უნდა ეჩვენებინა თუ არა მედიას გარდაცვლილი მეშახტის მგლოვიარე და - საბჭოს გადაწყვეტილება
13.11.2018
მოვლენის მნიშვნელობამ და საზოგადოებრივმა ინტერესმა პირად ცხოვრებაში შეჭრის ფაქტი გადაწონა, ამიტომ სიუჟეტში, რომელშიც გარდაცვლილის მგლოვიარე ახლობელი აჩვენეს, ქარტიის მე-10 პრინციპი არ დარღვეულა.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტის - „რატომ ხოცავთ ხალხს“ საქმეზე მიიღო. მასალა ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას ეხებოდა. აღნიშნულ სიუჟეტზე ქარტიის საბჭოს სალომე ბელქანიამ მიმართა, მასალაზე პასუხისმგებლობა კი “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ აიღო.

2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში 6 მეშახტე დაიღუპა. კურიერში გასული სიუჟეტი ერთ-ერთი გარდაცვლილი მეშახტის მგლოვიარე დის მძიმე ემოციური მდგომარეობის კადრებს ასახავდა.

განმცხადებელი სალომე ბელქანია მიიჩნევდა, რომ აღნიშნული სიუჟეტით ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და, შესაბამისად, ქარტიის მეათე პრინციპი დაირღვა. ამ პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.“

„ბუნებრივია, თავად ფაქტს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აქვს, თუმცა არა პანაშვიდს, რომელიც ამ კადრებშია ნაჩვენები“, - აცხადებდა სალომე ბელქანია და აღნიშნავდა, რომ სიუჟეტი მხოლოდ შოუს დადგმასა და რეიტინგზე ზრუნვას ემსახურებოდა.

ქარტიის საბჭო განიხილავს საქმეს - სალომე ბელქანია ნოდარ მელაძის წინააღმდეგ

როგორც გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას ქარტიის საბჭომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გაითვალისწინა:
  • მოვლენის მნიშვნელობა - სიუჟეტი ეხებოდა სერიოზულ პრობლემას - შრომით ადგილებზე დასაქმებულების გარდაცვალების გახშირებულ ფაქტებს. განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი ტყიბულში, სადაც თითქმის ყოველ წელს საწარმოო პროცესში იღუპებიან დასაქმებულები.

  • სიუჟეტის გადაღების ადგილი - პირი მის მძიმე ემოციურ მდგომარეობას გამოხატავდა ქუჩაში, საჯარო ადგილას, ათეულობით მოქალაქის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით. შესაბამისად, ასეთი ადგილი დაცვის უფრო ნაკლები სტანდარტით ხასიათდება, ვიდრე უშუალოდ პირადი სივრცე.

  • მონაწილე პირები - სიუჟეტში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფება იმ დროისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. შესაბამისად, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი იყო სცოდნოდა მინისტრის რეაქციები, დამოკიდებულება ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით.

  • მგლოვიარე პირის მოწოდებები - აღსანიშნავია, რომ მგლოვიარე პირის ემოციები და განცხადებები აღწერდა არა მხოლოდ მის პირადულ, არამედ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დამოკიდებულებას და შეიცავდა პრეტენზიებს.

  • ემოციური მდგომარეობის ჩვენება - ცხადია, ემოციური მდგომარეობის ჩვენება არ უნდა იყოს ჟურნალისტის თვითმიზანი და არაგონივრულად არ უნდა შეიჭრას პირის პირად ცხოვრებაში, მაგრამ თუ სხვა გარემოებების ერთობლიობით პრობლემის მთელი სიცხადე სწორედ პირის პირადი ტრაგედიის ჩვენებით წარმოჩინდება, მედიამ უარი არ უნდა თქვა მის ჩვენებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის მძიმე საყურებელი იქნება აუდიტორიისთვის.
ამ ფაქტორებიდან გამომდინარე კი საბჭომ იმსჯელა და დაადგინა, რომ აღნიშნულ სიუჟეტში ქარტიის მეათე პრინციპი არ დარღვეულა.

„საბჭო მიიჩნევს, რომ ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე განსახილველ შემთხვევაში არსებობდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. პირის პირადი ემოციების ჩვენებით ცხადად და რეალურად წარმოჩინდა ერთის მხრივ ტრაგიკული შედეგები, რასაც წლების განმავლობაში მოუგვარებელი შრომითი უსაფრთხოების პრობლემა იწვევს და მეორეს მხრივ, ნათელი გახდა, რომ არც ხელისუფლებას არ აქვს რეალური და ქმედითი პასუხი მოქალაქის ბრალდებებზე,“ - აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაში.

იხილეთ ის საქმეები,რომლებზეც საბჭომ დაადგინა მე-10 პრინციპის დარღვევა
გაეცანით ქარტიის საბჭოს შემადგენლობას

თეგები : თვითრეგულირება;
ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