კონკურსი ჟურნალისტებისთვის მესაქონლეობის მიმართულებასთან დაკავშირებულ თემაზე
21.12.2018
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობა, ცხოველთა იდენტიფიცირებისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის პროექტის (NAITS) ფარგლებში და საქართველოს მერძევეობის ასოციაცია აცხადებენ კონკურსს პროფესიონალი ჟურნალისტებისა და მედიის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მეცხოველეობის დარგის გაშუქებას მედიაში და გაზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სოფლის მეურნეობის სექტორის მესაქონლეობის მიმართულებასთან დაკავშირებულ თემაზე მომზადებული საუკეთესო ჟურნალისტური მასალა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოქმედ ჟურნალისტებსა და სტუდენტებს, რომელებიც 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 2019 წლის პირველი მარტის ჩათვლით ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში გამოაქვეყნებენ ქვემოთ აღწერილ თემებზე მომზადებული სატელევიზიო სიუჟეტს, რადიო რეპორტაჟს ან ბეჭდურ მასალას.

ბეჭდური მასალის შემთხვევაში სტატიის მინიმალური მოცულობა უნდა იყოს 500 სიტყვა. ვიდეო და აუდიო მასალების შემთხვევაში კი მასალის ხანგრძლივობა უნდა იყოს 2-3 წუთი.

თითოეული ტიპის ნაშრომის (აუდიო, ვიდეო, ბეჭდური) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მასალას, რომელსაც თანდართული ექნება გრაფიკული მასალა, ფოტოები, ინფოგრაფიკა და ნებისმიერი ტიპის მულტიმედია.

საკონკურსო თემები:
  • მესაქონლეობის ბიზნესი და თანამედროვე ფერმები, ცხოველთა მაღალპროდუქტიული ჯიშები, ახალი ტექნოლოგიები, საკვების წარმოება, ფერმერთა განათლება, რძის პროდუქტების ხარისხი და უვნებლობა, რძის პროდუქტებზე მოთხოვნა და მიწოდება.
  • ცხოველთა (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემა - სირთულეები, გამოწვევები.
  • ცხოველთა (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი) ჯანმრთელობა - ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებები, დაავადებების პრევენცია, ფერმერთა განათლება, სირთულეები და შედეგები.
  • სურსათის უვნებლობა (ხორცისა და რძის პროდუქტები), მიკვლევადობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, სასურსათო კონტროლი „ფერმიდან - სუფრამდე“.
ჟიური გამოავლენს ორ გამარჯვებულს პროფესიონალ ჟურნალისტებში და ორ გამარჯვებულს - სტუდენტებში.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით რძის სექტორის კონგრესზე 2019 წლის მარტს (პირველი პრიზი - ლეპტოპი, მეორე პრიზი - პლანშეტი).

გთხოვთ მასალები მოგვაწოდოთ ბმულის სახით ან PDF ფორმატში (დაბეჭდილი სტატიის შემთხვევაში) არაუგვიანეს პირველი მარტისა შემდეგ მისამართზე: office@georgiandairy.org. წერილის subject-ში მითითებული უნდა იყოს - „კონკურსი ჟურნალისტებისთვის“ და მონაწილეობის კატეგორია - ჟურნალისტი ან სტუდენტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ნინო თოფურიძე - FAO-NAITS კომუნიკაციის ოფიცერი; nino.topuridze@fao.org 599 468 999

სოფიო ალთუნაშვილი - FAO-ს კომუნიკაციის ოფიცერი; sophio.altunashvili@fao.org 577109950

ზურა მოდებაძე, მერძევეობის ასოციაციის კომუნიკაციის სპეციალისტი, zuramodebadze@gmail.com, 593 001 115

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ძალადობის სავარაუდო  მსხვერპლი ქალის პირადი მონაცემებისა და არასრულწლოვნების ირიბი იდენტიფიცირება “კურიერში”
15 მარტს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი სიუჟეტი ოჯახურ კონფლიქტს ეხებოდა. კერძოდ, 23 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ურთიერთბრალდებებს უყენებს. 5 შვილის დედა ქმარს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ძალადობაში დადანაშაულებული ქმარი ბრალდებებს უარყოფს და მის მეუღლეს შვილებზე და დედამთილზე ძალადობაში სდებს ბრალს.

