დაიწყო განაცხადების მიღება კონკურსზე “ADAMI Media Prize ევროპაში 2020”
06.05.2020
დაიწყო განაცხადების მიღება კონკურსზე “ADAMI Media Prize ევროპაში 2020”

ატვირთეთ თქვენი ნამუშევარი ქვემოთ მოცემულ ლინკზე :

https://www.adamimediaprize.eu/competition-2020 (ENG)
https://www.adamimediaprize.eu/konkurs-2020 (RUS)

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა - 2020 წლის 15 ივლისი.

კონკურსში მიიღება განაცხადები მედია-პროდუქციაზე, რომელიც ეთერში 2018 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გავიდა.

ADAMI Media Prize გაიცემა ექვს კატეგორიაში:

  1. ADAMI Media Prize გასართობი პროგრამებისა და ფილმებისთვის (მხატვრული)
  2. ADAMI Media prize საინფორმაციო პროგრამებისა და ფილმებისთვის (დოკუმენტური)
  3. ADAMI Media Prize ახალი ამბებისა და მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის (დოკუმენტური)
  4. ახალგაზრდა ADAMI Media Prize
  5. ADAMI Online Prize ვებ-გვერდებისთვის
  6. ADAMI Online Prize ონლაინ-ვიდეოებისთვის
იმ შემთხვევაში, თუ ფლობთ მედია-პროდუქტს კულტურული მრავალფეროვნების თემაზე, მაგრამ არ იცით რომელ კატეგორიას მიაკუთვნოთ, დაუკავშირდით: office@adamimediaprize.eu ან +995 595474477 (viber, whatsapp, telegram)
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ბოდბის მიწების საქმეში ‘იმედმა’ მხოლოდ ‘მთავარი არხის’ და ადგილობრივების ‘ტყუილები’ დაინახა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “მისი მთავარი ტელეარხის” მხრიდან სასულიერო პირების შეურაცხყოფა, “საპატრიარქოს დისკრედიტაცია” და “ბრძოლა უწმინდესთნ, წმინდა სინოდის წევრებთან, მონაზვნებთან და მორჩილებთან”, - ამ კონტექსტში წარმოაჩინა ტელეკომპანია “იმედმა” 20 სექტემბრის “იმედის კვირაში” ბოდბის დედათა მონასტრისა და სოფელ ქედელების მკვიდრებს შორის მიწის ნაკვეთებზე არსებული მრავალწლიანი დავა.  

“იმედმა” თემაზე სიუჟეტი “მთავარ არხზე” 12 სექტემბერს გასული მასალის საპირწონედ მოამზადა. საუბარია სიუჟეტზე, რომელშიც ადგილობრივები წლების განმავლობაში მათ საკუთრებაში არსებული მიწების დედათა მონასტრისთვის გადაცემასა და მათი საკუთრების ხელყოფაზე საუბრობდნენ. სოფელ ქედელების მიწების საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ჯერ კიდევ 4 თვის წინ წერდა ონლაინგამოცემა "რეგინფო".
 
ტელეკომპანია “იმედმა” კი - “მთავარი ფეიკარხისა” და “ნაციონალური მოძრაობის სატელიტი ტელევიზიის” საპასუხოდ 13-წუთიანი სიუჟეტი ადგილობრივების ინტერესების უგულვებელყოფით, მხოლოდ მონასტრისა და მისი წინამძღოლის პოზიციის დაცვას მიუძღვნა და თქვა, რომ ზემოთხსენებული სუბიექტები “ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში” ხშირად აბსურდამდეც მიდიან.

ჟურნალისტმა  სიუჟეტი იმის თხრობით დაიწყო, რა შრომა გაიღეს ბოდბის მონასტრის ბინადრებმა 25 წლის განმავლობაში, რომ იქაურობა “ნამდვილ წალკოტად გადაქცეულიყო”. შემდეგ კი “მთავარი არხის” სიუჟეტის გმირებს სახლში მიაკითხა და პოლემიკის გზით მათივე არგუმენტების გაბათლებას შეეცადა.

altჟურნალისტი პირველი რესპონდენტებისგან ჯერ იმით დაინტერესდა, მოიტყუა თუ არა “მთავარმა არხმა”, როდესაც მაყურებელს მონასტრის მსახურების მხრიდან წყლის მოწამვლაზე უამბო, შემდეგ კი, მათ მიმართ წინასწარი განწყობის შესაქმნელად, ისიც გვითხრა, რომ ოჯახს, რომელსაც მონასტრის მიმართ პრეტენზია აქვს, “არც მონასტერი არ მოსწონს, არც ახლადაშენებული ტაძარი და ადგილი არც ტურისტულ ზონად მიაჩნია”.

