ბავშვთა საკითხები
კატეგორია: ეთიკა

7 იანვარს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ერთ-ერთი სიუჟეტი არასრულწლოვნებზე 2 იანვარს მომხარ თავდასხმას ეხებოდა, რა დროსაც სამმა მოზარდმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

წამყვანის ტექსტიდან შევიტყეთ, რომ ახალციხეში 30-მდე ახალგაზრდა სამ მეთერთმეტეკლასელს ჯერ ერთ-ერთი არასრულწლოვნის ეზოსთან, შემდეგ კი სხვა ქუჩაზე გაუსწორდა. წამყვანმა განმარტა, რომ ნაცემი ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, რომ ერთი მათგანი ყბი მოტეხილობით კლინიკაში რჩება, მეორეს კი ორივე ხელი მოტეხილი აქვს.

ამის შემდეგ, ამბის თხრობა უკვე სიუჟეტით გრძელდება, სადაც თავდასხმის დროს ორი დაზარალებული ირიბად, კერძოდ ბებიისა და ბაბუის, ასევე მამის სახით არიან იდენტიფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში უშუალოდ არცერთი დაზარალებული ჩანს, ოჯახის წევრების ჩვენებითა და მათი ვინაობის გამჟღავნებით ახლობლებისთვის მათი ამოცნობა მარტივია.

გარდა ამისა, სიუჟეტში ასევე დასახელდა ის ქუჩაც, შესაბამისი ნომრის მითითებით, სადაც მოზარდებს შორის დაპირისპირება გაგრძელდა. ამასთან, ერთ-ერთი დაზარალებული გვარს უშუალოდ ჟურნალისტიც იმეორებს, მეორე დაზარალებულის გვარს კი ოჯახის ადვოკატი ახსენებს.

altამავე თემაზე მასალა 9 იანვარს ერთ-ერთი დაზარალებულის უკვე პირდაპირი იდენტიფიცირებით ახალციხის ტელეკომოპანია მეცხრე არხის ვებგვერდზე,  tv9news.ge-ზეც გამოქვეყნდა. მასალაში სრულად არის მითითებული დაზარალებული არასრულწლოვნის სახელი და გვარი, ასევე მოცემულია ამავე მოზარდის ბებიისა და ბაბუის კომენტარები მათი სახელისა და გვარის ასევე სრულად მითითებით. მასალაში დაბეჭდილია მათი ფოტოებიც.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის “ბავშვთა საკითხების გაშუქების” სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი იდენტიფიცირება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა “ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის”.

“უფრო მეტად ნუღარ მოახდენთ ბავშვის სტიგმატიზებას. თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა - დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან საზოგადოების მიერ გარიყვა”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

კატეგორია: ეთიკა
ვებსაიტებზე: kvirispalitra.ge, palitravideo.ge, qartuliazri.ge, kvira.ge, exclusivenews.ge, euronews.ge და evpatori.ge 10-დან 12 დეკემბერამდე პერიოდში, გავრცელდა იდენტური შინაარსის მასალები ე.წ. საშიშ ინტერნეტ თამაშებზე, სენსაციური სათაურებით. სტატიები, რომლებიც თითქოსდა მშობლებისთვის სიფრთხილისკენ მოწოდებას ისახავს მიზნად, თავად არის საფრთხის შემცველი, რადგან მათში დასახელებულია თამაშის სახელწოდება, აღწერილია გზა, როგორ უნდა ჩაერთო მასში, დართული აქვს ფოტო - სქრინი თამაშიდან და ერთ-ერთ საიტზე გავრცელებულია თამაშის ვიდეოც.

გარდა ამისა, პრობლემურია ისიც, რომ მასალები დაუდასტურებელ ინფორმაციას შეიცავს - მხოლოდ ერთ რესპონდენტზე, ერთ-ერთი მცირეწლოვნის მშობელზე დაყრდნობით არის მომზადებული. მათში არ ჩანს ინფორმაციის სხვა წყაროებთან გადამოწმების მცდელობა.

სტატიები ყველგან “კვირის პალიტრაზე” დაყრდნობით მომზადაა. შინაარსი იდენტურია - მასალაში ნათქვამია, რომ მცირეწლოვნების მშობლებმა კლასის ხელმძღვანელისგან მიიღეს გამაფრთხილებელი შეტყობინება. დამრიგებელი ბავშვების აგრესიულ ქცევას ერთ-ერთ საშიშ ინტერნეტ თამაშს უკავშირებს და ამბობს, რომ თამაშის ბოლოს ბავშვები ე.წ. „ლურჯი ვეშაპის“ მსგავს დავალებებს იღებენ. შემდეგ კი, ერთ-ერთი მშობელი თავისი შვილის ისტორიას ჰყვება და სიფრთხილისკენ მოუწოდებს სხვა მშობლებს.

