF-ის ფილმის ბავშვები, ისინი არიან სახლშიც, ქუჩაშიც, საინფორმაციოშიც, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. ვერ ვხედავთ, რადგან არ ვუყურებთ.

თვალსაჩინოებისათვის წარმოგიდგენთ ცხრილს, რომელშიც ნაჩვენებია 23 თებერვლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში რომელ ბლოკში, რომელ საათზე და რამდენი წუთი დაეთმო გაფიცულ მეშახტეებს. მართალია, ცხრილი მხოლოდ ერთი დღის მონაცემებს აჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ თემის გაშუქების ტენდენცია ბოლო დღეების განმავლობაში მსგავსი იყო.






კატეგორია: ბლოგი
რას მივიღებთ "რუსთავი 2-ის" გარდაქმნის შემთხვევაში

ის, რომ დღეს "რუსთავი 2-ს“ და იქ მომუშავე ჟურნალისტებს მათი კოლეგები არ უცხადებენ ღია და აქტიურ მხარდაჭერას, ცხადია, პრობლემაა. და არა მხოლოდ მათი პრობლემა, ვინც ქმედით მხარდაჭერას არ გამოხატავს და მხოლოდ მშრალი, ფორმალური განცხადებებით შემოფარგლება - "რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პროცესია", "რა თქმა უნდა, ვხედავთ ხელისუფლების როლს”, "ჩვენ დავაკვრიდებით პროცესებს", "მოვითხოვთ სასამართლო პროცესის გამჭვირვალობას". ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ ამ ტელეარხის მიმართ ჟურნალისტთა კორპუსში თანაგრძნობა ძალიან დაბალია. ამას მრავალი მიზეზი აქვს და ეს ცალკე ბლოგპოსტის თემაა. დღეს სხვა საკითხებზე მსურს საუბარი.

ბოლო დღეებში "რუსთავი 2-ის“ ეთერიდან ხშირად გვესმის მოსაზრება, რომ ეს ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიაა და მისი განადგურებით ქვეყანაში მოისპობა ერთადერთი კრიტიკული არხი. მსგავსმა განცხადებებმა, ცხადია, შეურაცხყო სხვა ტელეარხებზე მომუშავე ჟურნალისტები. ისე გამოვიდა, თითქოს "იმედის", "მაესტროს", "საზოგადოებრივი არხის", "კავკასიის", "პალიტრა ტვ"-ს და სხვა ტელევიზიების თანამშრომლებს ხელისუფლება მართავს და აკონტროლებს. სწორედ ამ შექმნილ შთაბეჭდილებაზე მსურს ძალიან მოკლედ მოგახსენოთ.

მცირე მასშტაბის ტელემაუწყებლობებს - ისეთებს, როგორებიცაა "კავკასია", "პალიტრა TV", "პირველი TV", "ტაბულა", "მეორე არხი", "TV 11" და სხვები, არ აქვთ ისეთი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, როგორც დიდ ტელეკომპანიებს, როგორებიცაა "რუსთავი 2", "იმედი", "საზ TV" და ნაწილობრივ "მაესტრო". ამიტომ, "პალიტრა TV-ს” ჟურნალისტის, მერაბ მეტრეველის განაწყენებული განცხადება, რატომ მიწოდებთ მე კონტროლის ქვეშ მყოფსო, უადგილო მეჩვენება. მერაბ მეტრეველს და "პალიტრა TV-ს”, ასევე დავით აქუბარდიას, ნინო ჯანგირაშვილს და მთლიანად ტელეკომპანია "კავკასიას", მთელი მათი არსებობის განმავლობაში არც არავინ აკონტროლებდა. ბუნებრივია, ეს, პირველ რიგში მათი დამსახურებაა. თუმცა ის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნებში, სადაც ცალსახა დიქტატურა და ტოტალიტარული სისტემა არ არის, ამ ტიპის, მცირე გავლენის მქონე მედიასაშუალებების არსებობას ხშირად უშვებენ ხოლმე. მეტიც - ეს შესაძლოა ავტორიტარულ რეჟიმებს აწყობდეს კიდეც, როგორც ერთგვარი არგუმენტი მედია “პლურალიზმის” დასტურად. ყველამ ვიცით, რომ თვით რუსულენოვან მედიასივრცეშიც კი მოქმედებს მცირე მასშტაბის კრიტიკული მედიასაშუალებები. პუტინმა ეს იცის და მათი არსებობა არ აღუკვეთავს. უფრო გარკვევით და ჩვენთვის ნაცნობ კონტექსტში რომ ავხსნათ, ვიტყვი, რომ "კავკასია" და "პალიტრა" ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებშიც დამოუკიდებელნი და თავისუფალნი იყვნენ და სახელისუფლო კონტროლი არ ეხებოდათ.

