როცა ინფორმაციულ ვაკუუმს კიდევ უფრო მძიმედ გრძნობ - მარიკო წიქორიძე ჩაკეტილი ბოლნისიდან
24.03.2020
alt

მეორე დღეა მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ეს ზონა მიმოსვლისთვის მას შემდეგ დაიკეტა, რაც კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირების წყაროს დადგენა კი ვერ მოხერხდა. ჟურნალისტი მარიკო წიქორიძე, რომელიც ბოლნისში ცხოვრობს, გვიყვება რას ნიშნავს ცხოვრება ჩაკეტილ ზონაში, სადაც ყველაფერთან ერთად ინფორმაციული ვაკუუმია.


ბოლნისი 22 მარტამდე
 
2020 წელი მსოფლიოში ყველაზე დრამატულად დაიწყო, ჩინეთი კორონავირუსის ლეტალურ შედეგებზე ალაპარაკდა და მათგან ძალიან შორს, აგერ საქართველოში, ჩვენც შევეჩვიეთ აზრს, რომ ვირუსი ჩვენამდეც მოაღწევდა.

დიდი ხანია ჩემი ყველა დღე „პულტით“ ხელში, არხიდან არხზე ინფორმაციის ძიებით სრულდება. სატელევიზიო ინფორმაციის შფოთს სოციალური ქსელები და სააგენტოები ემატება. მთავარი თემა ყველგან ერთია -დაინფიცირებულთა რიცხვი, სადღაც მეტი, სადღაც ნაკლები...

22 მარტს ბოლო „პოსტი“ ისევ კორონავირუსზე გავაზიარე და იტალიაზე დარდით დავხურე ლეპტოპი.

ღამის 12 საათი იქნებოდა პრემიერ-მინისტრის სპეციალური ბრიფინგის მოლოდინში საათს, რომ შევხედე. მეგონა გაამკაცრებდნენ საგანგებოს მდგომარეობას, რომელიც 21 მარტს გამოცხადდა საქართველოს ტერიტორიაზე და გამიხარდა, ვიფიქრე, ჩემს მეზობლებს, გუშინ მწვადებს რომ წვავდნენ ვაზის გასხვლისას ვენახებში, ეს მაინც აიძულებთ სახლში დარჩენას-მეთქი...

ზუსტად ნახევარ საათში ბოლნისი და მარნეული „წითელ ზონად“ გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია მარნეულში ვირუსის დაფიქსირებაზე, ბოლნისის კარანტინი შოკი იყო.

ღამის 2 საათზე, ჩემს სახლთან ახლოს მყოფი ყველა სასურსათო მაღაზია, რომელიც სადღეღამისო იყო, ხალხით გაივსო. ვხედავდი ჩემს მეზობლებს ფეხზე დამდგარი, გაშეშებულები როგორ უსმენდნენ ინფორმაციას არხიდან არხზე.

კარანტინის პირველი დღე

23 მარტის დილა იყი ყველაზე უჩვეულო ბოლნისისთვის. უამრავი ავტომობილი ერთმანეთის მიყოლებით მოძრაობა სახლი - მაღაზიის მიმართულებით. სასურსათო მაღაზიებიდან ხალხს 10-12 შეკვრა პირველადი სასურსათო მარაგი გამოჰქონდა.

ნახევარმა ქალაქმა არ იცოდა, რომ წუხანდელი ღამის შემდეგ ქალაქი კარანტინშია. არაფერი იცოდა ჩემმა მეზობელმა ტაქსის მძღოლმაც, რომელიც გამოძახებაზე აპირებდა გასვლას, თან ეჭვი ეპარებოდა, ,,სად ჩვენ და სად კორონაო“. 10 წუთში ხელთათმანებითა და კაშნეშემოხვეულმა სხვების ინფორმირება დაიწყო.

