APC: მასალაში იმის ხაზგასმა, რომ ბრალდებული ტრანსგენდერია, ამ ჯგუფის მიმართ არასწორ წარმოდგენებს აღრმავებს
25.02.2019

ავსტრალიის პრესის საბჭოს (APC) გადაწყვეტილებით, Daily Mail Australia-ს მიერ მომზადებული მასალის სათაურში ტრანსგენდერის მითითება ამ ჯგუფის მიმართ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებსა და არასწორ წინასწარ წარმოდგენებს კიდევ უფრო აღრმავებდა.

კერძოდ, Daily Mail Australia-მა ოჯახური ძალადობის შედეგად მოკლული მამაკაცის შესახებ მომზადებულ მასალას შემდეგი შინაარსის სათაური დაურთო: „ტრანსგენდერ ქალს, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, საკუთარი შეყვარებულის მკვლელობაში ედება ბრალი“.

The Daily Mail Australia-მ საკუთარი მასალის დაცვა სცადა და განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ქალი სოციალურ ქსელებში თავადვე წერდა, რომ ის ტრანსგენდერი იყო. მიუხედავად ამისა, პრესის საბჭომ მაინც მიიჩნია, რომ მასალის სათაურში ქალის იდენტობის ხაზგასმა არარელევანტური იყო და ის მას დამატებით ღირებულებას არ სძენდა.

„პრესის საბჭომ მიიჩნია, რომ მასალის სათაურში იმის ხაზგასმა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ტრანსგენდერი იყო, ამ ჯგუფის მიმართ არსებულ არასწორ წინასწარ წარმოდგენებს კიდევ უფრო ამყარებს. მიუხედავად იმისა, რომ თავად სტატიის შინაარსი დაბალანსებული იყო და ის მომხდარის შესახებ ფაქტებს ზუსტად გადმოსცემდა, ბრალდებულის იდენტობაზე ხაზგასმა მაინც პრობლემური იყო“, - ვკითხულობთ პრესის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

წყარო: imediaechics.org


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