ავტორი არაერთხელ იმეორებს, რომ თამაში ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, სახელწოდების დასახელებით და ტექნიკური აღწერით, ფაქტობრივად, აუდიტორას ე.წ. “შემზარავ ინტერნეტ თამაშებში” ჩართვის ინსტრუქციას აძლევს. palitravideo.ge აუდიტორიას ვიდეო რგოლსაც სთავაზობს, რომელშიც აღნიშნული თამაშებია ნაჩვენები. “კვირის პალიტრა” კი სტატიის ბოლოს ამბობს, რომ უცხოურმა მედიამ სამი თამაში დაასახელა ბავშვებისთვის ყველაზე საშიშად, წერს სამივე თამაშის დასახელებას და აღწერს შინაარსს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სხვადასხვა პორტალზე ე.წ. საშიშ ინტერნეტ თამაშებზე ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია. მასალები უმეტესად დადასტურებულ ფაქტად გვაწვდის იმას, რაც დაზუსტებული არ არის. მაგალითაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად უარყოფს საქართველოში ასეთი ტიპის თამაშების არსებობას. არც ისაა სადმე დადასტურებული, საქართველოში არასრულწოვნები არიან თუ არა ამგვარ თამაშებთან დაკავშირებული და უკავშირდება თუ არა მოზარდების უცნაური ქცევები და თვითმკვლელობები ინტერნეტს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამბობს, რომ ისეთი მასალების მომზადების დროს, რომელიც არასრულწლოვნებს, ან სუიციდს ეხება, მედიამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინიოს და უპირატესი ინტერესი ყოველთვის ბავშვის უფლებებს მიანიჭოს. “ არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის”, - ვკითხულობთ სახელმძღვანეო წესებში, რომელიც ქარტიას ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე აქვს მომზადებული.
კატეგორია: ეთიკა
საშიშ ინტერნეტ თამაშზე და მოზარდების სუიციდისა  თუ სხეულის დაზიანების ამ თამაშთან დაკავშირების თემაზე, გადაუმოწმებელი და სენსაციური მასალები მედიაში კვლავ პრობლემად რჩება. დღეს, 7 დეკემბერს, ორმა გამოცემამ, "ალიამ" და "რეზონანასმა" ისევ გაავრცელეს ამ თემაზე მასალები, არაზუსტი და სენსაციური სათაურით.

ამბავი 11 წლის გოგოს ეხება, რომელიც მაკრატლით სხეულზე დაზიანებას იყენებს. ალია წერს, რომ "გოგომ სუიციდის მცდელობა გადაიღო ვიდეოზე", რეზონანსი კი ამბობს, რომ გოგო "სასიკვდილო თამაშების მსხვერპლია". ორივე პლატფორმამ ამბავი "რადიო ფორტუნას" მიერ გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით გაავრცელა.

"რადიო ფორტუნას" ვიდეო 1-ელ ნოემბერს აქვს გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ იგივე მასალა "რეზონანსმა" პირველ ნოემბერსაც გამოაქვეყნა, მაშინ გამოცემამ მხოლოდ ვიდეო გამოაქვეყნა, დღეს კი ეს ამბავი თავიდან გაავრცელა, ტექსტად, ვიდეოს გარეშე.

ორივე გამოცემის მიერ გამოქვეყნებული მასალა მხოლოდ ერთ რესპონდენტზე - გოგოს კლასელის მშობელზე დაყრდნობით არის მომზადებული. არასრულწლოვნის დედა ამბობს, რომ ეს ამბავი მან მშობელთა კრებაზე გაიგო, ვიდეო კი ერთ-ერთმა მშობელმა აჩვენა. მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და იმავე სკოლაში ორი მსგავსი შემთხვევა მოსწავლეების სუიციდით დასრულდა. თუმცა ამის დამადასტურებელ ფაქტს არც მშობელი ასახელებს და, როგორც მასალიდან ჩანს, არც ჟურნალისტს უცდია ამბის გადამოწმება და დაზუსტება.

