რა შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი ანონიმური წყაროს გამოყენება?
17.12.2018
ანონიმური წყაროების გამოყენების შესახებ დამკვიდრებული სტანდარტის მიხედვით, ჟურნალისტმა რომელიმე პირზე იერიშის მისატანად ანონიმური წყარო არ უნდა გამოიყენოს. მიზეზი მარტივია, ანონიმურმა წყაროებმა შესაძლოა გამოცემები არაკეთილსინდისიერად გამოიყენონ და რომელიმე საჯარო პირის იმიჯს მიზანმიმართულად ზიანი მიაყენონ. მიუხედავად ამისა, New York Daily News-მა მასალა, რომელშიც ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელს ჯეიმს ლეონარდს თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებდნენ, სრულად ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით მოამზადა. აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა ლეონარდს შესაძლოა სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდეს.

ამბავი, რომელიც ჯეიმს ლეონარდისა და სახანძრო სამსახურის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირ ქალს შორის არსებულ კონფლიქტს ეხება, მთლიანად ანონიმური წყაროების მიერ მიწოდებულ ამბებს ეფუძნებოდა, რაც პროფესიონალური ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის მიხედვით, დაბალი დონის ჟურნალისტიკის სტანდარტებში ჯდება. მოთხრობილი ამბავი ჟურნალისტური ეთიკის კიდევ ერთ ტრადიციულ პრინციპს არღვევს, რაც ანონიმური წყაროს ციტატების გამოყენებით ამბის მთავარი გმირის დამცირებაში გამოიხატა.

მაგალითად, მასალაში ჯეიმს ლეონარდი ანონიმური წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, წარმოჩენილი იყო, როგორც აგრესიული ქცევების მქონე ხელმძღვანელი, რომელიც მუდმივად უყვირის და ეჩხუბება მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს, ასევე, მასც სრული მიუღებლობა აქვს მართვის მაღალ რგოლში “მარტოხელა” ქალი თანამშრომლის მიმართ და ა.შ.

სტატიაში არ იყო დაკონკრეტებული თუ რამდენ წყაროს ეყრდნობოდა ჟურნალისტი თხრობისას. ასევე, არ იყო გამიჯნული მოწოდებული ინფორმაცია ასახავდა ყველა წყაროს პოზიციას, თუ მხოლოდ ერთ-ერთი რომელიმე მათგანისას. მაგალითად, ყველა შემთხვევაში გამოყენებული იყო შემდეგი განმარტებები: “წყაროების ინფორმაციით”, “წყაროების თქმით”, “როგორც წყაროებმა განმარტეს” და ა.შ სხვა ყოველგვარი დამატებითი დეტალების გარეშე.

პროფესიული ჟურნალისტური ეთიკის საზოგადოების ხელმძღვანელის ლინ ვოლშის განმარტებით, New York Daily News-მა ვერ დაასაბუთა, რატომ იყო საჭირო მასალის მომზადებისას ანონიმური წყაროების გამოყენება.

“თუკი ჟურნალისტი გადაწყვეტს, რომ ანონიმური წყარო გამოიყენოს, მკითხველს აუცილებლად უნდა აუხსნას, რატომ დადგა ამის საჭიროება”, - ამბობს იგი და ამატებს, -“გამჭვირვალობა მკითხველის მასალის მიმართ ნდობის ხარისხს ამაღლებს. ამასთან, ახსნის შემდეგ მკითხველს ანონიმური წყაროს შესახებ გარკვეული წარმოდგენა ექმნება და რაც ყველაზე მთავარია, იგებს რატომ გახდა საჭირო წყაროს ვინაობის დამალვა”.

ვოლშის თქმით, შესაძლოა, ჟურნალისტმა ანონიმური წყარო გამოიყენოს, თუმცა საზოგადოებას მათი იდენტიფიცირების გარეშე უნდა აუხსნას, რა კავშირი აქვს მას მოთხრობილ ამბავთან, რაც მკითხველს ამბის უკეთ გააზრებასა და ფაქტებს შორის კავშირების დადგენაში ეხმარება.

ლინ ვოლშის თქმით, მას New York Daily News-ის ხელმძღვანელებთან და მის თანამშრომლებთან შემდეგი კითხვები აქვს:
  • რატომ გახდა საჭირო მასალაში ანონიმური წყაროების გამოყენება?
  • ხომ არ ემუქრება მათ სიცოცხლეს საფრთხე?
  • ვინაობის გამჟღავნების შემთხვევაში ხომ არ ჰქონდათ მათ სამსახურის დაკარგვის შიში?
ეს უკანასკნელი, ვოლშის განმარტებით, საკმაოდ წონადი არგუმენტია, თუმცა, მისივე თქმით, მაინც ისმის კითხვა, ღირს კი მხოლოდ ამის გამო წყაროს ვინაობის დამალვა?

ანონიმური წყაროების არამიზნობრივი გამოყენების წინააღმდეგი იყო The New York Times-ის ყოფილი რედაქტორი მარგარეტ სულივანიც, რომელმაც თავის თანამშრომელ ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ მასალებში მსგავსი წყაროები არ გამოეყენებინათ თუკი ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

მისი განმარტებით, ანონიმური წყაროებისა და მათი ციტატების გამოყენება სპეკულაციებისთვის დიდ სივრცეს ტოვებს, ამასთან ის საშუალებას იძლევა, რომ ყოველგვარი პასუხისმგებლობისა და დასაბუთების გარეშე, ვინმეს რეპუტაცია დაუმსახურებლად შებღალო. ამასთან, სულივანის თქმით, ანონიმური წყაროს ციტირება მკითხველის თვალში მასალას რაიმე დამატებით ღირებულებას და სანდოობას არ სძენს.

წყარო: imediaethics.org

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