არასრული ინფორმაცია და ცალმხრივი გაშუქება 8 წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ
04.12.2015
1 და 2 დეკემბერს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია 8 წლის ბუკა ნიკურაძის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც იაშვილის კლინიკაში ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.

ბავშვის ახლობლებმა იაშვილის კლინიკის ერთერთი მკურნალი ექიმი ბუკა ნიკურაძისთვის არასწორი დიაგნოზის დასმასა და მის გარდაცვალებაში დაადანაშაულეს. რამდენიმე მედიასაშუალებამ კი ეს საკითხი არასრულად წარმოადგინა და მოპასუხე მხარეს პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ მისცა.

„ყელი უნდა გამოგჭრა და შენი სისხლით იაშვილის ეზო მოგირწყააა” - გარდაცვლილი პაციენტის მამიდა ექიმს” – argumenti.ge-ს ამ სტატიაში მხოლოდ ბავშვის მამიდის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფრაზებია გამოტანილი, სადაც ის ექიმს ემუქრება და პასუხს სთხოვს. მოგვიანებით, გამოცემამ იაშვილის კლინიკის განცხადებაც გააშუქა. “პირველი ინფო” კი სათაურშივე მიუთითებს, რომ ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი არასწორი იყო და ამ ფაქტს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს: “არასწორი დიაგნოზით 8 წლის ბუკა ნიკურაძე გუშინ გარდაიცვალა”. სტატიაში აღნიშნულია, რომ იაშვილის მკურნალმა ექიმმა ბუკას ლეიკემია დაუდგინა და ოჯახს არ მისცა საშუალება დიაგნოზი გერმანიაში გადაემოწმებინათ. ოჯახის წევრების მტკიცებით, ბავშვს ქიმიოთერაპიის შემდეგ სოკო განუვითარდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. იაშვილის კლინიკის განცხადება ამ გამოცემამაც გაავრცელა.

ambebi.ge-მ და palitratv.ge-მ გამოაქვეყნეს სტატია „ჩემი შვილის სიკვდილს არავის შევარჩენ“ - დაღუპული 8 წლის ბავშვის ოჯახი აპირებს, იაშვილის კლინიკას უჩივლოს“. მასალაში ოჯახი ამტკიცებს, რომ ბავშვს იაშვილის კლინიკის კონკრეტულმა ექიმმა არასწორი დიაგნოზი დაუსვა. მეორე მხარის, იაშვილის კლინიკის პოზიცია არასრულადაა წარმოდგენილი Palitra.tv-ს მასალაში.

„ოჯახის მტკიცებით, ბავშვს არასწორი დიაგნოზით - ლეიკემია დაუდგინეს, რის შედეგადაც ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა. გაუმჯობესების ნაცვლად კი მისი მდგომარეობა დღითიდღე დამძიმდა. პაციენტი თურქეთის წამყვან კლინიკაში გადაიყვანეს. შვიდი ბიოფსიის ჩატარების შემდეგ თურქმა ექიმებმა იაშვილის კლინიკის დიაგნოზი არ დაადასტურეს“, - აღნიშნულია სტატიაში.

მასალაში მოყვანილია ბავშვის დედის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ მას და მის შვილს იაშვილის კლინიკაში ღორის გრიპი აღმოუჩინეს. ბავშვის ბებიამ კი აღნიშნა, რომ თურქეთში თბილისიდან ჩაიტანეს ანალიზი, რომელშიც ლეიკემიის ჩხირები არ აღმოჩნდა.

მასალაში წარმოდგენილია იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ივანე ჩხაიძის კომენტარი. ის ამბობს, რომ ბუკა ნიკურაძისთვის ლეიკემიის დიაგნოზი სწრაფად დაისვა და მკურნალობაც სწრაფად დაიწყო. ასევე მისი თქმით, კლინიკა ამ დაავადებას გასულ წლებთან შედარებით უფრო ეფექტურად მკურნალობს, ზოგი შემთხვევა კი მკურნალობას არ ექვემდებარება.

