ეთიკური დილემა
44 წელი გავიდა ე.წ. უოტერგეიტის სკანდალიდან, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, მედია და საზოგადოების დამოკიდებულება მთავრობის მიმართ. ამ საქმის ბოლომდე მიყვანაში დიდი წვლილი ჟურნალისტებსაც მიუძღვით. სწორედ მათ შეუწყვეს ხელი საქმის საჯაროობას და მნიშვნელოვანი სამხილების მოპოვებას.

1972 წლის 17 ივნისს ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დემოკრატების ოფისში დააკავეს 5 მძარცველი. ეს არ იყო ჩეულებრივი ძარცვა: დაკავებულები დაკავშირებული იყვნენ პრეზიდენტ ნიქსონის წინასაარჩევნო კამპანიასთან. დაკავების მომენტში ისინი ცდილობდნენ ტელეფონის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას კონკურენტი დემოკრატების ოფისში და საიდუმლო დოკუმენტების მოპარვას შენობიდან. დემოკრატების ოფისი სასტუმრო უოტერგეიტში მდებარეობდა. უოტერგეიტის საქმის გამო პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტი გადადგა.

ამ სკანდალმა, რომელიც 2 წლისა და 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, მთლიანად შეცვალა ამერიკული პოლიტიკა და ჟურნალისტიკა. მედიაგაშუქებამ კი მკვეთრად გაზარდა საქმის საჯაროობა და პოლიტიკური შედეგები.

კავშირი დაკავებულებსა და საარჩევნო კომიტეტს შორის მედიაგაშუქებით დადგინდა. ამ საქმეზე ჟურნალისტურ გამოძიებას ძირითადად აწარმოებდნენ The Washington Post-ი, Time-ი და The New York Times-ი. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი საქმეში The Washington Post-ის ჟურნალისტებმა ბობ ვუდვორდმა და კარლ ბერნშტაინმა შეასრულეს. გარდა იმისა, რომ მთელი 2 წელი ისინი უწყვეტად იძიებდნენ ამ საქმეს, მათ წიგნიც დაწერეს უოტერგეიტის საქმეზე, რაც საფუძვლად დაედო ფილმს “პრეზიდენტის მთელი ამალა”.

ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით რეპორტიორებმა ბობ ვუდვორდმა და კარლ ბერნშტაინმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომ ძარცვა და მისი გადაფარვის მცდელობები მჭიდროდ უკავშირდებოდა მაღალი რანგის პირებს იურიდიულ დეპარტამენტში, FBI-ში, CIA-სა და ასევე თეთრ სახლში. ვუდვორდმა და ბერნშტაინმა ჩაწერეს ჯუდი ჰოუბექ მილლერი, ნიქსონის ბუღალტერი, რომელმაც მათ გაუმხილა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საარჩევნო ფონდის ფინანსები გაიფლანგა და ჩანაწერები განადგურდა. მათ პირველებმა გაავრცელეს ინფორმაცია 25 ათასი დოლარის შესახებ, რომელიც ნიქსონის კამპანიიდან ერთერთ მძარცველს გასაჩუმებლად ჩაურიცხეს.

მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ ნიქსონის მომხრეები ხელს უშლიდნენ გამოძიებას და ანადგურებდნენ მტკიცებულებებს, ასევე სამსახურიდან ითხოვდნენ ყველა პასუხისმგებელ პირს.

ბობ ვუდვორდი და კარლ ბერნშტაინი


ვუდვორდისა და ბერნშტაინის ერთერთი მთავარი ანონიმური წყარო იყო პირი, რომელსაც ისინი მოიხსენიებდნენ, როგორც Deep Throat. მისი ვინაობა უოტერგეიტის საქმიდან 33 წლის შემდეგ 2005 წელს გახდა ცნობილი და როგორც გაირკვა, ის იყო უილიამ მარკ ფელტი, რომელიც FBI-ის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა 1970-იან წლებში. ეს ინფორმაცია, ვუდვორდმა 2005 წელს დაადასტურა. ფელტი საიდუმლოდ შეხვდა ვუდვორდს რამდენჯერმე და მოუთხრო ჰოვარდ ჰანტის მონაწილეობის შესახებ უოტერგეიტის ძარცვაში. ასევე, მან უამბო ვუდვორდს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია საკმაოდ მაღალ ფსონს დებდა უოტერგეიტის საქმეზე.

ფელტმა ასევე გააფრთხილა ვუდვორდი, რომ FBI-ს სურდა სცოდნოდა თუ საიდან იღებდნენ ის და სხვა რეპორტიორები ინფორმაციას, რადგან მათ მოახერხეს და აღმოაჩინეს კრიმინალის საკმაოდ ფართო ქსელი პირველებმა, ვიდრე ამას FBI შეძლებდა. ყველა საიდუმლო შეხვედრა ვუდვორდსა და მარკ ფელტს შორის მიწისქვეშა ავტოსადგომზე ხდებოდა 1972 წლის ივნისიდან 1973 წლის იანვრამდე პერიოდში. 1973 წლის 22 ივნისს მან FBI დატოვა. ის მანამდე ასევე ანონიმური წყარო იყო უოტერგეიტის საქმეზე ჟურნალ Time-სთვის, Washington Daily News-სთვის და სხვა გამოცემებისთვის.

