პარტიული მედია უნდა გადადგეს
08.07.2019
ის, რაც გუშინ "რუსთავი 2-ზე" მოხდა, მხოლოდ იმათ გააკვირვებდა, ვისაც "რუსთავი 2-ის" ეთერი და ზოგადად ქართული ტელევიზიები, მინიმუმ, ბოლო 16 წელის განმავლობაში არ უნახავს. გიორგი გაბუნია იქნება ასეთი ამბების ანტი-გმირი თუ ნიკა გვარამია, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ცვლადები არიან მოცემულობაში. ამ მოცემულობას კი პოლარიზებული მედია გარემო ქვია. ასეთ მედია გარემოში ჯანსაღი ჟურნალისტიკისათვის ადგილი არ არის. ასეთ მედია გარემოში არაფერი უკეთესობისაკენ არ შეიცვლება. ყველაფერი უფრო ცუდად იქნება. უბრალოდ, გარკვეული პერიოდულობით მოგვიწევს ასეთი მიკრო კრუნჩხვების გადატანა. ასეთ კონვულსიებს ხან "რუსთავი 2" დაგვმართებს, ხან "იმედი", ხან საზოგადოებრივი მაუწყებელი და ხანაც სამივე ერთად.

ასეთი ამბების დადებითიც და უარყოფითიც ის არის, რომ საზოგადოება მალე ივიწყებს ყოველ მომდევნო მედია „გამოხდომას“ - ეპატაჟს, რომელიც დრო და დრო შეარხევს ხოლმე გაყურსულ საზოგადოებას. საზოგადოებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სენტიმენტებზე რეაგირებს და სადაც სამოქალაქო (თუ არასამოქალაქო) საზოგადოება უმეტესწილად რეაქციულია. ასე ხდება მხოლოდ იმ საზოგადოებებში, სადაც თავისუფალ მედიაზე დაკვეთა არ არსებობს; სადაც მედიის არაეთიკურ თუ უპასუხისმგებლო ქმედებებზე პირველადი რეაქცია არა შიდა პროფესიული თუ შიდა ორგანიზაციული სანქციები, არამედ „ავკრძალოთ“, „გადადგეს“, „ჩავქოლოთ“, „მცხეთას ვუმტვრიოთ საკეტურებია“. ასეთ გარემოში უბრალოდ მიწას ვუნაყოფიერებთ ძალაუფლებას, რომ დაიკმაყოფილოს თავისი მარადიული სწრაფვა, გავლენის სფეროში მოიქციოს რაც შეიძლება მეტი სივრცე.

altშიდა ორგანიზაციულ სანქციებად კი პირგამეხებული გენერალური დირექტორის განცხადება არ კმარა. ისევე როგორც საკმარისი არ იყო ზაქარია ქუცნაშვილისა და პარლამენტის  ბიუროს თანამშრომლების შერისხვა ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარისაგან. ისევე, როგორც საკმარისი ვერ იქნება 20 ივნისს ახალგაზრდების თვალების დამთხრელი პოლიციელისათვის უფლებამოსილების შეჩერება და წარბაწეული კომენტარები ამ მოვლენებზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი მინისტრისაგან. ნებისმიერი თავმოყვარე მედიასაშუალება ასეთი ორგანიზაციული კრიზისის დროს გადადგამდა რეალურ საპასუხო ნაბიჯებს და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი კონკრეტული ჟურნალისტის სიტყვათწყობისაგან გამიჯვნით.

მეტი სიცხადისთვის - ზედმეტიც კია იმაზე კომენტარის გაკეთება თუ რაოდენ არაადეკვატური იყო სახელმწიფოს წარმომადგენლების რეაგირება "კურიერი P.S.-ში" გასულ მონოლოგზე - სახელმწიფო უწყებებმა თუ მათმა წარმომადგენლებმა, რომლებიც პირში წყალჩაგუბებულები არიან ყველა მნიშვნელოვანი კრიზისის დროს, რომლებიც ჯიუტად დუმან ყველა საზოგადოებრივი მღელვარების დროს (კონტრ-ტერორისტული ოპერაცია იქნება ეს, მომიტინგეების დარბევა თუ საოკუპაციო ხაზზე სიტუაციის გამწვავება) უბრალოდ საკუთარ თავს აჯობეს არაადეკვატურობაში. ქართულ ოცნებას ისევ დაავიწყდა, რომ მთავრობას ის აკომპლექტებს და არა "რუსთავი 2". მთავრობას ისევ დაავიწყდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანია და არა გაბუნია. თუმცა, ეს ალბათ სხვა საუბრის თემაა.

