„კაპანაძის სარჩელის განხილვას სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს“ - საია
30.04.2021
კატეგორია - საქართველო
„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის, სარჩელის განხილვას სასამართლო ხელოვნურად და დაუსაბუთებლად აჭიანურებს“ - ამ შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა 30 აპრილს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.

„საია“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილების უმოკლეს ვადაში მიღებისკენ მოუწოდებს.

რა წერია ნათია კაპანაძის სარჩელში

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან 2019 წლის 19 აპრილს გადააყენა.

ნათია კაპანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 30 აპრილს შეტანილი სარჩელით ითხოვს:

• მისი უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

• თანამდებობაზე აღდგენას.

• იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.

• დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.

საიაც და ნათია კაპანაძეც სარჩელის განხილვის გაჭიანურებას პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ.

„პროცესის მიმართ სრული უყურადღებობა კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს მის პოლიტიკურ მართვასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს მოგვეცემა სამართლიანი სასამართლოს უფლების გამოყენებისა და ჩემი უდანაშაულობის დაცვის შესაძლებლობა“, - გვეუბნება ნათია კაპანაძე.

სასამართლოს არგუმენტები

საიას ადვოკატი ილონა დიასამიძე გვეუბნება, რომ სასამართლოს განმარტებით, საქმეზე სხდომების არ დანიშვნა პანდემიას უკავშირდება. მისივე თქმით, სასამართლო ამბობს, რომ ნათია კაპანაძის საქმეზე დისტანციური პროცესი ვერ დაინიშნება.

„ამაზეც კითხვის ნიშანი ჩნდება იმიტომ, რომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებთან დაკავშირებულ ბევრად უფრო გვიანდელ საქმეებზე დაინიშნა პროცესები, მაგრამ ნათია კაპანაძის საქმე რატომღაც მაინც თაროზე იყო შემოდებული“, - ამბობს ილონა დიასამიძე.

საიას ადვოკატის თქმით, ნათია კაპანაძის საქმის დროულად განხილვა არა მხოლოდ მოსარჩელის, არამედ საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია, რათა დაგროვებულ კითხვებს პასუხები გაეცეს.

„აშკარად ჩნდება კითხვის ნიშნები მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. ამიტომ, მოვითხოვთ სასამართლომ უმოკლეს ვადებში განიხილოს საქმე“, - ამბობს საიას ადვოკატი ილონა დიასამიძე.

საქმის დეტალები

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით 4 ხმით 1-ის წინააღმდეგ გადაირჩია. იმპიჩმენტის საკითხი 2019 წელს, ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ დააყენეს.

ნაწილი მათი არგუმენტებიდან:

• „ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს მაუწყებლის რეიტინგი შემცირდა.“
• „ის არ თანამშრომლობდა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და მათთან ურთიერთობას ტელევიზიის თანამშრომლებსაც უკრძალავდა.“
• „ტელევიზიაში არ სრულდებოდა პრიორიტეტები და გარკვეული საკითხები კანონის გვერდის ავლით წყდებოდა.“

საიაში მიიჩნევენ, რომ ნათია კაპანაძისადმი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადება ეფუძნებოდა „არა სამართლებრივ არგუმენტებს, არამედ ნაკარნახევი იყო ხელისუფლების ინტერესით, შეეცვალა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა.“

ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მმართველი პარტიის გავლენის შესახებ რამდენიმე საერთაშორისო ანგარიშში, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლისა და „რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს“ 2021 წლის ანგარიშებშია საუბარი.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