ცხოვრება კოვიდთან ერთად
კატეგორია - ცხოვრება კოვიდთან ერთად
აფხაზურ მედიაში არ გვხვდება აქტიური მოწოდებები ვაქცინაციისკენ და, ახლახანს გაირკვა, რომ ეს რუსული ვაქცინებიც საკმარისი არ ჰქონიათ.


პანდემიის პირობებში „ლაივპრესში“ ხშირად ვაშუქებთ თუ როგორ უმკლავდებიან ისინი კორონავირუსს. მოვამზადეთ რამდენიმე ინტერვიუ იქ მომუშავე ქართველ ექიმებთან, რომლებმაც გვითხრეს, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ადეკვატურად არ აღიქვამს ვირუსის საფრთხეს.

ასევე მათ გვითხრეს, რომ არ არის საკმარისი მედიკამენტები, ტესტები. იმის მიხედვით, რასაც ჩვენ ვხედავთ, ყოველ დილით რომ ვეცნობით აფხაზეთის სტატისტიკას, კეთდება ძალიან ცოტა რაოდენობით ტესტები. დაახლოებით 200, 300 ტესტი.

აფხაზეთში რუსული ვაქცინა მიიღეს 30 აპრილს. ჩვენ ვესაუბრეთ გალის რამდენიმე მცხოვრებს, რომ გაგვეგო, თუ როგორია მათი განწყობა რუსული ვაქცინების მიმართ. მათ გვითხრეს, რომ ისინი არ აპირებენ რუსული ვაქცინებით აცრას, რადგან არ ენდობიან.

სხვათა შორის, არც აფხაზურ მედიაში გვხვდება აქტიური მოწოდებები ვაქცინაციისკენ და, ახლახანს გაირკვა, რომ ეს რუსული ვაქცინებიც საკმარისი არ ჰქონიათ. აი აგვისტოში, მაგალითად, დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებისთვის, რომ მოხდეს ვაქცინების საკმარისი დოზებით მოსახლეობის უზრუნველყოფა.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ჯერ კიდევ 30 მარტს.

რუხის კლინიკაში აცრის კაბინეტის გახსნის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის, აცრა უკვე რეგისტრაციის გარეშე გახდა შესაძლებელი. თუმცა, პირველ ეტაპზე, ამ მხრივ მოქალაქეების დიდი აქტიურობა არ იყო. სხვათა შორის, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონს შესთავაზა ვაქცინების მიწოდება, დახმარება. მაგრამ ამჯერად აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ თბილისის მიერ შეთავაზებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარი განაცხადა.

თუმცა ოფიციალური უარის მერე, ძალიან მალე, გალის ადმინისტრაციამ უთხრა მოსახლეობას, რომ ის მათ ნებას აძლევს გადაკვეთონ ე.წ საზღვარი იმისთვის, რომ ზუგდიდში ჩაიტარონ ვაქცინაცია. ამჟამად ენგურის ხიდზე გაშლილია კარავი, სადაც ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებიან და ისინი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს უტარებენ ტესტირებას. ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, ისინი თავსდებიან რუხის კლინიკაში.

ხოლო რამდენი ადამიანი გადმოვიდა ენგურის ხიდზე კონკრეტულად აცრის ჩასატარებლად, ამის შესახებ ზუსტი სტატისტიკა ადგილზე არ აქვთ. მხოლოდ შემიძლია ის ვთქვა, რომ რუხის კლინიკაში ამ დრომდე ორასამდე პირი აიცრა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადამოსული, სხვადასხვა ვაქცინით.

შედარებისთვის ვიტყვი კიდევ აფხაზურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომლის მიხედვით, “სპუტნიკი ლაითით” გალში აცრილია ამ დროისთვის 23 ადამიანი. სულ აფხაზეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული აღწერის მიხედვით, ამჟამად აფხაზეთში ცხოვრობს 243,564 ადამიანი. ამ მონაცემებით ჩანს, რომ გალის მცხოვრებლები გაცილებით უფრო მეტად ენდობიან ცენტრალური ხელისუფლების მიერ შემოტანილ ვაქცინებს, იმიტომ რომ გალში “სპუტნიკი ლაითით” აცრილია 23 ადამიანი, ხოლო რუხის კლინიკაში აცრის ჩასატარებლად გადმოვიდა ენგურს გაღმა მცხოვრები დაახლოებით 200 ადამიანი. თუმცა ეს ციფრი ბევრად მეტია, როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში გვითხრეს.
კატეგორია - ცხოვრება კოვიდთან ერთად
მიუხედავად იმისა, რომ ხალხში საკმაოდ არის გავრცელებული სხვადასხვა დეზინფორმაცია, ჩვენი გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მაინც გამოთქვამდა მზაობას ვაქცინაციისთვის. თუმცა, ამ პროცესში ხელს გარკვეული ბარიერები უშლიდათ.



ადამიანის ცხოვრების წესი და მედიის ყურადღება მთლიანად შეცვალა კორონავირუსის პანდემიამ. ჩვენი რადიო აქტიურად აშუქებს ამ თემებს და ერთ-ერთ გამოწვევად მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესს გამოვყოფდი.

დღეის მდგომარეობით, მარნეულში ოთხი ამცრელი პუნქტი მუშაობს, ისიც მხოლოდ ქალაქში, რაც გარკვეულწილად ქმნის პრობლემას სოფელში მცხოვრები ადამიანებისათვის.

მე პირადად, ბევრჯერ ვყოფილვარ მარნეულის მაღალმთიან სოფლებში, სადაც მინდოდა მოსახლეობის ზოგადი განწყობები მომესმინა კორონავირუსთან და ზოგადად ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ხალხში საკმაოდ არის გავრცელებული სხვადასხვა დეზინფორმაცია, ჩვენი გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მაინც გამოთქვამდა მზაობას ვაქცინაციისთვის. თუმცა, ამ პროცესში ხელს გარკვეული ბარიერები უშლიდათ.

