ეთიკური დილემა
2013 წლის 15 აპრილს, ბოსტონში ტრადიციული ყოველწლიური მარათონი მიმდინარეობდა. როდესაც მონაწილეები ფინიშის ხაზს უახლოვდებოდნენ, ორი აფეთქების ხმა გაისმა. შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 183 ადამიანი. ვინ იყო მომხდარში დამნაშავე? - ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა. დამნაშავეთა ძიებაში სოციალური-საინფორმაციო ქსელი, რედიტიც ჩაერთო. გვერდზე მომხმარებლები სხვადასხვა ეჭვმიტანილის შესახებ ათავსებდნენ ინფორმაციას, შემდეგ კი, ცნობები მედიაში ხვდებოდა.

2013 წლის მარტიდან მოყოლებული, ტრაპათების ოჯახი 22 წლის დაკარგულ შვილს ეძებდა. ბრაუნის უნივერსიტეტის სტუდენტი, სუნილ ტრაპათი, ბოლოს მისმა ოთახის მეგობარმა, 16 მარტს ნახა. მისი ოჯახის წევრები, უნივერსიტეტსა და FBI-სთან ერთად, აქტიურად ცდილობდნენ, დაკარგული შვილის პოვნას. ამ მიზნით სპეციალური ფეიჯიც შექმნეს ფეისბუქზე. გვერდზე ინახებოდა მესიჯები და სურვილები სუნილისათვის, რომელსაც გულშემატიკვირები უგზავნიდნენ.

15 აპრილის შემდეგ, 22 წლის სტუდენტის ფეისბუქის გვერდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გვერდი გახდა. მისი სახელი კი რამდენიმე საათში მთელმა მსოფლიომ გაიცნო ისე, როგორც ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილი. ამის მიზეზი სოციალური ქსელი, რედიტი აღმოჩნდა, რომელმაც სუნილ ტრაპათის ფოტო, სავარაუდო ეჭვმიტანილის სტატუსით გაავრცელა.

მუქარის შემცველი და სალანძღავი კომენტარები გვერდზე 18 აპრილიდან მოყოლებული, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ეჭვმიტანილთა აყვანის ოპერაციის დროს, პოლციის ოფიცერი დაიღუპა. მუქარა არამხოლოდ სუნილის, არამედ, მისი ოჯახის წევრების მიმართაც ისმოდა. ისინი იძულებულები გახდნენ, რომ გვერდი დაეხურათ. ამით კი ეჭვი გააძლიერეს.

„ინფორმაციისათვის: ფეისბუქის გვერდი, რომელიც ბრაუნის უნივერსიტეტის დაკარგულ სტუდენტს, სუნილ ტრიპათის ეკუთვნოდა, ამ საღამოს წაშალეს,“ - ტვიტერის ამ შეტყობინების ავტორი, BuzzFeed-ის სენიორ ჟურნალისტი, ერიკ მალინოვსკი იყო. მისი შეტყობინება 300-ზე მეტმა კაცმა გააზიარა, მათ შორის ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, რომელთაც რამდენიმე მილიონი ფოლოუერი ჰყავთ ტვიტერზე.

„ვაუ, რედიტი მართალი იყო ბრაუნის უნივერსიტეტის დაკარგულ სტუდენტზე. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სუნილ ტრიპათია“, - ეს შეტყობინება კვლავ BUzzFeed-ის ჟურნალისტ ანდრეი კაჩინსკის ეკუთვნის, რამაც დამატებითი აჟიოტაჟი გამოიწვია. 18

აპრილის ღამე ტრაპათების ოჯახისათვის ყველაზე გრძელი და რთული ღამე იყო. ოჯახმა უამრავი მუქარა და ანტიისლამური მესიჯების შემცველი შეტყობინება მიიღო (მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი არ ყოფილა ისლამის მიმდევარი). ოჯახის წევრები იხსენებდნენ, რომ ყველაზე მტკივნეული მათთვის იმ ადამიანების განწყობა გახდა, რომლებიც დაკარგვის დღიდან აქტიურად იყვნენ სტუდნეტის ძებნაში ჩართულები. მათ ეჭვის გაუჩნდათ და სუნილზე, როგორც ტერორისტზე, ისე დაიწყეს ფიქრი.