საქმის საწყის ეტაპზე მედიაგამოცემების დიდმა ნაწილმა ვერ შეძლო უოტერგეიტის სკანდალში გარკვევა და სხვა თემებით იყვნენ დაკავებული, რაც 1972 წელს პრეზიდენტის არჩევნებს უკავშირდებოდა. სწორედ ამ დროს უკავშირდებოდნენ თავიანთ პირველ წყაროებს ვუდვორდი და ბერნშტაინი.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ერთერთი მძარცველის მიერ მოსამართლისთვის მიწერილი წერილის შესახებ, სადაც ის მაღალი დონის ჯაშუშურ სქემაზე საუბრობდა, მედიამ გაშუქების ფოკუსი შეცვალა. უოტერგეიტის საქმის გაშუქებამ საკმაოდ გაზარდა მედიის ნდობა საზოგადოებაში. თუკი უოტერგეიტის საქმემდე მედიის ნდობა ამერიკულ საზოგადოებაში 40 პროცენტი იყო, შემდეგ წლებში ეს ციფრი გაიზარდა.

1974 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც ნიქსონის მონაწილეობა უოტერგეიტის სკანდალში ნათელი მოეფინა, პრეზიდენტი გადადგა. მისმა უფლებამონაცვლემ ჯერალდ ფორდმა, დაუყოვნებლივ შეიწყალა ნიქსონი ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინა ამ საქმეში.

მიუხედავად იმისა, რომ ნიქსონი პასუხისგებაში არ მისცეს, უოტერგეიტის სკანდალმა ამერიკის პოლიტიკა სამუდამოდ შეცვალა. ამერიკელებმა დაიწყეს მათი ხელმძღვანელების ეჭვქვეშ დაყენება და პრეზიდენტების მიმართ უფრო კრიტიკულად განეწყვნენ.
აიშა 12 წლის იყო, როცა ის და მისი და თალიბანის მებრძოლის ოჯახს „გადასცეს“. აიშას ბიძამ წლების წინ მებრძოლის ნათესავი მოკლა, „სისხლის ჩამოსარეცხად“ აიშას მამა და მებრძოლი მორიგდნენ და ის და მისი და დაზარალებულის ოჯახს „გადაეცა“. როგორც კი გოგონა 14 წლის გახდა, ის თალიბანის მებრძოლზე დააქორწინეს. აიშას და მის დას მონებივით ექცეოდნენ. ხშირად სცემდნენ იმის გამო, რაც მათმა ბიძამ ჩაიდინა. აიშა სახლიდან გამოქცევას ეცადა, თუმცა ვერ შეძლო, ქმარმა დაიჭირა, მთაზე აიყვანა, ცხვირი და ყურები მოაჭრა და იქვე დატოვა. აიშას უჭირს იმის გახსენება, როგორ გამოაღწია მთიდან და როგორ გაიგნო გზა ბაბუის სახლამდე. კარგა ხანს ამ სახლში იმალებოდა, შემდეგ კი ამერიკელმა სამხედროებმა მიაგნეს, ჯერ სამედიცინო ცენტრში, შემდეგ კი ქალთა თავშესაფარში გადაიყვანეს. აიშას მდგომარეობა 10 კვირიანი მკურნალობის კურსის შემდეგ სტაბილური გახდა.

ჟურნალ „ტაიმსის“ 2010 წლის 9 აგვისტოს ნომრის გარეკანმა, რომელზეც ბიბი აიშა იყო გამოსახული, მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

ფოტოს ავტორი იხსენებს: „ტაიმსმა“ ქაბულში წასვლა და 18 სხვადასხვა ავღანელი ქალის ფოტოპორტრეტის გადაღება დამიკვეთა. ბიბი აიშას ავღანელი ქალების თავშესაფარში შევხვდი. წინასწარ სპეციალისტებისგან მივიღე ინფორმაცია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ და პირობა დავდე, რომ თუკი გადაღების პროცესში ის ოდნავ მაინც იგრძნობდა დისკომფორტს, გადაღებას შევწყვეტდი.

