არაზუსტი ინფორმაცია
კატეგორია: ეთიკა
“კვლევის თანახმად, თბილისში ყველაზე ხშირად რადიო „პალიტრის“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენენ” - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, Interpressnews-ის ამ სტატიაში დაირღვა ქარტიის მესამე პრინციპი, რომლის მიხედვითაც, “ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები”.

სადავო ჟურნალისტური მასალის მიხედვით, IPR & Analytical Center-მა 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში რადიოს აუდიტორიის კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე მეტმა (21.2%) თქვა, რომ რადიო “პალიტრის” საინფორმაციო გამოშვებას ყველაზე ხშირად უსმენს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, მესამე პრინციპი დაირღვა, რადგან მიიჩქმალა ფაქტი, რომ აღნიშნული კვლევა თავად “კვირის პალიტრის” ბალანსზე არსებულმა ქოლ ცენტრმა ჩაატარა:

“სტატიაში კვლევის განმახორციელებლად მითითებული იყო IPR & Analytical Center, რომელიც მოპასუხის განმარტებით, ცენტრის საფირმო სახელწოდებაა. ინფორმაციის ამგვარად გავრცელებით, რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს კვლევა არა თავად “პალიტრის“ ჰოლდინგმა, არამედ სხვა, მიუკერძოებელმა კომპანიამ ჩაატარა. ამ მნიშნელოვანი ფაქტის მიჩქმალვა, არასწორ აღქმას იწვევდა მკითხველში” - აღნიშნულია განცხადებაში.

განმცხადებელი, სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთი” მესამე პრინციპის (მიჩქმალვის) გარდა, სადავოდ პირველ პრინციპსაც (სიზუსტე) ხდიდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ამგვარი კვლევა საერთოდ არ ჩატარებულა. თუმცა საბჭომ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა არ დაადგინა - მოპასუხე ანა მარშანიამ წარმოადგინა კვლევის ჩატარების მტკიცებულებები და მიუთითა, რომ კვლევა ჩაატარა შპს "კვირის პალიტრის“ ბალანსზე არსებულმა ცენტრმა: “რა თქმა უნდა საბჭო აფასებს იმას, ჩატარდა თუ არა კვლევა და არა იმას, თუ რამდენად სანდო ან სწორია კვლევის მეთოდოლოგია, შედეგები და ა.შ”, - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.
კატეგორია: ეთიკა
მედიასაშუალებების ნაწილმა აუდიტის სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო". სიახლეებში თავდაპირველად, არ ყოფილა დაკონკრეტებული, რომელ ვაქცინაზე იყო საუბარი. ეს მნიშვნელოვანი დეტალი სიახლეების გავრცელების მომენტში მედიისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა, რადგან კონკრეტული ვაქცინა აუდიტის სამსახურსაც არ აღუნიშნავს გამოქვეყნებულ დოკუმენტში. მიუხედავად ამისა, სიახლეების დიდ ნაწილს თან ბავშვების ფოტოები ერთვოდა, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ კონკრეტული ვაქცინა ბავშვებისთვის განკუთვნილ, გეგმიურ-პროფილაქტიკური იმუნიზაციის პროგრამაში შედიოდა.

მოგვიანებით, საკითხზე კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმაც და გაირკვა, რომ საუბარი იყო ცოფის ვაქცინაზე, რომელიც არ შედის ბავშვების გეგმიურ-პროფილაქტიკური იმუნიზაციის პროგრამაში შემავალი ვაქცინების სიაში. მედიის ნაწილმა თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია წაშალა, თუმცა ვებგვერდების ნაწილზე ამგვარი არასწორი, შეცდომაში შემყვანი სიახლე, ბავშვების ფოტოებით კვლავაც იძებნება. გარდა ამისა, ამ სიახლეს მოჰყვა არაერთი უფრო ვრცელი მასალაც, ზოგადად იმუნიზაციის შესახებ. „არასწორმა აცრამ შეიძლება ინვალიდად მაქციოს?“ - ასეთია ერთ-ერთი მასალის სათაური. მართალია, თავად სტატიაში საუბარია იმუნიზაციის დადებით მხარეებზე და აღნიშნულია, რომ საზოგადოების ნაწილის შიშები უსაფუძვლოა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მედიასაშუალებებმა ამგვარი სენსიტიური საკითხების გაშუქებისას, მასალებს შეურჩიონ ზუსტი, ეთიკური, არაანგაჟირებული სათაურები.

აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ბუნდოვანი ინფორმაცია მედიასაშუალებებმა ისე გაავრცელეს, რომ არ დაჰკავშირებიან არც აუდიტის სამსახურს და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, იმის დასაზუსტებლად, თუ რა ვაქცინაზე იყო საუბარი. აუდიტის სამსახურის ბუნდოვანი ინფორმაციის მედიის მიერ პირდაპირ, გადაუმოწმებლად და დაზუსტების გარეშე გავრცელებამ მშობლებში გამოიწვია უსაფუძვლო შიში და პანიკა, რაც კარგად ჩანდა სოციალურ ქსელებსა და სტატიების კომენტარების ველში მათ მიერ გაკეთებული კომენტარებიდანაც. საკითხის სენსიტიურობა იზრდება მითუფრო იმ ფონზე, რომ ბავშვთა სავალდებულო იმუნიზაციის პროგრამის „საფრთხეებზე“ ხშირად, ყოველგვარი სერიოზული არგუმენტის გარეშე სპეკულირებს სხვადასხვა საეჭვო რეპუტაციის მქონე მედიასაშუალება თუ საიტი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, რომ აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გაშუქებისას, მედიას ოპერატიულობაზე უფრო მეტად, ყურადღება ამბის დაზუსტებასა და გადამოწმებაზე გაემახვილებინა.
კატეგორია: ეთიკა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 27 დეკემბერს იმსჯელა მწერალთა ჯგუფის მიერ, ზვიად რატიანის საქმის გაშუქებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ შეტანილ საქმეზე და ეთიკის ქარტიის ორი პრინციპის - სიზუსტის და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი დღეს გამოქვეყნდა.

სადავო მასალა ეხებოდა პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს ვებსაიტზე გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეო კადრები, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანი იყო ასახული. სადავო გახდა არა მხოლოდ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეომასალა, არამედ ამ თემაზე იმავე დღეს, საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტიც.

სიზუსტის პრინციპის დარღვევა

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ „მაომბეში“ ამ თემის ამგვარად გაშუქებით, მაუწყებელმა არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას, მიეღო სრული და ამომწურავი ინფორმაცია: “მაყურებელს არ მიეწოდა ყველა იმ გარემოების შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეცვლიდა ან/და სრულყოფდა მის აღქმას და წარმოდგენას ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით, რითიც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი“ - ვკითხულობთ საბჭოს გადაწყვეტილებაში.

საბჭო გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამ თემის გაშუქებისას, მიჰყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგს: „ამბის ამ კონტექსტით გაშუქება სრულად შეესაბამებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას და საერთოდ უგულებელყოფდა მედიის, როგორც მეთვალყურის [watchdog] როლს, რომელსაც სრულად და ამომწურავად უნდა მიეწოდებინა მაყურებლისათვის ის ინფორმაცია, რომლის გამოც ზვიად რატიანის დაკავება რეზონანსულ საქმედ იქცა“.

საბჭომ მიიჩნია, რომ ამ მასალით, მაყურებელმა ვერ მიიღო ამბის მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, საბჭო აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აუდიტორიას არ უთხრა, რომ:

1. ზვიად რატიანის თქმით, მას რამდენიმე საათის განმავლობაში აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

2. საბჭოს მოკვლეული მასალებით დგინდება, რომ შსს-ს განცხადებით რატიანი შეაჩერეს საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, პოლიციის შესახებ კანონით (24-ე მუხლის მე-5 პუნქტი) და შს მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის # MIA 3 17 00000604ბრძანებით, საპოლიციო კონტროლში მონაწილე პოლიციელი ვალდებული იყო ჩართული ვიდეო კამერით განეხორციელებინა ყველა ქმედება. აქედან გამომდინარე კანონის დაცვით თუ მოქმედებდა პოლიცია, უნდა არსებობდეს რატიანის შეჩერება-დაკავების სრული ვიდეო ჩანაწერი, რომლის გასაჯაროებასაც რატიანის მხარე თავიდანვე ითხოვდა. თუმცა, შსს-ს არც სასამართლოზე და არც საჯაროდ ასეთი ჩანაწერი არ წარმოუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საინტერესო, მნიშვნელოვანი დეტალი პროცესზეც ითქვა და „მოამბის“ მასალაშიც ახსენა რატიანის ადვოკატმა, მაუწყებლის ჟურნალისტს ამ ფაქტის გადამოწმება და შედეგების მაყურებლამდე მიტანა არ უცდია. ამისთვის ყველაზე მარტივი გზა იყო ნებისმიერი კვალიფიციური იურისტისთვის დაესვათ ერთი შეკითხვა, კანონით ვალდებული იყო თუ არა პოლიცია საპოლიციო კონტროლისას რატიანის დაკავების სრული ვიდეო ჩაწერა ეწარმოებინა და მისი კომენტარი მიეწოდებინა მაყურებლისთვის. უფრო მეტი სიზუსტისთვის შსს-სთვის დაესვათ შეკითხვა (ჰქონოდათ მცდელობა მაინც), კანონით აუცილებელი დაკავების სრული ვიდეო ჩანაწერი გააჩნდა თუ არა სამინისტროს. ამ კითხვებზე პასუხით საზოგადოება მიიღებდა გაცილებით ზუსტ ინფორმაციას.

3. სასამართლო პროცესზე რატიანის ადვოკატის მიერ წარდგენილო იყო სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდებოდა ზვიად რატიანის სხეულზე დაზიანებების არსებობა, რაც სავარაუდოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ყოფნისას მიიღო რატიანმა. ამის შესახებ სიუჟეტში არ თქმულა.

