მიმოხილვა
კატეგორია: ანალიზი
24 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, წამყვანის კითხვებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პასუხობდა. პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ეს ივანიშვილის პირველი ინტერვიუ იყო, რომლისთვისაც მაუწყებელმა გადაცემის ფორმატი შეცვალა - წამყვანი თავად მივიდა რესპონდენტთან, იყო არა პირდაპირი ეთერი, არამედ ჩანაწერი და არ გავიდა გადაცემა წინა დღეს.

ინტერვიუს მიმდინარეობა

გადაცემა თითქმის საათნახევარი, უფრო ზუსტად, 1სთ და 25 წუთი გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, წამყვანმა სტუმარს 14 კითხვა დაუსვა, საიდანაც ხუთი კითხვა - როგორ შეაფასებთ, რას ფიქრობთ, რაში მდგომარეობს - ტიპის იყო და პასუხის გაცემის დროს მხოლოდ სამჯერ ჩაეკითხა, ისიც უმნიშვნელო დეტალის დასაზუსტებლად. ინტერვიუ მეტწილად სტუმრის მონოლოგის რეჟიმში მიმდინარეობდა, გადაცემის ავტორს ივანიშვილის პოზიციებისთვის არ დაუპირისპირებია არცერთი კონტრარგუმნეტი, მიუხედავად სასაუბრო თემის ირგვლივ არსებული ამგვარი დეტალების სიმრავლისა. წამყვანი რესპონდენტისგან ძირითადად შეფასებებს ითხოვდა და არ ისმოდა კრიტიკული კითხვები.



საათნახევრიანი გადაცემის უმეტესი დრო აუდიტორია ქვეყნის ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრებზე ისმენდა მოსაზრებებს, იმ განსხვავებით, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილს სულ უარყოფით, მამუკა ბახტაძეს კი დადებით კონტექსტში მოიხსენიებდა. ასევე დიდი დრო დაეთმო: ოპოზიციის კრიტიკას - რისი ინსპირაციაც წამყვანის კითხვა იყო - „ოპოზიცია ნებისმიერ მოვლენაში ხედავს თქვენს ბრალეულობას“, ხეების გადატანისა და პანორამა თბილისის თემას, აქვე, აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელ საკითხზე სტუმარმა კითხვის დასმის გარეშე, თავისი სურვილით ისაუბრა.

ინტერვიუს მიმდინარეობისას რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სტუმარი თავად წყვეტდა რა საკითხზე უნდა ესაუბრა, ან მან წინასწარ იცოდა კითხვები.

  • „ალბათ მე კიდევ მექნება საშუალება ჩვენს ინტერვიუში ამ თემას დავუბრუნდე“, - თქვა ივანიშვილმა პირველივე კითხვაში, როდესაც პოლიტიკაში მისი დაბრუნების მიზეზებზე საუბრობდა.

  • „მძიმე მდგომარეობაა ბანკებთან დაკავშირებით, რომელზეც შეიძლება ქვემოთ მოგვიწიოს საუბარი და შევეხო“, - განაცხადა მესამე კითხვის პასუხში, როდესაც ეკონომიკური სიდუხჭირის თემაზე საუბრობდა.

  • „აქ უნდა მომისმინოთ, ეს უნდა ავხსნა“, - განაცხადა როდესაც ოპოზიციის ბრალდებებზე, ხეების გადატანაზე, პანორამა თბილისსა და “ქართუ ბანკზე” საუბრობდა, ისე, რომ ეს ორი უკანასკნელი საკითხი წამყვანს არ უხსენებია და არც სტუმრის ეს სურვილი შეუმჩნევია რაიმე ფორმით, მდუმარედ განაგრძო მისი მოსმენა.
ასევე საკუთარი ინიციატივით ისაუბრა გადაცემაში ივანიშვილმა პარტიაში დაძაბულობის დაწყებაზე და ახსენა გასული წლის ოქტომბერი. სწორედ იმ პერიოდში იმართებოდა თვითმმართველობის არჩევნები და მას საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ღიად არ დაუჭერია მხარი პარტიის კანდიდატებისთვის. იმ დროს, როდესაც რესპონდენტი ამ საკითხებზე საუბრობდა, წამყვანს არ უკითხავს მისი შერჩევით დასახელდნენ თუ არა მერობისა და დეპუტატობის კანდიდატები. ან რას ფიქრობს მოქმედი მერების, მათ შორის კახა კალაძის საქმიანობაზე, მისგანაც “იმედგაცრუებული ხომ არ არის.

კიდევ ერთი განცდა, რაც ამ გადაცემიდან მაყურებელს დარჩა, იყო ის, რომ გადაცემის ავტორი სტუმარს არ უსმენდა და დაწერილ კითხვებს მიჰყვებოდა. იყო შემთხვევა, როდესაც მან გადაცემის მიმდინარეობისას დასვა ისეთი კითხვა, რომლის პასუხიც მაყურებელმა უკვე იცოდა - ასეთი იყო კითხვა ეკონომიკური ჩამორჩენისა და დემოკრატიის ზრდის შესახებ, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა პირველივე კითხვაში ისაუბრა, წამყვანმა კი მეცხრე კითხვად კვლავ ჰკითხა - „რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა და რაში მდგომარეობს ამ პრობლემის არსი“ .

ყოფილი პრემიერი მთელი ინტერვიუს განმავლობაში უარყოფდა პოლიტიკაში არყოფნის დროს მართვაში მონაწილეობას, პარალელურად კი რამდენჯერმე ახსენა - გარედან კონტროლი და მთავრობის წევრებთან სატელეფონო კომუნიკაციები (მირეკავდა, ვურეკავდი, ვსაყვედურობდი, მეტწილად კვირიკაშვილზე; როდესაც ვნახე, რომ გარედან ჩემი კონტროლით საკმარისი არ იყო რესურსი იმისა რომ გუნდი შენარჩუნებულიყო - დაბრუნების თემაზე საუბრისას. რედ). მიუხედავად ამ შემთხვევებისა, ჟურნალისტი არ ჩაკითხვია, იყო თუ არა ამ ფორმით მართვაში მონაწილეობა არაფორმალური მმართველობა. აქვე გეტყვით, მოგვიანებით თავად სტუმარმა განმარტა, რომ ეს საზოგადოებრივი კონტროლი იყო და მას ამის უფლება აქვს. წამყვანს არ უცდია საკითხის დაზუსტება. რაც, ზემოთდასახელებულ შემთხვევასთან ერთად, ასევე ქმნიდა განცდას, რომ იგი სტუმარს არ უსმენდა და დაწერილ ინსტრუქციას მიჰყვებოდა.

კითხვები, რომლებიც არ დასმულა

მიუხედავად ინტერვიუს ხანგრძლივობისა, 1სთ, 25 წთ, გადაცემაში არ დასმულა არცერთი კითხვა იმ “პრობლემების შესახებ, რაც ბოლო პერიოდში საზოგადოებაში განსაკუთრებით აქტუალური იყო.

მაგალითად, გადაცემის წამყვანს არ უკითხავს, თუ დიდი ხნის წინ (მარტში) იყო დაწყებული იმ საქმის ძიება, რაშიც ყოფილი მინისტრები, ქუმსიშვილი და ალავიძე ფიგურირებენ (რასაც ივანიშვილმა დემოკრატიული პროცესი უწოდა), რატომ ინარჩუნებდნენ ისინი დიდხანს პოზიციებს. რატომ გასაჯაროვდა ინფორმაცია მხოლოდ პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, ხომ არ იყო ეს ყოფილი პრემიერის გუნდზე ანგარიშსწორება;

- ქვეყანას ჰყავს ახალი მთავარი პროკურორი, სწორედ ამ საკითხზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება და პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ ამბავთან დაკავშირებით. მთელ ამ პროცესს როგორ შეაფასებთ? - მხოლოდ ეს კითხვა დასვა წამყვანმა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა, მთავარი პროკურორის გადადგომა, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაკავება და სხვა არაერთი პროცესი მოჰყვა.

გადაცემის წამყვანი ამავე თემაზე არც იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებს და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემას შეხებია და არც ის ბოიკოტი უხსენებია, რაც მთავარი პროკურორის არჩევის პროცესს სდევდა თან. მაკა ცინცაძეს არც ბოლო ექვს წელიწადში შეცვლილი ხუთი პროკურორის თემა გახსენებია.

საათნახევრიანი გადაცემის მნიშვნელოვან საკითხებს შორის ვერ მოხვდა კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის თემა, რასაც ასევე საპროტესტო აქციები მოჰყვა; ნარკოპოლიტიკა; ინტერვიუში არ დასმულა სიღრმისეული კითხვები ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირისა და სიღარიბის მაჩვენებლის ზრდის შესახებ, რაზეც ყოფილმა პრემიერმა თქვა კიდეც, რომ “ძალიან მძიმედ გადაიტანა”; წამყვანს სტუმრისთვის კითხვა არც მაშინ შეუბრუნებია, როცა სტუმარმა თქვა, რომ საქართველომ რუსეთს ემბარგო დაუწესა; შეფარვითი და მაამებლური იყო კითხვა არაფორმალურ მმართველობაზე (რაც არაერთ საერთაშორისო ანგარიშში მოხვდა), ამ შემთხვევაში წამყვანს თავად სტუმარი შეეშველა, - "რამდენად ვიყავი არაფორმალური მმართველი? თქვენ ალბათ გერიდებათ ამ კითხვის დასმის”.

- „სად მიგაქვთ ეს ხეები და თუ აპირებთ სამომავლოდ ხეების გადარგვის გაგრძელებას“ - ასე წამყვანმა 120 (ეს ციფრი თავად სტუმარმა დააზუსტა) მრავალწლიანი ხის გადარგვისა და ამის გამო განადგურებული ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიის შესახებ იკითხა. რასაც ასევე მონოლოგის რეჟიმში ვრცელი ახსნა-განმარტებები მოჰყვა „იმ სიკეთეებზე, რაც საზოგადოებამ სინამდვილეში ამ ხეების „გადარგვით“ მიიღო“.

გადაცემიდან ასევე არაფერი გაგვიგია ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარის პოზიციის შესახებ.

