კატეგორია: საერთაშორისო ამბები
ვატიკანისა და კათოლიკე მამათა მონასტრის პრესსპიკერისა და მოძღვრის ტომას როსიკას საავტორო სვეტებში გამოცემა Globe & Mail-მა პლაგიატი აღმოაჩინა. ამის შესახებ გამოცემის რედაქტორმა სილვია სტიდმა განაცხადა და განმარტა, რომ the Globe & Mail მის ნაწერებს აღარ გამოაქვეყნებს.

The Globe and Mail-ს მღვდლის საავტორო სვეტებში შესაძლო პლაგიატის შესახებ National Post-ის ერთ-ერთმა რეპორტიორმა შეატყობინა, რომელიც მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების შესახებ საგამოძიებო ტიპის მასალას ამზადებდა. ინფორმაციის მიღების შემდეგ გამოცემაში 2004-2016 წლებში როსიკას დაწერილი მასალები გადაამოწმეს და სამ მათგანში პლაგიატი აღმოაჩინეს.

The Globe and Mail-ის, განმარტებით, მღვდლის ორ მასალაში კათოლიკური საინფორმაციო სააგენტოდან (CNS) აღებული ციტატები იპოვეს, რომელთანაც ის პრესსპიკერის რანგში ოფიციალურად თანამშრომლობდა. CNS-ში გამოცემას განუმარტეს, რომ მათი სამიზნე აუდიტორია ძირითადად მღვდლები არიან, რომლებსაც მათი მასალების გამოყენების აბსოლუტური თავისუფლება აქვთ. ამის შემდეგ, the Globe and Mail-მა მღვდლის ორი სვეტი, სადაც პლაგიატი აღმოჩნდა, დააკორექტირა და მიანიშნა, რომ მასალა სააგენტოებისდან აღებულ ინფორმაციას შეიცავდა.

მღვდლის მესამე საავტრო სვეტში კი გამოცემამ the New York Times-დან და the Washington Post-დან აღებული ციტატები და პერიფრაზები იპოვა.

თავად ტომას როსიკა პლაგიატთან დაკავშირებით the Globe and Mail-ის ბრალდებებს არ იზიარებს. “მე მჭიდროდ ვთანამშრომლობდი the Globe and Mail-თან და მათი მოკვლევის შედეგებთან კითხვები მაქვს. რა თქმა უნდა, მათ გდაწყვეტილების შესაბამისად ფორმულირებისა და დასაბუთების სრული უფლება აქვთ. თუმცა, მე ამ გადაწყვეტილების გამო ვწუხვარ”, - აცხადებს ის

წყარო: imediaethics.org
კატეგორია: საერთაშორისო ამბები

ჰოლანდიელი ე.წ. ფრილანსერი ჟურნალისტი პიტერ ბლასიკი, რომელიც ერთდროულად სხვადასხვა გამოცემისთვის მუშაობდა, წყაროების გადაუმოწმებლობასა და პლაგიატში ამხილეს. ინფორმაციას the Associated Press ავრცელებს.

ჰოლანდიურმა გამოცემამ Nieuwe Revu-მ ბლასიკის მიერ მომზადებულ 27 სტატიაში დასახელებულ წყაროებს საერთოდ ვერ მიაკვლია.

კიდევ ერთმა ჰოლანდიურმა ჟურნალმა HP/De Tijd-მა ბლასიკის მიერ 2014-2017 წლებში დაწერილი 302 სტატიიდან პლაგიატი შვიდში აღმოაჩინა. გამოცემის განმარტებით, მათ აღნიშნული 2017 წელს აღმოაჩინეს, თუმცა იმ მოტივით, რომ თავად ჟურნალისტი ფაქტს უარყოფდა და ამავდროულად, ის ახალბედა და გამოუცდელი იყო, ამბის გასაჯაროებისგან თავი შეიკავეს.

პიტერ ბლასიკის მიერ დაწერილ ექვს სტატიაში წყაროებისა და ციტატების ფაბრიკაციის პრობლემას წააწყდა ბელგიური ინტერნეტგამოცემა Knack.be-ც.

Associated Press-ის ცნობით, ბლასიკი სამხრეთ ჰოლანდიაში მდებარე ერთ-ერთ ქალაქში საჯარო მოხელედაც მუშაობს, თუმცა google-ისა და სოციალური ქსელების საშუალებით მის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, აცხადებენ Imediaethics-ში.

წყარო: imediaethics.org

კატეგორია: ეთიკა

მედია პლატფორმა "ჩაიხანა" საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს მასალის პლაგიატში ადანაშაულებს. გამოცემამ გადაცემა „ახალი კვირის“ ერთ-ერთი სიუჟეტის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.

საქმე ეხება გადაცემა „ახალ კვირაში“ 27 იანვარს გასულ სიუჟეტს "გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან". 

ჩაიხანას განცხადების თანახმად, 2019 წლის 4 იანვარს მედია პლატფორმა Chai Khana-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეომასალა სახელწოდებით “გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან”. მასალის ავტორები არიან შორენა ტყეშელაშვილი და კონსტანტინე კომახიძე. ვიდეო ისტორია სოფელ გუმბათის მასწავლებელზე ია ძირკვაძეზეა. 2019 წლის 27 იანვარს კი პირველი არხის ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით “გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან“, რომელიც ამავე გმირზეა.