შუა დღისთვის ქალაქის არცერთ საცხობში აღარ იყო პური, ვერცერთ აფთიაქში ვერ შეიძენდით პირბადეს, ხელთათმანს, ანტიბაქტერიულ საშუალებას, არ იყო ბინტი და ანტისეპტიკური ხელსახოცი.

ქალქის მერი ყველა არხზე ერთსა და იმავე ტექსტს იმეორებდა, რომ ბოლნისში ვითარება კონტროლდება, ვიცავთ წესებს და მოსახლეობას მაღალი რისკის სოფლებში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება.

24 მარტი, კარანტინში ყოფნის მეორე დღე
 
როცა შიში, პანიკა და შფოთი თითქმის დაძლეული გაქვს, მოქმედებაზე გადადიხარ და ზუსტად აქ აღმოაჩენ, რომ ყველაზე დიდი სირთულე ყველაფრის დისტანციურად კეთებაა.

პირველი, ვინც დილით წერილი მომწერა, ჩემი მეგობარი იყო სოფელ ნახიდურიდან. ეს ის სოფელია, სადაც Covid-19-ით დაინფიცირებულმა მარნეულელმა ქალმა, ვირუსის სიმპტომების გამოვლენამდე, და მოინახულა. მოგვიანებით ორივე მარნეულის კლინიკებში გადაიყვანეს. დღეს ეს კლინიკებიც კარანტინშია.

კარანტინშია სოფელი ნახიდურიც, თუმცა ლეილა ძალიან დარდობს მეზობლებზე, რომლებიც ჩვეულებრივ გადაადგილდებიან და კარანტინის წესებს ღიმილით ხვდებიან. უფრო მეტიც, ყოველ დღე ლეილას მაცივრითაც სარგებლობენ. ლეილა ამბობს, რომ მათათან არც ჯარი შესულა და არც სიცხე გაუზომავს ვინმეს. ლეილას ეშინია და ითხოვს, რომ კარანტინის დარღვევა დასჯადი გახდეს.

ხალხის დამოკიდებულებასავით არაერთგვაროვანია ინფორმაცია, რომელსაც დისტანციურად ვიღებ და მძაბავს. ვცდილობ ყველაფერი გადავამოწმო. მაგალითად, ბოლნისის სოფლებში ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა ამბობს, რომ კორონავირუსზე არაფერი იციან, არ აქვთ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ისიც არ იციან, კარანტინი რა არის. ამავე დროს, გუშინდელი პრემიერის განცხადების შემდეგ, პენსიების წინასწარ გაცემასთან დაკავშირებით, დღეს რიგები დადგა ბანკომატებთან. დღეს უკვე იყო პირველი უკმაყოფილება, რომ სასაურსათო მაღაზიებში არავინ იცავს 2 მეტრის დისტანციას, რომ მარკეტებსა და აფთიაქებში არ არის სადეზინფექციო ხსნარები, რომ აღარ იყიდება 75 პროცენტიანი სპირტი და მხოლოდ ახლობლების იმედზე არიან, რომლებსაც ჭაჭა მაინც აქვთ. ეს კარგია, მაგრამ ცუდია ის, რომ ასეთი ხალხი ბევრი არ არის, ზოგმა კარანტინი აღიქვა როგორც თავისუფალი დრო მეზობლებ-ნათესავების მოსანახულებლად.

დღეს, დღის ბოლოს, მივხვდი რომ მარნეულისგან განსხვავებით, ბოლნისში საინფორმაციო ვაკუუმია და დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყეტილება მივიღეთ, როცა აქ, ამ რეგიონში და ამ ქალაქში ,,ქალთა რადიოს“ შექმნაზე დავიწყეთ ფიქრი.

დღესაც არ ვიცით, ნამდვილად იგეგმება თუ არა ქალაქისა და სოფლების სრული დეზინფექცია. თუ იგეგმება, როდის. გაგვაფრთხილებს თუ არა ვინმე ხალხს და დაინტერესდებიან თუ არა იმ ადამიანებით, რომლებსაც გამძაფრებული აქვთ ყნოსვის შეგრძნება, ალერგიულები არიან და შესაძლოა ეს მათთვის ეს სახიფათო იყოს.

