სიცოცხლისთვის საშიში მედია - პანდემია და ფანატიზმი
18.04.2020
alt

ციანიდის სკანდალის შემდეგ, ნაციონალური მედიაორგანიზაციების ნაწილმა გაჭირვებით დაძლია რელიგიის ჟურნალისტიკის პირველი კლასის პროგრამა და თითქოს ეპისკოპოსისა და მღვდლის გარჩევა ისწავლა, თითქოს დაიზუთხა კიდეც სხვაობა პანაშვიდსა და პარაკლისს შორის, აღარც ბოლომდე მიწასგართხმული შემეოხებდა სრულიად საქართველოს მამებსა და დედებს, დროდადრო კი გვიგდებდა სახელგანთქმულ “ერორს”, როცა სინოდის სხდომიდან გამოვარდნილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის კათოლიკოს-პატრიარქისადმი წაყენებული ბრალდების გადმოცემა უწევდა, ფიზიკის კანონებსაც კი აყენებდა ეჭვქვეშ დიდი შაბათის ცეცხლის დღესასწაულზე, მაგრამ კაცი მაინც იფიქრებდა, პანდემია რომ დაიწყოს, რაღაცას მოახერხებენო.

ო, წმიდაო გულუბრყვილობავ!

ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ვინც სასწაულების ფაქტად გასაღებით ფიზიკას აუქმებს, არც ვირუსოლოგიას დაინდობს და არც ეპიდემიოლოგიას.

მრავალგზის გვინახავს, როგორ მარცხდება მედია ფანატიზმთან, სიძულვილთან, ანტიმეცნიერებასთან თუ ფიზიკურ ძალადობასთან. ჟურნალისტებს მრავალგზის უმტყუნიათ საზოგადოებისთვის და უღალატიათ პროფესიული ეთიკისთვის, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ასე სასიკვდილოდ და მასშტაბურად არაადეკვატური.

და კი, რთულ დროს, სამოსნობაც ვერაფერი შეღავათია. საკმარისი არ არის, უბრალოდ აღარ იწვე, აღარ თვინიერებდე და ოდნავ გაკადნიერებას ბედავდე. საკმარისი არ არის შორენას მუქარანარევ ზარებს აღარ პასუხობდე, ან შენი სიუჟეტები კათოლიკოს-პატრიარქისადმი აღვლენილ ონლაინწირვას აღარ ჰგავდეს.

საკმარისი არ არის, ქალბატონ ეზუგბაიას, ბატონ გამყრელიძეს, იმნაძეს ან ცერცვაძეს ეკლესიის თავგასულობაზე კითხვებს უსვამდე, როცა ისინი დიდი უპასუხისმგებლობით იჩლექენ ენას, ან შეშინებულები ძლივს და უკვე დაგვიანებით ახერხებენ არტიკულაციას - წირვაზე არ წახვიდეთო. საკმარისი არ არის ხელისუფლებას, ჯანდაცვისა თუ იუსტიციის მინისტრებს ეკითხებოდე - მერე კანონი რომ ირღვევაო?

საკმარისი არ არის, რადგან მედია თავის მოვალეობას კითხვის დასმით არ ამოწურავს. ხანდახან მისი მოვალეობა პასუხის არმიღებაა.

პასუხის არმიღებაა საჭირო, როცა მეცნიერი - მეცნიერებას ჰყიდის, ხელისუფლება - ხელისუფლებას, ხოლო ეკლესია - რწმენას.

სხვა შემთხვევაში, ჟურნალისტებიც გავყიდით ფაქტებს.

ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ პასუხისმგებელი პირების არაადეკვატურ კომენტარებსა და აშკარა ტყუილებს, ზოგჯერ გონიერების გამაუქმებელთ.

ჩვენ არ უნდა ვჯერდებოდეთ მხოლოდ წინასწარ დაწერილი ნელთბილი გზავნილების ფოსტალიონობას.

ანგარიშვალდებული პირები უნდა უფრთხოდნენ მედიის რისხვას. უნდა უფრთხოდნენ პასუხისმგებლობით აღვსილი პროფესიონალების უმწვავეს კრიტიკასა და უკიდურესად, რეალობასთან ადეკვატურობაში გამწვავებულ და, მე თუ მკითხავთ, განრისხებულ ტონს.