ჟურნალისტი შეეცდა მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ სოფელ ქედელების ერთ-ერთი მცხოვრების თამაზ გორელიშვილის ბრალდება მონასტრის მიმართ უსაფუძვლოა, რადგან მას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა არ აქვს. არგუმენტაციის გასამყარებლად ჟურნალისტმა ერთ-ერთი ადგილობრივიც მოიხმო, რომელიც ამბობს, რომ კომუნისტური წყობილების დროს მიწის კანონმდებლობა არ არსებობდა, მიწა სახელმწიფოს საკუთრება იყო, ადგილობრივები მაშინ “მთლიანად სახელმწიფო საკუთრების მიწებს ღობავდნენ” და იმის მტკიცება, რომ აღნიშნული ტერიტორია კვლავაც მათი საკუთრებაა, არასწორია.

მიუხედავად იმისა, რომ თავად გორელიშვილი სიუჟეტში განმარტავს, რომ წლების წინ მიწის საკუთრებაზე დოკუმენტები არ ფორმდებოდა და საკითხი მარტივი აზომვითი სამუშაოებით წყდებოდა, ჟურნალისტმა გვიამბო, თუ როგორ გამოცხადდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე 2007 წელს აუქციონი, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა მსურველს ჰქონდა, როგორ შეისყიდა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მონასტრის გარშემო არსებული მიწები კანონის სრული დაცვით და შემდეგ როგორ შესწირა ისინი მართლმადიდებლურ ეკლესიას.

სიუჟეტიდან ისიც შევიტყვეთ, რა სარგებელი მიიღეს ქედელების აწ უკვე ყოფილმა მკვიდრებმა საკუთარი საცხოვრისების გაყიდვით. საუბარია, მათ მიერ ამ მიწების გაყიდვის შემდეგ შეძენილ ბინებსა და მიწის ნაკვეთებზე. აღსანიშნავია, რომ ქონებას მოცემული მომენტისთვის მონასტრის ერთ-ერთი მონაზონი დედა სალომე (ნანა მახარობლიძე) ფლობს.

სიუჟეტის ბოლოს რამდენიმე ადგილობრივის კომენტარიც მოვისმინეთ, რომლებიც მონასტრის მიმართ არსებულ პრეტენზიებს სიყალბესა და სიცრუეს უწოდებენ.

“მთავარი არხის" მხრიდან ფეიკნიუსების გავრცელება და საზოგადოების მოტყუება ახალი ნამდვილად არ არის. არც ბოდბიდან თბილისამდე სიმართლის ჩამოტანაა რთული. თუმცა, როგორც ჩანს, არა მათთვის, ვისთვისაც მთავარი არასწორი ინფორმაციის გავრცელება და მისით მანიპულირებაა”, - ამ ტექსტით ასრულებს ავტორი მასალას.

სიუჟეტში ჟურნალისტს არ დაუსვამს არცერთი კრიტიკული კითხვა მონასტრის წარმომადგენლებისთვის, რ უსაუბრია მიწის რეგისტრაციის პრობლემებზე, რასაც მოქალაქეები აწყდებიან და არც ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისადმი ლოიალური დამოკიდებულება უხსენებია, რაც ხშირაც ამ ინსტიტუციისთვის სწორედ დიდი მოცულობის მიწის ნაკვეთების ჩუქებასა თუ სიმბოლურ ფასად გადაცემაში
გამოიხატება.

ავტორის მხრიდან, მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის დაცვა და საპირისპირო მოსაზრებების დაკნინებისა და გაუფასურების მცდელობა ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ავტორის მიზანი არა არსებულ პრობლემაზე კვალიფიცური მსჯელობა, არამედ კონკრეტული მხარის ინტერესების დაცვა და გატარება იყო.

ყალბია ამბავი, რომ მორგის თანამშრომელს Covid-19 ინფიცირებულ გვამთან სექსუალური კავშირით გადაედო
ქართული ონლაინ გამოცემების ნაწილის მიერ გავრცელებული ამბავი, თითქოს მასაჩუსეტსის შტატში მორგის თანამშრომელს, 29 წლის დემიენ კოულის კორონავირუსი ინფიცირებულ გვამთან სექსუალური კონტაქტის შემდეგ დაუდგინდა, ყალბია.

ამის შესახებ მასალა ონალაინ გამოცემა newposts-მა 16 აგვისტოს გამოაქვეყნა. Სტატიაში ნათქვამია, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც პირდაპირი, დაუცველი შემხებლობა, რამდენიმე გვამის გარდა არავისთან ჰქონია, „იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მას ინტიმური კონტაქტი ჰქონდა რამდენიმე გვამთან“.