4. სიზუსტის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი იყო "მოამბის" ჟურნალისტს საზოგადოებისთვის ეცნობებინა, რომ სასამართლოზე გამოქვეყნებული ინფორმაციით რატიანი პოლიციელების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა რამდენიმე საათის (დაახლოებით 3 საათის) განმავლობაში. სასამართლოზე შსს-ს მიერ წარდგენილი ვიდეო მასალა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, იყო ფრაგმენტული, დამონტაჟებული და არ ასახავდა პოლიციელების განკარგულებაში ყოფნის სრულ დროს და სურათს. ამ დამატებითი ფაქტების მაყურებელისთვის მიწოდებით შესაძლებელი იქნებოდა სრული კონტექსტით ჩვენება, რომ ჩანაწერი იყო ერთი დაინტერესებული მხარის მიერ გადაღებულ-დამონტაჟებული და არ ასახავდა სრულ სურათს. გავრცელებული ვიდეომასალიდან, რომელიც მხოლოდ მოქალაქე რატიანის აგრესიულ ქმედებებს და პოლიციელთა "სანიმუშო" ქცევებს ასახავდა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ აგრესიული მოქალაქე პოლიციელებს შეურაცხყოფას უმიზეზოდ აყენებს, თუმცა რატიანის საუბრის ფრაგმენტები მიანიშნებს, რომ მისი აგრესია პოლიციელების ქმედებებმა გამოიწვია, ეს სავარაუდო ქმედებები კი შსს-ს მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეომასალაში არ ჩანს.

5.მიუხედავად ზემოაღნიშნული საეჭვო გარემოებებისა, ჟურნალისტი პროცესის რამდენიმე მონაწილის და ზვიად რატიანის ადვოკატის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. ჟურნალისტი ადვოკატზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჩანაწერი არ იყო უწყვეტი და არ უნდა დართოდა საქმეს მტკიცებულებად. ეს კი არ არის საკმარისი. ჟურნალისტი, რომელიც სასამართლოს დარბაზიდან რეპორტაჟს გვთავაზობს, თავად უნდა აღწერდეს, მაქსიმალურად ზუსტად და მიუკერძოებლად ფაქტებს. კერძოდ, თუ ჟურნალისტმა პროცესზე მოისმინა, დარწმუნდა, რომ პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში ყოფნის მხოლოდ რამდენიმე წუთის მასალა წარადგინა შსს-მ, უნდა ეთქვა მაყურებლისთვის. ასევე, ჟურნალისტს კრიტიკული კითხვები უნდა დაესვა სამინისტროს წარმომადგენლისთვის, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა. თუ შსს-ს წარმომადგენელმა კომენტარზე უარი თქვა, ესეც უნდა ეცნობებინა მაყურებლისთვის.

6.კითხვები, რომლებიც მასალაში არ დასვა ჟურნალისტმა: 1. რატომ არ იყო ვიდეო სამხრე კამერით გადაღებული? 2. რამდენად კანონიერია პოლიციის მხრიდან ტელეფონით ასეთი ფაქტის ფრაგმენტულად გადაღება? 3. არსებობდა თუ არა რატიანსა და პოლიციას შორის მომხდარი ინციდენტის სრული ჩანაწერი? 4. იყო თუ არა სასამართლოში წარმოდგენილი ვიდეომასალა დამონტაჟებული, ფრაგმენტული? 5. მართლაც ჰქონდა თუ არა დაზიანებები რატიანს, როგორც ეს სასამართლოზე დაცვის მხარემ განაცხადა და ჩაუტარდა თუ არა მას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა? 6. არსებობდა თუ არა იმის რაიმე მტკიცებულება, რომ ინციდენტი რატიანმა დაიწყო და არა პოლიციელებმა და ა.შ. ამ და სხვა კითხვების დასმის შემთხვევაში, ჟურნალისტს შეეძლო საზოგადოებისთვის უფრო ზუსტი და დაბალანსებული ამბავი მიეწოდებინა.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე ვიდეოს გამოქვეყნებას, საბჭო აღნიშნავს, რომ ვიდეოს არ ახლდა განმარტებები: რა ტექნიკური საშუალებით და რამდენად კანონიერად გადაიღეს პოლიციელებმა ვიდეო. არ თქმულა, რომ მასალა იყო დამონტაჟებული, ფრაგმენტული და სრულად არ ასახავდა პოლიციასთან რატიანის კონფლიქტს. არ აღნიშნულა, რომ ეს რამდენიმე წუთიანი ვიდეო ბევრ კითხვას აჩენს, როცა რატიანი პოლიციაში რამდენიმე საათი ჰყავდათ, ვიდეოს დასაწყისში ან/და დასასრულს არ იყო რატიანის ან/და მისი წარმომადგენლის კომენტარი ამ ვიდეოსთან დაკავშირებით. ვიდეოში ან/და ტექსტში არ ყოფილა მითითებული თუ რა პოზიცია ჰქონდა ამ ვიდეოსთან დაკავშირებით რატიანის მხარეს: “მართალია, მისი ადვოკატის პოზიცია პირველი არხის სხვა მედია პროდუქტში იყო ასახული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სიზუსტის უზრუნველსაყოფად, მით უფრო, როცა ეს ვიდეო სწრაფად გავრცელდა და სოციალურ ქსელში, საძიებო სისტემებში როგორც ცალკე მედია პროდუქტი იძებნებოდა. ამ მასალას თან არ ერთვოდა სხვა დროს ამავე ვებსაიტზე გამოქვეყნებული რატიანის მხარის განმარტებების ამსახველი მასალა, შესაბამისად სპეციალური ძებნის გარეშე სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის პოზიციის გაცნობა შეუძლებელი იყო. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირმა აღნიშნული ვიდეომასალის ამ ფორმით გავრცელებით ვერ უზრუნველყო საზოგადოებამდე მაქსიმალურად დაზუსტებული ინფორმაციის მიტანა და დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი“.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა

ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ გავრცელებული ვიდეო ცალსახად შეიცავს ზვიად რატიანის პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ „რატიანის საქმე“ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი. საბჭო გადაწყვეტილებაში მსჯელობას, რამდენად არსებობდა საჯარო ინტერესი იმ ინფორმაციის მიმართ, რასაც აუდიტორია გავრცელებული ვიდეოდან იღებდა და ასკვნის:

„საზოგადოებამ მხოლოდ ის გაიგო, რომ “მთვრალი რატიანი პოლიციას აგინებდა”. ეს ინფორმაცია თავად ზვიად რატიანმა არაერთხელ საჯაროდ თქვა. მათ შორის სასამართლო პროცესზეც განაცხადა, რომ იგი იყო ნასვამი და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ამ განცხადების დამადასტურებელი არაერთი ბმულიიძებნება ინტერნეტში.შესაბამისად, ვიდეო მასალის გასაჯაროებით საზოგადოებას საქმის გარემოებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაცია არ მიუღია გარდა იმისა, რაზეც თავად რატიანი მიუთითებდა და ისედაც დადასტურებული ფაქტი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოების ემოციებზე ზემოქმედებისა და შსს-ს რეპუტაციის გაკეთილშობილების გარდა, ვიდეო მასალის გავრცელებას არ გააჩნდა არავითარი ობიექტური მიზანი ან და საფუძველი“.

საბჭომ ასევე იმსჯელა ვიდეო მასალის იმ ნაწილის გასაჯაროებაზეც, რომლის ნახვის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ ზვიად რატიანი ასევე შეურაცხმყოფელ ტერმინს იყენებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართ: “საქართველოში, სადაც პატრიარქის პიროვნების მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის განსაკუთრებული პატივისცემა არსებობს, მსგავსი მასალის გამოქვეყნება პირდაპირი და რეალური საფრთხის შემცველია - ზვიად რატიანი შეიძლება გახდეს ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. ამის დასადასტურებლად საკმარისია ის მუქარის შემცველი კომენტარები, რომელიც ვიდეო მასალას სოციალურ ქსელებში მოჰყვა. მედიის მხრიდან ამ მასალის გავრცელება სრულიად უპასუხისმგებლო საქციელია, მეტიც, პროვოცირებას უწევს ძალადობას. ამასთან, ზვიად რატიანის პიროვნული და მიზანმიმართული დისკრედიტაციის გარდა სხვა არავითარ ღირებულ ინფორმაციას არ შეიცავს“ - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
კატეგორია: ეთიკა
23 ოქტომბრის 9 საათიან „კურიერში“ სოფელ შილდაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ სიუჟეტი გავიდა. მასალაში როგორც წამყვანმა, ისე ავტორმა მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ 24 წლის გოგონას თავი არ მოუკლავს, ის აწამეს, შემდეგ კი მკვლელობის ინსცენირება მოხდა. გარდაცვლილის მეუღლე და მეზობლები ვარაუდობენ, რომ ის მაზლმა მოკლა. სიუჟეტიც სწორედ ამ ვარაუდებზე დაყრდნობით იყო მომზადებული.

„სუიციდის ინსცენირებამდე კი ეკა ნაქევხრიშვილი სასტიკად აწამეს. ახალგაზრდა გოგოს მეუღლე ყვება, რომ მის ცოლს, მაზლთან ერთად, სულ მცირე ორი ადამიანი გაუსწორდა“ - ამბობს წამყვანი შესავალ ტექსტში.

„გოგონა გასულ კვირას საქონლის სადგომში ჩამომხრჩვალი იპოვეს, თუმცა ახლა ირკვევა, რომ სუიციდის ინსცენირება მოხდა, რეალურად გოგონა ჯერ სამმა მამაკაცმა აწამა, შემდეგ მოკლა“ - იმეორებს სიუჟეტის ავტორიც და გარდაცვლილის მეუღლის ინტერვიუს გვთავაზობს, სადაც ის მკვლელობას თავის ძმას აბრალებს. მეზობლებისა და გარდაცვლილის მეუღლის ვარაუდების გარდა, სხვა არც ერთი სარწმუნო წყარო ან ინფორმაცია მასალაში მოცემული არ არის. როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, თვითმკვლელობა სცადა გოგონას მაზლმაც და ის ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. სამართალდამცავები კი საქმეს არა განზრახ მკვლელობის, არამედ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებენ.

კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში აღნიშნულია:

4.1. პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.

4.2. მედიამ არ უნდა მოიხსენიოს პირი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.

4.5. ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ. შესაბამისად, მედიას უნდა ესმოდეს ის რისკი, რასაც ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს.