გარდა ამისა, მშობელი ამბობს, რომ არასრულწლოვანი, რომელიც მაკრატლით თვითდაზიანებებს იყენებდა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლია და მან ამის შესახებ მასწავლებლისგან გაიგო. აღნიშნული ინფორმაციაც გადაუმოწმებელი და დაუზუსტებებელია.

იგივე ამბავი, 1-ელ ნოემბერს არაერთი გამოცემის გვერდზე მოხვდა. "rustavi 2-მა" ამბავს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა, ასევე სენსაციური სათაურით - "შოკისმომგვრელი ვიდეო -11 წლის მოზარდმა ბასრი იარაღით ხელები დაისერა, ოჯახი ბავშვის ქმედებას ე.წ. ლურჯ ვეშაპს უკავშირებს". "rustavi 2-ზე" ან "რადიო ფორტუნაზე" დაყრდნობით, ინფორმაცია 1-ელ და 2 ნოემბერს გაავრცელეს სხვა პლატფორმებმაც: newposts.ge, primetime.ge, presa.ge, newsport.ge, akhalitaoba.ge, palitravideo.ge, timenews.ge, dianews.ge და bulvar.ge. მაშინ გამოცემების ნაწილი წერდა, რომ გოგოს ფსიქიკური პრობლემებიც აქვს.

საშიშ ინტერნეტთამაშზე, ე.წ ლურჯ ვეშაპსა და არასრულწლოვნების სუიციდის თემაზე "მედიაჩეკერს" არაერთი მასალა აქვს მომზადებული.


ყველა ამგვარ მასალაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ ისეთი თემის გაშუქებისას, როგორიცაა: მოზარდების პრობლემები, სუიციდი, თვითდაზიანებები და ა.შ. მედიამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

საქართველოს ურნალისტური ეთიკის ქარტიის ვებგვერდზე რამდენიმე სახელმძღვანელო იძებნება, რომელიც ჟურნალისტს ამგვარ თემებზე მუშაობისას დაეხმარება. ასეთებია მაგალითად: ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესები და ასევე, გაიდლაინი სუიციდის გაშუქების შესახებ. ბავშვთა საკითხების გაშუქების გაიდლაინში ნათქვამია, რომ მედიამ უპირატესი ინტერესი ყოველთვის ბავშვს უნდა მიანიჭოს.

"ეცადეთ, არ გამოიყენოთ სოციალური ქსელში არასრულწლოვნის მიერ/შესახებ განთავსებული ფოტოები ან ინფორმაცია, თუ ეს რედაქციულად არ არის დასაბუთებული. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ორმაგი გადამოწმება სჭირდება, რადგან მცდარი ინფორმაციის გავრცელების რისკი უფრო მაღალია", - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში. (შეგახსენებთ, 11 წლის გოგოს შესახებ ვიდეო მედიებმა სოციალური ქსელიდან მოიპოვეს).

ამავე დოკუმენტში, არასრულწლოვანთა სუიციდის ქვეთავში კი ნათქვამია, რომ მედიამ არ უნდა აღწეროს პროცესი: "ზედმეტად დეტალურ აღწერასა და სენსაციაზე ორიენტირებულმა სტატიებმა, რომლებიც ფოკუსირდებიან სუიციდის მსხვერპლთა მიერ გამოყენებულ მეთოდებზე, შესაძლოა სხვებს, ვინც რაიმე ფორმით, საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მოახდენს მსხვერპლთან, ასწავლოს თუ როგორ უნდა გაიმეორონ იგივე ქმედება. არასოდეს მოყვეთ დეტალები და ნუ აჩვენებთ იმ გარემოს, სადაც სუიციდი მოხდა".
კატეგორია: ეთიკა
29 ნოემბერს გამოცემა NewPosts-ზე გამოაქვეყნებულ მასალაში ბულინგის მსხვერპლი 12 წლის გოგოს პირდაპირი იდენტიფიცირება მოხდა. ახალ ამბავს ერთვის არასრულწლოვნის ფოტო და დასახელებულია ის სკოლა, სადაც შემთხვევა ხდება. მასალაში პრობლემურია სათაურიც, რადგან აქცენტირებულია ის მიმართვები, რითაც არასრულწლოვანს აბულინგებენ.

გამოცემამ ახალი ამბავი არასრულწლოვნის დეიდის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსზე დაყრდნობით მოამზადა, ფაქტობრივად, მისი პოსტი გადაიტანა უცვლელად. ფოტოც, რომელიც მასალას დაურთო, ასევე გოგოს დეიდას ჰქონდა გამოქვეყნებული.