ის, რაც გუშინ "რუსთავი 2-ზე" მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი კუთხეა უფრო დიდი მედია სურათისა, რომელშიც მას შემდეგ აღმოვჩნდით, რაც სამი ერთ მხარეს მიკერძოებული მსხვილი ტელევიზიის ნაცვლად, მივიღეთ ორი სხვადასხვა პარტიული ნიშნით გადანაწილებული მედია. ახლა ცალკარა თამაშის ნაცვლად, ორი ერთზე არიან მოთამაშეები გადანაწილებული. უბრალოდ იმ ორიდან ერთი ღმერთსაც კი დავიწყებია, არა თუ მაყურებელს და რეალურად ორი დიდი მედია მოთამაშე ერკინება რინგზე. მედია რინგი კი, სარკისებურად იმეორებს იმას, რაც ხდება პოლიტიკურ რინგზე. ხან ერთი გაწიწმატდება და პირდაპირ ეთერში დედის გინების ღვარცოფი მოვარდება, ხან მეორე დაპანიკდება და საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს; ხან ერთი მედიის წარმომადგენლები წავლენ პრეს-კონფერენციებზე პოლიტიკური განცხადებების საკეთებლად და ხან მეორე მედიის წარმომადგენლები დაუსხდებიან ქვეყნის მმართველებს გუნდრუკის საკმევად. შესაკრებთა გადანაცვლებით მედიარეალობა ისევ არ შეიცვლება.

ახლა ტემპერატურა მაღალია. იმდენად მაღალი რომ მამუკა ბახტაძესაც კი კომენტარების კეთება უწევს. ასეთ დროს, არაპოპულარულია მოითხოვო მედია გარემო, სადაც ტელევიზიებმა მოსახლეობის ეგზალტაციას კი არ უნდა შეუწყონ ხელი, არამედ შექმნილი მდგომარეობის ანალიზს, ამბების გამოძიებას და გამოსავლების ძებნას. ასეთ დროს, ყველას ურჩევნია რომ ან ერთ მხარეს იდგე ან მეორე მხარეს. ასეთ დროს, როგორც წესი, ორივე მხარე გვარწმუნებს რომ რეალობა შავ-თეთრია. ასეთ დროს „კურიერში“ ქვეყანა ინგრევა, „ქრონიკაში“ კი ქვეყანა ყვავის. ასეთ დროს ნიკა გვარამია იგინება, ირაკლი ჩიხლაძე კი ნიკა გვარამიას გინებაზე შფოთავს. შესაძლოა მე ვცდებოდე, მაგრამ ისტორია არასდროს ცდება. პოლიტიკა არ არის კეთილებისა და ბოროტების დაპირისპირება. პოლიტიკა ძალაუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლაა. ძალაუფლება კი ყოველთვის კეთილსა და ბოროტს მიღმაა. "ნაცებსა" და "ქოცებს" მიღმაა. საქმე ის არის, შევძლებთ თუ არა ნაბანი წყლისთვის ბავშვის საბოლოოდ გადაყოლებას; თუ მოვახერხებთ და შევქმნით ისეთ მედია სისტემას, სადაც მსხვილი მედიასაშუალებები პოლიტიკური პარტიებისაგან დამოუკიდებლად შეძლებენ არსებობას. "ნაცებიც" წავლენ, "ქოცებიც" - მედია სისტემა კი დარჩება.

კლიშეა, თუმცა სიმართლეა, რომ მედია მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. ისეთივე მნიშვნელოვანი როგორც საკანონმდებლო, სასამართლო ან აღმასრულებელი ხელისუფლება. ამიტომაც ეძახიან ხოლმე მას „მეოთხე ხელისუფლებას.“ პოლარიზებული მედია გარემო კი ვიღაც NGO-შნიკების მოგონილი ტერმინი არ არის - რეალური პრობლემაა, რის მხოლოდ და მხოლოდ ერთეულ გამოვლინებასაც ვაწყდებით ხოლმე ასეთ მომენტებში. ჯანსაღი მედია გარემო მეტია ვიდრე მხოლოდ ხელისუფლებისაგან თავისუფალი მედიის არსებობა.

მხოლოდ სამთავრობო გავლენისგან თავისუფალი მედია არ და აღარ არის საკმარისი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად, სადაც ყველა ერთად შევძლებთ თანაცხოვრებას და საერთო სიკეთეების განვითარებას. ეს მხოლოდ მინიმუმია იმისა, რასაც უნდა ვითხოვდეთ. ამაზე აღარც კი უნდა ვმსჯელობდეთ. რეალურად, პარტიული დღის წესრიგებისაგან თავისუფალი მედია უნდა გვინდოდეს. ექნება თუ არა უფრო საღი რეაგირება "რუსთავი 2-ს" ერთ კონკრეტულ წამყვანთან დაკავშირებით და „გადადგება“ თუ არა გაბუნია (გახარიას გადადგომის მოლოდინში) ეს ალბათ შიდა ორგანიზაციული სიჯანსაღის საკითხია, მაგრამ ერთი რამე ცხადია - პარტიული მედია უნდა გადადგეს.

ბლოგის ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