„კორონავირუსზე გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დემიენის მიერ წაბილწული გვამებიდან რამდენიმეს ინფექცია მართლაც აღმოაჩნდათ, თუმცა, სავარაუდოდ ვირუსი სიცოცხლეში უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ეს ადასტურებს იმას, რომ კორონავირუსი შეიძლება გარდაცვლილი ადამიანებისგანაც ისევე გავრცელდეს, როგორც ცოცხლებისგან“, - ვკითხულობთ მასალაში.

Newposts-ი ინფორმაციას კანადაში რეგისტრირებულ ვებგვერდ World News Daily Report-ზე დაყრდნობით წერს, რომლის მთავარი მიმართულება მსოფლიოში მიმდინარე ამბების „სასაცილო“ რაკურსში წარმოჩენა და „მაღალი ხარისხის სატირული“ მასალების მომზადებაა.

„World News Daily Report-ი პასუხისმგებელობას იღებს მისი სატირული ხასიათის მასალებსა და მათ გამოგონილ შინაარსზე. მასალებში წარმოჩენილი ყველა პერსონაჟი სრულად გამოგონილები არიან და მათი ნებისმიერ ადამიანთან მსგავსება მხოლოდ სასწაულის დამსახურებაა“, - ვკითხულობთ ვებგვერდის აღწერილობაში.

ოპონენტების დისკრედიტაცია, ხელისუფლების პიარი და ფეისბუკზე დასპონსორებული მედია კონტენტის ხარჯები

აგვისტოდან დღემდე ფეისბუკში $182,838 ღირებულების რეკლამა განთავსდა საქართველოდან პოლიტიკურ, სოციალურ და საარჩევნო საკითხებზე. “მედიაჩეკერი” დაინტერესდა, თუ რა თანხებს ხარჯავენ ამ მიმართულებით მედიასაშუალებები და ძირითადად, რა ტიპის პროდუქტს არეკლამებენ საინფორმაციო გვერდები წინასაარჩევნოდ.

ფეისბუკის რეკლამის ბიბლიოთეკის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ყველაზე მეტი თანხა - $2813 დახარჯული აქვს ონლაინ-გამოცემა Tinp.ge-ს (“დღეს პოლიტიკაში”). “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის” (ISFED) ცნობით, ეს ვებგვერდი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” სასარგებლოდ მუშაობს. ფეისბუკის მონაცემებით, Tinp.ge-ის მიერ დაფინანსებულ სტატიების, ძირითადად, პოზიტიურად წარმოაჩენს სწორედ პატრიოტთა ალიანსის ლიდერების აქტივობებს და ნეგატიურად იმ ოპოზიციურ პარტიებს, როგორიცაა “ევროპული საქართველო”, ენმ და ლელო.


“პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული კიდევ ერთი მედიაორგანიზაცია - “ობიექტივი” ათავსებს პოლიტიკურ რეკლამას ფეისბუკში. მაგალითად, “ობიექტივმა” აგვისტოს ბოლოს დაასპონსორა მასალა, რომელშიც ასახული იყო "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოზიცია ბათუმში გაკრულ ბანერთან დაკავშირებით.

ვებგვერდს geosociety.ge (“საქართველოს საზოგადოება”) 48 მასალის ფეისბუკით რეკლამირებაში $281 აქვს დახარჯული აგვისტოდან დღემდე. დაფინანსებულ მასალებს შორის გვხვდება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებები. ამასთან, გამოცემა ასპონსორებს ისეთ პოსტებს, რომლებიც ნეგატიურად წარმოაჩენს ცალკეულ ოპოზიციონერებს. მაგალითად, დასპონსორებულია ამონარიდი ვიდეომასალიდან, რომელიც ასეა დასათაურებული: “როგორ გააკოტრა „თიბისი ბანკმა“ და მამუკა ხაზარაძემ ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე”. ხოლო “ლელოს” კიდევ ერთ ლიდერთან დაკავშირებით, დასპონსორებულია პოსტი, რომელიც მანიპულაციურად აღწერს ბადრი ჯაფარიძის საარჩევნო კამპანიას და მიზნად ისახავს მის დაცინვას.


ფეისბუკში შექმნილი რამდენიმე გვერდი (Tbilisi Daily, Interworld, Headlinegeorgia) არეკლამებს საქართველოში შექმნილ სოციალურ ქსელ Feedc.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიებს. დასპონსორებული მასალების უმრავლესობა შეეხება ბელარუსში მიმდინარე პროცესებს.