რაც შეეხება ambebi.ge-ს, მათ მასალა palitratv.ge-ზე დაყრდნობით მოამზადეს, თუმცა სტატიაში არ ჩანს იაშვილის კლინიკის მთავარი ექიმის კომენტარი და ამბავი ცალმხრივად გაშუქდა.

palitratv.ge-ს მასალაში უპასუხოდ რჩება შემდეგი კითხვები: იაშვილის კლინიკაში მართლა დაუდგინდათ ბუკა ნიკურაძესა და მის დედას ღორის გრიპი, როგორც ამას მანანა ენუქიძე ამბობს? ტრადიციულად რა გამოკვლევები ტარდება ლეიკემიის დასადგენად და რა პირობებში? რატომ გახდა საჭირო ანალიზის წაღება თბილისიდან თურქეთში? რა გამოკვლევის საფუძველზე გააკეთეს დასკვნები იაშვილისა და თურქეთის კლინიკებმა პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით?

ამ კითხვებზე ნაწილობრივ პასუხობს ვებგვერდებზე fmabkhazia.com, info9.ge, fortuna.ge-სა და interpressnews.ge-ზე გამოქვეყნებული იაშვილის კლინიკის ოფიციალური განცხადება. აქ იაშვილის კლინიკა განმარტავს, თუ რა ანალიზები ჩატარდა და როგორ დადგინდა ლეიკემიის დიაგნოზი. თუმცა აღსანიშნავია ერთი დეტალი. სამივე მასალაში მითითებულია, რომ აღნიშნული ფაქტი უკვე შეისწავლა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, რომლის დასკვნის მიხედვითაც პაციენტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში დარღვევები არ დაფიქსირებულა.

რედაქცია: მასალაში დაზუსტების მიზნით შეტანილია ცვლილება. 17:40 , 4 დეკემბერი, 2015

თეგები : ბავშვთა საკითხები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

დაუდასტურებელი ინფორმაცია, შემზარავი ფოტოები და არასაჭირო დეტალები - ქვიშხეთთან მომხდარი ავარიის პრობლემური გაშუქება

26 იანვარს სოფელ ქვიშხეთთან ავტომობილი მტკვარში გადავარდა. ავარიის შედეგად, 5 მგზავრიდან 4 საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა. ავარიის შესახებ ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებების გვერდებზე და სოციალურ ქსელში. გამოცემები ცდილობდნენ, რომ განახლებადი ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდებინათ აუდიტორიისთვის. ამ მცდელობაში კი, მედიასაშუალებებმა ვირუსულად გაავრცელეს დაუდასტურებელი ინფორმაცია მსხვერპლის რაოდენობის შესახებ, ავარიის ადგილზე გადაღებული მძიმე კადრები და არასაჭირო დეტალები გარდაცვლილების შესახებ.

თავდაპირველად, ქვიშხეთში მომხდარი ავარიის შესახებ ინფორმაცია მედიაში დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა. მედიასაშუალებების ნაწილი წერდა, რომ ავარიის შედეგად 5 მგზავრი გარდაიცვალა და მათ შორის სამი ბავშვია. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელეს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველმა არხმა”, “ნიუპოსტმა”, “პალიტრავიდეომ”, “ალიამ”, “დიანიუსმა”, “მეტრონომმა”, “რეზონანსმა”, “გურიისმოამბემ”.

ზემოთჩამოთვლილი მედიასაშუალებების ნაწილმა, მსხვერპლის რაოდენობის შესახებ პირველად გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით ჩაასწორა ან საერთოდ წაშალა, ნაწილის ვებგვერდებზე კი ამ დრომდე იძებნება.

ავარიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, სოციალურ ქსელში და რამდენიმე მედიასაშუალების გვერდზე, გამოჩნდა შემთხვევის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები. გამოცემების ნაწილმა მომხმარებლების მიზიდვა სენსაციური სათაურებით სცადა და აუდიტორიას აცნობა, რომ ავარიის შემზარავ კადრებს სწორედ მათ საიტზე ნახავდნენ, ნაწილი კი მკითხველს აფრთხილებდა, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული ფოტო/ვიდეო მასალა შემზარავ, მძიმე კადრებს შეიცავდა. ტრაგედიის ამსახველი მძიმე ვიზუალური მასალა ამ დრომდე იძებნება “რუსთავი2-ის”, “მთავარი არხის”, “დიანიუსის”, “geoinformer-ის” და “რეზონანსის” გვერდებზე.

განსაკუთრებით მძიმე იყო "რუსთავი 2-ის" მიერ ფეიხბუკზე გამოქვეყნებული ვიდეომასალა. 


გამოცემებმა არ გაითვალისწინეს ის საფრთხეები, რასაც მსგავსი კონტენტის გამოქვეყნება შეიცავს. გაუგებარია, რა ინფორმაციული ღირებულების მატარებელი იყო აუდიტორიისთვის გარდაცვლილების მძიმე კადრების ჩვენება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა. მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება. გარდა ამისა, მედიამ უნდა იფიქროს იმ პოტენციური ტრავმაზე, რომელიც შესაძლოა მძიმე კადრების ჩვენებამ მიაყენოს მსხვერპლის ახლობლებს.

არაზუსტი ინფორმაციებისა და შემზარავი კადრების გავრცელების შემდეგ, ავარიაში გარდაცვლილების შესახებ არასაჭირო დეტალების გასაჯაროების ახალი ტალღა დაიწყო. გამოცემები აქვეყნებდნენ გარდაცვლილი ბავშვების ფოტოებს, ოჯახის წევრების სახელებს და გვარებს, წერდნენ დაღუპული კაცის ასაკის, პროფესიის, სამუშაო ადგილის შესახებ, მის პიროვნულ თვისებებზე ალაპარაკებდნენ ოჯახის ახლობლებს და მსგავს არასაჭირო ინფორმაციას ვირუსულად ავრცელებდნენ.

გარდაცვლილების ფოტოები, მათი პირადი ცხოვრების შესახებ არასაჭირო დეტალები გამოაქვეყნდა “ამბები.ge-ს” “პრაიმტაიმის”, “ნიუპოსტის”, “ალიას”, “ახალი თაობის”, “ნიუპრესის”, ინფო9-ის”, “გურიანიუსის”, “დრონი.ge-ს” და სხვა გამოცემების გვერდებზე.
ლევან იზორიას ძმის საქმის მანიპულაციური გაშუქება “იმედზე”
რატომ და რა მიზნით მალავდა ამ დრომდე ყოფილი პოლიციელი 2014 წელს გადაღებულ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ დაზვერვის სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელის ლევან იზორიას (იგი იმ დროს შს მინისტრის მოადგილე იყო) ძმა სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და მათ ემუქრება? - მხოლოდ ამ კითხვებით დაინტერესდა ტელეკომპანია “იმედი” მოქმედი მაღალჩინოსნის ძმის მიერ 5 წლის წინ ჩადენილი შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ 24 იანვარს მთავარი საინფორმაციო გამოშვებისთვის მომზადებულ სიუჟეტში.

წამყვანმა თემის წარდგენისას აღნიშნა, რომ “ყოფილი პოლიციელი, რომელიც ლევან იზორიას ძმას ვახტანგ იზორიას სამართალდამცველების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, მხოლოდ “ქრონიკას” ემალება”. ის, რომ ყოფილი პოლიციელი “ქრონიკის” კითხვებს არ პასუხობს და იგი მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ტელეარხთან თანამშრომლობს” მეორე წამყვანმაც ხაზგასმით აღნიშნა და იქვე იმით დაინტერესდა, თუ “რა მიზნით მალავდა საპატრულო პოლიციის მაიორი 2014 წელს სამხრე კამერით გადაღებულ ინციდენტს?”