მედია პლატფორმა Chai Khana-ს ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ პირველ არხზე გაშვებული სიუჟეტის ავტორებმა დაარღვიეს ქარტიის მე-11 პრინციპი, პლაგიატის შესახებ.

„პირველ არხზე გაშვებული სიუჟეტის სათაური Chai Khana-ს ვებგვერდზე განთავსებული ვიდეომასალის სათაურის იდენტურია. ასევე პირველ არხზე გასული სიუჟეტი თემატურად Chai Khana-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეომასალის იდენტურია. პირველ არხზე გაშვებულ სიუჟეტში ავტორები არ უთითებენ პირველწყაროს და არც Chai Khana-ზე განთავსებული ვიდეომასალის ავტორებს ახსენებენ“, - ნათქვამია ჩაიხანას განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ განცხადება უკვე ცნო დასაშვებად. საქმის განხილვა ჯერ არ ჩანიშნულა.


პრინციპი 11 

ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

· ფაქტის განზრახ დამახინჯება;
· ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
· პლაგიატი.


მე -11 პრინციპის დარღვევის დადგენის შემთხვევები იხილეთ ამ ბმულზე

კატეგორია: ეთიკა
„ნეტგაზეთი“ სარედაქციო წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ორი ჟურნალისტი, რომელიც 2016 წლის იანვრის ბოლომდე თანამშრომლობდა გამოცემასთან, სისტემატურად მიმართავდა პლაგიატს.

გამოცემა ორი თვის განმავლობაში ატარებდა შიდა გამოძიებას: „ისინი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, კომენტარებს, ინტერვიუებს ასაღებდნენ თავიანთ ნამუშევრებად და უგზავნიდნენ ნეტგაზეთს. საქმე ეხება 2014-15 წლებში გამოქვეყნებულ სტატიებს სამხრეთი კავკასიის რეგიონის შესახებ” - ვკითხულობთ სარედაქციო წერილში.

როგორც წერილიდან ვიგებთ, რედაქციის შიდა გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა სწორედ ერთ-ერთი ავტორის სტატია, რომელიც არ გამოქვეყნებულა: “სტატია 2016 წლის იანვარში მივიღეთ, მასში პლაგიატის შემთხვევა აღმოვაჩინეთ და გადავწყვიტეთ მისი და სხვა ავტორის მიერ მომზადებული ყველა სტატია შეგვემოწმებინა. თუმცა პლაგიატის პრაქტიკა მხოლოდ ორი ავტორის ტექსტებში აღმოჩნდა“.

გამოცემამ პლაგიატის დადასტურების შემდეგ, ჟურნალისტებთან კონტრაქტი გაწყვიტა: „ჩვენი გამოძიების შემდეგ საიტიდან წაშლილია ორივე ავტორის მიერ 2014-16 წლებში გამოქვეყნებული 40-ზე მეტი სტატია. ამ სტატიების ლინკები კვლავ ხელმისაწვდომია, თუმცა საკუთრივ სტატიის ნაცვლად ნახავთ წარწერას, რომ ტექსტი წაშლილია აღმოჩენილი პლაგიატის გამო. სტატიების წაშლის გარდა, “ნეტგაზეთმა” გაუგზავნა ბოდიშის წერილები 40-ზე მეტ გამოცემას – ვებგვერდებს, რომლებიდანაც ორივე ჟურნალისტი პირდაპირ იწერდა სხვადასხვა ინფორმაციას, საკუთარ ნამუშევრად ასაღებდა და ამ ქმედებების შედეგად მიღებულ ტექსტებს “ნეტგაზეთზე” ვაქვეყნებდით” - განმარტავს გამოცემა.

ნეტგაზეთი, მომხდარის გამო, მკითხველს და კოლეგებს ბოდიშს უხდის: „ჩვენ მზად ვართ, კვლავ ვიმუშაოთ თქვენი ნდობის მოსაპოვებლად, თუ ის დავკარგეთ ამ ძალიან უსიამოვნო შემთხვევის გამო”.

რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი კი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ამბობს რომ პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებს: „ყველაზე მძიმე შეცდომა ჩემს, როგორც რედაქტორის პრაქტიკაში, რაც განაპირობა გაუმართლებელმა ნდობამ ამ ავტორებისა და მათი რეკომენდატორებისადმი, თუმცა მიზეზებს მკითხველისთვის, ცხადია, არ აქვს მნიშვნელობა... ამიტომაც ნეტგაზეთის ამ პროექტში მეც აღარ ვიქნები ჩართული. ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და პირველ რიგში, ვუხდი ბოდიშს ჩვენს მკითხველებსა და გულშემატკივრებს“.

აღსანიშნავია, რომ ესაა პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა გამოცემა თავადვე ღიად აცხადებს აღმოჩენილი პლაგიატის შესახებ, ბოდიშს უხდის მკითხველს და საქმის დეტალებს სარედაქციო წერილის სახით აცნობს აუდიტორიას.