12 წლის გოგოს შესახებ ამბავი აქტიურად გავრცელდა რამდენიმე საიტსა [მაგ.: vitube.ge, news media] და სოციალური გვერდის სხვადასხვა ჯგუფში. ამბავს არაერთი კომენტარი მოჰყვა. “რა აქვს ამ ბავშვს მახინჯი”... “ლამაზია და შურთ” - მსგავსი ტიპის კომენტარებს წერენ მომხმარებლები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში რამდენიმე მნიშვნელოვანი დათქმაა, რაც მედიამ ამგვარ შემთხვევებში უნდა გაითვალისწინოს. მათ შორის, უმნიშვნელოვანესია ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, მედიამ უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესს და არ მოამზადოს ისეთი მასალა, რომელიც მისთვის საზიანო იქნება.

“ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნის იდენტიფიცირება, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი, დაუშვებელია, იმის მიუხედავად ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

კიდევ ერთი ჩანაწერი ამბობს, რომ ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები მედიამ უნდა განიხილოს, როგორც უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც საჭიროებს გამოძიებასა და საზოგადოების ყურადღებას. NewPosts-ის მასალაში კი თემა არ არის ფართოდ გაშლილი, არ არის ნაჩვენები პრობლემის სიღრმე და გადაჭრის გზები, ასევე, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს მაგალითად სკოლა, ოჯახი, რა სჭირდება მსხვერპლ ბავშვს და ა.შ.

ამ სახელმძღვანელოს მიხედვით, მედიას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ფოტოს გამოყენებისას: “ეცადეთ, არ გამოიყენოთ სოციალურ ქსელში არასრულწლოვნის მიერ/შესახებ განთავსებული ფოტოები ან ინფორმაცია, თუ ეს რედაქციულად არ არის დასაბუთებული”.
კატეგორია: ეთიკა
6 ნოემბერს, რუსთავი 2-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის არაპირდაპირი იდენტიფიცირება მოხდა. როგორც „კურიერის“ მიერ მომზადებული სიუჟეტიდან ირკვევა, 15 წლის გოგო რამდენიმე თვის წინ ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი იგი სკოლის ადმინისტრაციის, თანასკოლელებისა და ნაცნობების მხირდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. არასრულწლოვანმა ხუთჯერ სცადა თავის მოკვლა.

სიუჟეტში არ მომხდარა არც ძალადობის მსხვერპლის და არც სავარაუდო დამნაშავის პირდაპირი იდენტიფიცირება. ასევე არ მომხდარა მსხვერპლის მშობლისა და დანაშაულის ჩადენის ადგილის იდენტიფიცირება. თუმცა, ჟურნალისტმა სიუჟეტში გამოიყენა სკოლის გარე პერიმეტრის კადრები, შემდეგ კი გამჟღავნდა სკოლის დირექტორის სახელი და გვარი, მისი კომენტარი დაუფარავად გავიდა ეთერში. აღნიშნული შესაძლებელს ხდის, რომ მოხდეს იმ სკოლის იდენტიფიცირება, სადაც ძალადობის მსხვერპლი და როგორც ირკვევა, სავარაუდო დამნაშავე სწავლობენ. აღსანიშნავია, რომ სავარაუდო დამნაშავეც ასევე არასრულწლოვანია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების  სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემდგომი ტრავმის, სტიგმატიზებისა და გარიყვის თავიდან აცილების მიზნით, ძალდობის მსხვერპლი ბავშვი ისე უნდა დაიფაროს, რომ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდეს. იმავე დოკუმენტის მიხედვით, ბავშვის სახის დაფარვა მისი სრულად არაიდენტიფიცირებისთვის საკმარისი არ არის, ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით. ეს ეხება არა მხოლოდ მსხვერპლის საცხოვრებელ გარემოს, არამედ იმ დაწესებულებასაც, სადაც იგი სწავლობს.
კატეგორია: ეთიკა
5 ნოემბერს ქართულ მედიასაშუალებებში არასწრულწლოვანი გოგოს დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ბავშვი თბილისის ერთ-ერთ უბანში დილით სახლიდან გასვლის შემდეგ გაუჩინარდა. ძიების მიზნით დილიდან მშობლებმა დაკარგულის ფოტო, მაიდენტიფიცირებელი დეტალები და ტელეფონის ნომერი გაავრცელეს, რომელიც მედიამაც გამოაქვეყნა. დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის გოგო იპოვეს, ის ჯანმრთელი და უვნებელი იყო. ამ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით (აღარ იძებნებოდეს ინტერნეტში ეს ფაქტი მისი ცხოვრებიდან) რამდენიმე მედიასაშუალებამ მასალა შეასწორა და როგორც ახალ, ისე ძველ მასალაში ბავშვის მაიდენტიფიცირებელი დეტალები ამოიღო, იქვე მიუთითა, რომ სტატია შესწორებულია. ასე მოიქცა ნეტგაზეთი, ლიბერალი და On.ge.