ჯერ კიდევ გუშინ, ჩემი მეზობელი სუსანა დეიდა აღდგომისთვის ტოლმის რეცეპტს აწერინებდა შუა ქუჩაში გაბის. უხსნიდა, რომ ქინძი და პილპილი აუცილებელია, ვირუსებს კლავს. რეცეპტის ერთსაათიანი გარჩევის შემდეგ, კარანტინი მაინც არად ჩააგდეს და ყავის ერთად დალევაზე შეთანხმდნენ. დღეს აღარ გამოჩენილან. როგორც ჩანს ინფორმაცია ჩვენამდე იმაზე გაცილებით ნელა მოდის, ვიდრე ვირუსი.

ბლოგის ავტორი : მარიკო წიქორიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

როგორ იქცა ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების გაშუქება კრიტიკულ მედიაზე თავდასხმის საბაბად
დანაშაულის სიმძიმის მედიისკენ გადატანა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული საშიში განცხადებები, ხელისუფლების პასუხისმგებლობის არიდება - ასე აფასებენ შს მინიტრის მოადგილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს მედიის მისამართით ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას.

„ყველა მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორისგან კატეგორიულად მოვითხოვთ - მძევლებისა და სამართალდამცველთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვისთვის, დაუყოვნებლივ მოხდეს ადგილიდან ლაივსიგნალის გათიშვა/შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული”, - ამ განცხადებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ მედიასაშუალებებს მოუწოდა შეეწყვიტათ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველის მიერ მძევლების აყვანისა და ამ შემთხვევის გამო დაწყებული საპოლიციო ღონისძიებების პირდაპირ ეთერში გაშუქება.

მოგვიანებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მედიასაშუალებების ქმედებების ნაწილი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა“.

„გამაოგნებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან. ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია, რაზეც დღეს თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებთ“, – განაცხადა კობახიძემ და მოგვიანებით, ჟურნალისტის კითხვაზე, თქვა, რომ „როდესაც ასეთი ვითარებაა და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და თქვენი, „გლავ კანალის“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი მიდის პრემიერთან და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი“…

დღეს 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:20 საათზე, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებულმა პირმა იმ მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა და გამოსასყიდის სახით, ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა. შემთხვევიდან მალევე მაუწყებლებმა სპეციალურ საინფორმაციო გამოშვებებში, მომხდარის პირდაპირ ეთერში გაშუქება დაიწყეს. გარკვეული დროის განმავლობაში მედიაში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ყველაფერი, რაც ადგილზე ხდებოდა, მათ შორის საპოლიციო ოპერაციის დეტალები, მოგვაინებით, „მთავარმა არხმა“ პირდაპირ ეთერში ჩართო ერთ-ერთი მძევალი, რომლის საშალებითაც ბანკში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირმა მისი მოთხოვნები გააჟღერა. სწორედ ამ ფაქტებს მოჰყვა მინისტრის მოადგილისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ ის, რომ მედიამ გაშუქებით საფრთხე არ უნდა შეუქმნას პირველ რიგში ადამიანების სიცოცხლეს და ასევე, არ უნდა შეაფერხოს საპოლიციო ღონისძიებები, ცალსახაა. თუმცა მისივე თქმით, ასეთ დროს მხოლოდ მედიის პასუხისმგებლობის დაყენება არასწორია და ასეთი განცხადებები ძალიან საშიშ სიგნალებს შეიცავს.

„შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ გააზრებული მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელობა“, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ყველაზე მცირე, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა სამართალდამცავ უწყებას, მას შეეძლო გამოეყო, სპიკერი, ვინც პროაქტიულად და ოპერატიულად მიაწვდიდა მედიას ინფორმაციას ოპერაციის იმ დეტალებზე, რისი გასაჯაროებაც იმ დროისთვის მიზანშეწონილი იქნებოდა, ასევე, განუსაზღვრავდა საიდან და როგორ ემუშავათ ისე, რომ არც მათ სიცოცხლეს შექმნოდა საფრთხე და არც საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილე სამართალდამცველების.