ახლა მახსენდება სოფელი ოქრეთი, რომელიც მარნეულიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარეობს, სადაც სამოცამდე ადამიანი ცხოვრობს და ამ სამოცი ადამიანიდან უმრავლესობას წარმოადგენენ მოხუცები, ასაკოვანი ადამიანები. სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ დადის, არც მაღაზია აქვთ და მარნეულამდე ჩამოსასვლელად დაახლოებით 40 ლარი სჭირდებათ. ამ პირობებში, ცხადია, ვაქცინაციის პუნქტამდე ჩამოსვლა მათთვის საკმაოდ დიდ პრობლემებს წარმოადგენს. ამიტომაც გავამახვილე ამ სოფელზე ასე ყურადღება.

ოქრეთი, რა თქმა უნდა, არ არის გამონაკლისი. ეს პრობლემა სხვა სოფლებშიც დგას მარნეულში.

მაგალითად, მარნეულში ყოველწლიურად ტარდება ასეთი ფესტივალი, “ერთიანი კავკასია”, რომლის ორგანიზატორებმაც საკუთარ თავზე აიღეს ინიციატივა რამდენიმე დღის წინ და კარგ მუსიკასთან ერთად მარნეულის სოფლებში მცხოვრებლებს შესთავაზეს ვაქცინაცია ადგილზე. ამაში დაეხმარა დაავადებათა კონტორლის ცენტრი და ასევე მერიამაც დაუჭირა მხარი. აქტივობა გაგრძელდა სულ რაღაც ორი დღის განმავლობაში. მათ რა რესურიც ჰქონდათ ამ ეტაპისთვის, საუბარია 82 ვაქცინაციაზე, სრულად გაიხარჯა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ მსგავსი აქტივობები ნამდვილად მუშაობს. მუნიციპალიტეტებმა უნდა შექმნან საკუთარი მოსახლეობისთვის მსგავსი პირობები, რომ მათ ადგილზე ჰქონდეთ შესაძლებლობა. მარნეულში გვაქვს ამბულატორიები, რომლებსაც სჭირდება აღჭურვა და შესაბამისი რესურსის მობილიზება და, თუ ამას გააკეთებენ, ცხადია, ვაქცინაციის პროცესი უფრო გააქტიურდება.

ახლა მახსენდება, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელს ვესაუბრე გუშინ და თქვა, რომ ვაქცინაციის გასააქტიურებლად გეგმავენ გარკვეულ აქტივობებს და, ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამენ. მეც ძალიან მაინტერესებს.

მგონია ხოლმე, რომ უკიდურესობები გვჭირს. სანამ ძალიან არ გამწვავდება ვითარება, მანამდე თითქოს გარკვეულ პრევენციულ ზომებს არ ვიღებთ ხოლმე და, ვფიქრობ, რომ კორონავირუსთან მიმართებაში ვაქცინაცია არის გადამწყვეტი. სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს ამ პროცესში.
კატეგორია - ცხოვრება კოვიდთან ერთად
ხვიჩა ვაშაყმაძე, „ქუთაისიპოსტი“



პრობლემა, რომელსაც ჩვენ შევეხეთ პანდემიის პერიოდში, არის საკმაოდ მრავალფეროვანი. მაგრამ ადამიანებთან ერთად, მნიშვნელოვანია ის, რომ კოვიდის თემა შეეხო ცხოველებს და, კერძოდ, ძაღლებს, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ. აქ რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა. პირველი ის, რომ მაშინ როდესაც პანდემია დაიწყო და დაიხურა აბსოლუტურად ყველაფერი, კვების ობიექტები, რესტორნები, ადამიანები ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ, ბაზრობები დაიხურა, ამ დროს მიუსაფარი ძაღლები დარჩნენ აბსოლუტურად ბედის ანაბარა. ისინი ფაქტობრივად ვერ იკვებებოდნენ და მათი მდგომარეობა გაუარესდა, როგორც კვების კუთხით, ისე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ და ასე შემდეგ. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში საგრძნობლად იმატა ქალაქის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობამ.

როგორც გაირკვა, ეს ყველაფერი ხდებოდა სწორედ კოვიდთან დაკავშირებით და გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით, თითქოს ცხოველებისგან კოვიდი გადადის ადამიანებზე და ავადდებიან ადამიანები. ამ დროს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში გაჩნდა შიში და სწორედ ამიტომ ძალიან ბევრი ძაღლი აღმოჩნდა, სამწუხაროდ, ქუჩებში, ძაღლები, რომლებიც აბსოლუტურად არ იყვნენ ადაპტირებული ქუჩასთან და მათ არ შეეძლოთ თავის გადარჩენა პატრონის გარეშე.

ადამიანებმა ძალიან ადვილად დაიჯერეს ეს ყველაფერი, გავრცელებული ჭორები, და ასევე ადვილად გასწირეს თავიანთი ოჯახის წევრები, თავიანთი ოთხფეხა მეგობრები ქუჩისთვის და სიკვდილისთვის. ხშირად ცხოველები, ძაღლები მიჰყავდათ სადღაც ტყის პირას, ტრასებზე, იქ ტოვებდნენ და ერთ-ერთი ასეთი ადგილი ქუთაისთან ახლოს არის ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელი გზა მდინარე გუბისწყალთან, სადაც არის დაუსახლებელი ტერიტორია, და იქ ძალიან ბევრი ძაღლი ჩამოსვა პატრონმა და მიატოვა.

პრობლემა სერიოზულია და აქ ერთადერთი გამოსავალი რაც არის, კოვიდის გამო ქუჩაში გამოჩენილი ძაღლები ბევრმა შეიფარა, მიიკედლა, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. აქ ახლა მუნიციპალიტეტის როლი იქნება დიდი ამ ძაღლების მოვლა-პატრონობაში.

მუნიციპალიტეტში ხდება როგორ: დაიჭერენ ცხოველს, გადაიყვანენ თავშესაფარში, იქ ხდება სტერილიზაცია, კასტრაცია და შემდეგ ისევ უბრუნებენ იმ ადგილს, საიდანაც იქნა აყვანილი. ის, რომ მუდმივად იქ ჰყავდეთ ეს ცხოველები, ვერ ხერხდება. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ მიიღოს ზომები, რომ მოხდეს ქუჩაში მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია, კასტრაცია და არ მოხდეს მასობრივად მათი გამრავლება, იმიტომ რომ უკვე თვალშისაცემია, პრობლემებს უქმნის გამვლელებსაც ხშირ შემთხვევაში, თუმცა ძაღლების უმრავლესობა არ არის აგრესიული და ცდილობენ ადამიანებთან კონტაქტში შესვლას. მაგრამ ხშირად ადამიანების გარკვეული ნაწილისგან ისინი ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. ძალიან ბევრი ადამიანია ცხოველთა მოძულე. ხშირად მათ სცემენ, ურტყამენ.