ვებსაიტების ნაწილმა უცვლელი დატოვა და გოგოს პოვნის შემდეგაც მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა, მათ შორისაა:

imedinews.ge, interpressnews.ge, ambebi.ge, fortuna.ge, tabula.ge, 1tv.ge, Primetime.ge, marshalpress.ge, akhalitaoba.ge, kvirispalitra.ge, kvira.ge, itv.ge, palitranews.ge, reginfo.ge, ghn.ge, pia.ge, expressnews.com,  gurianews.com, resonancedaily.com, marneulifm.ge,  presa.ge, nsp.ge, mediamall.ge. palitravideo.ge-მ და rustavi 2.ge-მ კი ის კადრებიც გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს თუ როგორ გადაჰყავთ ნაპოვნი გოგო პოლიციაში.

საქართელოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით, მედია მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები და ზიანის ალბათობა, რაც ბავშვს შეიძლება მასალის გამოქვეყნებით მიადგეს. იმ შემთხვევაში კი, თუ ამას საჭიროება არ მოითხოვს, მოზარდის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ქართული მედიის დიდი ნაწილი კი ასე არ მოიქცა.

ამავე სახელმძღვანელოში ვკითხულობთ:
  • უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭეთ ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის.
  • მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხიმგებლობისგან თავად გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება ამა თუ იმ საკითხზე ბავშვის კომენტარის ჩაწერა, ან ფოტოს გამოქვეყნება. მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს.
კატეგორია: ეთიკა
23 ივნისს კურიერმა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვების მკვლელობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე მსჯავრდებულ და მოწმე არასრულწლოვნებს ჟურნალისტი ინიციალებით მოიხსენიებდა მათი იდენტიფიცირება მაინც შესაძლებელი იყო, რადგან კადრში ნაჩვენებ დოკუმენტებში ერთ ადგილას მათი სახელი და გვარები დაფარული არ ყოფილა, დანარჩენ შემთხვევებში კი ისე იყო გადაფარული, მათი ამოკითხვა ადვილად შესაძლებელი იყო.

რამდენიმე დღის წინ ასევე დაუშტრიხავად აჩვენეს დოკუმენტები იმედის საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკის” დღის ეთერში, თუმცა საღამოს მთავარ სიუჟეტში საქმეში მონაწილე არასრულწლოვანთა სახელები დაფარული იყო.

ბავშვთა საკითხების გაშუქების წესებში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უთითებს, რომ ბრალდებული, მსჯავრდებული ანდა მოწმე არასრულწლოვნები ის კატეგორიაა, რომელიც უპირობოდ დაფარული უნდა იყოს, ვინაიდან ბავშვის ინტერესი აღმატებულია. მნიშვნელოვანია, რომ თუ მაუწყებელი გადაწყვეტს არ გაამჟღავნოს საქმეში მონაწილე პირთა სახელი და გვარი, საკმარისი ძალისხმევა მიმართოს იმისკენ, რომ მათი ამოცნობა შეუძლებელი იყოს.
კატეგორია: ეთიკა
2018 წლის 22 მაისს, “კურიერის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, ერთ-ერთი სიუჟეტი დედის მხრიდან მცირეწლოვან შვილზე ფიზიკურ ძალადობას ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი არასრულწლოვანი იყო და წამყვანმა შესავალ ტექსტში ეს თავადაც ახსენა, სიუჟეტში დასახელდა შემთხვევის ადგილი, დედის ასაკი და ვინაობა.

მასალა სავარუდო მოძალადე დედის კადრით იწყება, რომელიც გადამღებ ჯგუფს სთხოვს, რომ არ გადაუღონ. მიუხედავად ამისა, სიუჟეტში ის ვიზუალურად სრულად იდენტიფიცირებულია. ჟურნალისტისგან ვიგებთ, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, დედა შვილებს ფიზიკურად ხშირად უსწორდება. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა კი, ორი დღის წინ მოხდა და ექვსი წლის ბიჭუნას ცემის კვალი ახლაც ეტყობა.