ჩემი აზრით, ვიდრე არსებობს "რუსთავი 2", რომელიც დღეს ასრულებს ე.წ. watchdog-ის ფუნქციას - “ჩასაფრებულია” და მაქსიმალურად ამახვილებს ყურადღებას ხელისუფლების ყველა, დიდ თუ შედარებით მცირე შეცდომაზე, გადაცდომაზე, დარღვევაზე და წარუმატებლობაზე (მნიშვნელობა არ აქვს ამას "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მიზნებისთვის აკეთებს თუ წმინდა პროფესიონალური პასუხისმგებლობით), მის მიერ შექმნილი კრიტიკული გარემო მთელ გავლენიან მედიასივრცეზე ვრცელდება. ასეთ კლიმატში როგორც ხელისუფლებას, ისე რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალების მფლობელს გაცილებით უფრო გაუჭირდება შექმნას მისი ალტერნატივა, სადაც ხელისუფლების ქმედებები ვარდისფერი სათვალით იქნება დანახული და მოწოდებული. სწორედ ამის მცდელობა ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კერძო ტელეკომპანია GDS-ზე გასული გადაცემა 20/30-ის სახით და შედეგიც ვიცით. ამ გადაცემას ალბათ არავინ აღიქვამს სერიოზულად და ის კრიტიკის ობიექტიც ვერ ხდება, რომ არაფერი ვთქვათ მის მიზერულ რეიტინგზე.

მოკლედ, რომ შევაჯამოთ - დიახ, ცხადია განზრახ უტრირებული და გაზვიადებული ნათქვამია ის, რომ “რუსთავი 2- ის“ დახურვით თუ სახეცვლილებით ქვეყანაში კრიტიკული აზრი და მედია საერთოდ გაქრება. რა თქმა უნდა, “რუსთავი 2”-ის დახურვა , თავისთავად, ქვეყანაში კლასიკურ დიქტატურას არ დაამყარებს. მაგრამ მედიაკლიმატი თვისებრივად, რადიკალურად შეიცვლება, კრიტიკული მუხტი მნიშვნელოვნად დაიკლებს. ხელისუფლება გაცილებით უფრო გაბედულად დაიწყებს დირექტივების გაცემას იმის შესახებ, თუ რა გააშუქონ და რა არ გააშუქონ სხვა ტელევიზიებმა.

2004-2005 წლებში "რუსთავი 2"-ზე ვმუშაობდი და “შიგნიდან” შემეძლო თვალი მედევნებინა “კურიერის” მუშაობისთვის. მაშინ ეს გადაცემა მუდმივ კონკურენციაში იყო იმ პერიოდში ჯერ კიდევ მთავრობის კონტროლს მიღმა მყოფი “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკასთან”. როგორც კი ჩვენამდე მოაღწევდა ინფორმაცია, რომ “ქრონიკა” ამა თუ იმ მოვლენაზე ან ფაქტზე ამზადებდა სიუჟეტს, “კურიერის” მესვეურებს სხვა გამოსავალი არ რჩებოდათ - ამ მოვლენას ისინიც უნდა გამოხმაურებოდნენ სიუჟეტით. ხოლო მას შემდეგ, რაც "იმედი" უწინდელი სახით აღარ არსებობდა, ვიდრე გაჩნდებოდა “მაესტრო” თუ “მე-9 არხი”, ქვეყანაში გვქონდა უმძიმესი, ერთფეროვანი, ტრაგიკულობამდე უსახური და პროპაგანდისტული ტელემედია. ზუსტად იგივე გველის წინ ახლაც, თუკი დღევანდელ ბრძოლაში ხელისუფლება გაიმარჯვებს.

ვინც ახლა ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება სამართლიანობის აღდგენისთვის, ქვეყანაში ჯანმრთელი და დემოკრატიული მედია გარემოს შექმნისთვის იბრძვის, ამ ბლოგპოსტს (რომელსაც საბედნიეროდ ინტერნეტ მედია შეინახავს) გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ვაჩვენებ. მერე გავაგრძელოთ ამაზე საუბარი.

ახლა კი ვფიქრობ, რომ დადგა დრო, ვიყოთ რაციონალურები, გვერდზე გადავდოთ ემოციები თუ პირადული განცდები და დავიცვათ მედიამრავალფეროვნება იმ ერთფეროვნებისგან, რომელიც ნამდვილად გვემუქრება და რომელიც ყოველი ჩვენგანის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ინფორმირებულობის შეზღუდვას განაპირობებს.