4.6. მედიამ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.
კატეგორია: ეთიკა
20 ოქტომბრის „რუსთავი 2-ის“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში IDFI-ს მიერ, თბილისის მერიასა და საკრებულოში გაწეული ხარჯების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები გაგვაცნეს. მონაცემები გრაფიკულად იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთ მათგანზე საკრებულოს მიერ საწვავის მოხმარების ხარჯები არასწორად იყო ასახული. მიუხედავად იმისა, რომ 2015 და 2016 წელს დახარჯული თანხა უფრო ნაკლებია, ვიდრე 2011 და 2012 წლებში, გრაფიკაზე ისეა მოცემული, თითქოს, ბოლო წლების განმავლობაში ხარჯებმა იმატა.

IDFI-ს კვლევის ანგარიშში ეს მონაცემი ასე გამოიყურება:


ტელეკომპანიას ინფორმაცია არ შეუსწორებია. არაზუსტი გრაფიკის შემცველი მასალა ახლაც იძებნება „რუსთავი 2-ის“ საიტზე. იყო თუ არა გარფიკის აწყობისას დაშვებული შეცდომა ტექნიკური ხასიათის, ეს აუდიტორიისთვის არ განუმარტავთ.

შესწორების სტანდარტის მიხედვით, მედიამ ინფორმაცია ისე უნდა შეასწოროს, რომ ძველი, არაზუსტი მასალა აღარ უნდა იძებნებოდეს მის ვებსაიტზე, ან იმავე მასალას უნდა ჰქონდეს მინიშნება, რომ არაზუსტია.
კატეგორია: ეთიკა
25 სექტემბერს, მედიასაშუალებებში თბილისში, შარტავას ქუჩაზე, გარდაცვლილი კაცის ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ პირი არ გარდაცვლილა და მას რეანიმაციაში საჭირო სამედიცინო პროცედურებს უტარებდნენ. თავდაპირველად გამოქვეყნებული სიახლეებიდან იკვეთებოდა, რომ გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებდა.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ინფორმაცია არაზუსტი იყო, ონლაინმედიის ნაწილმა თავდაპირველად გამოქვეყნებულ მასალაშივე შესწორება შეიტანა და იქვე, შენიშვნის სახით აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია პირის გარდაცვალების შესახებ, სწორი არ იყო. შესაბამისად, ამ გამოცემებში არასწორი ინფორმაცია აღარ იძებნება.

მედიასაშუალებების მეორე ნაწილმა კი ახალი მასალა გამოაქვეყნა, სადაც აზუსტებს, რომ პირი გარდაცვლილი არაა და თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია. თუმცა მათ ვებგვერდებზე ახლაც იძებნება ძველი სიახლეები, რომელიც იტყობინება, რომ ცხედარია ნაპოვნი. მინიშნება იმის შესახებ, რომ ეს ინფორმაცია ძველი და არასწორია, ამ მასალებს არ აქვს.

როგორია ასეთ დროს შესწორების სტანდარტი? საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ ქარტიის მეხუთე მუხლზე (შესწორება) მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც მცდარი იყო, აღარ უნდა იძებნებოდეს ინტერნეტსივრცეში. არსებობს მეორე ვარიანტიც, სტატია შესაძლოა იძებნებოდეს ძველი ფორმით, ახალი მასალის ბმული, რომელიც ასწორებს ძველ სტატიას, აუცილებლად უნდა იყოს ძველშიც მითითებული, რადგან მკითხველს შეეძლოს ზუსტი ინფორმაციის მიღება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მითითება, რომ მასალა ჩასწორებულია, მედიამ აუდიტორიას უნდა აუხსნას, რა და რატომ ჩაასწორა.

ქარტიის მეხუთე მუხლის განმარტებაში ვკითხულობთ: “ამ მუხლით ჟურნალისტები და რედაქტორები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ პატიოსნად განაცხადონ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ და შეასწორონ ის. მიუღებელია შესწორება იმგვარად, რომ თავიდან გაკეთდეს სიუჟეტი ან სტატია, სადაც არაზუსტ ინფორმაციას ჩაენაცვლება ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ იქნება გაცხადებული უკვე დაშვებული შეცდომის შესახებ”.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ბრიტანულმა გაზეთმა Daily Telegraph-მა ბოდიში მოუხადა სტატიაში დასახელებულ ორ პირს, რომლებიც “ისლამისტ აქტივისტებად” მოიხსენია.

სტატიას, რომელიც 2016 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა, ასეთი სათაური ჰქონდა: “მუსლიმი ექსტრემისტების სიცრუის კამპანია - ძირი რომ გამოუთხარონ სახელმწიფოს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ”. სტატიაში ორი ადამიანი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იყო დასახელებული “მუსლიმთა საძმოს” წევრად.

თუმცა, გასულ კვირას, Daily Telegraph-მა ამ სტატიის გამო, ორივე დასახელებულ პირს ბოდიში მოუხადა. ჰარას აჰმედს კი, რომელიც “მუსლიმთა საძმოს” წევრად მოიხსენია, 20 000 გირვანქა სტერლინგიც გადაუხადა. ამ ბრალდებას, ჰარას აჰმედის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევდა. თუმცა, Daily Telegraph-ის ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

Daily Telegraph-ს მსგავსი შემთხვევა ადრეც ჰქონდა. გასულ შემოდგომას, გაზეთმა ბოდიში მოუხადა იფჰატ სმიტს, რომელსაც ასევე “მუსლიმთა საძმოს” წევრობა დააბრალა, რაც სიცრუე აღმოჩნდა.