სიუჟეტიდან ვერ შევიტყეთ, კონკრეტულად რა წყაროსა და ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობდა ჟურნალისტი დედის მხრიდან შვლების ცემის მრავალჯერად შემთხვევებზე, მას ამისთვის დამატებითი ინფორმაცია, რაც მსჯელობას უფრო არგუმენტირებულს და სარწმუნოს გახდიდა, არ წარმოუდგენია.

ჟურნალისტის თქმით, 6 წლის ბავშვის ცემის შესახებ ინფორმაცია აქვთ მეზობლებსაც, რომლებიც ფაქტს ოჯახის სოციალურ მდგომარეობას და დედის მძიმე ემოციურ ფონს უკავშრებენ. ამის საპასუხოდ კი, სიუჟეტში ვხედავთ მეზობლებს, რომლებიც ყვებიან, რომ ის კარგი დედაა და ბავშვს შესაძლოა, განერვიულებულმა დაარტყა. მათ გადაჭრით არც ცემის ფაქტი დაუდასტურებიათ, არც მის სოციალურ მდომარეობასა და მით უფრო, არც დედის ემოციურ ფონზე გაუმახვილებიათ ყურადღება. ერთ-ერთმა მათგანმა კი შვილებზე დედის მხრიდან სისტემატური ძალადობის ფაქტი კატეგორიულად გამორიცხა.

სიუჟეტში მოვისმინეთ სოციალური სააგენტოს წარმომადგენლის კომენტარიც, რომელიც განმარტავს, რომ აღნიშნული ქალბატონის მხრიდან შვილებზე შესაძლო ძალადობის შესახებ მათთნ შესული ეს პირველი განცხადებაა და რომ დედას დადებითად ახასიათებენ, როგორც მეზობლები, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოც.

მასალიდან გაუგებარი დარჩა, რა დამატებითი ინფორმაციული ღირებულება და კავშირი ჰქონდა მომხდართან ჟურნლისტის მხრიდან იმის ხაზგასმას, რომ სავარაუდო მოძალადე დედას შვილები პირველი ქორწინებიდან ჰყავს და მას მეორე ოჯახი ერთი წლის წინ დაენგრა. ასევე, რა აუცილებელ პირობას წარმოადგენდა სიუჟეტში იმის გამოკვეთა, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია. აღნიშნულმა, მომხდარში დეტალურად გარკვევის ნაცვლად, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ძალადობის მაღალი რისკის შესახებ საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები კიდევ უფრო გააღრმავა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემდგომი ტრავმის, სტიგმატიზებისა და გარიყვის თავიდან აცილების მიზნით ძალდობის მსხვერპლი ბავშვი ისე უნდა დაიფაროს, რომ მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდეს. იმავე დოკუმენტის მიხედვით, ბავშვის სახის დაფარვა მისი სრულად არაიდენტიფიცირე­ბისთვის საკმარისი არ არის, ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით. მიუხედავად იმისა, რომ “კურიერის” სიუჟეტში ძალადობის მსხვერპლი ბავშვი დაფარული იყო, სხვა დეტალების გამჟღავნებით, დედის ჩვენებით, იდენტიფიცირება მარტივად იყო შესაძლებელი.

კატეგორია: ეთიკა
ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ „რუსთავი 2-ის“ გადაცემის „შაბათის კურიერში“ გასული სიუჟეტის გამო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. მასალა, ეხება 15 წლის გოგონას, რომელიც პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

სადავო სიუჟეტი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერის“ ეთერში 31 მარტს გავიდა.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალაში ჟურნალისტებმა ვერ უზრუნველყვეს არასრულწლოვანის კონფიდენციალურობის სრული დაცვა. ამის გამო, მოხერხდა გოგონას ამოცნობა, იგი თანატოლებისგან ჩაგვრის მსხვერპლი გახდა და თვითმკვლელობა სცადა.

ორგანიზაციის პოზიციით, ჟურნალისტმა ვერ შეაფასა მოსალოდნელი საფრთხე, რომელსაც ძალადობის ფაქტის გაშუქებით უქმნიდა მოზარდს. განცხადების მიხედვით, გადაცემის „შაბათის კურიერის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა ამ სიუჟეტში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 პრინციპი დაარღვიეს.

ქარტიის მე-8 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის“.