რა გავიგეთ ინტერვიუდან

პოლიტიკაში დაბრუნებული ექსპრემიერის პირველი ინტერვიუდან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ:
  • ქვეყნაში შექმნილი კრიზისი მის შემდგომ დანიშნული პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ბრალია, ამიტომაც წავიდა იგი პოლიტიკან, არავის გაუშვია;
  • „ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა“ და ამის ბრალია სიღარიბის ზრდა;
  • პოლიტიკაში დაბრუნდა იმიტომ, რომ გუნდი ჩამოშლის პირას იყო და გარედან ვეღარ აკონტროლებდა პროცესს;
  • იუნისეფის კვლევის განხილვის დროს სინამდვილეში სულაც არ იხილავდნენ კვლევას და იყო „მძიმე საუბარი კვირიკაშვილთან“, რაზეც სხვათა შორის ასევე არ ჩაკითხვია გადაცემის წამყვანი, თუ ეს ასე იყო, რატომ შეიყვანეთ მაშინ საზოგადოება შეცდომაშიო;
  • ნორმალური პროცესებია - ყოფილი მინისტრების დაკითხვა, აქციები, საგამოძიებო კომისიის შექმნა;
  • მარგველაშვილი არ იმსახურებს მის პასუხებს;
  • ოპოზიცია უპასუხისმგებლო და არაკონსტრუქციულია;
  • ხეების გადატანის პროცესის ერთადერთი მინუსი ამაში დიდი ფულის ხარჯვაა;
  • ოპოზიცია უფრო აფასებს, ვიდრე თავისი გუნდი;
  • შესაძლოა ხელისუფლებას არ ჰყავდეს საპრეზიდენტო კანდიდატი;
  • და ბოლოს, ამჯერად ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან აღარ წავა.
კატეგორია: ანალიზი
“აქტუალური თემა” დღის მნიშვნელოვან საკითხს უნდა ეძღვნებოდეს, დამატებით ინფორმაციას, ანალიზს, არგუმენტებს აწვდიდეს აუდიტორიას. ასეც წერია გადაცემის ანოტაციაში. ანოტაცია ეკრანზე სხვაგვარად აისახა. ზოგჯერ გადაცემა სულაც არ ეხება აქტუალურ თემას. მოწვეული სტუმარი კი არ არის სასაუბრო საკითხთან კავშირში. ხანდახან ისეც ხდება, რომ მხოლოდ ერთი პოზიციის მოსმენა უწევს მაყურებელს ანდა, წამყვანი სულაც არ სვამს კრიტიკულ კითხვებს, არ წამოაჩენს საზოგადოების პრეტენზიებს და არ სთხოვს სტუმრებს მასზე პასუხს. უფრო მეტიც, ხანდახან გადაცემის წამყვანი თავად იქცევა პასიურ მსმენელად და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი სტუმართა მონოლოგების ტრიბუნა ხდება.

“აქტუალური თემა” საზოგადოებრივი მაუწყებლის საღამოს ეთერში გადის. ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით წამყვანი სტუმრებთან ერთად წინასწარ შერჩეულ რამდენიმე საკითხს განიხილავს. ერთთვიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ ამ საკითხებს შორის დღის აქტუალური თემა ხშირად ვერ ხვდება. მაგალითად:
  • 2 აპრილს ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიში გასაჯაროვდა, რომელშიც საუბარი იყო არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე. ამ დღეს აქტუალური თემა “სათამაშო ბიზნესსა და რეგულაციებს” დაეთმო.
  • 26 მარტს, როცა ერთ-ერთი მთავარი თემა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის სექსუალურ შევიწრობაში დადანაშუალება იყო, აქტუალურ თემაში “იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ინიციატივები და სასამართლო რეფორმა / ორმაგი მოქალაქეობა და გენდერული კვოტირება” განიხილეს.
  • 5 მარტს პარლამენტში ტატუნაშვილი/ოთხოზორიას სიის საკითხი განიხილებოდა და საინფორმაციო პროგრამების ერთ-ერთი მთავარი თემაც ეს იყო, “აქტუალური თემა” კი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ხედვას მიეძღვნა.
იშვიათია დღე, როდესაც სტუდიაში არგუმენტირებული კამათი და დისკუსიაა, რაც მაყურებელს პრობლემის არსის უკეთ გაგებაში დაეხმარება. გადაცემაში არც თუ ისე ხშირად იწვევენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და ამ შემთხვევაშიც მათ არ აქვთ საშუალება ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკამათონ, გაცვალონ აზრები. ეს საკითხი ნაკლებად პრობლემური იქნებოდა, თავად წამყვანს რომ შეეძლოს ოპონირება, ის კი, ძირითადად, წინასწარ გაწერილ კითხვებს მიჰყვება, რომელიც არ გამომდინარეობს რესპონდენტთა პასუხებიდან, იშვიათად ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მიღებას და ჩაკითხვას.

გოგა ხაინდრავა ზოგჯერ გაუგებარია რა კავშირშია საერთოდ მოწვეული სტუმარი გადაცემის თემასთან. მაგალითად, 19 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ კონკურსზე სასაუბროდ რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიწვიეს, თუმცა რა კავშირი ჰქონდა მას ამ თემასთან, რატომ იყო რელევანტური მისი მოსაზრებები, გადაცემის დასრულების შემდეგაც გაურკვეველი დარჩა. წამყვანმა თქვა, რომ მონაწილეობა შესთავაზეს არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მაგრამ, არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად ვისგან მიიღო უარი.

ხშირია შემთხვევა, როცა გადაცემის განსახილველი თემის ყველა შესაძლო მხარე არ მონაწილეობს. როგორც წამყვანი გადაცემის მიმდინარეობისას აღნიშნავს ხოლმე, რიგ შემთხვევებში სტუმრები თავად ამბობენ უარს გადაცემაში მონაწილეობაზე, ზოგჯერ კი მიზეზი უცნობი რჩება. ფაქტი ისაა, რომ სხვდასხვა მიზეზთა გამო აუდიტორია სხვადასხვა მხარის არგუმენტებს ვერ ეცნობა. არის შემთხვევები, როდესაც წამყვანი სხვადასხვა საკითხს ერთმანეთს არამართებულად უკავშირებს. ასე მოხდა 22 მარტსაც, როცა გადაცემაში “რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე” საუბრობდნენ.

წამყვანმა შეურაცხყოფა, სიძულვილის ენის გამოყენება და მუქარა ფაქტობრივად ერთ კონტექსტში განიხილა, როდესაც ნარკოლოგს ჰკითხა: “ზოგადად, ფეისბუქში ჩვეულებრივ ამბად იქცა, ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, იგივე სიძულვილის ენა, მუქარა, შანტაჟი, დაშინების მცდელობები საკმაოდ ხშირია და შეურაცხყოფა. არის თუ არა, როგორ ფიქრობთ, საჭირო რაიმე სტანდარტის შემუშავება. და მიგაჩნიათ თუ არა, რომ  უნდა ისჯებოდეს თუ არა თუნდაც სოციალურ ქსელში, აი, ამ ტიპის ქმედებები” [სტილი დაცულია].

წამყვანის მიერ დასმული ამგვარი კითხვები და ზედაპირული მსჯელობა საბოლოოდ აუდოტორიას გადაცემის თემაზე ამომწურავი ინფორმაციის მიღების გარეშე ტოვებს. ამის ნათელი მაგალითია 26 მარტის გადაცემა, როცა ტოქშოუს ერთი ნაწილის თემა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება და გენდერული კვოტირება იყო. სასაუბროდ კი მხოლოდ ერთი ადამიანი, პარლამენტის უპარტიო დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი მიიწვიეს. მას გადაცემაში 20 წუთი დაუთმეს და აქედან, კვოტირებას თემას მხოლოდ 7 წუთი შეეხებოდა. 6 წუთი პრეზიდენტის პარლამენტში არმისვლისა და სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდნეტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ კითხვა-პასუხს დაეთმო.

მაკა ცინცაძე და სალომე ზურაბიშვილი

გაცილებით რთულადაა საქმე, როდესაც გადაცემაში სენსიტიურ თემას განიხილავენ. “აქტუალური თემის” ეთერი ორჯერ დაეთმო სექსუალურ შევიწორებაში დადანაშაულებული ზვიად დევდარიანის საქმეს. პირველად, როდესაც სავარაუდო მსხვერპლი ქალების ისტორიები გასაჯაროვდა (21 მარტი) და მეორედ, როდესაც ზვიად დევდარიანმა, პრესკონფერენციით, სამართლებრივი ბრძოლა დააანონსა (3 აპრილი). ორივე გადაცემის ფოკუსი იყო არა ქალთა მიმართ ძალადობა, არამედ სავარაუდო მოძალადის უფლებების დაცვა, და ეს მაშინ, როდესაც სავარაუდო მსხვერპლმა ქალებმა დიდხნიანი დუმილი დაარღვიეს და სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ ხმამაღლა საუბარი დაიწყეს.

2015 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ პროგრამული პრიორიტეტები დაადგინა. მას მერე ახალი ვერ შეიმუშავეს, ამიტომაც კვლავაც ძველია სახელმძღვანელო დოკუმენტი, სადაც მაუწყებლის პრიორიტეტად მითითებულია სოციალურ-პოლიტიკური ტოქ-შოუები, რომელებმაც “უნდა ასახონ თემების და შეხედულებების მრავალფეროვნება, რისთვისაც უნდა გაიზარდოს მათში რიგით მოქალაქეთა, სამოქალაქო აქტივისტთა, არასახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფების, ექსპერტთა მონაწილეობის მოცულობა და ხარისხი.” იქვე ნათქვამია, რომ ამგვარი გადაცემები ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას უნდა ემსახურებოდეს.