გადაღებების დაწყებამდე მონდომებით ვცდილობდი აიშასთვის კომფორტული გარემოს შექმნას, ვუსვამდი მსუბუქ შეკითხვებს, მივხვდი, რომ აიშა განსაკუთრებული გოგო იყო. მერე გადაღება დავიწყე. ვიღებ ფოტოებს და ვხვდები, რომ რაღაც ისე არ არის. კამერას გვერდზე ვდებ და აიშას ვთხოვ, რამდენიმე წუთით მაინც აღარ იფიქროს იმ საშინელებაზე, რაც გადაიტანა. „მხოლოდ იმაზე იფიქრე, როგორი ლამაზი და ძლიერი ხარ“ - ვუთხარი მას. აიშამ დამიჯერა და „ტაიმსის“ გარეკანზე გამოქვეყნებული ფოტო სწორედ ამ მომენტშია გადაღებული... მეგონა „ტაიმსს“ ეს ფოტო არ მოეწონებოდა, რადგან აიშა, როგორც მსხვერპლი ისე არ იყო წარმოჩენილი, თუმცა შევცდი. მოეწონათ და გარეკანზეც გაიტანეს, მინაწერით - რა მოხდება თუ ავღანეთს დავტოვებთ“.

ტაიმსის გარეკანმა, უფრო მეტად კი მინაწერმა, დიდი საზოგადოებრივი დისკუსია გამოწვია. ბევრი კრიტიკოსი წერდა, რომ ეს ნომერი პროპაგანდისტული იყო.

სად იყო გოგონა ფოტოს გამოქვეყნების დროს? რამდენად დაცული იყო მისი უსაფრთხოება? რა ზიანი შეიძლება მიადგეს მას და მკითხველს ამ ტიპის ფოტოს ნახვისას? ალბათ, ესაა ძირითადი დილემები, რის წინაშეც გამოცემა დგება, როცა ამგვარ ფოტოს აქვეყნებს. ყველა ამ კითხვას დეტალური პასუხი „ტაიმსმა“ სარედაქციო წერილში გასცა, რომელიც იმავე ნომერში გამოქვეყნდა, რომელშიც ბიბი აიშას ფოტო და სტატია. სარედაქციო წერილში დეტალურადაა ახსნილი, რა გზა გაიარა რედაქციამ მანამ, სანამ ფოტოს გამოაქვეყნებდა.

„ჩვენი ჟურნალის გარეკანი შოკისმომგვრელია. ფოტოზე გამოსახულია18 წლის ავღანელი ქალი, აიშა, რომელსაც თალიბანმა ცხვირი და ყურები მოაჭრა. აიშას სურს მსოფლიომ დაინახოს, რას მოიტანს თალიბანის გაძლიერება.

ძალიან დიდხანს ვიფიქრე, ღირდა თუ არა ამ ფოტოს გარეკანზე გამოტანა. პირველ რიგში მსურდა აიშას უსაფრთხოებაში დავრწმუნებულიყავი, და იმაშიც, ჰქონდა თუ არა მას კარგად გაცნობიერებული, რას ნიშნავდა მისი ფოტოს გარეკანზე გამოქვეყნება. მან იცის, რომ ეს ფოტო იქნება იმ საფასურის სიმბოლო, ავღანელ ქალებს თალიბანის რეპრესიებისთვის რომ მოუწიათ გადახდა. ჩვენ დავრწმუნდით, რომ აიშა მცველებით გარემოცულ უსაფრთხო ადგილზე იყო, მისი ადგილმდებარეობა კი მკაცრად გახლდათ გასაიდუმლოებელი. ამაში დარწმუნება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, მანამ სანამ ფოტოს გამოვაქვეყნებდით.

მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ფოტოს ბავშვებიც ნახავენ და მათთვის ეს სტრესული იქნება. ჩვენ გავიარეთ კონსულტაცია ბავშვთა ფსიქოლოგებთან პოტენციურ ზეგავლენასთან დაკავშირებით. მათი ნაწილი ფიქრობდა, რომ ბავშვები მიჩვეულები არინ ძალადობის ნახვას მედიის საშუალებით. მაგრამ მეორე ნაწილი მიიჩნევდა, რომ ბავშვებისთვის ეს სტრესული და შიშისმომგვრელი იქნებოდა. მე ფოტო გამოქვეყნებამდე ჩემს ორ მცირეწლოვან შვილს ვანახე, ერთი 9 წლისაა მეორე კი 12 - ის. ორივე მათგანში ფოტომ სიბრალულის გრძნობა აღძრა და მკითხეს, რატომ დამართეს ამ გოგონას ასეთი რამ... მე მკითხველს ბოდიშს ვუხდი ამ ფოტოს გამო.

უამრავი ცუდი რამ ხდება ჩვენ ირგვლივ. ჩვენი სამუშაოს ნაწილია, გავაშუქოთ ეს ყველაფერი და ამ გაშუქებით დავუპირისპირდეთ არსებულ სისასტიკეს. მე მაქვს განცდა, რომ ფოტო არის ფანჯარა რეალობაში. ის გვამცნობს, რა ხდება ამ რეალობაში და რა შეიძლება მოხდეს ომში, რომელიც ყველა ჩვენგანს ითრევს და რომელიც ზეგავლენას ახდენს თითოეულზე.

მე მირჩევნია, ვაჩვენო მკითხველს, როგორ ექცევა თალიბანი ქალს, ვიდრე უგულებელვყო ის.