„ამის ნაცვლად, ჩვენ მოვისმინეთ საშიში განცხადებები და მედიაზე გადაბრალების მცდელობა, რაც სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა“, - ამბობს მარიამ გოგოსაშვილი და ამატებს, რომ დღევანდელ რიტორიკაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა იკითხებოდა: „ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ეთიკურად გაშუქება და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. თუ მათ დაინახეს, რომ არსებობდა საფრთხე, მათ მყისიერად შეეძლოთ ამაზე რეაგირების მოხდენა და არა რამდენიმე საათის შემდეგ. შსს-ს მედიასთან ულტიმატუმის ენით არ უნდა ესაუბრა და ამის საჭიროება არც დადგებოდა, სამართალდამცავ უწყებას მედიასთან გამართული კომუნიკაცია რომ ჰქონოდა“.

„კარგი იქნებოდა ცოტა უფრო მომგებიანი პოზიცია გვქონოდა მედიას და ჩვენი შეცდომებით საზოგადოებისთვის არ მიგვეცა საბაბი, რომ ის იყოს მხარდამჭერი ჩვენს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებისა“, - ამბობს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი. თუმცა, მისივე აზრით, მიუხედავად ყველაფრისა, არც ახლა და არც სხვა დროს, მსგავს შემთხვევებში, არავის არ უნდა გაუჭირდეს გამიჯნოს ვისი პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში ვინმეს საფრთხე ექმნება ან ზარალდება, - „პირველ რიგში ამის პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ეს არის იმდენად ნათელი მიჯნა, რომ ახლა დანაშაულის მედიაზე გადაბრალება არის უპასუხისმგებლო პოლიტიკური საქციელი. მით უფრო, როცა ეს ხდება მაშინ, როცა მძევლები ჯერ კიდევ არ არიან გათავისუფლებული და ამისთვის იცლის შს სამინისტროს წარმომადგენელი და მმართველი პოლიტიკური გუნდის ლიდერი“.

ნათია კუპრაშვილიც და მარიამ გოგოსაშვილიც იხსენებენ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპრაციის გაშუქებას და ამბობენ, რომ ყველა ჯერზე ერთსა და იმავე, ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ. ყველა შემთხვევაში, მედიასა და სამართალდამცავ უწყებას შორის არ არის არანაირი კომუნიკაცია, ამ უკანასკნელის ჩაკეტილობის გამო, მედია მუშაობს ფორსმაჟორში, უშვებს შეცდომებს და შემდეგ ეს ყველაფერი მედიის საწინააღმდეგოდ იწყებს მუშაობას.

„დაწერილი სტანდარტიც კია ხელისუფლებისთვის, როგორ უნდა მოქმედებდნენ საგანგებო სიტუაციებში. როდესაც მსგავს, საგანგებო სიტუაციებში ვერ ხდება კომუნიკაციის მართვა, ეს არის ჩავარდნა. პირველი სამიზნე თავდამსხმელების არის მედია და მედიის გამოყენება, - გამოჩნდნენ, შეაშინონ ადამიანები და ამ ქმედებების საფუძველს თავდამსხმელებს აძლევს უუნარო ხელისულება, იმიტომ, რომ მას არ შეუძლია კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციის აწყობა, მას არ აქვს საკომუნიკაციო შტაბი“, - ამბობს ნათია კუპრაშვილი და ამატებს, რომ მას არ ახსენდება შემთხვევა, როდესაც მსგავს კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლებამ შექმნა საკომუნიკაციო შტაბი და მედიამ მასთან არ ითანამშრომლა, - „ომის დროს ითანამშრომლა, სალოსის ქუჩაზე, როგორც კი შსს გამოერკვა და მედიას უთხრა როგორ ემუშავა, ითანამშრომლა. არასდროს ყოფილა შემთხვევა, როცა მედია არ გაყვა სპეციალურ მითითებებს, თუკი ეს იყო კოორდინირებული და ის იყო უსაფრთხოების მიზნით გაკეთებული“.