ჩემს ჭიშკართან მოვიდა გაუბედურებულ მდგომარეობაში და გახდა ჩემი ოჯახის წევრი ასეთი ქუჩის მიუსაფარი ძაღლი. მიხარია, რომ ბევრია ისეთი ადამიანი ვისაც აჰყავს, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ადამიანებმა დაიჯერეს მითები კოვიდთან დაკავშირებით, თითქოს ცხოველებს გადააქვთ რაღაც შტამი კოვიდის.
კატეგორია - ცხოვრება კოვიდთან ერთად
ლელა დუმბაძე, “ბათუმელები”



საკმაოდ შემაშფოთებელი მაჩვენებელია ამ მხრივ, როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში.

მას შემდეგ, რაც გაუქმდა კომენდანტის საათი და გაუქმდა გარკვეული ტიპის შეზღუდვები, ეს აისახა, ბუნებრივია, ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ქუჩები სავსეა ადამიანებით, მათ შორის ზღვისპირა ზოლი, ბულვარი, დასასვენებელი ადგილები, კაფეები, ბარები. ტურისტების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და, ალბათ, აგვისტოს ბოლოს კიდევ უფრო გაიზრდება ეს მაჩვენებელი. როგორც NCDC და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გვეუბნებიან, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში 4%-ს ასცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ რთული ვითარება გვაქვს ამ მხრივ.

მას შემდეგ, რაც გაუქმდა გარკვეული ტიპის შეზღუდვები და, მაგალითად, ღია სივრცეებში სავალდებულო აღარ არის პირბადის ტარება, ფაქტობრივად 98%-მდეა შემცირებული პირბადის გამოყენება. მართალია, დახურულ სივრცეებში, მოლები იქნება, ჯანდაცვის დაწესებულებები თუ სავაჭრო პუნქტები, იქ ითხოვენ პირბადეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ პირბადის ტარებასაც აქვს ფორმალური სახე, იმიტომ რომ ნიკაპთან აქვთ გაკეთებული ადამიანებს და სასუნთქი გზები მაინც არ არის დაფარული ამ პირბადის საშუალებით.

განწყობა ადამიანებში, რომ კორონავირუსია და 13, 15, 20 ადამიანი იღუპება დღის განმავლობაში, სამწუხაროდ, ამ ვირუსისგან, ეს შეგრძნება ადამიანებში მაინც არ არის.

შესუსტებულია ზოგადად კონტროლის მექანიზმი როგორც ადამიანების მხრიდან, ასევე იმ დაწესებულებების მხრიდან, ვინც არის პასუხისმგებელი მეტნაკლებად ამა თუ იმ ღონისძიების ჩატარებაზე. ასევე რამდენიმე დღის წინ იყო შეხვედრები, ხალხმრავალი შეხვედრები, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდა, საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. დახურული სივრცე იყო და ნიღაბი არავის ეკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა არის სუსტი ამ მიმართულებით.

ძალიან ძლიერი ანტივაქსერული განწყობებია ქვეყანაში და ქალაქშიც. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ძალიან დაბალი პროცენტია ვაქცინირებული და მათ შორის ვაქცინირებული პედაგოგების რაოდენობაც არის ძალიან მცირე. ამიტომ ჩვენ, მედია, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მეტი, დამაჯერებელი, სანდო ინფორმაცია მოვიპოვოთ აი ამ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანებში არსებობს. ხელი შევუწყოთ რაღაცნაირად ამ მითების და შიშების გაფანტვას.

NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მართავს ხოლმე ონლაინ შეხვედრებს ჟურნალისტებთან და არაერთხელ დავუსვით მას კითხვა, რომ, ვთქვათ, რა იქნება შემოდგომაზე, თუკი ასეთი მდგომარეობა გაგრძელდება რეგიონში, თუ არ ამოქმედდება გარკვეული ტიპის შეზღუდვები და მაშინ გამყრელიძემ არაერთხელ ახსენა, რომ ჩვენ ვდგავართ ფაქტობრივად მეოთხე ტალღის წინაშე.

საუბრობდა ის დელტა შტამზე, რომელიც აჭარაშიც გამოჩნდა და რამდენიმე ტურისტს დაუდასტურდა დელტა შტამი, მათ შორის ქობულეთში. შარშან როგორც იცით, იქიდან დაიწყო კოვიდაფეთქება და უკვე გვაქვს შემთხვევები, რომ ქობულეთში უკვე დაიწყო კაფე-ბარებმა დახურვა. ეს ტემპი მიგვანიშნებს იმაზე, რომ, შესაძლებელია, შემოდგომაზე საკმაოდ მძიმე კოვიდ სიტუაცია გვქონდეს როგორც ბათუმში, ასევე რეგიონის მასშტაბით.

გამოწვევები არსებობს და ამაზე საუბრობს სახელმწიფო. საუბრობს იმაზეც, რომ შეზღუდვების მოხსნა იყო ნაადრევი და არ უნდა გადაგვედგა ეს ნაბიჯი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოდგომაზე შესაძლებელია ბევრად მძიმე ვითარება გვქონდეს, ვიდრე, მაგალითად, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გვქონდა.
კატეგორია - ცხოვრება კოვიდთან ერთად
რობი ზარიძე - ტელეკომპანია „მეცხრე არხი“



ვმუშაობ თემაზე, როგორ დააზარალა პანდემიამ აზარტული თამაშების ბიზნესის ნაწილი. ასევე, როგორ დაკარგეს მუნიციპალიტეტებმა შემოსავლები იმ მოსაკრებლიდან, რომელსაც სამორინეებისა და კაზინოების მუშაობიდან იღებდა კვარტალურად.

ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი რაც არის აქ, როგორ დაზარალდნენ და როგორ გახდნენ კვლავ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ის ადამიანები, ვისაც თამაშისთვის თავი დანებებული ჰქონდა, მაგრამ პანდემიის გამო დაწესებული ლოქდაუნის პირობებში, როცა ისინი სახლში დარჩნენ, კვლავ მიუბრუნდნენ ამ ძველ ჩვევას.