მე მირჩევნია, ვუთხრა ხალხს სიმართლე მაშინ, როდესაც ისინი სვამენ კითხვას - რას აკეთებენ ამერიკელები და მისი მოკავშირეები ავღანეთში.

ომის შესახებ დებატები არ ნელდება. ეს სტატია და ფოტო არის მცდელობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დისკუსიაში. ამ ფოტოს და სტატიას არ ვაქვეყნებთ იმისთვის, რომ ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ შტატების მიმართ ან პირიქით, გავაპროტესტოთ რაიმე. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ დაგანახოთ, რა ხდება ადგილზე. სანამ კანონმდებლები და მოქალაქეები ინფორმაციის გაცნობიერებისა და სისტემატიზაციის პროცესში არიან და საკითხზე აზრის ჩამოყალიბებას ცდილობენ, ჩვენი საქმეა მოგაწოდოთ ჩვენი დროის საგარეო პოლიტიკის ურთულესი საკითხის კონტექსტი“.

აიშა დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს, პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთა და ხელნაკეთი სამკაულების შექმნითაა დაკავებული. ფოტომ კი, რომელმაც ის ძალადობაზე გამარჯვების სიმბოლოდ აქცია, the 2010 World Press Photo award, მოიგო. ფოტოს ავტორი ამბობს, რომ როგორც წესი, ასეთ ფოტოებში ადამიანები მსხვერპლებად არიან წარმოჩენილნი, აიშა კი ძალადობას გადარჩენილი, ძლიერი გოგოა. სწორედ ასეთია ეს ფოტოც.

ტაიმსში გამოქვეყნებული სტატია: http://content.time.com/time/magazine/article/0,9171,2007407,00.html
იმ ღონისძიებას Hague’s Talking (ჰააგური საუბრები) ერქვა. ორი ჟურნალისტი და ერთი ხელოვნებათმცოდნე იმაზე საუბრობდა, როგორ შეიძლება კონფლიქტის გაშუქებისას მედიამ და ხელოვნებამ დადებითი როლი ითამაშოს. მოდერატორი ჯანეტ ანდერსონი იყო. ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა გამოცემისთვის მუშაობდა, იყო BBC-ს რეგიონული რედაქტორი. ახლა ჰააგაში ცხოვრობს, International Justice Tribune-ის რედაქტორი და ორგანიზაცია RNW Media-ს მენეჯერია. ასწავლის ჟურნალისტებს ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ ამერიკიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, თუ როგორ გააშუქონ კონფლიქტები.

იმ შეხვედრაზე ერთმა ბულგარელმა სტუდენტმა იკითხა - საერთოდ არსებობს მშვიდობის ჟურნალისტიკა? მე ამ და დანარჩენ კითხვებზეც ჯანეტის პასუხი მიღებული მქონდა. ინტერვიუ ამ საუბრამდე ცოტა ხნით ადრე ჩავწერე.


-თქვენ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში აშუქებდით კონფლიქტებს. როგორ ფიქრობთ, რა არის ის ძირითადი, რაც ჟურნალისტს უნდა ახსოვდეს კონფლიქტებზე მუშაობისას? საერთოდ, რა განასხვავებს კონფლიქტების გაშუქებას სხვა თემის გაშუქებისგან?

-ერთი მხრივ, კონფლიქტის გაშუქება არ განსხვავდება სხვა დანარჩენი თემებისგან, რასაც ჟურნალისტი აშუქებს. იმავე უნარებით და ღირებულებებით მუშაობ, ეძებ სიზუსტეს, ბალანსს იმისთვის, რომ აუდიტორიას გადასცე სათქმელი, მიაწოდო ინფორმაცია. ნებისმიერ შემთხვევაში აუდიტორიაა ჟურნალისტის ყურადღების ცენტრში, მაგრამ სხვაობა ისაა, რომ კონფლიქტის გაშუქების შემთხვევაში ბევრი კითხვის ნიშანი უნდა გაგიჩნდეს, რადგან წინასწარ განსაზღვრული კუთხით არ შემოიფარგლო. აუცილებელია დაისვას კითხვა: მხოლოდ ძალადობის ფაქტის ასახვა მინდა თუ მიზეზების კვლევაც? მნიშვნელოვანია იფიქრო ადამიანებზე, ვის ციტატებსაც იყენებ. უნდა შეძლო და ასახო რეალობა, მოძებნო ისტორიები, რომლებშიც მხოლოდ „მთავარი ფიგურები“, ლიდერები და სამხედრო პირები არ იქნებიან. საჭიროა დაინტერესდე - რას ნიშნავს ეს კონფლიქტი ხალხისთვის? აქ ჩნდება სხვა კითხვაც - ვინ არიან მხარეები? რატომ არიან ისინი ჩართულები ამ კონფლიქტში და რეალურად რას აკეთებენ? ისინი შეიძლება ამბობდნენ ერთს და აკეთებდნენ მეორეს. ასე რომ, ჟურნალისტი ღია უნდა კითხვებისთვის.

