პროპაგანდა
კატეგორია: ეთიკა
პროპაგანდისტულმა რუსულმა მედიასაშუალებებმა “ქართველი ერის მუსლიმებისგან გადარჩენის ბრძოლის” კონტექსტში გააშუქეს მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში გამართული ქსენოფობიური “ქართველთა მარში”. საინფორმაციო წყაროების ნაწილში მარში წარმოდგენილი იყო როგორც ქართული ტრადიციების, მართლმადიდებლობისა და ქვეყნის გარყვნილებისგან დასაცავად გადადგმული მასშტაბური მოძრაობა. რუსულმა მედიამ, 14 ივლისის ქსენოფობიური მარშის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პარტია “ევროპული საქართველოს” მიერ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციას “არა რუსულ ფაშიზმს”. აღნიშნული მოვლენა ისე გაშუქდა თითქოს, ათასობით ადამიანმა კვერცხები დაუშინა ანტირუსულ, პროევროპულ აქციას, რომელსაც სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელები ატარებდნენ.

სტატიაში, რომელიც 14 ივლისის “ქართველთა მარშს” მიეძღვნა, რუსული მედიასაშუალება Lifenews ამბის მიმოხილვასთან ერთად წერს:

“საიდუმლო არაა, რომ ბოლო დროს თბილისის ცენტრში ბოლო წლებში გახსნილი ათეულობით თურქული და არაბული ბარი, კლუბი და მსგავსი დაწესებულებები, ახლო აღმოსავლეთის მუსლიმი მოქალაქეებისთვის სექს ტურიზმის არენას წარმოადგენს”.

ჟურნალისტი პარალელს ავლებს კუბასთან, სადაც ე.წ. მშრალი კანონის დროს, ბატისტას მმართველობისას, ამერიკელები კუბაში თავისუფალი გართობის მიზნით ჩადიოდნენ.

“სწორედ ასეთი ადგილი გახდა საქართველო თურქებისთვის, ირანელებისთვის, არაბებისა და ინდოელებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ XVI–XVIII საუკუნეებში თურქებისა და ირანელების მმართველობა, და პირდაპირი მნიშვნელობით გაქრობისაგან, ისინი სწორედ რუსეთის იმპერიამ იხსნა”.

Lifenews-ის აღნიშნული სტატია არაერთმა სხვა რუსულმა მედიასაშუალებამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ქსენოფობიური “ქართველთა მარშის” რუსულ მედიაში გაშუქებას ახლდა, არის ის, რომ “საქართველოს აქვს ძალიან ლიბერალური პოლიტიკა უცხოელების ქვეყანაში შეშვების მიმართ და ბოლო დროს მნიშვნელოვნად მომრავლდა საჩივრები განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულთა მიმართ”. რა თქმა უნდა, ასეთ სტატიებში არ ჩანს არც კონკრეტული რიცხვები და ოფიციალური მონაცემები მსგავსი საჩივრების, ან უცხოელთა მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. მაგალითად, ოფიციალური მონაცემებით, იმ უცხოელებს შორის, რომლებმაც 2016 წელს დანაშაული ჩაიდინეს, რაოდენობით მეორე ადგილზე არიან თავად რუსეთის მოქალაქეები.

რამდენიმე მედიასაშუალებამ ინტერვიუ ჩაწერა შოთა აფხაიძესთან, რომელიც აღნიშნულ პუბლიკაციებში წარმოდგენილია როგორც “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დირექტორი.

შოთა აფხაიძე აღნიშნულ ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართველთა მარშს” საზოგადოების ძირითადი ნაწილი, მათ შორის ეკლესია უჭერდა მხარს. შოთა აფხაიძის ქსენოფობიური მოსაზრებების მიხედვით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ვიზიტორთა მომრავლების შემდეგ, ქვეყანაში იმატა ბავშვთა პორნოგრაფიისა და არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვის შემთხვევებმა. სხვა მოსაზრებების მსგავსად, აღნიშნულიც არ არის გამყარებული რაიმე ოფიციალური მონაცემებით და რჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი მიზანმიმართულად ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას.

აფხაიძე ასევე საუბრობს აჭარის “თურქეთიზაციაზე” და “ოსმალების” გავლენის აღდგენაზე. აფხაიძის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ეხება რუსეთსა და მის მხსნელად წარმოჩენას. შოთა აფხაიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ძმათამკვლელ ომს და ორივე მხარის შეცდომად აფასებს.

“თუმცა, გავიმეორებ, რუსოფობია, გარდა ლიბერალებისა, ჩვენთან არ არის. ქართველი ერისთვის რუსეთი მთლიანად მისაღებია. არის ძალიან მარტივი ფორმულირება: რუსი რწმენით ჩვენი ძმაა, რუსეთი ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, უფრო პირიქით, რუსები ჩვენი მხსნელები არიან”.

შოთა აფხაიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა სადისკუსიო კლუბმა “კონსერვატორმა”. აღნიშნული კლუბი წერს, რომ “ქართველთა მარშზე” უცხოელების წინააღმდეგ თბილისში 150 ათასი ადამიანი გამოვიდა.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ რუსულმა მედიასაშუალებებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს “ქართველთა მარშის” წარმომადგენლების მიერ “ევროპული საქართველოს” მიერ მოწყობილი აქციის მონაწილეებთან დაპირისპირებას. ახალი ამბების უმეტეს ნაწილში წარმოჩენილი იყო, თუ როგორი “საკადრისი პასუხი” გასცეს ქართველმა ნაციონალისტებმა “ლიბერალ რუსოფობებს”.
კატეგორია: ეთიკა
ფემინიზმისა და ქალთა უფლებების დისკრედიტაცია, ჰომოფობიასთან ერთად, ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღია საქართველოში. ანტიდასავლური ონლაინ მედიასაშუალებები ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას წარმოაჩენენ, როგორც დასავლეთისგან თავსმოხვეულ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებელ ეკლესიას, ოჯახს და სხვა ე.წ. ქართულ, ტრადიციულ ღირებულებებს.

როდესაც ქართული ანტიდასავლური მედიასაშუალებები ქალთა მოძრაობასა და ფემინიზმზე წერენ, პირველ რიგში, ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ამ მოძრაობას საერთო არაფერი აქვს ქალების დაცვასთან და უფრო მეტიც - ფემინისტები არიან დასავლეთისგან დაფინანსებული პირები, რომლებსაც მხოლოდ პირადი მიზნები ამოძრავებთ, მათ შორის ოჯახის ინსტიტუტისა და ქართული ტრადიციებისათვის ძირის გამოთხრა.

როგორც ჩანს, ქართული ანტიდასავლური ონლაინ მედიასაშუალებებისთვის ყველაზე “მტკივნეული” საკითხი ფემინისტთა მიერ პარლამენტში გენდერული კვოტების აუცილებლობაზე საუბარია. ამ საკითხზე მომზადებული სტატიები გაჯერებულია შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ტერმინებით, მიზოგინიით. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ მედიასაშუალებებში კვოტების საწინააღმდეგოდ, ვერ შეხვდებით არგუმენტირებულ მსჯელობას, რომელიც დაცლილი იქნება შეურაცხყოფისა და სიძულვილისგან. მაგალითად, “საქართველო და მსოფლიოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი, ბაკურ სვანიძე წერს:

“ბიძინა პოლიტიკიდან წავიდა,მაგრამ ქალი “ბუტკაში” არ შევიდა; ან, სულაც, სწორედ საქართველოს პარლამენტი მიიჩნიეს გარკვეული ტიპისა და კატეგორიის ქალებმა “ბუტკად” და დიდი დაჟინებითაც აპირებენ იქ შესვლა-მოკალათებას”.

“აკი, ჩვეულებრივი, ნორმალური, რეალურად ჭკვიანი და ინტელექტუალი ქალების მისწრაფება მამაკაცებთან ჯანსაღი კონკურენცია და ამ კონკურენციის საფუძველზე მიღწეული წარმატებაა ამა თუ იმ სფეროში. ხოლო ამათ, გონებით მახინჯ არსებებს, როგორც წესი, სადმე ინტრიგით, დაძალებით, შანტაჟით გაკვეტება ურჩევნიათ და, როგორც წესი, ზუსტად იქ ეკვეტებიან ხოლმე, სადაც მათნაირების ადგილი ჯანსაღ ვითარებაში არ უნდა იყოს”.


აღნიშნული გამოცემა იყენებს ისეთ შეურაცხმყოფელ ტერმინებს, როგორიცაა: ახუნტრუცებული დედაკაცი, არაქალი, მოქალო ელემენტი, ტუტუცი დედაკაცი და ა.შ.

ფემინიზმზე საუბრისას, ავტორები საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად ეყრდნობიან აშკარად ცრუ ფაქტებს, ან ისეთ ინფორმაციას, რომლის გადამოწმებაც შეუძლებელია.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ფემინიზმი ანტიდასავლური მედიასაშუალებების მიერ წარმოდგენილია, როგორც ტრადიციული ოჯახის ძირგამომთხრელი იდეოლოგია, რომლის ერთადერთი მიზანი სწორედ ოჯახის, ტრადიციებისა და მამაკაცების წინააღმდეგ ბრძოლაა, ფემინიზმს წარმოაჩენენ როგორც კაცობრიობის დამღუპველად. მაგალითად, სააგენტო ივერიონი წერს:

“ვაჟკაცი ქალიც რა სათქმელია? ეგ ტენდენციაც აშკარად იგრძნობა “დავაჟკაცდნენ” ქალები! ფემინიზმი სხვა არაფერია, თუ არა ლტოლვა კაცურობისკენ! გადაშენდება ადამიანის მოდგმა! არა და, ხომ იცი რა ცოტანი დავრჩით?”

ამავე სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე წერს, რომ ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნა “მიმართულია ოჯახის, როგორც ინსტიტუტის დასანგრევად! და რაოდენ სამწუხაროა, როდესაც ამას ხელისუფლება ვერ აცნობიერებს”. ამის დასტურად, ტომარაძე იხსენებს 2014 წლის ოქტომბერში მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციას. ამ აქციაზე აქტივისტებმა გააპროტესტეს ოჯახში ძალადობა და ქალების მკვლელობები, რასაც მოგვიანებით პარლამენტში დისკუსიაც მოჰყვა.

ანტიდასავლური მედიასაშუალებები ფემინისტურ მოძრაობას და ქალთა უფლებების დაცვაზე საუბარს პირდაპირ უკავშირებენ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას.

“გენდერული ინკვიზიციის ახალი დოკუმენტი მომზადებულია ევროპარლამენტის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის მიერ. საბავშვო წიგნებში ტრადიციული ოჯახის პოპულარიზაციის აკრძალვის გარდა, ევროპელი ფემინისტები მოითხოვენ ევროკავშირის კანონმდებლობის შეცვლას ქალის სახის კორექტირების მიზნით”, - წერს “საქართველო და მსოფლიო”.

ამ და მსგავს სტატიებში შეხვდებით ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ თითქოს, შევდეთში აკრძალეს ბავშვების დაყოფა გოგოებად და ბიჭებად, მიმდინარეობს ზღაპრების გადაკეთება, სადაც პრინცს პრინცესა კი არ უყვარდება, არამედ პირნცს პრინცი და პრინცესას პრინცესა და ა.შ. ამ კუთხით საინტერესოა ერთი დეტალი, კერძოდ, “საქართველო და მსოფლიომ” დაწერა: “შვედეთში პატარებს ახალ “ნეიტრალურ” ნაცვალსახელს აზეპირებენ – “ჰენ”, რომელიც გოგოსაც ნიშნავს და ბიჭსაც, ქალსაც და კაცსაც. მოგვიწევს ამ ნოვაციის გადმოღება”. ავტორს ალბათ ან დაავიწყდა, ან შეგნებულად არ წერს, რომ ამ მიმართულებით შვედეთისგან არაფრის თავსმოხვევა ქართულ ენას არ სჭირდება, რადგან ბევრი სხვა ენისგან განსხვავებით, ქართულ ენაში არის ნეიტრალური ნაცვალსახელი “ის”, რომელიც, როგორც იცით, ქალსაც აღნიშნავს, კაცსაც და ნებისმიერ უსულო საგანსაც.

ანტიდასავლურ მედიასაშუალებებში საინტერესო ტენდენციაა ისიც, რომ როდესაც საუბრობენ დასავლეთის მიერ ტრადიციული ოჯახის “ძირგამომთხრელ საქმიანობაზე”, ფემინიზმსა და ქალთა უფლებების დაცვას ყოველთვის ახსენებენ ჰომოსექსუალობისა და ლგბტ (ლესბი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) პირთა უფლებების დაცვასთან ერთად. მარტივად რომ ვთქვათ, ქალთა უფლებებისა და ლგბტ პირთა უფლებების დაცვა ერთობლიობაში განხილულია როგორც ტრადიციებისა და ოჯახის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა.

საინტერესოა ისიც, რომ ეს მედიასაშუალებები ერთი-ერთში იმეორებენ რუსულ მედიაში აქტიურად გამოყენებულ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “სოდომური მაფია”, “გეი ლობი” და ა.შ. ასეთ სტატიებში შეხვდებით შეთქმულების თეორიებს იმის შესახებ, თუ როგორ მართავენ ფემინისტთა და გეების გაერთიანებები მსოფლიოს, როგორ ებრძვიან რელიგიას, ოჯახსა და ტრადიციებს. ზოგიერთ მსგავს სტატიას წყაროდ პირდაპირ აქვს მითითებული გაურკვეველი რუსული საიტის მისამართები, რომლებიც ასევე სიცრუითა და დეზინფორმაციით კვებავენ მკითხველს.
კატეგორია: ეთიკა
ორშაბათს, 22 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში გადაცემა “არგუმენტების დროს” მეორე ნაწილის სტუმარი “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, თამაზ მეჭიაური იყო.
კატეგორია: ეთიკა
ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გაშუქება ქართულ ანტიდასავლურ მედიაში, ძირითადად, ერთი და იგივე სტერეოტიპების გამყარებას ემსახურება. აღნიშნული მიდგომები თითქმის არ იცვლება, შესაბამისად, უცვლელია ის ძირითადი დისკრიმინაციული გზავნილებიც, რასაც ჰომოსექსუალობის თემის გაშუქებისას ანტიდასავლური პროპაგანდა ემყარება.

გზავნილები მკაფიო და პირდაპირია:

ისევე, როგორც სხვა არაერთ საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნული მედიასაშუალებები ორიგინალურები არც ამ შემთხვევაში არიან – ისინი თითქმის ისევე აშუქებენ ჰომოსექსუალობასთან და ლგბტ პირთა უფლებების საკითხებს, როგორც რუსული მედიის უდიდესი ნაწილი.

პირველი და უმთავრესი, რაც მსგავსი ტიპის მედიასაშუალებებში გვხვდება, ეს არის შეურაცხმყოფელი, გაუგებარი ტერმინები და საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომების უგულვებელყოფა. მაგალითად, მეცნიერების რეკომენდაციის შედეგ, ჰომოსექსუალობა ფსიქიური დაავადებების ნუსხიდან აშშ-ში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში ამოიღეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კი აღნიშნული 27 წლის წინ, 1990 წელს გააკეთა. მიუხედავად ამისა, ანტიდასავლური პროპაგანდის წყაროები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ეს არის დაავადება, რომლისგანაც განკურნება შეიძლება. უფრო მეტიც, შეიძლება მისი ვინმესთვის “თავსმოხვევა” და ამით “ეროვნულ იდენტობასთან ბრძოლა”.

“ჰომოსექსუალობის მთავარი სამიზნე ოჯახი და ეკლესიაა, ჰომოსექსუალობა ცოდვაა”

ოჯახი და რელიგიური რწმენა არის ის საკითხები, რომლითაც ანტიდასავლური პროპაგანდის წყაროები ყველაზე ხშირად და აქტიურად მანიპულირებენ. ამ საკითხზე საუბრისას, ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის გამო, თითქმის მთელი მსოფლიო, გარდა რუსეთისა, წარმოჩენილია ოჯახისა და მართლმადიდებლობის მტრად. მაგალითად, ერთ-ერთ სტატიაში “საქართველო და მსოფლიო” დისკრიმინაციული ენით პირდაპირ წერს (სტილი დაცულია): “ფაშიზმისა და ლგბტ-თა მოძრაობის მშობელი “განათლებული” ევროპაა, საიდანაც ჰომოსექსუალიზმმა პურიტანულ ამერიკაშიც შეაღწია და გასული წლის ზაფხულში ერთნაირსქესიანთა ქორწინება ამერიკის ყველა შტატში დაკანონდა და, აბა, აშშ-ის სატელიტი ევროკავშირი რაღა საკითხავია: ევროპის უმრავლეს ქვეყანაში - დე იურედ, ხოლოდ დანარჩენებში დე ფაქტოდ არის აღიარებული ჰომოსექსუალური ქორწინებები, პლუს ლგბტ–პედერასტებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიები, რომელმაც ზემოხსენებული კლასიკური განმარტება დემოკრატიისა თავდაყირა დააყენა და ახლა, დემოკრატია კი არა, დემოტრაკია მეფობს ამერიკა–ევროპაში, რაც უღმერთო სატანისტი უმცირესობის დიქტატურაა მორწმუნე უმრავლესობაზე”.

იგივე მედიასაშუალება წერს, რომ “ჰომოსექსუალიზმის მთავარი სამიზნე ოჯახი და ეკლესიაა”. აღნიშნულ ჰომოფობიურ მოსაზრებას კი იმით “ასაბუთებს”, რომ დასავლურ სახელმწიფოებში სოციალური სამსახურები აქტიურად ერევიან ბავშვთა უფლებების დაცვაში, რის გამოც, “მშობლებს არ აქვთ უფლება, განსაზღვრონ შვილების სექსუალური ორიენტაცია”.

რუსული მედია დასავლეთს ხშირად აკრიტიკებს სწორედ ლგბტ პირთა უფლებების დაცვის გამო და არც თუ იშვიათად მომხმარებლებს სთავაზობს კონკრეტულ მაგალითებს, თუ როგორ უარყოფით გავლენას ახდენს ოჯახებზე. მაგალითად, რუსულმა გამოცემა Lიფენეწს-მა დაწერა ოჯახის შესახებ, რომელიც თითქოს ლონდონიდან რუსეთის ერთ-ერთ სოფელში გადასახლდა იმის გამო, რომ მათი შვილები ყოველდღე ხედავდნენ “გეებს პირსინგებითა და ტატუებით”.

რუსულ მედიაში საინტერესო იყო საქართველოში მიმდინარე დისკუსია ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრის შესახებ. ერთ-ერთი რუსული გამოცემა წერს: “როგორც ჩანს, ევროპას აღიზიანებს, რომ ილია მეორე საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულია, ქართველების უმრავლესობა კი მორწმუნეა”.

ქართული ანტიდასავლური მედიის ნაწილი, ისევე როგორც რუსული მედია, აქტიურად აშუქებს მართლმადიდებელი მღვდლების ჰომოფობიურ ინტერვიუებსა და ქადაგებებს, სადაც ისინი ამბობენ, რომ “ჰომოექსუალიზმი სასიკვდილო ცოდვაა”, ასევე “რასიზმი, ფაშიზმთან და ჰომოსექსუალიზმთან ერთად, ადამიანის დაცემული ბუნების ერთ-ერთი გამოვლინებაა და მასაც უნდა ებრძოლო!”

“ჰომოსექსუალობა არის დაავადება და მისგან განკურნება შესაძლებელია”

იმის მტკიცება, რომ ჰომოსექსუალობა “დაავადებაა” და მისგან “განკურნება” შესაძლებელია, ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული გზავნილია. მედიასაშუალებების ნაწილი ამას ამტკიცებს ისე, რომ ეს არ ეყრდნობა არანაირ აღიარებულ სამეცნიერო კვლევას, ან მიგნებას, ათასში ერთხელ, წყაროდ შეიძლება გამოყენებული იქნეს რუსეთის რომელიმე ოლქში მცხოვრები ექიმის პირადი მაგალითი, მოსაზრებები და “მკურნალობის მეთოდები”.

მას შემდეგ, რაც გასულ თვეს ცნობილი გახდა რუსეთში, კერძოდ ჩეჩნეთში გეების წამებისა და მკვლელობების შესახებ, Lენტა.რუ-მ მოამზადა სტატია იმის შესახებ, ნიჟნი ნოვგოროდში მცხოვრები ფსიქიატრი როგორ “კურნავს ჰომოსექსუალობისგან” მამაკაცებს. სტატიაში მოთხრობილია ერთ-ერთი ფინანსისტის ისტორია, რომელიც სხვა არაერთი კაცი მსგავსად "ჰომოსექსუალობისგან განიკურნა”. რუსული გამოცემა ამტკიცებს, რომ ამ ფსიქიატრს “გეების მკურნალობის” 50-წლიანი წარმატებული ისტორია აქვს.

სპეციალისტებისა და სასულიერო პირების პოვნა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალობა “დაავადებაა”, არც ქართული მედიის ნაწილს უჭირს. მაგალითად, გამოცემა “კარიბჭესთან” ინტერვიუში, ერთ-ერთი მღვდელი სწორედ “ფსიქიკურ სნეულებას” უწოდებს ჰომოსექსულობას და აღნიშნული არანაირი არგუმენტით გამყარებული არ არის.

ქართულმა გამოცემა “ჯორჯიან ტაიმსმა” კრიტიკული კონტექსტის გარეშე გააშუქა პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის მიერ “გეობისგან განსაკურნებელი” წამლის ათ წელიწადში გამოშვების დაანონსება.

მსგავსი აბსურდული, უსაფუძვლო სტატიები სხვა მედიასაშუალებებშიც მრავლადაა. მაგალითად, “საქართველო და მსოფლიო” ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნავს, რომ “მრავალი მედიკოსის დაკვირვებით,ჰომოსექსუალები 20-30 წლით მალე ამთავრებენ სიცოცხლეს, ვიდრე ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები.”

“ჰომოსექსუალები არიან გარყვნილები და პედოფილები”

დასავლურ ღირებულებებთან ბრძოლის საქმეში, მედიასაშუალებების ნაწილი ისეთ აბსურდამდე მიდის, როგორიცაა, მაგალითად, “ილუმინატის აღსარების” გამოქვეყნება. სტატია აღნიშნული სათაურით “ჯორჯიან ტაიმსმა” გამოაქვეყნა. შესავალში აღნიშნულია, რომ აღნიშნული “აღსარება” მდიდარმა მასონმა ნავთობბარონმა სიკვდილის წინ ჩააბარა მღდელს. სხვადასხვა ანიდასავლურ გზავნილთან ერთად, პუბლიკაციაში ერთსა და იმავე კონტექსტშია საუბარი ჰომოსექსუალობის, ნარკომანიის და პორნოგრაფიის შესახებ.

რუსული მედია ხშირად ამტკიცებს, რომ პედოფილები, ძირითად შემთხვევაში, გეები არიან და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი რუსეთის ხელისუფლებისთვის, რომელმაც კანონით აკძალა “გეი პროპაგანდა”. მათი თქმით, ეს სწორედ ბავშვთა “მავნე ზეგავლენისგან დაცვის” მოტივით გაკეთდა.

რუსული მედასაშუალებები აქტიურად წერენ იმის შესახებ, თუ როგორ მოიცვა “გეი პროპაგანდამ” საბავშვო ფილმები, მათ შორის “ლამაზმანი და ურჩხული”, რომლის პრემიერაც რამდენიმე თვის წინ გაიმართა. აღნიშნულ ფილმში ერთ-ერთი პერსონაჟი გეია, რის გამოც რუსეთში მის აკრძალვასაც კი აპირებდნენ.

“გარყვნილებისგან დაცვის” მოტივით “გეი პროპაგანდის” აკრძალვის აუცილებლობაზე არაერთხელ დაუწერიათ ქართულ ანტიდასავლურ მედიასაშუალებებს. როგორც წესი, მათი შიშები პედოფილიასა და ჰომოსექსუალიზმის შესაძლო კავშირის შესახებ, სტატისტიკური მონაცემებით, ან ავტორიტეტული კვლევებით გამყარებული არ არის და ძირითადად, მათ მოსაზრებებს ემყარება.

“დასავლეთი ჰომოსექსუალობის დაკანონებას გვავალდებულებს”

ანტიდასავლური მედია ამ შემთხვევაშიც იმეორებს რუსული მედიის პრაქტიკას და “ჰომოსექსუალობის გავრცელების” მთავარ წყაროდ აშშ-სა და ევროპას წარმოაჩენს, დამცველად კი - ერთმორწმუნე რუსეთს.

ჯერ კიდე მაშინ, როცა საქართველო ევროპისგან უვიზო მიმოსვლაზე თანხმობას ელოდა, ანტიდასავლური მედია განგაშით ამცნობდა მკითხველს, რომ ეს გამოიწვევდა საქართველოს ვალდებულების აღებას, დაეკანონებინა ერთნაირსქესიანთა ქორწინება.

დასავლური სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, ხშირ შემთხვევაში, მთელ მსოფლიოში ეკლესიის მოწინააღმდეგე აგრესორებად არიან წარმოჩენილნი. მაგალითად, “საქინფორმი” ერთ პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ “გაერო აგრძელებს იდეოლოგიური იერიშების განხორციელებას კათოლიკურ ეკლესიაზე. გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტი ეკლესიისგან მოითხოვს მოძღვრებების გადახედვას აბორტების, კონტრაცეფციისა და ჰომოსექსუალიზმის საკითხებში”.

მსგავსი მიდგომები ანტიდასავლურ მედიაში ახალი არ არს. ჯერ კიდევ გასულ წერს თB24 წერდა “სააკაშვილს უხუმრია- თუ ევროკავშირში შევდივართ, ერთი პედერასტი მინისტრი ჩვენც გვყავდეს კაბინეტში, როგორმე ავიტანთო”.

რუსულ მედიაში ხშირად შეხვდებით ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “გეების ლობი”, “ცისფერი მაფია” და ა.შ. როგორც წესი, ამ თემებზე მომზადებულ ვრცელ პუბლიკაციებში დეტალურადაა მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ მართავს მსოფლიოს “გეების ლობი”.

როგორც წესი, ანტიდასავლური პროპაგანდის წყაროების მიერ მომზადებული სტატიები გაჯერებულია ლგბტ პირთა მიმართ დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი ტერმინებით, მსჯელობითა და დასკვნებით, რომელიც, ძირითადად, ემყარება სტერეოტიპებს, სიცრუესა და დეზინფორმაციას.
კატეგორია: საერთაშორისო ამბები
2017-04-18 2016 წლის ივლისში ჩრდილო-ტლანტიკურმა ალიანსმა გადაწყვიტა, რუსეთიდან მომავალი პოტენციური საფრთხის გამო, აღმოსავლეთ ევროპაში გაეძლიერებინა თავისი წარმომადგენლობა, რის გამოც თავის წევრ ქვეყნებში ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში განალაგა თავისი სამხედროების ოთხი ბატალიონი. NATO-ს ეს ქმედება შეფასდა, “შეკავებისა” და “თავდაცვისთვის” გადადგმულ ნაბიჯად, ასევე ალიანსის შეთანხმების იმ ნაწილის შეხსენებად, რომლის მიხედვითაც “ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს”. ფაქტს, რასაკვირველია, მოჰყვა რუსეთის პოლიტიკური ელიტის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია, რუსეთმა გაზარდა სამხედრო აქტივობები ბალტიის ზღვასა და საზღვრისპირა რეგიონებში, თუმცა, ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ხაზი საინფორმაციო სივრცეში გაიხსნა. რუსულმა სახელმწიფო მედიასაშუალებებმა, ასევე, რუსეთისგან დაფინანსებულმა ადგილობრივმა გამოცემებმა, NATO-ს წევრ ოთხ ქვეყანაში NATO-ს ბატალიონების განთავსებაზე ათეულობით დეზინფორმაციული სტატია მოამზადეს.

“ატლანტიკური საბჭოს” Digital Forensic Research Lab-ის უფროსმა მკვლევარმა, ბენ ნიმომ, stopfake.org-ზე გამოაქვეყნა DFRLab-ის მიერ 2017 წლის თებერვლიდან აპრილამდე ჩატარებული მედიაანალიზის შედეგები, სადაც გამოკვეთილია ის ძირითადი დეზინფორმაციული, ნეგატიური ტენდენციები, თუ როგორ მოქმედებდა რუსული და პრორუსული მედია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

DFRLab-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, NATO-სთან დაკავშირებით, ძირითადად, რვა პროპაგანდისტული გზავნილი გამოიკვეთა და ესენია:

როგორც მკვლევარი წერს, რუსული პროპაგანდის ნარატივი დროთა განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა, თავიდან ყველაზე პოპულარული იყო “ NATO აგრესორია”, ასევე “ NATO-ს არ შეუძლია ბალტიის სახელმწიფოების დაცვა”.

მიმდინარე წლის მარტში ამერიკულმა გამოცემამ The National Interest გამოაქვეყნა ანალიზი, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ NATO--რუსეთს შორის ომი გაჩაღდება. სტატიის მხოლოდ მცირე მონაკვეთში ეწერა, რომ ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, რუსეთთან ტერიტორიული სიახლოვის გამო, ბალტიის სახელმწიფოები დაზარალდებიან. ლიტვურმა და ლატვიურმა პრორუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა ამერიკული სტატიიდან მხოლოდ აღნიშნული ციტატა გააშუქეს, ილუსტრაციად კი დაურთეს რიგის ერთ–ერთი ღირსშესანიშნაობის ფოტო, რომელიც გრაფიკული დამუშავების შედეგად, „ნანგრევებად აქციეს“.


რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა მედიასაშუალებებმა, სპუტნიკმა და რია ნოვოსტიმ გაავრცელეს ყალბი ცნობა შემდეგი სათაურით: “ესტონელ ჯარისკაცებს ყაზარმებიდან კარვებში ასახლებენ NATO-ს ჯარისკაცების ჩასვლის გამო”. გარდა ამ ერთი კონკრეტული ფაქტისა, კიდევ არაერთი მასალა მიეძღვნა ბალტიისპირეთში მცხოვრები ქალების მიმართ NATO-ს ჯარისკაცებიდან მომავალ საფრთხეს. ამ სტატიებში ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ალკოჰოლი ბალტიისპირეთში იაფია, ქალები მარტოხელები არიან, რადგან ადგილობრივი კაცები “საზღვარგარეთ არიან სამუშაოდ წასულები”. რუსული მედიასაშუალებები ამ გარემოებების გათვალისწინებით, არ გამორიცხავენ მოსალოდნელ დებოშსა და ინციდენტებს.

ბლოგზე, auraspress.wordpress.com, რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა სტატია ლიტვაში მყოფი, NATO-ს გერმანელი ჯარისკაცის მიერ არასრულწლოვნის გაუპატიურების შესახებ. ლიტვურმა პრორუსულმა მედიასაშუალებებმა აიტაცეს აღნიშნული ყალბი ამბავი. რაც შეეხება პირველწყაროს, როგორც აღმოჩნდა, ბლოგი კონკრეტულად ამ ერთი ყალბი სტატიის გასავრცელებლად შეიქმნა, რადგან იქ ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული სხვა სტატიები, ბლოგის სხვა განყოფილებებში კი მხოლოდ შაბლონური ტექსტებია – არანაირი ინფორმაცია მისი ავტორისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

რუსულმა დეზინფორმაციულმა საშუალებებმა კიდევ ერთი ყალბი ცნობა გაავრცელეს იმის შესახებ, თითქოს NATO-ს ჯარისკაცებს საჯარო სივრცეებში დატენილი იარაღით გადაადგილების უფლება ექნებათ.

საბოლოო ჯამში, რუსული პროპაგანდის მანქანა ცდილობს, რომ რუსეთის მოსაზღვრე NATO-ს წევრ სახელმწიფოებში გააჩინოს დაუცველობის, შიშისა და გაურკვევლობის განცდა NATO-ს ძალების მიმართ, რომლებიც, რეალურად, ამ ქვეყნებში სწორედ რუსეთისგან მომავალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად იმყოფებიან.

წყარო: stopfake
კატეგორია: ეთიკა
„საქინფორმმა“ 13 აპრილს გამოაქვეყნა დეზინფორმაციული სიახლე, თითქოს „სამოქალაქო სექტორი ჰეტეროსექსუალური ქორწინების წინააღმდეგია“.

ავტორი ნიშნისმოგებით წერს, რომ სამოქალაქო საზოგადოება კონსტიტუციაში „ოჯახის შესახებ განმარტების“ წინააღმდეგია, თუმცა მხარს უჭერს „ჩანაწერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე:“ „კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა მიუღებელია ე. წ. სამოქალაქო სექტორისთვის, რომელიც, ასევე, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ კონსტიტუციას უნდა დაემატოს განმარტება ოჯახის შესახებ, თუმცა მიაჩნია, რომ აუცილებელია ჩანაწერი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე“.

სამოქალაქო სექტორისადმი ავტორის უარყოფითი დამოკიდებულება ჩანდა ფრაზაშიც: „სამოქალაქო სექტორს“ არავითარი კავშირი არა აქვს მოქალაქეებთან, ისინი სოროსის ფონდისა და მსგავსი ორგანიზაციების მიერ შექმნილი ენ–ჯე–ოების ხელმძღვანელები არიან“.

სინამდვილეში, არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან არა ჰეტეროსექსუალთა ქორწინებას, არამედ კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ქორწინება უნდა განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა. არასამთავრობოების განცხადებით, „აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება არა ოჯახებზე ზრუნვას, არამედ მიზანმიმართულია ლგბტ პირების უფლებათა არაღიარებასა და ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორული ურთიერთობების დაცვის აკრძალვისკენ“.
კატეგორია: ეთიკა
„საქართველოს ასეულათასობით მოქალაქეს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან, უვიზო მიმოსვლა პრობლემათა მთელ თაიგულს შეუქმნის, უფრო მეტიც - მათ საარსებო წყაროს დაკარგვა მოელით!“- წერს ავტორი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მასალაში. ტექსტში საუბარია იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაცია საბერძნეთში დასაქმებულ ქართველებს, რომლებიც იქ არალეგალურად იმყოფებიან, ზიანს მოუტანს. რესპონდენტი ასევე საუბრობს, რომ ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა, იმიტომ დაუშვეს, რომ : „ევროპაში მყოფი ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დეპორტაციის ბერკეტი შეექმნათ”. მასალიდან ბუნდოვანი დარჩა, როგორ უკავშირდება ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები ემიგრანტების საკითხს.

ამავე ნომერში გამოქვეყნებულია მასალა სათაურით: „რაიმონდ პაულსი ევროკავშირს ამხელს!“ სადაც საუბარია იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ლატვიამ დაკარგა მოსახლეობის მესამედი და ქვეყანას დიდი უბედურება მოუტანა „გაევროპელებამ.“ „ჰოდა იგივე დაემართება საქართველოსაც, თუკი ოდესმე შეგვათრიეს „ევროკავშირის ძმურ ოჯახში“. ჩვენ აღარც ღვინის მრეწველობას დაგვიტოვებენ, ვაზსაც აგვაჩეხინებენ, ჩაისაც და სოფლის მეურნეობასაც საბოლოოდ გაგვიპარტახებენ.“-ამბობს ტექსტის ავტორი.
კატეგორია: ეთიკა
„ასავალ დასავალის“ 3-9 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიებში თურქოფობიისა და ქსენოფობიის ტირაჟირებაა.

„შესაძლოა, ქართველი ბაცნების ხილვა ისრაელის მიწაზე ბევრს აღიზიანებს, ისევე როგორც ბევრ ქართველს უკლავს გულს გათურქებული აჭარისა და დავით აღმაშენებლის გამზირის ხილვა თუქების მიერ ათასგზის გადამწვარ თბილისში, “- ვკითხულობთ გაზეთის მე-2 გვერდზე.

სტატიებიდან რჩება შთაბეჭდილება, თითქოს, საქართველოს ექსპანსიის საფრთხე ემუქრება. თურქეთი დამპყრობლად და მტრადაა წარმოჩენილი: „თუკი პირველი „რევოლუციის“ შედეგად საქართველოს დე იურე ჩამოშორდა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც დე ფაქტო რუსეთის ფედერაციას ერგო, ახლა თურქეთის ხელში აჭარა გადავა“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

კატეგორია: ეთიკა
გაზეთ „ალიას“ 3-9 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, სანდრო ბრეგაძესთან. ტექსტი შეიცავდა ჰომოფობიას და სიძულვილის ენას სხვადასხვა ეროვნების ადამიანების მიმართ.

კითხვას, რომელიც სირიელი ლტოლვილების ბანაკების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებას ეხება, რესპონდენტი ვიზალიბერალიზაციასა და ევროინტეგრაციას უკავშირებს. იმის შესახებ, რომ ეს დეზინფორმაციაა და საქართველოს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა ლტოლვილთა ბანაკების აშენების სანაცვლოდ არ მიუღია, მედიაჩეკერიც წერდა.

გარდა ამისა, რესპონდენტი სხვადასხვა ეროვნულ იდენტობას დანაშაულებრივ და ანტისოციალურ ქმედებებსაც უკავშირებს, აღნიშნავს პირთა იდენტობას მაშინ, როცა ეს ინფორმაცია არანაირი დამატებითი ცნობის შემცველი არ არის:

√ „წინა კვირას სამმა თურქმა გააუპატიურა ქართველი ახალგაზრდა გოგონა, რომლის ოჯახიც ფულის გადახდის შემდგომ გააჩერეს“.

√ „მანამდე ვნახეთ როგორ სცემეს ჩინელებმა ქართველი მუშები“.

√ „ამ ბოლოს ვნახეთ ქართველი ყველაზე საზიზღარი და ამაზრზენი შემთხვევა, როდესაც ეკლესიის კარებს ანგრევდა არაბი ექსტრემისტი“.

√ „და კიდევ ყველაზე საშინელება, რაც ბოლო დღეებში მოხდა: ბათუმში თურქებმა დაანგრიეს ეკლესიის გალავანი იმისათვის, რომ იქ თავისი კომერციული საქმიანობა ეწარმოებინათ”.

მასალაში საუბარია ლტოლვილების ქვეყნიდან დეპორტაციაზე: „ჩვენი თითოეული მოქალაქე უნდა გავწმინდოთ ამ გაურკვეველი წარმოშობის აზიელი, აფრიკელი პიროვნებებისაგან, რომლებიც არც საქართველოს სცემენ პატივს და საერთოდ, არანაირი პოლიტიკური დევნილები ისინი არ არიან!“

გაზეთ „ალიას“ ამავე ნომერში, 28-ე გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაშიც გვხვდება ჰომოფობიაც. ტექსტში ვკითხულობთ: „პედერასტებს თმიდან ბეწვიც რომ ჩამოუგდოს ვინმემ, სახალხო დამცველის აპარატი საერთაშორისო სკანდალს ატეხს“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
კატეგორია: ეთიკა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსთავი 2–თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე, ანტიდასავლური პროპაგანდის მორიგი ტალღა გამოიწვია სხვადასხვა ონლაინ გამოცემაში.

პრორუსული, ქართული მედიასაშუალებების სამი მთავარი გზავნილი იყო:



ანტიდასავლური მედიასაშუალებები, სარედაქციო წერილების გარდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებას გამოეხმაურნენ ისეთი მოსაზრებების გაშუქებით, რომელიც ცალსახად აყენებს ეჭვქვეშ მისი განჩინების ლეგიტიმურობას, ასევე, მსგავს სტატიებს თან დართული აქვს მანიპულაციური, დამონტაჟებული ფოტოები.

„სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ“

საქინფორმი არის ის მედიასაშუალება, რომლებმაც რუსთავი 2–თან დაკავშირებული გადაწყვეტილება ანტიდასავლური მოსაზრებების გავრცელების საბაბად გამოიყენა. მედიასაშუალების რედაქტორმა, არნო ხიდირბეგაშვილმა სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა სათაურით “ევროპისკენ გზამ “ტაძრის” მაგივრად, ტრ….სკენ მიგვიყვანა!”

აღნიშნულ სარედაქციო წერილში ხიდირბეგაშვილი წერს: “ბევრჯერ გამიფრთხილებია თანამემამულეები, რომ ევროკავშირთან ასოცირებას, უფლებების - მაგალითად, შენგენის ზონაში ყოველ 6 თვეში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნის - გარდა, „მედლის მეორე მხარეც“ აქვს. ეს გულისხმობს კაბალურ მოვალეობებს, მაგალითად, უსიტყვო მორჩილებას სტრასბურგის, ანუ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც არაასოცირებული ქვეყნებისათვის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციებს წარმოადგენს”.

ხიდირბეგაშვილის მოსაზრება, რომ ამ გადაწყვეტილებას არაასოცირებული ქვეყნებისთვის (ანუ საქართველოსთვის) სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, სიცრუეა. როცა საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა, მან 1999 წელს ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას, რაც სხვადასხვა ვალდებულებასთან ერთად, გულისხმობს ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების პატივისცემას და დამორჩილებას. შესაბამისად, ასევე სიცრუე და მანიპულაციაა პარალელის გავლება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლასა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას შორის. ეს ორი მოვლენა ერთმანეთს არ უკავშირდება. საქართველომ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა 2017 წელს მიიღო საბოლოოდ.

მსგავს კონტექსტში სტრასბურგის გადაწყვეტილება გააშუქა ინტერნეტ გამოცემა თბილისი 24 მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა საინფორმაციო სააგენტო “ივერიონის” რედაქტორის, ზაურ ნაჭყებიას ფეისბუკ პოსტი სათაურით: “ჭირსაც წაუღია „რუსთავი-2" .... რა თავში ვიხლით ასეთ ვიზალიბერალიზაციას?”

არნო ხიდირბეგაშვილის მსგავსად, ნაჭყებიაც მიიჩნევს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება “შეურაცხმყოფელია” და ეს უნდა გახდეს “ერის გამოფხიზლების” ბოლო წვეთი. “ივერონის” რედაქტორი აგრძელებს ხიდირბეგაშვილის ნარატივს და არარელევანტურ შედარებას აკეთებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას შორის.

„სტრასბურგის სასამართლო ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს“

ანტიდასავლური მედიასაშუალებების ერთ–ერთი მთავარი გზავნილი, რუსთავი 2–ის საქმის გაშუქებისას, იყო საქართველოს სუვერენიტეტის ეჭვქვეშ დაყენება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგაშვილი სარედაქციო წერილიში ასევე წერს, რომ თუ ხელისუფლება დაემორჩილება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქვეყანაში “ომი დაიწყება”: “თუკი დღეს ხელისუფლება დათმობაზე წავა და დასავლეთის ზეწოლით მართლაც შეაჩერებს შესრულებას - ანუ გააუქმებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამით, პირველ რიგში, საკუთარ განაჩენს მოაწერს ხელს, უღალატებს თავის ამომრჩევლებს და საქართველოს, რომელიც სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომში აღმოჩნდება ჩათრეული და როგორც სახელმწიფო, არსებობას შეწყვეტს!”

საქინფორმმა 7 მარტსაც გამოაქვეყნა ნიუსი სათაურით “ჩვენთან რევიზორი ჩამოდის – საქართველოში მედიამეურვეებს - ცენზორებს აგზავნიან!”. აღნიშნულ მასალაში ისევე, როგორც “საქინფორმის” სხვა სტატიებში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგნაირადაა ახსნილი: “საქართველოს შეახსენეს, რომ ის მხოლოდ დასავლეთის პროტექტორატია, ანუ - კოლონია”.

კიდევ ერთი ონლაინ მედიასაშუალება, რომელმაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ანტიდასავლური ნარატივით გააშუქა, “მარშალპრესია”. აღნიშნულმა გამოცემამ მკითხველს, ძირითადად, სხვა მედიასაშუალებებსა და ასევე, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული უარყოფითი შინაარსის შეფასებები შესთავაზა.

“მარშალპრესის” მსგავსად, “მკითხველს” ანტიდასავლური შინაარსის შეფასებები შესთავაზა სააგენტო “რესპორტიორმაც”. აღნიშნული მედიასაშუალების ვებსაიტზე გამოქვეყნდა მასალები შემდეგი სათაურებით:

· ნიკოლოზ მჟავანაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს.

· ია მეტრეველი: „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისა ღირსების შელახვაა”

· გიორგი ფოფხაძე: ყარამანიშვილებსა და ხალვაშს შორის ატეხილი დავა სტრასბურგის კომპეტენცია არ არის!

· დარეჯან ლიპარტელიანი: მოკალი, დაარბიე, სცემე, აწამე - სტრასბურგი შენია!

· „სტრასბურგის სასამართლოს არანაირი ბერკეტი არ აქვს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალოს“

„სტრასბურგი მუშაობს ორმაგი სტანდარტებით. მისი გადაწყვეტილება პოლიტიკურია“

სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით დაწერილ ანტიდასავლური პუბლიკაციებში ერთ–ერთი მთავარი ხაზი იყო, რომ ის მუშაობს „ორმაგი სტანდარტებით“. ამის დასტურად ავტორები იხსენებენ საქართველოდან გაგზავნილ არაერთ საქმეს, რომელთა განხილვასაც წლები სჭირდება. თუმცა, ამ მასალებში არ წერია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება, რუსთავი 2–ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე, მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა, სასამართლოს ჯერ წარმოებაშიც არ მიუღია საქმე. წარმოებაში მიღების შემთხვევაში კი, სხვების მსგავსად, მის განხილვასაც, შესაძლოა წლები დასჭირდეს. ანტიდასავლურ მასალებში არც ის არის ნახსენები, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება რუსთავი 2–ის იურისტებმა მოითხოვეს, საქმეების დიდ ნაწილზე კი, რომელსაც ისინი ადარებენ, ან არავინ მოითხოვა მსგავსი რამ, ან არ იყო შესაბამისი გარემოება.

„საქინფორმის“ რედაქტორმა, არნო ხიდირბეგაშვილმა თავისი მედიასაშუალების ვებსაიტზე 10 მარტსაც გამოაქვეყნა წერილი სათაურით: “გაგზავნის თუ არა იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგში საქინფორმის განცხადებებს? ორმაგი სტანდარტები: და სად იყავით თქვენ 2007 წლის 10 აგვისტოს ღამეს?!”

ხიდირბეგაშვილის თქმით, “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, სტრასბურგის სასამართლო, ევროკავშირი, საქართველოს პრეზიდენტი, ყველა ოპოზიციური პარტია და მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები, აგრეთვე მთელი “სამოქალაქო სექტორი” - სოროსის ფონდი და დასავლურ გრანტებზე შექმნილი სხვა არასამთავრობოები” იცავენ მხოლოდ რუსთავი 2–ს და არ იცავენ სხვა მედიასაშუალებებს.

“აი ისინი, თქვენი ევროპული ორმაგი სტანდარტები!” – ასკვნის არნო ხიდირბეგაშვილი სარედაქციო სტატიის ბოლოს. საქინფორმის სხვა მასალებში ის პირები, რომლებიც რუსთავი 2–ს მხარს უჭერენ, შეფასებულნი არიან პრორუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ისეთი ტერმინებით, როგორიცაა “გრანტიჭამიები”, “ლიბერასტები” და ა.შ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას, გაცილებით შორს წავიდა კიდევ ერთი ქართული ონლაინ გამოცემა თბილისი 24. აღნიშნული გამოცემის ერთ–ერთ სტატიაში რუსთავი 2–თან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო შეფასებულია, როგორც სპეცოპერაცია სააკაშვილისა და გვარამიას გადასარჩენად. სტატიის ავტორია “საერთო გაზეთის” რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა.

ხარჩილავა წერს: “შეიძლება საქმე გვქონდეს ქრთამთან, რომელიც, როგორც ცნობილია, ჯოჯოხეთსაც კი ანათებს და, რა თქმა უნდა, ანათებს ევროპაშიც, აზიაშიც, ამერიკის კონტინენტზეც და ა. შ. თუ საერთაშორისო სასამართლო ქრონიკებს თვალს მივადევნებთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ქრთამს იღებენ ყველგან და, მათ შორის, ევროპაშიც”.

სტატიის ავტორი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაადგინოს “რატომ დადგა ეს მოსამართლე [სტრასბურგის სასამართლოში] "რევოლუციონერობის" ხასიათზე ასე მოულოდნელად და რატომ დაარღვია დადგენილი ნორმები და წესები?”

სტატიის ბოლოს კი ავტორი ამბობს, რომ თუ სტრასბურგმა რუსთავი 2–ის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ “არ ყოფილა სამართალი ამ ცოდვილ დედამიწაზე და ეგ არის...”

“ივერიონის” უარყოფითი დამოკიდებულება “რუსთავი 2–თან” დაკავშირებით სტრასბურგის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, ძირითადად, სწორედ მისი რედაქტორის წერილებში ჩანს. მაგალითად, ზაურ ნაჭყებიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთი წერილი მიუძღვნა სათაურით: “რუსთავი-2-ის“ გადარჩენაზე კი არა, სულის გადარჩენაზე ვიფიქროთ და ქვეყანაც გადარჩება!”. აღნიშნულ მასალაში კი გაკრიტიკებულია ის საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებმაც რაიმე ფორმით მხარდაჭერა გამოხატეს ტელეარხის მიმართ.

სტრასბურგის სასამართლოს შესაძლო პოლიტიკურ მოტივაციაზე წერდა “მარშალპრესი”. მედიასაშუალებამ 9 მარტს გამოაქვეყნა ნაწყვეტი პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ჩაწერილი ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ “რეზონანსში” დაიბეჭდა. საყვარელიძე აღნიშნულ ინტერვიუში აქცენტს აკეთებს სტრასბურგში მომუშავე ქართველ მოსამართლეზე, ნონა წოწერიაზე, რომელიც წლების წინ იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. მასალაში ნათქვამია, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2–ის საქმეზე, “ლობისტების ნამუშევარია”.

“მარშალპრესმა” მკითხველს ასევე შესთავაზა ორგანიზაციის, “ჩვენი უფლებებისთვის”, თავმჯდომარის, დავით ლილუაშვილის კომენტარი, რომელიც წერს: “იმედის მფლობელი და ჟურნალისტთა დასი ფეხებზე დაიკიდე და მრავალი წელი უიმედობაში ამყოფე, ხოლო რუსთავი 2–ის აღვარღვარებულ ცრემლებს ერთი დღეს ვერ გაუძელი? რა ქენი სტრასბურგი ესა?”

თუმცა, ამავე მასალაში ლილუაშვილი წერს, რომ “ევროპაზე ხელის ჩაქნევა და გულის გატეხვა არ იქნებოდა სწორი”.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ზემოაღნიშნულმა მედიასაშუალებებმა სტრასბურგის სასამართლოს 7 მარტის გადაწყვეტილება აქტიურად გამოიყენეს ანტიდასავლური მოსაზრებების გასავრცელებლად არარელევანტური პარალელების, რადიკალური შეფასებებისა და ცრუ ფაქტების გამოყენებით.
კატეგორია: ეთიკა
საქინფორმის რედაქტორმა, არნო ხიდირბეგაშვილმა სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა სათაურით “ევროპისკენ გზამ “ტაძრის” მაგივრად ტრაკისკენ მიგვიყვანა!” ამ სარედაქციო წერილში ხიდირბეგაშვილი წერს: “ბევრჯერ გამიფრთხილებია თანამემამულეები, რომ ევროკავშირთან ასოცირებას, უფლებების - მაგალითად, შენგენის ზონაში ყოველ 6 თვეში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნის - გარდა, „მედლის მეორე მხარეც“ აქვს. ეს გულისხმობს კაბალურ მოვალეობებს, მაგალითად, უსიტყვო მორჩილებას სტრასბურგის, ანუ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც არაასოცირებული ქვეყნებისათვის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციებს წარმოადგენს”.

განცხადება, რომ ამ გადაწყვეტილებას არაასოცირებული ქვეყნებისთვის (ანუ საქართველოსთვის) სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, სიცრუეა. როცა საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანდა, მან 1999 წელს ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას, რაც სხვადასხვა ვალდებულებასთან ერთად, გულისხმობს ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების პატივისცემას და დამორჩილებას. შესაბამისად, ასევე სიცრუე და მანიპულაციაა პარალელის გავლება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლასა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას შორის. ეს ორი მოვლენა ერთმანეთს არ უკავშირდება.
კატეგორია: ეთიკა
იყო დრო, როცა რუსული პროპაგანდა, ძირითადად, რუსეთის შიდა აუდიტორიაზე იყო გათვლილი, რათა მოსახლეობაში ყოფილიყო ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერა. თუმცა, საკითხის მნიშვნელობა და აქტუალობა უკვე დიდი ხანია ისევე გასცდა რუსეთის საზღვრებს, როგორც თავად რუსული პროპაგანდა. მის სამიზნეს უკვე არ წარმოადგენს მხოლოდ რუსეთის მოსახლეობა - ის მისწვდა ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, კარიბის აუზის ქვეყნებს, სამხრეთ ამერიკას, არაბულ სამყაროს, აზიას. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები მსოფლიოს ყველა წერტილში მუშაობენ. მაგალითად, Russia Today თითქმის ყველა ძირითად ენაზე მაუწყებლობს - ინგლისურად, ესპანურად, არაბულად, ფრანგულად, გერმანულად და რა თქმა უნდა, რუსულადაც. რაც შეეხება ასევე რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ "სპუტნიკს", ის მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანასა თუ რეგიონში, ამდენივე ენაზე მუშაობს - დაწყებული ევროპა-კავკასიიდან, დამთავრებული სამხრეთ ამერიკითა და აღმოსავლეთ აზიით.

რუსეთის საზღვრებს გარეთ მისი პროპაგანდის მასშტაბები იმდენად თვალსაჩინო, ხელშესახები და მრავალი პრობლემის გამომწვევი გახდა, რომ ევროპის პარლამენტმა მის წინააღმდეგ 2016 წლის შემოდგომაზე სპეციალური რეზოლუციაც კი მიიღო. ამ დოკუმენტში საუბარია იმ საფრთხეებზე, რასაც პროპაგანდა იწვევს და ამავე კონტექსტში ერთად არის ნახსენები რუსეთი და ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო”.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ რუსეთმა გააძლიერა თავისი პროპაგანდა ევროპულ მედიაში, რათა შექმნას თავისი პოლიტიკის მხარდამჭერი საზოგადოებრივი აზრი და ევროპის ერთიან საგარეო პოლიტიკას ძირი გამოუთხაროს. ევროპარლამენტი აცხადებს, რომ რუსეთი “აგრესიულად იყენებს” ისეთი პროპაგანდის საშუალებებს, როგორიცაა ორგანიზაცია “რუსკი მირი”, არასამთავრობო ორგანიზაციები, რელიგიური ორგანიზაციები, მრავალენოვანი ტელეარხი “Russia Today”, ფსევდო საინფორმაციო სააგენტოები, ასევე სააგენტო “სპუტნიკი”. როგორც ამ დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის მთავარი მიზანია, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს, როგორც ტრადიციული რელიგიური ღირებულებების ერთადერთი დამცველი, გაყოს ევროპა და ამისთვის გამოიყენოს ყველა შესაძლო რესურსი. ევროპარლამენტმა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, დაგეგმონ კოორდნირირებული სტრატეგია, რათა წინ აღუდგნენ დეზინფორმაციას.

რუსული პროპაგანდა დასავლეთში არაერთი ჟურნალისტისა და მკვლევარის დაკვირვების ობიექტი გახდა. სულ უფრო ხშირად და დეტალურად იწერება იმ ხერხებისა და მეთოდების შესახებ, რომლის საშუალებითაც ის მოქმედებს.

პირველი და უმთავრესი, რასაც რუსული პროპაგანდისტული საშუალებები აკეთებენ, ესაა დასავლური მეინსტრიმ მედიისგან განსხვავებული, ალტერნატიული რეალობის შექმნა და შემდეგ ამაზე განუწყვეტელი მსჯელობა. ამისთვის პროპაგანდა იყენებს შემდეგ საშუალებებს:


ამგვარი მესიჯების მიზანია არა იმის მტკიცება, რომ რუსეთი არის “კარგი”, არამედ ის, რომ სხვები მასზე არანაკლებ ცუდები არიან.

როგორც Pand Corporation-ის მკვლევარები ერთ-ერთ კვლევაში წერენ, Russia Today და მსგავსი პროპაგანდისტული არხების მიზანია ფაქტების გარშემო რაც შეიძლება ბევრი ცრუ, სავარაუდო ვერსია გაავრცელონ, რათა აუდიტორიაში დაბნეულობა გაიზარდოს. ისინი ცდილობენ, სხვებს დაასწრონ ახალი ამბავი და საინფორმაციო სივრცეში ამით დაიმკვიდრონ ადგილი, თუმცა არც ფაქტების გადამოწმება-დადასტურებისგან იწუხებენ თავს და არც - შეცდომის გასწორებისგან. მაგალითად, Russia Today-მ არაერთხელ გაავრცელა დეზინოფრმაცია იმის შესახებ, რომ ISIS-ის მებრძოლები უკრაინის სამხედროების მხარეს იბრძვიან უკრაინის აღმოსავლეთით, ასევე, თითქოს პოლონეთის პრეზიდენტი ითხოვს უკრაინისგან ტერიტორიის გადაცემას და ა.შ.

ხშირ შემთხვევაში, მსგავსი დეზინფორმაცია მუშაობს და არც თუ იშვიათად, რესპექტაბელური, არაპროპაგანდისტული მედიასაშუალებები ავრცელებენ Russia Today-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

რუსული პროპაგანდისტული არხების ერთ-ერთი მთავარი იარაღია ცრუ თვითმხილველების მონათხრობისა და ცრუ ამბების გაშუქება. ამ საქმეში Russia Today და "სპუტნიკი" მარტო არ არიან. მაგალითად, Zvezda Tv-მ გააშუქა ინტერვიუ ქალთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ მას სირიელი ლტოლვილი თავს დაესხა გერმანიაში, რაც რეალურად არ მომხდარა. რუსულმა ტელეარხებმა 2015 წელს აქტიურად გააშუქეს დონბასში, უკრაინის სამთავრობო ძალების დაბომბვის შედეგად 10 წლის გოგონას “დაღუპვის” ამბავი, თუმცა, BBC-მ გამოიკვლია, რომ ეს იყო სიცრუე და სინამდვილეში მსგავსი 10 წლის გოგონა არც არსებობდა.



ტრადიციული მედიასაშუალებების გარდა, რუსული პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს თავისი მიზენბისთვის. მაგალითად, მაშინ, როცა უკრაინის აღმოსავლეთში ომი დაიწყო, სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ყალბი ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უკრაინელი ნაციონალისტები ბავშვებს ჯვარზე აკრავენ. მსგავს პირობებში სულ უფრო რთული ხდება სიცრუის სიმართლისგან გარჩევა - ამ გარჩევაში კი იკარგება დრო და რესურსები, ადამიანები მსჯელობენ ფაქტებზე, რომელიც არ არსებობს, იზრდება გაურკვევლობა, დაბნეულობა, სკეპტიციზმი, რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ რუსული პროპაგანდა თავის მიზანს ჯერჯერობით წარმატებით აღწევს. გამოყენებული მასალები http://smallwarsjournal.com/jrnl/art/nine-lessons-of-russian-propaganda http://www.stopfake.org/en/tag/russian-propaganda/ http://euromaidanpress.com/2016/05/05/a-guide-to-russian-propaganda-part-1-propaganda-prepares-russia-for-war/ http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?type=REPORT&reference=A8-2016-0290&language=EN https://www.bloomberg.com/view/articles/2016-11-28/how-russian-propaganda-really-works-in-the-west ფოტო: stopfake