პრიორიტეტების შესრულებაზე მონიტორინგი სამეურვეო საბჭოს ვალდებულებაა, თავის მხრივ საბჭოს თავმჯდომარე პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული. “აქტუალური თემის” და მთლიანად სამაუწყებლო ბადის შეფასება, თუ რამდენად ასრულებს არხის ხელმძღვანელობა ამ პრიორიტეტებს, საბჭოს სწორედ ანგარიშის წარდგენისას მოუწევს.
კატეგორია: ანალიზი
მიმდინარე წლის აპრილიდან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ახალი ტოქშოუ “პრაიმ შოუ” დაიწყო. შოუს 6 წამყვანი ჰყავს, ესენი არიან: პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, მომღერალი ნინი ბადურაშვილი, კინოპროდიუსერი ირალი მაქაცარია, მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი, მომღერალი ანრი ჯოხაძე და პლასტიკური ქირურგი ნინო ნადირაძე-კუზანოვა. პირველვე გადაცემაში წამყვანების ნაწილმა ბუნებრიობის, ნაწილმა მეტი ინფორმაციულობის პირობა დადო. ნაწილმა კი ისიც აღნიშნა, რომ შოუში “კაი ტიპების სიას” სწორედ ის ადგენს.

გადაცემის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განმარტებულია, რომ გადაცემის მიზანი საზოგადოებისთვის ნაცნობი მოვლენების შესახებ უფნობი მხარეების გაცნობაა. გადაცემაში წამყვანებთან ერთან დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობს დამსწრე აუდოტორიაც. სტუდიაში ორ ფლანგზე ნაწილდებიან. ერთ ფლანგზე წარმოდგენილები არიან ის ადამიანები, რომლებიც განსახილველ თემასთან გარკვეული საქმიანი კვეთა აქვთ, მეორე მხარეს კი მათი ოპონენტები.

სხვა სატელევიზიო შოუების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც განხილვის თემები ნაცნობია, ღალატითა და ეჭვიანობით დაწყებული, ქართული ტრადიციებით დამთავრებული. სტუმრებიც ყველასათვის კარგად ნაცნობი და უკვე ახლობლებად ქცეული სახეებია.

გარდა ე.წ. ყვითელი თემებისა, ტოქშოუს წამყვანები ისეთ მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემებსაც ეჭიდებიან, როგორიც არის გენდერული თანასწორობა, ფემინისზმი, პროსტიტუცია და სექსმუშაკების უფლებები და ა.შ.

მსგავსი თემების განხილვისას, სტუმრების სიაში ვიხილავთ გივი სიხარულიძეს, გურანდა გაბუნიას, ლალი ბადურაშვილს და ა.შ. როგორც ჩანს, რეიტინგისთვის მსხვერპლის გაღება, სატელევიზიო სივრცეში უკვე კარგად დამკვიდრებული ტენდენციაა და კოლქტიურ გურანდა გაბუნიებზე უარის თქმა, არც თუ ისე მარტივია. რაც გადაცემაში წარმოჩენილ მწვავე თემაზე საგნობრივი დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობებს სპობს.

მაგალითად, გენდერულ თანასწორობაზე საუბრისას, როდესაც ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იურისტები საკითხის მნიშვნელობის და პრობლემურობის წარმოჩენას ცდილობდნენ, საუბარში გივი სიხარულიძე ერთვება და მის ჩვეულ სტილში სტუდიაში მსხდომი ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტებით გამოდის.

“შოთა რუსთაველიდან დაწყებული, ბესიკ გაბაშვილი, ტატო ბარათაშვილი და მთელი ჩვენი პოეზია, რაც არსებობს. ან ავიღოთ ბაირონი, ყველა იესენინი, პუშკინი, ფემინისტი ქალები, რომ ყოფილიყვნენ მსოფლიოში რამე ლექსი დაიწერებოდა მსოფლიოში? ვინ დაწერს თქვენზე ლექსს თავის ცხოვრებაში” - ბობოქრობდა სტუმარი.

ხშირად, სტუმრებს არც წამყვანები ჩამორჩებიან და გენდერულ თანასწორობაზე საუბრისას გადაცემის მამრობითი სქესის წამყვანებისგან ისეთ ტექსტებსაც მოისმენთ, რომ თუკი კაცს ქალის სიძლიერე და აქტიურობა არ აკომპლექესებს, ეს მის სისუსტეზე მიუთითებს. რაც ყველაზე უცნაურია, ამაზე გადაცემის ქალი წამყვანებიც თანხმდებიან. მსჯელობა უფრო შორსაც მიდის და წამყვანებისთვის ქალისა და კაცის შესაძლებლობების ერთ სიბრტყეზე განხილვა ქმნის უხერხულობას და დავა იმაზე იმართება, გაუგია თუ არა ვინმეს გენიოსი ქალი კომპოზიტორი, მაშინ, როდესაც უამრავი გენიოსი კაცი კომპოზიტორის დასახელებაა შესაძლებელი. რაც თავის მხრივ, ისედაც პატრიარქალურ გარემოში დამკვიდრებული სტიგმების გამძაფრებას უწყობს ხელს და პრობლემის მთავარი ხაზისგან აცდენას იწვევს.

კიდევ ერთი სენსიტიური თემა, რომელსაც ტოქშოუმ საეთერო დრო დაუთმო პროსტიტუცია და სექსმუშაკების უფლებებია. გადაცემაში ერთ ფლანგზე წარმოდგენილები იყვნენ უშუალოდ სექსმუშაკები, რომლმებიც მათი მძიმე სამუაშო პირობებისა და იმ პრობლემების შესახებ ყვებოდნენ, რასაც ისინი ყოველდღიური საქმიანობის დროს აწყდებიან და საკითხის გადასაჭრელად პროსტიტუციის ლეგალიზებას ითხოვდნენ. მეორე ფლანგზე კი მათ კრებითი გიორგი ნაზღაიძეები სამსჯავროს უწყობდნენ და მათგან იმის ახსნას ითხოვდნენ, თუ რატომ არ თანხმდებიან ისინი “ნორმალურ” სამსახურს და რატომ ირჩევენ ფულის შოვნის “იოლ” გზას.

სტუმრებს ბანს წამყვანებიც აძლევდნენ და დამრიგებლური ტონით იმეორებდნენ, რომ სურვილის შემთხვევაში, შესაბამის სამუშაოს პოვნა და პროსტიტუციაზე უარის თქმა ძალიან მარტივია. მთავარია, მონდომება და “სწორი გზის” არჩევა. თუმცა, მოსაზრება, რომ მსგავსი საქმიანობაც შეიძლება იყოს ადამიანის არჩევანი რატომღაც არავის გაუჟღერებია. საკითხი არც იმ მიმართულებით განხილულა, თუ რა მძიმე პირობებში შეიძლება უწევდეთ მათ საქმიანობა და რა პრობლემებს შეიძლება აწყდებოდნენ ყოველდღიურად. თუმცა, როდესაც სტუმრის რანგში, არა საქმეზე კვალიფიურად მოსაუბრე ადამიანები, არამედ ზნეობრიობის მანტიაში გახვეული ფსევდომორალისტების ჯგუფი გყავს, ალბათ, საუბრის მსგავსი დისკურსით განვითარებაც მოსალოდნელია.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ტოქშოუში წამოჭრილ მტკივნეულ და პრობლემურ საკითხებზე საგნობრივი დისკუსიისა და საკითხზე რაიმე რაციონალური კონსენსუსის მიღწევისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიების ნაცვლად, საზოგადოებაში გამჯდარი კლიშეებისა და სტიგმების კიდევ უფრო გაღრმავება და განმტკიცება ხდება. რასაც ერთის მხრივ, ხელს უწყობს რასწორად შერჩეული სტუმრები, რაც ცალსახად, თემის გაყვითლებით, გადაცემის რეიტინგის მომატებას ემსახურება და არა პრობლემაზე რაციონალურ მსჯელობას. მეორეს მხრივ კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებაში ისედაც დამკვიდრებული სტერეოტიპების განმტკიცება-გაღრმავებას დიდწილად თავად გადაცემის წამყვანებიც უწყობენ ხელს.
კატეგორია: ანალიზი
ის, რომ რეიტინგი ნებისმიერი სატელევიზიო პროდუქტის ეკრანზე გრძელვადიანი არსებობის ერთ-ერთი მთავარი საზომი და გარანტია, ტელებინზნესში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანისთვის კარგად არის ცნობილი. შესაბამისად, სატელევიზიო პროდუქტის შემქმნელები მაყურებლის ყურადღების სხვადასხვა შესაძლო ხერხისა და რესურსის გამოყენებით ცდილობენ.

გარდა სატელევიზიო გასართობი შოუებისა, საკუთარი გადაცემის რეიტინგზე ზრუნვა პოლიტიკური ტოქ შოუების წამყვანებსა და პროდიუსერებსაც უწევთ. ამისათვის გარდა საზოგადოებისთვის აქტუალური თემების შერჩევისა, სასიცოცხლო ზღვარი გადაცემაში მოწვეულ სტუმრებზეც გადის. იმაზე თუ ვინ იჯდება სტუდიაში, დიდწილად არის დამოკიდებული ის რიცხვები, რომელსაც კონკრეტული გადაცემა კვირის თუ თვის ბოლოს რეიტინგის სახით დადებს. სასურველი შედეგის მისაღებად გადაცემის „გაყვითლებაზე“ უარს არც პოლიტიკური ტოქ-შოუების პროდიუსერები ამბობენ. ასე მაგალითად, ტელეკომპანიას „იბერიას“ გადაცემა „პრიორიტეტში“, რომლის ფორმატიც აქტუალურ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ თემებზე მსჯელობაა, ხშირად შევხვდებით ისეთ ადამიანებს, რომელთაც ბევრი საერთო არც გადაცემაში განსახილველ თემასთან აქვთ და არც საკითხზე საფუძვლიანი მსჯელობის სათანადო გამოცდილებას და კომპეტენციას ფლობენ.