დაბოლოს, უნდა გააცნობიერო, რას ნიშნავს შენთვის იყო ჟურნალისტი, რომელიც კონფლიქტს აშუქებს. ეს შეიძლება იყოს ძალიან დამაბნეველი, შეიძლება იყოს ამაღელვებელი. ბევრი ადრენალინია კონფლიქტის გაშუქებისას. არ არის გამორიცხული, დაუშვა ბევრი შეცდომა, განსაჯო ვიღაც ისე, რომ ვერ გააანალიზო, რეალურად რას აკეთებ. კონფლიქტის გაშუქებისას ჩემთვის საკუთარი როლის გაცნობიერებაა მთავარი.

-თქვენ ახსენეთ მხარეები. ხშირად ჟურნალისტები კონფლიქტში ორ მხარეს ხედავენ, ვიღაც „კარგია“ ვიღაც „ცუდი“, არის ეს შეცდომა? როგორ უნდა გააშუქოს ჟურნალისტმა მხარეები?

-როდესაც შენ ხარ ჟურნალისტი კონკრეტულ ქვეყანაში და ერთ მხარეს ეროვნული ნარატივია, ძალიან ძნელია აირჩიო საკუთარი გზა ამ ნარატივის გავლით და გადაწყვიტო რა თქვა და რა - არა. ძალიან მარტივია გახდე შენს საზოგადოებაში არსებული დომინანტური ნარატივის გამხმოვანებელი. ასეთ დროსაც საკუთარ თავს უნდა დაუსვა კითხვები. ეს ხშირად უკავშირდება იმას, თუ ვის ეკუთვნის მედია, სადაც მუშაობ. შესაბამისად, უნდა გაანალიზო, რისი გაკეთება არის შესაძლებელი, რომ თქვა სიმართლე.

თუ არ დაუსვამ საკუთარ თავს კითხვას, არსებობს დიდი რისკი, რომ გახდე სახელმწიფოს გამხმოვანებელი და არა ჟურნალისტი, რომელიც აკეთებს არჩევანს, რა გააშუქოს.

-განსაკუთრებით რთულია, დარჩე მიუკერძოებელი, როდესაც კონფლიქტი შენს ქვეყანაში ხდება. ჟურნალისტსაც, როგორც რიგით მოქალაქეს, აქვს ემოციური, ადამიანური დამოკიდებულება მომხდართან. ფაქტობრივად ხარ მხარე. ამის გათვალისწინებით უფრო იოლი ხომ არ არის სხვა ქვეყნის კონფლიქტის გაშუქება?

-ორი მხარე აქვს ამ საკითხს. პირველი - არის თუ არა უფრო ადვილი გააშუქო რაღაც სხვა ქვეყანაში? ხანდახან მართლაც ასეა, რადგან შეგიძლია დაიჭირო დისტანცია იმ ამბებისგან, რასაც აშუქებ. მაგრამ როგორ უნდა გაიგო რა ხდება, როგორ უნდა გაიგო ენა, კულტურა, როგორ უნდა გაარკვიო, მართალს გეუბნებიან თუ არა...როდესაც აშუქებ საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ამბავს, გააცნობიერე რა უპირატესობას გმატებს ეს, რადგან ამ შემთხვევაში ხელმისაწვდომია ყველა ტიპის ინფორმაცია, კარგად იცი მანამდე არსებული სიტუაციაც, გაქვს ცოდნა, რომელიც გეხმარება ყველა დეტალის, სიტყვის, სიმბოლოს, ნიუანსის გააზრებაში. ამიტომაც არ უნდა ფიქრობდე, რომ საკუთარ კონფლიქტს ვერ გააშუქებ.

-სხვა საკითხია, როგორ გააშუქო კონფლიქტი, რომელიც შენს ქვეყანაში ხდება, მიუკერძოებლად. ვიცი, რომ ეს ძალიან ძნელია ყველა ჟურნალისტისთვის. ვიცი, ეს რასაც ნიშნავს. მე ვაშუქებდი ჩრდილო ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის კონფლიქტს. თავად ბრიტანელი ვარ. მაქვს განათლება, ჩემი საცხოვრებელი ადგილი, ღირებულებები და აშ. ამიტომაც ძალიან რთული იყო ჩემთვის ამ კონფლიქტის გაშუქება. ვფიქრობდი, როგორ უნდა ვყოფილიყავი მიუკერძოებელი. მეგონა, რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. მაგრამ არ უნდა იფიქრო ამაზე. მაგალითად, თუ ქართველი ჟურნალისტი დაუშვებს, რომ აბსოლუტურად მიუკერძოებლად გააშუქებს სამხრეთ ოსეთის ამბავს, სრული სიგიჟეა. როდესაც ქართველმა ჟურნალისტმა იცის, რომ შეუძლებელია იყოს მიუკერძოებელი, მაგრამ რაც არ უნდა ძნელი იყოს, თუ შეძლებს, გაიგოს და აჩვენოს რუსეთის პოზიცია, სამხრეთ ოსეთის პოზიცია, მაშინ ეს შესანიშნავია. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, უკეთესად გაიგო რა ხდება. თუ არ გინდა, რომ უკეთესად გაგო, მაშინ ვერ დაეხმარები შენს აუდიტორიას კარგად იყოს ინფორმირებული.

