ბობ ვუდვორდი - უოტერგეიტიდან პულიცერამდე
18.02.2019

ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი ბობ ვუდვორდი 1943 წლის 26 მარტს აშშ-ში, ილინოისის შტატში დაიბადა. 1971 წლიდან the Wahington Post-ის რეპორტიორად მუშაობდა, სადაც კოლეგასთან კარლ ბერნშტეინთან ერთად, ე.წ. უოტერგეიტის სკანდალთან დაკავშირებით არაერთი მასალა მოამზადა. მათ მიერ მომზადებულ სტატიებს აშშ-ის მაშინდელი ხელისუფლების არაერთი ჩინოვნიკის დაკავება და საბოლოოდ პრეზიდენტ ნიქსონის გადადგომაც მოჰყვა.

უოტერგეიტის მასალებისთვის the Washington Post-ი პულიცერის პრემიის მფლობელიც გახდა, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ ბობ ვუდვორდს მიუძღვის.

⇒   “ჯიმის სამყაროს” სკანდალი

alt1980 წლის სექტემბერში Post-ის მთავარ გვერდზე ჟურნალისტ ჯანეტ კუკის მასალა გამოჩნდა, სათაურით “ჯიმის სამყარო”, რომელიც 8 წლის ჰეროინზე დამოკიდებული მოზარდის ცხოვრებას აღწერდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად გამოცემაშიც ამბის ნამდვილობაზე ბევრს ეჭვი ეპარებოდა, ის რედაქტორების გადაწყვეტილებით მაინც გამოქვეყნდა.

მათ შორის იყო ბობ ვუდვორდიც, რომელიც მაშინ რედაქტორის ასისტენტის მოვალეობას ასრულებდა. სწორედ მან გაგზავნა მასალა პულიცერის პრიზის ნომინაციაზე და ავტორი მასალისთვის ჯილდოს მფლობელიც გახდა. თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მთელი ისტორია მოგონილი იყო და Washington Post-ს პრიზის უკან დაბრუნება მოუხდა.

“ვფიქრობ, რომ მასალის საპრიზო ნომინაციაზე წარდგენა ნაკლებად სადავოა. ასევე, ნაკლებად სადავოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ მასალამ პულიცერის ჯილდო მიიღო, იმიტომ, რომ ის ბრწყინვალე ისტორიაა, მიუხედავად იმისა, რომ ის სრულიად ყალბია. ნებისიერი რედაქტორის, მათ შორის ჩემი მხრიდან აბსურდი იქნებოდა იმ ისტორიის ნამდვილობის გადამოწმება, რომელიც პულიცერის ჯილდოზე იყო ნომინირებული”, - განაცხადა მან მომხდარის კომენტირებისას.

⇒   ვუდვორდი და ბუშის ადმინისტრაცია

ბობ ვუდვორდი სწორედ ის ჟურნალისტია, რომელმაც ყველაზე მეტი დრო გაატარა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციაში. მან ყოფილ პრეზიდენტთან ექვსი ხანგრძლივი პირისპირ ინტერვიუ ჩაწერა და ოთხი წიგნი დაწერა, რომლებშიც დეტალურად არის აღწერილი ბუშის პრეზიდენტობის წლები, მათ შორის 11 სექტემბრის თავდასხმა და ომის დაწყება ავღანეთსა და ერაყში.

altვუდვორდს გულწრფელად სჯეროდა, რომ ბუშის ადმინისტრაციის მიერ ერაყში ომის დაწყების მთავარი მიზეზი იქ არსებული მასობრივი განადგურების იარაღი იყო. ლარი კინგის შოუში სტუმრობისას, ერთ-ერთი მაყურებელის კითხვას - “დავუშვათ, რომ წავედით ერაყში საბრძოლველად და იქ მასობრივი განადგურების იარაღი არ აღმოჩნდა?” ვუდვორდმა ასე უპასუხა - “ვფიქრობ, ამის შანსი ნულია, რადგანაც იქ უამრავი ასეთი იარაღია”.

მოგვიანებით, მან აღიარა, რომ შოუში სტუმრობისას, ზედმეტად თავდაჯერებულად საუბრობდა და რეალობის მიმართ მეტად სკეპტიკური უნდა ყოფილიყო.

