კატეგორია: რესურსები
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრამ ბევრი ადამიანი აიძულა უსაფრთხო გარემოს საპოვნელად დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყვნენ ქვეყნის შიგნით თუ საზღვარგარეთ.

26 თებერვალს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ვითარების გაუარესების შემთხვევაში, მოსალოდნელია 4 მილიონამდე ადამიანმა იძულებით დატოვოს უკრაინა.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას ჟურნალისტებს ესმოდეთ საკვანძო ტერმინები და განსხვავებები სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო და შიდა მიგრაციას შორის.

მიგრანტი (Migrant)


  • საერთაშორისო დონეზე არ არსებობს ტერმინის „მიგრანტი“ ერთიანი სამართლებრივი დეფინიცია.
  • მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) განმარტებით, „მიგრანტი“ არის ქოლგა ტერმინი და მოიაზრებს ყველა იმ პირს, რომელმაც სხვადასხვა მიზეზით გადალახა საერთაშორისო საზღვარი და საცხოვრებლად წავიდა სხვა ქვეყანაში ნებით თუ იძულებით, დროებით თუ მუდმივად.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიხედვით კი,
  • „მიგრაცია“ ხშირად გაგებულია, როგორც ნებაყოფლობითი პროცესის აღმნიშვნელი
  • შესაბამისად, ტერმინი „მიგრანტი“ მოიაზრებს ყველა იმ შემთხვევას, როდესაც პირი მიგრაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თავისუფლად, ძალდაუტანებლად, რაც ნაკარნახევია პირადი კეთილდღეობის მიზეზით და ხდება გარე იძულებითი ფაქტორის ჩაურევლად.   

ლტოლვილი (Refugee)


  • ტერმინი ლტოლვილი განსაზღვრული და დაცულია საერთაშორისო სამართალში.
  • ლტოლვილები არიან ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან მათი წარმოშობის ქვეყნის გარეთ დევნის, კონფლიქტის, ძალადობის ან სხვა იმ გარემოებების შიშით, რომლებმაც სერიოზულად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და რომელთა შედეგად ისინი საჭიროებენ „საერთაშორისო დაცვას“.
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ეს არის სამართლებრივი სტატუსი და მიენიჭება პირს, რომლის თავშესაფრის მოთხოვნაც წარმატებით დაკმაყოფილდა.

თავშესაფრის მაძიებლები (Asylum seekers)


  • თავშესაფრის მაძიებლები არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ლტოლვილის სტატუსის მიღება და ელოდებიან გადაწყვეტილებას თავიანთ განცხადებებზე ლტოლვილის სტატუსის მიღების შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივი საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად.
  • უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მათ უნდა დატოვონ ქვეყანა, ან შესაძლოა, გაძევებულ იქნან ქვეყნიდან ისევე, როგორც ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ნებისმიერი უცხოელი, იმ შემთხვევის გარდა, თუ დარჩენის ნებართვა გაიცემა ჰუმანიტარულ ან სხვა მსგავს მოსაზრებათა საფუძველზე.

იძულებით გადაადგილებული პირები (Internally displaced persons (IDPs)


  • იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე მოიხსენიებენ „დევნილებად“ და არიან პირები, რომლებიც კვლავ იმყოფებიან თავიანთი მოქალაქეობის ან მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებში, მაგრამ იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ ჩვეული ბინადრობის ადგილი ან რეგიონი ომის, ძალადობის, დევნის, ტექნოგენური ან ბუნებრივი კატასტროფების, ეკოლოგიური და სხვა მსგავსი მოვლენების გამო.
  • არასწორია გამოიყენოთ ტერმინი „იძულებით გადაადგილებული პირი“ იმ ადამიანების მიმართ, ვინც იძულებული იყო დაეტოვებინა ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვარი.

უკრაინის კონტექსტში


  • მედიაში და საჯარო დისკუსიაში ტერმინები „მიგრანტი“, „ლტოლვილი“, „თავშესაფრის მაძიებელი“ და „იძულებით გადაადგილებული პირი“ ხშირად გამოიყენება იმ ადამიანთა აღსაწერად, რომლებიც კონფლიქტს ან საფრთხეს გაექცნენ. 
  • ვინაიდან ტერმინი „მიგრანტის“ გამოყენებისას არ არის ნათელი გადაადგილება ნებაყოფლობითია თუ იძულებითი, სასურველია უკრაინის კონტექსტში არ იქნეს გამოყენებული.
  • ასევე, უკრაინის კონტექსტში, ვინაიდან ომი მიმდინარეა და ამ ადამიანების ფაქტობრივი სამართლებრივი სტატუსი ნათელი არ არის, უმჯობესია უფრო კონკრეტული ტერმინოლოგიის გამოყენება.იმ
  • იმ პირთა კონტექსტში, რომლებიც უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებს კვეთენ – „თავშესაფრის მაძიებლები“, ან „ადამიანები, რომლებიც უსაფრთხო გარემოს ეძებენ“.