მსგავსი პათოსი გაგრძელდა სიუჟეტშიც. “პოლიციელს, რომელმაც ეს კადრები გადაღებიდან ხუთი წლის შემდეგ, ერთ-ერთი მედიასაშუალების დახმარებით გაასაჯაროვა, არაერთხელ ვთხოვეთ, რომ კითხვებზე ეპასუხა, მათ შორის, იმ კითხვაზე, რატომ დუმდა ამ პერიოდის განმავლობაში, [თუმცა], პოლიციელი გიორი დვალიშვილი მთელი დღის მცდელობის მიუხედავად “ქრონიკასთან” არ ჩნდება, თუმცა თანამშრომლობს სხვა მედიასთან და აწვდის ვიდეოკადრებს”, - ამბობს ჟურნალისტი, რის შემდეგადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის კომენტარს ვისმენთ, რომელიც ხაზს ასევე იმას უსვამს, რომ პოლიციელი კადრებს ხუთი წლის განმავლობაში იქამდე ინახავდა, ვიდრე მას სამსახურში პრობლემები არ შეექმნა.

ამის შემდეგ, ყოფილი პოლიციელის მიმართ უნდობლობის გაჩენის მიზნით, ჟურნალისტი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ “მის სახლში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იმყოფებოდა, რომელიც “სხვა ოპოზიციონერ თანამოაზრეებთან ერთად, ამ საქმის პოლიტიკურ ნაწილზე დილიდან საუბრობდა”.

მანვე სავარაუდო სამართალდარღვევის ქმედების გამართლების მიზნით, იქვე დასძინა, რომ “მაშინ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი და მოქმედი ლიდერები იზორიას ძმისთვის ხელის დაფარებაზე საუბრობდნენ, გაირკვა, რომ სინამდვილეში საქმე სხვაგვარდაა” და რომ თურმე იზორიას ძმას ფსიქიკური პრობლემები ჰქონია, რაზეც დეპუტატმა სოფო კილაძემ ისაუბრა. პარალელურად, იზორიას დედის Facebook სტატუსიც შემოგვთავაზეს, რომელშიც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

მასალიდან ისიც მოვისმინეთ, რომ “დედის ამ განცხადების შემდეგ, პოზიცია არ შეუცვლიათ, მათ ვისაც სურთ, რომ ეს ინციდენტი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ და ამის შესახებ ჩვენთან არ ისაუბრა არც თავად პოლიციელმა”. ჟურნალისტმა ისიც აღნიშნა, რომ მათ ის აინტერესებდათ, “ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია იზორიას ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაშინ როდესაც გამოძიებას ითხოვდა”, თითქოს აღნიშნული მომხდარს რაიმე ფორმით გაამართლებდა.

სიუჟეტიდან ასევე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი კრიტიკული კითხვა, რომელიც მომხდარის გამო სისტემაში არსებულ პრობლემებს შეეხებოდა, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც “მთავარი არხის” მიერ თემაზე მომზადებულ მასალაში ნათქვამი იყო, რომ ვიდეოკადრების არსებობის შესახებ საქმის კურსში არიან მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ასევე არ დასმულა კითხვა იმის შესახებ, თუკი სავარაუდო სამართალდამრღვევს ფსიქიკური პრობლემები ნამდვილად ჰქონდა, რატომ მართავდა იგი ავტომობილს, რატომ ჰქონდა მას მართვის მოწმობა და ე.წ. “ნარუშილოვკა”, რომლის ჩვენების შემდეგაც, პოლიციელი ვალდებულია გაჩერებული ავტომობილისა და მისი მძღოლის შემოწმება აღარ გააგრძელოს და გაჩერებული პირი მაშინვე გაუშვას. აღნიშნული ასევე იყო ნათქვამი თემაზე “მთავარი არხის” მიერ წინა დღით მომზადებულ სიუჟეტში.

ჟურნალისტი არც იმით დაინტერესებულა ხომ არ ჰქონდა ადგილი მაღალჩინოსნის მხრიდან მისი ძმის მიმართ გავლენების გამოყენებას, შესაძლო დანაშაულის მიჩქმალვას და დამნაშავისთვის ხელის დაფარებას.

