ეთიკური დილემა
დიდი ბრიტანეთის მედიის დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ (IPSO) მიიჩნია, რომ ნებისმიერი პირის, მათ შორის ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელება პირად ცხოვრებაში შეჭრად არ ითვლება.

,,ჟურნალისტებს უფლება აქვთ გააშუქონ ამა თუ იმ ადამიანის გარდაცვალების ამბავი, რადგანაც მას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს როგორც საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე, ასევე ცალკეულ ინდივიდებზე. ეს კი ამბის გაშუქების საფუძველია. სარედაქციო კოდექსი არ კრძალავს გარდაცვლილი ადამიანის ფოტოს ჩვენებას’’, -განაცხადა IPSO-მ.

ბრიტანული ყოველდღიური გაზეთის Daily Star-ის წინაღმდეგ IPSO-ში შეტანილი საჩივარი ეხებოდა ძმის დაბადების დღეზე თამაშისას გარდაცვლილ 7 წლის ბიჭს. სტატიაში გამოქვეყნებული იყო გარდაცვლილის და მისი მშობლის ფოტოები. მასალას თან ერთვოდა მშობლის მეგობრის ანონიმური ციტატა.

IPSO-ს საჩივრით გარდაცვლილი ბავშვის დეიდამ მიმართა. იგი ამტკიცებდა, რომ გამოქვეყნებული სტატია არღვევდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იყო ემოციური ზიანის მიმყენებელი. დეიდა ამბობდა, რომ ოჯახის ზოგიერთმა წევრმა არც იცოდა ბავშვის გარდაცვალების შესახებ, ფოტოები იყო პირადი და მიიჩნევდა, რომ გაზეთს არ უნდა დაესახელებინა გარდაცვლილი ბავშვის ძმის ასაკი.

,,Daily Star- მა” თავისი სტატია დაიცვა, თუმცა ოჯახის ახლობლებს შექმნილი უხერხულობისთვის ბოდიში მოუხადა.

IPSO-მ აღნიშნა, რომ გაზეთმა ბავშვის გარდაცვალება ეთიკურად გააშუქა. სადავო ფოტოები გამოქვეყნებული იყო ფეისბუკსა და სხვა მედიასაშუალებების მიერ. ამიტომაც მოპოვებული იყო კეთილსინდისიერად. ასევე დასაშვებად მიიჩნია იმის აღნიშვნაც, რომ ბავშვი ძმის დაბადების დღეზე გარდაიცვალა, რადგან სტატიაში ძმის არც სახელი და არც სხვა პერსონალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
მოვლენის მნიშვნელობამ და საზოგადოებრივმა ინტერესმა პირად ცხოვრებაში შეჭრის ფაქტი გადაწონა, ამიტომ სიუჟეტში, რომელშიც გარდაცვლილის მგლოვიარე ახლობელი აჩვენეს, ქარტიის მე-10 პრინციპი არ დარღვეულა.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტის - „რატომ ხოცავთ ხალხს“ საქმეზე მიიღო. მასალა ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას ეხებოდა. აღნიშნულ სიუჟეტზე ქარტიის საბჭოს სალომე ბელქანიამ მიმართა, მასალაზე პასუხისმგებლობა კი “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ აიღო.

2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში 6 მეშახტე დაიღუპა. კურიერში გასული სიუჟეტი ერთ-ერთი გარდაცვლილი მეშახტის მგლოვიარე დის მძიმე ემოციური მდგომარეობის კადრებს ასახავდა.

განმცხადებელი სალომე ბელქანია მიიჩნევდა, რომ აღნიშნული სიუჟეტით ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და, შესაბამისად, ქარტიის მეათე პრინციპი დაირღვა. ამ პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.“

„ბუნებრივია, თავად ფაქტს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აქვს, თუმცა არა პანაშვიდს, რომელიც ამ კადრებშია ნაჩვენები“, - აცხადებდა სალომე ბელქანია და აღნიშნავდა, რომ სიუჟეტი მხოლოდ შოუს დადგმასა და რეიტინგზე ზრუნვას ემსახურებოდა.

ქარტიის საბჭო განიხილავს საქმეს - სალომე ბელქანია ნოდარ მელაძის წინააღმდეგ

როგორც გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას ქარტიის საბჭომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გაითვალისწინა:
  • მოვლენის მნიშვნელობა - სიუჟეტი ეხებოდა სერიოზულ პრობლემას - შრომით ადგილებზე დასაქმებულების გარდაცვალების გახშირებულ ფაქტებს. განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი ტყიბულში, სადაც თითქმის ყოველ წელს საწარმოო პროცესში იღუპებიან დასაქმებულები.

