რა უნდა გაითვალისწინოს მედიამ სოციალურ ქსელში - ინტერვიუ საბა ჩიხლაძესთან
06.10.2021
4 ოქტომბერს ფეისბუქი და მისი პლატფორმები თითქმის 6 საათის განმავლობაში გაითიშა. სოციალური ქსელების შეფერხებამ მედიის მუშაობაზეც იქონია სერიოზული გავლენა. რამდენად დამოკიდებულია სოციალურ ქსელებზე მედია, რა ბედი ელის სოციალური პლატფორმების გაქრობის შემთხვევაში და რა შეიძლება იყოს გამოსავალი - ამ თემებზე “რადიო თავისუფლების” ციფრულ რედაქტორ საბა ჩიხლაძეს ვესაუბრეთ.

როგორ აისახა ფეისბუქის პლატფორმების გათიშვა თქვენზე?

ეგზისტენციალური განცდა იყო, თითქოს, ყველაფერი გაქრა. ვფიქრობდით სხვა არხებზე, საიდანაც მივაწვდიდით ინფორმაციას მომხმარებელს და როგორც მინიმუმ, იმას მაინც გავაგებინებდით, რომ ფეისბუქი და მისი პლატფორმები გათიშულია. პირველი, რაც ვიგრძენით ის იყო, რომ მაშინვე, საგრძნობლად დავარდა საიტზე შემომსვლელების რაოდენობა, რადგან ხალხი ვებზე, ძირითადად, ფეისბუქიდან გადმოდის.

ონლაინ მედიების ნაწილს საძიებო სისტემა აწყობილი აქვს, ნაწილს - არა. ჩვენს შემთხვევაში, ხალხმა დაგუგლა და საიტზე შემოვიდა. ზოგს იმეილ ბაზები აქვს განვითარებული, “ნიუსლეთერები” რომ გაგზავნოს,ზოგს შეტყობინებების სისტემა, მომხმარებლისთვის და ა.შ.

საინტერესო იყო ის, რომ საძიებო სისტემიდან ვინც შემოდიოდა, ეძებდა, “რატომ გაითიშა ფეისბუქი” და კითხულობდა იმ სტატიებს, სადაც ფეისბუქი იყო ნახსენები სათაურში.

შენი დაკვირვებით, როგორ იყენებს სოციალურ ქსელებს საქართველოში მედია, ძალიან ხომ არის დამოკიდებული?

კი, განსაკუთრებით ონლაინ მედია არის დამოკიდებული ფეისბუქზე. ახლა კიდევ უფრო გაიყო არხები და ინსტაგრამიც პოპულარული გახდა, იუთუბიც ძლიერდება საქართველოში, ზოგი ასე თუ ისე ტელეგრამსაც იყენებს და ა.შ. მაგრამ, ყველა მედია მაინც ძალიან არის დამოკიდებული ფეისბუქზე.

ტელეარხებისთვის მთავარი მედიუმი ტელევიზიაა, მაგრამ ამის შემდეგ მთავარი წყარო მაინც ფეისბუქია. მაუწყებლები ვიდეო კონტენტის აუდიტორიისთვის მისაწოდებლად კარგად იყენებენ და ხშირად, ონლაინ მედიებზე უკეთესი შედეგიც აქვთ. ანუ მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური ქსელი.

ონლაინ მედიებს კიდევ უფრო გაშლილი აქვთ წყაროები, რადგან უმრავლესობას ვებსაიტის შემდეგ სოციალური მედიის სტრატეგია აქვს აწყობილი. ბევრი ცდილობს გაყოს და მაგალითად, ფეისბუქისთვის, ინსტაგრამისთვის, იუთუბისთვის ცალ-ცალკე აკეთოს კონტენტი.

ფეისბუქი პირველად არ გათიშულა, 2019 წელს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეფერხება იყო. მაშინ არ დაფიქრდით საფრთხეებზე?

კი, მაშინ უფრო ხანგრძლივად, 10 საათის განმავლობაში იყო გათიშული. იმ პერიოდში დავფიქრდი მე პირადად და ალბათ, სხვებსიც, რომ ის წყაროები, საიდანაც მომხმარებლებს ინფორმაციას მიაწვდი, უნდა გაიშალოს და უფრო მრავალფეროვანი გახდეს. მახსოვს, მაშინ საერთოდ პანიკა იყო და ბევრს, მათ შორის მათ, ვისაც მთელი კონტენტი ფეისბუქზე ჰქონდათ განთავსებული, დააწყებინა ვების გაძლიერებაზე ფიქრი.

