44 წელი უოტერგეიტის სკანდალიდან
17.06.2016
44 წელი გავიდა ე.წ. უოტერგეიტის სკანდალიდან, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, მედია და საზოგადოების დამოკიდებულება მთავრობის მიმართ. ამ საქმის ბოლომდე მიყვანაში დიდი წვლილი ჟურნალისტებსაც მიუძღვით. სწორედ მათ შეუწყვეს ხელი საქმის საჯაროობას და მნიშვნელოვანი სამხილების მოპოვებას.

1972 წლის 17 ივნისს ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დემოკრატების ოფისში დააკავეს 5 მძარცველი. ეს არ იყო ჩეულებრივი ძარცვა: დაკავებულები დაკავშირებული იყვნენ პრეზიდენტ ნიქსონის წინასაარჩევნო კამპანიასთან. დაკავების მომენტში ისინი ცდილობდნენ ტელეფონის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას კონკურენტი დემოკრატების ოფისში და საიდუმლო დოკუმენტების მოპარვას შენობიდან. დემოკრატების ოფისი სასტუმრო უოტერგეიტში მდებარეობდა. უოტერგეიტის საქმის გამო პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტი გადადგა.

ამ სკანდალმა, რომელიც 2 წლისა და 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, მთლიანად შეცვალა ამერიკული პოლიტიკა და ჟურნალისტიკა. მედიაგაშუქებამ კი მკვეთრად გაზარდა საქმის საჯაროობა და პოლიტიკური შედეგები.

კავშირი დაკავებულებსა და საარჩევნო კომიტეტს შორის მედიაგაშუქებით დადგინდა. ამ საქმეზე ჟურნალისტურ გამოძიებას ძირითადად აწარმოებდნენ The Washington Post-ი, Time-ი და The New York Times-ი. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი საქმეში The Washington Post-ის ჟურნალისტებმა ბობ ვუდვორდმა და კარლ ბერნშტაინმა შეასრულეს. გარდა იმისა, რომ მთელი 2 წელი ისინი უწყვეტად იძიებდნენ ამ საქმეს, მათ წიგნიც დაწერეს უოტერგეიტის საქმეზე, რაც საფუძვლად დაედო ფილმს “პრეზიდენტის მთელი ამალა”.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით რეპორტიორებმა ბობ ვუდვორდმა და კარლ ბერნშტაინმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომ ძარცვა და მისი გადაფარვის მცდელობები მჭიდროდ უკავშირდებოდა მაღალი რანგის პირებს იურიდიულ დეპარტამენტში, FBI-ში, CIA-სა და ასევე თეთრ სახლში. ვუდვორდმა და ბერნშტაინმა ჩაწერეს ჯუდი ჰოუბექ მილლერი, ნიქსონის ბუღალტერი, რომელმაც მათ გაუმხილა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საარჩევნო ფონდის ფინანსები გაიფლანგა და ჩანაწერები განადგურდა. მათ პირველებმა გაავრცელეს ინფორმაცია 25 ათასი დოლარის შესახებ, რომელიც ნიქსონის კამპანიიდან ერთერთ მძარცველს გასაჩუმებლად ჩაურიცხეს.

მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ ნიქსონის მომხრეები ხელს უშლიდნენ გამოძიებას და ანადგურებდნენ მტკიცებულებებს, ასევე სამსახურიდან ითხოვდნენ ყველა პასუხისმგებელ პირს.

ბობ ვუდვორდი და კარლ ბერნშტაინი


ვუდვორდისა და ბერნშტაინის ერთერთი მთავარი ანონიმური წყარო იყო პირი, რომელსაც ისინი მოიხსენიებდნენ, როგორც Deep Throat. მისი ვინაობა უოტერგეიტის საქმიდან 33 წლის შემდეგ 2005 წელს გახდა ცნობილი და როგორც გაირკვა, ის იყო უილიამ მარკ ფელტი, რომელიც FBI-ის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა 1970-იან წლებში. ეს ინფორმაცია, ვუდვორდმა 2005 წელს დაადასტურა. ფელტი საიდუმლოდ შეხვდა ვუდვორდს რამდენჯერმე და მოუთხრო ჰოვარდ ჰანტის მონაწილეობის შესახებ უოტერგეიტის ძარცვაში. ასევე, მან უამბო ვუდვორდს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია საკმაოდ მაღალ ფსონს დებდა უოტერგეიტის საქმეზე.

ფელტმა ასევე გააფრთხილა ვუდვორდი, რომ FBI-ს სურდა სცოდნოდა თუ საიდან იღებდნენ ის და სხვა რეპორტიორები ინფორმაციას, რადგან მათ მოახერხეს და აღმოაჩინეს კრიმინალის საკმაოდ ფართო ქსელი პირველებმა, ვიდრე ამას FBI შეძლებდა. ყველა საიდუმლო შეხვედრა ვუდვორდსა და მარკ ფელტს შორის მიწისქვეშა ავტოსადგომზე ხდებოდა 1972 წლის ივნისიდან 1973 წლის იანვრამდე პერიოდში. 1973 წლის 22 ივნისს მან FBI დატოვა. ის მანამდე ასევე ანონიმური წყარო იყო უოტერგეიტის საქმეზე ჟურნალ Time-სთვის, Washington Daily News-სთვის და სხვა გამოცემებისთვის.

საქმის საწყის ეტაპზე მედიაგამოცემების დიდმა ნაწილმა ვერ შეძლო უოტერგეიტის სკანდალში გარკვევა და სხვა თემებით იყვნენ დაკავებული, რაც 1972 წელს პრეზიდენტის არჩევნებს უკავშირდებოდა. სწორედ ამ დროს უკავშირდებოდნენ თავიანთ პირველ წყაროებს ვუდვორდი და ბერნშტაინი.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ერთერთი მძარცველის მიერ მოსამართლისთვის მიწერილი წერილის შესახებ, სადაც ის მაღალი დონის ჯაშუშურ სქემაზე საუბრობდა, მედიამ გაშუქების ფოკუსი შეცვალა. უოტერგეიტის საქმის გაშუქებამ საკმაოდ გაზარდა მედიის ნდობა საზოგადოებაში. თუკი უოტერგეიტის საქმემდე მედიის ნდობა ამერიკულ საზოგადოებაში 40 პროცენტი იყო, შემდეგ წლებში ეს ციფრი გაიზარდა.

1974 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც ნიქსონის მონაწილეობა უოტერგეიტის სკანდალში ნათელი მოეფინა, პრეზიდენტი გადადგა. მისმა უფლებამონაცვლემ ჯერალდ ფორდმა, დაუყოვნებლივ შეიწყალა ნიქსონი ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინა ამ საქმეში.

მიუხედავად იმისა, რომ ნიქსონი პასუხისგებაში არ მისცეს, უოტერგეიტის სკანდალმა ამერიკის პოლიტიკა სამუდამოდ შეცვალა. ამერიკელებმა დაიწყეს მათი ხელმძღვანელების ეჭვქვეშ დაყენება და პრეზიდენტების მიმართ უფრო კრიტიკულად განეწყვნენ.

ავტორი : მაია წიკლაური;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