ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება დასაშვებია - IPSO
22.11.2018
დიდი ბრიტანეთის მედიის დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ (IPSO) მიიჩნია, რომ ნებისმიერი პირის, მათ შორის ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელება პირად ცხოვრებაში შეჭრად არ ითვლება.

,,ჟურნალისტებს უფლება აქვთ გააშუქონ ამა თუ იმ ადამიანის გარდაცვალების ამბავი, რადგანაც მას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს როგორც საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, ასევე ცალკეულ ინდივიდებზე. ეს კი ამბის გაშუქების საფუძველია. სარედაქციო კოდექსი არ კრძალავს გარდაცვლილი ადამიანის ფოტოს ჩვენებას’’, -განაცხადა IPSO-მ.

ბრიტანული ყოველდღიური გაზეთის Daily Star-ის წინაღმდეგ IPSO-ში შეტანილი საჩივარი ეხებოდა ძმის დაბადების დღეზე თამაშისას გარდაცვლილ 7 წლის ბიჭს. სტატიაში გამოქვეყნებული იყო გარდაცვლილის და მისი მშობლის ფოტოები. მასალას თან ერთვოდა მშობლის მეგობრის ანონიმური ციტატა.

IPSO-ს საჩივრით გარდაცვლილი ბავშვის დეიდამ მიმართა. იგი ამტკიცებდა, რომ გამოქვეყნებული სტატია არღვევდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იყო ემოციური ზიანის მიმყენებელი. დეიდა ამბობდა, რომ ოჯახის ზოგიერთმა წევრმა არც იცოდა ბავშვის გარდაცვალების შესახებ, ფოტოები იყო პირადი და მიიჩნევდა, რომ გაზეთს არ უნდა დაესახელებინა გარდაცვლილი ბავშვის ძმის ასაკი.

,,Daily Star- მა” თავისი სტატია დაიცვა, თუმცა ოჯახის ახლობლებს შექმნილი უხერხულობისთვის ბოდიში მოუხადა.

IPSO-მ აღნიშნა, რომ გაზეთმა ბავშვის გარდაცვალება ეთიკურად გააშუქა. სადავო ფოტოები გამოქვეყნებული იყო ფეისბუკსა და სხვა მედიასაშუალებების მიერ. ამიტომაც მოპოვებული იყო კეთილსინდისიერად. ასევე დასაშვებად მიიჩნია იმის აღნიშვნაც, რომ ბავშვი ძმის დაბადების დღეზე გარდაიცვალა, რადგან სტატიაში ძმის არც სახელი და არც სხვა პერსონალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.

თეგები : პირადი ცხოვრება; თვითრეგულირება; ბავშვთა საკითხები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