ტოქ შოუ „პრიორიტეტი“ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში, ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს რვა საათზე გადის. გადაცემას მონაცვლეობით, ჟურანილისტები მაკა რაზმაძე და გიორგი გასვიანი უძღვებიან. როგორც აღწერილობაში ვკითხულობთ, „პრიორიტეტის“ პრიორიტეტი დღის მთავარ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი თემებზე მსჯელობაა. რომ არა მსგავსი ანოტაცია, ალბათ, დიდად არც სტუმრები მიიქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ აბა, როგორ გინდა კითხვა არ დაგებადოს, როდესაც მსგავსი შინაარსის გადაცემაში თითქმის უკვე ოჯახის წევრად ქცეულ გურანდა გაბუნიას, ლალი ბადურაშვილს, გივი სიხარულიძეს, ქეთი დოლიძეს და ნინელი ჭანკვეტაძეს ხედავ და უსმენ. ყველა დასახელებული სახელი და გვარი პირობითია. თუმცა, ყველა პირობითი სახელისა და გვარის გასწვრივ, სრულიად ლეგიტიმურად ისმის კითხვა - რატომ უთმობს პოლიტიკური ტოქ-შოუ მსგავსი დოზით დროს ისეთ სახეებს, რომლებსაც, პირობითად, არც ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მსჯელობისთვის აქვთ შესაბამისი კომპეტენცია, არც ლარის გაუფასურების რეალურ მიზეზებზე აქვთ წარმოდგენა და საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, დალაგებულად ვერც ქვეყნის მიერ არჩეულ კურსზე ისაუბრებენ რიგიანად. მაშინ რატომ ვეკითხებით კოლექტიურ გურანდა გაბუნიებს გვეშველება თუ არა რამე და თუ გვეშველება, როდის? რატომ დებს გადაცემის ოფიციალური Facebook გვერდი სწორედ იმ მოკლე ამონარიდებს, სადაც სტუმრების მიერ ნათქვამი ყველა მარგალიტი კარგად არის გამოკვეთილი და მიზანიც კარგად ჩანს. იქნებ იმიტომ, რომ მათ მიერ გაცემული ყოველი კომიკური პასუხი, მათ მიერ გამოხატული სრულიად არაადეკვატური რეაქცია, გაცხარებული წამოძახილი თუ გაბრაზებული ტონი, მყისვე მაყურებლის სათანადო რეაქციას იწვევს, საქილიკო ხდება და შედეგიც მიღწეულია. ვიდეოს საჭიროზე მეტი ნახვა და გაზიარება უგროვდება, გადაცემას კი რეიტინგი. შედეგად, აუდიტორია შოუს ელემენტებით გამდიდრებულ, მაგრამ უშინაარსო ინფორმაციას იღებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი პოპულარობით „პრიორიტეტში“ მაინც გურანდა გაბუნია სარგებლობს. ყველაზე მეტი გამოხმაურებაც სწორედ მის პერსონას მოსდევს. ეს როგორც ჩანს, არც გადაცემის შემქმენელებს გამორჩენიათ. ალბათ, სწორედ ამიტომ არის, რომ სტატისტიკურად, სტუმრის როლიც ყველაზე ხშირად სწორედ მას აქვს მორგებული. სტუმრის საუბრის მთავარი ხაზი, მოქმედი ხელისუფლების, უფრო კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილის ქებაზე გადის. ხშირად სწორედ ის განსაზღვრავს თუ ვინ რა უნდა თქვას და როდის. თუკი ვინმე გაბედავს და წინააღმდეგობას გაუწევს, არც მისი საჯარო შეურაცხყოფისა მოერიდება და საქმე-საქმეზე თუ მიდგა, გაბრაზებული შუა ეთერიდანაც ადგება, საუბარს დასრულებულად გამოაცხადებს და წავა. თან მუქარას დატოვებს ჩემზე არაფერი თქვათ, თორემ მოვბრუნდები და ყველას „თავებს გაგიხეთქავთო“.

აბა, სხვა რა უნდა იყოს მსგავსი სტუმრების მოწვევის მიზანი, თუ არა გადაცემის ე.წ. გაყვითლებით მაყურებლის მოზიდვის მცდელობა? სხვა რა ღირებულებითი დანიშნულება აქვს მსგავს რესპონდენტს? თუ არა ეს, მაშინ გაუგებარია, რატომ ირჩევს მედია საკთხზე კომპეტენტური დისკუსიის წარმართვის ნაცვლად, სრულიად უსაგნო დიალოგს? რატომ უთმობს ის საეთერო დროს უშინაარსოო მსჯელობას და რატომ არ ცდილობს ის რეალური პრობლემების კვალიფიციურ რესპონდენტებთან განხილვას? ფაქტია, „პრიორიტეტის“ პრიორიტეტი ე.წ. სელებრითების ხელოვნურად შექმნა, ან უკვე არსებული სელებრითების ისე წარმოჩენაა, რომ მოგვიანებით, წარმატებით იქცნენ "ინტერნეტ მემეებად". ამ ფონზე კი რეალურად პრობლემური საკითხები ხშირად, კავალიფიციური ანალიზისა და შეფასებების გარეშე რჩება.
კატეგორია: ანალიზი
რას სთავაზობს ტელემედია ბავშვებსა და მოზარდებს, რა ტიპის საბავშვო გადაცემები გვხვდება საეთერო ბადეებში, რამდენად შეესაბამება ეს გადაცემები მედია სტანდარტებს - მედიაჩეკერი გთავაზობთ საბავშვო გადაცემების მიმოხილვას, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ბავშვთა საკითხების მედიაგაშუქების შესახებ მომზადებული კვლევის მიხედვით.
კატეგორია: ანალიზი
ქართული გაზეთების ბოლო გვერდზე განთავსებული გასართობი რუბრიკები მკითხველს კროსვორდებს, ანეკდოტებსა თუ სხვადასხვა თავშესაქცევ ამბავს სთავაზობს. სექსისტური მასალები - მედიაჩეკერის დაკვირვებით, სწორედ ესაა გაზეთების გასართობი გვერდების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი.

ამ ტიპის რუბრიკებიდან ვიღებთ ინფორმაციას, როგორ მოვამზადოთ სხვადასხვა კერძი, როგორ დავიკლოთ წონაში, როგორ გავწმინდოთ ხალიჩა ან გავრეცხოთ მიმწვარი ჭურჭელი - ამგვარ მასელებს, როგორც წესი ქალების ფოტოები ერთვის. როგორც ჩანს, გამოცემებს გასართობი გვერდების სამიზნე აუდიტორიად სწორედ ქალები წარმოუდგენიათ.

„ძვირფასო ქალებო, ამ თემებზე მამაკაცებს არ ესაუბროთ!..“ გვაფრთხილებს გაზეთი „ქრონიკა“ და ამატებს: „ბევრი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ქალი უყვარს, ხშირად ძალიან ბურღავს ტვინს თავისი ლაპარაკით“. ამავე გაზეთში გამოქვეყნებული კიდევ ერთი მასალის სათაურია: „იდეალური ცოლი, რომელიც გემრიელ კერძებს აკეთებს და მაგრად ჩხუბობს“. ამ ტექსტებში, შეიძლება გადაეყარო ისეთ ფრაზებს ან ტერმინებს, რომლებიც ხელს უწყობს სტერეოტიპების გაღვივებას და სტიგმის გაძლიერებას. აქ ჩვეულებრივი მოვლენაა, მამაკაცების „ძლიერ სქესად“, ქალების კი, „სუსტ სქესად“ მოხსენიება. ამ რუბრიკაში ხშირად იბეჭდება სენსაციური ტიპის მასალები სექსზე, ამბები წყვილების ინტიმური ცხოვრებიდან და ა.შ. ასეთი სტატიები ვიზუალურად ხშირადაა გაფორმებული ნახევრად შიშველი ქალის ფოტოებით, რაც ხელს იწყობს ქალის სექსუალური მოხმარების ობიექტად წარმოჩენას.

გაზეთების გასართობი გვერდები მკითხველს უცნაურ რჩევებსაც აძლევს, მაგალითად, მასალა სათაურით: „კბილის ძაფი...უნაყოფობის წინააღმდეგ“ გვაიმედებს რომ: „კბილის ძაფის რეგულარულ გამოყენებას დაფეხმძიმების ალბათობის გაზრდა შეუძლია“. დასტრესილებს კი „მჟავე კიტრით“ ანუგეშებს: „სტრესი მიიღეთ? მიირთვით... მჟავე კიტრი“.

გასართობ გვერდებში ხშირად გვხდება ამბები უცხოეთიდან. მაგალითად, „ქრონიკაში“ ვკითხულობთ: „ლესბოსელების ტკბილეულების გარეშე დატოვების გამო, კონდიტერებმა 137 ათასი დოლარი ჯარიმა გადაიხადეს“. როგორც ტექსტიდან ირკვევა, საკონდიტრო მაღაზიამ უარი უთხრა ჰომოსექსუალ წყვილს ტორტის დამზადებაზე, რომლის გამოც ჯარიმა დაეკისრათ. ამბის ბოლოს კი ჟურნალისტი ამატებს რომ „თუ მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ჯარიმების გადახდის ფინანსური შესაძლებლობაც გაქვს, შეგიძლია გააგრძელო კანონის დარღვევა“.

გასართობ გვერდებს ყველაზე დიდ ადგილს უთმობს გაზეთი „ალია“. აქ ნახავთ ჰოროსკოპს, კროსვორდებს, ანეკდოტებს. ასევე გვერდების საკმაოდ დიდი რაოდენობა ეთმობა სხვადასხვა შინაარსის პატარა ტექსტებს, თუ ერთ გვერდზე კითხულობთ „როგორ ვატაროთ ადამიანები ჩვენს ჭკუაზე? 10 ფსიქოლოგიური ხერხი, რომელიც სასურველია იცოდე“, იქვე შეიძლება შემოთავაზებული იყოს ამბავი „ჰაერში სექსი ისეთი სარფიანი ყოფილა, ისეთი...“

„ხორცის მოყვარული მამაკაცები უფრო მიმზიდველები არიან, ვიდრე ვეგეტარიანელები“, ამ ტიპის ახალი „სამეცნირო აღმოჩენების“ შესახებ „ალია“ და „ქრონიკა“ მკითხველს მუდმივად აწვდის ინფორმაციას. ტექსტებში სამეცნიერო აღმოჩენები, როგორც წესი „ბრიტანელ და ამერიკელ მეცნიერებს“ მიეწერება, ბუნებრივია მეცნიერების სახელიები, გვარები და თავად კვლევა დაკონკრეტებული არ არის. ამ ტიპის ინფორმაციის წყაროდ რუსული გასართობი გვერდები ხშირადაა მითითებული.

