ცოლის მკვლელობის შესახებ ხუმრობა პრესის საბჭომ სტანდარტის დარღვევად მიიჩნია
04.12.2018
ორმა ავსტრალიურმა გამოცემამ, The Poland Observer-მა და Casteron News-მა, 2018 წლის ივლისში “სახუმარო” შინაარსის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილი იყო, როგორ მოკლა მამაკაცმა მეზობლისგან მიღებული შეტყობინების გამო საკუთარი ცოლი.

მკითხველის მიერ გაგზავნილ“ხუმრობაში” ნათქვამი იყო, რომ ერთმა მამაკაცმა მეზობელს შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ეუბნებოდა, რომ მისი არყოფნის პერიოდში ის მის Wifi-ს (ინტერნეტის უფასოდ მიღების წყაროს) მოიხმარდა. თუმცა, ბეჭდვის დროს მას შეცდომა მოუვიდა და Wifi-ს ნაცვლად, Wife დაწერა, რაც ინგლისურად ცოლს ნიშნავს. ორთოგრაფიულმა შეცდომამ კი შეტყობინების შინაარსი სრულად შეცვალა და საბოლოოდ ადრესატამდე ისეთი ტექსტური შეტყობინება მივიდა, რომელში იკითხებოდა, რომ “მეზობელი მისი არყოფნის დროს მის ცოლს მოიხმარდა”. შეტყობინების მიღების შემდეგ ეჭვიანობის ნიადაგზე მამაკაცმა საკუთარი ცოლი მოკლა.

მიუხედავად გამოცემების მტკიცებისა, რომ გამოქვეყნებული მასალა ხუმრობა იყო, რისთვისაც მათ ბოდიშიც მოიხადეს, ავსტრალიის პრესის საბჭომ “ხუმრობა” შეურაცხმყოფელად და პრესის სტანდარტების დარღვევად მიიჩნია”.

გამოცემებმა “ხუმრობის” დაბეჭდვა გამოუცდელი რედაქტორებით ახსნეს და განმარტეს, რომ მათ ამის გამო მკითხველისგან არაერთი უკმაყოფილო წერილიც მიიღეს და საბოლოოდ, ბოდიშიც მოიხადეს. იქვე პირობა დადეს, რომ სამომავლოდ მსგავს საკითხებს მეტი სიფრთხილით მოეკიდებოდნენ და ასეთ “ხუმრობებს” აღარ დაბეჭდავდნენ.

მიუხედავად გამოცემების განმარტებისა, ავსტრალიის პრესის საბჭომ მიიჩნია, რომ მათ მიერ დაბეჭდილი “ხუმრობა” შეურაცხმყოფელი იყო. გარდა ამისა, იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს რომ არა სიტყვის არასწორად დაწერა, კაცის მიერ ცოლის მკვლელობა გამართლებული იყო, რაც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობას ახალისებდა. ასევე, “ხუმრობაში” ქალი სექსუალური მოხმარების ობიექტად იყო წარმოჩენილი.

საბოლოოდ, ავსტრალიის პრესის საბჭომ დაადგინა, რომ გამოცემების მხრიდან ბოდიშის მოხდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, თუმცა ეს მათ მიერვე დარღვეული სტანდარტის საპირწონედ ვერ გამოდგებოდა.

წყარო: imediaethics.org

თეგები : თვითრეგულირება;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