საკმაოდ ბევრი მუშაობა დასჭირდათ საინფორმაციო საშუალებებს იმისთვის, რომ სწორი ინფორმაცია გაევრცელებინათ. მოგვიანებით ჟურნალისტებმა, რომლებმაც სუნილ ტრიპათი ტერორისტად გამოაცხადეს, სატელეფონო ზარებით, საჯაროდ თუ სოციალური ქსელებით, ოჯახთან ბოდიში მოიხადეს. ბოდიში მოიხადა რედიტმაც. მისმა ლიდერმა დაწერა, რომ სუნილ ტრიპათის საქმიდან კარგი გაკვეთილი მიიღეს, რაც სამომავლოდ, ონლაინ-საზოგადოებას მეტი სიფრთხილის გამოჩენას მოუწოდებდა.

სუნილ ტრიპათის გვამი 23 აპრილს მდინარეში იპოვეს. მოგვიანებით ოჯახმა დაადასტურა, რომ სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი სუიციდი იყო.

ბრაუნის უნივერსიტეტის სტუდენტი არ იყო ერთადერთი, რომელიც მედიამ ტერაქტის მოწყობაში შეცდომით დაადანაშაულა. არასწორი ინფორმაცია კიდევ რამდენიმე ადამიანზე გავრცელდა. მათ შორის იყო 21 წლის ინგლისელი სტუდენტი, რომელიც წარმოშობით საუდის არაბეთიდან იყო. ბოსტონის მარათონზე მომხდარი მოვლენებიდან მალევე, “New York Post-მა“ პირველ გვერდზე დიდი ასოებით გამოტანა ამბავი, სადაც იუწყებოდა რომ ჭურვის აფეთქებისას დაშავებული, არაბული წარმოშობის კაცი, აფეთქებაში იყო ეჭვმიტანილი. ამბავი მალევე აიტაცა “Talking Points Memo-მაც.“

„გულწრფელად რომ ვთქვათ, არ ვიცით, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. დანამდვილებით ვიტყვით, რომ ჩვენგან ნამდვილად არა“, - განაცხადა ბოსტონის პოლიციის დეპარტამენტის სპიკერმა TDM-თან საუბარში. რაც შეეხება “New York Post-ს,“ მას არასოდეს მოუბოდიშებია არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო.

„რატომ მიიჩნიეს ეჭვმიტანილად ის?“ - დასვა კითხვა ემი დევიდსონმა, “New Yorker-ის“ ჟურნალისტმა თავის სტატიაში, -„ის ხომ ისევე გარბოდა, როგორც სხვები?“

„პოლიცია ფიქრობდა, რომ ის ამფეთქებელს ჰგავდა. მისი ჭრილობაც ეჭვის საბაბი გახდა. ამასთან, ეჭვი გამოთქვა, რომ მეორე აფეთქებაც მოხდებოდა, რაც ასრულდა. შესაძლოა, ეს მისი ვიზუალის ან ღმერთის სახელის ბრალი იყო, რომელსაც ის ყვიროდა,“ - აღნიშნულია სტატიაში.

კიდევ ერთი არასწორი ინფორმაცია 17 წლის მოსწავლესა და მრბოლერს უკავშირდება. რედიტზე გაჩნდა ზურგჩანთიანი კაცის, როგორც „ეჭვმიტანილის“ ფოტო. ინფორმაცია “New York Post-მა“ კვლავ პირველ გვერდზე გადმოიტანა.

დაკითხვისა აღმოჩნდა, რომ „ჩანთიანი კაცი“ 17 წლის ედინ ბარჰუმი იყო, რომელიც შტატებში მაროკოდან ოთხი წლის წინ გადმოვიდა. ის ოცნებობდა, რომ ერთ დღესაც ოლიმპიადა მოეგო.

„მე არ ვარ ტერორისტი, მხოლოდ მარათონს ვუყურებდი“, -უთხრა ბარჰუმმა „დეილი მეილს“. „შეძრწუნებული ვარ. არასოდეს გავხვეულვარ შარში და ახლა საკუთარი უსაფრთხოების მეშინია. ორის ნახევარზე დავურეკე მეგობარს, რომელმაც წამიყვანა პოლიციაში. ლობიში ვთქვი, რომ მგონი, FBI მეძებდა. პოლიციაში არ იცოდნენ რა ექნათ. მე თან მქონდა ჩემი საბუთები და მივეცი სოციალური სამსახურის ნომერი. მათ შეეძლოთ, გადავემოწმებინე. არავის გავუყვანივარ ცალკე ოთახში, რამდენიმეგან დარეკეს და შემდეგ მითხრეს, რომ თავისუფალი ვიყავი".

„მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას ტვიტერით ავრცელებენ, ფრთხილად უნდა იყვნენ, განსაკუთრებით, ექსტრემალურ პირობებში. დავფიქრდეთ, ხომ არ ვაძლევთ დამატებით ინფორმაციას მკვლელს, რაც მას დამალვაში მიეხმარება? თუ ამ კითხვას საკუთარ თავს დაუსვამთ და უპასუხებთ, რომ არა, მაშინ გააგრძელეთ ტვიტვა“, - ამბობს კინტ ვან ზანდტი, FBI-ს ყოფილი თანამშრომელი და კრიმინალისტი.
მედიამკვლევრებმა 2009 წელს ესპანეთში მომხდარი ტრაგედია შეისწავლეს, რომლის დროსაც სამი წლის გოგონა გარდაიცვალა, მედიამ კი მის მკვლელად და „სექსუალურ მოძალადედ“ გარდაცვლილის დედის მეგობარი მამაკაცი გამოაცხადა.

2009 წლის 26 ნოემბერს 3 წლის გოგონა აიტანა საავადმყოფოში გარდაიცვალა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, გოგონას გარდაცვალების მიზეზი ძალადობის შედეგად მიყენებული მრავლობითი ვაგინალური და ანალური ტრავმები იყო. დასკვნის საფუძველზე პოლიციამ გარდაცვლილი ბავშვის დედის მეგობარი მამაკაცი, დიეგო დააკავა. მამაკაცმა ბავშვის ტრავმები სათამაშო მოედანზე საქანელიდან გადმოვარდნით ახსნა. პოლიციამ მამაკაცი დააკავა და გამოძიებაც დაიწყო. სანამ სასამართლო შედგებოდა, საზოგადოებამ მედიის წაქეზებით დიეგოს განაჩენი გამოუტანა და იგი „განსაკუთრებით საშიშ მოძალადედ“ შერაცხა.

კვლევამ აჩვენა, რომ ესპანეთის ყველაზე მაღალტირაჟიანმა მედიასაშუალებებმა დიეგო მოიხსენიეს როგორც: მკვლელი, სექსუალური მოძალადე, აგრესიული პიროვნება. სწორედ აღნიშნული მყვირალა და ბრალდებითი სათაურები იქცევდა ყურადღებას გაზეთების პირველ გვერდებზე. სათაურებში მკითხველი თითქმის ვერსად ნახავდა სიტყვებს „სავარაუდო ეჭვმიტანილი“. ჟურნალისტები ყოველგვარი ეჭვის გარეშე წარმოაჩენდნენ მას პატარა ბავშვზე მოძალადედ და მკვლელად;

კვლევიდან ირკვევა, რომ სწორედ შეფასების და პერსონალური ინფორმაციის წამოწევის ნაწილში შეექმნა პროფესული პრობლემები მედიას. ნიუსებში ისინი ქმნიდნენ ე.წ მოძალადის ნეგატიურ პორტრეტს: უმუშევარი, შემზარავი, უპასუხისმგებლო.... ამით კი ბრალდებულზე მათივე შექმნილ ნეგატიურ განწყობას კიდევ უფრო ამძიმებდნენ.

კიდევ ერთი საყურადღებო და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიგნება კვლევაში ამბის გაშუქების ვიზუალურ მხარეს ეთმობა. დაკავების პირველ დღეებში მედიასაშუალებები აქვეყნებდნენ ფოტოს, რომელზეც ბორკილებდადებული ბრალდებული იყო აღბეჭდილი. ფოტოშოპით დამუშავებულ სურათებში ფოკუსირებული იყო მისი სახე ბოროტი, ულმობელი გამომეტყველებით. ფოტოები იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ როგორ ინტერპრეტაციას მიიღებდა იმ დღისთვის საქმის მსვლელობა. ფოტოკოლაჟიდან ჩანს, თუ როგორ იცვლება მედიის დამოკიდებულება პირის მიმართ იმ ფაქტიდან, როცა იგი მიჩნეულია მათ მიერ დამნაშავედ იმ ფაქტამდე, როცა იგი სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია.