ერთი შეხედვით, 6 საათი დიდი დრო არ არის, გაძლებ უინფორმაციოდ, მაგრამ, ძალიან რთულია მაშინ, როცა არ იცი რა მოხდება.

ხალხი ფეისბუქს ინტერნეტად იყენებს, თუ ფეისბუქზე არ შედიხარ, ვერსად გადადიხარ და სხვა წყაროები არც გახსენდება. მაგრამ, ძალიან აქტიურად ვფიქრობთ და ვცდილობთ, რომ ბოლომდე დამოკიდებული არ ვიყოთ ფეისბუქზე, რაც არ უნდა რთული იყოს ეს.

გამოსავალს რაში ხედავ?

წყაროები უნდა გაიშალოს. საიტზე პირდაპირი შემომსვლელები უფრო გაზარდო და უფრო გააძლიერო ვები, სადაც, ძირითადად, შენზეა დამოკიდებული ალგორითმის შეცვლა, შენ აკონტროლებ და ცვლი ყველაფერს. თვითონ ხალხიც თუ გაიშლება და მედიებიც იფიქრებენ ინფორმაციის გავრცელების სხვა გზებზე, უფრო საინტერესო იქნება.

ანუ, რაც უფრო გაყოფილი და გაშლილია მედიისთვის ეს წყაროები, მით უკეთესია და უფრო დაზღვეული ხარ მსგავსი შემთხვევების დროს. ძალიან ბევრი მედია და არამარტო მედია, მხოლოდ ფეისბუქზე მუშაობს და მსგავსი შემთხვევები გვაფიქრებს იმაზე, რომ მაინც საჭიროა ის სივრცე, სადაც შენ მართავ და აკონტროლებ ყველაფერს. ძალიან რთულია ამის კეთება, მაგრამ საჭიროა.

გასათვალისწინებელია თუნდაც ის, რომ სოციალური ქსელების ალგორითმი ხშირად იცვლება. რაღაცას ააწყობ, დაალაგებ, გაწერ სტრატეგიას და უცბად შეიცვლება ალგორითმი და თავიდან გიწევს, იფიქრო ამ ყველაფერზე.

ერთი სიტყვით, რაც უფრო მეტად განვითარდება მთავარი პლატფორმები, მით უფრო მარტივი იქნება მსგავს გამოწვევებთან გამკლავება.

დღევანდელი მოცემულობით, როგორ ფიქრობ, რა ბედი ელის მედიას სოციალური ქსელებში კონტენტის განთავსების საშუალება რომ შეეზღუდოს?

ალბათ, სხვა წყაროებს იპოვიან. მაგრამ თუ მსგავსი ჩავარდნები ხშირად განმეორდება, სანამ ფაქტის წინაშე დადგები, წინასწარ უნდა იზრუნო, რომ უფრო მრავალფეროვანი იყოს წყაროები, საიდანაც ინფორმაციას მიაწვდი მომხმარებელს. რაც მეტი პირდაპირი შემომსვლელი გყავს საიტზე, საიტზე, რაც მეტია აპლიკაციის მომხმარებელი, ე.წ. ერთგული მიმდევარი, მით უკეთესია.

კარგად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან რთულია, იმიტომ, რომ, როგორც ვთქვი, ფეისბუქი ხალხისთვის, ფაქტოვრივად, უკვე ინტერნეტია.

ფეისბუქის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ყველაფერია თავმოყრილი. მაგალითად, გამოჩნდა თუ არა ქლაბჰაუსი, ტიკტოკი - ფეისბუქმაც მალევე მსგავსი რაღაც გააკეთა. ძალიან ბევრი რამ არის ჩაშენებული და მონოპოლია აქვს სოციალური ქსელების ბაზარზე.

თუმცა, ფეისბუქი მაინც ქაოსურია და მედიის მთავარი მიზანი ის არის, რომ გააკეთოს ისეთი კონტენტი, რომელსაც ალგორითმი შეახვედრებს მომხმარებელს.

როგორი ტიპის ჩართულობას აქცევს ყურადღებას ფეისბუქი და რა უნდა გაითვალისწინოს მედიამ, როცა კონტენტს აქვეყნებს?