წყარო: imediaethics
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
CNN-ის სამმა ჟურნალისტმა, 22 ივნისს გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, დონალდ ტრამპის მრჩევლის ენტონი სკარამუჩის რუსულ საინვესტიციო ფონდთან კავშირზე იყო საუბარი, სამსახური დატოვა.

როგორც CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, სკარამუჩი ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა მცირე მასშტაბის რუსული საინვესტიციო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს. როდესაც სკარამუჩის ამ შეხვედრის შესახებ ჰკითხეს, მან თქვა, რომ აქ საეჭვო არაფერი იყო და ეს იყო მხოლოდ გულთბილი, წამიერი მისალმება. მოგვიანებით, CNN-მა აღნიშნული სტატია წაშალა და ბოდიშიც მოიხადა.

“22 ივნისს CNN.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეწერა, რომ ენტონი სკარამუჩის რუსეთან კავშირზე მიმდინარეობდა გამოძიება. აღნიშნული სტატუა არ იყო მომზადებული CNN-ის სარედაქციო სტანდარტების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სტატია ბმულებთან ერთად წაიშალა. CNN ბოდიშს უხდის ბატონ სკარამუჩის”, - დაწერა CNN-მა.

ამის შემდეგ, რეპორტიორმა თომას ფრენკმა, რედაქტორმა ერიც ლიჩტბლაიმ და “CNN Investigates” - ის აღმასრულებლემა რედაქტორმა ლექს ჰარისმა, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს.

Politico-ს ცნობით, სკარამუჩიმ CNN-ის მისამართით უკმაყოფილება გამოთქვა და სასამართლო დავითაც დაიმუქრა.

პარალელურად, BuzzFeed - მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 25 ივნისს, CNN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩ ბრბიერმა თანამშრომლების შემდეგი შინაარსის პირადი შეტყობინება გაუგზავნა: “გამონაკლისების გარეშე! მასალა, რომელშიც რუსეთი ფიგურირებს, ჩემი და ჯეისონის ( რედაქტორი) ნებართვის გარეშე არ გამოქვეყნდეს”.

წყარო: Imediaethics
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა მიმდინარე წლის 22 ივნისს სტატია გამოაქვეყნა ტრამპის მრჩევლისა და გარდამავალი გუნდის წევრის, ენტონი სკარამუჩის შესახებ. კერძოდ, ჟურნალისტური მასალაში წყაროზე დაყრდნობით ეწერა, რომ კონგრესში მიმდინარეობა გამოძიება სკარამუჩისა და რუსული საინვესტიციო ფონდის კავშირების შესახებ. ინფორმაციას CNN-ის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ imediaethics.org ავრცელებს.

როგორც CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, სკარამუჩი ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა მცირე მასშტაბის რუსული საინვესტიციო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს. როდესაც სკარამუჩის ამ შეხვედრის შესახებ ჰკითხეს, მან თქვა, რომ აქ საეჭვო არაფერი იყო და ეს იყო მხოლოდ გულთბილი, წამიერი მისალმება. მოგვიანებით, CNN-მა აღნიშნული სტატია წაშალა და ბოდიშიც მოიხადა.

“22 ივნისს CNN.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც ეწერა, რომ ენტონი სკარამუჩის რუსეთან კავშირზე მიმდინარეობდა გამოძიება. აღნიშნული სტატუა არ იყო მომზადებული CNN-ის სარედაქციო სტანდარტების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სტატია ბმულებთან ერთად წაიშალა. CNN ბოდიშს უხდის ბატონ სკარამუჩის”, - დაწერა CNN-მა.
კატეგორია: ეთიკა
20 მაისს, ორთაჭალაში, შუახნის ქალის მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა მოკლულის ქალიშვილი დააკავეს. მოკლულის ვინაობის შესახებ მედიაში განსხვავებული ვერსიები გამოქვეყნდა. Kvira.ge, intermedia.ge, newpost.ge, presa.ge გარდაცვლილს მარინე მინდორაშვილად მოიხსენიებდა და სტატიების ნაწილში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილი თსუ-ს პროფესორია. საქმის პროკურორის მიერ მედიისთვის მიცემული ინტერვიუდან კი ვიგებთ, რომ მოკლული არა მარინე მინდორაშვილი, არამედ ლამარა მინდორაშვილია,.

მედიაჩეკერს დაუკავშირდა თსუ-ს ასოცირებული პროფესორი მაია (მარინე) მინდორაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მედიის მიერ გარდაცვლილის სახელის არასწორად გავრცელებამ ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან მისი სახელი და გვარი ამ მკვლელობას დაუკავშირდა:

„ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, შეცდომაში შეყვანილია უამრავი ადამიანი. როგორც ჩემთვის ცნობილია, გარდაცვლილი ლამარა მინდორაშვილი აკადემიურ თანამდებობაზე ბოლოს, ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა. ჩემი ვარაუდით, ჟურნალისტმა, რომელმაც პირველმა გაიგო ამ ინციდენტის შესახებ, ყური მოკრა, რომ მოკლულის გვარი იყო მინდორაშვილი და ის ლექტორი იყო, შემდეგ დაგუგლა, და ინტერნეტმა მე ამომაგდო, რადგან აკადემიური საბჭოს წევრი ვარ, ინტერნეტში მრავლად არის ჩემზე ინფორმაცია. გარდა ჩემი სახელის, გვარის და აკადემიური თანამდებობისა, ჩემი CV-დან ამოღებული მონაცემებიც არის ინფორმაციაზე მიბმული. ამიერიდან, ინტერნეტში ეს მკვლელობა ჩემს სახელს დაუკავშირდება, რაც ცხადია, არასასიამოვნო მდგომარეობაში მაყენებს, “ - ამბობს მაია მინდორაშვილი მედიაჩეკერთან საუბრისას.