ბევრი რესპოდენტი ჩვენთან საუბარში ამბობს იმას, რომ პანდემიის პერიოდში, როცა დაკარგა სამსახური, და ადრეც დამოკიდებული იყო თამაშებზე, მეტად გახდა დამოკიდებული, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ნაკლები ჰქონდათ და ინტერნეტ სივრცეში, როგორც მოგეხსენებათ, თავისუფლად ტრიალებს აზარტული თამაშების რეკლამები. ყველა ისტორია თითქმის ერთმანეთს ჰგავს: სახლიდან გატანილი ტექნიკა, ლომბარდში გაყიდული ბინა, და უამრავი ასეთი ადამიანია, რომელიც ჩვენთან საუბარში თამამად ამბობს იმას, რომ პანდემიამ ისევ მიაბრუნა ამ ძველ ჩვევას.

ჩვენთან, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, პანდემიამდე მუშაობდა ათამდე სივრცე, სადაც სხვადასხვა თამაშის თამაში შეიძლებოდა. ეს ადგილობრივი ბიზნესები მუნიციპალიტეტს უხდიდნენ კვარტალურად გარკვეულ თანხებს, რაც იყო საკრებულოს დადგენილებით გაწერილი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მაგალითად, თითოეულმა სამორინემ, თოთოეულ მაგიდაზე ყოველ კვარტალში უნდა გადაიხადოს 30 ათასი ლარის ოდენობის თანხა. აპარატების თამაშებზე, თითოეულ აპარატზე იხდიან 3 ათას ლარს. ამ პერიოდში მუნიციპალიტეტებმა მნიშვნელოვანი შემოსავლები დაკარგეს ამ კაზინოების დაკეტვით. გარდა ამისა, უფრო დაზარალდნენ ის კაზინოები, რომლებსაც ონლაინ პლატფორმა არ ჰქონდათ და მხოლოდ სივრცეები ჰქოდნათ, სადაც თამაში შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, უფრო გაიზარდა მონოპოლია კაზინოების. ვინც უფრო დიდი იყო, ის გადარჩა. მაგალითად, დღეს, უკვე როდესაც მოხსნილია რეგულაციები, ახალციხეში არც ერთი სივრცე აღარ არის, სადაც შესაძლებელი იქნება აზარტული თამაშების თამაში. ეს ბიზნესები ფაქტობრივად გაქრნენ ახალციხიდან.

ბევრი ადამიანი კმაყოფილიც არის იმით, რომ “კაზინოები” აღარ არის ქალაქში. დამოკიდებულება მცირდება თუ არა აზარტულ თამაშებზე, ეს საკითხავია. ძირითადად ის ადამიანები, ვინც სარგებლობდნენ სამორინეებით, გადავიდნენ მთლიანად ონლაინ პლატფორმებზე სათამაშოდ. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება შეამცირა და ამ კუთხით რამე დადებითი მოიტანა.

მოთამაშეები ისევ რეალურად არიან, ონღონდ პლატფორმებზე და ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე არანაირად აისახება. იმის თქმა ძნელია, რომ “კაზინოების” დაკეტვით მოთამაშეების რაოდენობა შემცირდა ან რაიმე დადებითი სიკეთე მოიტანა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რაზეც პანდემიამდეც დიდი საუბრები იყო, რომ არასრულწლოვნებისთვის ძალიან მარტივია ამ სივრცეებზე შესვლა და თამაში.
კატეგორია - ცხოვრება კოვიდთან ერთად



თათია გოლოშვილი - Qartli.ge

ბოლო პერიოდში, შიდა ქართლში ვაქცინაცია დადებითი ტენდენციით ხასიათდება. განსაკუთრებულ როლს ის ადამიანები თამაშობენ, ვინც უკვე აიცრა და სხვებისთვის სამაგალითო ხდება. ამ ტენდენციას გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც ამჩნევენ. ცენტრის დირექტორი, მარი გიუნაშვილი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, მხოლოდ გორში 4,700-ზე მეტი ადამიანია აცრილი.

საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს ვაქცინაციის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, თუმცა ჩვენი რეგიონის მაგალითზე, უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინაცია ამ ეტაპზე უფრო დადებითი ტენდენციით ხასიათდება, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო.

გორში მხოლოდ ორი სტაციონალური დაწესებულება ღებულობს მონაწილეობას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში. ორივე სამედიცინო დაწესებულებას აქვს იმის საშუალება, რომ ოთხივე სახის ვაქცინის მიღება შეძლოს ჩვენმა მოსახლეობამ.

ერთი გახლავთ სამხედრო ჰოსპიტალი, რომელშიც ორი კაბინეტი მუშაობს, და მეორე კლინიკა ,,გორმედი”, სადაც ასევე ორი კაბინეტი მუშაობს და იგეგმება კიდევ ერთი კაბინეტის ამუშავება.

“გორმედში” მაგალითად, თავდაპირველად ერთი კაბინეტი მუშაობდა. შემდეგ დამატებით საჭიროება გაჩნდა და მეორე კაბინეტი დაამატეს და ახლა არის უკვე მზაობა იმის, რომ სამმა კაბინეტმა ერთდროულად იმუშაოს.

მესამე კაბინეტის დამატება გახდა საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობას დიდხანს არ მოუწიოს რიგში ყოფნა და აცრის ჩასატარებლად სხვა ქალაქებში წასვლა.

რეგულაციების დაცვამ ზამთრის პერიოდში გრიპის შემთხვევები და ვირუსული ინფექციები საგრძნობლად შეამცირა. ერთი მიზეზი იყო ის, რომ ხალხი იყო ჩაკეტილი, მეორე კი პირბადის გამოყენება, რომელიც რესპირატორული ინფექციებისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. ახლა ზაფხულის სეზონია და დიარეული დაავადებები და კვებითი ინტოქსიკაციები მატულობს. ასევე მატულობს ცოფის შემთხვევებიც ზაფხულში, მაგრამ ესეც შემცირებულია. ალბათ ამის მიზეზი ის არის, რომ პირად ჰიგიენას მიაქცია ხალხმა ყურადღება.