სიუჟეტში აქცენტის მხოლოდ იმაზე გადატანა, თუ რატომ მალავდა პოლიციელი ამ დრომდე მის ხელთ არსებულ ვიდეოკადრებს და ყურადღების იმაზე გამახვილება, რომ შესაძლო დამნაშავეს ჯანმრთელობის აქვს, ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მიზანი არა თემის სრულფასოვნად და კრიტიკულად გაშუქება, არამედ სამართალდამცველი უწყების, ასევე ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩნოსნების ქმედების გამართლება და მათთვის პასუხისმგებლობის აცილება იყო.
“რუსთავი 2-მა” ავარიისას გარდაცვლილი ბავშვების მძიმე კადრები გაავრცელა
გარდაცვლილი არასრულწლოვნები, რომელთა მდინარიდან ამოყვანასა და გადარჩენას ცდილობენ მოქალაქეები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თვითმხილველთა ემოციური შეძახილები (“ხელოვნური სუნთქვა”, “გული, გული, ჩაბერე, ჰაერი ჩაბერე”, “გულზე დაამასაჟე”, “რამდენი ბავშვები არიან”) და ეს რეპლიკები სუბტიტრებად ვიდეოზე - ქვიშხეთში მომხდარი ავარიის ამსახველი მასალა ასე იძებნება “რუსთავი 2-ის” ფეისბუკის გვერდზე. იგივე ვიდეოკადრები, შედარებით მოკლე ხანგრძლივობის და მხოლოდ ბავშების დაფარული, ე.წ. დაბლარული სახეებით გავიდა მაუწყებლის 18:00 და 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებშიც.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ქვიშხეთთან 26 იანვარს მოხდა. ავარიას ერთი ოჯახის 5 წევრიდან 4 ემსხვერპლა, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანი იყო.

ამ შემთხვეის შესახებ ვიდეომასალა ფეისბუკის გვერდზე “რუსთავი 2-მა” შემთხვევიდან მალევე გამოაქვეყნა.ვიდეოში ჩანს როგორ ამოჰყავთ გამვლელებს გარდაცვლილი ბავშვები მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან, როგორ უტარებენ ხელოვნურ სუნთქვას და უშედეგოდ ცდილობენ მათ გადარჩენას. კადრებში გარკვევით ჩანს გარდაცვლილი ბავშვების სახეები და ისმის შეშფოთებული თვითმხილველების ხმები. ეს შეძახილები ვიდეოს სუბტიტრებადაც ადევს.

“მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულები ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან დაკრძალვაზე, როდესაც ეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ხელყოფს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიღებულია პირის თანხმობა. პირის გარდაცვალების შემთხვევაში საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობა,” - ვკითხულობთ მაუწყებელთა ქცევის კოდექსში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელოშიც ხაზგასმულია, რომ მსგავსი შემთხვევების გაშქებისას მედიამ ვიზუალური მასალა ფრთხილად უნდა შეარჩიოს.

მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.

მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.

რატომ იყო აუცილებელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი მძიმე კადრების ჩვენება, გაუგებარია. თავად ფაქტი - 4 ადამიანის გარდაცვალება ავტოსაგზაო შემთხვევისას, ისედაც ძალიან მძიმეა. ამ სიმძაფრის აღსაქმელად ჩვენება - როგორ ამოჰყავთ წყლიდან გარდაცვლილი ბავშვები და როგორ ცდილობენ მათ გადარჩენას, საჭირო აღარ იყო, მითუმეტეს, რომ ეს კადრები არანაირ დამატებით ინფორმაციულ ღირებულებას არ ატარებს და მხოლოდ ემოციური სიმძაფრის დატვირთვა აქვს.

ქარტიის გაიდლაინი ამგვარი კადრების გავრცელებისას გარდაცვლილების ახლობლების ტრამვირების საფრთხეებზეც საუბრობს.