  • სიუჟეტის გადაღების ადგილი - პირი მის მძიმე ემოციურ მდგომარეობას გამოხატავდა ქუჩაში, საჯარო ადგილას, ათეულობით მოქალაქის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით. შესაბამისად, ასეთი ადგილი დაცვის უფრო ნაკლები სტანდარტით ხასიათდება, ვიდრე უშუალოდ პირადი სივრცე.

  • მონაწილე პირები - სიუჟეტში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფება იმ დროისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. შესაბამისად, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი იყო სცოდნოდა მინისტრის რეაქციები, დამოკიდებულება ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით.

  • მგლოვიარე პირის მოწოდებები - აღსანიშნავია, რომ მგლოვიარე პირის ემოციები და განცხადებები აღწერდა არა მხოლოდ მის პირადულ, არამედ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დამოკიდებულებას და შეიცავდა პრეტენზიებს.

  • ემოციური მდგომარეობის ჩვენება - ცხადია, ემოციური მდგომარეობის ჩვენება არ უნდა იყოს ჟურნალისტის თვითმიზანი და არაგონივრულად არ უნდა შეიჭრას პირის პირად ცხოვრებაში, მაგრამ თუ სხვა გარემოებების ერთობლიობით პრობლემის მთელი სიცხადე სწორედ პირის პირადი ტრაგედიის ჩვენებით წარმოჩინდება, მედიამ უარი არ უნდა თქვა მის ჩვენებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ის მძიმე საყურებელი იქნება აუდიტორიისთვის.
ამ ფაქტორებიდან გამომდინარე კი საბჭომ იმსჯელა და დაადგინა, რომ აღნიშნულ სიუჟეტში ქარტიის მეათე პრინციპი არ დარღვეულა.

„საბჭო მიიჩნევს, რომ ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე განსახილველ შემთხვევაში არსებობდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი. პირის პირადი ემოციების ჩვენებით ცხადად და რეალურად წარმოჩინდა ერთის მხრივ ტრაგიკული შედეგები, რასაც წლების განმავლობაში მოუგვარებელი შრომითი უსაფრთხოების პრობლემა იწვევს და მეორეს მხრივ, ნათელი გახდა, რომ არც ხელისუფლებას არ აქვს რეალური და ქმედითი პასუხი მოქალაქის ბრალდებებზე,“ - აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაში.

იხილეთ ის საქმეები,რომლებზეც საბჭომ დაადგინა მე-10 პრინციპის დარღვევა
გაეცანით ქარტიის საბჭოს შემადგენლობას
ავსტრალიური Sky News-ის ეთერში ულტრამემარჯვენე ექსტრემისტთან ინტერვიუს გასვლის გამო რამდენიმე მსხვილმა ბრენდმა ტელეკომპანიასთან ურთიერთობა გაწყვიტა.

პირველი ასეთი მულტინაციონალური გიგანტი American Express-ი გახდა, რომლის განცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება აღარ დაუკვეთონ რეკლამა Sky News-ს, რადგან “არხზე ახლახან გასული კონტენტი ჩვენს ღირებულებებს არ ემთხვევა.”

საქმე ეხება ადამ გილსის შოუში გასულ ინტერვიუს ულტრა მემარჯვენე ექსტრემისთან, ბლერ კოტრელთან, რომელიც ფიქრობს, რომ ყოველ საკლასო ოთახში ჰიტლერის პორტრეტი უნდა ეკიდოს. როგორც თავად აღიარა, ქალების მანიპულაციისთვის ძალადობა და ტერორი გამოუყენებია და ძალადობრივი თავდასხმის, დაშინებისა და რასობრივი დანაშაულის გამო არაერთხელ დაუპატიმრებიათ. მანვე დააფიქსირა ქსენოფობიური და მიგრანტების საწინააღმდეგო მოსაზრებები.

American Express-ის გადაწყვეტილების შემდეგ ტელეკომპანიასთან ურთიერთობა გაწყვიტეს პამპერსების ბრედნმა Huggies და ოპტიკურმა ქსელმა Specsavers. Sky News-ს რეკლამას აღარ დაუკვეთავს ავსტრალიური სამოგზაური კომპანია Luxury Escapes. ინტერვიუთი გამოწვეული აჟიოტაჟის შემდეგ ტელეკომოპანიამ განაცხადა, რომ კოტრელის მიწვევა არასწორი იყო, დახურა ადამ გილსის შოუ და დაბლოკა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტები საკუთარ ეთერში.

