ქართული პრესა პირველი რესპუბლიკის პერიოდში - ინტერვიუ ისტორიკოს ოთარ ჯანელიძესთან
25.05.2018
როგორ მუშაობდა ქართული პრესა დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, რაზე წერდნენ 1918 წლის 26 მაისამდე და მას შემდეგ, ვინ იყვნენ იმ პერიოდის ცნობილი ავტორები, რამდენად ძლიერი იყო ცენზურა, - „მედიაჩეკერი“ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს უახლესი ისტორიის მკვლევარს ოთარ ჯანელიძეს ესაუბრა.

- როგორი იყო ქართული პრესა დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე - რა ფინანსებით მუშობდა გაზეთები და რამდენად ძლიერი იყო ცენზურა?

ქართული პერიოდული პრესის ისტორია მეცხრამეტე საუკუნის პირველი ოცწლეულიდან იწყება. საქართველოსა და მთელს კავკასიაში პირველი გამოცემა „საქართველოს გაზეთი“ 1819 წლის 8 მარტს გამოვიდა. მასში ძირითადად საიმპერიო ხელისუფლებისა და ადგილობრივი რუსული ადმინისტრაციის ბრძანება-განკარგულებები, განცხადებები, უცხოეთის ქრონიკა, პოპულარული რუსული მოთხრობების ნაწყვეტები და მსგავსი მასალები ქვეყნდებოდა.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ჟურნალ-გაზეთებს, სათანადო ნებართვით, კერძო პირები აარსებდნენ, რომლებიც თვითონვე იყვნენ დამფინანსებლები. პრესა არ ყოფილა ბიზნესი, გამომცემლებს მუდმივად ჰქონდათ ფინანსური პრობლემები.

ცენზურა განსაკუთრებით ეროვნული მიმართულების გამოცემებს დარაჯობდა. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდელი ქართული პრესის ისტორიაში ცალკე უნდა გამოიყოს 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდგომი პერიოდი, როდესაც გაუქმდა ცენზურა და ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს შესაძლებლობა მიეცათ ეწერათ და გამოექვეყნებინათ რაც სურდათ. ამ დროიდან ბეჭდვით სიტყვაზე, ისე როგორც გამოხატვის თავისუფლებაზე, აღარავითარი შეზღუდვა აღარ არსებობდა.

- რა შეიცვალა 1918 წლიდან, როგორი მიდგომა ჰქონდა სოციალ-დემოკრატიულ მთავრობას პრესის მიმართ? იყო თუ არა იმ დროინდელი ქართული პრესა ისეთივე განვითარებული და ევროპული სტანდარტის, როგორც მაგალითად ხელოვნება ან პოლიტიკური სფერო?

თავისუფლების ხარისხით და შინაარსით პრესა არ ჩამოუვარდებოდა სხვა სფეროებს. ცალკე საკითხია, რომ პოლიგრაფიული ხარისხი დაბალი იყო, არ ვარგოდა ქაღალდი და სტამბაც ძველი იყო. ქაღალდი აქ არც იწარმოებოდა, შემოჰქონდათ. ამიტომ, ზოგჯერ ყოფილა, რომ არასაკმარისი მასალის გამო ჩავარდნილა ნომრები. მაგრამ პუბლიკაციებს რაც შეეხება, ხარისხით, დონით, ძალიან კარგი იყო. ხშირად იწერებოდა ძალიან საინტერესო ანალიტიკური სტატიებიც, რომლებსაც ძირითადად ევროპაში განათლება მიღებული პუბლიცისტები წერდნენ. გამოცემებიც მრავალფეროვანი იყო. სახელმწიფოს მხოლოდ ერთი გაზეთი ჰქონდა, ეს იყო ოფიციოზი - „საქართველოს რესპუბლიკა.“ დანარჩენი ან პარტიული გაზეთები იყო, ან პროფესიული და თვითმმართველობის გამოცემები.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული იყო პრესის სრული თავისუფლება ყველა მეტ-ნაკლებად გავლენიან პოლიტიკურ ძალას თავისი გაზეთი ჰქონდა. მაგალითად, ,,საქართველო“ (ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას), ,,სახალხო საქმე“ (ფედერალისტთა პარტიას), ,,შრომა“ (ესერთა პარტიას). მმართველი სოციალ-დემოკრატიის მთავარი ბეჭდვითი ორგანო იყო გაზეთი ,,ერთობა“.

დაშვებული თავისუფლების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს შეეძლო დაეხურა ნებისმიერ ბეჭდვითი ორგანო, საქართველოს საზღვრებიდან გაეძევებინა ან დაეპატიმრებინა ყოველი პირი, რომელიც თავისი მოქმედებით ზიანს აყენებდა საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებს, მის მთლიანობას ან სიტყვით თუ წერილობით აგიტაციას ეწეოდა რესპუბლიკის წინააღმდეგ.



