მედიაკოალიცია სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით მიმართავს
02.11.2022
კატეგორია - საქართველო

რა ხდება?

  • მედიის ადვოკატირების კოალიცია, რომელიც 16 ორგანიზაციას აერთიანებს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს.
  • კოალიცია აღნიშნავს, რომ გვარამიას შეწყალება, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში დადებით როლს შეასრულებს.
  • გვარამია, სააპელაციო სასამართლომ, დღეს, 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში 3 წლითა და 6 თვის ვადით დატოვა.

"საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღდეგება ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად დაწესებულ მოთხოვნებს, პლულარისტული მედიაგარემოსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესახებ. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი." — წერია განცხადებაში.

ევროპარლამენტმა ქართული მედიის შესახებ რეზოლუცია 2022 წლის ივნისში მიიღო, რომელშიც ნიკა გვარამიას შესახებ წერია, რომ "გადაიხედოს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური მაუწყებლის მთავარი რედაქტორის ნიკა გვარამიას სასჯელი."

აშშ-ის საელჩოს გამოხმურება სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე:
  • მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.
  • არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ.
  • შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.
საელჩოს განცხადებაში წერია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას.

კონტექსტი

  • 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
  • სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
  • საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზეც და ამ ნაწილში სასჯელის ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
  • მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