„ალიას“, „ქრონიკისა“ და „ასავალ-დასავალის“ გასართობი რუბრიკები ხშირად არის ევროპის შესახებ მცდარი სტერეოტიპებისა და მითების წყაროც. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ნიდერლანდებში მართვის მოწმობის აღება სექსუალური მომსახურების ხარჯზეა შესაძლებელი.

გაზეთ „რეზონანსის“ გასართობ რუბრიკაში, ზემოხსენებული გამოცემებისგან განსხვავებით, ნაკლებად შეხვდებით „უცნაურ რჩევებსა“ თუ გაუგებარ სამეცნიერო აღმოჩენებს, სექსიზმის შემცველი მასალებიც, პრაქტიკულად არ გვხდება. ნასას აღმოჩნები, ამბებო ჰოლივუდიდან, სიახლეები პოპმუსიკის სამყაროდან - „რეზონანსი“ გასართობ გვერდზე მკითხველს ამ ტიპის ინფორმაციას აწვდის.

„ასავალ-დასავალი“ თითქმის ყველა ნომერში, ტრადიციულად წარმოგვიდგენს რუბრიკას „საუბრები ასტროლოგთან“, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას გეომაგნიტურ დღეებზე, ფერებსა და წყვილთა შეთავსების ურთიერთკავშირზე. სხვა გაზეთების მსგავსად აქაც იხილავთ კროსვორდებს. ასევე შეიძლება გაეცნოთ მასალებს მედიცინაზე, ან საკვებზე.

გასართობი გვერდები ხშირად სთავაზობენ ქალებს (!) სხვადასხვა ტიპის მონოდიეტებსა თუ წონაში დაკლების ხერხებს. ასეთი მასალები სილამაზის გარკვეულ სტანდარტებს აწესებს და ხელს უწყობს სტერეოტიპების გაღრმავებას, გარდა ამისა, როგორც წესი, ამ ტიპის ინფორმაციას არასოდეს ერთვის ცნობები ამგვარი მონოდიეტების უკუჩვენებების შესახებ. ამ საკითხს ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ მედიაჩეკერის სტატიაში: "ცნობილი ადამიანების დიეტები, ერთ თვეში დაკლებული 20 კილო და სიგამხდრის პროპაგანდა მედიაში".

კატეგორია: ბლოგი
„პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“ - უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ ეს ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ წინადადება თითქოსდა მარტივად აღსაქმელია და არ მოიცავს რთულ, ჩახლართულ, იურიდიულ ტერმინებს, ადამიანის უფლება, მიიჩნეოდეს უდანაშაულოდ, მანამ სანამ სასამართლო არ დაამტკიცებს მის ბრალეულობას, ვერა და ვერ გაითავისა ჩვენი მედიის ნაწილმა. ეს პრობლემა, როგორც წესი, მაშინვე იჩენს ხოლმე თავს, როგორც კი, მედიის დღის წესრიგში რაიმე გახმაურებული კრიმინალური ამბავი, მკვლელობა, ყაჩაღობა, ქურდობა ხვდება.

ტრადიციულად გაშუქდა ინფორმაცია თბილისში მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რომლის შედეგადაც მამაკაცი და 5 წლის ბავშვი დაიღუპა. „მკვლელი“.... სწორედ ასე მოიხსენია რამდენიმე გამოცემამ ბრალდებული და არც მისი სახელისა და გვარისა თუ პირადი ცხოვრების დეტალების გამომზეურებას მორიდებია.

„ვინ არის ქალი, რომელმაც ქმარ-შვილი მოკლა“ - შეკითხვაც ტრადიციული იყო, ონლაინ მედიაში ყველაზე ხშირად სწორედ ამ ტიპის სათაურები გვხვდებოდა. თავად ტექსტებში კი გავეცანით მკვლელობების ქრონოლოგიას, ვკითხულობდით დეტალებს ბრალდებულის შესახებ, შევიტყვეთ მისი სახელი და გვარი, ასაკი, სამუშაო ადგილი, ისიც, რომ „მეზობლების თქმით, ნორმალური ოჯახი ჰქონდათ“. დავათვალიერეთ ოჯახის წევრების ფოტოებიც, რომლებიც მედიასაშუალებებმა სავარაუდოდ სოციალური ქსელიდან აიღეს. მედია მტკიცებით ფორმაში წერდა, რომ ქალმა ჯერ ქმარს ჩაარტყა ჩაქუჩი თავში, შემდეგ კი შვილი მოგუდა. წერდა ისე, რომ არავის გახსენებია პირის უფლება, იყოს უდანაშაულო მანამ, სანამ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება. ეს მედიასაშუალებები თითქოს თავს იმართლებდნენ და წერდნენ, დანაშაული თავად ბრალდებულმაც აღიარაო. სამწუხაროდ, მათ არ გახსენებიათ, რომ პირი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უდანაშაულოდ ითვლება მაშინაც კი, როცა მან აღიარებითი ჩვენება მისცა, რადგან აღიარება არ ნიშნავს, რომ მან დანაშაული ნამდვილად ჩაიდინა. სს საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლში ვკითხულობთ: „ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით“. შესაბამისად, ბრალის აღიარება, მედიასაშუალებას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, მაშინ როცა პირს მკვლელად ან დამნაშავედ მოიხსენიებს.

ტელემედია შედარებით უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს და ბრალდებულის სახელი და გვარი არ უხსენებია. „დავაკავეთ ქალბატონი, რომელმაც მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოკლა“ - თუმცა შსს წარმომადგენლის ეს კომენტარი უცვლელად შემოგვთავაზეს „მაესტრომ“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

მეზობლები ამ ტიპის სიუჟეტებში მთავარი მოქმედი გმირები არიან ხოლმე. როგორც ონლაინ, ისე სატელევიზიო მედიაში მეზობლებისგან მოვისმინეთ დეტალური აღწერა, რომელი გვამი სად იპოვეს, რა დაზიანებები აღენიშნებოდა ვიზუალურად და ა.შ, გავიგეთ, რომ „დედაც კარგი იყო, მამაც და შვილიც“ , „რომ ჩვეულებრივად ცოლ-ქმარი იყვნენ“, ისიც, რომ „ერთმანეთი უყვარდათ“.

ტელემედიას არც მკვლელობის მოტივების ძიება დავიწყებია. რატომღაც, როცა ამ ტიპის მკვლელობა ხდება, მედია ყოველთვის სვამს კითხვას - ხომ არ ჰქონდა ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები? ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა, „კურიერში“ ჟურნალისტი არ მოერიდა იმ ვარაუდების გაჟღერებას, რომელიც ბრალდებულის პირად ცხოვრებას და ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება: „არსებობს ბევრი ვერსია, დაწყებული იმით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წესრიგში არ იყო, გაგრძელებული იმით, რომ მას თითქოს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი“ - გვამცნო ჟურნალისტმა შესავალ ტექსტში. წყვილის პირადი ცხოვრების დეტალებს სიუჟეტში აღარ ჩაღრმავებიან, თუმცა მიმოიხილეს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ორჯერ აღინიშნა, რომ მას დიაბეტი ჰქონდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები, ოჯახის ახლობელი ასე პასუხობს: „რა ვიცი ,შეიძლება.... ინსულინზე იყო ეს გოგო და არ ვიცი“.... გაუგებარია, რა საჭირო იყო ამ სინქრონის გამოყენება სიუჟეტში, გარდა იმისა, რომ საუბარია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც პერსონალურ ინფორმაციას მიეკუთვნება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დიაბეტი ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს, ფსიქიკური პრობლემები კი დანაშაულის, მკვლელობის პირდაპირი მოტივია, რაც ცალსახად არასწორი შეხედულებაა და კიდევ უფრო მეტად აძლიერებს სტიგმას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ.

ცალკე საუბრის თემაა ამგვარი ტრაგედიების სენსაციურ ჭრილში გაშუქებაც. მაგალითად, არაერთმა ონლაინ მედიასაშუალებამ გვიჩვენა სოციალური ქსელებიდან აღებული მოკლე ვიდეო, სადაც 5 წლის პატარა დედას ლექსს უძღვნის, კადრში კი გვესმის დედის ხმა: „როგორ უყვარხარ დედას...“ „კურიერის“ სიუჟეტში კი ვნახეთ ბრალდებულის დის სასოწარკვეთილი კივილი, ეს კადრები იმდენად ემოციურია, რომ მისი ბოლომდე ნახვა მაყურებლისგან დიდ გამძლეობას მოითხოვს.. იგივე კადრები უფრო დიდი ქრონომეტრაჟით გვაჩვენა პალიტრა TV-მაც. აქ საკითხი ასე დგას: რა საინფორმაციო ღირებულება აქვს ამგვარი კადრების ჩვენებას, თუ არ აჩვენე როგორ კივის ჭირისუფალი, ისე ვერ დაიჯერებს მაყურებელი რომ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო ის უმძიმეს მდგომარეობაშია? ან გაუგებარია, რისი თქმა სურს მედიას, როცა გვიჩვენებს ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვის ვიდეოს...

დღეს საქმის შესახებ ახალი დეტალები ირკვევა. სიმართლე გითხრათ, მეშინია თითოეული სიახლის, რომელიც ამ საქმეზე მედიაში ქვეყნდება. ეს თემა მედიის დღის წესრიგში კიდევ დიდხანს იქნება, ვიცი რომ ჟურნალისტები ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ და მეშინია, რომ კიდევ ბევრ ჭორს და ტყუილს, “ექსკლუზიურ” და “სენსაციურ” ინფორმაციას ამოვქექავთ ოჯახის პირადი ტრაგედიის შესახებ.

აქვე, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მუხლები:

მუხლი 35. 1.დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა.

მუხლი 35. 20.მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა.

მუხლი 36. სახელმძღვანელო რეკომენდაციები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისათვის 1.მაუწყებელი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.

მუხლი 49. 2. დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა, დაზარალებულთა და მათი ოჯახის წევრების კანონიერი ინტერესების დაცვა.

მუხლი 49.3.დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას, მაუწყებელმა არ უნდა მოახდინოს ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი სახელი საზოგადოებისთვის ცნობილია ან საქმე საზოგადოებრივი ინტერესის მქონეა.