“უნდა მეთქვა, შეხედეთ, რეალურად ამის არც თუ ისე ბევრი სამხილია, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამტკიცებდა”, - განაცხადა მან.

⇒   დავა ობამას ადმინისტრაციასთან

alt2013 წლის თებერვალში, ვიდრე აშშ-ის ბიუჯეტის სეკვესტრი ძალაში შევიდოდა, Washington Post-მა ვუდვორდის საავტორო სვეტი გამოაქეყნა. ამ სვეტში ობამას ადმიანისტრაცია იმ განცხადებების გამო იყო გაკრიტიკებული, რომ თითქოს 2012-2013 წლების ბიუჯეტის სეკვესტრირების შესახებ წინადადება კონგრესში რესპუბლიკელების მხრიდან იყო ინიცირებული. ვუდვორდი ამბობდა, რომ მისმა კვლევამ აჩვენა, რომ ბიუჯეტის სეკვესტრის შესახებ იდეა სწორედ თეთრ სახლში დაიბადა და ეს ადმინისტრაციის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.

Politico-სთან საუბარში ვუდვორდმა განაცხადა, რომ ვიდრე მასალა დაიბეჭდებოდა თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომდგენლებმა მას უყვირეს, მოგვიანებით კი, ვრცელი იმეილი გაუგზავნეს, რომელშიც მას უთხრეს, რომ ასეთი მსჯელობისთვის აუცილებლად ინანებდა.

მეორე დღეს, Politico-მ ვოდვორდსა და თეთრ სახლს შორის მიმოწერის სრული ტექსტი გამოაქვეყნა,  რომელშიც სიტყვა “ინანებ” ნამდვილად იყო გამოყენებული, თუმცა ის ისე იყო ფორმულირებული, რომ მუქარა არ იკითხებოდა. მიუხედავად ამისა, ვუდვორდის მიმართ მხარდაჭერა რამდენიმე ჟურნალისტმა მაინც გამოხატა. ისინი ამბობდნენ, რომ ობამას ადმინისტრაციასთან მსგავსი ურთიერთობის გამოცდილება მათაც ჰქონდათ.

⇒   აღიარება და ჯილდოები

altმრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, ვუდვორდი არაერთი ჟურნალისტური ჯილდოსა და პრიზის მფლობელი გახდა. გარდა უოტერგეიტის სკანდალზე მომზადებული მასალებისა, the Washington Post-მა 2002 წელს სწორედ მისი დამსახურებით აიღო პულიცერის კიდევ ერთი ჯილდო 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტზე მომზადებული მასალებისთვის. გარდა ამისა, ვუდვროდი ამერიკაში არსებული თითქმის ყველა ჟურნალისტური ჯილდოს მფლობელია. ბოლო 35 წლის განმავლობაში 18 საავტორო წიგნი აქვს გამოშვებული, რომელთაგან ყველა ბესტსელერია.

⇒   კრიტიკა

მიუხედავად მრავალმხრივი აღიარებისა და უამრავი ჯილდოსი, ვუდვორდისთვის არც მის მიმართ არსებული სკეპტიკური დამოკიდებულება და კრიტიკაა უცხო. იქიდან გამომდინარე, რომ თხრობისას საკუთარ მასალებში ხშირად ანონიმურ წყაროებს, სხავადასხვა ჩანაწერებსა და დღიურებს იყენებს, მის მიერ გადმოცემული ამბების მიმართ ბევრს კითხვის ნიშანი აქვს, ბევრიც მას ფაბრიკაციასა და ამბების გაყალბებაში ადანაშაულებს.

თუმცა, ის დღემდე ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე დაბალანსებულ და ავტორიტეტულ ჟურნალისტად ითვლება. “მის მსგავსად სხვა არცერთ რეპორტიორს აქვს უნარი, მოიპოვოს ამბავი და ის დამაჯერებლად გადმოსცეს”, - ამბობენ ვუდვორდზე.

ბობ ვუდვორდი ამ დრომდე Post-ისთვის მუშაობს, სადაც მას ასოცირებული, უმცროსი რედაქტორის პოზიცია უკავია. 


თეგები : ბიოგრაფია;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