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის თქმით, რესპირატორული დაავადებები წელს, წინა წლებთან შედარებით, ძალიან არის შემცირებული. ალბათ ამის მიზეზი ისევ და ისევ პირადი ჰიგიენის მოწესრიგებაა. თუმცა უჭირს იმის თქმა, თუ რა იქნება შემდეგ ცხელ პერიოდში, რა იქნება ამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.
კატეგორია - ცხოვრება კოვიდთან ერთად
მე ვარ “ქუთაისიპოსტის” ჟურნალისტი, მარიამ პატარაია.

ეგრეთ წოდებული „კომენდანტის საათი“, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ თავდაპირველად შემოგვაპარა, შემოგვასაღა, როგორც კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდი, მაგრამ სინამდვილეში, ეს ასე არ აღმოჩნდა. ამას ცოტა გვიან, მაგრამ მაინც მივხვდით. გვახსოვს ყველას, როდესაც ახალი დაწყებული იყო ეს პერიოდი, მაშინ ყველა შევთანხმდით იმაზე, რომ საჭირო იყო იზოლირება, დისტანცია, და ამაზე თითქოს არსებობდა შეთანხმება, და ყველა ვითმენდით და ვიყავით სახლში. მაგრამ შემდეგ უკვე, კონკრეტული მაგალითებით, ხელისუფლებამ აჩვენა, რომ სინამდვილეში ეს მისთვის იყო ბერკეტი სხვადასხვა მიმართულებით და წარმატებით იყენებდა. მაგალითად, თუნდაც პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებისთვის. გვახსოვს ჩვენ არაერთი საპროტესტო აქცია ამ პერიოდში, რომელიც ვერ გადადიოდა განგრძობით დროში, იმიტომ რომ ადამიანებს ეშინოდათ საღამოს საათებში გარეთ გამოსვლა. პრობლემა სინამდვილეში იყო უმოტივობა. რატომ არ უქმდებოდა „კომენდანტის საათი“ მიუხედავად იმისა, რომ ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლები კლების ნაცვლად იზრდებოდა. ეს ცხადჰყოფდა იმას, რომ ადამიანების სახლში გამოკეტვა არ იყო ეფექტური ვირუსთან საბრძოლველად და, სინამდვილეში, სხვა მიმართულებით იყო საჭირო ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, ვგულისხმობ, ჯანდაცვის სისტემას მენეჯმენტს.

გვახსოვს მაშინ ყველას გადატვირთული კლინიკები, ადამიანები იმიტომ იღუპებოდნენ, რომ ადგილები არ იყო კლინიკებში. ფაქტობრივად, ჩვენ დავინახეთ, კოლაფსის წინაშე როგორ აღმოვჩნდით. გასული წლის შემოდგომა ყველაზე მძიმე იყო ამ თვალსაზრისით. ასეთ დროს გეუბნება სახელმწიფო, რომ 9 საათიდან დილის 6 საათამდე სახლში ყოფნა შეაჩერებს თითქოს ვირუსს. ბუნებრივია, ამან ადამიანებში გამოიწვია სამართლიანი პროტესტი, რადგან ვერ ახსნეს რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეზღუდვები. გარდა ამისა, „კომენდანტის საათს“ ჩემი აზრით, უსამართლოდ იყენებდა ხელისუფლება სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მიმართ. მაგალითად, გვახსოვს ჩვენ 31 დეკემბერს და 6 იანვარს მოიხსნა „კომენდანტის საათი“ და ჩვენ ვიზეიმეთ ეს დღესასწაულები, მაგრამ მაგალითად კათოლიკე მრევლს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ თავიანთი დღესასწაული სრულფასოვნად აღენიშნათ. მახსოვს, რომ 4 აპრილის ნაცვლად, 3 აპრილს აღნიშნეს ადამიანებმა, იმიტომ რომ უფლება არ მისცეს, რომ იმ ღამეს გამოსულიყვნენ და ისევე ჩაეტარებინათ რიტუალი, როგორც ჩავატარეთ, მაგალითად, ჩვენ.

გარდა ამ პოლიტიკური ბერკეტის, რომელსაც იყენებდა წარმატებით, აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტის შევსების წყაროც იყო: ჯარიმები, რომელსაც უწერდნენ სამართალდამცველები ადამიანებს, რომლებიც გადიოდნენ ღამის საათებში ქუჩაში. ჩვენ ამ თემაზე მუშაობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთოდ არ მოგვაწოდა სტატისტიკა, რამდენი ადამიანი იყო დაჯარიმებული და თანხაში რამდენი იყო ეს. მაგრამ რადგან პერიოდულად აქვეყნებდა ინფორმაციას დაჯარიმებულების შესახებ, ჩვენ მაინც შევძელით, რომ ზოგადი სურათი აღგვედგინა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იყო 2,897 ადამიანი დაჯარიმებული და გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა შეადგენდა 5,794,000 ლარს. ეს ცხადჰყოფს იმას, თუ რამდენად დიდ თანხაზე იყო საუბარი.

მოვისმინეთ ჩვენ პრემიერ-მინისტრის განცხადება ცოტა ხნის წინ და საერთოდ ამნისტია გამოცხადდა „კომენდანტის საათის“ დროს დაჯარიმებულ ადამიანებზე. ამან კიდევ უფრო დიდი უსამართლობის განცდა და პროტესტი გამოიწვია იმ ადამიანებში, რომლებმაც გადაიხადეს ეს თანხა. ისინი მიიჩნევენ, რომ რატომ არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებული ის ადამიანები, რომლებმაც არ გადაიხადეს და რატომ დავისაჯეთ ჩვენ, რომლებმაც ეს თანხმები გადავიხადეთ.

რომ მოიხსნა „კომენდანტის საათი“, გამოჩნდა როგორი ბედნიერები არიან ამით ადამიანები. ქუთაისი საკმაოდ ადრე იძინებს და არ არის აქტიური ქალაქი. უბნებში, საღამოს საათებში თუ გახვალთ, შეხედავთ როგორი ბედნიერები არიან ადამიანები იმ ურთიერთობებით, რომელიც მანამდე აკლდათ.