“ტანჯვისა და მწუხარების ამსახველი საარქივო მასალის (დანაშაულის ჩათვლით) გამოყენებისას მაუწყებელი უნდა შეეცადოს, შეამციროს ის პოტენციური ტრავმა, რომელიც შესაძლოა ამ მასალამ მიაყენოს მასში ასახულ პიროვნებას და/ან მის ნათესავებს”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელო წესებში.
დახეული ჯინსების გამო გაკრიტიკებული პირის ვინაობაზე რამდენიმე საიტმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელა
21 იანვარს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ციხეებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკული ანგარიშის საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა ვიდეომასალა, სადაც ომბუდსმენის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრის ფრაგმენტია ასახული. თეა წულუკიანმა ომბუდსმენის წარმომადგენელი ჩაცმულობისა და ქმედებების გამო გააკრიტიკა.

იმავე დღეს ონლაინ გამოცემებმა - “ნიუპოსტმა”, “ფორტუნამ” და “ცნობის ფურცელმა” გამოაქვეყნეს სტატია, თითქოს ომბუდსმენის წარმომადგენელი, რომელიც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე იყო ასახული, ლევან მახარაშვილია. გამოცემებისთვის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წყარო თავად ლევან მახარაშვილის ფეისბუქ პოსტი გახდა, რომელიც არასწორად აღიქვეს:


altგამოცემები წერდნენ, რომ აღნიშნული პოსტით, დახეული ჯინსების გამო გაკრიტიკებული ომბუდსმენის წარმომადგენელი ლევან მახარაშვილი, იუსტიციის მინისტრს პასუხობს. სინამდვილეში, ლევან მახარაშვილი სახალხო დამცველის აპარატში საერთოდ არ მუშაობს.


“ნიუპოსტმა” მცდარი ინფორმაცია მას შემდეგ წაშალა, რაც თავად ლევან მახარაშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუქის პირად გვერდზე “ნიუპოსტის" სტატიის ფოტოასლი და დაწერა, რომ არასდროს უმუშავია ომბუდსმენის აპარატში და მან მხოლოდ თავისი აზრი დააფიქსირა სოციალურ ქსელში.

თუმცა, წაშლის მიუხედავად, “ნიუპოსტის” სტატია გუგლის საძიებო სისტემაში კვლავ იძებნება.
alt





“ფორტუნას” და “ცნობის ფურცელს” კი ამ დრომდე არ ჩაუსწორებიათ მასალა და არასწორი ინფორმაცია, თითქოს იუსტიციის მინისტრის მიერ გაკრიტიკებული ომბუდსმენის წარმომადგენელი ლევან მახარაშვილია, მკითხველისთვის კვლავ ხელმისაწვდომია.
მედიამ არ დაფარა ციხის თანამშრომლები, რომელთაც პატიმრები თავს ესხმიან
იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ ესხმიან თავს პატიმრები ციხის თანამშრომლებს, მედიის ნაწილმა უცვლელად გამოაქვეყნა. უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში დაფარული მხოლოდ პატიმრების სახეა, ციხის თანამშრომლები კი ღიად ჩანან.

ვიდეომასალაში ხუთი შემთხვევაა ნაჩვენები, როდესაც პატიმარი თავს ესხმის ციხის თანამშრომელს. ხუთიდან ორ შემთხვევაში პატიმრის აგრესიის სამიზნე პენიტენციური დაწესებულების ექიმია, სამ შემთხვევაში კი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. მასალებში ჩანს, როგორ ეჩხუბებიან და ურტყამენ პატიმრები ციხის თანამშრომლებს (მაგ. მუშტს სახეში ბადრაგს, ესვრის სკამს ექიმს და ა.შ.). ყველა ის პირი, რომელსაც პატიმარი ღიად უსწორდება, ადვილად იდენტიფიცირებადია.

იუსტიციის სამინისტროს ეს ვიდეო დღეს, 21 იანვარს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ციხეებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკული ანგარიშის წარდგენას მოჰყვა. იუსტიციის მინისტრმა, ამ ვიდეომასალის საფუძველზე, სახალხო დამცველს ჰკითხა, რამდენად შესაძლებელი იყო, მაგალითად, პატიმრებისა და ექიმების მარტო დატოვება, ასეთი შემთხვევების ფონზე.

ვიდეომასალა, მასში მონაწილე პირების დაფარვის გარეშე, სრულად, მინისტრის ახსნა-განმარტებებიანად, უცვლელად გამოაქვეყნა რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა, იმედმა, TV პირველმა. ასევე გამოქვეყნდა imedinews.ge-ზე, itv.ge-ზე, მარშალპრესზე, რეზონანსზე, allmedia-ზე, კვირა.ჯი-სა და ფაქტები.ჯი-ზე (ჩამოთვლილი მედიები იძებნება 21 იანვრის 19:00 საათის მონაცემებით).

ის, რომ სასჯელაღსრულების სისტემისადმი მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს და ეს ვიდეომასალა უნდა გავრცელებულიყო, მედიასფეროში მომუშავე პირები არ დავობენ. მათივე თქმით, ცალსახაა ისიც, რომ უწყება, რომელმაც ვიდეო ამ ფორმით გაავრცელა, უპასუხისმგებლოდ მოიქცა, მაგრამ, ეს არ ათავისუფლებს ეთიკურ მედიას პასუხისმგებლობისგან, ეპოვა სწორი ბალანსი საჯარო ინტერსსა და კონკრეტული პირების (ამ შემთხვევაში რიგითი მოხელეების) ინტერესების შელახვას შორის.

“ორი მხარე იკვეთება ჩემთვის, პირველი ეს არის იუსტიციის სამინისტროს დამოკიდებულება თავისივე უწყებაში, პენიტენციურ სამსახურში დასაქმებული თანამშრომლების მიმართ, საერთოდ არ აქვთ მგრძნობელობა, გაავრცელეს სახე დაუფარავი კადრები, წარმოიდგინეთ როდესაც ამ კადრებს მათი თანამშრომლების ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლეები, დედები ნახავენ, როგორი ასატანი იქნება ეს მათთვის”, - ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ნანა ბიგანიშვილი და აქვე მეორე მხრივ, მედიის პასუხისმგებლობის ნაწილზე საუბრობს.

“მედია არაეთიკურად მოიქცა, იმიტომ, რომ გაავრცელა იმ ადამიანების სახეები და მოახდინა მათი იდენტიფიცირება ვინც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და მოხვდა ამ სიტუაციაში - მათზე განხორციელდა თავდასხმა. არანაირი საჭიროება არ იყო მათი იდენტიფიცირების, ამის გარეშეც თავისუფლად შეიძლებოდა საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება და ფაქტის სრულფასოვნად გაშუქება. მედია განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მსგავს ფაქტებს, როცა მისმა გაშუქებამ შესაძლოა ღირსების შემლახავად იმოქმედოს კონკრეტულ ადამიანებზე”, - ამბობს იგი და დასძენს, რომ მედიას უნდა აღეწერა მომხდარი, გაევრცელებინა ეს ვიდეობიც, თუმცა, უნდა დაეფარა რიგითი მოხელეები და მიენიშნებინა იმ კონკრეტულ შემთხვევაში ვისზე ხდებოდა ძალადობა.

"მედიაჩეკერი" შეეცადა პასუხი კითხვაზე, რატომ არ დაფარეს გავრცელებულ ვიდეოში ციხის თანამშრომელთა სახეები, ქმნის თუ არა ეს მათთვის და მათი ახლობლებისთვის გარკვეულ უხერხულობას, სასჯელაღსრულების  სამინისტროდან მიეღო. 

უწყებამ ჩვენს კითხვას ასე უპასუხა: "ამაზე სახალხო დამცველმა უნდა ინერვიულოს, როცა გვაძლევს რეკომენდაციას, ეს ხალხი ერთი ერთზე დავტოვოთ პატიმართან".