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ქალი სიუჟეტში დაფარულია [დიდი ალბათობით, არასრულწლოვანი შვილების იდენტიფიცირების თავიდან ასაცილებლად], ერთ-ერთი დოკუმენტით მისი პირდაპირი იდენტიფიცირება ხდება. მასში სრულად იკითხება ქალის საახელი და გვარი, ასევე პირადი ნომერი. ეს კი, თავის მხრივ, მისი არასრულწლოვანი შვილების [სიუჟეტიდან ირკვევა, რომ 5 შვილიდან 3 არასრულწლოვანია] ირიბ იდენტიფიცირებასაც ახდენს.

ამასთან, დედის მხრიდან შვილზე სავარაუდო ძალადობის ნიშნების საილუსტრაციოდ, სიუჟეტში ერთ-ერთი არასრულწლოვნის ფოტოც არის ნაჩვენები, საიდანაც მიუხედავად იმისა, რომ ის დაფარულია, ახლობლებისთვის მისი ამოცნობა მაინც არის შესაძლებელი. ამასთან, ნაჩვენებია იმ სახლის შიდა კადრებიც, სადაც ამჟამად არასრულწლოვნები ცხოვრობენ. შესაბამისად, ნაცნობები სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირებას სიუჟტიდან მარტივად შეძლებენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის “ბავშვთა საკითხების გაშუქების” სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში, არასრულწლოვნის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი იდენტიფიცირება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა “ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის”.

“უფრო მეტად ნუღარ მოახდენთ ბავშვის სტიგმატიზებას. თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა - დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან საზოგადოების მიერ გარიყვა”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
დაინტერესებული პირი წარმატებული ბიზნესმენის სტატუსით საპენსიო რეფორმის გასამართლებლად „იმედის“ გადაცემაში
12 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პირისპირ“ საპენსიო რეფორმას ეხებოდა. მიწვეულ სტუმრებს შორის წარმატებული ბიზნესმენის სტატუსით კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი დავით(დევი) გულაშვილი იყო, რომელიც საპენსიო რეფორმის სიკეთეებზე საუბრობდა. გულაშვილი მუშაობს კომპანიებში, რომლებიც საპენსიო სააგენტოს დირექტორის სახელთანაა დაკავშირებული, თუმცა, სტუმრის წარდგენისას გადაცემის წამყვანს აუდიტორიისთვის ამ კავშირების შესახებ არაფერი უთქვამს.

უფრო კონკრეტულად, კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი“, რომლის აღმასრულებელი დირექტორი დავით გულაშვილია, საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანიაა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ ერთ-ერთი მფლობელი რევაზ სურგულაძე იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგაც მისი კუთვნილი წილი მის შვილებს - ლევან სურგულაძესა და გიორგი სურგულაძეს გადაეცათ. თუმცა, ამ ცვლილების რეგისტრაცია რეესტრში შეჩერებულია.

გარდა ამ კომპანიისა, საპენსიო სააგენტოს დირექტორთან იკვეთება მეორე კომპანიაც - „კავკასიის ბიზნეს ჯგუფი“, რომლის წევრიცაა "კავკასიის ავტოიმპორტი". დავით გულაშვილი ამ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეა, ლევან სურგულაძე კი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. საპენსიო ფონდის პრესსსამსახურის ცნობით, სულგულაძემ სამეთვალყურეო საბჭო სექტემბერში დატოვა, თუმცა, ეს ცვლილება არ ასახულა არც საჯარო რეესტრში და მის მიერ 2018 წლის ნოემბერში შევსებული დეკლარაციაშიც მითითებულია, რომ ჯერ კიდევ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

დავით გულაშვილი რომ ნამდვილად მუშაობს ორივე კომპანიაში, „მედიაჩეკერმა” მასთანაც გადაამოწმა. იგი ადასტურებს, რომ კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი”, რომელშიც აღმასრულებელი დირექტორია, ნამდვილად რევაზ სურგულაძის კომპანიაა. თუმცა, ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია ვის მფლობელობაში გადავიდა „კავკასიის ავტოიმპორტი” რევაზ სურგულაძის გარდაცვალების შემდეგ.