მოკლედ, საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ „კომენდანტის საათმა“, რომლის პირობებშიც თვეების განმავლობაში გვამყოფა ჩვენ ხელისუფლებამ, წაგვართვა თავისუფლების ასობით დღე, ათასობით საათი და ბიუჯეტი შეივსო მილიონობით ლარით. თუმცა კორონავირუსი მაინც ვერ დაამარცხა.

კატეგორია - ცხოვრება კოვიდთან ერთად
„ნინოწმინდაში პანდემიამ საქმიანობის ბევრ სფეროზე იქონია გავლენა და ყველა ეს სფერო კავშირშია ერთმანეთთან.“ ანაიტ ზალალიანი - რადიო ნორი



რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ჩვენს მუნიციპალიტეტზე, მაგალითად, უმუშევრობაზე, რადგან პანდემიის დროს ბევრი დაწესებულება დაიკეტა. მე გიამბობთ, თუ როგორ დაზარალდნენ ამის გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები.

პანდემიამ საქმიანობის ბევრ სფეროზე იქონია გავლენა და ეს სფეროები ყველა კავშირშია ერთმანეთთან. მაგალითად, იმის გამო, რომ დაიკეტა რესტორნები და საბანკეტო დარბაზები, უმუშევრად დარჩნენ მზარეულები, უმუშევრად დარჩნენ ოფიციანტები, მუსიკოსები, ადამიანები რომლებიც ღონისძიებებს კამერით იღებენ, ფოტოგრაფები, “თამადა”, ანუ ადამიანები, რომლებიც უძღვებიან ქორწილებს და სხვადასხვა ღონისძიებებს. დიდად დაზარალდნენ მკერავებიც. ხალხი აღარ დადის მათთან კაბების შესაკერად, რადგან აღარ ესწრებიან ღონისძიებებს, ქორწილებსა და დაბადების დღეებს. ასევე დაზარალდნენ სილამაზის სალონები, მიუხედავად იმისა, რომ სულ ორი თვით იყვნენ დაკეტილები. როდესაც აღადგინეს მუშაობა, მაინც ცოტა შემოსავალიჰქონდათ. განსაკუთრებით ისინი დაზარალდნენ, ვინც ფართს ქირაობენ, შემოსავალი ძლივს ჰყოფნით ქირის გადასახდელად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქალაქი არ არის დიდი, მაინც შესაძლებელია რაიმე საქმით დაკავდეს ხალხი. ასევე აქ მცხოვრებლები, როგორც წესი, ზამთრის მარაგს იმზადებენ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ გადარჩენენ. სოფლებში ბევრმა დიდი კრედიტიც აიღო. იმის გამო, რომ გზები ჩაიკეტა, ხალხი ვერ წავიდა სამუშაოდ საზღვარგარეთ. არადა, ჩვენი მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა 70% სწორედ საზღვარგარეთ სამუშაოდ დადის. ხალხმა კარტოფილიც ვერ გაყიდა. გაყიდეს მცირე ნაწილი. ფასი დაბალი იყო, 40 თეთრი. ხალხს ეგონა, რომ დრო გავიდოდა და მეტი ფასი დაედებოდა, მაგრამ ვინც ჩამოდიოდა საყიდლად, მხოლოდ 20 თეთრს სთავაზობდა. ბევრმა ფერმერმა გადაყარა კიდეც კარტოფილი. ან მოხარშული სახით ძროხებს აჭამა.

ბევრმა ფერმერმა გვითხრა, რომ სახელმწიფოსგან 300 ლარიანი დახმარება მიიღო. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც ვერ მიიღეს ეს 300 ლარი, რადგან არ იყვნენ ოფიციალურად დარეგისტრირებულები ანუ არ იხდიდნენ გადასახადებს. ამიტომ ეს თანხა ვერ მიიღეს.

ჩვენ ვამზადებთ სტატიებს, ვიღებთ ინტერვიუებს თემაზე, თუ რა ვაქცინები არსებობს, ვინ რომელი ვაქცინა შეიძლება რომ გაიკეთოს. მოსახლეობა დასაწყისში იყო ძალიან წინააღმდეგი, არავის უნდოდა აცრა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ სიუჟეტების მომზადება ამ თემაზე, თუ რატომ არის საჭირო ვაქცინაცია, რატომ არის კარგი, რა უკუჩვენება აქვს, ვისთვის არ შეიძლება აცრა, ამის შედეგად, ხალხი უფრო მეტად ინფორმირებულია, და ახლა შემიძლა ვთქვა, რომ ბევრს გაუჩნდა სურვილი და 30-ზე მეტი ადამიანი უკვე აიცრა. დანარჩენები, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფო უწყებებსა და სკოლებში, ამბობენ, რომ მომავალში მაინც მოგვიწევს და ამიტომ სჯობს ახლავე ავიცრათ.
კატეგორია - ცხოვრება კოვიდთან ერთად




გიორგი ბოლქვაძე „მთის ამბები“

პანდემიის პირველი ფაზის დროს, ფეისბუქის სქროლვისას შევამჩნიე, რომ ჩემი ნათესავები თუნდაც, მეგობრები და მათი ოჯახები, ფოტოებს დებდნენ სოფლებიდან, სადაც დიდი ხანია არ ყოფილან.

ამის შემდეგ გამიჩნდა ინტერესი, რომ მენახა რა ხდებოდა სოფლებში და წავედი ჩემს მშობლიურ სოფელში, სადაც მაქვს ბავშვობა გატარებული. იქ რომ ავედი, დამაინტერესა ამ საკითხმა და დავიწყე ფილმის მომზადება. მეზობლებს ვესაუბრე, ბებიებს, ბაბუებს და ყველაზე მეტად ბებიები ისე იყვნენ გახარებული, რომ მეორედ დავიბადეთო ასე მეუბნებოდნენ, რადგან დიდი ხნის უნახავი შვილები და შვილიშვილები მათთან ერთად იყვნენ.

ბოლო პერიოდი, პანდემიამდე, შეინიშნებოდა, რომ აღარ იყვნენ ახალგაზრდები სოფელში და, რომ ავედი, ბავშვობის პერიოდი გამახსენდა, ჟრიამული რომ იყო. ძალიან უჩვეულო სანახაობა იყო და, ამავე დროს, სასიამოვნო. ამ პანდემიამ, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაღაც კუთხით, აი, ასეთი დადებითი გავლენა იქონია მაღალმთიან აჭარაში. ისიც ვიცი, რომ ძალიან ბევრი ისეთი სახლი გაიღო, სადაც წლობით, 5-10 წელი არავინ ასულა და იქ კვამლი აადინეს. ესეც მნიშვნელოვანია.

