დისკრიმინაციულია თუ არა სტატია ბავშვობაში მიტოვებული მამაკაცის შესახებ - IPSO-ს გადაწყვეტილება
27.11.2018
2017 წლის ოქტომბერში, ბრიტანულმა გამოცემა Wales Online-მა, წლების წინ მიტოვებული მამაკაცის შესახებ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით - “ბავშვობაში, კინოში მიტოვებული მამაკაცი, 60 წლის შემდეგ, ოჯახს დაუბრუნდა”. სტატიის მიხედვით, მამაკაცი სახელად რობერტ ვესტონი, მას შემდეგ, რაც დნმ-ის მკვლევარმა მათ კვალს მიაკვლია, ძმასა და ნახევრ ძმას შეხვდა. სტატიაში მოთხრობილი იყო ვესტონის ბიოლოგიური დედ-მამის ურთიერთობის შესახებ. ასევე, ყვებოდა რა მოიმოქმედა ვესტონის დედამ მისი მიტოვების შემდეგ, როგორ მოინახულა ვესტონმა დედის საფლავი. საუბარი იყო მისი ცხოვრების სხვა დეტალებზეც.

ვესტონის ბიოლოგიური დედის შვილმა Wales Online-ის სტატია ბრიტანეთის დამოუკიდებელი პრესის საბჭოში (IPSO) გაასაჩივრა. იგი მიიჩნევდა, რომ სტატია არაზუსტი იყო, ოჯახის პირად ცხოვრებაში იჭრებოდა და აგრეთვე, მისი გარდაცვლილი დედის მიმართ დისკრიმინაციული შინაარსის იყო.

ვესტონის ნახევარ და ამბობდა, რომ იგი ვესტონს არასდროს შეხვედრია და სტატია მისი და მისი დედის რეპუტაციას ლახავდა, რადგანაც ამბავი ისე იყო მოთხრობილი, თითქოს დედამ საკუთარი შვილი მიატოვა. მისივე მტკიცებით მას და მის ძმას დნმ-ის ტესტი არასდროს ჩაუბარებიათ, შესაბამისად შეუძლებელი იყო, რომ ვესტონს მათთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება ჰქონოდა.

საპასუხოდ, Wales Online-მა აღიარა, რომ მასალაში ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს ვესტონი მის და შეხვდა, ნამდვილად არასწორი იყო. რაც შეეხება დნმ-ის ტესტს, გამოცემის განმარტებით, კავშირის დნმ-ის მკვლევარმა გამოკვეთა.

ბრიტანეთის დამოუკიდებელი პრესის საბჭომ საკითხის განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ ვესტონს სრული უფლება ჰქონდა გამოცემისთვის ამბავი მოეყოლა. თავის მხრივ Wales Online-მა თქვა, რომ მიტოვებულ მამაკაცსა და მის ოჯახს შორის კავშირი დნმ-ის მკვლევარმა დაადგინა. უფრო მეტი, IPSO-მ დაადგინა, რომ ვესტონის ძმას და ნახევარძმას მასთან კავშირი არ გაუსაჩივრებიათ, შესაბამისად Wales Online-ს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება აღარ სჭირდებოდა.

IPSO-მ ასევე არ გაიზიარა მომჩივანის მტკიცება, თითქოს სტატია დედის და ზოგადად ქალების მიმართ დისკრიმინაციული შინაარსის იყო. თვითრეგულირების ორგანომ განმარტა, რომ მასალა არ შეიცავდა ტერმინოლოგიას, რომელიც მომჩივანის დედის, როგორც ქალის ბრალეულობის შესახებ მკითხველში წინასწარ განწყობებს შექმნიდა.

IPSO-ს განამრტებით, Wales Online-ის მხრიდან არასწორი იყო იმის თქმა, რომ ვესტონი და მომჩივანი ერთმანეთს შეხვდნენ. “თუმცა, მივიჩნევთ, რომ მასალა არ მოიცავს იმ მასშტაბის უზუსტობას, რომ მისი ჩასწორება იყოს საჭირო”, - განაცხადეს თვითრეგულირების ორგანოში.

წყარო: imediaethics.org



ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