პირველ ფოტოებში ხელბორკილიანი ბრალდებული „ულმობელი“ ჩანს, მისი უდანაშუალობის შესახებ ეჭვების განმტკიცების პარალელურად კი მედია მას ბლარავს, აღარ ანახებს ხელბორკილებს, აჩვენებს მის გატანჯულ სახეს, აჩვენებს მას ოჯახის და ახლობლების გარემოცვაში.

26 ნოემბერს ჩატარებულმა განმეორებითმა ექსპერტიზამ ერთმნიშვნელოვნად უარყო თავდაპირველი სამედიცინო დასკვნა, რომელიც არასრულწლოვნის გარდაცვალებას სექსუალური ძალადობის ნიადაგზე მიღებულ ტრავმებს უკავშირებდა. დიეგო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, თუმცა მომხდარის(ბავშვის გარდაცვალება) და მედია ზეწოლის წყალობით იგი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და ჰოსპიტალიზაციაც კი დასჭირდა. მედიიის მხრიდან გაუთავებელი დევნის გამო იგი ვერ დაესწრო გარდაცვლილი ბავშვის დაკრძალვას, მოგვიანებით კი მისმა ახლობლებმა გააკეთეს განცხადება, რომ დიეგომ მედიის მხრიდან ზეწოლის გამო ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა.

კვლევის დასასრულს ავტორები დასკვნის და რეკომენდაციების სახით იმ პრობლემურ საკითხებზე მიუთითებენ, რომელთა ნიადაგზეც დიეგოს - ვიღაცის მეგობარს, ძმას, შვილს და უბრალოდ, საზოგადოების წევრს, მედიამ ერთ დღეში წაართვა უდანაშაულოდ ყოფნის უფლება და აქცია იგი მკვლელად, მოძალადე აგრესორად, რითიც გააუარესა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ მისცა საშუალება დასწრებოდა იმ ბავშვის გასვენებას, რომლის გადასარჩენადაც იბრძოდა (მან რამდენჯერმე მიმართა საავადმყოფოს მას შემდეგ, რაც ბავშვს სხეულზე დაზიანებები შენიშნა) შეულახა ღირსება საზოგადოების თვალში, დაუქვეითა თვითშეფასება და მიაკერა მკვლელის იარლიყი.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების გაშუქებისას მნიშვნელოვანია მედიამ იმოქმედოს სამართლის ჩარჩოებში, დაიცვას პირის უფლება - იყოს უდანაშაულო, სანამ არ დამტკიცდება საპირისპირო, იხელმძღვანელოს ეთიკური სტანდარტებით, ახსოვდეს პროფესიული მოვალეობა - ნიუსი საზოგადოებას მიაწოდოს „მშრალად“, შეფასებების გარეშე, გადაამოწოს ფაქტები, თავი აარიდოს ვიზუალური მასალით მანიპულაციას. ასევე, ავტორებს სთხოვენ წარმოიდგინონ, თუ როგორ გაშუქებას ისურვებდნენ თავად ისინი მსგავს სიტუაციებში.
ისლამური სახელმწიფოს (ISIS) შემზარავმა ვიდეომ, რომელზეც ტყვეების სიკვდილით დასჯაა ასახული, კიდევ ერთხელ გაყო მსოფლიო მედია ორად. საერთაშორისო მედიასაშუალებების ნაწილმა The Mail,The Metro,Gawker დაThe Daily Caller-მა, ISIS-ის ვიდეომასალა და ვიდეოდან ამოღებული ფოტოები დღის მთავარ თემად აქცია. მედიასაშუალებების ეს გადაწყვეტილება გაკიცხვისა და კამათის საგანი გახდა. მედიის მეორე ნაწილი კი მომხდარის სიტყვიერი გაშუქებით შემოიფარგლა და ვიზუალური მასალა არ უჩვენებია.

ჟურნალისტურ წრეებში არ წყდება კამათი იმის შესახებ, უნდა გააშუქოს თუ არა მედიამ ISIS და ტერორისტული დაჯგუფებების მიერ გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალა.