ადამიანებმა დაიწყეს სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა და სოფელი უფრო დააფასეს. ვიცით, რომ ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა. სამსახურები დაკარგეს და დაიწყეს იმაზე ფიქრი, რა ალტერნატიული გზა შეიძლება იპოვოსნ იმისთვის, რომ რაღაც შემოსავალი მიიღოსნ სამომავლოდ, თუ დიდხანს გაგრძელდა ეს პანდემია, რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ეს ადამიანები მიხვდნენ იმას, რომ, რა თქმა უნდა, სოფელი და სოფლის მეურნეობა იქნებოდა გამოსავალი.

რაც შეეხება უარყოფით გავლენას მთიან რეგიონებზე. ისეთი რეგიონები როგორიც არის სვანეთი, სადაც “მთის ამბები” მუშაობს, იგივე თუშეთი და სტეფანწმინდა ვიცით, რომ აქ ტურიზმი არის ერთ-ერთი მოწინავე დარგი და შემოსავალი, პირველწყარო, შეიძლება ითქვას, ადგილობრივებისთვის. ძალიან შესამჩნევია, თვალშისაცემია ის, რომ ტურიზმი ფაქტობრივად მოკვდა ორი წლის განმავლობაში ამ მთიან რეგიონებში. ვინც ნამყოფია სვანეთში, სტეფანწმინდაში და თუშეთში, რომ ახვიდეთ, ძალიან კარგად შეიმჩნევა ეს.

სამწუხარო რეალობა დადგა ამ კუთხით. მე რა ინფორმაციაც მაქვს, მუშაობის განმავლობაში რაც მოვისმინე, შემოსავალი განახევრდა კი არა, ხშირ შემთხვევაში განულდა კიდეც.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დაიხევს ეს ვირუსი უკან. რა თქმა უნდა, ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი. უნდა გააქტიურდეს სახელმწიფოს მხრიდან კამპანია აცრის პოპულარიზაციისთვის, იმიტომ რომ თუ გვინდა მთიან რეგიონებს და ყველას, რომ დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ ცხოვრებას, რა თქმა უნდა, ერთადერთი გამოსავალი არის აცრა. მოვუწოდებ ყველას, რომ ავიცრათ, დავიცვათ თავი და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები.
კატეგორია - ცხოვრება კოვიდთან ერთად


სამცხე-ჯავახეთში განსაკუთრებით გართულდა ინფორმაციის მიღება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებისგან. ჩვენ ხშირად არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს რეგიონში, რამდენი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე და, რაც მთავარია, რა კეთდება იმისთვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების მსურველთა რაოდენობამ მოიმატოს.

ხშირად, როდესაც მივდივართ რესპოდენტებთან და ვესაუბრებით ვაქცინის დადებით მხარეებზე, გვეუბნებიან, რომ იცით რა, ჩვენი ექიმებიც არ არიან აცრილები და ჩვენ რატომ უნდა ავიცრათ. თუ კარგია, ისინი რატომ არ იცრებიან. ამის ძალიან დიდი შიში აქვთ და, ვფიქრობ, რომ მაგალითი იქნება თითოეული ექიმი, ვინც გაიკეთებს ვაქცინას. ძალიან ბევრჯერ ვცადეთ, რომ შეგვეთავაზებინა გადაცემის ფორმატი, თუ სტატიის ფორმატი, რომ მოვიდნენ, ისაუბრონ და დაარწმუნონ ეს ადამიანები, რომ ვაქცინა არის სასარგებლო და ვაქცინა არის აუცილებელი.

14-15 მაისს, სამცხე-ჯავახეთში იყვნენ ჩამოსულები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები UNICEF-ის მხარდაჭერით და ამ დღეს ახალქალაქში, სადაც ძალიან დაბალი არის აცრილთა რაოდენობა, 25 ექიმი აიცრა. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ ამ ადამიანებთან, მით უფრო მეტი გამოთქვამს სურვილს, რომ აიცრას. ამიტომ მეტი უნდა ვწეროთ, თუმცა სამწუხაროდ ამაში გვიშლის ხელს ის, რომ არ თანამშრომლობენ ჩვენთან, არ უნდათ კომენტარის გაკეთება.

ბუნებრივია, პანდემიამ ჩვენს მუშაობაზეც ძალიან ცუდად იმოქმედა. იმ დროს, როდესაც არ გვქონდა გასვლის უფლება და თითქმის ყველა ორგანიზაცია თუ დაწესებულება დაკეტილი იყო, ბუნებრივია, ჩვენც მხოლოდ სატელეფონო ინტერვიუების ჩაწერა გვიხდებოდა. ამ შემთხვევაშიც, ძალიან მარტივად იძვრენენ რესპოდენტები თავს და გვითიშავდნენ ტელეფონს. ამიტომ ინფორმაციის მოძიება ამ კუთხით იყო ძალიან რთული.

ადგილზე გასვლის შემთხვევაში ცუდი ის იყო, რომ ადამიანები, რიგით მოსახლეობას ვგულისხმობ, ხშირად არც კი გვიღებდნენ კარს. იცით რა არის, ჩვენ გვეშინია კორონავირუსის. ამ კუთხითაც იყო გართულებული ვითარება, რომ კომუნიკაციას ვერ ვამყარებდით ამ ადამიანებთან.

ჩვენ ზუსტი ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ გვაქვს ამ ეტაპზე რამდენი ადამიანია აცრილი ჩვენს რეგიონში. ნინოწმინდასა და ახალქალაქში ფაქტობრივად არავინ იყო აცრილი და ამ კუთხით განსაკუთრებით რთული ვითარება არის.