ჩვენ უნდა ვასხვავებდეთ ფაქტებსა და ინტერპრეტაციებს.

რა არის ფაქტი?

ფაქტი ის არის, რომ პანდემიის კრიზისის დროს, ხელისუფლება და მედიცინა პრაქტიკულად ჩამოემხო გავლენიანი რელიგიური ფანატიკოსების ფერხთით და მხოლოდ კოსმეტიკური ჩარევითღა ცდილობს ჩვენს გამოსარჩლებას, საბოლოოდ კი მომავალ არჩევნებზე საკუთარი ბედის გამოსარჩლება სურს.

ფაქტი ის არის, რომ დღისით-მზისით თუ შუაღამით-კომენდანტით კანონი ირღვევა. ფანატიზმი კი მასზე აღზევდა.

ფაქტი ის არის, რომ ადამიანთა სიცოცხლე საფრთხეშია. ჩვენი ჯანმრთელობა მედიცინის პროფესიონალების ხელიდან გამოსტაცეს და ჭკუიდან შემცდარი ფანატიკოსებს გადაულოცეს.

ფაქტი ის არის, რომ ეპიდემიოლოგებმა თუ ინფექციონისტებმა ამ პოლიტიკურად მოტივირებულ უკანონობას უკიდურესად ყრუდ უპასუხეს და ჩვენს ჯანმრთელობას ზოგი ენამოჩლექით გამოესარჩლა - ზოგმაც, იმას ვიზამ, რასაც ფანატიკოსთა გავლენიანი ლიდერი მიბრძანებსო.

მედიამ ეს ფაქტები ვერ გადმოსცა. ვერ დაგვანახა. ვერ შემოგვთავაზა სურათი, სადაც თავსდამტყდარი უბედურება არსებითად იქნებოდა გადმოცემული, იმდენად, რომ უბედურების კატასტროფულობა აღგვექვა.

ამის პარალელურად, მან აირჩია ებალანსებინა სიკეთესა და ბოროტებას შორის.

ნაციონალური მედიაორგანიზაციები რელიგიურ ფანატიკოსებსა და მათ აპოლოგეტებს სასიკვდილოდ დიდ დროს უთმობდნენ, ეს მაშინ, როცა ადეკვატურად კრიტიკულ აზრს ზოგჯერ ეთერიდან აძევებდნენ.

უნდა გვესმოდეს, რომ მომაკვდინებელი ფანატიზმის სტერილური გაშუქება ჟურნალისტიკა არ არის, ჟურნალისტიკა ფაქტების ხელოვნებაა.

ჩვენ არ მოგვეთხოვება ვაბალანსოთ კანონსა და უკანონობას შორის.

ჩვენ არ მოგვეთხოვება პატივისცემა დავუდასტუროთ გავლენიან კრიმინალებს (“დიდი პატივისცემით, მამა ანდრია, მე თქვენ არ გებრძვით, მაგრამ რომ გვწამლავთ, მაინც მიწევს გაფხაკუნება”).

ჩვენ არ მოგვეთხოვება ამ კრიმინალებს საზოგადოების საღი აზრისგან გადარწმუნების შესაძლებლობა მივცეთ.

აბა, არ გავაშუქოთო?! გვკითხავენ ხოლმე კრიტიკოსებს კოლეგები. როცა ეს კითხვა უკვე ჩამოთვლილი არგუმენტების შემდეგ დაისმის, პასუხის ხასიათზე აღარ ხარ, მაგრამ პასუხი საჭიროა.

რაღა თქმა უნდა, გაშუქება აუცილებელია!

საქართველოს ეკლესია ამ ქვეყნის უმსხვილესი პოლიტიკური მოთამაშეა, მისი არგაშუქება, ან დისპროპორციულად მცირე გაშუქება მხოლოდ ბრიყვული, სტერილური და ელიტისტური გადაწყვეტილებაა, რომელსაც, როგორც იქნა, ჩვენი ლიბერალური მედიაც დაეხსნა.

გაშუქება აუცილებელია, მაგრამ აქ თავს იჩენს ცენზურის, სურვილისა და კომპეტენციის პრობლემები.

ხანდახან ცენზურა გავალებს, შენი კომპანიისა თუ ამ კომპანიის მფლობელთა უსაფრთხოებას მოუფრთხილდე, ხანდახან თვითცენზურას იწესებ, რომ ქუჩაში არ გცემონ, ხანდახან სურვილი კი გაქვს - მაგრამ კომპეტენცია არა.