კუპრაშვილიც და გოგოსაშვილიც იმედოვნებენ, რომ დღევანდელი განცხადებები განცხადებების იქით აღარ წავა. „არაფრით არ შეიძლება, უსამართლოა და პოლიტიკურად მოტივირებული, როდესაც მედიას ადანაშაულებ“, - ამბობს ნათია კუპრაშვილი.
'თუ არ გაჩერდება შენი ტელევიზია, მოგივლით' -  Tv პირველში მუქარაზე საუბრობენ
"ტელეკომპანია პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი ამბობს, რომ დღეს, 21 ოქტომბერს მის მამას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს მოკვლით დაემუქრნენ. ვატო წერეთელი მისი ოჯახის მიმართ მუქარებს ტელევიზიის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირებს.

ავთანდილ წერეთელი "ტვ პირველთან" საუბარში იხსენებს, რომ ლისის ტბაზე სავარჯიშოდ ასულს ორი ახალგაზრდა კაცი დახვდა და დაემუქრა: “თუ არ გაჩერდება შენი ტელევიზია, მოგივლითო”.

ვატო წერეთელი მომხდარს მმართველ პარტიას უკავშირებს და ამბობს, რომ მის საქმიანობასთან დაკავშირებით პირდაპირი მუქარები დიდი ხანია გრძელდება:

"ჩემი ოჯახის მიმართ დევნა დიდი ხანია დაწყებულია და, რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკას. მინდა პირდაპირ მოვუწოდო “ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს ჩემი ოჯახის დევნა. ეს ტელევიზია ყოველთვის იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს, რაც არ უნდა გააკეთონ.”

მომხდარს ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” გამოეხმაურა და შესაბამის უწყებებს საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა:

“მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება ამ ფაქტზე, უზრუნველყონ საქმის დროული და ეფექტური გამოძიება და საზოგადოებისათვის შედეგების გაცნობა”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მედიაჩეკერს” უთხრეს, რომ ავთანდილ წერეთელი გამოკითხვაზეა დაბარებული. რაც შეეხება იმას, დაიწყება თუ არა მომხდარზე გამოძიება, ამ ეტაპზე უწყებაში ამ კითხვაზე ვერ გვიპასუხეს.
შსს მედიისგან მოითხოვს შეწყვიტოს პირდაპირი ეთერი ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციიდან
შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებისგან მოითხოვს შეწყვიტონ ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის ადგილიდან პირდაპირი ეთერი. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტს გამოიყენებს.

კახაბერ საბანაძის თქმით, რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საპოლიციო დანაყოფების ეფექტიან მუშაობას.

“აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორისგან კატეგორიულად მოვითხოვთ - მძევლების და სამართალდამცველთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვისთვის, დაუყოვნებლივ მოხდეს ადგილიდან ლაივსიგნალის გათიშვა/შეზღუდვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული”, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში სპეცოპერაცია დაახლოებით 14:30 საათიდან მიმდინარეობს. სპეცოპერაციას რამდენიმე მედიასაშუალება ამ დრომდე [18:30სთ] პირდაპირ ეთერში გადასცემს.
ახალციხის მერმა Sk news-ის ჟურნალისტს მისთვის გადაღებული ფოტოების წაშლა მოსთხოვა
„რა გინდათ, ვინ ხართ და რატომ დამდევთ, სურათებს რატომ მიღებთ, წაშალეთ სურათები“, - ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ, ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს ეკლესიაში, სვეტიცხოვლობის წირვის დროს გადაღებული სურათების წაშლა მოსთხოვა.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ მერი ეკლესიაში მხარზე ხელით შეეხო და ხმამაღალი ტონით მოსთხოვა მისთვის გადაღებული ყველა ფოტო წაეშალა. მერის ამ რეპლიკის შემდეგ, ჟურნალისტს ეკლესიაში მყოფი სხვა პირებიც დაუპირისპირდნენ. ერთმა მათგანმა რეპორტიორს ხელი გადაუგრიხა, მობილური და ხმის ჩამწერი დიქტოფონი წაართვა, მათი გადაგდებით დაემუქრა და ეკლესიის ეზოდან გაათრია.