ამაზე პასუხი მარტივი არ არის, რადგან ალგორითმი ხშირად იცვლება. თუმცა, ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებთ, ძირითადად, ჩართულობა, ე.წ. Engagement არის მთავარი. ანუ ყველაზე მეტ ყურადღებას ალგორითმი ჩართულობას აქცევს, რაც უფრო მეტი ჩართულობა აქვს გვერდს, უფრო წინ უჩანს მომხმარებელს, ასე რომ ვთქვათ.

მაინც რა ტიპის კონტენტია პოპულარული, როგორი ფორმით უნდა შესთავაზოს მედიამ აუდიტორიას ინფორმაცია?

ფეისბუქმა ვიდეოების მიმართულება რომ გააძლიერა, უფრო და უფრო მეტმა დაიწყო ვიდეოების კეთება. მაგრამ, რასაც ვაკვირდები, ხშირად 7-10 წუთიანი ვიდეოებიც კარგად მუშაობს და პატარებიც, ჩართულობაზეა დამოკიდებული.

ჩართულობაში მხოლოდ კომენტარების წერა არ იგულისხმება, მაგალითად, თუ მომხმარებელი ვიდეოს ხანგრძლივად უყურებს, შეიძლება ამანაც განაპირობოს ის, რომ კონტენტი მეტ მომხმარებელს გამოუჩნდეს. მთავარი ფორმულა მაინც ის არის, რომ მასალა რაც შეიძლება მეტ გამოხმაურებას და მიზიდულობას იწვევდეს.

არა მარტო ვიდეოები მუშაობს კარგად, ფოტოები და ლინკებიც ეფექტურია. ანუ უფრო პერსონალიზებულია ალგორითმი გამხდარი და მომხმარებელს რაც მოგწონს, ის გიჩნდება “თაიმლაინზე”.

გააჩნია რა მიმართულება აქვს მედიას და საით უნდა რომ განვითარდეს.

გულისხმობ, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად, მედიამ კარგად განსაზღვროს სოციალურ ქსელებში ქცევის სტრატეგია?

სტრატეგია ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ყველას უნდა ჰქონდეს გაწერილი. განსხვავდება ხედვა, ვის როგორი აქვს და ვის რისი მიღწევა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია, განსაზღვრული გქონდეს, რატომ აკეთებ რეკლამას, გინდა რომ კონტენტი ბევრს გამოუჩნდეს, უბრალოდ, თუ გვერდის გამომწერები გინდა გაიზარდოს და ა.შ.

ელემენტარულად, სტრატეგია იქამდე რომ დავიყვანოთ, რომ კარგად იყოს გამოკვეთილი მიმართულება და იცოდეს მედიამ საით მიდის, დაისახოს პრიორიტეტები.

ამისთვის საჭიროა, რომ ცალკე გუნდი ყველას ჰყავდეს. როცა უკვე ამაზე ფიქრს იწყებ და ხედვას ჩამოაყალიბებ, მუშაობაც უფრო გიმსუბუქდება, ჩემი აზრით, და გამოკვეთილიც უფრო გაქვს, რას აკეთებ.

რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ცალკე გუნდი მუშაობდეს სოცმედიის მიმართულებით?

სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებსაც განსხვავებული მუშაობა სჭირდება. მაგალითად, ტელევიზიას სხვა მიმართულება აქვს და ონლაინს სულ სხვა. თუმცა, სოცმედიის გუნდი, ციფრული მედიის გუნდს რასაც ვეძახით, ყველას უნდა ჰყავდეს. ვინ უნდა იყოს ამ გუნდში და ვინ არა, ეს უკვე ინდივიდუალურად განსასაზღვრია.

მთლიანობაში, ამ მიმართულებით გუნდში მუშაობა ძალიან საჭიროა. როგორც ადრე არსებობდა წარმოდგენა, რომ სოციალური მედია მენეჯერს ავიყვანთ და ის გააკეთებს ყველაფერს, ასე აღარ ხდება. მთლიანობაში ძალიან კომპლექსურია საქმეა. ერთ ქსელშიც კი ძალიან განსხვავებული ტიპის კონტენტენტის კეთებაა საჭირო. მაგალითად, ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე განსხვავებულ კონტენტს აკეთებ, ჯგუფებში ცალკე.

ერთი სიტყვით, უნდა იმუშაო, რომ ინფორმაცია მიიტანო იქ, სადაც ყველაზე დიდი აუდიტორიაა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