კომპეტენცია კი მოითხოვს შემოქმედებითობასა და სიფხიზლეს. ვერც ერთი პროფესიონალი, ფუნდამენტური პრინციპების მიღმა ვერ დაწერს სტანდარტების სრულ ჩამონათვალს, რადგან სტანდარტები გარემოებებისა და მიზნების კომბინაციით ყალიბდება. გარემოებები კი მუდმივად იცლვება. კონტექსტი ხან ამას მოგვთხოვს, ხან იმას - დანარჩენები კი შედეგებით იზომება. თუ შედეგი საზოგადოების ინტერესებს აცდენილია, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ წარუმატებელ ფორმატებზე.

წარუმატებელი ფორმატები და წარუმატებელი გაშუქება პანდემიის დროს - აღარ არის პროფესიული ღირსებისა თუ საზოგადოების ინფორმირებული არჩევნის საკითხი - ჯანმრთელობის საკითხია.

კი ვხუმრობდით, მაგრამ ხანდახან მედია ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ჩვენ უნდა ვცნოთ ახალი სინამდვილე, გადავაფასოთ საკუთარი თავი და მივხვდეთ, რომ გვჭირდება რელიგიის პროფესიონალი ჟურნალისტები.

ეს კრიზისი მხოლოდ საქართველოში არ დგას, დასავლური, რესპექტაბელური მედიებისთვის თვალის გადავლებაც კმარა, ერთ ნიუსში ათი შეცდომის საპოვნელად.

სწორედ ამ კრიზისის შედეგია ისიც, რომ მრავალი არაკომპეტენტური და გამოუცდელი კრიტიკოსი, ხანდახან იმგვარი სტანდარტების სასრულ ჩამონათვალს წარმოგვიდგენს, რომლებიც არაფრით პასუხობს მუდმივ ცვლადს - გარემოებას. ხანდახან ეს კრიტიკა ჩაშენებულია სიზარმაცეში - სჯობს ამტკიცო, რომ რაღაც არ უნდა გაშუქდეს, იმისთვის, რომ ოდნავ მეტი არ წაიკითხო, ხანდახან - განუსწავლელობაში.

პროფესიული სტანდარტების ფორმირება არ დასრულებულა, ის მიმდინარეობს აქ და ახლა - სტანდარტებიცა და ეთიკაც, საბოლოოდ პროცესია - მთავარია, არ იცვლებოდეს მიზნები.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი კომპონენტია მედიის რეპუტაცია და ცნობადობა. ჰედლაინი, რომელსაც ერთი მედია ერთ აუდიტორიას აწვდის, შესაძლოა, სრულიად სხვაგვარად იკითხებოდეს, ვიდრე მეორის მიერ შერჩეული იგივე. სხვაა მედიაა, სხვაა აუდიტორია. ჩვენ უნდა ვიცნობდეთ საკუთარ აუდიტორიას, უსწრაფესი უკუგებით მუშაობაში ვაკორექტირებდეთ პოლიტიკას - საჭიროა ყოველდღიური გადაწყვეტილებების აქტიური მიღება და არა გამზადებული სტანდარტებით გაზარმაცება - “ტრენინგზე მოვისმინე და საკმარისია” ან “ნაცნობმა მედიაექსპერტმა გამობრძნა” - სავალალო შეცდომაა.

რა თქმა უნდა, არსებობს ლეგიტიმური დისკუსია და ლეგიტიმური განსხვავებები, მათ შორის, იმის შესახებ, რა არის სწორი და რა არასწორი მიზნის მისაღწევად და ეს დებატი კვლავ გაგრძელდება - მთავარია გადაწყვეტილებებს პროფესიონალები იღებდნენ და არა რეალობას მოწყვეტილი ზარმაცები, მთავარია მიზნები გვქონდეს საერთო.

ჩვენ არ უნდა ვიქცეთ არც კრიტიკოსთა ტყვეებად და არც მხოლოდ საკუთარ ნაბადს დანდობილ შეუვალ თავკერძებად. ჟურნალისტის მოვალეობაა ყოველდღიურად ვითარდებოდეს ახალ დისკუსიებსა და კონტექსტებში.