-კონფლიქტის გაშუქებისას ალბათ, ასევე დიდ მნიშვნელობას იძენს კონტექსტი, ტერმინოლოგია.

-შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება, მაგრამ კონფლიქტზე მუშაობისას მარტივად, „შავისა და თეთრის“ ჭრილში კი არ უნდა გააშუქო მოვლენები, არამედ უდა იცოდე გეოგრაფია, ისტორია, კონფლიქტამდე მიმდინარე ამბები, მთლიანი სურათი, კონკრეტულ ქვეყანას რა ინტერესები აქვს. შეიძლება გარკვეულ როლს თამაშობდნენ მეზობელი ქვეყნები, შეიძლება იყოს ეთნიკური პრობლემები. შენ უნდა ხვდებოდე რაღაც დინამიკას.

მეც ხშირად ვყოფილვარ დარწმუნებული, რომ საკმარისი ცოდნა და ინფორმაცია მაქვს კონტექსტის მისახვედრად, თუმცა შემდეგ გამოჩნდება, რომ არსებობს სხვა დეტალი, შემდეგ კიდევ უფრო სხვა და ა.შ. მერე ვაანალიზებ, რამდენი რაღაცის ცოდნა გჭირდება იმისთვის, რომ უკეთ გაიგო სიტუაცია. ეს მუდმივი ძიება ახალისებს კიდეც სამუშაო პროცესს, მაგრამ თუ გაჩერდები და აღარ ეცდები, გაიგო მეტი და მიხვდე კონტექსტს, როგორ უნდა იმუშაო შენს აუდიტორიასთან? შენ ხომ აუდიტორიისთვის მუშაობ.

-ჟურნალისტიკაში არსებობს ორი ცნება - მშვიდობის ჟურნალისტიკა და ომის ჟურნალისტიკა. რა განსხვავებაა მათ შორის?

-ჩემთვის ომის ჟურნალისტიკაა, როდესაც აშუქებ კონფლიქტის ყველაზე ძალადობრივ ნაწილს, სამხედრო თემატიკას. არ ვიცი არის თუ არა ომის ჟურნალისტიკა ომის რეპორტინგი, როდესაც რეპორტიორი ფიზიკურად იმყოფება ცხელ წერტილში და ყვება რა ხდება. ამგვარ გაშუქებას დიდი ისტორია აქვს, ბევრი ჟურნალისტია, ვინც საკუთარი თვალით ხედავდა რა ხდებოდა ომის შუაგულში. მათი მუშაობა იყო უკიდურესად საჭირო იმისთვის, რომ გაგვეგო რა ხდებოდა.

რაც შეეხება სამშვიდობო ჟურნალისტიკას, მე პირადად, არ მჯერა მისი არსებობის. მე მგონია, რომ არსებობს კონტექსტის ჟურნალისტიკა, ახსნაზე ფოკუსირებული ჟურნალისტიკა, ხალხის ჟურნალისტიკა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანზე კონფლიქტის დროსაც. ასე რომ მე ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი მშვიდობის ჟურნალისტიკისადმი, მაგრამ მოდი დავუტოვოთ არჩევანი ჟურნალისტებს, თავად გადაწყვიტონ რა არის შესაძლებელი.

-დღეს მსოფლიო მედიის მთავარი თემა ტერორიზმია, როგორ აშუქებს მედია ამ თემას თქვენი დაკვირვებით? რა არის მთავარი გამოწვევა ამ სიტუაციაში მედიისთვის?

-ყველაზე მთავარი გამოწვევა ისაა ჩვენ, მედია რა როლს ვასრულებთ ტერორისტული იდეის გავრცელებაში. რის მიღწევას ცდილობენ ტერორისტები? მათი მიზანია შეაშინონ და დააპირისპირონ ადამიანები. თუ მედიას წვლილი შეაქვს იმაში, რომ ხელს უწყობს ხალხის შეშინებას, მაშინ ვფიქრობ, რომ მედია ხელს უწყობს ტერორიზმს. მედიამ ეს უნდა გააცნობიეროს.

-როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ეს თემა? არ გამოაქვეყნოს ყველა პატარა ახალი ამბავი, რაც ტერორიზმს უკავშირდება?