გარდიანის ბლოგერის კრიტიკის ობიექტებად იქცნენ ის ბრიტანული გამოცემები, რომელთაც სიკვდილის დასჯის ფაქტები გაასაჯაროვეს - ბლოგერი განმარტავს, რომ ამგვარი ქმედება ტერორისტთა „წისქვილზე ასხამს წყალს“

„მე ვერ ვხდები, თუ რას ემსახურება ამ სურათების გასაჯაროება? ეს უბრალოდ მომგებიანი კარტია ISIS-ის ხელში. ეს პოლიტიკური არგუმენტიცაა. მეორე მხრივ, ამ ფოტოების გასაჯაროება გემოვნების საკითხიც გახლავთ - აღნიშნული სურათები ადამიანის არაჰუმანური ბუნების დემონსტირებაა და მისაღები მხოლოდ საშინელებათა ჟანრის მოყვარულთათვის იქნება“ - განაცხადა როი გრინსლადმა.

ISIS-ის მიმართ ჟურნალისტთა მგრძნობელობა განსაკუთრებით მას მერე გაიზარდა, რაც ISIS-ის წევრებმა 2012 წელს სირიაში ორი ჟურნალისტის სიკვდილით დასჯა ვიდეოკამერით გადაიღეს და მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებს გაუგზავნეს. მედია მომხდარის გაშუქებისთვის მზად არ აღმოჩნდა.

მიუხედავად მოლოდინისა, ჟურნალისტების სიკვდილით დასჯა არ გააშუქა ტელევიზია ალ-ჯაზირამ:

„რედაქციაში ყველა მიხვდა, რომ ეს ვიდეო ტერორისტებმა არა პირადი, არამედ მედია ინტერესისთვის გადაიღეს. ამ ვიდეოს საშუალებით ორგანიზაციას საკუთარი ძლევამოსილების წარმოჩენა და მოხალისეთა მიზიდვა უნდოდა. ჩვენ მათ ამის უფლებას ვერ მივცემდით, რადგან ისინი მთელ კაცობრიობას უქმნიან საფრთხეს“ - აღნიშნავს იბრაჰიმ ჰელალი, ალ-ჯაზირას საინფორმაციო სამსახურის უფროსი. მისი მოსაზრებით, მსგავსი მიმართვების გავრცელებამ შესაძლოა უკუშედეგი გამოიღოს და ტერორისტთა საქმიანობის პოპულარიზაცია გამოიწვიოს.

„პირველი მსხვერპლის დროს ჩვენ ყველანი ვიყავით შოკში, ეს იყო ამერიკელი ტყვე, ჩვენი ვალი იყო ზეწოლა მოგვეხდინა მთავრობაზე, რათა მათ გაეგრძელებინათ ბრძოლა, დიახ, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გვეჩვენებინა სურათები. თუმცა, მოგვიანებით ჩვენ შევამცირეთ ტყვეების ვიზუალის ჩვენება, რადგან მივხვდით, ამ ვიზუალის ჩვენებით ტერორისტთა სურვილს ვასრულებდით. ჩვენთვის და მსოფლიოს ყველა ორგანიზაციისთვის ISIS -ის სიახლეების გაშუქება არის რთული სამუშაო პროცესი, რადგან ერთი გადაწყვეტილება არ შეიძლება ყველა შემთხვევას მოერგოს“- განაცხადა, CNN-ის ვიცე პრეზიდენტმა ტონი მედოქსმა.

პირველი შოკიდან გამოსვლის შემდგომ, CNN-მა ეტაპობრივად შეამცირა მსგავს შემთხვევებში ინფორმაციის ვიზუალით დატვირთვა. უკვე მოგვიანებით, როცა კიდევ ერთი ჟურნალისტი, ალან ჰენგიგნი გახდა ISIS-ის მსხვერპლი, CNN-მა მომხდარის გაშუქებისას არა თავის კვეთის კადრები, არამედ ჟურნალისტის საქველმოქმედო საქმიანობის კადრები აჩვენა მაყურებელს - კადრები თუ როგორ ეხმარება ჟურნალისტი სირიელ ბავშვებს.

მედიასაშუალებები, რომლებიც ძალადობის, სიკვდილის დასჯისა და მუქარის შემცველი მიმართვების გამოქვეყნებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, თავიანთ გადაწყვეტილებას რამდენიმე მოტივით ხსნიან: მედიას არ სურს ISIS-ის მარიონეტი გახდეს. მათი მოსაზრებით, შემაძრწუნებელი, სისასტიკის ამსახველი კადრების ტირაჟირებით ისინი ტერორისტების რუპორი ხდებიან. ისლამურ სახელმწიფოს აქტიური მედიაგაშუქება ტერორისა და საკუთარი ძლევამოსილების დემონსტირებაში ეხმარება. ხშირად მსგავსი ვიდეოები შეიცავს მოწოდებებს ჯიჰადის წმინდა ომში მონაწილეობისკენ, ასევე მოწოდებებს მოხალისეებისათვის, რათა შეუერთდნენ სამართლიანობისთვის ბრძოლას. მსგავსი პროპაგანდისტული ვიდეოების გავრცელებით ტერორისტები საკუთარი თავის რეკლამირებას ცდილობენ, მეტიც, ზოგიერთ ვიდეომიმართვაში საკუთარ თავს ისე განიხილავენ, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც მომავალ თაობებზე ზრუნავს.