მუხლი 50. 1.დანაშაულის ან ანტისოციალური ქმედების გაშუქებისას მაუწყებელმა არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო პანიკის შექმნა საზოგადოებაში, ჭორების ან უსაფუძვლო ვარაუდების გავრცელება, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას ან კანონიერ ინტერესებს.

მუხლი 50. 4.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ან სასამართლო პროცესის გაშუქებისას, მაუწყებელმა უნდა გააშუქოს საბოლოო განაჩენი და მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.
კატეგორია: ანალიზი
ერთმანეთში არეული ილუსტრაციები, მყვირალა სათაურები და დამაინტრიგებელი ფრაზები, სხვადასხვა ფერის ფონები და შრიფტი - ამ ინდიკატორებით პირველი გვერდიდანვე ვხვდებით, რომ ეს „პრაიმ-ტაიმია“!

რა გასაკვირია, რომ სკანდალები, სენსაციები და „ექსკლუზივები“ ამ გაზეთის სტიქიაა. ზოგჯერ შეიძლება, პუბლიკაციის შინაარსი არც სკანდალური იყოს, არც სენსაციური და არც ექსკლუზიური, მაგრამ პირველ გვერდზე გამოტანილ ანონსში და შესაბამის გვერდზეც სათაურთან მაინც არტყია ლათინური წითელი შრიფტით აწყობილი შტამპი: SCANDAL, ან კიდევ EXCLUSIVE.

ეს თემა სტატისტიკურადაც რომ განვიხილოთ, მაგალითისთვის, 19 ოქტომბრის ნომრის პირველ გვერდზე გამოტანილი ანონსებიც გამოდგება - ათი ანონსიდან ორს დიდი წითელი, ლათინური ასოებით აწერია - SCANDAL, ოთხს ასეთივე სტილში - EXCLUSIVE, სამს კი იგივე შინაარსის, ოღონდ ქართულენოვანი წარწერა აქვს - „ექსკლუზიური“, „ექსკლუზივი“. საინტერესოა, რომ მოწინავე სტატიას, რომელსაც რიტორიკული სათაური აქვს - „საიდან ჩაუვარდა კოლომოისკის ხელში სკანდალური კომპრომატები“ ზემოთ კიდევ უფრო დიდად, წითელი ასოებით აწერია - „ექსკლუზივი“, ქვემოთ კი ბეჭედივით წითლად არტყია: EXCLUSIVE, SCANDAL.

გაზეთს კითხვის ნიშნით დაბოლოებული სათაურები ახასიათებს. „ვინ მიითვისა ავღანეთში დაჭრილი სამხედროების კუთვნილი მილიონნახევარი?“ „რა საიდუმლო მასალებს უგზავნის ბესელია ბადაშვილს?“ „რას ითხოვს ირანი საქართველოსგან“ (აქ და ზოგიერთ სხვა შემთხვევაში „პრაიმ-ტაიმი“ კითხვის ნიშანს არ იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ წინადადება კითხვითია), „რის გამო იხდიდა სასჯელს სოფო ბედიას ქმარი“ - ამ დამაინტრიგებელი სათაურების ქვეშ შეიძლება მხოლოდ ვარაუდები და ეჭვები დაგხვდეთ, შეიძლება, პასუხიც იპოვოთ - ეს 50/50-ზეა. მთავარია, სათაურიდანვე დაინტრიგდეთ და ერთგვერდიანი EXCLUSIVE და SCANDAL სულმოუთქმელად წაიკითხოთ.

„პრაიმ-ტაიმის“ სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მის სიყვითლეში ნაკლებად ურევია აგრესია, ქსენოფობია, ჰომოფობია და სხვა ყველანაირი ფობია თუ მანია, რითაც ბუნებას ასე დაუჯილდოვებია ზოგიერთი მისნაირი ყოველკვირეული. გაზეთის სუსტი წერტილი კრიმინალური ისტორიებია, რომელთა გაშუქებისას ჟურნალისტები ზოგჯერ იმ საზღვარს კვეთენ, საიდანაც ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები აღარ ვრცელდება. ასევე, ყოფილა მსხვერპლი არასრულწლოვნების ან მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა იდენტიფიცირების შემთხვევები.

რაღა თქმა უნდა, „პრაიმ-ტაიმი“ წარმოუდგენელია პაპარაცების გარეშე. გამოცემის ორი გვერდი ხშირად ეთმობა რუბრიკას - Paparazzi, სადაც ქართული ბომონდის ცხოვრებისეული ყოფის ფოტოები ქვეყნდება. ზოგჯერ ამ ფოტოებზე იმდენად ჩვეულებრივი კადრებია, რომ ვერ გაიგებ, რატომ მოხვდა ეს კადრი პაპარაცის ობიექტივში. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ფოტოზე გაიელვებს რომელიმე ქართველი მომღერლის შიშველი ბარძაყის ნაწილი ან ჭიპი, ან რაიმე ისეთი ყოფითი სიტუაცია, რაც ასე აღაფრთოვანებს მსგავსი კადრების მოყვარულ მკითხველს (აგერ, ერთ-ერთი მომღერალი ტუჩებს პრანჭავს და პომადას ისვამს).

იმავე გვერდზე, ტრადიციული რუბრიკით - Bazar გვხდება რადენიმე მოკლე ინფორმაცია „ცნობადი სახეების“ ცხოვრებიდან. „როგორ ერთობიან თავისუფალ დროს ქართველი ვარსკვლავები“, „მალხაზ ქვრივიშვილის ყოფილმა ცოლმა და ანრი ბიბინეიშვილმა ხელი მოაწერეს“, „რამაზ ნოზაძეს ცოლმა დაბადების დღე საწოლში მიულოცა“ - ასეთ ახალ ამბებს გვიზიარებს რუბრიკა Bazar. ასეთი „მსუბუქი“ ტიპის სიახლეთა ანონსები გაზეთის ბოლო გვერდზეც არის გამოტანილი.

ჟურნალისტების მიერ მომზადებული სტატიების გამიჯვნა დაფინანსებული სტატიებისგან აქაც ისევე პრობლემატურია, როგორც სხვა ქართულ გაზეთებში. თუმცა, თუკი სხვა გაზეთები შეთანხმდნენ, რომ დაფინანსებული სტატიის ბოლოს ლათინური ასო „R“ უნდა მიაწერონ (სავარაუდოდ ეს „R“ რეკლამას უნდა ნიშნავდეს), „პრაიმ-ტაიმი“ მათ ემიჯნება და ირჩევს ასო „A“-ს. რატომ A? სავარაუდოდ ინგლისური სიტყვას advertisement (რეკლამა) - უნდა ნიშნავდეს. ზოგიერთ სტატიას არც ეს A აწერია და არც რაიმე სხვა მინაწერი გვამცნობს, რომ დაფინანსებულია, მაგრამ ქართული ბეჭდური მედიის ხრიკების კარგად მცოდნე მკვლევარი მაინც მიხვდება, რომ მის გამოქვეყნებაში ფულია გადახდილი. რიგით მოკვდავს ამის მიხვედრა ათგზის უფრო გაუჭირდება „პრაიმ-ტაიმის“ ჭრელი დიზაინის პირობებში, როცა გაზეთის გვერდებზე ისედაც ჩვეულებრივი ამბავია განსხვავებული ფერები, შრიფტები და ჩარჩოებში ჩასმული სტატიები.

თუკი გაზეთს ეთიკის ნორმები ავალდებულებს მკითხველის ზუსტ ინფორმირებას დაფინანსებული სტატიის თაობაზე, სახელმწიფო უწყებებს კანონი ავალებს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ამდენად, როდესაც გაზეთში ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების საქმიანობის რეკლამა გვხვდება და მასში, სავარაუდოდ, თანხაა გადახდილი, ამის თაობაზე, პირველ რიგში, თვითონ სახელმწიფო უწყებამ უნდა უზრუნველყოს მკითხველის ინფორმირება. აქ კონკრეტული მაგალითების მოყვანაც შეიძლებოდა, თუ რომელმა სტატიამ აღგვიძრა ეჭვები, მაგრამ ამ პუბლიკაციებს არავითარი მინიშნება არა აქვს და ამდენად, ლოგიკური იქნება, ეს აბზაცი „პრაიმ-ტაიმის“ სტილში, კითხვითი წინადადებით დავასათაუროთ - სახელმწიფო უწყებები „პრაიმ-ტაიმში“ ფარულად არის რეკლამირებული?

და მაინც, ინტერნეტის ეპოქაში ბეჭდურ მედიას თუკი მომავალი უწერია, „პრაიმ-ტაიმი“ დიდხანს იცოცხლებს. მისი დღეგრძელობა განპირობებული იქნება განსხვავებული მიდგომით, როცა ტაბლოიდი ბოლომდე ამართლებს თავის მოწოდებას და პარალელურად არ ავრცელებს რეაქციულ სიბნელეს, აგრესიას და განსხვავებულისადმი შიშებს.

ავტორი: ალეკო ცქიტიშვილი
კატეგორია: ანალიზი
„კვირის პალიტრას“ წელს 20 წელი შეუსრულდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გამოცემული გაზეთისთვის საკმაოდ დიდი სტაჟია. მთავრობები იცვლებიან, „კვირის პალიტრა“ კი რჩება ეკლექტურ გაზეთად, პირველი გვერდის ბოლოს, ყვითელ-ცისფერ-წითელ ფერებში შესრულებული თავდაჯერებული მიმართვით - „თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით!“

თუ გავითვალისწინებთ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, ამაზე მართალი სლოგანი რაღა უნდა იყოს?! თუმცა, ამ სიმართლეში არის რაღაც ტრაფარეტული, როგორც კარგად ნაცნობ ლოზუნგში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გზად და ხიდად რომ თვალში გვეჩხირება - „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია!“

ყველაფერი ერთ გაზეთში - ესაა „კვირის პალიტრის“ სტრატეგია. მის პოპულარობას და წარმატებას, როგორც ჩანს, განსაზღვრავს სწორედ ეს სტატეგია - მოიცვას მაქსიმალურად ყველა ასაკისა და სხვადასხვა მიზანსწრაფვების მქონე მკითხველი. ამ ეკლექტური გაზეთის გვერდებზე განფენილი მრავალფეროვანი და სხვადასხვა სეგმენტის მკითხველთათვის განკუთვნილი რუბრიკებიდან წლების განმავლობაში იშვა დღეისათვის პალიტრის მედიაჰოლდინგში შემავალი ცალკეული გამოცემები, რომელთა უმეტესობას აქვს არანაკლებ პოპულარული ინტერნეტ-პლატფორმები: „...და ქალი“ (ქალებისთვის),„კარიბჭე“ (მართლმადიდებელი მრევლისთვის“), „არსენალი“ (ჟურნალი სამხედრო თემაზე), „მკურნალი“ (სამედიცინო ჟურნალი), „გემრიელი“ (კულინარიის მოყვარულთათვის) „კარუსელი“ (საბავშვო ჟურნალი) და ა.შ.

