კატეგორია: ბლოგი
ყველა კარგი ჟურნალისტური სტანდარტი ერთმანეთს ჰგავს. ყოველ ეთიკურ გადაცდომას კი თავისი გამოწვევა აქვს, ხშირად ახალი და განსაკუთრებული.




9 თებერვალს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება თანდართული დასაბუთებით, რომელსაც მე არ ვიზიარებ. ამ ბლოგპოსტში შევეცდები ავხსნა - რატომ.



რა მოხდა

პირველ თებერვალს საქართველოს პარლამენტი განიხილავდა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას. დისკუსიის დროს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი სიტყვით გამოვიდა.

ვიდრე კითხვას გააგრძელებთ, ჩემი დაჟინებული თხოვნაა, უყუროთ ვიდეოს, სულ ორ წუთს გრძელდება.




განცხადების სრული ტექსტიდან ტელეკომპანიებმა, „TV პირველმა” და „კავკასიამ” ამოიღეს და სოციალურ ქსელში „ქარდებად“ გამოაქვეყნეს ფრაზა: - „როდესაც შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ჰყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, იმიტომ, რომ გესვრის და გაგაქრობს“.

ამას სოციალურ ქსელებში, უფრო კონკრეტულად კი ფეისბუქზე, კრიტიკისა და ლანძღვის კორიანტელი მოჰყვა. დეპუტატმა ტელეკომპანიები მანიპულაციაში დაადანაშაულა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.




არგუმენტები


მნიშვნელოვანია, თავიდანვე ვიცოდეთ, რომ ქარტიისავე დამკვიდრებული პრაქტიკით, პრობლემაა მანიპულაციური სათაურიც კი, თუნდაც სტატია/ვიდეო სტანდარტების დაცვით იყოს დაწერილი/შექმნილი. ამგვარი შემთხვევები ქარტიას დარღვევად უცნია. ცნობილი ამბავია, რომ სოცქსელების მომხმარებელთა უმეტესობა მხოლოდ სათაურს და "ქარდზე წარწერას (რაც ბოლო დროის ტრენდია), ანუ ძირითად მესიჯს კითხულობს. ამიტომაც იგი უნდა აღვიქვათ, როგორც ცალკე მედიაპროდუქტი.

გავიხსენოთ 1 თებერვლის კონტექსტი, როცა დეპუტატი განცხადებას აკეთებდა - ყველა აქტიურ, პოლიტიკით დაინტერესებულ მოქალაქეს აინტერესებდა, ვინ იწონებდა ამ მართლაც ცუდ, რუსეთუხსენებელ რეზოლუციას. ალექსანდრე ელისაშვილის ის “ქარდი”, იმ სახით, როგორც ტელეკომპანიებს ჰქონდათ, ტოვებდა აღქმას, რომ პარლამენტის წევრი სრულად იზიარებდა ხელისუფლების პათოსს და ეთანხმებოდა რეზოლუციაში რუსეთის არხსენებას, ხოლო ჩაწერას იგი ადარებდა „ტანკის ლულაში ჯოხის ჩხიკინს”. ეს აჩენდა განცდას, რომ ელისაშვილი ეთანხმებოდა ზოგად პოლიტიკას, რასაც ხშირად შევნიშნავთ მთავრობის წარმომადგენლებში - „დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახო”.

(საბოლოოდ, პარტია „მოქალაქეებმა” მხარი დაუჭირა რეზოლუციას, თუმცა ჯერ ერთი, ამის წინასწარმეტყველება ქარდების შემქმნელთათვის შეუძლებელი იყო; და მეორე, პარტიის ლიდერებს არ უთქვამთ, რომ რეზოლუციას მხარს უჭერდნენ, რადგან მისი პათოსი გაიზიარეს, არამედ მათი თქმით, უფრო მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერაში ერთიანობის ჩვენება. უშუალოდ ტექსტის კრიტიკა კი განაგრძეს. თუმცა, ეს უკვე პოლიტიკოსების შესაფასებელი თემაა. რაზეც დაე, მათ იკამათონ. ჟურნალისტურ ეთიკასთან და ჩვენს განსახილველ საქმესთან ამას კავშირი არ აქვს).

