საზოგადოებრივ მაუწყებელს პლაგიატი დაუდგინდა - ქარტიის საბჭოს პრეცედენტული გადაწყვეტილება
15.05.2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ,  საქმეზე - "ჩაიხანა" ნინუცა კახნიაურის წინააღმდეგ, პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და მე-11, პლაგიატის პრინციპის დარღვევა დაადგინა.  აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება დღეს,  15 მაისს გამოქვეყნდა.

⇒  რას ეხებოდა დავა

საქმე ეხებოდა მედია პლატფორმა "ჩაიხანას" დავას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ. „ჩაიხანა“ პირველი არხის გადაცემა „ახალ კვირას“ მასალის პლაგიატში ადანაშაულებდა.

უფრო კონკრეტულად, 2019 წლის 4 იანვარს მედია პლატფორმა Chai Khana-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეომასალა სახელწოდებით “გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან”. ვიდეო ისტორია სოფელ გუმბათის მასწავლებელზე ია ძირკვაძეზეა. 2019 წლის 27 იანვარს კი პირველი არხის ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით “გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან“, რომელიც ამავე გმირზეა.

მედია პლატფორმა „ჩაიხანას“ ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ პირველ არხზე გაშვებული სიუჟეტის ავტორებმა ქარტიის მე-11 პრინციპი   დაარღვიეს და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში იჩივლა. 

 

              ქარტიის მე-11 პრინციპი:  „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ 
დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედება - პლაგიატი“.

 

"ჩაიხანას" საჩივარში ნათქვამი იყო, რომ პირველ არხზე გაშვებული სიუჟეტის სათაური Chai Khana-ს ვებგვერდზე განთავსებული ვიდეომასალის სათაურის იდენტური იყო, ისევე როგორც მსგავსი იყო სიუჟეტები თემატურად.  ამ დროს, კი "პირველ არხზე გაშვებულ სიუჟეტში ავტორები არ უთითებენ პირველწყაროს და არც Chai Khana-ზე განთავსებული ვიდეომასალის ავტორებს ახსენებენ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ქარტიის საბჭომ საქმე 28 მარტის სხდომაზე განიხილა. საქმის განხილვაში მხოლოდ „ჩაიხანას“ წარმომადგენლობა - მასალის ავტორი და გამოცემის მედია მენეჯერი მონაწილეობდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან საბჭოს სხდომას არავინ დასწრებია. 

⇒  გარემოებები, რასაც საბჭომ ყურადღება მიაქცია

საქმის სირთულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭომ გადაწყვეტილება საბოლოოდ 2019 წლის 24 აპრილს მიიღო . როგორც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ვკითხულობთ,  საბჭოს წევრებმა რამდენიმე გარემოებას მიაქციეს ყურადღება. 

კერძოდ, ორივე სიუჟეტი ერთსა და იმავე გმირს და ერთსა და იმავე ამბავს ეხებოდა. მასალა არ ასახავდა მიმდინარე ახალ ამბავს, რომელმაც აქტუალურობა მხოლოდ 2019 წლის იანვარში შეიძინა და ცნობილი იქნებოდა მედიასაშუალებებისთვის. მასალებიდან ცალსახაა, რომ გმირის საქმიანობის შესახებ  შეიტყო ჟურნალისტმა, თემა მიიჩნია საინტერესოდ და მოამზადა სიუჟეტი.

სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ წალკიდან 20 კილომეტრის დაშორებით, სოფელ გუმბათში მცხოვრები ირა ძირკვაძე "ჩაიხანას" ჟურნალისტმა აღმოაჩინა და მასალა თავდაპირველად მან მოამზადა. მეტიც, ამ სიუჟეტიდან შეიტყო პირველი არხის ჟურნალისტმა გმირის შესახებ. ამ ფონზე კი, პირველი არხის, გადაცემა “ახალი კვირის” წამყვანმა სიუჟეტი წარადგინა ისე, თითქოს მათ აღმოაჩინეს გმირიც და თემაც.


♦ წამყვანის შესავალი:
„ვის წარმოგვიდგენს დღეს ნინუცა კახნიაური, ტაქსისტი მერიკო გვახსოვს, 15 წლის გიდი უშგულიდან გვახსოვს, გიგის ფორთოხლის წვენები, ეს რეპორტაჟები ყველაფერი გვახსოვს, თიკა დუღაშვილის ბიზნესად ქცეული სოფელი ესეც გვახსოვს, რეპორტაჟები მარტოხელა მამაზე და 90 წლის ელიკო მასწავლებელზე ხომ გვახსოვს და გვახსოვს, კიდევ ბევრი კარგი და საინტერესო ადამიანი გავიცანით ნინუცა კახნიაურის რეპორტაჟებიდან „ახალ კვირაში“ და ყოველ კვირას ძალიან მაინტერესებს ვინ იქნება მისი შემდეგი რეპორტაჟის გმირი, რომელსაც მთელი საქართველო გაიცნობს „ახალი კვირის“ ეთერით, ასეთი ადამიანები საბედნიეროდ ქვეყანაში ბევრია, ამჯერად ჩვენი ჟურნალისტი ნინუცა კახნიაური და ვახტანგ ლეკიაშვილი გასულ კვირაში წალკაში გაემგზავრნენ იმისთვის, რომ დღეს თქვენ გაიცნოთ, გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან. 23 წლის ქართულის მასწავლებელი ირა, საოცრად ლაღი და ძალიან ახალგაზრდა პედაგოგია, რომელიც მშვენივრად თამაშობს ფეხბურთს მოსწავლეებთან ერთად და ბურთის ჩაწოდების პარალელურად, ინგლისურსაც ასწავლის ბავშვებს, მაშ ასე, ამჯერად ახალ კვირაში, თქვენ გაიცნობთ გოგონას მზის ჩასვლის სოფლიდან“.