 "სამხრეთის კარიბჭეს" მიერ შემთხვევის დროს ჩაწერილი აუდიომასალა  - მოქალაქე უპირისპირდება ჟურნალისტს


„ჩემი სურათი წაშალე თორემ... ახლა ამას [ტელეფონს და დიქტოფონს] გადაგიგდებ... მე ვერ გადამიღებ გენაცვალე, მოგზავნილი ხარ?! წაშალე თორემ ტუალეტში ჩავაგდებ, ზაზამაც გთხოვა [გულისხმობს მერს]ნუ იღებ! არ მოგცემ ტელეფონს, მიდი, დაუძახე პოლიციას, მკითხე რომ მიღებდი?! წადი შენი.. საიდან ჩამოეთრიე?! შენ ხარ ეშმაკი, წამოეთრიე პოლიციაში, - ისმის აუდიოჩანაწერში, როელიც გამოცემამ ამ თემაზე გამოქვეყნებულ მასალას დაურთო. „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქტორი თინათინ ზაზაძე ამბობს, რომ ეს აუდიომასალა სრული არ არის და ესეც მხოლოდ ის ნაწილია ამ მძიმე დაპირისპირებიდან, რისი ჩაწერაც ჟურნალისტმა შეძლო.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს ახალციხის მერიც ხედავდა, თუმცა, მას ამ აგრესიული მოქალაქისგან ჟურნალისტის დაცვა არ უცდია, მეტიც, მოგვიანებით, როდესაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, დაინახა თუ არა მომხდარი, უთხრა, რომ მას არაფერი დაუნახავს.

ვინ არის ეს მოქალაქე და რატომ დაუპირისპირდა ჟურნალისტს, რედაქციაში ამაზე პასუხი არ აქვთ. რედაქტორი ამბობს, რომ ეს ახალგაზრდა მათი სტატიების სამიზნეც კი არასოდეს ყოფილა.

რედაქტორს კონკრეტული პასუხი არც მერის გაღიზიანების მიზეზზე აქვს. ამბობს, რომ რაიმე კრიტიკულ მასალაზე, რაც ეკლესიაში შეკრებილებისა და მერის გაღიზიანებას გამოიწვევდა, არ მუშაობდნენ: „სტანდარტულად, რელიგიურ დღესასწაულზე, მორიგი, მშრალი ახალი ამბის გამოქვეყნება გვინდოდა და ვიფიქრეთ, რომ არქივის ფოტოს ნაცვლად კარგი იქნებოდა ახალი ფოტო გადაგვეღო“.

მისივე თქმით, ჟურნალისტს არც დიდხანს უმუშავია ეკლესიაში, რომ იფიქრონ, რომ ამან მრევლი გააღიზიანა: „მხოლოდ 4 ფოტო ჰქონდა გადაღებული, შეიძლება მაგდენიც არა. არც პერსნალურად მისი ფოტოა, მერი ხალხთან ერთად ჩანს. რაიმე განზრახვა კონკრეტულად მერის გადაღების, არ გვქონია“.

