რომანტიზებული სუიციდის „ხიბლი“
05.04.2016
ჟურნალისტიკაში არის თემები, რომელთა გაშუქებაც სარისკო და რთულია. ასეთ დროს ძალიან ბევრს ვფიქრობთ, როგორ ვაჩვენოთ რესპონდენტი, გარემო, როგორ შემოვიტანოთ ჩვენი ტექსტით თემა ისე, რომ პრობლემის იდენტიფიცირებაც ხდებოდეს და არც ვინმე დავაზიანოთ.

უნდა გავაშუქოთ თუ არა სუიციდის, გაუპატიურების, ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები? ეს კითხვები ხშირად ისმის. პასუხი ერთია - ყველაფერი უნდა გაშუქდეს, თემის დამალვა ჩვენს პროფესიულ ეთიკას ეწინააღმდეგება, თუმცა შესაბამისი სტანდარტების დაცვით.

ბოლო პერიოდის უდავოდ დადებით მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, რომ სახიფათო და მძიმე თემების გაშუქებისას, ჟურნალისტები ხშირად გადიან სპეციალისტებთან კონსულტაციებს. არის თემები, რომლებზეც კითხულობენ, როგორ შეიძლება გაუშვან ეთერში ისე, რომ ეთიკური სტანდარტი არ დაარღვიონ. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ შეცდომები მაინც მოსდით.

პრობლემურ თემებს შორის, ალბათ, სუიციდის გაშუქება ჭარბობს. უნდა ვახსენოთ თუ არა სახელი და გვარი, თვითმკვლელობის ან მისი მცდელობის ფორმა, მიზეზი.. როგორი ფოტო უნდა დავურთოთ თან ამბავს, უნდა ჩავწეროთ თუ არა გარდაცვლილის მეზობელი ან მეგობარი.. ეს კითხვები გამუდმებით აქტუალურია. ბოლო პერიოდში თვითმკვლელობის პრევენციის შესახებ თემები ხშირად შუქდება. ერთ-ერთი პირველი, ალბათ, „პროფილი“ იყო, რომლის ანონსმაც ბევრ ადამიანს პროტესტი გაუჩინა და, გადაცემის ეთერში გასვლამდე, წამყვანს განმარტების გაკეთებაც მოუხდა.

ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი კი, რომელიც მოზარდთა შორის თვითმკვლელობის პრევენციას ეხებოდა, „იმედის დროში“ გავიდა. ალბათ, ჟურნალისტი ბევრს ეცადა, კონცენტრირებულიყო პრობლემასა და მის პრევენციაზე, რაც, გარკვეულწილად, მოახერხა კიდეც, თუმცა სიუჟეტში ნაჩვენებია კადრები, რომლებიც ადამიანმა სუიციდის „შემოთავაზებულ ხერხად“ შეიძლება აღიქვას. ჟურნალისტი საუბრობს ფორმებზე, რომელიც კონკრეტულმა ადამიანებმა გამოიყენეს. ასევე აღნიშნულია, სუიციდის სავარაუდო მიზეზები.

ერთ-ერთ ისტორიას ფონად გასდევს ბევრისთვის ცნობილი სიმღერა, რომელიც, ერთ-ერთი გარდაცვლილის მიერ დატოვებულ წერილში მოხსენიებულია, როგორც მისი უკანასკნელი წერილის საუნდტრეკი.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არ შეიძლება გარდაცვლილი ადამიანების ფოტოებით მანიპულირება, არც სიუჟეტის მძიმე მუსიკით გაფორმება და მეტ-ნაკლებად რომანტიზებულ მიზეზებზე საუბარი. მათი განმარტებით, ასე სიკვდილი უფრო მიმზიდველი ხდება.

ძალიან საფრთხილოა სუიციდის კონკრეტული შემთხვევების მიზეზების მედიით აფიშირება. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს, რომელიც შესაძლოა იმავე მდგომარეობაში იყოს, რომელშიც სუიციდის მსხვერპლი, პირდაპირ სთავაზობ „პრობლემის მოგვარების“ გზას.

ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფორმა, რომელსაც სპეციალისტები გვთავაზობენ, ჟურნალისტურ მასალებში იმ ნიშნების იდენტიფიცირებაა, რომლებიც სუიციდისკენ მიდრეკილ ადამიანებს ახასიათებთ. თუმცა თემაზე მუშაობისას სამწუხაროდ, პირველი თავში მაინც რეიტინგი მოგვდის. რეიტინგი კი, ადამიანური ისტორიების, ცრემლის, ტირილის გარეშე, ვერ წარმოგვიდგენია.

თეგები : სუიციდი;
ბლოგის ავტორი : თამარ კარელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