„კვირის პალიტრა“ სწორედ 90-იან წლებში - 1995 წელს დაარსდა, როცა ინტერნეტი არ არსებობდა და ინფორმაციის მიღება მხოლოდ ტელევიზიით, რადიოთი და ჟურნალ-გაზეთებით იყო შესაძლებელი. ამ მიზეზის გამო უამრავი ჟურნალი და გაზეთი გამოდიოდა. „კვირის პალიტრამ“ განვითარების ჭკვიანური, მაგრამ,ცოტა არ იყოს, პარაზიტული გზა აირჩია - იგი სხვადასხვა პოზიციის, თემისა და ელფერის საკითხზე გამოცემული ჟურნალ-გაზეთებიდან საუკეთესო სტატიებს არჩევდა და ზოგს პირდაპირ აქვეყნებდა, ზოგს კი თავის ჭკუაზე ამოკლებდა. ამ გზით „კვირის პალიტრამ“ თავისი ისტორიის პირველ წლებში 90-იანი წლების ამორფულ და ჭრელ ქართულ მედიას ერთ პალიტრაზე (ალბათ უფრო - ლანგარზე) მოუყარა თავი და მკითხველს შესთავაზა „ყველა გაზეთი ერთ გაზეთში“.

გაზეთი ჟურნალისტების გარეშე! ეს კონცეფცია „კვირის პალიტრისთვის“ მომგებიანი აღმოჩნდა: ინფორმაციას მოწყურებული მკითხველი, რომელსაც მატერიალურად უჭირდა, სამი-ოთხი გაზეთის ნაცვლად ერთს ყიდულობდა და მასში ეცნობოდა სხვა გაზეთების რჩეულ სტატიებს.ნელ-ნელა „პალიტრის“ ტირაჟი შემაშფოთებელი გახდა სხვა გაზეთებისთვის, რომლებმაც თვალი გაახილეს და ახალგაჩენილ კონკურენტს თავიანთი სტატიების გამოქვეყნება აუკრძალეს. ჯერ პოპულარულმა და მაღალრეიტინგულმა გაზეთებმა იჩივლეს, მერე - ნაკლებად რეიტინგულებმა და ბოლოს „პალიტრის“ შიგთავსი ორიოდე გაჭირვებული გაზეთისა და იმ დროისათვის თბილისში პოპულარული (ძირითადად - რუსული) უცხოენოვანი გაზეთების დაიჯესტს წარმოადგენდა.სწორედ ამ დროიდან გამოჩნდნენ „კვირის პალიტრაში“ საკუთარი ჟურნალისტები და გაზეთმა დაიწყო საკუთარი პროდუქტის შექმნა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. „კვირის პალიტრა“ კვლავ დაწინაურდა და იმდენი მოახერხა, რომ ყველაზე მაღალტირაჟიანი ყოველკვირეული გაზეთი გახდა. თუმცა,თავდაპირველი კონცეფცია გაზეთს ვიზუალურად დღესაც ეტყობა, განსაკუთრებით - პირველ გვერდზე ოთხკუთხა ჩარჩოებში ჩასმულ სათაურებსა და ანონსებს.

„კვირის პალიტრის“ ჭეშმარიტი მკითხველები გაზეთს მოფერებით „პალიტრას“ ეძახიან.„პალიტრა მომეცი“ - ამ ორი სიტყვით მიმართავენ საგაზეთო ჯიხურის გამყიდველს.კონკურენტებისა და ცინიკოსებისთვის კი „პალიტრას“ ტრადიციული ეპითეტიაქვს - „პოლიტრა“, რომელიც მეტწილად ნეიტრალური მასალებით გათრობს და აქტიური, მკვეთრი პოზიციებით არ გამოირჩევა. თუმცა, ეს კონკურენტების აზრია და შეიძლება ამაზე იდავო. გააჩნია, ამ აზრს, როგორც ქოთანს, როგორ მოაბამ ყურს და საიდან შეხედავ. აბა, „პალიტრის“ მოკრძალებული „ჟურნალისტური მოკვლევები“ სად შეედრება მისი კოლეგა (კოლეგა?!) ყოველკვირეული ლომვეშაპების - „ასავალ-დასავალისა“ და „კვირის ქრონიკის“ აგრესიულ ბრდღვინვას?!

„კვირის პალიტრის“ ტრადიციული რუბრიკებიდან ყველაზე გამძლე, ალბათ, მეორე-მესამე გვერდზე გამოქვეყნებული „კვირის თემაა“, რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ ექსპერტთან ინტერვიუს გასული კვირის მთავარ მოვლენებზე. ამას მოსდევს მნიშვნელოვანი, ექსკლუზიური თემები მეოთხე-მეხუთე გვერდებზე, რომელთა სათაური ხშირად ხვდება პირველი გვერდის ყველაზე დიდ ოთხკუთხედში.

„კვირის პალიტრაში“ შეგხვდებათ სხვადასხვა ჩანართი, ზოგი - ტრადიციული, ზოგი - ყოველთვიური, ზოგიც - სარეკლამო-დაფინანსებული. ტრადიციულებიდან ბოლო ხანს ყველაზე საინტერესოა „მამულ-დედული“, რომელსაც გამოცდილი რედაქტორი გელა გურგენიძე კურირებს. ეს ჩანართი ხშირად მოგვითხრობს წარმატებულ მეურნეებზე, რომლებმაც უმუშევრობას და უიმედობას თავი დააღწიეს და საქმე ისე ააწყვეს, პროდუქცია ექსპორტზეც გააქვთ. იგი, ალბათ, ყველაზე მეტად იზიდავს „პალიტრის“ მრავალრიცხოვან მკითხველს - უპრეტენზიო პენსიონერებს რეგიონებიდან, რომლებსაც შეუძლიათ, ეს ჩანართი გაზეთის შუაგულიდან ამოიღონ და ცალკეც აკინძონ. ოჯახური და მცირე მეურნეობების წარმატებების გაშუქება სწორედ მათი მოთხოვნა, უფრო სწორად - მოთხოვნილებაა. მკითხველთა კატეგორიების ფსიქოპორტრეტებს რომ არ ჩავურღმავდეთ, შედარებისთვის, მოკლედ ისიც ვთქვათ, რომ „ასავალ-დასავალის“ პრეტენზიულ მკითხველებს (პენსიონერები აქაც სჭარბობენ) ასეთი ჩანართი არ მოეწონებოდა.

„კვირის პალიტრის“ გვერდების თავზე ხშირად შენიშნავთ ზედმეტად მახვილგონივრულ და ხატოვან რუბრიკებს. მათ შორის, იყო ერთი ასეთი - „წისქვილმა კი ფქვასო“, რომელიც ანომალურ მოვლენებსა და ცრურწმენებს ეხებოდა. კარგა ხანია, აღარ მინახავს. შეიძლება, თავი ამოწურა. თუმცა, რუბრიკა „თქვენთვის ქალბატონებო“ ჯერ კიდევ ცოცხალია. აქ ნახავთ სენტიმენტალურ ისტორიებს შემდეგნაირი სათაურებით: „სხვის ქმართან მიმოწერაში მათენდებოდა“, „საყვარელი მეუბნება, ცოლს არ აწყენინოო“, „ქმარს გამოვუცხადე, ახალი ქმარი მყავს და შინიდან წადი-მეთქი“. ამ ისტორიებს ანონიმი ქალები (კაცები - იშვიათად) ჰყვებიან. ამიტომ, როგორც არ უნდა რეალური იყოს ეს ამბები, მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ არა სინამდვილეს, არამედ შეთხზულ ნოველებს ვკითხულობთ.

ვინაიდან „კვირის პალიტრა“ მაღალტირაჟიანი გამოცემაა, მასში რეკლამაც საკმაო რაოდენობითაა და R ნიშნით დაბეჭდილი, ანუ დაფინანსებული, ე. წ. შეკვეთილი სტატიებიც. სულ მაინტერესებს, ეს ლეგენდარული R ნიშანი პირველად რომელმა ქართულმა გაზეთმა მოიგონა. კვალს რომ გავყვეთ, არ არის გამორიცხული, „კვირის პალიტრამდე“ მივიდეთ. გამოუცდელ მკითხველს, რომელსაც გაზეთის ბოლო გვერდზე განმარტებული „R“ ნიშნის არსი არ წაუკითხავს, სარეკლამო სტატიები ისე შემოეკითხება, ვერც მიხვდება, რომ რაღაცაში მოტყუვდა. კერძო კომპანიების მარკეტინგის მენეჯერებს არაფერს ვერჩი. მე უფრო იმ სახელმწიფო უწყებებისა თუ ორგანიზაციების მიკვირს, რომლებიც ამ ნიშნის გამოყენებით ცდილობენ თავიანთი საქმიანობის გაშუქებას. მაგალითად, 5-11 ოქტომბრის „კვირის პალიტრაში“ ერთგვერდიანი სტატია გამოქვეყნდა „R ნიშნით“ და სათაურით: „საქართველოს ფოსტა“ - სწრაფი ნაბიჯები წარმატებებისკენ!“ მსგავსი სტატიები სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების ანგარიშვალდებულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. სახელმწიფო ორგანიზაციები ამოუცნობ ნიშნებს არ უნდა ეფარებოდნენ და სტატიებს გასაგებად უნდა მიაწერონ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული.