დეპუტატის 2-წუთიანი გამოსვლის გააზრებისას ადვილი მისახვედრია, რომ მას კატეგორიულად არ მოსწონს იგი. „სიბეჩავეს” და „სისაწყლეს” უწოდებს. ამ ფონზე კი ტელევიზიები გვთავაზობენ “ქარდს”, საიდანაც მკითხველი, ვისაც დეპუტატის სრული გამოსვლა არ უნახავს, იფიქრებს, რომ, მისი აზრით, კარგია, თუ რეზოლუციაში რუსეთს არ ვახსენებთ, და ამით ჯოხს არ შევუჩხიკინებთ ტანკის ლულაში.

ჩემთვის ერთი შეხედვითვე გახდა ნათელი, რომ ის, რაც ქარდზე იყო გამოტანილი, ელისაშვილის განცხადების შინაარსს არ ასახავდა. ეს იყო მანიპულაცია.

(თუ მაინცდამაინც სრული ტექსტის შემოკლება გვსურს, ელისაშვილი ამბობს, რომ არგაღიზიანების პოლიტიკას კი ეთანხმება, მაგრამ რეზოლუციის ეს ტექსტი არგაღიზიანება კი არა, ლაჩრობაა და სამარცხვინოა).

„TV პირველისა” და „კავკასიის” შემთხვევა ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან. „TV პირველთან” სრული ტექსტიც კი არ იყო ხელმისაწვდომი. თუკი “კავკასიის” შეფასებისას შეიძლება ცოტა იყოყმანო, რაკიღა მან ქარდს ბმულიც დაურთო, „TV პირველმა” მხოლოდ ციტატა შესთავაზა მკითხველს, რომელიც ბოლოს საერთოდაც წაშალა და ამით, ჩემი აზრით, პირველთან ერთად ქარტიის მეხუთე პრინციპიც დაარღვია (მეხუთე პრინციპი განმარტავს შეცდომის გასწორების წესს).

თუმცა მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტად არც „კავკასიის” ბმულიან „ქარდს” მივიჩნევდი. „მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სათაური ზუსტად გადმოსცემს სტატიაში მოყვანილ ფაქტებსა და მოსაზრებებს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ ტექსტის სრულად გაცნობა, იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში”, - ეს არის ციტატა ქარტიის საბჭოს 2018 წლის, ჩემი აზრით სამაგალითო გადაწყვეტილების დასაბუთებიდან, სადაც საუბარი სწორედ ციტატის მეშვეობით მანიპულაციაზეა. მიმაჩნია, რომ ახლაც მსგავს საკითხზე ვსაუბრობთ და „ქარდები“ შეგვიძლია განვიხილოთ იმ მედიაპროდუქტად, რომელსაც ქარტიის პრაქტიკა „სათაურში” მოიაზრებს.

ქარტიის სხდომის აუდიოჩანაწერი გულდასმით მოვისმინე. კავკასიის წარმომადგენელი, ნინო ჯანგირაშვილი მთავარ არგუმენტად იშველიებდა, რომ მისმა აუდიტორიამ სრულად მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რაც თქვა დეპუტატმა. რომ მათ გააშუქეს, როგორც „ტანკისა და ჯოხის”, ასევე „რეზოლუციის სიბეჩავის” ამბავი. თუ კავკასიის ამ „ქარდს“ მოძებნით და კომენტარებს ჩაუყვებით, ნახავთ 400-მდე კომენტარს და ამდენივე ლანძღვა-გინებას, რაც მიუთითებს იმახე, რომ აუდიტორია „შეცდომაში შევიდა”.

კი, ჯანგირაშვილი ქარტიის საბჭოს სხდომაზე ამბობდა, რომ მან ჯერ ცალკე ელისაშვილის ის მოსაზრება გააცნო თავის აუდიტორიას, რომელშიც რეზოლუცია არის „ბეჩავობა” და „სისაწყლე”, თუმცა, ლეგიონი იქნება მათი სახელი, ვინც ნახა „ქარდი“, რეზოლუციაზე შეფასება კი - არა.

ისედაც ცხადია, რომ ეს ორი ნიუსი ორი სხვადასხვა მედიაპროდუქტია და წარმოუდგენელია მას აბსოლუტურად იდენტური აუდიტორია ჰყოლოდა.