გარდა ამ ფაქტობრივი შეცდომისა, მედიაში თემის სენსაციურ კონტექსტში გაშუქებაც შეინიშნებოდა. სანამ გამოძიება დეტალებს დაადგენდა, მედიამ ბრალდებულის მკვლელად მოხსენიება მოასწრო და პირის დამნაშავედ ცნობამდე, მტკიცებით ფორმაში წერდა, რომ „ორთაჭალაში შვილმა დედა მოკლა“.

მოგვიანებით კი, იმ ფაქტმა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი ბალერინა აღმოჩნდა, მედიის მიერ მისი პირადი ცხოვრების დეტალებით დაინტერესება და თემის სენსაციურ, სენტიმენტალურ ჭრილში გაშუქება გამოიწვია. რამდენიმე ონლაინ და ბეჭდური გამოცემა ბრალდებულის თანამშრომლებთან და მეზობლებთან არკვევდა, მის პიროვნულ თვისებებს, იმას, თუ რატომ არ ჰყავდა ბრალდებულს შვილები ყოფილ ქმართან. გავიგეთ არა მხოლოდ ყოფილის ქმრის ვინაობა, არამედ ყოფილი მამათილისა და მისი ძმის პროფესიული საქმიანობის დეტალებიც. მედია მეზობლებისგან ცდილობდა მკვლელობის მოტივის გარკვევას.

„რას ყვება დედის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი დედა-შვილის ურთიერთობაზე და ტრაგედიის ღამის შესახებ;“ „დედის მკვლელობით დასრულებული კონფლიქტი - რას ჰყვებიან ბალერინას კოლეგები;“ „ამიერიდან დიდ სცენას ციხის კარები შეცვლის" - რას წერს ლიკა ყაზბეგი ბალერინაზე, რომელიც დედის მკვლელობაშია ბრალდებული,“ - ეს ის ხმაურიანი და სენსაციური სათაურების ნაწილია, რომლებითაც მედიამ ამბავი გააშუქა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში მოცემულია ის რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც მედიის მხრიდან მსგავსი შემთხვევების გაშუქებისას მიზანშეწონილია:

ამბის მეორეხარისხოვანი დეტალების გაშუქების ვნება ქმნის რეალურ საფრთხეს შეიქმნას ბრალდებულების და მათი ახლობლების „დევნის“ პრეცედენტი, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება მხოლოდ ძირითადი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გადამოწმებული ფაქტების გაშუქებით, რაც ამცირებს სპეკულაციებისა და საზოგადოებაში მცდარი შეხედულებების შექმნის საშიშროება

მედიამ არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს.

დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მედიამ არ უნდა მოახდინოს სავარაუდო დამნაშავის, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

მსხვერპლებს აქვთ უფლება, არ იყვნენ იდენტიფიცირებული საჯაროდ. მსხვერპლის სახელის და გვარის ცოდნა როგორც წესი არაფრისმომცემია ხოლმე. სახელის, გვარისა და ფოტოების ჩვენება შესაძლებელია ოჯახის წევრების ან თავად მსხვერპლის ნებართვით.

მედიამ არ უნდა მოიხსენიოს პირი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.

სასამართლო პროცესების გაშუქებისას, დაუშვებელია, მედიაგაშუქებაში იკვეთებოდეს წინასწარგანწყობა ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ.

მედიამ თავი უნდა შეიკავოს დაზარალებულის, ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა ცხოვრებიდან ისეთი დეტალების გასაჯაროვებისგან, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის
კატეგორია: ეთიკა
6 მაისს გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნდა მასალა სათაურით: “თურქეთში რუსი ტურისტები პუტინის გინების გამო ქართველ ტურისტებს უჩივიან”. მასალის სათაური მკითხველს ამბავს ფაქტად სთავაზობს, თუმცა სტატიიდან ირკვევა, რომ მასალა გაზეთმა უკრაინელ ბლოგერზე დაყრდნობით მოამზადა, რომელიც, თავისმხრივ რუსეთის მოქალაქის მონაყოლს ეყრდნობოდა.

“მსგავსი ფაქტები ხდებოდა სხვა რუსი ტურისტული ჯგუფების მიმართაც. უკრაინიდან და საქართველოდან ჩასულმა ტურისტებმა გარდა იმისა, რომ უარი თქვეს მათთან ურთიერთობაზე, შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ,” - წერს “რეზონანსი” უკრაინელ ბლოგერზე დაყრდნობით, რომელიც კიდევ სხვა ადამიანს ეყრდნობა.