გადაცემა „პირისპირ” არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაგროვებითი პენსიის შესახებ სასაუბროდ დავით გულაშვილი „იმედის“ ეთერში მიიწვიეს. ამავე არხსა და ამავე თემაზე, იგი 10 მარტს, “იმედის კვირაშიც” საუბრობდა. დავით გულაშვილი დაგროვებითი პენსიის დადებით მხარეებზე ამახვილებდა ყურადღებას. ამბობდა, რომ ეს ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი არ არის და მაგალითად მოჰყავდა საკუთარი კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტი“, რომელიც დასაქმებულებს თავად უხდის საპენსიო გადასახადს.

საპენსიო რეფორმა საქართველოში 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი პენსიის სქემაში ავტომატურად ერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი აქვთ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირები კი ვალდებულნი არიან. სქემის მიხედვით, დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6% გროვდება, - დამსაქმებელიც, დასაქმებულიც და სახელმწიფოც, ფონდში ხელფასის 2-2%-ს რიცხავენ.

რეფორმა მასზე საუბრის დაწყებიდან დღემდე საზოგადოების კრიტიკის საგანია. დაგროვებითი პენსია საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
ძალადობის  სავარაუდო მსხვერპლი არასრულწლოვნის ირიბი იდენტიფიცირება “კურიერში”
8 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ერთ-ერთი სიუჟეტი პოლიციის მხრიდან 15 წლის მოზარდზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობას ეხებოდა, რომლის შედეგადაც არასრუწლოვანი ფიზიკურად დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში თავად მოზარდი დაფარულია, მისი ამოცნობა ნაცნობებს არ გაუჭირდებათ, ვინაიდან იდენტიფიცირებულია დედა და ჩანს მისი საცხოვრებელი სახლი.

მასალიდან ცნობილი ხდება, რომ ბოლნისის პოლიციაში ქურდობაში ბრალდებულ მოზარდს 8 საათის განმავლობაში სავარაუდოდ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და მასზე მორალურად ძალადობდნენ, ბოლოს კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც არასრულწლოვანს ხელი მოსტყდა და საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

სიუჟეტში სავარაუდო მსხვერპლი არასრულწლოვნის დედა კამერის წინ სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ღიად საუბრობს. ამასთან, სიუჟეტში კარგად ჩანს სავარაუდო მსხვერპლის სახლი და ეზო. კადრში ასევე ხვდება ქუჩის სახელწოდება და ნომერი, სადაც სახლი მდებარეობს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის “ბავშვთა საკითხების გაშუქების” სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში, არასრულწლოვნის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი იდენტიფიცირება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა “ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის”.

“უფრო მეტად ნუღარ მოახდენთ ბავშვის სტიგმატიზებას. თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა - დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან საზოგადოების მიერ გარიყვა”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.
გერმანელი ენათმეცნიერის სახელით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა
2-3 მარტს სოციალურ ქსელსა და ვებგვერდებზე presa.ge, geotimes.ge, progressnews.ge, for.ge გერმანელი ენათმეცნიერის, კავკასიოლოგისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, იოსტ გიპერტის სახელით ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. ვებსაიტები წერდნენ, თითქოს გიპერტი ამბობდა, რომ ქართველები კულტურულად შეუმდგარი ერია და უფრო დიდი ერების მონობისკენ აქვთ მოთხოვნილება.