განსაკუთრებით მტრულად ბოლშევიკები იყვნენ განწყობილი სახელმწიფოსადმი, ისინი არ სცნობდნენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, სეპარატისტულ მოძრაობებს ახალისებდნენ, აჯანყებებს გეგმავდნენ, ამიტომ მათ პრესას ყველაზე ხშირად ჰქონდა პრობლემები მთავრობასთან. თუმცა, მსგავსი მიზეზებით შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით, ბოლშევიკური გამოცემების გარდა, სხვადასხვა დროს დროებით დაუხურავთ გაზეთები ,,Новости дня“, ,,Тифлисская газета“, ,,საქართველო“, ,,სალი კლდე“ და სხვ. 1920 წლის 7 მაისს, რუსეთთან ხელშეკრულება გაფორმდა და რუსეთმა აღიარა საქართველო, ერთ-ერთი პუნქტი ამ საზავო ხელშეკრულების ბოლშევიკური პრესის ლეგალიზაცია იყო. ამის მერე მათი გამოცემები აღარ იდევნებოდა, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის მაინც ყველა ისჯებოდა.

- რა მოლოდინი იყო დამოუკიდებლობის გამოცხადების წინა პერიოდში პრესაში? რამდენადაც ვიცი, ბოლო დღემდე ამ თემაზე სტატიები თითქმის არ იწერებოდა...

1910-იან წლებში საქართველოს თავისუფლების საკითხებზე შეფარვით წერდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პრესა: ჟურნალები „ერი“, „კლდე“ და გაზეთები „სამშობლო“ და საქართველო“. 1913-1914 წლებში ჟენევაში გამოდიოდა ქართული ჟურნალი ,,თავისუფალი საქართველო“, რომელიც პირდაპირ აყენებდა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს.

საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების წინა პერიოდში დროდადრო ქვეყნდებოდა პუბლიკაციები, რომლებიც გამსჭვალული იყო დამოუკიდებლობის სულისკვეთებით, მაგრამ კონკრეტულად დამოუკიდებლობის აღდგენაზე პრესა არ წერდა.

1917 წელს, როდესაც რუსეთში დროებითი მთავრობა შეიქმნა, გამოცხადდა, რომ მოიწვევდნენ რუსეთის დამფუძნებელ კრებას და ის კრება გადაწყვეტდა შემდგომ რუსეთის და მასში შემავალი ქვეყნების ბედს. ამიტომ არავინ არსად გარბოდა, ყველა ელოდებოდა ამ კრების გადაწყვეტილებას. ყველაზე რადიკალურები მაშინ ეროვნულ-დემოკრატები იყვნენ და მათ გაზეთზე ეწერა „თავისუფალი საქართველო თავისუფალ რუსეთში“, ანუ ისინიც კი ავტონომიას სჯერდებოდნენ ჯერ, რადგან თუ რუსეთი დემოკრატიული გახდებოდა, ეს ავტონომიაც საკმაოდ მაღალი ხარისხის იქნებოდა: შინაგან საქმეებში არავინ ჩაერეოდა და საგარეო უსაფრთხოებას რუსეთის ჯარი დაიცავდა.

თუმცა ვითარება კიდევ უფრო უკეთესად წარიმართა, საბოლოოდ 1918 წლის აპრილში ამიერკავკასიის სეიმი რუსეთს გამოეყო და შეიქმნა ამიერკავკასიის ფედერაციულ-დემოკრატიული რესპუბლიკა. ანუ 3 ერი გაერთიანდა ერთ სახელმწიფოში. საქართველოს ცალკე გამოყოფაზე ვიღაცები ფიქრობდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ პრესაში ამაზე არ იწერებოდა, ჯერ არ იყო დადასტურებული ყველაფერი და თან ბევრი საფრთხე იყო. რუსის ჯარი, ფრონტი მოშლილი იყო და რამე რომ ყოფილიყო, ისინი უკვე ეშელონებად კი არა, მოროდიორებად წამოვიდოდნენ საქართველოში, ბოლშევიკებიც ცდილობდნენ ეს ჯარი გამოყენებინათ და აქ გადატრიალება მოეწყოთ. რთული სიტუაცია იყო. ის კი არა, 25 მაისსაც არსად ეწერა, ხვალ დამოუკიდებლობას ვაცხადებთო. უკვე 26-დან, რა თქმა უნდა, როგორც მთელს ქვეყანაში, ისე პრესაშიც დიდი ზეიმია.

- რა თემები იყო აქტუალური 1918-1921 წლების ქართულ გამოცემებში?

- 1918-1921 წწ. ქართულ პერიოდულ პრესას რაიმე გამოკვეთილი დომინანტური დისკურსი არ გააჩნდა. პრიორიტეტული იყო სახელმწიფოებრივი მშენებლობის პრობლემები, ახლად შექმნილი სახელმწიფოს წინაშე წამოჭრილი საშინაო თუ საგარეო გამოწვევები.

- ვინ იყვნენ იმ პერიოდში გამორჩეული ავტორები და რა გავლენა ჰქონდათ მათ და ზოგადად პრესას საზოგადოებრივ აზრზე?

დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში თითქმის ყველა გამოცემას ჰყავდა თავისი გამორჩეული პუბლიცისტები. ასეთები იყვნენ მაგალითად: გერონტი ქიქოძე და შალვა ამირეჯიბი (ეროვნულ-დემოკრატები), სამსონ ფირცხალავა, სამსონ დადიანი, არჩილ ჯაჯანაშვილი (სოციალისტ-ფედერალისტები), ლეო შენგელაია (ესერი) და სხვ. ისინი წერდნენ ყველა იმ მნიშვნელოვან საკიხებზე, რაც იმ დროს ქვეყანაში აქტუალური იყო. პრესა იყო საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება.

ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