მოვიდა დრო, მედიამ აღიაროს თეოლოგიური და კანონიკური რწმენა-წარმოდგენების პოლიტიკურობა. კანონიკა ისეთივე პოლიტიკური შეიძლება იყოს, როგორც კანონი. უძველესი დოკუმენტებიც კი, დღემდე ახდენენ გავლენას გეოპოლიტიკაზე.

მაგალითად, აღარარსებული ქალაქის - კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ 1686 წელს, მის მიერვე გამოცემული სიგელი გააუქმა, 451 წლის ქალკედონის კრების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, რომ 2019 წელს, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალია მიეცა. ყოფილა კანონიკა პოლიტიკის კომპონენტი?

როცა შენი მედია ამ თემატიკას დროს არ უთმობს, საზოგადოებრივ იმუნიტეტს აჩლუნგებ, შედეგად კი საზოგადოება ადვილად მოწყვლადია გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტების მავნებლური თუ მკვლელი ფანატიზმის წინაშე.

რელიგია გაშუქების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს.

ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება რელიგიის პროფესიონალი ჟურნალისტები. ჟურნალისტები რომლებიც ამ პროფილს ცხოვრებას მიუძღვნიან.

სხვანაირად, არაფერი გამოვა.

ბლოგის ავტორი : ლევან სუთიძე, 'ტაბულას' რელიგიური მიმომხილველი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

Facebook საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას აამოქმედებს
დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, მომავალი კვირიდან, Facebook საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას აამოქმედებს. აღნიშნული პროგრამის გაშვების შედეგად, ინფორმაციას, რომელსაც საქართველოში Facebook-ის პარტნიორი პორტალები სიყალბედ შეაფასებენ, Facebook-ი საინფორმაციო ველის (News feed) ქვედა ნაწილში განათავსებს. ეს შეამცირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და, ასევე, შემცირდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომლებსაც, შესაძლოა, დეზინფორმაცია მიეწოდოს. 
 
Facebook-ის პარტნიორები საქართველოში Fact Check Georgia და მითების დეტექტორი იქნებიან. Fact Check Georgia „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) , მითების დეტექტორი კი „მედიის განვითარების ფონდის“ პროექტებია. Facebook-ის ინფორმაციით, ორივე მათგანი ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის მიერაა სერტიფიცირებული.

როგორც Facebook აცხადებს, გვერდებსა და ანგარიშებს, რომლებიც პერიოდულად ეცდებიან, გააზიარონ ცრუ ინფორმაცია, ავტომატურად შეეზღუდებათ მონეტიზაციისა და რეკლამის განთავსების შესაძლებლობები. დამატებით, ფაქტების გადამოწმების პლატფორმის მიერ ცრუ ინფორმაციად შეფასებულ პოსტებს Facebook-ი თვალსაჩინოდ მონიშნავს. ამით, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, გაარჩიონ, სიმართლეა თუ არა პოსტი, რომელსაც ხედავენ, ან რომლის გაზიარებაც სურთ.

„გვიხარია, რომ FactCheck Georgia-სა და მითების დეტექტორთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გავუშვებთ. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვეკიდებით. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, გამოვნახოთ გზები, რომ ხელი შევუშალოთ ჩვენს პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას,“ - აცხადებს Facebook-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მენეჯერი, სოფი აიარსი.

აღნიშნული პროგრამა Facebook-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგია ახალი ამბების ავთენტურობის დადგენასა და მათი ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. სტრატეგიის მიხედვით, Facebook-ი აუქმებს ანგარიშებს და შლის კონტენტს, რომელიც არღვევს კომპანიის მიერ დაწესებულ სტანდარტებს, ან სარეკლამო პოლიტიკას. შედეგად, მცირდება ცრუ ინფორმაციისა და არაავთენტური კონტენტის გავრცელების შანსი.

დღეისათვის, Facebook-ს მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს, რომლებიც 50 ენაზე ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობენ. კომპანია განაგრძობს ინვესტიციების ჩადებას, რათა ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მასშტაბური გახადოს.
ბოლნისში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ჟურნალისტს დაჭრით დაემუქრა - “მთავარი არხი”

ტელეკომპანია “მთავარი არხის”ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვუგარ ისაევმა, მათ ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის, სამუშაო პროცესში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაჭრით დაემუქრა. მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები ახალისებს ძალადობას და შსს-ს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ მოახდინოს მომხდარზე რეაგირება.  