წყარო: www.theguardian.com
ჟურნალისტური დილემები, კონკურენცია, მეგობრობა და პრესის თავისუფლება - ამ საკითხებს აერთიანებს სტივენ სპილბერგის ფილმი The Post, რომელიც Washington Post-ის რედაქციაზე მოგვითხრობს. რეპორტიორები მოიპოვებენ პენტაგონის საიდუმლო მასალებს ვიეტნამის ომის შესახებ და არჩევანის წინაშე დგებიან: მასალების გამოქვეყნების შემთხვევაში მათ ციხე ემუქრებათ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისთვის. მეორე არჩევანიც აქვთ - არაფრის გაკეთება და თეთრი სახლის წარმომადგენლებთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება.

სტივენ სპილბერგის ფილმი, რომელიც 1971 წლის ისტორიულ მოვლენას ეფუძნება, კრიტიკოსების შეფასებით, ძალიან რელევანტურია დღევანდელ ამერიკაში, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ეს ფილმი ჟურნალისტებისთვის საინტერესოა არა მხოლოდ იმ კუთხით, როგორ იქცევა მედია, როდესაც სერიოზული დილემის წინაშეა, არამედ იმითაც, რომ ამ წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ პრესის თავისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი, პრეცენდენტული გადაწყვეტილება მიიღო.

ყველაფერი იწყება პენტაგონის საიდუმლო მასალების პრესაში გაჟონვით. დენიელ ელსბერგს, იმ დროს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელს, ვიეტნამის ომში აშშ-ის ჩართულობაზე ეჭვები უჩნდება. მისი აზრით, ამერიკის მთავრობა ომს ვერ უმკლავდება. ელსბერგი საბოლოოდ საიდუმლო დოკუმენტებს New York Times-სა და მის ლეგენდარულ რეპორტიორს, ნილ შიენს გადასცემს გამოსაქვეყნებლად.

სტატიების სერიის გამოქვეყნება საიდუმლო დოკუმენტებზე, სახელად The Pentagon Papers, New York Times-მა 1971 წლის 13 ივნისს დაიწყო. ინფორმაციამ გამოააშკარავა, როგორ ატყუებდა პრეზიდენტის ოთხი ადმინისტრაცია საკუთარ მოსახლეობას ვიეტნამის ომში აშშ-ს როლთან და ადამიანურ ფასთან დაკავშირებით, გაზეთის პირველ გვერდზე დაბეჭდილი სტატია ამტკიცებდა, რომ აშშ-ის მოქმედებები არ შეესაბამებოდა ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებს.

მეორე დღეს, New York Times-მა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციისგან გაფრთხილება მიიღო. ნიქსონი ლიცენზიის გაუქმებით, ჯაშუშობის მუხლით გასამართლებითა და ციხით იმუქრებოდა, თუმცა გაზეთმა სტატიების გამოქვეყნების შეჩერებაზე უარი თქვა. გამოცემა მიიჩნევდა, რომ საზოგადოებას ვიეტნამის ომის უკან საიდუმლო კალკულაციების შესახებ უნდა სცოდნოდა. პრესის მოძულე ნიქსონმა კი სასამართლოს მიმართა და მოსამართლის მიერ დროებითი შემაკავებელი ორდერის გამოცემის გამო გაზეთის გამოქვეყნება შეჩერდა.

ამ დროს New York Times-ზე პატარა, ნაკლებად გავლენიანი და პრესტიჟული The Washington Post-ის რედაქციის მფლობელი ქეთრინ (ქეი) გრეჰემი არჩევანის წინაშე დადგა - გამოექვეყნებინა პენტაგონის დოკუმენტები, გაერისკა საკუთარი და პოსტის მომავალი თუ გაჩუმებულიყო და არ შეექმნა პრობლემები მეგობრებისთვის თეთრ სახლში.

მარცხნივ - კეტი გრეჰემი, მარჯვნივ - მერილ სტრიპი
ფოტო: Associated Press; Niko Tavernise 20th Century Fox, via Associated Press

გრეჰემის დილემასა და ისტორიის სწორედ ამ მონაკვეთზე კონცენტრირდება ფილმი The Post. ისტექნიკურად ისტორიულ ამბავზეა, თუმცა ამავდროულად გარკვეული დეტალები ძალიან ჰგავს დღევანდელ ამერიკას და ტრამპის დამოკიდებულებას პრესისადმი.

