გამომცემლობების მხარდაჭერა „სინათლე მედიას“ თბილისის წიგნის დღეებზე
12.11.2025

10-მდე გამომცემლობა თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში უერთდება კამპანიას - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“. თბილისის წიგნის დღეები „ექსპო ჯორჯიაში“, 14-16 ნოემბერს გაიმართება. 

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - 22 დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემის ერთობლივი კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. პლატფორმაზე - sinatle.media ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით მათი მხარდაჭერა ერთად არის შესაძლებელი.

გამომცემლები, რომლებიც კამპანიას - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ უერთდებიან:

„მატარებელის“ ინიციატივით, თბილისის წიგნის დღეებზე გაყიდული ყოველი წიგნიდან თუ სხვა ნაწარმიდან, ერთი ლარი „სინათლე მედიის“ მხარდასაჭერად გადაირიცხება:

„ჩვენი ეს მხარდაჭერა შესაძლოა ზღვაში წვეთი იყოს, მაგრამ ბნელ მიწაში სიცოცხლეს წვეთები აღვივებენ!“

„ზიარი“ კი წერს, რომ დამოუკიდებელი მედია ყველა მოქალაქის თავისუფლების ქვაკუთხედია: 

„14-16 ნოემბერს წიგნის დღეებზე ადამ ზამოისკის წიგნის „ვარშავა 1920 - რუსეთის მარცხი ევროპაში“ გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაერიცხება დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ფონდს“.

„მათი ძლიერი შუქი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - თბილისის წიგნის დღეებზე ქართული პროზის გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხის ნაწილს დამოუკიდებელ მედიებს გადაურიცხავს „სულაკაურის გამომცემლობა“

„სინათლე მედიისთვის“ სერია Magnum Opus-ის ყველა გაყიდული ეგზემპლარიდან შემოსულ 30%-ს გადარიცხავს „ინტელექტიც“.

ქართულ დამოუკიდებელ მედიებს მხარს უჭერს „პალიტრა L“: „სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, თბილისის წიგნის დღეებზე, 14, 15 და 16 ნოემბერს სერია „ლიტერე ინვენტეს” გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხის ნაწილს გადავურიცხავთ დამოუკიდებელ მედიებს“. 

ქართველი ავტორების გაყიდული წიგნებიდან მიღებული თანხის ნაწილს მედიების მხარდასაჭერად გადარიცხავს „მედუზა“.  

დამოუკიდებელი მედიების მხარდასაჭერად ნაირა გელაშვილის საბავშვო წიგნების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნახევარს გადარიცხავს „ალონიც“.

„წიგნები ვაკეში“ კი წერს, „წიგნის დღეებზე თითოეული გაყიდული წიგნის თანხიდან, ლარი გადაირიცხება დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ფონდში. „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ ერთად ყველაფერს შევძლებთ!“

განახლება: კამპანიას - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ კიდევ 5 გამომცემლობა შეუერთდა.

ქართულ დამოუკიდებელ მედიებს მხარს უჭერს „დიოგენე“ და სერია „დიოგენე NONFICTION” გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხის ნაწილს მათ გადაურიცხავს.

თბილისის წიგნის დღეებზე შემოსული თანხის ნაწილს დამოუკიდებელ მედიებს გადაურიცხავს „მოუბარიც“

„სიესტა“ კი წერს, რომ „თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს დემოკრატია!“ და აცხადებს აქციას: „გადაიხადე, რამდენიც გინდა ვაცლავ ჰაველის წიგნში „ძალა უძალოთა“ (მინიმალური ფასი - 5 ლარი). 5 ლარამდე გადახდილი თანხის 10% გადაირიცხება თავისუფალი ონლაინმედიის დასახმარებელ ფონდში, ხოლო 5 ლარზე მეტის გადახდის შემთხვევაში, მთელი ნამატი თანხა იმავე ფონდის შევსებას მოხმარდება“.

„აზროვნების აკადემიის გამომცემლობას“ სჯერა, რომ „თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნის წინაპირობაა“ და თბილისის წიგნის დღეებზე გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხის ნაწილს დამოუკიდებელ მედიებს გადაურიცხავს.

„აგორა“ კი წერს, რომ დამოუკიდებელი მედიების დასახმარებელ ფონდში კოლექცია „კვალის“ დეტექტივების გაყიდვით მიღებული შემოსავლის 50%-ს გადარიცხავს.

კამპანიას - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ შეუერთდნენ ავტორებიც: ლელა ცუცქირიძე და ვასილ გულეური.

 

 




კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