„ჟურნალისტს უნდა ეხმარა ყველა ღონე, რათა დაეფარა ყველა ის დეტალი, რაც გოგონას იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა და თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი საფრთხე“, - ნათქვამია განცხადებაში.
კატეგორია: ეთიკა
6 თებერვალს ობიექტივის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ხაშურში მცხოვრები 9 სულიანი ოჯახის სოციალურ პრობლემებზე მოგვითხრობს. მასალაში არასრულწლოვნების ისტორია სენტიმენტალურ და სენსაციურ ჭრილშია გაშუქებული, თავად ბავშვები კი ქველმოქმედებისა და მოწყალების მიმღებ ობიექტებად არიან წარმოჩენილნი.

„ეს მარიამია, ოცნება მხოლოდ ერთი აქვს: გამოჩნდეს კეთილი ადამიანი და სახლი აჩუქოს, რათა თავის და-ძმებთან ერთად თბილად ცხოვრობდეს... 10 წლის გოგონას თანატოლებისგან განსხვავებული ოცნების ასრულების იმედი აქვს და სჯერა, რომ კეთილი ადამიანები არსებობენ,“ - ამბობს ჟურნალისტი, რომელიც ბავშვებს მხოლოდ სიღარიბეზე უსვამს კითხვებს. აცრემლებული ბავშვების კადრებს ხუთი წუთის განმავლობაში გვიჩვენებენ. სიუჟეტს ფონად შინდლერის სიის საუნდტრეკი გასდევს.

სიუჟეტიდან არ ჩანს ოჯახის გაჭირვების გამომწვევი მიზეზები, სახელმწიფოს როლი და პრობლემის მოგვარების შესაძლო გზები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ:
კატეგორია: ეთიკა
3 თებერვალს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა “შაბათის კურიერის” ბოლო სიუჟეტი არასრულწლოვნის დედასა და მამიდებს შორის დავას შეეხებოდა, სიუჟეტი ასე იყო დასათაურებული: “სადავო არასრულწლოვანი”. როგორც სათაურში, ისე მთლიან მასალაში ბავშვი სადავო საგნად, ობიექტად არის წარმოჩენილი. სიუჟეტი მთლიანად აგებულია რძალ-მულის კონფლიქტის დეტალებზე, მთავარი აქცენტი კეთდება არა ბავშვის საუკეთესო ინტერესზე - იმაზე თუ რა მდგომარეობაშია ის დედასა და მამიდებს შორის არსებული დავის ფონზე, ან იმაზე, რომ ამ დავის გამო ის სრულფასოვან განათლებას ვერ იღებს, არამედ უფროსების ჩხუბზე. ბავშვი უბრალოდ, კონფლიქტის გამძაფრების და უფრო სენსაციურ ჭრილში წარმოჩენის საშუალებაა.

სიუჟეტში მამიდები ამბობენ, რომ დედამ არასრულწლოვანი შვილი სახლიდან გამოაგდო და “ის სიგლახე დაანახა, რაც არ შეიძლებოდა”. შემდეგ ისმის მეორე მამიდის სიტყვები, რომელსაც, მისი თქმით, დედა შვილს ეუბნებოდა “ჩაგრეცხავ კანალიზაციაშიო; შენ არავის არ უყვარხარო, ბავშვს ეუბნებოდა, ჩემ გარდაო და იმორჩილებდა ბავშვს”. “ის კაცები რომ მოდიოდნენ, მე მცემდნენ, მამიდაო, მაგზავნიდნენ. თითო ღერი პაპიროზის გულისხთვის 50-ჯერ უნდა ჩასულიყო ბავშვი”.

მასალა აჩენს კითხვებს: რა მდგომარეობაში იქნება არასრულწლოვანი, თუკი ამ სიუჟეტს ნახავს? ხომ არ შეუქმნის ამგვარი მასალა მის ფსიქო-სოციალურ კეთილდღეობას ხელს? ხომ არ გახდება ის ბულინგის მსხვერპლი იმ ფონზე, რომ მასალაში მისი ირიბი იდენტიფიცირება ხდება? (მამიდები და დედა არიან იდენტიფიცირებულნი).