“ჩვენი დროისთვის ძალიან რელევანტური ამბავია, რომელმაც მაიძულა მეთქვა, ღმერთო, როგორ მეორდება ისტორია”, - განაცხადა სპილბერგმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ტრამპის პრეზიდენტობის პირველი წლის დასასრულს, ალბათ ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ამერიკელები თანხმდებიან, ისაა, რომ მედია თეთრი სახლის მხრიდან თავდასხმის ობიექტია და ჟურნალისტიკისთვის გასული წელი ძალიან რთული აღმოჩნდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დილემა, რომელსაც პოსტის მფლობელი და რედაქტორი აწყდებიან, მათი ახლო ურთიერთობაა პოლიტიკოსებთან. ფილმის რამდენიმე სცენაში ორივე ხვდება, რომ წარსულში გაკეთებულ შეფასებებსა და გადაწყვეტილებებზე ოფიციალურ პირებთან პერსონალური ურთიერთობები დიდ გავლენას ახდენდა.

"როგორც ტყუოდნენ, ის დღეები უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ მათი ძალაუფლება. ვინ მოსთხოვს მათ ანგარიშვალდებულებას თუ არა ჩვენ?" - ამბობს ბენ ბრედლი, Washington Post-ის რედაქტორი.

ბრედლი დროდადრო ახსენებს ჟურნალისტებს, რომ თეთრ სახლს არ აქვს უფლება უკარნახოს მათ როგორ გააშუქონ ამბავი, იქნება ეს ნიქსონის შვილის ქორწილი თუ პრეზიდენტის მიერ ჩადენილი დანაშაული.

ფილმს სურს დაიცვას მედიის ინსტიტუტი და ამავდროულად გვაჩვენებს, რომ ჟურნალისტურ მასალებს ადამიანები ქმნიან და უშეცდომო არავინაა.

"ყოველთვის სწორად არ ვიქცევით. ყოველთვის უნაკლო არ ვართ, მაგრამ ასეთი სამსახური გვაქვს, არა?!", - ეუბნება გრეჰემი ბრედლის ფილმის დასასრულს.

The Post, ასევე, არის ქეი გრეჰემის ისტორია, რომელიც ამერიკაში გაზეთის პირველი ქალი მფლობელი იყო. გრეჰემი პოსტის მმართველად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისმა მეუღლემ, რომელსაც კომპანია გრეჰემის მამამ დაუტოვა, თავი მოიკლა.

"ეს სამსახური არ იყო ჩემთვის განკუთვნილი. როცა მამაჩემმა შენი მამა აირჩია კომპანიის მმართველად, ჩემთვის ძალიან ბუნებრივი იყო. ძალიან ვამაყობდი. ვფიქრობდი, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. ყველა ასე ფიქრობდა მაშინ," - ეუბნება გრეჰემი თავის ქალიშვილს.

ამ მოვლენების განმავლობაში ქეი გრეჰემი საკუთარ თავში დარწმუნებულ ქალად ყალიბდება. უზენაესი სასამართლოს დატოვებისას კი ფილმი ნათლად აჩვენებს, რომ ის ახალგაზრდა ქალებისთვის მისაბაძი მაგალითი ხდება.

"ქეის არასდროს ეგონა, რომ იმ თანამდებობაზე აღმოჩნდებოდა, რომელზეც ახლაა - თანამდებობაზე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ არ ეკუთვნის. და როცა დროდადრო გეუბნებიან, რომ საკმარისად კარგი არ ხარ, რომ შენი აზრი მნიშვნელოვანი არაა, როცა უბრალოდ არ გიმჩნევენ, მათთვის იქ არ ხარ, როცა ამხელა დროის განმავლობაში ასეთია შენი რეალობა, რთულია, არ დაიჯერო, რომ ეს სიმართლეა", - ამბობს ერთ-ერთ სცენაში ბრედლის ცოლი და ამატებს: "ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ბედნიერებისა და კომპანიის გარისკვა, რომელსაც მისი მთელი ცხოვრება უკავშირდება, ვფიქრობ, მამაცი საქციელია."

"კარგი მედია ემსახურება ხალხს და არა ხელისუფლებას”, - თაიმსის პირველი მასალის გამოქვეყნებიდან სამ კვირაში სასამართლომ გადაწყვეტილება ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიტანა და პრესას საიდუმლო დოკუმენტებზე მასალების გამოქვეყნების უფლება მისცა.

დოკუმენტების გაჟონვით გაცეცხლებულმა ნიქსონმა თეთრ სახლში შექმნა ჯგუფი, რომელსაც მსგავსი ინციდენტების პრევენცია უნდა მოეხდინა. მომდევნო წელს, ეს ჯგუფი დემოკრატიული პარტიის უოტერგეითის ოფისებში შეიჭრა და აშშ-ის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი სკანდალი გამოიწვია, რაც საბოლოოდ პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა.

მომზადებულია New York Times-ისა და Vox-ის მასალების მიხედვით