ერთადერთი, რაც თინათინ ზაზაძის თქმით, შეიძლება მერის აგრესიის მიზეზი გამხდარიყო, გამოცემის მიერ წინა დღეს გამოქვეყნებული მასალაა. სტატიაში საუბარია, რომ ახალციხეში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, რომლის 100%–იანი წილის მესაკუთრე ახალციხის მერია, აკრძალვის მიუხედავად სადღესასწაულო სუფრა გაშალეს. გამოცემის ინფორმაციით, რესტორანში ახალციხის საკრებულოს ერთ-ერთმა დეპუტატმა შვილიშვილის დაბადება აღნიშნა.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ შესაძლოა მერს სხვა მიზეზებიც ჰქონდა მათთან დაპირისპირების, ვინაიდან მერის მისამართით გამოცემის საიტზე არაერთი კრიტიკული მასალა იძებნება, თინათინ ზაზაძე ამბობს, რომ ყოველშემთხვევაში ამ დრომდე მერს მათი მისამართით გაღიზიანება არ გამოუვლენია.

თინათინ ზაზაძე ამბობს, რომ მოხდარის გამო მათ პოლიციისთვის ჯერ არ მიუმართავთ, თუმცა, ჟურნალისტს, რომელსაც ხელზე ეკეთა სამაჯური, მოქალაქე ისე მიათრევდა, ხელი ატკინა და ეს ეტყობა კიდეც. 

„მედიაჩეკერი“ შეეცადა ახალციხის მერისთვის ეკითხა, იცის თუ არა, რომ ჟურნალისტის მუშაობაში ხელშეშლა, სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა, მისი მობილური ტელეფონი გამორთულია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტების მუშაობაში ხელშელის ფაქტებმა უკვე ძალიან საშიში, ტენდენციის სახე მიიღო და ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ბოლო პერიოდის არცერთ მსგავს შემთხვევაზე, შესაბამისი შედეგი არ დამდგარა.

„როდესაც ქვეყანაში ასეთი არაერთი საქმე გაქვს და ყველა გამოუძიებელი, ეს ახალისებს შემდგომში ჟურნალისტების მისამართით მსგავს ძალადობას. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ხელვაჩაურის მერის უხამსი გინება ჟურნალისტის მისამართით, ამაზე ქარტიამ განცხადებაც გაავრცელა, თუმცა, ჯერჯერობით ქმედითი და ხელშესახები შედეგი ამას არ მოჰყოლია. ზუსტად ეს არის მსგავსი განგრძობითი ეფექტის მიზეზი“, - ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.

ბოლო ორ კვირაში, 29 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე, ჟურნალისტის მუშობაში ხელშეშლის ეს უკვე მესამე, მძიმე შემთხვევაა. საუბარია მხოლოდ იმ ფაქტებზე, რაც გახმაურდა.

29 სექტემბერს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს და დაუმტვირეს კამერა, იმავე დღეს, კამერა დაუმტვირეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა საჯარო თავშეყრის ადგილზე მოხდა და ჰყავს უამრავი თვითმხილველიც, ჟურნალისტის მუშაობაში ხელშეშლისთვის ჯერ არავინ დაუკავებიათ. „მიმდინარეობს გამოძიება და დაელოდეთ“, - ეს არის უწყების პასუხი.

უფრო ადრე, გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტს უშვერად აგინა ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ. გამოცემამ ამის შესახებ მასალა 12 ოქტომბერს გამოაქვეყნდა და მასალას თან დაურთო აუდიომასალაც.

გაფრთხილება: აუდიო შეიცავს უცენზურო გინებას




სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მერმა ფეისბუკის პირად გვერდზე ბოდიში მოიხადა, სხვა რეაგირება, ამ დრომდე, არც ამ მძიმე შემთხვევას მოჰყოლია.

„ყველა ასეთი შემთხვევა შესაბამისმა უწყებამ უნდა გამოიძიოს მყისიერად. ეს იქნება საუკეთესო პრევენცია იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. სხვა შემთხვევაში, კიდევ უფრო მძიმე მედიაგარემოს მივიღებთ, მითუმეტეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და გარემო ისედაც დამძიმებულია“, - ამბობს ქარტიის