როგორც ფეისბუკის რეკლამის ბიბლიოთეკის ანგარიშიდან ირკვევა, ფეისბუკში შექმნილია არაერთი გვერდი, რომლებიც არეკლამებენ პოლიტიკური სუბიექტების მადისკრედიტებელ ან პირიქით, სარეკლამო მასალებს.

მაგალითად, გვერდი HAHA News - ჰაჰა ნიუსი აგვისტოში შეიქმნა და მასზე განთავსებულია პოსტები, რომლებიც აშარჟებს ხელისუფლების ქმედებებს. ფეისბუკის რეკლამის ბიბლიოთეკის ანგარიშში შევიდა ამ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო პოსტი, რომელიც ეხმაურებოდა თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელობიდან სერგი გვარჯალაძის გადადგომას.


გვერდი “საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog” ივნისშია შექმნილი და ძირითადად, პოზიტიურად წარმოაჩენს სახელისუფლებო გუნდის (არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, კახა კალაძის) განცხადებებსა და აქტივობებს.
გვერდს დასპონსორებული აქვს სწორედ ასეთი მასალები.




ლიბერალები და ლიბერალიზმი, ანტიდასავლური პროპაგანდა არის რამდენიმე ფეისბუკ-გვერდის მიერ დაფინანსებული მასალების ძირითადი სამიზნე. მაგალითად, ასეთ მასალებს ასპონსორებს ულტრარადიკალური ჯგუფის გვერდი Alt-Info • ალტ-ინფო და Politicano • პოლიტიკანო.






ფეისბუკზე პოლიტიკურ და საარჩევნო საკითხებზე მომზადებული მასალების რეკლამირებას მიმართავენ, ასევე, მეინსტრიმული მედიასაშუალებები საქართველოში. მათ შორის, ყველაზე მეტი თანხა აგვისტოდან დღემდე დახარჯული აქვს ტვ იმედს ($744).



POS TV-ის რამდენიმე გვერდი აქვს ფეისბუკში. POSTV - ახალი ამბებისა და POSTV - ანალიტიკის საშუალებით მასალების რეკლამირებაში POS TV-ის $262 აქვს დახარჯული აგვისტოდან დღემდე. დასპონსორებული მასალები აკრიტიკებს წინა ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილს და პოზიტიურად წარმოაჩენს ხელისუფლებას.









მედიასაშუალებების მიერ ფეისბუკზე მასალების რეკლამირება დამკვიდრებული პრაქტიკაა იმისათვის, რომ მათ მიერ მომზადებული მასალები რაც შეიძლება ფართო აუდიტორიაზე გავრცელდეს სოციალური ქსელის საშულებით. ფეისბუკის რეკლამის ბიბლიოთეკის ანგარიშის მიხედვით, ძირითადი მეინსტრიმული მედიასაშუალებების უმრავლესობა ბოლო ერთ თვეში $100-ზე ნაკლებს ხარჯავდა ფეისბუკზე პოლიტიკურ, სოციალურ და საარჩევნო საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების რეკლამირებაში.

არასრული ჩამონათვალი იხილეთ ცხრილში, რომელიც მოიცავს 2020 წლის 4 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდის მონაცემებს:

altalt

GNCC-მ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი 'ფორმულას' წინააღმდეგ

კომუნიკაციების კომისიამ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ. საქმე ეხება „ფორმულას“ ეთერში გასულ იუმორისუტულ გადაცემას „ფსკერი“, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გადაცემა „ახალი დღის“ ლოგოები და ვიზუალური შეფუთვა უცვლელი სახით გამოიყენეს.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური კომპონენტები საკუთარ ორიგინალურ კონტენტს, პაროდიის მიზნით დაადო და აღნიშნული ლოგოები მაუწყებლის გაშარჟებისთვის გამოიყენა.

"საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ „ფორმულას“ მიზანი იყო სატირულ-იუმორისტული გადაცემის განთავსება და მისი მოტივაცია არ ყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „ახალი დღის“ ლოგოების და ამავე გადაცემის ვიზუალური კომპონენტების საკუთარი მაუწყებლობის ან გადაცემის ამოსაცნობ ნიშნებად გამოყენება", - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ პაროდიულ-იუმორისტული მიზნით განთავსებული გადაცემა საავტორო და მომიჯნავე უფლებების არამართლზომიერ გამოყენებად არ ჩათვალა და საზოგადოებრივ მაუწყებელს საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომუნიკაციების კომისიას 13 აგვისტოს მიმართა. საჩივარში მითითებული იყო, რომ 2020 წლის 11 აგვისტოს შპს „ფორმულას“ ეთერში და ფეისბუქგვერდზე განთავსდა გადაცემა „ფსკერი“, რითაც შპს „ფორმულამ“ დაარღვია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უფლებები და კანონიერი ინტერესები.
ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე “იმედზე”
“პოლიტიკური ამორალობა “ნაციონალური მოძრაობისაგან” - ამ შესავლით დაიწყო ტელეკომპანია “იმედზე” 19 აგვისტოს დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. სიუჟეტში, რომლის მთავარი სათქმელი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ეყრდნობოდა, “ქრონიკის” წამყვანმა მაყურებელს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მოუყვა, თუ “როგორ ცდილობს სააკაშვილის გუნდი მოსახლეობის მოტყუებით მთავრობის სოციალური პროგრამის საკუთარი ინტერესისთვის გამოყენებას”.