ამგვარი წარდგენიდან  მაყურებელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ გმირი - ირა ძირკვაძე “ახალი კვირის” ჟურნალისტმა აღმოაჩინა.  არც  შესავალში და არც შემდგომ რეპორტაჟში არ ახსენეს, რომ ამბავი დაახლოებით სამი კვირის წინ პირველად “ ჩაიხანამ“ გააშუქა.
 
სამოტივაციო ნაწილში ნათქვამია, რომ გადაცემის წამყვანისა და ჟურნალისტის მიერ სრულიად უგულვებელყოფილი იქნა “ჩაიხანას” ჟურნალისტის მიერ გაწეული შრომა. 

"თითოეული მასალის მომზადებას სჭირდება ადამიანური და მატერიალური რესურსი, წყაროსთან/წყაროებთან ურთიერთობა, გმირის აღმოჩენა, მასთან დაკავშირება და შეთანხმება, სიუჟეტის მთავარი აქცენტების გამოკვეთა. ეს ყველაფერი ხშირად დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ შრომას უნდა სცეს პატივი კეთილსინდისიერმა ჟურნალისტმა და საკუთარ ჟურნალისტურ პროდუქტში ახსენოს პირველწყარო. გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა “ჩაიხანას” სიუჟეტიდან შეიტყო ახალგაზრდა პედაგოგის მოღვაწეობის ამბავი, არც კი ეცადა, რომ ირა ძირკვაძის ისტორია სხვა კუთხიდან გაეშუქებინა, ეპოვა სხვა რესპონდენტები და ახალი, განსხვავებული აქცენტებით მოემზადებინა მასალა", - ვკითხულობთ გადაწყვეტილების დასაბუთებაში.
 
 

"ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნებისათვის
პლაგიატი შეიძლება დადგინდეს

თუ სახეზეა სხვა ჟურნალისტის შრომის/
alt
ძალისხმევის უგულვებელყოფა, 
განსაკუთრებით მაშინ,
როცა ასეთი 
უგულვებელყოფა ხდება
ისეთი მედიასაშუალების მიერ,
რომელსაც როგორც აუდიტორია,
ისე ტექნიკურ - მატერიალური
შესაძლებლობები უფრო მეტი აქვს"



აქვე საბჭო კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ, იმ დეტალზე, რომ თითქმის იდენტურია სიუჟეტების სათაურები: „ჩაიხანას“ მიერ მომზადებულ ვიდეოს ჰქვია „გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან“, სადავო სიუჟეტის სახელწოდებაა - „გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან“.

ქარტიის საბჭო გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს, რომ "შესაძლოა განსახილველი შემთხვევა პირდაპირ არ შეესაბამება პლაგიატის გავრცელებულ და მიღებულ განმარტებებს, მაგრამ ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნებისათვის პლაგიატი შეიძლება დადგინდეს თუ სახეზეა სხვა ჟურნალისტის შრომის/ძალისხმევის უგულვებელყოფა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი უგულვებელყოფა ხდება ისეთი მედიასაშუალების მიერ, რომელსაც როგორც აუდიტორია, ისე ტექნიკურ - მატერიალური შესაძლებლობები უფრო მეტი აქვს".

გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზეც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო ადვილია  ერთი პლატფორმიდან მეორეზე მასალის გავრცელება. ავტორის აღნიშვნის გარეშე კი მედიასაშუალება, რომელმაც გასწია ძალისხმევა, მის მოსამზადებლად დახარჯა მატერიალური და ადამიანური რესურსი, კარგავს აუდიტორიას: "ამიტომაც მედიასაშუალებამ სათანადოდ უნდა მიუთითოს მასალის პირველწყარო და პატივი სცეს მის მიერ გაწეულ შრომას, ამ პირობებში პლაგიატი განიმარტება უფრო ფართოდ და მოიცავს არამხოლოდ პირდაპირ კოპირებას, არამედ არასათანადო ციტირებას, მითითებას და პირველწყაროს აღნიშვნას".
 
"წინამდებარე შემთხვევაში ქარტიის საბჭოს მიერ მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, თითქოს ქარტიის საბჭო ადგენს „თემის პლაგიატს“, საბჭო დასაშვებად და ეთიკურ ჟურნალისტიკასთან შესაბამისად მიიჩნევს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ერთი და იმავე თემის გაშუქებას. განსახილველ შემთხვევაში მე-11 პრინციპის დარღვევა გამოიწვია სხვა გარემოებების ერთობლიობამ, რომელიც აღწერილია წინამდებარე გადაწყვეტილებაში", - ვკითხულობთ ქარტიის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.

თეგები : პლაგიატი; თვითრეგულირება;
ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