ამავე სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ბავშვს, ამ დავის გამო საბუთები წესრიგში არ აქვს და სკოლაში არა მოსწავლის, არამედ მსმენელის სტატუსით დადის. თუმცა ეს დეტალი ამბის მეორეხარისხოვან ნაწილადაა წარმოჩენილი და ძირითადი აქცენტი არა ამ საკითხზე, არამედ უფროსების დავაზე კეთდება. სიუჟეტში არ ჩანს ჟურნალისტის დაინტერესება სახელმწიფოს როლზე, არ ისმის კითხვა, რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ არასრულწლოვანს არ შეეზღუდოს განათლების მიღების უფლება, ან რატომ არ ჰყავს მეურვე არასრულწლოვანს, ან ვინაა პასუხისმგებელი მასზე. სამაგიეროდ, დეტალურად ვისმენთ, რომ სასამართლო პროცესზე მულებმა რძალს სცემეს, რომ მამიდებს არც მეზობლებთან აქვთ კარგი ურთიერთობა და ა.შ. მასალაში არაერთხელ აღინიშნა, რომ რძლისა და მეზობლების აზრით, მამიდებს ფსიქიკური პრობლემები აქვთ, ისე თითქოს, “ფსიქიკური პრობლემა” სიტყვის მასალა, ან სალანძღავი სიტყვა იყოს.

საბოლოო ჯამში, მასალის ამოსავალი წერტილი არის არა ბავშვის საუკეთესო ინტერესი, არამედ რძალ-მულის კონფლიქტის სენსაციური დეტალები.
კატეგორია: ეთიკა
„იმის მიუხედავდ, რომ 7 წლის მარიამი და 6 წლის გიორგი დედამ გასაყიდად გაიმეტა, ბავშვები მის ნახვაზე ოცნებობენ“, - ასე იწყება 30 იანვარს ობიექტივზე მცირეწლოვანი ბავშვების მონაწილეობით გასული სიუჟეტი, რომელიც მცხეთაში მცხოვრები ოჯახის სოციალურ სიდუხჭირეზე მოგვითხრობს. მასალაში მცირეწლოვანი ბავშვები იდენტიფიცირებულნი არიან.

გარდა იმისა, რომ სიუჟეტი ბავშვების სტიგმატიზაციას უწყობს ხელს, ჟურნალისტი ტრავმირებულ ბავშვებს დედის გახსენებასაც სთხოვს: „დედა გელაპარაკა სკაიპში? რა გითხრა?“- ბავშვს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს და ტირის, მის აცრემლებულ სახეს „შინდლერის სიის“ საუნდტრეკის ფონზე, რამდენიმე წამის განმავლობაში გვიჩვენებენ.

სიუჟეტი Facebook-ზეც გავრცელდა და მას 120 ათასამდე ნახვა და 3 ათასამდე გაზიარება აქვს, რაც ზრდის რისკს, რომ 120 ათასამდე ადამიანისთვის მცხეთაში მცხოვრები მარიამი და გიორგი მუდამ დედისგან მიტოვებულ, საცოდავ ბავშვებთან ასოცირდებოდეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული „ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმწღვანელო წესების“ თანახმად, ბავშვთა საკითხების გაშუქებისას, მედიამ უპირატესი მნიშვნელობა ბავშვის ინტერესს უნდა მიანიჭოს. სახელმძღვანელო წესებში ვკითხულობთ:

უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭეთ ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის.

თავიდან აირიდეთ ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ ჭრილში გაშუქება.

ბავშვი არ გამოიყენოთ როგორც რაიმე ობიექტი, რომელიც უფრო სენ­ ტიმენტალურს ხდის მასალას, ან ალამაზებს ეთერს, ანდა შესაძლებელია მასზე ექსპერიმენტების ჩატარება.

ბავშვის დაფარვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია მას რა­ იმე ტიპის ზიანი მიადგეს, მაგალითად, იძალადონ მასზე, გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მოხდეს მისი სტიგმატიზება, გარიყვა ან ნებისმიერი სახით გაუარეს­ დეს მისი მდგომარეობა.

ეცადეთ თავიდან აიცილოთ ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოთ ის ამბავი, რაც მასზე ნეგატიურად იმოქმედებს.

მნიშვნელოვანია, ბავშვთა სიღარიბე და სოციალური პრობლემები გააშუქოთ თანმიმდევრობით. კონკრეტული ისტორიები გამოიყენეთ ზოგადი, სისტემური პრობლემის წარმოსაჩენად.

რაც არ უნდა მძიმე იყოს ისტორია, ეცადეთ წარმოაჩინოთ პოზიტიური დე­ ტალებიც. მაგალითად, ყველა ბავშვს, მიუხედავად მძიმე საცხოვრებელი პი­ რობებისა, აქვს ინტერესები, ჰობი. მასაც, სხვა ბავშვების მსგავსად, უყვარს თამაში, კითხვა, ხატვა და ა.შ. მნიშვნელოვანია ამგვარი დეტალების ჟურნა­ლისტურ პროდუქტში წარმოჩენაც.