აფგან სადიგოვს პარლამენტის მიმდებარე ტერიოტირაზე გზის ხელოვნურად
გადაკეტვის საბაბით ადმინისტრაციული პატიმრობა მეორედ შეუფარდეს.
მოსამართლე ნინო ენუქიძემ მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა
მიუსაჯა.
შსს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს გზის გადაკეტვას ამჯერად 19-21 ოქტომბერს ედავებოდა. სადიგოვი 18 ოქტომბრის აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით სამართალდამრღვევად ერთხელ უკვე ცნეს და 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მან დროებითი მოთავსების იზოლატორი 5 ნოემბერს დატოვა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს იცავს, მაშინ შსს-მ სასამართლოს დანარჩენ დღეებთან დაკავშირებით განზრახ არ მიმართა, რათა მას აფგან სადიგოვის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობა ორჯერ ჰქონოდა.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანელი ჟურნალისტია, რომელიც თბილისში, აზერბაიჯანის მოთხოვნით, შარშან დააკავეს. სადიგოვი საექსტრადიციო პატიმრობაში თითქმის 9 თვე იმყოფებოდა. მან პროტესტის ნიშნად 161 დღე იშიმშილა.