-არა, ყველა ახალი ამბავი უნდა გავაშუქოთ, უნდა გავაშუქოთ მთელი სიზუსტით, ასევე უნდა შევინარჩუნოთ „მოდარაჯე ძაღლის“ როლი. ფიქრობთ, რომ უსაფრთხოების სამსახურები ყოველთვის კარგად იქცევიან? რასაკვირველია არა, ჩვენ ესეც უნდა გავაშუქოთ, დავსვათ კითხვები და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენს სამუშაოს კარგად ვასრულებთ. შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, არ გავაჩეროთ ჟურნალისტიკა - ეს პირველი საკითხია. მეორე საკითხია გავაშუქოთ ისე, როგორც ზემოთ აღვწერეთ. კონტექსტი, ადამიანური მხარე -მნიშვნელოვანია. არ გავაშუქოთ ყველაფერი ერთნაირად. არ ვთქვათ, რომ ყველა ქალი ნიგერიაში სუიციდით ამთავრებს სიცოცხლეს, ყველა მუსლიმი არის ტერორისტი. შევარჩიოთ სიტყვები ძალიან ფრთხილად მაშინაც, როცა მოვლენათა ეპიცენტრში ვართ. უნდა გვქონდეს გაანალიზებული რა ტერმინებს ვიყენებთ მომხდარი ამბის აღსაწერად. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რა ტონს ვირჩევთ, რათა არ მივცეთ საშუალება სპეკულაციისთვის. სიზუსტე, ბალანსი, სიცხადე და განმარტება აუდიტორიისთვის -ეს არის მთავარი. შენ მუშაობ აუდიტორიისთვის, იმისთვის, რომ მან უკეთ გაიგოს რა ხდება.
როგორ თანამშრომლობდა „ესოშიეითიდ პრესი“ ნაცისტებთან 2016-04-04 „ესოშიეითიდ პრესის“ (AP) ჰიტლერის რეჟიმთან ფორმალური შეთანხმებით, ახალი ამბების სააგენტო ნაცისტური პროპაგანდის მიერ მოწოდებულ მასალებს აქვეყნებდა - სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა გერმანელი ისტორიკოსი ჰარიეტ შარნბერგი საარქივო დოკუმენტების შესწავლის შემდეგ. იგი ხსნის, თუ როგორ თანამშრომლობდა გამოცემა ნაცისტურ გერმანიასთან იმ პირობით, რომ ჰიტლერის რეჟიმს მისი გაშუქება ზიანს არ მოუტანდა.

„გარდიანის“ ცნობით, როდესაც გერმანიაში ნაცისტურმა პარტიამ 1933 წელს ხელთ იგდო ძალაუფლება, მისი მიზანი არა მხოლოდ ნაციონალური, არამედ საერთაშორისო პრესის კონტროლი გახდა: გამოცემა „გარდიანი“ გერმანიაში ერთი წლით აიკრძალა. 1935 წელს კი მსხვილი ინგლისურ-ამერიკული სააგენტოები - „ქისტოუნი“ და „ვაიდ ვორლდ ფოტოსი“ - ებრაელი თანამშრომლების დასაქმების გამო იძულებული გახდნენ გერმანული ბიუროები დაეხურათ.

AP „ესოშიეითიდ პრესი“ ერთადერთი დასავლური სააგენტო იყო, რომელიც იმ პერიოდის გერმანიაში არ დაუხურავთ. ის მუშაობას აგრძელებდა 1941 წლამდე - სანამ აშშ მეორე მსოფლიო ომში არ ჩაერთო. შესაბამისად, 1941 წლამდე იგი მომგებიან სიტუაციაში იყო - აშუქებდა ახალ ამბებს ტოტალიტარული რეჟიმიდან.

თანამედროვე ისტორიის კვლევის აკადემიურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში ისტორიკოსი ჰარიეტ შარნბერგი მიუთითებს, რომ AP მხოლოდ იმიტომ ახერხებდა გერმანიიდან მაუწყებლობას, რომ ნაცისტურ რეჟიმთან გარიგებაში შევიდა. ნიუ-იორკში განთავსებული რედაქცია ემორჩილებოდა ცენზურას - ე.წ „სარედაქციო კანონზე“ ხელის მოწერით, AP პირობას დებდა, რომ არ გამოაქვეყნებდა მასალას, რომელიც „რაიხის რეჟიმის დასასუსტებლად იყო გათვლილი უცხოეთსა თუ გერმანიაში“. შეთანხმების ძალით, AP-ს თანამშრომლებად აჰყავდა ადამიანები, ვინც ნაცისტური პარტიის პროპაგანისტულ მანქანაში იყვნენ ჩაბმულები.

„ესოშიეითიდ პრესის“ ოთხი ფოტოგრაფიდან ერთ-ერთი - ფრანც როთი - ესესის სამხედრო პროპაგანდის განყოფილების წევრი იყო. მის ფოტოებს თავად ჰიტლერი არჩევდაო - წერს გერმანელი ისტორიკოსი. AP-მა ისტორიკოს შარნბერგის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ფრანც როთის ფოტოები ვებსაიტიდან აიღო.