„ეს ვლინდება ყველაფერში. მაგალითად, ერს, რომელსაც საკუთარი ენა და სამი უნიკალური ანბანი აქვს, დამოუკიდებლობის შემდეგაც გზებსაც კი უცხო ენაზე ნიშნავს. მე ასეთ ფენომენს კოლონიურ ქვეყნებში ვხვდები, როგორიც ინოეთი და აფრიკის ქვეყნებია“, - ეს ციტატა გამოცემებმა იოსტ გიპერტის ნათქვამად გამოაქვეყნეს, წყაროდ კი სოციალური ქსელის მომხმარებელი მიუთითეს.

Presa.ge და Progressnews.ge-ის წყარო გოგა ჩანადირის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი გახდა. თავად გოგა ჩანადირი ეყრდნობოდა პაატა ვარდანაშვილს, რომლის კედელზეც ეს ინფორმაცია აღარ იძებნება.  For.ge-მ იდენტური მასალა progressnews.ge-ის სტატიაზე დაყრდნობით დაწერა. Geotimes.ge-მ კი, წყაროს მითითების გარეშე, მხოლოდ ციტატა გამოაქვეყნა, რომელიც, თითქოს, პროფესორ იოსტ გიპერტს ეკუთვნოდა. არცერთ მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მიერ ამბის გადამოწმების მცდელობა, რათა ზუსტი და სანდო ინფორმაცია მიეწოდებინა მკითხველისთვის.

აღმოჩნდა, რომ ეს სიტყვები იოსტ გიპერტს საერთოდ არ უთქვამს. მედიაჩეკერთან საუბრისას, პროფესორმა იოსტ გიპერტმა მისი სახელით გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო: „ეს გამონათქვამი, რომელიც გამოქვეყნდა ჩემი სახელით, მე არ მეკუთვნის და არანაირი კავშირი არ მაქვს ამ ამბავთან. ეს არის ინფორმაციის გაყალბება, ამგვარი ქმედება მიუღებელია და იძულებული ვარ მივმართო სათანადო ორგანოებს რეაგირებისათვის“, - აღნიშნა იოსტ გიპერტმა
პედოფილებისა და სექსუალური მოძალადეების შესახებ დაუდასტურებელი მონაცემი  „ქრონიკა+“-ის სტატიაში
„ახალი ეპიდემია საქართველოში: ასობით პედოფილი, ათასობით განადგურებული ბავშვი“ - ამ სათაურით 2 მარტს „ქრონიკა+“-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ძალადობას ეხება. მასალაში პედოფილებისა და სექსუალური მოძალადეების რაოდენობის შესახებ არგუმენტების და ოფიციალური სტატისტიკის გარეშე, მტკიცებით ფორმაში დაუდასტურებელი მონაცემებია მოყვანილი.

მაგალითად, სტატიის შესავალში ავტორი პედოფილიას ფსიქიკურ დარღვევად აფასებს, შემდგომ კი აღნიშნავს: „ბევრი ექსპერტის აზრით, საქართველოში ყოველი მე-10 პოტენციური სექსუალური მოძალადეა, ხოლო ყოველი მე-5 - პედოფილი.“ - სტატიაში არ არის მოყვანილი ამ მონაცემების დამადასტურებელი ოფიციალური სტატისტიკა და არსად ჩანს, თუ რომელი „ექსპერტების“ მოსაზრებას ეყრდნობა ავტორი, ან როგორ დადგინდა ვინ არის პოტენციური მოძალადე.

„ქრონიკა+“-ის მასალაში ბოლო პერიოდში არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის ოთხი შემთხვევა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის სტატისტიკაა განხილული.

სტატიის დასკვნით ნაწილში კი ვკითხულობთ: „მიუხედავად იმისა, რომ არსებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში პედოფილების რიცხვი შემაშფოთებლად მაღალია, სტატისტიკა ნახევრადაც არ ასახავს ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის რეალურ მდგომარეობას“ - ავტორს არგუმენტად შიშის ან „სხვადასხვა მიზეზების“ გამო დანაშაულის შეუტყობინებლობა მოჰყავს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც უცნობია ინფორმაციის წყარო და მასალაში არ ჩანს, თუ რაზე დაყრდნობით წერს ავტორი, რომ პედოფილების რიცხვი შემაშფოთებლად მაღალია.