შემთხვევა 16 სექტემბერს, სოფელ ნახიდურში მოხდა, სადაც ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრას მართავდა.

ვიდეომასალაში, რომელიც “მთავარმა არხმა” გაავრცელა ქართულენოვანი თარგმანით, ისმის, რომ დეპუტატი ჟურნალისტს გადაღებას უკრძალავს, რადგან “მას ასე უნდა” და ეუბნება, რომ “არჩევნების შემდეგ მასაც და სხვებსაც შეხვდება”. გარდა ამისა, ვიდეოში “ქართული ოცნების” დეპუტატი “მთავარი არხის” ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება: “არჩევნები დამთავრდეს და მე შენ აქ დაგიძახებ, სულ სხვანაირად დაგელაპარაკები. მიდი აბა, იმუშავე „ნაციონალებზე“.

ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი ამბობს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატი დანით დაჭრით მას შემდეგ დაემუქრა, რაც იგი დაინტერესდა, რატომ იყვნენ მობილიზებული იმ ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციის საარჩევნო კანდიდატი ხალხს ხვდებოდა:

“მე მივედი მასთან კითხვით, თუ რატომ იყვნენ ოპოზიციის და ადგილობრივების სიახლოვეს მობილიზებულნი, რაზეც მან მიპასუხა, რომ მისთვის არ უნდა გადაგვეღო რადგან ამის უფლება არ გვქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მე დანით დამჭრიდა და ფიზიკურად გამისწორდებოდა. მან ასევე მკაფიოდ აღნიშნა, ისიც რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ‘’მომხედავდა/მომივლიდა’’ ქუჩურ და კაცურ ამბავში”-, წერს ჟურნალისტი ფეისბუკის პირად გვერდზე.

დღეს, 17 სექტემბერს ჟურნალისტის წინააღმდეგ მუქარის და პროფესიულ საქმიანობაში შესაძლო უკანონო ჩარევის ფაქტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” გამოეხმაურა. ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ დროულად მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება „მთავარი არხის” ჟურნალისტის წინააღმდეგ მუქარისა და მედიის საქმიანობაში შესაძლო უკანონო ჩარევასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

“მედიის და ჟურნალისტის უფლებები, მათ შორის, მათი საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისი საერთაშორისო სამართლის ნორმებით. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტების მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას პრაქტიკაში საფრთხე არ შეექმნას, რისი უზრუნველყოფის ვალდებულებაც სახელმწიფოს აკისრია”, - აცხადებენ ორგანიზაციაში და ხაზს უსვამენ, რომ მედიის დამოუკიდებელი საქმიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას წინასაარჩევნო პერიოდში იძენს, - “სწორედ მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ეძლევა ამომრჩეველს შესაძლებლობა, ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. შესაბამისად, ჟურნალისტისათვის ხელის შეშლა და მუქარა, ერთი მხრივ, არღვევს უშუალოდ მედიის წარმომადგენლის უფლებას, მეორე მხრივ კი, ახალისებს ძალადობას და ქმნის ქვეყანაში თვითცენზურის გარემოს, რაც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას ნეგატიურ სახეს აძლევს”, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიების დაწყება სპეციალური ბრიფინგით მოითხოვა „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა.

„მედიას გადამწყვეტი როლი ეკისრება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ღიად და სამართლიანად ჩატარებაში. აღნიშნული ფაქტი ხელს უწყობს პოლიტიკურ ძალებს შორის პოლარიზების გაზრდას და ახდენს ძალადობის წახალისებას, რაც აზიანებს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოს. აუცილებელია ამ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოხდეს სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის მხრიდან“, - აცხადებს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წევრი ალიკა კუპრავა.

არხის ხელმძღვანელობას გამოძიების დაწყების მოთხოვნით უწყებისთვის ჯერ ოფიცილურად არ მიუმართავს. "მთავარი არხის" იურისტის, თამთა მურადაშვილის განმარტებით, ამ საკითხზე მსჯელობდნენ, თუმცა, ვინაიდან უკვე გავრცელდა ორგანიზაციების გამოხმაურებები და მიმართვები უწყებისადმი, თავად ჯერ განცხადება არ შეუტანიათ და უწყების რეაგირებას ელოდებიან. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “მედიაჩეკერს” განუცხადეს, რომ მომხადრზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის მუხლით დაიწყო.  