„კვირის პალიტრა“ კონსერვატიული გაზეთია და ზომაზე მეტად რელიგიურიც. იგი რელიგიური უმრავლესობის - საქართველოს მართლმადიდებელი მრევლის ინტერესებს გამოხატავს. თუმცა, რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია და სიძულვილის ენა ამ გაზეთში ბევრად იშვიათია, ვიდრე ზემოხსენებულ ორ აგრესიულ ყოველკვირეულ გამოცემაში. სკაბრეზულ სიტყვებსა და შეურაცხმყოფელ ეპითეტებსაც ტაბუ ადევს.

არავინ იცის, ჩვენი - მკითხველების ცხოვრება საით წარიმართება და წინ რა ბედი გველის. პენსიაზე კი უსათუოდ გავალთ და შეიძლება, სოფლად რაიმე საჩუჩუნო საქმეც გამოვნახოთ. აი, მაშინ კი, ალბათ, მეტი შანსი გვაქვს, ჩავწვდეთ იმ მკითხველთა გემოვნებას, რომლებმაც აირჩიეს „კვირის პალიტრა“.


ავტორი: ალეკო ცქიტიშვილი
კატეგორია: ანალიზი
2015 წლის 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ქართულ ტელესივრცეში გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე გაშუქდა.

შედარებით პრობლემური იყო “იმედის” გადაცემა “იმედის კვირის” გაშუქება, განსხვავებით საინფორმაციო პროგრამა “ქრონიკასგან”, სადაც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე ეთიკური ნორმების დაცვით გაშუქდა.

“იმედის კვირამ” ჰომოფობიასა და ტრანსფობიათან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას დიდი დრო დაუთმო. გადაცემაში 17 მაისს გამართული ყველა აქცია მიმოიხილეს. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მრგვალ ბაღში “შეხვედრა ჩატარდა საიდუმლო ვითარებაში”: აქციის მონაწილეებმა წინასწარ გაიარეს აკრედიტაცია და ორგანიზატორებმა მონაწილეები გააფრთხილეს, რომ უცხო ადამიანებისთვის ამ შეხვედრის შესახებ არაფერი ეთქვათ.

“იმედის კვირაში” რუსთაველის მეტროსთან და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გამართული აქციებიც მიმოიხილეს, სადაც მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენლები და სასულიერო პირები შეიკრიბნენ. ამ აქციებს ჟურნალისტმა კონტრაქცია უწოდა.

ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს განსხვავებულად აღნიშნავენ სხვა ქვეყნებში. “მაგალითად, იტალიაში რამდენიმე წლის წინ დეპუტატებმა ერთგვარი ფლეშმობი მოაწყეს სასესიო დარბაზში, ერთმანეთს აკოცეს და ამ ფორმით დაგმეს სექსუალური უმცირესობის მიმართ განხორციელებული ძალადობა”.

ამ კადრების ამსახველი ვიდეოთი და ე.წ. ცისარტყელის - თანასწორობის დროშით “იმედის კვირის” ჟურნალისტი პარლამენტში მივიდა და ერთგვარი პროვოკაციულ ექსპერიმენტი ჩაატარა. მან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმოადგენელ დეპუტატებს ხელში თანასწორობის დროშის დაკავება და ჰომოფობიის დაგმობის შესახებ 20 წამიანი მიმართვის გაკეთება სთხოვა. დეპუტატების უმრავლესობამ, მათ შორის: გია ვოლსკიმ, (“არა ვარ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი და არ მიმაჩნია, რომ ეს დროშა ხელში უნდა მეჭიროს”), ნუკრი ქანთარიამ, ლერი ხაბელოვმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ, აკაკი ბობოხიძემ, გედევან ფოფხაძემ, ვახტანგ ხმალაძემ, გია ცაგარეიშვილმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, მურმან დუმბაძემ, ზურაბ ზვიადაურმა, გოგი ქავთარაძემ, ზურაბ აბაშიძემ დროშის, დაჭერაზე უარი თქვეს. სიუჟეტში დეპუტატთა განმარტებებიც არის ჩაწერილი.

“გეი პარადი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში - ვნახოთ ის, რასაც საქართველოში აპროტესტებენ” - ასე წარადგინეს გადაცემის ანონსში (ტელეკომპანიის Facebook გვერდზე და ტელეკომპანიის ოფიციალურ საიტზე) სიუჟეტი, რომელიც 16 მაისს, ბრიუსელში გამართულ ჰომოფობიასთან ბრძოლის აღმნიშვნელ ტრადიციულ პრაიდფესტივალს მიეძღვნა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პრაიდფესტივალი არასოდეს გაუპროტესტებიათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის არც არასოდეს ჩატარებულა. 2012 და 2013 წლებში, ისევე როგორც წელს, ადამიანებმა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სიუჟეტში გვაჩვენეს, რომ ბრიუსელის ყველა ისტორიულ და სამთავრობო შენობებზე სახელმწიფო დროშებთან ერთად თანასწორობის შვიდფეროვანი დროშები ფრიალებს, ლგბტ თემის წარმომადგენლები თავისუფლებისა და სიყვარულის დღეს ზეიმობენ, პრაიდში კი მათთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მთავარი ევროპული ღირებულების - ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ამ სიუჟეტში ბევრი ვერაფერი ვნახეთ და მოვისმინეთ.

პრაიდფესტივალის ასეთი აღწერილობა შესაძლოა „გარყვნილი ევროპის“ სტერეოტიპის გამყარებას უწყობდეს ხელს.

გადაცემაში ლგბტ თემის პრობლემების შესახებ დისკუსიაც გაიმართა. დისკუსიაში სტუმრად იყვნენ მოწვეულები: უფლებდამცველები ბაია ქავთარია და დავით მიხეილ შუბლაძე, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი წარმომადგენელი, გიორგი ახვლედიანი, პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია და ექიმი სექსოლოგი არჩილ ბაქრაძე. თუმცა, არარელევანტური, მაგრამ რეიტინგული პოლიტიკოს-რესპონდენტებისა და ჟურნალისტთა მოუმზადებლობის გამო ლგბტ თემის პრობლემების შესახებ ვერც ვერაფერი გავიგეთ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებული აქციები დღის საინფორმაციო გამოშვებებში დარღვევების გარეშე გააშუქა. ტელეკომპანიამ ყურადღება გაამახვილა, როგორც სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველთა მიერ გამართულ აქციებზე, ასევე იმ მსვლელობაზე, სადაც ოჯახის სიწმინდის დღე აღნიშნეს.

21 საათზე “პოსტსკრიპტუმში” მაყურებელს შესთავაზეს სიუჟეტი ბათუმში მცხოვრებ სტიქაროსან, კობა ფერტენაძეზე, რომელსაც სტიქარის გახდა სასულიერო პირმა, ანდრია თურმანიძემ მოსთხოვა. სიუჟეტში აღინიშნა, რომ სასულიერო პირმა ჟურნალისტს ინტერვიუ არ მისცა, თუმცა როგორც გაზეთ „ბათუმელებთან“ ანდრია თურმანიძისათვის მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, შესაძლოა, ფარტენაძისათვის სტიქარის გახდის ერთ-ერთი მიზეზი მის მიერ ფეისბუქზე დადებული ფოტოები და წარბების გაკეთება იყოს. სიუჟეტში საკითხი საკმაოდ მრავალმხრივად, სტერეოტიპების გარეშე იყო წარმოჩენილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვება „მოამბემ“ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ეთერი 12, 16 და 20 საათიან გამოშვებებში დაუთმო.

16 საათიან გამოშვებაში მრგვალ ბაღთან გამართული აქციის გაშუქებისას წამყვანმა თქვა, რომ “ლგბტ თემის წევრებმა სამინისტროს რეკომენდაცით მიმართეს და მათი უფლებების დაცვა კიდევ ერთხელ მოითხოვეს“, თუმცა როგორც კადრებიდან გამოჩნდა, მოთხოვნის ავტორები მხოლოდ ლგბტ თემის წარმომადგენლები არ იყვნენ. იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბნენ როგორც თემის წევრები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და სხვა საჯარო პირები.

პირველ თემად ეს საკითხი “პირველი არხის” მთავარ გამოშვებაში არ გაშუქებულა.

ტელეკომპანია “მაესტრო” ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე მხოლოდ დღის გამოშვებებში გააშუქა, არხის მთავარ გამოშვებაში ამ საკითხს დრო აღარ დაეთმობია.

“ტაბულამ”კი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში პირველ თემად გააშუქა და ამ საკითხს რამდენიმე მასალა მიუძღვნა.

სხვა ტელევიზიებისგან განსხვავებით “ტაბულამ” აქცენტი უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებზე გააკეთა. როგორც ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ მასალაში აღინიშნა, 2013 წელს რომ დაეცვა ხელისუფლებას უსაფრთხოება, ახლა ამ მასშტაბის დაცვის მობილიზება საჭირო არ იქნებოდა.

“ტაბულამ” იუსტიციის სამინისტროსთან გამართული აქციაც გააშუქა, სადაც იმ პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ, რაც ტრანსგენდერ მოქალაქეებს ექმნებათ. გამოშვებაში ისაუბრეს ევროსასამართლოზეც და ოჯახის სიწმინდის დღეზეც. (17 მაისი მართლმადიდებელმა პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა)

საერთო ჯამში, 17 მაისის გაშუქების მხრივ ქართულ მედიაში უკეთესი ტენდენცია გამოიკვეთა. ჰომოფობიური გამონათქვამები არცერთ ეთერში არ მოხვედრილა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში იყო პრობლემები თემის ზედაპირულად და სკანდალურად გაშუქების მხრივ. შესაძლებელი იყო უფრო სიღრმისეული საუბარი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის მნიშვნელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე.

რედაქცია: მასალაში დაზუსტების მიზნით, შეტანილია ცვლილება. პირველადი ვერსია: “გეი პარადი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში - ვნახოთ ის, რასაც საქართველოში აპროტესტებენ” - ასე წარადგინეს გადაცემის ანონსში სიუჟეტი.

ჩასწორებული ვერსია:“გეი პარადი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში - ვნახოთ ის, რასაც საქართველოში აპროტესტებენ” - ასე წარადგინეს გადაცემის ანონსში (ტელეკომპანიის Facebook გვერდზე და ტელეკომპანიის ოფიციალურ საიტზე) სიუჟეტი.