და რა წავიკითხეთ ქარტიის გადაწყვეტილებაში? რომ ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკოსია, რომ მან განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან წარმოთქვა, და რომ მან ისაუბრა სხვადასხვა საკითხზე - რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკასა და უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე, და რომ ეს შეგვიძლია განვიხილოთ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ამბებად.

მე კი სწორედ ამგვარ შეხედულებას ვუწოდებდი მანიპულირებას.

ეს რომ მართლაც ასე იყოს, რატომ მიიღებდა ელისაშვილი მძაფრ კრიტიკასა და ლანძღვას? თავისთავად, ცალკე აღებული ტანკის ლულაში ჯოხის შეყოფა რომ კარგი აზრი არ არის, ვინაიდან ჯოხიანი დარჩება წაგებული, ეს ხომ ტრუიზმია. ტანკს უნდა დაუპირისპირდე ტანკსაწინააღმდგო ნაღმით, ჯოხით - აზრი არ აქვს. ამ ვითარებას უკრაინის რეზოლუცია და რუსეთის ხსენება/არხსენება კონტექსტი რომ ჩამოაშორო, ცალკე აღებულ, უკონტექსტო ფრაზად რომ დატოვო, არც არავინ გააკრიტიკებდა დეპუტატს.

როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანთა უმეტესობა ახალ ამბებს სწორედ სათაურებით და, ე.წ. „ქარდებით“ ეცნობა, შესაბამისად, მათ აქვთ მოლოდინი, რომ ეს სათაურები და ციტატები მათ მთავარ ამბავზე, შინაარსზე, გამოკვეთილ მესიჯზე უყვება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინო უკვე მრავალჯერ ნახსენები კ ო ნ ტ ე ქ ს ტ ი, პატივი სცე მკითხველის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ შემთხვევაში სიზუსტეს ფართო მნიშვნელობა აქვს. იგი გულისხმობს არა მხოლოდ ციტატის სიტყვა-სიტყვით განმეორებას, არამედ საერთო კონტექსტის მოტანას.

საერთოდ, წესით ქარტია უნდა მიდიოდეს სტანდარტის აწევის და არა დაწევის მიმართულებით. მით უმეტეს, როდესაც უკვე არსებულ პრაქტიკას ცვლი, დასაბუთება ცოტათი მაინც უნდა სჯობდეს წინას. ახლა კი, ვინც დალინკულ გადაწყვეტილებაზე გადავა, ნახავს ქარტიის საბჭოს დასაბუთების სტანდარტს და თუ მას შეადარებს წინამდებარე საქმის სამოტივაციო ნაწილს, შესაძლოა გულიც კი დაწყდეს, თუკი ქარტიის გულშემატკივრად მიიჩნევს თავს.

აღარაფერს ვიტყვი იმ უცნაურ ლაფსუსზე, რომ თუკი „კავკასიის” შემთხვევაში საბჭომ სრულიად არადამაკმაყოფილებელი, მაგრამ მაინც გარკვეული არგუმენტები მოიშველია, საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება „TV პირველის” შემთხვევაზე და იგი ერთგვარად „მიასამშაბათა”.

ჟურნალისტიკა მათემატიკა არ არის. სადაც ორჯერ ორი ყოველთვის ოთხია. აუდიტორიისადმი უპატივცემულობის გამოვლინებაც სიზუსტის დარღვევაა. უპატივცემულობაა, როდესაც ყველა ღონეს არ ხმარობ სრული სურათის შესაქმნელად.

მოდი, დავსვათ მარტივი კითხვა - რა იყო იმ დღეს ახალი ამბავი? - „არგაღიზიანების პოლიტიკა“ (რაზეც ქარტიაც მიუთითებს თავის გადაწყვეტილებაში, რომელიც განგრძობითი, ძველი, საანალიზო თემაა, რომელზეც ელისაშვილს აზრები მანამდეც გამოუთქვამს და სკანდალი არ მოჰყოლია), თუ რეზოლუციის ტექსტი? - ცხადია, ეს უკანასკნელი, და აუდიტორიაც ამ თემის კონტექსტში აღიქვამდა „ქარდს“. შესაბამისად, შეცდა (თან ფაქტია, რომ შეცდა) და ჩათვალა, რომ ელისაშვილი იწონებდა რეზოლუციის ტექსტს.

