ქალების გასაგნებით გაყიდული მედიაპროდუქტი
21.03.2019
alt
გვანცა ხონელიძე, იურისტი, ორგანიზაცია ქალთა მზერის დამფუძნებელი

რამხელა ძალისხმევითაც სამოქალაქო აქტივისტები ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპული და არასერიოზული დამოკიდებულებების განეიტრალებას ვცდილობთ, იმდენივე ძალისხმევით მედიის დაუფიქრებელი ნაბიჯები უკუპროცესს აწარმოებს.

alt21 მარტს „რუსთავი 2-ის“ დილის ეთერში ვიხილეთ სიუჟეტი, რომელშიც შიშველი ქალის სხეულზე სუში იყო დალაგებული. ეს ფაქტი მე, როგორც რიგით მაყურებელს, მხოლოდ ერთი კუთხით მადარდებს, ეს დარდი არ ეხება სუშის ფედერაციას და იმას, ვაკეთებთ თუ არა კარგ სუშს საქართველოში. ეს ეხება ბევრისთვის უხილავ, მაგრამ ჩემთვის უცხადეს პრობლემას, - ქალები დღემდე მოვიაზრებით დეკორაციებად. ნებისმიერ სიუჟეტს გმირი ჰყავს და ისტორიის ხაზი აქვს, ტელევიზია კი ამ სიუჟეტის მთხრობელად გვევლინება. სიმპტომატურია რომ ამ სიუჟეტებში გასაგნებულის, არასერიოზული პერსონაჟის, გამრთობის როლს ქალი და მისი სხეული ასრულებს.

გასაგნებას/განივთებას ბევრად დიდი სოციალური ეფექტი აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით გვგონია. ეს პროცესი შეიძლება უშუალო აქტორის თავისუფალი ნებით ხდებოდეს, მაგრამ გრძელვადიანი ეფექტი იქონიოს იმ სოციალურ ჯგუფზე, რომელსაც ეს აქტორი წარმოადგენს. ქვეყანაში სადაც ქალების ფიზიკური შევიწროვება კულტურულ ნორმატივად მოიაზრება, ასევე ნორმალიზებულად აღიქმება შიშველი ქალის სხეულის მაგიდად გამოყენება სატელევიზიო ეთერში. ეს არც პირადი სივრცეა და არც ფილმის -„სექსი დიდ ქალაქში“ ცნობილი სიუჟეტი, სამანტას სხეულზე სუში რომ აქვს დალაგებული, ესაა დილის გადაცემა ქვეყანაში, სადაც ყოველ მეშვიდე ქალს ერთხელ მაინც გამოუცდია ძალადობა.

ქართული მედიასივრცისთვის ქალის აბუჩად აგდება უხარისხო მედიაპროდუქტის გასაღებისთვის დიდი ხნის აპრობირებული გზაა. ამის სათავეებში ჯერკიდევ ადრეული 2000-იანი წლებიდან დგას შალვა რამიშვილი, რომელსაც ქალები, სარეკლამო ჭრის დროს, ხან დასაცინად გამოჰყავდა, ხან უხამსი ხუმრობების სამიზნედ.

ქალების რეპრეზენტირების კუთხით, დღემდე, ტელევიზია 202-ის დაწესებული სტანდარტი არ მორყეულა. თუ „რუსთავი 2-ის“ დილის ეთერში შიშველ ქალს მაგიდის როლს ათამაშებენ რეიტინგის ასაწვად, პარალელურად, შალვა რამიშვილი გართობად გვასაღებს ქალების ჩხუბისა და თმებით თრევის ვიდეოებს, სხვა პოპულარულ არხებზე კი ქალებზე ძალადობის ისტორიებს, როგორც პირად, სასაცილო გამოცდილებას, ისე ყვებიან.

ნარატივი ყველგან ერთია, ჩვენი სხეული ჩვენგან დამოუკიდებლად ჩააბეს რეიტინგზე ნადირობის უწყვეტ ჯაჭვში. ამ სახეხატის ყოველდღიური წარმოების შემდეგ, აღარ უნდა გვიკვირდეს რატომ არ გვეკიდებიან სერიოზულად და რატომ მომართავენ ქალების სექსუალურ და პირად ცხოვრებას ჩვენსავე საწინააღმდეგოდ. ტელევიზია, როგორც ძლიერი ინფლუენსერი, არ არის შეჯერებული, რომ ჩვენი სოციალური ჯგუფი სერიოზული, პოლიტიკურად აქტიური, ჭკვიანი და ძლიერი წარმოაჩინოს.

1950-60-იანი წლების ამერიკული რეკლამები, როგორც იმდროინდელი საზოგადოების ანარეკლი, სექსიზმით და რასიზმით გაჯერებული იყო. განვითარებული დემოკრატიები, ქალების სოციალური წინააღმდეგობების გარეშე, დღეს არ იარსებებდა. რაც ამ წლებში მისაღებად ითვლებოდა, ნელ-ნელა ამ წინააღმდეგობებმა ანტისოციალურ ქმედებად და ამ ჯგუფების მიზანმიმართულ ჩაგვრად დააიდენტიფიცირა.

მე, როგორც ფემინისტი, ვამბობ, ჯანსაღად არასოდეს იფუნქციონირებს საზოგადოება, რომელიც  მაგიდად შიშველ სხეულს, როგორც სექსის ბაზისური ინსტინქტის ილუსტრაციას ისე იყენებს. თანამედროვე ადამიანის ტვინში ეს სცენა აგდებს ბმულებს - ჭამა, სექსი, დაუფლება. საგნის ფუნქციის შემსრულებისგან, ისევე როგორც საგნისგან, ნებართვას არავინ იღებს, შესაბამისად, არ არსებობს თანხმობა, როგორც ქალის ხმის, ნების გამომხატველი ცნება.

ასეთი სცენები პროტესტს უნდა იწვევდეს ჩვენში, ასეთი მედია კონტენტი არ უნდა შევისაღოთ და მეტი სიღრმისეული განათლება და მგრძნობელობა უნდა მოვითხოვოთ მედია სივრცისგან.

ბლოგის ავტორი : გვანცა ხონელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