ლექსო ლაშქარავას სახელობის პრემიისთვის განაცხადების მიღება დაიწყო — ყველაფერი კონკურსის შესახებ
17.10.2022

რა ხდება?

ადამიანის უფლებათა სახლმა (HRHT) ყოველწლიური პრემიისთვის: "ლექსო — პრემია უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის" განცხადებების მიღება დაიწყო.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

18 წელს ზემოთ ასაკის ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს.

საკონკურსო კრიტერიუმები:

აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ
  • უფლებადაცვითი შინაარსის ვიდეო-რეპორტაჟი
  • ან უფლებადაცვითი შინაარსის სტატია.

უფრო დეტალურად:
  • საკონკურსო მედიაპროდუქტი შესაძლოა, ასახავდეს და აშუქებდეს რეალურ ისტორიებს და უფლებადარღვევებს;
  • წარმოადგენდეს დოკუმენტურ მასალას;
  • ჰქონდეს უფლებების დაცვის, ადვოკატირების და საზოგადოებაში უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნები.
  • აპლიკაციის წარდგენის მომენტისთვის, საკონკურსო პროდუქტი შესაძლოა, იყოს უკვე გადაღებული/გამოქვეყნებული 2021-2022 წლებში, ან მომზადდეს უშუალოდ კონკურსისთვის.
  • საკონკურსო პროდუქტი შესაძლოა წარადგინოს როგორც ერთმა, ისე რამდენიმე ავტორმა. (მაგალითად, ჟურნალისტი და ოპერატორი, ჟურნალისტი და ფოტოგრაფი და სხვ.).

მონაწილეობის მსურველებმა, 2022 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ შემდეგი მონაცემები:

  • მოკლე პროფესიული რეზიუმე (CV);
  • თუ აპლიკანტი ერთზე მეტი პირია, საკონკურსო გუნდის ყველა წევრის პროფესიული რეზიუმე (CV).
  • საკონკურსო სტატია ადამიანის უფლებების შესახებ. (სტატია, ბლოგი და სხვ.) ან
  • საკონკურსო ვიდეო-რეპორტაჟი ადამიანის უფლებების შესახებ. (სატელევიზიო სიუჟეტი, ინტერნეტ-პლატფორმის ვიდეო და სხვ.)

მონაცემები გაგზავნეთ მეილზე info@hrht.ge და სათაურში მიუთეთ - „ლექსოს პრემია 2022“.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

თუ თქვენი წარმოდგენილი აპლიკაცია მოიცავს რეალური პერსონაჟის/პერსონაჟების ფოტოს, ვიდეოს ან სხვა სახის პერსონალურ ინფორმაციას, ხოლო წარმოდგენილი პროდუქტი ჯერ არ არის გამოქვეყნებული, აუცილებელია წარმოადგინოთ აღნიშნული პირის/პირების წინასწარი თანხმობის ფორმა, მათ შესახებ მასალის გამოქვეყნებაზე.

გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში გამოავლენენ:

1. საუკეთესო უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი.
წარდგენილი აპლიკაცია: უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი.

2. საუკეთესო უფლებადაცვითი სტატია
წარდგენილი აპლიკაცია: უფლებადაცვითი სტატია.

"პრემია მხარს უჭერს და აღიარებს მედიის სფეროს წარმომადგენლების უმნიშვნელოვანეს როლს თანასწორობისთვის ბრძოლაში და წაახალისებს იმ მედია პროდუქტების წარმოდგენას, რომლებიც არადომინანტური ჯგუფების უფლებების ადვოკატირებას ახდენს", — წერია ადამიანის უფლებათა სახლის პრეს-რელიზში.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2022 წლის 9 დეკემბერს, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეს.

რა ვიცით პრემიის შესახებ?

  • ადამიანის უფლებათა სახლმა ეს პრემია 2021 წელს დააარსა და "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სახელს ატარებს.
  • ლექსო ლაშქარავას, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების გაშუქებისას, ძალადობრივი ჯგუფის წევრები დაესხნენ თავს. თავდასხმისას მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო, რამდენიმე დღეში კი გარდაიცვალა.
  • ლექსოს პრემია დაწესდა მედიის სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმის საპასუხოდ.
  • პრემიის მიზანია, საქართველოში უფლებადამცველი მედიის მხარდაჭერა, შენარჩუნება და მისი შემდგომი განვითარება.
  • 2021 წელს, "ლექსოს პრემია" "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტებს - თორნიკე მანდარიასა და დათო ქორიძეს და ტელეკომპანია "ბორჯომის" ჟურნალისტს, ნინო ვართაპეტიანს გადაეცა.  

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