ოცნება ცენზურაზე
01.08.2019
ხელისუფლებისა და გავლენიანი ბიზნეს თუ სხვა ჯგუფების მანკიერებების მხილებისთანავე მათი ცხელი სამიზნე ხდება გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია.

 ასე მოხდა სულ ბოლო შემთხვევაშიც, როცა რადიკალურ ჯგუფებში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აქტორი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მედიის გაკონტროლების ინიციატივით გამოვიდა. ვასაძემ ასე ირეაგირა “თავისუფლების მონიტორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თუ როგორ მიიღო მან 600 ათას ლარიანი საბიუჯეტო დაფინანსება.

ვასაძემ ხელისუფლებას მიმართა, რომ სასწრაფოდ შექმნას რეგულატორი, რომელიც “ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის მედიასაშუალებებს და პერსონალურად ჟურნალისტებს”.

ცილისწამების დასჯა-კრიმინალიზაცია, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა - ეს მოთხოვნები ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ არაერთხელ გაჟღერებულა. განსაკუთრებით აქტუალური ეს საკითხები 2016 წლიდან გახდა, როცა “ოცნების” ხელისუფლებას კრიტიკოსები არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნითაც მოუმრავლდა, რამაც მმართველი კოალიცია რღვევამდე მიიყვანა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე “ოცნების” დეპუტატის, სოსო ჯაჭვლიანის საკანონმდებლო ინიციატივას ჯარიმის დაწესებაზე პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის, ადამიანის უფლებათა კომიტეტმაც კი დაუჭირა მხარი. ეს ინიციატივა არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ მმართველი კოალიციის შიგნითაც მიიჩნიეს გამოხატვის თავისუფლებისთვის დარტყმად. საბოლოოდ, მისი კანონად ქცევა შეუძლებელი გახდა.

ჯერ კიდევ 2004 წელს დეკრიმინალიზებული ცილისწამების კვლავ სისხლის სამართლის წესით დასჯის საკითხი “ოცნების” ხელისუფლებაში წამოწიეს. ამას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა: შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - ეკა ბესელია და მანანა კობახიძე კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა პოლიტპატიმრების საქმეზე. რეაქციამ არ დააყოვნა და მანანა კობახიძის ძმამ - თედო კობახიძემ, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრი იყო, განაცხადა, რომ პარლამენტს მიმართავდა ცილისწამების კრიმინალიზაციის დაკანონების წინადადებით.

“მე ამ დღეებში საქართველოს პარლამენტს მივმართავ საკანონმდებლო წინადადებით, მექნება წარდგენილი კანონპროექტი, რომლითაც მოვითხოვ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი გახდეს ცილისწამება,” - განაცხადა მაშინ თედო კობახიძემ.

რეაქცია არც თავად მანანა კობახიძემ დააყოვნა და განაცხადა, რომ უკვე მუშაობდა კანონპროექტზე, რომელიც მტკიცების ტვირთის დაკისრების სტანდარტს შეცვლიდა: კერძოდ, დღეს მოქმედი კანონმდებლობით მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს მის მიმართ გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობა. კობახიძეს კი სურდა, რომ მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელზე გადაეტანა. კანონი უცვლელი დარჩა, კობახიძემ კი პარლამენტიდან საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლა მოსამართლის პოზიციაზე.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთმა ორგანიზაციამ - “საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიამ” მიმართა წინადადებით, რომლის მიხედვით, ცილისწამება და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაული უნდა გამხდარიყო.

ეს ინიციატივა პარლამენტში ამჯერად “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმა ემზარ კვიციანმა აიტაცა და ცილისწამების კრიმინალიზება საჯაროდ მოითხოვა.

ამის შემდეგ ასპარეზზე სასამართლო ხელისუფლება გამოვიდა: სასამართლო სისტემა აქტიური კრიტიკის საგანი გახდა რამდენიმე გახმაურებული საქმის, მათ შორის რუსთავი 2-ის საქმის გამო, ასევე, სისტემაში მიმდინარეობდა იმ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი, ვის მიმართაც წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გამო საზოგადოებაში ყველაზე მეტი უკმაყოფილება იყო დაგროვილი. კრიტიკაზე რეაქცია იუსტიციის საბჭომ საჯარო განცხადებით გამოხატა, რომლითაც არც მეტი, არც ნაკლები - მოსამართლეებზე ცენზურის დაწესება მოითხოვა.

კიდევ ერთი ინსტიტუცია, რომელიც გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ პერიოდულად ილაშქრებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოა. “ციანიდის საქმის” დეტალების მედიაში გასაჯაროების შემდეგ მნიშვნელოვნად შეირყა ერთ დროს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის იმიჯი. რეაქციამაც არ დააყოვნა და პატრიარქმა 2019 წლის საშობაო ეპისტოლეში ცილისწამება იმ სისხლის სამართლის დანაშაულთა კატეგორიაში გაიყვანა, როგორიცაა ფიზიკური ძალადობა და სხეულის განზრახ დაზიანება.

პატრიარქის ეპისტოლეს ეს ნაწილი მოიწონა პარლამენტის მაშინდელმა სპიკერმა ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ აუცილებელია ცილისწამების პრობლემაზე მსჯელობა.

წლის დასაწყისში იგივე შინაარსის განცხადებებით დაგვამახსოვრა თავი ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც: “ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საფრთხეზე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებსა და მთელ საზოგადოებას ცილიწამებისა და ცრუ ინფორმაციის სახით ემუქრება,” - განაცხადა ზურაბიშვილმა 2019 წლის მარტში.

ამ განცხადებებიდან რამდენიმე თვეში კი მმართველმა გუნდმა პარლამენტში ჯერ კიდევ 2017 წელს შეტანილი კანონპროექტი გაიხსენა, რომლის ინიციატორია საქართველოს კომინიკაციების ეროვნული კომისია და რომლითაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში ინაცვლებს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის სიძულვილის ენის გამოყენება.

ეს ინიციატივა უარყოფითად შეაფასა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და მიუთითა, რომ “პროგრამის შინაარსის გამო მაუწყებლის სანქცირება მარეგულირებელ კომისიას აძლევს ბერკეტს ზეგავლენა მოახდინოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ანდა გამოიყენოს მის წინააღმდეგ”.

სულ ბოლოს ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გასულ თვეში დაირაზმა, როცა ერთხმად დაგმო და შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, “სათანადო შეფასება” მიეცათ ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელზე, როცა მან პირდაპირ ეთერში აგინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

ფაქტია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “ქართული ოცნება” მუდმივად ცდილობს საკანონმდებლო დონეზე შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში, რომელსაც ცენზურის პირობებში ცხოვრების სულ მცირე 70-წლიანი გამოცდილება აქვს, ცენზურაზე მეოცნებეებს შორის ხელისუფლების წარმომადგენლები მარტონი არ არიან.

ბლოგის ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