გამოკითხულთა მხოლოდ 1% ენდობა პირველი არხის ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას -IRI
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას გამოკითხულთა მხოლოდ 1% უცხადებს ნდობას. ამავე კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტელეკომპანია იმედს აქვს - 40%, 16% ასახელებს, “მთავარ არხს”, 11% - “რუსთავი 2-ს”, 5% კი “TV პირველს”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მსგავსად, გამოკითხულთა 1% ენდობა “ფორმულას”, “ობიექტივს”, “პალიტრა ნიუსს” და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას.

IRI-ის კვლევის თანახმად, 1%-ზე ნაკლები უცხადებს ნდობას “post TV-სა” და “ერთსულოვნების” მიერ გავრცელებულ ახალი ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა 2020 წლის 4 - 21 აგვისტოს პერიოდში მიმდინარეობდა, საველე სამუშაოები „აიფიემმა” ჩაატარა.

IRI-ის ინფორმაციით, “მონაცემები შეგროვდა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი”.
თბილისის მერიის სარეკლამო ხარჯები და ფავორიტი ტელევიზიები
თბილისობის პროგრამა, ახალი წლის მილოცვა, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია - ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რაზეც “საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო” სარეკლამო კლიპებს ამზადებს და თბილისის მერიის გასაპიარებლად სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში განთავსებისთვის ასობით ათას ლარს იხდის ბიუჯეტიდან.

მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის თაობაზე მომზადებული სარეკლამო კლიპის 4 ტელევიზიის ეთერში განთავსებისთვის თბილისის მერიის “საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტომ” 132,438 ლარი გადაიხადა მიმდინარე წლის დასაწყისში. ამ თანხის 60%-მდე (79,424 ლარი) ტელეკომპანია “იმედს” ერგო, 31%-მდე (40,532 ლარი) - “რუსთავი 2”-ს , 8% (10,674 ლარი) - TV პირველს და 1%-ზე ოდნავ მეტი (1,806 ლარი) - “მაესტროს”.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის თაობაზე მომზადებული სარეკლამო კლიპი კი სააგენტომ 5 ტელევიზიაში განათავსა გასულ წელს, რაშიც 110,874 ლარი გადაიხადა ბიუჯეტიდან. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი წილი - 58,714 ლარი ტელეიმედს ხვდა წილად, 38,667 ლარი - რუსთავი 2-ს, 6,878 ლარი - TV პირველს, 5,093 ლარი - საზოგადოებრივ მაუწყებელს და 1,522 ლარი - მაესტროს.

alt
ინფოგრაფიკაზე მოცემულია  ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეორე და მესამე ეტაპის თაობაზე განთავსებული კლიპების ჯამური ღირებულება. ამასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელზე განთავსდა მხოლოდ მეორე ეტაპის შესახებ მომზადებული ვიდეო.



“საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო” თბილისის მერიაში 2018 წელს შეიქმნა. მას შემდეგ სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი დედაქალაქის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის წარმართვაზე.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, 2018 წელს სააგენტომ 2.3 მილიონი ლარი დახარჯა, საიდანაც სარეკლამო რგოლების მხოლოდ სატელევიზიო ეთერში განთავსებისათვის 519 ათასი ლარი გადაიხადა. ამ თანხის 69.5% (361,117 ლარი) “იმედმა” აითვისა, 17.3% - რუსთავი 2-მა, 5.9% - TV პირველმა, 3.6% - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და 2.5% - “იბერიამ”.

alt


“მედიაჩეკერმა” შეისწავლა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულებები, რომლებიც “საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტომ” 2019 წელს გააფორმა ტელევიზიებთან.