რაც შეეხება ქართულ გამოცემებს: მათი ნაწილი მყისიერად, სოციალურ ქსელებში გავრცლებისთანავე აქვეყნებს ხოლმე ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ ვიდეოებს, სადაც ძალადობა და ადამიანების სიკვდილით დასჯის სცენებია ნაჩვენები. მაგალითად, მძევალთა დახრჩობის ამსახველი კადრები საკუთარ გვერდზე სრულად დადო პალიტრა TV-მ, ვიდეოებს თან ახლავს ნიშანი +18. უფრო ფრთხილია ტელემედია, სიკვდილით დასჯის კადრები, ჯერჯერობით, არც ერთ ქართულ ტელევიზიას არ უჩვენებია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ტერორისტული საქმიანობისთვის მიმზიდველ ადგილებს შორისაა, ქართულ მედიასაშუალებებს არ გააჩნიათ მსგავსი თემების გაშუქების სტრატეგია - არაა აწონილი რისკები,რომლებიც მსგავსი მასალის გავრცელებას შეიძლება ახლდეს თან.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კი მსგავსი თემების გაშუქებისას ამოსავალი წერტილი მსხვერპლთა ღირსებით წარმოჩენაა - ამიტომ არაა აუცილებელი მედიამ თავი აარიდოს ტერორიზმის გაშუქებას, მთავარია, იპოვოს საკითხის ეთიკურად გადაწყვეტის გზა. თუ მედია გადაწყვეტს თავი აარიდოს ჩამოხრჩობის, თავის კვეთის, დახრჩობის და სხვა ძალადობრივი ვიდეომასალის ეთერში გაშვებას, მას უნდა ესმოდეს, რომ ეს არა თვითცენზურა, არამედ რაციონალური გადაწყვეტილებ
The Guardian-ის ბლოგერი როი გრინსლადი ბოლო პერიოდში გამოჩენილი სადამსჯელო ფოტოების გასაჯაროების აუცილებლობას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ მსგავსი მასალების გამოქვეყნება ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდისტულ მიზნებში შედის.

“ნათელია, რომ მკვლელობის ბარბაროსული სურათები პროპაგანდისტული მიზნებისათვის გასაჯაროვდა, ეს ტერორისტული ჯგუფის მედია სტრატეგიის ნაწილია, რათა ჯგუფის წევრები უფრო დაუნდობლებად წარმოჩნდნენ. აღნიშნულმა კი დასავლეთის მედია დილემის წინაშე დააყენა: ეს სისასტიკე უნდა აჩვენოს ფოტოებით თუ უბრალოდ სიტყვიერად აღწეროს იგი?“ - წერს გრინსლადი.

ბრიტანულმა გამოცემებმა: The Mail, The Metro, Gawker და The Daily Caller-მა ISIS-ის სადამსჯელო ოპერაციის ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნეს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მედისაშუალების გავრცელებულ მასალას თან ახლდა გაფრთხილება ძალადობის შემცველი კადრების შესახებ, გრინსლადის განცხადებით, მედიასაშუალებები შეცდნენ, როცა ეს ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნეს.

„მე ვერ ვხდები, თუ რას ემსახურება ამ სურათების გასაჯოროება? ეს უბრალოდ მომგებიანი კარტია ISIS-ის ხელში. ეს პოლიტიკური არგუმენტიცაა. მეორე მხრივ, ამ სურათების გასაჯაროება გემოვნების საკითხიც გახლავთ - აღნიშნული სურათები ადამიანის არაჰუმანური ბუნების დემონსტირებაა და მისაღები მხოლოდ საშინელებების მოყვარულთათვის იქნება“ - განაცხადა გრინსლადმა Imediaethic.org-ისთვის მიცემულ კომენტარში.

წყარო: http://imediaethics.org/uk-news-outlets-publish-isis-execution-photos/