სინამდვილეში ამგვარ „ქარდებს“ მედიაჟარგონზე „კლიკბეითი“ ჰქვია. მას იყენებენ სოციალურ ქსელებში რიჩის, ანუ წვდომის და ინგეიჯმენტის, ანუ ჩართულობის გასაზრდელად. ეს კი მარტივია, თუ ემოციების გამომწვევ მასალებს შევქმნით. ხშირ შემთხვევაში ასეთ დროს დავიწყებას ეძლევა სიზუსტე, ეთიკის სტანდარტები, ჟურნალისტიკის ძირეული პრინციპები.

რატომ არის ეს ქეისი მნიშვნელოვანი?


რამდენიმე თვის წინ "მედიაჩეკერზე" წავიკითხე ვრცელი ინტერვიუ პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. ჩემთვის ყველაზე საგულისხმო იყო მისი გამუდმებული წუწუნი იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებას საკმარისი ბერკეტები არ აქვს მედიის გასაკონტროლებლად, მისი აზრით - „კეთილშობილური მიზნისთვის”.

მედიის წინააღმდეგ უფრო მძლავრი სამართლებრივი ბერკეტების შექმნის იდეა ახალი არ არის, და იგი დროდადრო იტესტება. ჩემი აზრით, შორს არ არის ის დრო, როდესაც პარლამენტი დაიწყებს მსჯელობას, როგორ ებრძოლონ ტყუილს, დეზინფორმაციას, მანიპულაციას, კანონის ძალით, გამოიყენებენ მათთვის ესოდენ საყვარელ ტერმინ „ფეიკს” და სინამდვილეში შეეცდებიან უფრო აქტიურად, საკანონმდებლო დონეზე ჩაერიონ მედიის თავისუფლებაში.

ამგვარი რისკების მქონე მედიაგარემოში საკვანძო საკითხია - თვითრეგულირების სისტემის გამართულობა, მაღალ სტანდარტზე ორიენტირება, იმის ჩვენება, რომ ეთიკურ დარღვევებთან თუ დილემებთან სახელმწიფოს არაფერი ესაქმება და ეს თავად ჟურნალისტების საქმეა.

ასეთ დროს არგუმენტებს აცლი ხელისუფლებას, რომელსაც მედიის კანონით დარეგულირების აქტიური მისწრაფება აქვს. მსგავსი საკითხები არა მოსამართლის ჩაქუჩის, არამედ თვითრეგულირების ორგანოს ქვეშ უნდა ექცეოდეს.

და ვფიქრობ, ამგვარი შეცდომებით ჩვენ მხარს არ ვუჭერთ იდეას, რომ ეთიკურ დარღვევებთან სახელმწიფოს არაფერი ესაქმება და ჩვენვე უნდა გვაცალონ.

დაბოლოს, ყველაფერს აქვს მოტივი. რა შეიძლება იყოს ქარტიის საბჭოს ასეთი გადაწყვეტილების მოტივი? თუ საბჭოს შემადგენლობას შეავლებთ თვალს, არაპროფესიონალიზმი ვერ იქნება. ვერც ქარტიის პრაქტიკის უცოდინრობაზე ვისაუბრებთ, ბოლოს და ბოლოს მათ დათო კლდიაშვილი ჰყავთ.

რჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭო, ე.წ. ოპოზიციურ ტელევიზიებს ხელისუფლებისგან ჩაგრულად, ჟურნალისტებს კი უფლებაშელახულად მიიჩნევს, რაც სრული სიმართლეა, მაგრამ სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით ოპოზიციური მედიის მიმართ საბჭოს მცირედი ლოიალურობაც კი დათვური სამსახურია, და საბოლოოდ მათ დასუსტებას მეტად შეუწყობს ხელს, ვიდრე გაძლიერებას, მეტიც - ასეთი ლოიალობა დაასამარებს თვითრეგულირებას და მოაახლოებს რეგულირებას.

ჩვენ, ჟურნალისტები, ვცხოვრობთ, რათა მოვყვეთ. და ეს ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ წლების შემდეგ, რომელიმე ავტორიტარული ხელისუფლების მიერ „კედელთან მიყენებული” ჟურნალისტები იმ არცთუ ისე შორეულ დროს ვიხსენებდეთ, როცა მეტის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ კარგად არ მოვინდომეთ.