ბავშვთა საკითხები
კატეგორია: ეთიკა
„დღეს ქმრისგან მიტოვებული 12 წლის ორსულის შესახებ გიამბობთ. თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, მათი ვინაობა დაფარული იქნება. ამ თემით უკვე სამართალდამცველებიც დაინტერესდნენ. ნაადრევი ქორწინების ისტორიამ გურჯაანში განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ცნობილი გახდა, რომ ქმრისგან მიტოვებული არასრულწლოვანი უკვე ექვსი თვის ორსულია“, - ასე დაიწყო 17 თებერვალს „იმედზე“საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკის“ ერთ-ერთი სიუჟეტი, სათაურით - „ქმრისგან მიტოვებული 12 წლის ორსული“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 მუხლში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტმა ბავშვთა საკითხების გაშუქებისას უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს; არ უნდა მოამზადოს და გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

12 წლის ორსული გოგონას შესახებ „ქრონიკის“ სიუჟეტში ნაწილობრივ დაცულია ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები. მსხვერპლი, ბრალდებული და მათი ოჯახის წევრები იდენტიფიცირებულნი არ არიან. ამ მხრივ ისიც მნიშვნელოვანია, რომ სიუჟეტის ავტორები მომხდარის ადგილსაც არ აკონკრეტებენ და სიუჟეტის ტიტრში ფართო გეოგრაფიულ არეალს, კახეთს უთითებენ.

თუმცა, სიუჟეტში შესამჩნევია სხვა ტიპის პრობლემები. კერძოდ, თვალშისაცემია შემთხვევის ზედაპირული და ამავე დროს დრამატიზებული გაშუქება.

თუკი წამყვანის შესავალ ტექსტსა და სიუჟეტის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ საქმეში ბრალდებული 18 წლისაა, მეორე ნაწილში ნათქვამია, რომ ის 19 წლისაა.

"აწამებდნენ და აწვალებდნენ სახლში ყველანი“ – 12 წლის ორსული გოგონას მამის ეს ფრაზა „ქრონიკის“ მთავარ ანონსშიც გატანილი იყო. ანონსიდანვე დაიწყო ისტორიის გამძაფრება და დრამატიზება, თანაც - ძალადობაზე აქცენტით.

ბრალდებულის დედა (მისი სახე დაფარულია) სიუჟეტში უარყოფს გოგონაზე ძალადობას (აქვე ის ჟურნალისტებს მიმართავს: „არ გაგვიგდია ჩვენ და სხვა რაღა გინდათ?!“).

სიუჟეტში უფრო მეტი ადგილი ისეთ კომენტარებს ეთმობა, სადაც გოგონაზე ძალადობის თემაა წინ წამოწეული. ჟურნალისტი ამბობს - „მიტოვებული გოგონას ოჯახის წევრები ყოფილ სიძეს ძალადობაში ადანაშაულებენ და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ“. „ძალადობდა ყველანაირად, მასხარადაც მიგდებდაო“, - ამბობს გოგონას მამა. მისი დაც აცხადებს, რომ დაკავებული გოგონას ფეხმძიმობის პერიოდშიც აიძულებდა სქესობრივ კავშირს, რაც მოზარდის ჯანმრთელობას აზიანებდა.

სიუჟეტის ბოლოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის იურისტი იმ მუხლს განმარტავს, რომელიც 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ეხება. მისი თქმით, ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას 7-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

საიას იურისტის მოკლე კომენტარის შემდგომ, ჟურნალისტებმა სიუჟეტი კვლავ ძალადობის თემაზე აქცენტით დაასრულეს: „არასამთავრობოები არასრულწლოვნებზე ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე ამახვილებენ ყურადღებას. ცოტა ხნის წინ პროკურატურამ კახეთში 14 წლის მოზარდს სექსუალური ძალადობისთვის ბრალი წაუყენა. მე-7 კლასელ გოგონაზე ძალადობაში მონაწილე მეორე პირი კი დაუსჯელი რჩება, რადგან კანონით 14 წლის მოზარდის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლება“.

როგორ და რატომ მოხდა, რომ ოჯახმა და სკოლამ თვალი დახუჭეს 18(თუ 19?) და 12 წლის მოზარდების„დაქორწინებაზე“? რატომ არ იყო ინფორმირებული პოლიცია ამ შემთხვევის შესახებ? ხოლო თუ იყო, რატომ არ რეაგირებდა? ეს კითხვები მასალაში არ დასმულა. სიუჟეტს მიღმა დარჩა ასევე ნაადრევი ქორწინების თემა და თანმდევი პრობლემები. ნაცვლად პრობლემის წარმოჩენისა, მისი მიზეზების ძიებისა, „ქრონიკის“ ჟურნალისტები 12 წლის გოგონას „საინტერესო ამბავს“გვიყვებიან.