ამბის წარდგენისას გადაცემის წამყვანმა მაყურებელს დადასტურებულ ფაქტად, მტკიცებით ფორმაში უთხრა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის სოციალურ პროგრამას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს და მეტიც, კონკრეტული ადამიანები ამით ფინანსური სარგებლის მიღებასაც კი ცდილობენ:

"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის სოციალური დახმარების პროგრამას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. მმართველი პარტიის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები მოქალაქეებს სახელმწიფოსაგან 200 ლარიანი დახმარების მისაღებად შუამავლობას სთავაზობენ. გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კონკრეტული პირები ინიციატივისაგან ფინანსური სარგებლის მიღებას შეეცადნენ.”

წამყვანის აღნიშნულმა შესავალმა მაყურებელს მოლოდინი შეუქმნა, რომ სიუჟეტში ბრალდებების დამადასტურებელ არგუმენტებს და მტკიცებულებას ნახავდა, თუმცა უშედეგოდ. აღმოჩნდა, რომ “იმედისთვის” წყარო მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე იყო, რომლის მიერ გაჟღერებული ბრალდებებიც ისევე იყო მოკლებული კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, როგორიც წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის.

altმამუკა მდინარაძე აცხადებდა, რომ, ერთი მხრივ, არიან კონკრეტული არკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებსაც, შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიებთან კავშირი საერთოდ არ აქვთ და რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სთავაზობენ მოსახლეობას 200 ლარიან დახმარებაზე განაცხადის დარეგისტრირებას. მეორე მხრივ კი, “ამორალურ” საქციელს ჩადის “ნაციონალური მოძრაობაც”, რომელმაც “იკადრა ის, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა გადაწყვიტა ბავშვების დახმარებებთან, კომპენსაციებთან დაკავშირებით”.

მდინარაძე ამბობდა, რომ “ერთიც ამორალურია და მეორეც”. თუმცა, სიუჟეტში მის მიერ გაჟღერებული არცერთი ბრალდების დამადასტურებელი ფაქტი არ იყო წარმოდგენილი და გაურკვეველი დარჩა, რას ეყრდნობოდა თავად მამუკა მდინარაძე ან ჟურნალისტი, რომელიც უაპელაციოდ, მტკიცებით ფორმაში იმეორებდა “ქართული ოცნების” მიერ შეთავაზებულ ნარატივს.

მამუკა მდინარაძის განცხადების შემდეგ, ჟურნალისტმა მაყურებელს ამცნო, რომ თუ რეგისტრაციაში დახმარება დასჭირდებათ, ამაში მუნიციპალიტეტები დაეხმარებიან და შემდეგ ამ საკითხზე ეთერში გავიდა თბილისის მერისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარები.

სიუჟეტში არ ჩანდა ჟურნალისტის მცდელობა, რომ სხვა წყაროებთანაც გადაემოწმებინა მამუკა მდინარაძის მიერ გაჟღერებული ბრალდებები. ასევე, არ ჩანდა მცდელობა, რომ ე.წ. ბრალდების მხარის “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციაც წარმოეჩინა და ცალმხრივად, არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე არ გაეშუქებინა ამბავი, რომელსაც “იმედს” მხოლოდ “ქართული ოცნება” უყვებოდა.

საბოლოო ჯამში, “იმედის” სიუჟეტიდან მაყურებელმა გაიგო, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” “პოლიტიკური ამორალობა” ჩაიდინა, თუმცა, ვერ გაიგო თუ რაში მდგომარეობდა კონკრეტულად ეს “ამორალობა” და რას ეყრდნობოდა სიუჟეტში წარმოდგენილი ერთადერთი მხარე - “ქართული ოცნება”, როდესაც ოპონენტს მოსახლეობის მოტყუებაში და მთავრობის სოციალური დახმარების პროგრამის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებდა.