მულტიმედია
„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ტელევიზიები დღეს, 13:00 საათზე ბათუმში დაგეგმილ შეხვეედრაზე შალვა პაპუაშვილს არ შეხვდებიან.

1 საათზე პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთ საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ბათუმში ხვდება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის თემა თავისუფალია და კითხვა-პასუხის რეჟიმში შალვა პაპუაშვილი ყველა დასმულ საკითხზე ისაუბრებს. 

საკანონმდებლო ორგანო პაპუაშვილთან შესახვედრად დასავლეთ საქართველოში დარეგისტრირებული 45 მედიასაშუალების წარმომადგენლებს იწვევნენ. თამარ ჯანელიძის განმარტებით, შეხვედრაზე ის ტელევიზიებიც იქნებიან, რომლებსაც ბიური დასავლეთ საქართველოში აქვთ. 

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ერთობლივი გადაწყვეტილებით შეხვედრას დასავლეთ საქართველოში მომუშავე ალიანსის წევრი ტელევიზიები არ დაესწრებიან. 




გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ იუთუბ არხზე 7 აპრილს ბრუნდება
“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
უკანასკნელად 2023 წლის დეკემბერში გავიდა. 7 აპრილს კი მისი გადაცემა
იუთუბ არხზე დაბრუნდება. როგორია მისი „პირველ არხში“ მუშაობის
გამოცდილება და რას ნახავს მაყურებელი - მასთან ინტერვიუში ვისაუბრებთ. 


- რატომ ჰქვია შენს გადაცემას „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ და რამე
კავშირი თუ აქვს მილან კუნდერას რომანთან „ყოფის აუტანელი
სიმსუბუქე“?

- კუნდერასთან აქვს კავშირი, კი, ოღონდ ირიბი და არა პირდაპირი.
კუნდერა ჩემი საყვარელი მწერლების ათეულში არ შედის, მაგრამ ეს
რომანი, ცხადია, ძალიან დიდ ტექსტად მიმაჩნია. ჩემი იდეა არ იყო ეს
სახელწოდება. როდესაც ამ გადაცემას ვაკეთებდით, ნატა მაღალაშვილმა
მოიფიქრა. გვინდოდა, მეც ვყოფილიყავი სათაურში, პირდაპირი ან ირიბი
კავშირი ყოფილიყო ჩემს ინტერესებთან. ვიცოდით, რომ უნდა გვეთამაშა
სიტყვებით. ნატამ რამდენიმე იდეა წამოაყენა და მათ შორის ერთ-ერთი
იყო „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“. თავიდან გაგვეცინა, მერე
დავაკავშირეთ ერთმანეთთან. თან ლიტერატურასთან იყო კავშირში, თან
კინოსთან და თან იმ ფორმატთან, როგორი გადაცემაც გვინდოდა, რომ
ყოფილიყო (სერიოზული, სადაც აუცილებლად გამოერეოდა მსუბუქი
კითხვები) და ასევე, ჩემი წონის კლებასთან.

- „პირველ არხზე“ მუშაობის გამოცდილებაზე მინდა გკითხო.
დარწმუნებული ვარ, პირდაპირი ცენზურის შემთხვევები არ იქნებოდა,
მაგრამ ხომ არ ყოფილა ირიბი მინიშნება სასურველ ან პირიქით,
არასასურველ თემებსა და სტუმრებზე?

- ცოტა შორიდან დავიწყებ. თავდაპირველად მე „საზოგადოებრივი
მაუწყებელის“ დილის გადაცემაში მივედი. როდესაც შემეხმიანნენ,
მითხრეს, რომ ეძებდნენ და სჭირდებოდათ ტიპი, რომელსაც ამინდის
პროგნოზზეც კი ექნებოდა საკუთარი მოსაზრება ან რეპლიკა. მაგრამ
დილის გადაცემის ფორმატში წამყვანი შენ მაინც ვერ ხარ, ეს ფორმატი
მაინც გზღუდავს და რაღაც ჩარჩოებს ვერ ცდები ვერცერთ შემთხვევაში;
სტუმრობის დრო არის 10-12 წუთი. შეუძლებელია, რომ რაღაც სიღრმეებში
ჩახვიდე; დილა იგეგმება უშუალოდ პროდიუსერების მიერ, სტუმრებს თუ
თემებს შენ ვერ არჩევ და ა.შ.
 
შემდეგ ჩემი მეორე გადაცემა იყო რადიოში - „წიგნის დრო“,
ლიტერატურული გადაცემა და მერე უკვე გაკეთდა „გორგილაძის
აუტანელი სიმსუბუქე“. ეს უკვე საავტორო გადაცემა იყო. კონტრაქტში ასე
ეწერა: დათო გორგილაძის ტელებლოგი. სიმართლე რომ ვთქვა, გულზე
ხელის დადებით, ცენზურის შემთხვევა რომ ან ეს სტუმარი არ იყოს ან ეს
სტუმარი იყოს, ჩემთან არ ყოფილა. არც მონტაჟში ჩარეულან ოდესმე და
არც ირიბი მინიშნება არ ყოფილა.

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ თავის მხრივ არასდროს არ იყო
პროვოკაციული გადაცემა. ჩვენ ვიწვევდით ისეთ ადამიანებს, ვისაც მეტად
თუ ნაკლებად ჩვენთან საერთო, სწორი ღირებულებები ჰქონდა, სწორი
ადამიანები იყვნენ. ამიტომ პრობლემა ამ მხრივ არასდროს შექმნილა.
როგორც უკვე ვთქვი, ამ გადაცემიდან პროვოკაციის თუ ეპატაჟის
მცდელობა არასდროს ყოფილა. იგივეს ვერ ვიტყვი ჩემზე, მე, დათო
გორგილაძეზე და ჩემს აქტიურობაზე ფეისბუქზე. ყოფილა ისეთი
შემთხვევებიც, როდესაც საკმაოდ რადიკალური პოზიციებიც მქონია. შენ
თუ გახსოვს შარშან, მარტის აქციების დროს დაწერილი პოსტი.



alt



არც მაშინ უთქვამთ ჩემთვის არაფერი. მაგრამ არის, რომ ხანდახან
ადამიანს გიჩნდება თვითცენზურა - რამდენად სწორია ჟურნალისტის
მხრიდან ასეთი მკაფიო პოზიციების გამოხატვა? ამის
გათვალისწინებითაც, მაინც მგონია, რომ ჟურნალისტს მკაფიო პოზიცია
უნდა ჰქონდეს. ერთადერთი, სადაც ობიექტურობაა საჭირო, ეს არის
ნიუსი. იმის მიღმა ვფიქრობ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიცია.
„პირველ არხში“ არსებობს ჟურნალისტებისათვის სოციალურ ქსელებში
ქცევის კოდექსი, რომელიც სწორედ ასეთი მკაფიო პოზიციების გამოხატვას
კრძალავს. მიუხედავად ამისა, პირადად მე არც ამის გამო მიმიღია
შენიშვნა. თუმცა, საკუთარი თავისთვის მიკითხავს - გაბრაზდებიან თუ
არა? საბოლოო ჯამში, არც ეს მაკავებდა, რომ საკუთარი აზრი გამომეხატა
საჯაროდ. ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ამ კოდექსის წიაღიდან არ
მოვსულვარ. ცალკე ტიპი ვარ, რომელიც გარედან მოვიდა აქ სამუშაოდ.

- შენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობა ზვიად რატიანის დაკავების
კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყე. შენს კოლეგებს, მწერლებს
„პირველი არხისთვის“ ბოიკოტი ჰქონდათ გამოცხადებული და მასთან არ
თანამშრომლობდნენ. ეს თუ გიქმნიდა დისკომფორტს?

- საკმაოდ მოულოდნელი ამბავი იყო ჩემი „პირველ არხში“ მისვლა. ეს
პერიოდი დაემთხვა ჩემთვის ძალიან ტრაგიკულ პერიოდს, დედაჩემი იყო
ერთი თვის გარდაცვლილი. ვხვდებოდი, რომ რაღაც სიახლეები უნდა
მეძებნა ცხოვრებაში, რომ ცოტა თვალებში გამომეხედა. მანამდე
ვმუშაობდი PR-ში და მივხვდი, რომ ეს სამუშაო მახრჩობდა, საერთოდ
აღარ მაინტერესებდა და ძალიან უბედური ვიყავი. სწორედ მაშინ
შემომთავაზეს დილის გადაცემაში მუშაობა. ვიფიქრე, რატომაც არა,
რადგან ბაკალავრიც და მაგისტრატურაც ჟურნალისტის მაქვს, იქნებ
მივბრუნდე ჟურნალისტიკაში.

აი ამ პერიოდში, როდესაც მე დილის გადაცემაში დავიწყე მუშაობა,
თითქოს, ის ამბავი [ზვიად რატიანის] უკვე ჩავლილი იყო. აღარ მიფიქრია,
თორემ ცხადია, სინდისის ქენჯნა შეიძლება მეგრძნო. რაც შეეხება შემდეგ
მწერლების ბოიკოტს, დილის გადაცემაში სტუმრებს მე არ ვეპატიჟებოდი,
ამ საკითხებს პროდიუსერები აგვარებდნენ. ეს ბოიკოტი არ გაქრა, მაგრამ
ბუნებრივად მიწყნარდა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მწერლებს
უთქვამთ, ხომ იცი მე „პირველ არხთან“ კაზუსი მაქვს და მას შემდეგ
ერთგული ვარ ამ ბოიკოტის. თუმცა, მწერლების უმეტესი ნაწილი, მგონი,
მაინც დადიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მე არ გამომიცხადებია ბოიკოტი და იმ პროცესებში
არ ვიყავი ჩართული, მაინც დავფიქრებულვარ, რამდენად სწორი იყო ჩემი
იქ მუშაობა.

- შენი გადაცემა 7 აპრილიდან იუთუბზე გავა. რატომ სოციალურ მედიაში და
არა სხვა რომელიმე არხზე?

- მე სიახლეები დიდად არ მიყვარს, მაშინებს და საკუთარ ძალებში მაეჭვებს,
შევძლებ თუ ვერ შევძლებ. ორი პირდაპირი და რამდენიმე ირიბი
შემოთავაზება იყო სხვა ტელეარხებიდან, მაგრამ ვიფიქრე, რომ ახლა არის
ის დრო, როდესაც დამოუკიდებლად რაღაც საქმის წამოწყება უნდა სცადო.
იუთუბი ასე თუ ისე თავისუფალი ცურვაა, რასაც გინდა აკეთებ, როგორც
გინდა აკეთებ. ფორმატს ცვლი, როდესაც გინდა. ქვეყანა თუ დაიქცა, არ
გადიხარ ეთერში და ა.შ. თუმცა, ესეც ცოტა ილუზორული აღმოჩნდა.
ქართულ იუთუბზე პარტნიორებისა და მხარდამჭერების გარეშე ვერ
მოძრაობ, ამიტომ მაინც ბევრი რაღაცის გათვალისწინება გიწევს.
მიუხედავად ამისა, ძალიან საინტერესოა, რადგან შენი ხელით აწყობ
ყველაფერს, ალაგებ, უფლებებიც, ვალდებულებებიც და
პასუხისმგებლობებიც შენია... ცხოვრების ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ამგვარი
სიახლე წამადგება.

 



- გადაცემის მომზადებისთვის საჭირო ტექნიკური ბაზა როგორ
უზრუნველყავით?

- ტექნიკურ ჯგუფს ვქირაობთ, რომელიც მოდის თავისი აპარატურით.
აპარატურის შეძენა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული,
ამიტომ თითოეული გადაცემისთვის ვიქირავებთ როგორც ჯგუფს, ასევე
ტექნიკას. ამ ეტაპზე ჩვენი პარტნიორები „საქართველოს ბანკი“ და „კოკა-
კოლა“ არიან. უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე პარტნიორთან
დავასრულებთ მოლაპარაკებებს.
გადაცემის ფორმატი ძირითადად იგივე იქნება, არაფერი იცვლება.
ერთადერთი, ქრონომეტრაჟი არ იქნება იგივე. თუკი სატელევიზიო
ვერსიაში გადაცემა 52 წუთი უნდა ყოფილიყო, აქ იუთუბი გაძლევს
საშუალებას, რომ გააგრძელო სადამდეც გინდა. ამ გადაცემას უხდება, რომ
საათზე მეტი იყოს და ხშირ შემთხვევაში, ალბათ, ასეც იქნება.
ასევე გადაცემას დაემატა რუბრიკა „არ გაჩერდე“, რაც არის „საქართველოს
ბანკთან“ თანამშრომლობის კონტექსტში.

- ბოლო კითხვა შენს მეორე პროფესიასთან დაკავშირებით. დიდხნიანი
პაუზის შემდეგ წერას თუ აგრძელებ?

- კი, კი. ამის გამო სულ მქენჯნიდა სინდისი. ჟურნალისტიკაც იმიტომ
ავირჩიე, რომ მეგონა, ძალიან ახლო კავშირშია მწერლობასთან. ამბების
მოყოლა მიყვარდა ბავშვობიდან და, ვიფიქრე, მონათესავე პროფესიას
ავირჩევდი. მერე მივხვდი, რომ მთლად სწორი არჩევანი არ იყო.
ჟურნალისტიკა უფრო ფაქტებთან დაახლოებაა, მწერლობა კი - ფაქტებზე
ამაღლება. თუმცა, საფუძველი ერთი აქვთ - რაღაც ერთი მნიშვნელოვანი
ფაქტი. აი, ამ ბოლო სამ თვეში უკვე განვაახლე წერა.

 
სად გაქრა პროფესია ჟურნალისტი?!

დაკარგული პროფესიის პრობლემა, რომლის წინაშეც ქართული ჟურნალისტიკა დგას. სად იგრძნობა ის ყველაზე მწვავედ და რა არის ამის მიზეზი?! 

ჩვენს ჟურნალისტებს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ აქტივიზმს ეწევიან, რომ ისინი მხარეს წარმოადგენენ და არა ჟურნალისტებს. ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტად ეს ბრალდება სატელევიზიო ჟურნალისტების მიმართ ისმის. სამწუხაროდ, ეს სიმართლეს შეესაბამება. მაგალითად, ამა თუ იმ მოვლენის გასაშუქებლად წასული „იმედის“, „პოსტივის“, „პირველი არხისა“ და „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი მუდმივად ფიქრობს, როგორ გააშუქოს მომხდარი ისე, რომ ხელისუფლების ბრალეულობა გადაფაროს, მისი გაკეთებული საქმე პოზიტიური რაკურსით წარმოაჩინოს და რაც მთავარია, შეძლებისდაგვარად, (მოვლენის შინაარსიდან გამომდინარე) მოახდინოს ოპოზიციური პარტიებისა თუ მისი წევრების დისკრედიტაცია. 

იგივეს აკეთებს სიტყვაზე, „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტიც ოღონდ, ცხადია, სარკისებრი ეფექტით. 

გაცილებით დაბალანსებული, კვალიფიციური და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია ონლაინ მედია. ამიტომ ვისი დისკრედიტაციაც ყველაზე რთულია, სწორედ მათ წინააღმდეგ მიმართულ, ვითომ გამჭვირვალობის კანონს მიადგა ხელისუფლება და ამით უკვე ონლაინ მედიის ჟურნალისტებიც აქტივისტებად აქცია. 

კრიტიკული მედიების წარმომადგენელთა მიმართ ხელისუფლების აგრესიაც ძველია და სამთავრობო ჟურნალისტების მიმართ გაბრაზებული ხალხის უკმაყოფილებაც. ყველას ახსოვს, "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო აქციებზე როგორი ბულინგისა და რამდენიმე შემთხვევაში, ფიზიკური დაპირისპირების მსხვერპლნიც გამხდარან მაშინდელი სამთავრობო ტელევიზიების კორესპონდენტები. 

პოლარიცაზიამ და დაპირისპირებამ "ქართული ოცნების" პირობებში პიკს მიაღწია. ამიტომაც არის, რომ ჟურნალისტებისთვის მუშაობა ყოველდღიურად უფრო და უფრო რთულდება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებში არ დადიან, არ მონაწილეობენ დებატებში, არ პასუხობენ კრიტიკულ კითხვებს, რაც მათი ვალდებულებაა. (რამდენიმე დღეა მაგალითად, ონლაინ მედიებს პარლამენტის შენობაშიც არ უშვებენ.) ოპოზიციურ პარტიებს კი სახელისუფლო მედია ან არ ეპატიჟება, ან ნაკლებ დრო უთმობს. ამიტომ ნაციონალურ ტელევიზიებში პოლიტიკური ტოქშოუები, ორივე მხარეს, ცალმხრივია. ერთგან მხოლოდ ოპოზიციას ლანძღავენ და მეორეგან - ძირითადად ხელისუფლებას. ხანდახან ერთმანეთის, ოპოზიციის კრიტიკაც გამოერევა ხოლმე. ესეც, თითქოს, ხელოვნურად არის გამოწვეული, რადგან ტელევიზიას დებატების იმიტირება სურს. 

იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ ოპონენტებთან დებატებში არ შედიან, ეს ფუნქცია ჟურნალისტებმა იკისრეს და მმართველმა ძალამაც სიამოვნებით მიანიჭა მათ ეს როლი. ამიტომაც არასახელისუფლო მედიის ჟურნალისტებს უწევთ "ქართული ოცნების" წევრებთან კამათი, დაპირისპირება, აგრესიული ტონით პასუხის მოთხოვნა და ა.შ. მთავრობა მეტად კომფორტულ მდგომარეობაშია, რადგან მისი ძირითადი ოპონენტები, როგორც მედიაში მუდმივად ჩანს, კრიტიკულად  განწყობილი ჟურნალისტები არიან. 

საბოლოო ჯამში,  ვხვდებით, რომ ამ მდგომარეობაში ჟურნალისტები საკუთარი ნებით არ აღმოჩენილან. საქართველოს ხელისუფლებამ მათ სხვა გზა არ დაუტოვა. მმართველმა გუნდმა სახელისუფლო მედიებში დასაქმებულ მუშაკებს (მუშაკებს, რადგან რთულია, მხოლოდ პროპაგანდით დაკავებულ ადამიანებს ჟურნალისტები უწოდო) უთხრა, არ შეასრულებთ დაკვეთას და დაკარგავთ სამსახურს. მისი კონტროლის გარეთ მყოფ ჟურნალისტებს კი - არ გავაკეთებ კომენტარს, არ დაგელაპარაკები, თუკი ისე არ მოიქცევი, როგორც მე მსურს. ამიტომ როგორც არ უნდა გვინდოდეს, სხვაგანაც ვეძებოთ დამნაშავეები მაგალითად, ოპოზიციური პარტიების ფლანგზე თუ თავად ჟურნალისტებში, ამ ანტიჟურნალისტიკას ერთადერთი დამნაშავე ჰყავდა და დღესაც ჰყავს - საქართველოს  მმართველი პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ტენდენცია წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო, "ქართულმა  ოცნებამ" ის საბოლოოდ, სისრულეში მოიყვანა. ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ჟურნალისტებს პროფესია წაართვა. მათი ერთი ნაწილი რუსული ყაიდის პროპაგანდისტებად აქცია, მეორე ნაწილი კი - პოლიტიკოსებად თუ  აქტივისტებად.




 
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2023 წელს საქართველოში პრესისა და მედიის უფლებრივ მდგომარეობაზე

 


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობასაც აღწერს. 

პრესისა და სხვა მედიების შესახებ მიძღვნილ ქვეთავში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები გამოხატვის თავისუფლების მიმართ საქართველოს მთავრობის  დამოკიდებულებაზე სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2023 წელს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული რუსული კანონი მედია ორგანიზაციების მიმართ საფრთხის შემცველი იყო, რადგან ყველა ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსების 50 %-ს უცხოეთიდან იღებს, ისინი „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადდებოდნენ. ასევე, შეშფოთების ერთ-ერთი საფუძველი კრიტიკული მედიის „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას დაპატიმრება გახდა. 

დოკუმენტში აღნიშნულია ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი აქტებიც, რომელსაც სახდეპი სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარის ანგარიშვალდებულებად აფასებს. 


ჟურნალისტებზე თავდასხმა 


ანგარიშში მოყვანილია სხვადასხვა დროს ჟურნალისტებზე თავდასხმის კონკრეტული მაგალითები. მათ შორის 27 ივნისს "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და გადაცემის წამყვანზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა. საუბარია ულტრამემარჯვენე ძალების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორცელებული ძალადობის მაგალითებზეც. დოკუმენტში ნახსენებია „ალტ-ინფოს“ წევრის "ტვ პირველის" ჟურნალისტზე, ნატო გეგელიაზე თავდასხმისა და ტელეფონის დამტვრევის ფაქტი. გეგელია ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან მუქარებს პერმანენტულად იღებდა. ამის პარალელურად გაძარცვეს მისი საცხოვრებელი სახლიც.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია მარტის აქციების დროს სამართალდამცავების მხრიდან მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოყენებულ ცრემლსადენ გაზზე, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.


გამოხატვის თავისუფლება


გამოხატვის თავისუფლებას ანგარიშში ცალკე ქვეთავი  ეთმობა. მასში საუბარი გასულ წელს პარლამენტის მიერ მედიის მიმართ მიღებულ ახალ რეგულაციებზეა. 

2023 წლის თებერვალში პარლამენტის თავმჯდომარემ პრესის აკრედიტაციის ახალი წესი შემოიღო, რომლითაც ჟურნალისტებს დამატებითი შეზღუდვა დაუწესდათ. მედია ორგანიზაციებმა ახალი რეგულაცია გააკრიტიკეს და მას არაინკლუზიური და ბუნდოვანი უწოდეს. "მედიის ადვოკატირების კოალიციის" განცხადებით, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან გამოუშვა და მათი აკრედიტაციები გაუუქმა. 

ანგარიშში ნახსენებია ისიც, რომ მომხდარს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" და სახალხო დამცველის აპარატიც გამოეხმაურა. მათი განცხადებით, ახალი რეგულაციით გამოწვეული სანქციები რატომღაც მხოლოდ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ეხებოდათ.


ტელევიზიები


"მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან ერთად, ანგარიშში საუბარია ტელეკომპანია "ფორმულაზეც". მედიის დამკვირვებლებმა გამოთქვეს შეშფოთება, "ფორმულას" დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ იურიდიულ სამართალწარმოებაზე, რომელიც კრიტიკული ტელევიზიის ლიკვიდაციის მცდელობას ემსახურებოდა. 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წლის მსგავსად, 2023 წლის ანგარიშშიც ყურადღებას ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ სამართალდარღვევათა სტატისტიკაზე ამახვილებს. სტატისტიკის სიმწირე პრობლემის რეალურ მასშტაბს ბუნდოვანს ხდის.