როგორც ირკვევა, გასულ წელს 805,077 ლარი გადაუხადა სააგენტომ ტელევიზიებს საეთერო დროის შესყიდვისთვის. ამ თანხის ნახევარზე მეტი, 52% - “იმედის ჰოლდინგმა” აითვისა, საიდანაც 388,210 ლარის ხარჯი ტელეიმედზე მოდის, 23,385 ლარი - GDS TV-ზე და 9,189 ლარი - მაესტროზე; საერთო თანხის 37%-ზე მეტი (299,677 ლარი) - რუსთავი 2-ის საეთერო დროის შესყიდვისთვის დაიხარჯა; 5%-ზე მეტი (43,247 ლარი) - TV პირველზე; 3.3% (26,815 ლარი) - საზოგადოებრივ მაუწყებელზე; ხოლო დარჩენილი თანხა აითვისეს “კავკასიამ” (8,706 ლარი) და პალიტრა TV-მ (5,848 ლარი).

რაც შეეხება 2020 წლის მონაცემებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულებების მიხედვით, ამ დროისთვის “საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს” ტელევიზიებთან უკვე გაფორმებული აქვს 629,080 ლარის ღირებულების კონტრაქტები. აქედან თანხის 60%-ზე მეტი (379,573 ლარი) “იმედზე” მოდის, დაახლოებით 32% (199,930 ლარი) - რუსთავი 2-ზე, 7%-მდე (43,404 ლარი) - TV პირველზე და 1%-მდე (6,172) - მაესტროზე.


alt

ამას გარდა, თბილისის მერიის შესახებ ფეისბუკზე განთავსებული ინფორმაციისა და აქტივობების რეკლამირებისთვის (დასპონსორებისთვის) „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“ მიმდინარე წელს 170,000 ლარს ხარჯავს.

სააგენტოს ასევე მიმდინარე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული “ბრავო რექორდსთან”, რომელიც ითვალისწინებს კინოთეატრებში თბილისის მერიის საქმიანობაზე მომზადებული სარეკლამო კლიპების განთავსებას. ამისთვის სააგენტომ 2019 წლის აპრილში 134,685 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა “ბრავო რექორდს”, ხოლო 2019 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული კონტრაქტის ღირებულებაა 140,000 ლარი. თანხა სააგენტოს გადახდილი აქვს, თუმცა “ბრავო რექორდს” მხოლოდ 2 მიღება-ჩაბარების აქტი აქვს წარმოდგენილი, რომელთა ღირებულება 31,087 ლარია. აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო მიმდინარე წლის მარტიდან კინოთეატრები საქართველოში დაკეტილია.

ჟურნალისტის ინფიცირების გამო “რუსთავი 2-ს
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2-ის” ერთ-ერთ წამყვანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტელეკომპანიას სამაუწყებლო ბადის შეცვლა მოუხდა. დღეს, 11 სექტემბერს, ეთერიდან მოიხსნა “ღამის კურიერი” და, შესაძლოა, ორი დღის განმავლობაში არხმა გარკვეული ცვლილებებით იმაუწყებლოს.

მაუწყებლის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მაუწყებლობა არ შეფერხდეს.

“ვაგრძელებთ ყველა იმ მოქმედებას, რაც აუცილებელია, რომ ტელევიზიამ არ შეაფერხოს მაუწყებლობა. თუმცა, შესაძლოა, ორი დღის განმავლობაში გარკვეული ცვლილებები იყოს”, - განაცხადა მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ.

“რუსთავი 2-ის” აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი იმნაიშვილის თქმით, მაუწყებელი მომზადებული შეხვდა ამ ვითარებას და ჩვეულ რეჟიმს მალე დაუბრუნდებიან:

“ამ არასასურველი სიტუაციისათვის “რუსთავი 2” წინასწარ იყო მომზადებული. შევიძინეთ სწრაფი ტესტები იმისათვის, რომ ამ მომენტისთვის ვინც არის შენობაში, ჩაუტარდეს შემოწმება. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მაქსიმალურად არ აისახოს ეთერზე და, ასევე, არავის შევუქმნათ საფრთხე ჩვენი ოპერაციით. “ღამის კურიერი”, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური გადაცემები, აუცილებლად დაბრუნდება ბადეში, მას შემდეგ, რაც მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავალთ”.

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად კონტაქტების მოძიება და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. მაუწყებლის განცხადებით, არხის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანიაში მყოფმა არცერთმა თანამშრომელმა არ დატოვოს შენობა, სანამ თითოეულ მათგანს ტესტირება არ ჩაუტარდება. მათივე თქმით, თანამშრომელთა ნაწილი უკვე იზოლაციაშია გადაყვანილი.