ჩვენ გვინდოდა, რომ ჩაგვეწერა ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ნინოწმინდასა და ახალქალაქში. თუმცა უარი თქვეს. თვითონ ექიმებსაც არ ჰქონდათ სურვილი, რომ შევსულიყავით სამედიცინო დაწესებულებაში და გვესაუბრა და ეთქვათ, რა იყო პრობლემა, რატომ ჰქონდა მოსახლეობას ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ვაქცინის მიმართ, თუმცა სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ მათგან ეს ინფორმაცია და უარი თქვეს ჩვენთან ჩაწერაზე.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტებსთან ჰქონდეთ კონტაქტი, მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ და მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდეს ჩვენს ვებგვერდზე, ჩვენს რადიოში გავიდეს, რომ მოსახლეობა დარწმუნდეს, ვაქცინის გაკეთება კარგია და აუცილებელია იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს.
კატეგორია - ცხოვრება კოვიდთან ერთად
გურიაში, სოფელ ანასეულში არის ხანდაზმულთა სახლი, რომელსაც ძალიან გაუჭირდა ჩაკეტილ სივრცეში, კოვიდრეგულაციებთან ერთად ცხოვრება, მიუხედავად ამისა, მათთან არ დაფიქსირებულა კოვიდშემთხვევა.



როგორც ხელმძღვანელი ამბობს, დროულად მოხერხდა ხანდაზმულების ჩაკეტვა სივრცეში, რაც შემდეგ უფრო აისახა მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, იმიტომ რომ ეს არ არის ჩაკეტილი სივრცე. ხანდაზმულებს შეუძლიათ გასვლა, ახლობლების მონახულება, სასეირნოდ, საყიდლებზე გასვლა. კოვიდის შემდეგ, მოუწიათ მხოლოდ ეზოს პერიმეტრზე მოძრაობა და ეს მათთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა.

ჩაკეტილ სივრცეში ხელსაქმით დაკავდნენ, ტურნირებს ატარებდნენ და ამით ერთობოდნენ. მაგრამ ძალიან დაითრგუნენ. ფსიქოლოგიურად გაუჭირდათ, იმიტომ რომ გარეთ გასვლის საშუალება აღარ ჰქონდათ. 14 დღე ძირითადად ოთახში იყვნენ ჩაკეტილები. ეს მათთვის ძალიან მძიმე იყო. ვაქცინაციის პერიოდში დაპირება ჰქონდათ სამი თვის წინ, რომ ამ ყველაფერს ორგანიზებას გაუწევდა ჯანდაცვის სამინისტრო, მაგრამ დღესაც თვითონ უწევთ ვაქცინაციაზე სიარული და ამ პროცედურების ჩატარება. ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარები არ არიან წინააღმდეგი ვაქცინაციის.

ძირითადად ყველა, მათი უმრავლესობა, თანახმაა ჩაიტაროს პროცედურა, უბრალოდ ძალიან გაჭიანურდა. ჩვენ ვესაუბრეთ ხანდაზმულებს. ცოლქმარი ცხოვრობს პანსიონატში. როცა იხსენებენ კოვიდ პერიოდს, როცა კოვიდი ჰქონდათ, მათ კოვიდი გადაიტანეს, სულ ერთმანეთს ვახსენებდით, რომ გვესუნთქა და სუნთქვა არ შეგვეწყვიტაო. ძალიან ემოციური ფაქტი იყო ეს და ერთმანეთი გაიტანეს ამ პერიოდში. ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან მათი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისი არ არსებობს. ერთადერთი, რასაც სახელმწიფო უზრუნველჰყოფს, ეს არის PCR ტესტირება ორ კვირაში ერთხელ.

ისიც ლაბორატორიის წარმომადგენელი თვითონ პანსიონატის ხელმძღვანელს მოჰყავს ადგილზე და უტარდებათ ხანდაზმულებს PCR ტესტირება. გამოკვეთილია ის პრობლემა, რომ მათ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება. ის მედიკამენტები, რაც ყოველდღიურობაში სჭირდებათ, ფინანსდება დღეში 22 ლარით, რაც სრულიად შეუძლებელია ადამიანს, მითუმეტეს ხანდაზმულს, ეყოს. ვფიქრობ, მათ სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მეტი ყურადღება სახელმწიფოსგან და ყოფით ცხოვრებაში კიდევ უამრავი პრობლემა აქვთ, რაც ასე მარტივად არ ჩამოითვლება და, პირველ რიგში, ალბათ, მაინც სამედიცინო დახმარება.
კატეგორია - ცხოვრება კოვიდთან ერთად


ვარდუი კურგინიანი, ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის - JNEWS

ახალციხეში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, მოსახლეობამ ჩვენს რეგიონში, ასე ვთქვათ, ნდობა დაკარგა ვაქცინებისა და საერთოდ ვაქცინაციის მიმართ. ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს, რომ აიცრას. ასეთ ვითარებაში ჩვენ, ჟურნალისტები, ვცდილობთ ადამიანები დავარწმუნოთ, რომ ერთადერთი გზა პანდემიის დასამარცხებლად აცრაა. რა თქმა უნდა, ამ საკითხის მოსაგვარებლად, რეგიონულ მედიას დიდი როლი აქვს. სანდო და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ფაქტობრივად, ჩვენს ხელშია.

JNEW-მა ჩაწერა თოქშოუ: “ცხოვრება შეზღუდვების გარეშე”. თემა იყო ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ. ჩვენი მკითხველებისა და მაყურებლის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერმა ალექსანდრე თოროიანმა და იმუნიზაციის ეროვნული ტექნიკური ექსპერტების საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.

ჩვენს მაყურებელს მივეცით პირდაპირ ეთერში კითხვების დასმის საშუალება და შევეცადეთ ადამიანები ვაქცინაციის აუცილებლობაში დაგვერწმუნებინა. ხალხს ძირითადად აინტერესებდა ვაქცინის უსაფრთხოება, როგორ მოქმედებს ვაქცინა ავადმყოფ ადამიანებზე, ვისაც აქვს ალერგიული რეაქციები. იყო საუბარი სხვადასხვა ვაქცინაზე, თუ რომელი ვაქცინაა უფრო უსაფრთხო და ეფექტური. ჩვენს რეგიონში იყო ექთნის შემთხვევა და ამიტომაც ბევრი არის დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია არ არის უსაფრთხო.

ძირითადად ეს დეზინფორმაცია ინტერნეტიდან ვრცელდება. თითოეული ადამიანი ახლა ჟურნალისტია და თავის აზრს წერს ინტერნეტში. ამის საფუძველზე ვრცელდება დეზინფორმაცია.