“რეზონანსმა” ბლოგერის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის სიზუსტეც არ გადაუმოწმებია, სოციოლოგ რამაზ საყვარელიძეს შეაფასებინა. “რა მოვლენასთან გვაქვს საქმე” - ჟურნალისტმა საყვარელიძეს ამ კითხვით მიმართა, რომელმაც თავისმხრივ, აღნიშნა, რომ მომხდარის ანალიზი რთულია, რადგან სხვა ანალოგიური შემთხვევა არ ახსენდება.
კატეგორია: ეთიკა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილებები გაზეთ „კვირის პალიტრის“ მასალებთან დაკავშირებით. სადავო მასალებზე საბჭომ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო ქარტიის პირველი, ინფორმაციის სიზუსტის, პრინციპი. ქარტიას განცხადებით მომართა სტუდენტურმა გაერთიანებამ „აუდიტორია 115-მა“.

პირველ სტატიაში სათაურით ,,აუდიტორია 115-ის” წევრები გამოცდების გადატანისთვის ყალბ ცნობებს ამზადებდნენ?!“, აღნიშნული იყო, რომ “აუდიტორია 115”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ჩიხლაძემ, ამავე მოძრაობის წევრ თეიმურაზ ბეჟანიძეს დაამზადებინა ყალბი ცნობა, რომელიც თსუ-ში წარადგინა და დოკუმენტის საფუძველზე საგამოცდო თარიღი გადაავადებინა. ჟურნალისტი “სანდო წყაროს“ ეყრდნობოდა.

„წყაროს ცნობით, იმისათვის, რომ გიორგი ჩიხლაძე უკვე გადადებულ გამოცდაზე ისევ არ მისულიყო, მან კვლავ დაამზადებინა თეიმურაზ ბეჟანიძეს ყალბი სამსახურებრივი მივლინების ცნობა“ ,- აღნიშნულია სადავო სტატიაში.

საბჭოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „წყაროს ინფორმაციით თემურ ბეჟანიძეს წარედგინა მძიმე ბრალდება, კერძოდ დოკუმენტის გაყალბება, რაც შეიძლება დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. არ არსებობდა სხვა არც ერთი გარემოება, რომელიც მეტ – ნაკლებად სავარაუდოს გახდიდა, რომ ბეჟანიძეს შეიძლება გაეყალბებინა ცნობები [ბეჟანიძე არ არის ცნობაზე ხელმომწერი პირი, არ ფიგურირებს თავად ცნობის ტექსტში, არ დგინდება თეიმურაზ ბეჟანიძის და იმ კომპანიების კავშირი რომელთა სახელითაც გაიცა ცნობები]. ჟურნალისტს ჰყავს მხოლოდ ერთი კონფიდენციალური წყარო. „ბრალდებულ“ თეიმურაზ ბეჟანიძის კომენტარი რუსუდან შელიას არ მიუღია. ჟურნალისტმა არ გამოიჩინა სათანადო ძალისხმევა, რათა მიეღო ბეჟანიძის პასუხი. ერთი უპასუხო ზარის განხორციელება, როცა ჟურნალისტი აპირებს გაავრცელოს დაუდასტურებელი, სავარაუდო დანაშაულის შემცველი ინფორმაცია პირზე, არ ჩაითვლება ჟურნალისტის მცდელობად გადაემოწმებინა ინფორმაცია. სიმართლეს არ შეესაბამება ჟურნალისტი მიერ მითითებული ფრაზა, რომ: „შეკითხვის დასმის შემდეგ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა სტუდენტმა თეიმურაზ ბეჟანიძემაც“. რამდენჯერმე დაკავშირების მცდელობა არ დასტურდება. ჟურნალისტს არ გამოუყენებია სხვა საშუალებები [მაგ. სოციალური ქსელი], რომ თემურ ბეჟანიძისაგან მიეღო კომენტარი“.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სიზუსტის პრინციპი დაირღვა, რადგან საქმე გვქონდა ლოგიკურად ნაკლებად სარწმუნო, ერთი კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებულ და ამასთან, მძიმე ბრალდების შემცველ ინფორმაციასთან. გარდა ამისა, საბჭო აღნიშნავს, რომ ვერ მოხერხდა ამ ინფორმაციის გადამოწმება, მათ შორის ვერც ამ ბრალდებების ობიექტის კომენტარის მოპოვება, მხოლოდ იმის მითითება, რომ წყაროს მიერ არის ინფორმაცია მიწოდებული და ასეთი სახით მისი გავრცელება, წარმოადგენს პირველი პრინციპის დარღევევას.

სიზუსტის პრინციპის დარღვევა დადგინდა კიდევ ერთ სადავო მსალაში, რომელიც „კვირის პალიტრამ“ შემდეგი სათაურით გამოაქვეყნდა: „როგორი სქემით მოქმედებდა (მოქმედებს) “აუდიტორია 115″ “ბიბლუსის” წინააღმდეგ“. საბჭო მიიჩნევს, რომ სტატიაში მითითებული რიგი გარემოებები უნდა შეფასდეს, როგორც ჟურნალისტის მიერ დადასტურებული ფაქტის სახით გავრცელება, მაშინ როცა ეს ინფორმაცია სტატიაშივე სათანადოდ არ დასტურდება. საბჭოს აზრით, ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში აღნიშნავს, რომ სქემა „მოქმედებდა“/„მოქმედებს“და არ უთითებს, რომ ეს მისი პირადი მოსაზრება ან ვარაუდია.