AP-ი ასევე ნებას რთავდა ნაცისტურ რეჟიმს, გამოეყენებინა რედაქციის ფოტოარქივები ანტისემიტური პროპაგანდისტული ლიტერატურისათვის. პუბლიკაციებზე, რომლებშიც გამოცემის ფოტოებია გამოყენებული, ანტისემიტური განწყობებია გამოხატული - არსებობდა ბროშურა „ქვეადამიანები“, ბუკლეტი „ებრაელები ამერიკაში“. ამ ბროშურაზე AP-ის ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოა გამოყენებული, ფოტოზე კი გამოსახულია ნიუ-იორკის მაშინდელი მერი ფიორელი ლაგუარდია.

1941 წლსი ივნისში გერმანელები დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში შეიჭრნენ. ნაცისტებმა კომუნისტების თავდასხმებს ლვოვის ებრაელი მოსახლეობის დარბევით უპასუხეს. AP-ის ფოტოგრაფ ფრანც როთის მიერ ლვოვის ციხეებში გადაღებული მკვდარი ადამიანების ფოტოები კი პირადად ადოლფ ჰიტლერმა შეარჩია და ამერიკულ პრესაში AP-ის დახმარებით გაავრცელა. იმის ნაცვლად, რომ ეჩვენებინათ ებრაელი მოსახლეობის დარბევის ფოტოები, ამერიკულმა პრესამ მხოლოდ საბჭოთა კავშირის მსხვერპლთა ფოტოები დაბეჭდა იმის საჩვენებლად, რომ წითელი არმია სასტიკი კრიმინალებისაგან შედგებოდაო - უთხრა შარნბერგმა „გარდიანს“.

„შესაძლებელია ითქვას, რომ ამ ფოტოებმა მნიშნველოვანი როლი შეასრულა ნაცისტების მიერ წარმოებული ომის ნამდვილი სახის დაფარვაში. AP-ის მიერ მოვლენების გაშუქების კუთხე ემთხვეოდა ნაცისტური გერმანიის ინტერესებს, ომის გერმანულ ნარატივს“ - ამბობს ისტორიკოსი. შარნბერგის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ესოშიეითიდ პრესმა“ მის ბრალდებებს უპასუხა. გამოცემის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ისტორიკოსის მასალაში აღწერილია „ცალკეული პირები და მათი გადაწყვეტილებები, რაც უცნობი იყო გამოცემისათვის“. მათი თქმით, AP ახლა სწავლობს კონკრეტულ დოკუმენტებს, რათა „მეტი ინფორმაცია მიიღოს ნახსენებ პერიოდზე“.

„ესოშიეთიდ პრესის“ სპიკერმა გარდიანს უთხრა: „ვაგრძელებთ საკითხის მოკვლევას, თუმცა უარვყოფთ, რომ გამოცემა განზრახ თანამშრომლობდა ნაცისტებთან. უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა, რომ AP სხვა მედიასაშუალებებთან ერთად ცდილოდა გამკლავებოდა ნაცისტური რეჟიმის ინტენსიურ წნეხს. AP-ის მენეჯმენტი ეწინააღმდეგებოდა რეჟიმს, როდესაც ცდილობდა, ზუსტი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ობიექტური ახალი ამბები მოეთხრო ბნელ და საშიშ დროს“.

„ამ ამბის გახმაურების შემდეგ გაიხსენეს, რომ AP-ის მისამართით კითხვები 2012 წელსაც გაჩნდა. ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში „ესოშიეითიდ პრესის“ ბიუროს გახსნის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ ეჭვი შეიტანა გამოცემის კორეული ბიუროს მიუკერძოებლობაში - AP პირველი სააგენტო იყო, ვინც ჩრდილოეთ კორეიდან მაუწყებლობდა“ - წერს გარდიანი.

„ესოშიეითიდ პრესის“ ფხენიანის ბიუროს არ გაუშუქებია მნიშვნელოვანი მოვლენები: ჩრდილოეთ კორეელი პოლიტიკოსის, კიმ იონგ-უნის ექვსკვირიანი „გაუჩინარება“, კიბერთავდასხმა „სონიზე“ 2014 წელს, რის უკანაც ჩრდილოეთ კორეული კიბერთავდასხმის სააგენტო იდგა, შიმშილი სამხრეთ ჰვანგაეს პროვინციაში 2012 წელს და ა.შ.

ნატე თაიერმა, „ესოშიეითიდ პრესის“ ყოფილმა კორესპონდენტმა კამბოჯაში, „გარდიანს“ უთხრა, როგორც ჩანს, AP-მ ისტორიიდან ბევრი ვერაფერი ისწავლა: „მტკიცება იმისა, რომ ჩრდ. კორეა არ აკონტროლებს მათ ბიუროს, სასაცილოა. უდავოა, რომ მნიშნველოვანია დახურული საზოგადოებაში ინფორმაციაზე წვდომა. თუმცა, დღის ბოლოს რედაქციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შეეძლოს, უთხრას მკითხველს, რომ მისი რეპორტინგი დამყარებულია დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ წყაროებზე“.

მომზადებულია გარდიანის სტატიის მიხედვით